Batumelebi | გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“ გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

გიგა ბოკერია: „ერთადერთი კონსენსუსი აბაშიძის პოლიტიკიდან წასვლაა“

ბოლო პერიოდში აჭარაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს აკეთებს „თავისუფლების ინსტიტუტის“ აქტიური წევრი გიგა ბოკერია:

შეუძლებელია იმ ძვრების შეჩერება, რომელიც დაიწყო საქართველოში და  გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე, ანუ როგორც ეს მოხდა დანარჩენ საქართველოში. ხელისუფლებაში მოვა ის კაცი, რომელიც ხალხს სურს. იმისათვის, რომ ეს პროცესი დემოკრატიულად განხორციელდეს, უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დღემდე აქვს აბაშიძის რეჟიმს, – შეზღუდვა პოლიტიკური ნების გამოხატვისა, თავისუფალი სიტყვისა, და ა.შ. ეს არ იქნება უმტკივნეულო პროცესები აჭარაში, ჩვენ ამას ვხედავთ. ის რეპრესიები, რომელიც დაიწყო, აბაშიძის აზრით ემსახურება იმას, რომ ჩანასახშივე ჩაკლას მის მიმართ არსებული უკმაყოფილება საზოგადოებაში, მაგრამ ეს ფუჭი მცდელობაა. ამისი რესურსები აღარ გააჩნია ბატონ აბაშიძეს და საერთოდ, მოვლენები ვითარდება ხალხის სასარგებლოდ.

თუ რეპრესიები არ შეწყდება?

თუ აბაშიძე გააგრძელებს რეპრესიებს, ანუ უფრო მეტ ძალადობას გამოიყენებს, მაშინ ძნელი იქნება იმ ბუნებრივი აგრესიის შეჩერება, რომელიც გაუჩნდა ხალხს მისი რეჟიმის მიმართ. შევარდნაძე საღსალამათი წავიდა, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ვფიქრობ, რომ კანონის ფარგლებში მას ბრალი უნდა წაუყენონ იმ ქმედებებისათვის, რაც ჩაიდინა.

ასევე უნდა მოხდეს აბაშიძის შემთხვევაში. მაგრამ თუ ის გააგრძელებს რეპრესიებს, შესაძლოა თავად შეუქმნას საფრთხე თავის უსაფრთხოებას და ეს ძალიან ცუდი იქნება.

ვისთვის ცუდი?

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის. ეს ყველაფერი უკან დაგვხევს, წაიღებს დიდ დროს, საქართველოში კი უამრავი საქმეა გასაკეთებელი. ის ნაგავი, რომელიც შევარდნაძემ დატოვა მთელ საქართველოში, გასატანია. აბაშიძე ამასთან მიმართებაში შექმნის ბარიერებს.

რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში ასლან აბაშიძის ქმედებები?

სამართლებრივი შეფასების მიცემა აჭარაში მიმდინარე პროცესებისადმი, მართალი გითხრათ, ცოტა უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში მაგდებს. არასერიოზულია სამართალზე და კანონზე აბაშიძის ხელისუფლებასთან საუბარი. ეს ხალხი კონსტიტუციას როგორ წერს, ან როგორ განიხილავს, გაუგებარია. ჯერ გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა და ეს კანონში 2 დღის შემდეგ შეიტანეს. აბაშიძისათვის საგანგებო მდგომარეობა, უბრალოდ სიტყვაა, რომელიც ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე შემოიღო. დღეს აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ერთი საკითხია აქტუალური, თუ როდის აღარ შეექმნებათ საფრთხე თავიანთი პოზიციის ღიად გამოხატვისას.

შეიძლება აიკრძალოს ქუჩის გადაკეტვა, მაგრამ შეიზღუდოს აზრის თავისუფლება ან პლაკატების გაკვრისთვის დაიჭირონ, რა თქმა უნდა, ამის უფლებას არ იძლევა თუნდაც კანონიერად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. ჩხარტიშვილების მამის, ხაჟომიას ძმის ნარკოტიკებისა და იარაღის მუხლით დაჭერა, არასერიოზულია, ამას არავინ დაიჯერებს. რა მაინცა და მაინც ოპოზიციურად აქტიური ადამიანების ოჯახის წევრებია ნარკომანები, კონტრაბანდისტები და ხულიგნები. უბრალოდ, აჭარის ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში დანერგოს უფრო მძაფრი შიში. ისინი აპატიმრებენ არა აქტივისტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებს, რათა უკვე ერთმანეთს გაუწიონ კონტროლი – ეს არის კლასიკური მაგალითი ტოტალიტარული რეჟიმებისა. საბედნიეროდ, სხვა რეჟიმებისაგან განსხვავებით, ეს რეჟიმი ძალიან დასუსტებულია. შეიძლება პროცესები უფრო ექსტრემალურად განვითარდეს.

რას გულისხმობთ პროცესების ექსტრემალურ განვითარებაშიახალი აფხაზეთი

აჭარის „აფხაზეთიზაციით“ სპეკულირება, მართლაც დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს არის უდიდესი შეცდომა და მძიმე დანაშაული. ადამიანები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიებიდან გვემუქრებიან აფხაზეთს მოგიწყობთ თუ ჩემს რეჟიმს შეეხებითო, ეს უდიდესი დანაშაულებრივი პოზიციაა და ამავდროულად არარეალური. არავის დაავიწყდეს, რომ აფხაზეთში და ოსეთში ადამიანთა ჯგუფებთან, რომლებიც თავიანთ თავს საქართველოს მოქალაქეებთან, ქართველებთან არ აიგივებდნენ, ჰპოვა დასაყრდენი რუსეთმა. ამას დაემატა თბილისში დაშვებული შეცდომები, რისი წყალობითაც საქართველოს იურისდიქცია იქ დღეს არ ვრცელდება. აჭარაში ეს ასე არ არის,  მოსახლეობის 99,99%-მა მყარად იცის, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და ამას ვერავინ შეცვლის. აბაშიძეს ნუ დაავიწყდება, რომ მას რუსეთი კი არა, თურქეთი ესაზღვრება, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა და მომავალში არც თბილისი დაუშვებს მსგავს შეცდომებს. თუ ვინმე თეორიულად მაინც დაუშვებს „აფხაზეთიზაციის“ თემას, ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს.

დღეისათვის ცენტრს რამდენად სწორი პოზიცია უჭირავს და თუ რეაგირებს შესაბამისად?

ის განცხადებები, რომელიც გააკეთა სააკაშვილმა, ამომწურავია. საზოგადოების ნაწილი უფრო კრიტიკულია ჩემი ჩათვლით, მაგრამ პრეზიდენტი უფრო სხვა რიტორიკით უნდა საუბრობდეს და ასეც ხდება. საქართველოს ხელისუფლება ვერ შეეგუება იმას, რომ თავისუფალი სიტყვისა და აზრისათვის დევნონ ადამიანები.

რაც შეეხება ტერიტორიულ მოწყობას: ვთვლი, რომ სხვა რეგიონებს და მათ შორის აჭარას, უნდა ჰქონდეს ფართო ავტონომიური უფლებები – ეს თავკომბალა, თბილისის სახით უნდა მოიშალოს, ცენტრალიზირებული ბიუროკრატია უნდა მოიხსნას. მაგრამ არსებობს საკითხები, სადაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული ცენტრალური ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია – მათ შორის სამოქალაქო უფლებების დაცვა. რეგიონი არ წყვეტს, თუ როგორ იქნება დარეგულირებული მის ტერიტორიაზე სამოქალაქო საკითხები.

თუ მოგმართავენ აჭარიდან მოქალაქეები და რას ითხოვენ?

აჭარაში ხალხი აქტიურია, რაც ნიშნავს, რომ აბაშიძის დიქტატურა, უკვე ისე ძალიან აღარ აშინებთ. ჩვენ უამრავი ჯგუფი გვიკავშირდება, ამ ადამიანთა რიცხვმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან დიდია სურვილი ყველაფერი შეიცვალოს, ე.წ. „კორეული ტელევიზიის“ ჩათვლით.

შესაძლებელია თუ არა აბაშიძემ კიდევ შეინარჩუნოს ხელისუფლება კომპრომისებისა და მოლაპარაკებების ხარჯზე?

კომპრომისი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან შეუძლებელია. სამწუხაროდ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თავისუფლებას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილი რაიმე კომპრომისზე წავა. ასეც რომ მოხდეს, ამის საშუალებას არც სააკაშვილს და არც აბაშიძეს არ მისცემს ახალი ქართული საზოგადოება.

რამდენად რეალურია ამ რეჟიმის შეცვლა?

შეცვლა გარდაუვალია. ამ სიტუაციაში შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა არც გახდეს საჭირო. ეს დამოკიდებულია იმაზე, აბაშიძე რამდენად შეეგუება იმას, რომ ერთადერთი კონსენსუსი, ეს მისი პოლიტიკიდან წასვლაა. აბაშიძეს აქვს შანსი არჩევნებით წავიდეს ხელისუფლებიდან, თუკი ამას არ იზამს, უფრო ექსტრემალურად განვითარდება მოვლენები.

აბაშიძის დამხობას არავინ აპირებს, პირდაპირი გაგებით. თუ ის დაუშვებს დემოკრატიას, ანუ ჩაატარებს ნორმალურ არჩევნებს, შეწყვეტს ცენზურას, როგორც მედიაზე, ისე უბრალო მოქალაქეებზე, პრობლემა არ იქნება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ის კარგავს ყველაფერს, რადგანაც არადემოკრატიული გზით იყო ამდენი ხანი ხელისუფლებაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
სოფიკო ჟღენტი, სოფიკო პატარაია