როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზს

 

 

ბატონო იოსებ, რა არის ვარიკოზი, რა პროცესი მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?


ვენური სისტემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში და ის სისხლის, ქვემოდან ზემოთ – გულისკენ ადინებას უზრუნველყოფს. ვენაში არის სარქველები, რომლებიც სისხლის ერთი მიმართულებით – მაღლა ასვლას უზრუნველყოფენ. ვარიკოზის დროს კი ვენების სარქვლოვანი აპარატი გაუმართავად მუშაობს, მოშლილი სარქველების გამო სისხლი ზევით ასვლის შემდეგ, ქვემოთაც ჩამოდის, რის გამოც ფართოვდება და იკლაკნება ვენები.

 

რა შეიძლება იყოს ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები?


ქვედა კიდურების ვარიკოზული გაგანიერება უმეტესად იმ ადამიანებს აწუხებთ, ვისაც სამსახურის გამო დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ, ქალებში ვარიკოზის მიზეზი უმეტესად ორსულობაა, ასევე ჭარბი წონა და უმოძრაობა.

 

რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას საწყის ეტაპზე?



დაავადების საწყის ეტაპზე პაციენტი საღამოობით ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას უჩივის, შეენიშნება ფეხებში დაღლილობა და სიმხურვალე. აღენიშნება ფეხების შეშუპება და ასევე ე.წ. ღამის კრუნჩხვები წვივის კუნთებში – ანუ ის, რასაც ხშირად ძარღვის განასკვნას ეძახიან.

 

როგორ ვითარდება დაავადება?

 

ქრონიკულ ვენურ უკმარისობას განვითარების რამდენიმე სტადია აქვს. ნულოვან სტადიაზე დაავადებას არანაირი გამოვლინება არ აქვს, თუმცა დაავადების პირველ სტადიაზე ფეხზე წვრილი კაპილარები ჩნდება, მეორე სტადიაა კანქვეშა ვენების ვარიკოზი, მესამე ეტაპზე ვარიკოზს ემატება ფეხების შეშუპება დღის ბოლოს (რომელიც დილამდე გადადის ხოლმე), შემდეგ არის ეგზემა (კანის ანთებითი პროცესები) და კანის ტროფიკული წყლულები, რომლებმაც შესაძლოა ადამიანი ინვალიდობამდე მიიყვანოს.

 

როგორია დაავადების პროფილაქტიკა და რას უნდა მოერიდონ პაციენტები ვარიკოზის სიმპტომებით?

 

პირველ რიგში, უნდა მოერიდონ დიდხანს ფეხზე დგომას, ჯდომას და ზოგადად დიდხანს უმოძრაობას, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და ჭარბი წონის მოშორება. ძალიან კარგია ცურვა, თუმცა მზეს უნდა მოერიდონ. კარგია ფეხებზე ცივი შხაპის მასაჟი და ფეხების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოსვენება.

ფეხსაცმელს რაც შეეხება, იგი არ უნდა იყოს არც ძალიან მაღალქუსლიანი და არც სულ უქუსლო, 2-3-სანტიმეტრიანი ქუსლი სავსებით ნორმალურია.
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ვარიკოზის ნიშნები შეენიშნება, მისთვის რეკომენდებულია სხვადასხვა კომპრესიის (ჭიმვადობის) ტრიკოტაჟის ტარება, რომლის შეძენაც ექიმის დანიშნულებით აფთიაქებშია შესაძლებელი.

 

როგორ მკურნალობენ ვარიკოზს?

 

ვარიკოზის მკურნალობა კომპლექსურია. როგორც წესი, მკურნალობის მხოლოდ ერთი მეთოდი არ არის საკმარისი. მაგალითად, ქირურგიული კორექციის შემდეგ გრძელდება მედიკამენტოზური მკურნალობა, გარკვეულ რეჟიმში ცხოვრება და ა.შ.
მკურნალობა, რა თქმა უნდა, არსებობს როგორც მედიკამენტოზური, ისე ქირურგიული. მედიკამენტოზური მკურნალობისას პაციენტს ძირითადად ვენოტონიკები ენიშნება, რომელთა მიზანიც სარქველოვანი აპარატის გამაგრებაა, შესაბამისად ისინი უზრუნველყოფენ სისხლის ერთი მიმართულებით ადინებას. ვარიკოზის მკურნალობა ერთჯერადი აქცია არ არის, ეს გრძელვადიანი პროცესია. ეს მედიკამენტები პაციენტმა წელიწადში ორჯერ, ორ-ორი თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.
მკურნალობის ქირურგიული მეთოდი დღეს ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე ადრე, ახლა ღია წესით ოპერაციის ნაცვლად ლაზერულოთერაპია ან სკლეროთერაპია კეთდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ პაციენტები დაავადების ისეთი სტადიით მოდიან, რომ თანამედროვე მეთოდების გამოყენება ვეღარ ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებმა დაავადების საწყის ეტაპზევე მოგვმართონ სპეციალისტებს.

რა უნდა მოითმინოს საჯარო მოხელემ

 

ბატონო გენო, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ჩინოვნიკებს თმენის ვალდებულებას აკისრებს. რამდენად ითვალისწინებენ საჯარო მოხელეები დღეს კანონის ამ ნორმას და თუ არა, რა სანქცია შეიძლება გატარდეს ასეთი მოხელეების მიმართ?


უფლებებიც და მოვალეობებიც ყველა მოქალაქეს გვაქვს თანაბარი, მაგრამ საჯარო სამსახურის მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირების თუ დეპუტატების ვალდებულებები არის გაცილებით მაღალი. ამ ვალდებულებას ისინი იღებენ საკუთარი ნებით. ხშირად გვესმის საჯარო მოხელეებისგან, რომ თურმე მოქალაქეებს ხვდება. ეს არ არის მათი კეთილი ნება, ეს მათი ვალდებულებაა. გავიხსენოთ წინასაარჩევნო შეხვედრები, როცა ლამის კარდაკარ აკითხავენ მოქალაქეებს და ხმის მიცემას სთხოვენ. მაშინ გრძნობენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არა?! ანგარიშვალდებულება და თმენის ვალდებულება არის ის, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს უფლება მოვითხოვო ინფორმაცია და მოვთხოვო რეაგირება ჩემს მიერვე დაქირავებულ მოხელეს. თუკი საჯარო მოხელის ქცევა სცილდება კანონით განსაზღვრულ თმენის ვალდებულებას და ის გადადის მოქალაქის პირად შეურაცხყოფაში, მაშინ დაიწყება სამართლებრივი დავა ამ მოხელის მიმართ.

რატომ მიდის საქმე სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებამდე?

ბუნებრივია, არავის აქვს უფლება, რომ ლანძღვა-გინებით მოითხოვოს პასუხი საჯარო მოხელისგან, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ხდება ეთიკური ნორმების დარღვევით, ჩინოვნიკის რეაგირება კანონით დადგენილი ნორმაში უნდა მოხდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ფიზიკური ფორმით რეაგირება, მოქალაქის კაბინეტიდან გაძევება, გაგდება, ყვირილი და ა.შ. იმისათვის არსებობს დაცვის სამსახურები სახელმწიფო დაწესებულებებში, რომ მსგავსი პრობლემა მოაგვაროს. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები მაშინ იჩენენ აგრესიას, როცა მოთმინების ყველა რესურსი ეწურებათ და ვეღარ ახერხებენ ან თანამდებობის პირთან შეხვედრას ან პრობლემის მოგვარებას. როგორ შეიძლება ათი დღე დასდევდე ერთსა და იმავე ადამიანს, რაც არ უნდა თანამდებობა ჰქონდეს მას და შეხვედრას ვერ ახერხებდე. ეძებ მინისტრს და გახვედრებენ ვიღაც სპეციალისტს.

ხშირად მოქალაქეებს სურთ, რომ შეხვდნენ მაღალი თანამდებობის პირებს, იგივე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მინისტრებს და ა.შ, და არა შედარებით დაბალი რანგის მოხელეებს. რამდენად აქვთ მათ უფლება, რომ არჩევანი თავად გააკეთონ ამ შემთხვევაში?

მინისტრიც და კანცელარიის მოხელეც ორივე მოქალაქის მიერ დაქირავებული პირია, მაგრამ, რადგან ადამიანი ათი დღის განმავლობაში ცდილობს მინისტრის ნახვას, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სჭირდება პასუხი და მას აქვს ამის უფლება. მოქალაქის მოთმინებასაც აქვს ლიმიტი. მით უმეტეს, წარმომადგენლობით ორგანოს აქვს ვალდებულება, რომ შეხვდეს ხალხს. თუ მოქალაქეს სჭირდება უფროსის ნახვა საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად, ეს ნიშნავს, რომ ვერ შეიქმნა ეფექტური სისტემა და ეს უნდა შეიცვალოს.

რა ქმნის კონფლიქტს, არაადეკვატური დაპირებები თუ კომუნიკაციის ნაკლებობა?

უფრო არაადეკვატური დაპირებები. ბოლო ფაქტი, რაც უმაღლეს საბჭოში მოხდა, ამის ნათელი მაგალითია. მოქალაქე, რომელიც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, რომელიც შეხვდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შემდეგ პრემიერის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული და ნათელი თხოვნა ხელისუფლების მიმართ, მისგან იღებს არალოგიკურ დახმარებას. დაფინანსების მაგივრად ველოსიპედს თუ რაღაც სათამაშოს. ცხადია, ამ ადამიანის მხრიდან წამოვა აგრესია და ეს ლოგიკურია. კონფლიქტების მიზეზი არის ის, რომ საჯარო მოხელის მხრიდან არ არსებობს კონკრეტული პასუხები. “ვნახოთ”, “შევხედოთ”, “მოვილაპარაკებთ”, – ეს მოქალაქეებს ბუნებრივია აღიზიანებს. თუ არ გამოდის პრობლემის მოგვარება, უთხარი პირდაპირ – “არა”. ადამიანს სჭირდება სახლის გადახურვა, აწერინებენ ასობით წერილს და შემდეგ ეუბნებიან არას. ბუნებრივია, მოდის აგრესია.

საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქეების მისამართით ხშირად ისმის სიტყვა `უმადური~. რამდენად ნორმალურია ეს?

სამწუხაროდ ჩვენთან ხელისუფლება მიეჩვია იმას, რომ როცა ბიუჯეტის ფულით რაღაცას აკეთებს, ამის გამო ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ანგარიშვალდებულება არის სწორედ ის, რომ მადლობა არ ვუხადოთ იმაში, რაც ისედაც მათი მოვალეობაა. სოციალურ საკითხებზე რომ ვთქვათ, მოქალაქეს უწყვეტ სოციალურ დახმარებას ერთ საათში, მაგრამ საკითხის შესწავლას ანდომებ სამ თვეს, ან ერთ წელიწადს, მაშინ არ გრძნობ ანგარიშვალდებულებას?! გამოდის, მოქალაქეებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მოქალაქე დიანა დიასამიძესთან ინციდენტზე საუბრისას არაერთხელ ახსენა სიტყვა `პროვოკაცია~. რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

ყველაზე ცუდი რაც ამ ინციდენტში იყო, არის ის, რომ დეპუტატმა მედეა ვასაძემ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა მოქალაქეს და მას პროვოკატორი უწოდა. როცა შენივე ამომრჩეველს ამას დაუძახებ, მინიმუმ რაღაც მოკვლევა უნდა გქონდეს. ვის უფრო ეკისრება თმენის ვალდებულება? – მაშინ როცა ერთ მხარეს დგას ბობოლა, უმაღლესი საბჭოს სახით და მეორე მხარეს ერთი მოქალაქე, რომელმაც თურმე დაგეგმა პროვოკაცია. სხვა საკითხია, რომ მან საჯარო გახადა მოქალაქის პირადი ჯანმრთელობის პრობლემა და შელახა მისი უფლება.
მოქალაქეთა მოთმინების საუკეთესო მაგალითი იყო გონიოელების შემთხვევა, როცა მითხრეს, აქცია გვინდა მოვაწყოთ, რომ ხელისუფლებას ჩვენი პრობლემა შევახსენოთ, მაგრამ არც ის გვინდა, ხელისუფლება რომ გაღიზიანდესო. მოქალაქეები უფრო მეტს ფიქრობენ ამაზე, ვიდრე ხელისუფლება. შენ კი მათ პროვოკატორებს ეძახი.

მინდა შევეხო საჩუქრების საკითხსაც. სამართლებრივად, რამდენად ნორმალურია, როცა კერძო ფონდის მიერ დაპირებულ საჩუქრებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ურიგებენ მოსახლეობას?

ეს არის სამართლებრივი პრობლემა და ცალკე შესასწავლი საკითხი, რადგან ეს არის კერძო კომპანია, რომელიც საარჩევნოდ დაჰპირდა მოქალაქეებს მათი პრობლემების მოგვარებას და შემდეგ დეპუტატები არიგებენ მისი სახელით საჩუქრებს და თან აყვედრიან. სად არის აქ ლოგიკა? ჯერ ხდება დაპირება, შემდეგ – “უი, შეგვეშალა”. შემდეგ იწყება – ვერ დაგეხმარეთ, მაგრამ ველოსიპედი ხომ გაჩუქეს, არ ხარ მადლობელი?! მოქალაქის თმენის ვალდებულება იწურება იქ, სადაც გადის ჩვენი უფლებების ვერ აღდგენის ზღვარი. ხშირად მინახავს უმაღლესი საბჭოს ჭიშკართან და სხვაგანაც, საათობით მდგომი მოქალაქეები, რომლებიც ვერ აღწევენ დეპუტატებთან თუ სხვა ჩინოვნიკებთან.

გაუქმებულ საარჩევნო უბნებზე განმეორებითი არჩევნები დღეს ტარდება

ბათუმში #103 საარჩევნო უბანში დღეს არჩევნები ხელმეორედ ტარდება, რადგან პირველ ტურში ამ უბანზე შედეგები ვერ დაჯამდა. უბანზე საიას დამკვირვებლის ინფორმაციით 12 საათის მონაცემებით 1547 ამომრჩევლიდან, ხმა 155–მა ადამიანმა მისცა.

განმეორებით არჩევნები ტარდება ქობლეთშიც #34 უბანზე, სადაც მნიშვნელოვანი დარღვევების გამო არჩევნების შედეგები გააუქმეს. საიას დამკვირვებლის თქმით, სადემონსტრაციო ოქმის მიხედვით 1138 ამომრჩევლიდან, აქამდე ხმა 169 ადამიანმა მისცა.

საიას ინფორმაციით, ამ დროისთვის უბნებზე არანაერი დარღვევა არ ფიქსირდება.

წყალბურთელები აჭარაში

მათ ოთხი მწვრთნელი ალექსანდრე ცინცაძე, ლაშა დიაკონიძე, გიორგი ცხოიძე და ირაკლი ვოლკოვი ავარჯიშებენ.

“ბათუმის” წევრები “ბათუმი პლაზას” საცურაო აუზზე, ყოველდღიურად საათნახევარს ვარჯიშობენ, მანამდე კი ჩაქვში სასტუმრო “ოაზისში” ვარჯიშობდნენ.

“ბევრი ბავშვია წყალბურთის სწავლის მსურველი, მაგრამ აუზის უქონლობის გამო მათ ვერ ვიღებთ. ბათუმი პლაზას აუზზე რაოდენობა შეზღუდული გვაქვს და ყველა მსურველს ვერ ვავარჯიშებთ”, – ამბობს მწვრთნელი ლაშა დიაკონიძე.
“ბათუმი” – მერიის ბალანსზეა რეგისტრირებული. კლუბის ბიუჯეტი 80 ათასი ლარია. მწვრთნელების თქმით, ეს თანხა იხარჯება საწვრთნელ შეკრებებზე, ხელფასებსა და აუზის იჯარაზე, კლუბი ყოველთვიურად ქირას – 2100 ლარს იხდის.
როგორც ბათუმის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ფანცხავა ამბობს, აჭარაში წყალბურთის განვითარებას ხელს უწყობს ბათუმის მერია და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. დეპარტამენტის მხარდაჭერით ახლაც გადიან ერთკვირიან წვრთნებს წყალბურთელები, რომლის ფარგლებში დამატებით სამსაათიან თამაშს მართავენ “ბათუმი პლაზას” აუზზე. თამაშები ასაკების მიხედვით შაბათ-კვირას, დილის 6-დან 9 საათამდე ტარდება, რაშიც კლუბი დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით 1400 ლარს იხდის.

მწვრთნელები ფიქრობენ, რომ წყალბურთის განვითარებას ხელს უშლის ის, რომ ბათუმში მუნიციპალური აუზი არ არსებობს.

“ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, მთავარია პირობების შექმნა. ჩვენ შემთხვევაში აუზის უქონლობა არის ყელაზე მთავარი პრობლემა. წყალბურთის განვითარება თუ გვინდა, არამარტო ბათუმში, თითოეულ რაიონშიც უნდა იყოს პატარა აუზები, ბავშვებმა ცურვა რომ ისწავლონ. ამით წყალბურთში რეგიონებიდანაც ჩავრთავთ ბავშვებს, მეტი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდება. აუზის გარეშე წყალბურთის განვითარება ძნელია. წყალბურთელების სახელით მინდა მივმართო ყველას, ვისაც შეუძლია დააჩქაროს აჭარაში აუზის მშენებლობები, რაც უფრო მალე იქნება ბათუმში აუზი, მით უფრო გაუმჯობესდება შედეგები”, – ამბობს მწვრთნელი ლაშა დიაკონიძე.

წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აჭარიდან ორი ასაკობრივი კატეგორია მონაწილეობდა, 1998-1999 წლებში და 2000-2001 წლებში დაბადებულები. აჭარის წყალბურთის ნაკრები საქართველოს ექვს საუკეთესო გუნდში მოხვდა.
“წელს სეზონის პირველი წრე წარმატებით დავხურეთ, ყველა თამაში მოვიგეთ და პლეიოფში გავედით. ამ ექვსი გუნდიდან ჩემპიონი მეორე წრეზე, ნოემბერში გამოვლინდება.

ბათუმში ოცი წელი წყალბურთი იყო მკვდარი. 2010-2011 წლებიდან ეს სახეობა კვლავ გამოცოცხლდა. სამ წელიწადში რთულია შედეგის მიღწევა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და საქართველოს ჩემპიონატში საპრიზო ადგილები თითქმის ყოველ წელს ვიღებთ. შარშან 2000 წელს დაბადებულ ბავშვების გუნდმა ყველა თამაში მოიგო, გარდა საჩხერესთან ფინალური შეხვედრისა და მესამე ადგილზე გავედით. თუმცა საჩხერის გუნდი წელს დავამარცხეთ. მეორე წრეზე უფრო მეტ შედეგს ველოდებით”, -ამბობს მწვრთნელი ლაშა დიაკონიძე.

აჭარიდან საქართველოს ნაკრებში სერგი წულაძე თამაშობს. აჭარის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ირაკლი ფანცხავას ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულ მოთამაშეებს – ილია მჟავანაძეს, რეზი ჩავლეიშვილს, თორნიკე დიასამიძესა და გიორგი ბარაბაძეს სექტემბერში ნაკრებში გაიწვევენ.

კლუბ “ბათუმის” მწვრთნელი ირაკლი ვოლკოვი ამბობს, რომ მუნიციპალური აუზი არამარტო წყალბურთის განვითარებას, ბავშვების ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც უწყობს ხელს.

ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დღეს არსებობს, სქოლიოზის სახით, უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეაწუხებს, თუ ცურვას არ მიმართეს. თუმცა, საცურაო აუზები ძვირია და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი – ამბობს მწვრთნელი.
ამჟამად წყალბურთელთა გუნდი “ბათუმი” “ივერიის თასის” საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება. ტურნირი თბილისში 2 ივლისს ჩატარდება. მასში “ბათუმის” კადეტების გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 12-17 აგვისტოს კი ბათუმში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი “ბრეუსის თასი”. ამ ტურნირზე 2013 წელს წყალბურთელების ბათუმის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა. “ბრეუსის თასში” წელს მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ორი გუნდი, ქუთაისისა და საჩხერის გუნდები, გუნდები იქნებიან ასევე რუსეთიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან.

წყალბურთელები ყოველწლიურად ივლისში იახტკლუბის ტერიტორიაზე მოედანს აკეთებენ და იქ ვარჯიშობენ. როგორც ლაშა დიაკონიძე ამბობს, იქ უფრო მეტი დრო აქვთ სავარჯიშოდ.

ისე, როგორც წინა წლებში, ბათუმში არც წელს გამოიყო ფინანსები წყალბურთელ ქალთა გუნდის შესაქმნელად. ირაკლი ფანცხავა მიზეზს განმარტავს: “შარშან სასტუმრო “ოაზისში” რომ ვიყავით, დავიწყეთ წყალბურთელ გოგონების გუნდის ჩამოყალიბება. აუზის არქონის გამო შევჩერდით. ახლა წყალბურთში მარტო ბიჭები გვყავს”.

უბნის ექიმებს სახელმწიფომ სამედიცინო ჩანთები გადასცა

საჩუქრები ექიმებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის „სოფლის ექიმის“ ფარგლებში გადაეცათ.

მარიამ ჯაშის თქმით – დღეიდან არც ერთ ექიმს აღარ მოუწევს პირველადი დახმარების აღჭურვილობაზე საკუთარი ფინანსების დახარჯვა, მასზე სახელმწიფო იზრუნებს.

სამედიციონო ჩანთები დღეს ხელვაჩაურისა და ქობულეთის ექიმებმა მიიღეს, ხოლო მომდევნო კვირაში ისინი აჭარაში „სოფლის ექიმის“ პროგრამაში ჩართულ ყველა ექიმს დაურიგდება, 100-ზე მეტ სამედიცინო უბანში.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით პირველადი დახმარების აღჭურვილობით ექიმების მომარაგება საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს და სამედიცინო ჩანთები, აჭარის შემდეგ სამეგრელოს უბნის ექიმებს გადაეცემათ.

სტუდენტებს პროექტების მომზადებასა და ლიდერობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

 

 

ტრენინგი, არასამთავრობო ორგანიზაცია “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისთვის“ ორგანიზებით და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტრენინგები ორგანიზაცია „აბროგაციის“ თავმჯდომარემ დავით ანანიძემ და განათლების ფაკულტეტის ლექტორებმა ნანა მამულაძემ და გულიკო შერვაშიძემ ჩაატარეს.

ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ვიცე თავმჯდომარის სოფიო ზოიძის თქმით, ტრენინგები მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ლიდერის უნარჩვევების ჩამოყალიბებას და პროექტების თეორიულ და ფინანსური ნაწილის შემუშავების სწავლას.

 

გიორგი ერმაკოვი: ქართველები ვერ შევიცვლებით

 

გიორგი ერმაკოვის თქმით, მათი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციაში დადებით და უარყოფით მხარეებსაც ხედავენ, მმართველი გუნდი ევროინტეგრაციაში მხოლოდ დადებითს ხედავს. მისივე თქმით ევროოინტეგრაცია სარგებელს მოუტანს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა, განათლებისა თუ სამართლებრივი სისტემების განვითარება –  “ამით ხელი შეეწყობა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობასაც” – განაცხადა მან. 

 

“ჩვენ ვამბობთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ ნიშნავს ფუნდამენტალურ ცვლილებებს, ეს არის საქართველოსთვის ერთ–ერთი შანსი ევროინტეგრაციის, რომლისკენაც ჩვენ საუკუნეების წინაც  მივილტვოდით.  ეს არ ნიშნავს, რომ იგი ჩვენს თვითმყოფადობაზე, ჩვენს ეროვნულობაზე რამე ზემოქმედებას მოახდენს. ქართველები ვერ შევიცვლებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია ბევრ მნიშვნელოვან ცვლილებას გვპირდება” – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა სტუდენტებთან შეხვედრისას. 

ქართველები ავღანეთში – გამოფენა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად

 

„მსგავსი პროექტი განხორციელდა ესპანეთის შეიარაღებულ ძალებთან, ამ გამოფენას დაესწრო საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც  დაინტერესდა ამ პროექტით და სურვილი გაუჩნდა, იგივე გაკეთებულიყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაშიც“ – ამბობს მხატვარი.

 

გამოფენაზე, კონფლიქტის სხვადასხვა ეტაპის და სხვადასხვა გარემოს ამსახველი, ხუთი ტილო იყო წარმოდგენილი.

 

„აგრეთვე დაიწერება წიგნი, რომელიც ასახავს ჩემს მიერ გატარებულ დროს ავთანეთში და შემდეგ ის ითარგმნება ინგლისურად.ნახატები და წიგნიც მსოფლიოს სხვა და სხვა ქალაქებში გამოიფინება“ – განაცხადა ავგუსტო ფერერ დალმაუმ.  

ტვ ერა საინფორმაციო გადაცემას იწყებს

 

საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდუსერი რიჩარდ ტოტოჩავა ამბობს, რომ სექტემბრიდან საინფორმაციო გადაცემა ყოველდღიური გახდება, იქამდე კი საინფორმაციო სამსახური სამი ახალი ჟურნალისტით ყოველკვირეულ გადაცემაზე იმუშავებს.

 

“15 წლის მანძილზე, ტვ ერა პირველად იწყებს საინფორმაციო გადაცემას. გარდა ამისა სექტემბრიდან გადავდივართ ახალ სტუდიაში, საიდანაც საინფორმაციო გადაცემა ყოველდღიურად მომზადდება” – ამბობს ის.

372 591 ლარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად

 

ამავე დადგენილებით შუახევის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების რისკის ზონაში მცხოვრებ ექვს ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინები. 

 

 

სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 225 133 ლარიდან ბათუმის მერიას, ზვიად გამსახურდიას ქ. N 11-ში მდებარე ხანძრის შედეგად დაზარალებული 9 ოჯახის დასახმარებლად გამოეყოფა 45 000 ლარი.  ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახისათვის 71 308 ლარი;  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახისათვის 44 350 ლარი;  ქედის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახისათვის 7 442 ლარი; ხულოს მუნიციპალიტეტს კი  სტიქიის შედეგად დაზრალებული 5 ოჯახისათვის 57 033 ლარი გამოეყოფა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური დასკვნისათვის გადაეგზავნა სამთავრობო კომისიის 2014 წლის 15 მაისის სხდომის ოქმი, რომლითაც სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა 100 658 ლარი. აღნიშნული თანხიდა  ქ. ბათუმის მერიას, ხანძრის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახის დასახმარებლად გამოეყოფა 18 000 ლარი; ქობულეთის მუნიციპალიტეტს ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 ოჯახისათვის – 7 175 ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ხანძრის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახისათვის – 10 000 ლარი;  ქედის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზარალებული 3 ოჯახისათვის – 26 483 ლარი;  ხულოს მუნიციპალიტეტს სტიქიისა და ხანძრის შდეგად დაზარალებული 6 ოჯახისათვის – 39 000 ლარი; ქობულეთის რაიონში მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული 1 ოჯახი კი ბინას ქ. ბათუმში თამარის დასახლებაში არსებულ მრავალსართულიან კორპუსში მიიღებს.

 

აჭარის მთავრობა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მუშაობას აგრძელებს. დღეს 17:00 საათზე (მის: მ. კომახიძის ქ. N-119) გაიმართება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა. სხდომაზე განიხილება მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი სტიქიის შედეგად დაზარალებული 20 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაცია უახლოეს დღეებში განსახილველად და დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს გადაეგზავნება.

 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით 2014 წელის იანვირიდან დღემდე რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინასური დახმარების გაწევის გადაწყვეტილება მიღებულია სტიქიის შედეგად დაზარალებულ 61 ოჯახზე. აღნიშნული მიზნებისათვის სარეზერვო ფონდიდან გაცემულმა თანხამ შეადგინა 372 591 ლარი. მიმდინარე წელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 12 ოჯახი.

 

საერთო ჯამში დახმარება 73 ოჯახს გაეწია, მათ შორის: 22 ოჯახი დაზარალებულია ხანძარის შედეგად, 16 ოჯახი მეწყერული მოვლენების შედეგად, 27 ოჯახი მიწისძვრის შედეგად, 8 ოჯახი დიდთოვლობის შედეგად. 2013 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გაიცა 568 122 ლარი. გასულ წელს საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად დაზარალებული 163 ოჯახი.  

ამერიკის ელჩმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ინგლისური ენის სერთიფიკატები გადასცა

 

ორგანიზაცია “ჰარმონია” უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოს ათ რეგიონში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს. ბათუმში ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ორი წელია რაც ფუნქციონირებს.

 

პროექტის კოორდინატორის ნანა იოსელიანის თქმით, პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის სხვადასხვა საფეხური, 15–დან 17 წლამდე 25–მა ბავშვმა გაიარა. ბავშვები სოციალურად დაუცველი და შეჭირვეული ოჯახებიდან არიან.

 

ამერიკის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მოულოცა: “ეს მნიშვნელოვანი წიგანგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის, ამით ის ევროკავშირის ოჯახის წევრი ხდება. ეს რა თქმა უნდა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს უსათუოდ გაამყარებს ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის. წელიწად ნახევარში საქართველოს პასპორტის მქონე მოქალაქეებს, შეეძელბათ უვიზოდ გადავიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, რაც შესანიძნავი შესაძლებლობაა უცხოური განათლების მსურველი ახალგაზრდებისთვის”.

ღამის თერთმეტიდან დილის 7 საათამდე ბათუმში ფეიერვერკები აიკრძალა

 

ბათუმის საკრებულომ ღამის 11 საათის შემდეგ ბათუმის ტერიტორიაზე ფეიერვერკებისა და სხვა მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება აკრძალა. აკრძალვა დილის შვიდ საათამდე გრძელდება.

 

რეგულაციის დარღვევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ახალი წლის დღეებში 31 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით და განსაკუთრებულ შემთხვევებში კონცერტების ან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დროს, ამ შემთხვევაშიც საჭირო იქნება ბათუმის მერიის წინასწარი თანხმობა.

 

ამ რეგულაციის კონტროლი გარემოს ზედამხედველობის სამსახურს, ხოლო ამ სამსახურზე კონტროლისას დახმარების გაწევა, მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა.

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

 

„ჩემს მიერ შერჩეული ყველა მუსიკოსი გამოირჩევა თავისი განუმეორებელი ინდივიდუალურობითა და შესრულების უმაღლესი დონით. მუსიკის მოყვარულებს მიეცემათ საშუალება აღმოაჩინონ უნიჭიერესი ქართველი ნორჩი ტალანტები – მომავლის მუსიკოსები.ჩვენი დიდი სურვილია, ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად, მელომანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან, გავაცნოთ ტრადიციებით მდიდარი ქართული ფოლკლორი, აჭარის კუთხის განუმეორებელი კოლორიტი და მისი ულამაზესი ბუნება,“ – წერს ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე  Batumi MusicFest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ელისო ბოლქვაძე, BATUMI MusicFest 2013

 

ფესტივალს 10 ივლისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ლოურენს გოლანი და ელისო ბოლქვაძე გახსნიან. შესრულდება გერშვინის, პროკოფიევის, ბერშტაინისა და  ლაღიძის ნაწარმოებები. დასკვნითი გალა კონცერტი კი 15 ივლისს ბათუმის პიაცაზე გაიმართება.

 

კონცერტებზე დასასწრები ბილეთები, მხოლოდ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროში, ივლისის პირველი რიცხვებიდან გაიყიდება. ბილეთის ღირებულება 7-10 ლარი  იქნება.  როგორც ფესტივალის დირექტორი დავით ოქიტაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, შესაძლებელია წინასწარ დაჯავშნაც.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრის სალაროს და დაჯავშნოს ბილეთი“.

 

ფესტივალის ფარგლებში 12-15 ივლისს ჩატარდება მასტერკლასები, Batumi Music Camp რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 8-18 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მასტერკლასების გაკვეთილები უფასოა ყველა მონაწილესთვის. ასევე ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას“ მიერ დაწესებულია სპეციალური ფულადი პრიზი,  2000 ლარის ოდენობით და შესაძლო კონცერტებით საზღვარგარეთ.

 

 

ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება

 

 

 

 

პროკრედიტ ბანკმა მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნა

 

 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციის შესაბამისად მეზღვაურთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, უკვე მეოთხე წელია სხვადასხვა სახის ღონისძიებები სწორედ ამ საპასუხისმგებლო პროფესიის ადამიანებისათვის იმართება. წელს, არც პროკრედიტ ბანკი გამოაკლდა ამ დღესასწაულის აღნიშვნას და ბათუმის ფილიალში მეზღვაურებს სასიამოვნო საღამო მოუწყო.

 

ფილიალის მმართველის ოფიციალური სიტყვის შემდეგ სტუმრებმა პანტომიმის თეატრის არაჩვეულებრივი სანახაობა იხილეს, რომელიც თემატურად, სწორედ მეზღვაურებისათვის იყო შერჩეული. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა, სადაც სხვადასხვა სახის პრიზი გათამაშდა, ყველას სიმბოლური საჩუქრები დაურიგდა და საღამო ფურშეტით დასრულდა.

 

რევაზ მახარაძე, პროკრედიტ ბანკის ბათუმის სერვის პუნქტის კოორდინატორი: “მეზღვაურის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ძალიან დიდია, ამიტომ თითოეული მათგანის შრომა და ღვაწლი დაფასებული უნდა იყოს. პროკრედიტ ბანკი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველა მეზღვაურს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს და მხნეობასა და ჯანმრთელობას უსურვებს მათ”.

ბავშვები ბაღში ვერ ეტევიან

30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა სოფელ ყინჩაურში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში, გასული წლის 18 აპრილს გაიხსნა. ფართობის სიმწირის გამო ზოგიერთ ბავშვი საძინებელ ოთახში იძინებს, ზოგიერთს კი ექთნის ოთახსა და იმ ოთახში აძინებენ, სადაც ბავშვების გამოკვებისთვის მომარაგებული პროდუქტები ინახება.

საბავშვო ბაღის მედდამ, ნათელა სურმანიძემ იცის, რომ ბავშვების დაძინება ექთნისა და მნის ოთახში არ შეიძლება, მაგრამ, რადგან ფართობი მცირეა, სხვა გამოსავალი არ აქვთ.

„ბავშვების დაძინება ჩემს კაბინეტში არ შეიძლება, მაგრამ, რადგან ფართობი არასაკმარისია, ვაძინებთ. ბავშვებს ჩემს ოთახში როცა სძინავთ, ყურადღებას მე თვითონ ვაქცევ“ – ამბობს ბაღის ექთანი.

ყინჩაურის საბავშვო ბაღის მენეჯერი ედუარდ შაინიძე ამბობს, რომ შენობა, წესით, 30 ბავშვზე არის გათვლილი, მაგრამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„ამ ეტაპზე 30 ბავშვი გვყავს. როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა,  მაშინაც ვუთხარი, რომ შენობა ბაღისთვის არასაკმარისი იყო… საძინებელი ოთახი გაცილებით დიდი, მაგრამ ცივი და ნესტიანი იყო, რის გამოც ოთახები შევცვალეთ, აქ კი საწოლები არ მოთავსდა. დაგეგმილი გვაქვს საძინებელი ოთახი გავაფართოვოთ არდადეგებზე. პატარაა სამეცადინო ოთახიც, 3-5-წლის ბავშვებს მეცადინეობა ერთ პატარა ოთახში უტარდებათ“, – ამბობს ფილიალის ხელმძღვანელი.

ააიპ „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი ირაკლი რიჟვაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები მნის ოთახში იძინებენ. ის ამბობს, რომ იქ საწოლები დასაწყობებულია.

„სულ 30 საწოლია, აქედან ორი საწოლი, რომლებიც ოთხ საძინებელს მოიცავს, ექთნის ოთახშია დასაწყობებული, ორი ოთხადგილიანი საწოლი კი – მნის ოთახში. საძინებელში 22 ბავშვის საწოლია, ბაღში ბავშვები სრულად თითქმის არასდროს ცხადდებიან, 4-5 ბავშვი კი არ იძინებს. იმ შემთხვევაში, თუ 22-ზე მეტი ბავშვი მოვა, ექთნის ზედამხედველობის ქვეშ მის ოთახში ვაძინებთ. პროდუქტების ოთახში არავინ იძინებს, ეს გამორიცხულია, მე თვითონ გავაფრთხილე, რომ აქ ბავშვები არ დააძინონ, საწოლები იქ უმოქმედოდ დევს, რადგან საძინებელში ფართობი არ იყო, სად წაგვეღო, ამიტომ დავასაწყობეთ. ვგეგმავთ ოთახების გაფართოებას, მაგრამ ჩვენ ამისთვის საჭირო თანხა არ გაგვაჩნია“, – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

ფართობის სიმცირის გარდა ბაღში სხვა პრობლემებიც არის – არ ჰყავთ დამლაგებელი და მზარეულის თანაშემწე. არასაკმარისი მუშახელის გამო ბაღის თანამშრომლები დამატებით ფუნქციებს ითავსებენ და იმ საქმეს აკეთებენ, რაც მათ კომპეტენციაში  არ შედის.

ბაღს მხოლოდ აღმზრდელის თანაშემწის ერთი შტატი აქვს. „ყოველ დღე ვმუშაობ, დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე. არაერთხელ მოვითხოვეთ შტატების დამატება, ამბობენ, ერთი ჯგუფი რომ არის, ერთი ძიძა უნდა იყოსო, არც დამლაგებელი გვყავს, დალაგებითაც მე ვალაგებ“, – ამბობს აღმზრდელის თანაშემწე მელანო ვახტანგური.

ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შტატების დამატების საკითხი ზემდგომ ორგანოებთან არაერთხელ დააყენა.

„არ მყავს დამლაგებელი და მზარეულის თანაშემწე. თანამშრომლების დამატება მოვითხოვე, დამპირდნენ და მეც მათი იმედი მაქვს, სულ რვა თანამშრომელი მყავს, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ასე ავსებენ კადრების ნაკლებობას“, – ამბობს ედუარდ შაინიძე.

ააიპ „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ხულოს საკრებულოს ექვემდებარება, საკრებულოს თავის დაქვემდებარებაში არსებულ აიპებში საშტატო ერთეულებს თვითონ უმტკიცებს და პასუხისმგებელიც ის არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე კმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყინჩაურის საბავშვო ბაღი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ერთჯგუფიან ბაღში შვიდი ნახევარი საშტატო ერთეულია, ორჯგუფიანში კი – 13 შტატი გვაქვს. რა ფართობი და შესაძლებლობაც გვქონდა, ის გავარემონტეთ. სურვილი აქვთ, ბაღი ორჯგუფიანი გახდეს, მოთხოვნაც არის და საჭირო კონტინგენტიც, მაგრამ რადგან ამ ბაღში სოფელ კვატიიდან დადიან ბავშვები, იქ ვაშენებთ საბავშვო ბაღს და ბავშვები გადანაწილდებიან, მომავალში ფაჩხაშიც უნდა გაიხსნას ბაღი.

რაც შეეხება დამლაგებელს, დამლაგებლის შტატი არც ერთ ბაღში არ გვაქვს, ჩვენი ბიუჯეტი არ გასწვდა შტატები დაგვემატებინა. ჩვენი მიზანია, რვავე ბაგა-ბაღში  დავუშვათ დამლაგებლის შტატი“, – ამბობს ნოდარ თავართქილაძე.

ყინჩაურის საბავშვო ბაღში მოხვედრის მსურველი 30 ბავშვზე გაცილებით მეტია, თუმცა არასაკმარისი ფართობის გამო ისინი ბაღში ვერ მიიღეს.

ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვების მიღებისას აქცენტი პირველად მიღებულ განცხადებაზე გააკეთა.

„ბევრ მშობელს უნდოდა ბავშვის ბაღში ტარება, მაგრამ რადგან ადგილი არ გვაქვს, ვერ მივიღეთ. საკამათო და გასაბრაზებელი რომ არ ყოფილიყო, პირველად ის ბავშვები მივიღე, რომელთა განცხადებები პირველად შემოვიდა“, – ამბობს ედუარდ შაინიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ რვა საბავშვო ბაღია: დაბა ხულოში, ყინჩაურში, ხიხაძირში, ვაშლოვანში, დიოკნისში, ღორჯომში, ოქრუაშვილებსა და უჩხოში, აქედან მხოლოდ დაბის ბაღში ფუნქციონირებს ბაგის ჯგუფი, დანარჩენ ბაღებში მხოლოდ ერთი შერეული ჯგუფია.

ერმაკოვი დიასამიძეს დებატებში იწვევს

 

 „საჭიროდ ვთვლი  ჩემს კონკურენტს გია დიასამიძეს შევთავაზო 7 ივლისის შემდეგ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი სატელევიზიო არხის მეშვეობით,  ჩვენ გვქონდეს სატელევიზიო დებატები.   ჩვენმა ამომრჩეველმა, ჩვენმა ბათუმელებმა გააკეთონ სწორი არჩევანი იმისათვის რომ ქალაქი განვითარდეს,“ – განაცხადა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე გიორგი ერმაკოვმა.

 

გიორგი დიასამიძის განცხადებით ის ნებისმიერ დროს მზადაა დებატებში ჩაერთოს.

 

„ამის შესახებ ჟურნალისტებისგან შევიტყვე.  მე არ ვაპირებ ნეიტრალური მოედნის, შვეიცარიის ან ლიხტენშტენის მოთხოვნას. მზად ვარ  ნებისმიერი არხის ეთერში მივიღო დებატებში მონაწილეობა,“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

 

15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის ხმების ხმები ასე გადანაწილდა: ხმების 45,17% გიორგი ერმაკოვმა მიიღო („ქართული ოცნება”) ,  17,62 ხმა კი გიორგი დიასამიძემ („ნაციონალური მოძრაობა”). ხმების დარჩენილი 38% სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გადანაწილდა.

 

გიორგი ერმაკოვსა და გიორგი დიასამიძეს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მეორე ტურს ჩაატარებს.

 

გიორგი დიასამიძე და გიორგი ერმაკოვი

წინასაარჩევნო თუ რეალური დაპირება? – გლეხები კომპენსაციის მოლოდინში

 

 

სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები ნური ბალაძე ამბობს, რომ მსგავსი სეტყვა ბოლო 45 წელია არ ახსოვს. ის იგონებს 1969 წელს, როდესაც გაზაფხულზე მოსულმა სეტყვამ ქედის სოფლებს დიდი ზარალი მიაყენა.

 

 

„კიტრი, პომიდორი, ლობიო, წიწაკა და სიმინდი მქონდა დარგული. უცებ სეტყვა მოვიდა და ყველაფერი გამინადგურა. ბოსტნეული, რომელიც გადარჩა, შავდება, გადარჩენილი მცენარე ნაყოფს ან მოგვცემს, ან – არა. სეტყვამ მთელი სოფელი დააზარალა, ბოსტნეულთან ერთად ვაზი გამიფუჭა, თხილს კი ნაყოფი მთლიანად გასცვივდა. გაზაფხულზე ასეთი სეტყვა დიდი ხანია არ ყოფილა, მახსოვს, 1969 წლის გაზაფხულზე იყო ძლიერი სეტყვა, მაშინ საერთოდ ვერაფერი გადაურჩა ბუნების რისხვას“, –  იხსენებს ნური ბალაძე.

 

 

კოლოტაურელ თემურ მახარაძეს სეტყვამ უფრო ნაკლები ზიანი მიაყენა. კოლოტაურის სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ 31 მაისს სეტყვამ ბუჭიას დასახლებასა და პირველ მაისს შეუტია.

 

 

„ჩემს სოფელშიც არიან დაზარალებული ოჯახები, მაგრამ ისე არ დაზარალებულან, როგორც პირველ მაისში, იქ სულ განადგურდა ბოსტნეული, ზოგი ახალად თესავს, ხეხილი ადრე მოყინა და თუ რამე შერჩენილი ჰქონდა, ისიც ახლა გასცვივდა“, –  ამბობს თემურ მახარაძე.

 

 

ქედელი აგრონომის ლევან ბერიძის ინფორმაციით, „არამარტო ბოსტნეული, არამედ მრავალწლოვანი კულტურები – ვაზი, ნიგოზი და სუბტროპიკული ხურმა განადგურდა. ვაზი ისე დაისეტყვა, რომ მოსავლის მიღებაზე საუბარი ზედმეტია, მთავარია მცენარე გადავარჩინოთ. მაღალ ზონებში მრავალწლოვანი კულტურებიდან ვაშლის გარდა ყველა ხეხილი მოყინა გაზაფხულზე. მოყინულმა ხეებმა მეორე ძირითადი კვირტი კი გამოიღო, მაგრამ ახლა სეტყვამ გაანადგურა. ხურმა და ვაზი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია“.

 

 

„ბოსტნეული ზოგან 100%-ით განადგურდა, ზოგან შედარებით ნაკლებად. ხელახლა დათესავდნენ, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ მოესწრება. მცენარეებს კი ტოტები აქვს დატეხილი, მისი აღდგენა შეუძლებელია“, – ამბობს ქედის საინფორმაცია-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სოსო შერვაშიძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებულმა ზარალის შემსწავლელმა ექვსკაციანმა მუდმივმოქმედმა კომისიამ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა შეისწავლა და ზარალის დაზუსტება დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის გურამ ლომინაძის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის 150 000 ლარს აჭარბებს. სეტყვამ ქედაში სულ 222 ოჯახი დააზარალა.

 

 

„ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა ადგილზე მისვლით შევისწავლეთ, არის ოჯახები, რომლებსაც სულ გაუნადგურდა ბოსტნეული. რაც შეეხება მრავალწლოვან კულტურებს, ვაზი ძალიან განადგურდა, ზარალის დადგენა იმის მიხედვით დავიწყეთ, თუ რა ოდენობის ბოსტნეული ჰქონდა გაშენებული მოქალაქეს და, სავარაუდოდ, რა ოდენობის მოსავალს მიიღებდა. ფასს კი იმის მიხედვით გავთვლით, როცა ბაზარზე ჩვენი ბოსტნეული შემოვა და ფასი გვეცოდინება“, – ამბობს გურამ ლომინაძე, რომელსაც ქედაში გამგებლის მოადგილის თანამდებობა უკავია.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ქედის მოსახლეობას აწუხებს, ეს კომპენსაცია. კითხვაზე, მიიღებენ თუ არა დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას? თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურდება, რასაც დასტურად 9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილის ქედაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება მოჰყვა.

 

 

„პრემიერმა ქედაში ვიზიტისას ბრძანა, დავითვალოთ ზარალი და ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს კომპენსაციას. ადგილობრივ თვითმმართველობას კომპენსაციის გაცემის რესურსი არ გააჩნია, სავარაუდოდ, თანხას მთავრობა გადმოგვირიცხავს“, –  ამბობს გურამ ლომინაძე.

 

 

დაზარალებულ ოჯახებში მხოლოდ ისინი მოიაზრებიან, რომელთა ნარგავები და ხეხილის ბაღები 31 მაისს დაისეტყვა. ამ სიაში ვერ მოხვდნენ ის ოჯახები, რომლებიც უფრო ადრე დააზარალა სეტყვამ, მუდმივმოქმედ კომისიას იმ დროისთვის არც ზარალი დაუთვლია და არც კომპენსაციის გაცემაზე უფიქრია.

 

 

ჯერ კიდევ 31 მარტს მოსულმა თოვლმა და ყინვამ კი, ქედის მაღალ ზონაში (დანდალო, კოკოტაური, ხარაულა, ცხმორისი) მცხოვრებ მოსახლეობას ვაზისა და ხეხილის ბაღები მოუყინა, ვაზი აქ ოჯახების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.

 

 

სოფელ დანდალოში მცხოვრებ მერაბ ხალვაშს ვაზთან ერთად გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა სათბური დაუნგრია, ფერმერს სათბურში ბოსტნეული გამოჰყავდა. ვერც ეს ოჯახი მოხვდა დაზარალებულთა სიაში.

 

 

ერთწლოვან თუ მრავალწლოვან კულტურების სტიქიისგან დაზიანების გამო კომპენსაციის გაცემის პრეცედენტი ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წელია არ ახსოვთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ წელს გაჟღერებული კომპენსაციის გაცემა წინასაარჩევნო პიარია.

 

 

რატომ ვერ მოხვდნენ დაზარალებულების სიაში ის ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაზარალდნენ ან რატომ არ დაითვალა ზარალი ზარალის შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ? – ამ კითხვაზე, პასუხი გამგეობაში არ აქვთ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ მაშინ ზემდგომისგან შესაბამისი დავალება არ მიუღიათ. თვითონ კი ზარალის დათვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

 

ქედის არჩეული გამგებელი: არ შეიძლება ჩემს ასაკში ტყუილის თქმა

 

დავით დუმბაძე
დავით დუმბაძე

ბატონო დავით, თქვენ ამომრჩეველთა დაახლოებით 52-მა  პროცენტმა დაგიჭირათ მხარი. როგორი იყო თქვენი მოლოდინი?

 

ვფიქრობდი, ქედის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აირჩევდა იმ კურსს, რომელიც `ქართულმა ოცნებამ~ აირჩია. მოლოდინი გამიმართლდა _ უმრავლესობის მხარდაჭერა მივიღე.

 

შვიდი თვეა, რაც ქედაში ხელისუფლება შეიცვალა. ამის ფონზე 52 პროცენტი, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის. შვიდთვიან პერიოდში არ შეიძლება იმდენი რამე გააკეთო, რომ ცხრაწლიანი საქმიანობა გადაფარო.

 

 

ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა დამიჭირა მხარი, ჩემს ყველა ოპონენტს ერთად აღებულს 500 ხმით ვასწრებ, მე და პრეზიდენტმა ქედაში ერთნაირი ხმები მივიღეთ.    

 

 

პირველად თქვენ დაიკავებთ არჩევნების გზით გამგებლობის პოსტს ქედაში. რა გეგმებით მოდიხართ და რას გააკეთებთ მუშაობის სამწლიან პერიოდში?

 

 

სოფლებში არსებული მდგომარეობა წლის დასაწყისში უბან-უბან შევისწავლე. პრობლემების უმრავლესობა აღმოვფხარით, გარკვეული პრობლემები დარჩა მოსაგვარებელი, რაც საჭიროებდა ფინანსურ ცვლილებას და პროგრამის შემუშავებას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მოსახლეობამ სხვა პრობლემებიც წამოჭრა. როგორც კი დავიბრუნებ სტატუსს, კიდევ ერთხელ ჩამოვივლი ყველა სოფელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენტურ პირებთან ერთად, რომ სწორად დავგეგმოთ პრიორიტეტები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სოფლის მეურნეობაში წარმატების მისაღწევად.

 

 

ჩემი მთავარი გეგმა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა, ჩემი გამგებლობის პერიოდში დაიწყო ისეთ დიდი პროექტები, როგორიცაა: სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, ბაგა-ბაღების მშენებლობა… წელს, 15 ოქტომბრამდე, ხუთ ბაგა-ბაღს გავხსნით: სოფელ დოლოგანში, დაბა ქედაში, ვაიოში, ახოსა და დანდალოში. დაგეგმილი მაქვს ზუნდაგის ბაღში არსებული პრობლემები აღმოვფხვრა, არ შეიძლება საბავშვო ბაღს არ ჰქონდეს ეზო და ნესტიან ოთახში იძინებდნენ ბავშვები. მინდა გავხსნა ღვინის, თამბაქოს, ხილის გადამამუშავებელი საკონსერვო ქარხანა და სამკერვალო ფაბრიკა. 

 

 

სოფელ უჩხითსა და გეგელიძეებში სოფლის გზები მოასფალტდება, უჩხითში სამკილომეტრიანი გზა წელს მოასფალტდება, დარჩენილი ნაწილი კი – მომავალში. დაგეგმილი მაქვს მერისსა და პირველ მაისში ჭიდაობის დარბაზები მოვაწყო, მოვიძიო ინვესტორები, რომლებიც ქედაში სასტუმროს ააშენებენ. ორი წლის განმავლობაში მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნა, ჩემი მიზანია მევენახეობამ პიკს მიაღწიოს ქედაში.

 

 

წელს, სავარაუდოდ, დასრულდება ყოფილი პოლიკლინიკის ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია, სადაც 12 დამეწყრილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. შეთანხმება გვაქვს რეგიონების განვითარების ფონდთან, სამომავლოდ გამოიყოფა თანხა მეწყრული მოვლენების ლიკვიდაციისთვის, პროექტი სანიაღვრე არხების მშენებლობას მოიცავს, უკონტროლო წყლები უნდა გაკონტროლდეს, რომ შემცირდეს რისკები. ეს ორ წელიწადში ვერ მოგვარდება, ამას შესაძლოა 3-4 წელიწადი დასჭირდეს, საკმაოდ დიდი პროექტია.

 

 

წინასაარჩევნოდ ვამბობდი, რომ ჯანდაცვაში სექტემბრიდან პრობლემები აღარ გვექნებოდა. ყველა თემის ექიმს ეყოლება თავისი მანქანა, მძღოლი და გამოეყოფა საწვავი, ამისთვის საჭირო თანხა  ბიუჯეტში გათვალისწინებულია. 

 

 

პრიორიტეტად დავსახეთ დაავადების ადრეული გამოვლენა. მუნიციპალიტეტში ერთჯერადი დახმარების პროგრამა იყო, რომლის სანაცვლოდ თანხა სამედიცინო გამოკვლევებზე გადავიტანეთ. ყველაზე მთავარი, რაც მე წარმატებად მიმაჩნია, ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, ყველა თემში უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება დაიგეგმა, რაც მიზნად ისახავს ადრეულ ასაკში სიმსივნური წარმონაქმნების გამოვლენა-პრევენციას.

 

 

თუ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა სოფელს მიემაგროს და სოფელი არ დაგვიბერდეს, ქმედითი ღონისძიებები უნდა გატარდეს – მინიმუმ სოფლებში არსებული 30 სტადიონი, რომელიც დღეს უვარგისია, უნდა გაკეთდეს და მოწესრიგდეს, რომ ბავშვებს ფეხბურთის თამაშის საშუალება მაინც ჰქონდეთ.

 

 

რამდენად შესაძლებელია ყველა ეს დაპირება რეალობად აქციოთ _ არსებობს ამისთვის საჭირო  ფინანსური რესურსი?

 

 

დაპირება დაპირებად არ დარჩება, ეს არ არის ვარაუდი, ეს იქნება გაკეთებული საქმე, რაც ვთქვი 99,9% უნდა გავაკეთო ორი წლის განმავლობაში. არ შეიძლება ჩემ ასაკში ტყუილის თქმა.

 

 

რაც შეეხება ქარხანა-ფაბრიკებს, ინვესტორები მოძიებულია. ორი წლის განმავლობაში ჩვენ გავხსნით ღვინის, ხილის საკონსერვო და თამბაქოს საფერმენტაციო ქარხანას, ასევე სამკერვალო ფაბრიკას. მინიმუმ 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

 

აპირებთ თუ არა კადრების გადახალისებას?

 

 

საკადრო ცვლილების გატარებას ვგეგმავ, ამის კანონიერი უფლება მაქვს. ჩემი მუშაობის შვიდთვიანი პერიოდიდან ვიცი ვინ არის პროფესიონალი, კომპეტენტური და ვინ რის გამკეთებელია.

 

 

არ მინდა ისეთი თანამშრომელი მყავდეს, რომელიც სამსახურში მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ ხელფასი აიღოს, კომპიუტერში „პასეანსი„ გახსნას და ფაცებოოკ-ზე ვიღაცას „ეჩატაოს“. ყველა ასეთი დატოვებს სამსახურს. რამდენი და ვინ, ამას დრო გვიჩვენებს.

 

 

ჩემი ამბიციური გეგმა ქედის განვითარებას უკავშირდება. ქედელი კაცი სამუშაოს საძებნელად თურქეთში არ უნდა მიდიოდეს, ამისთვის კი ყველა თანამშრომელმა  საკუთარი საქმე უნდა აკეთოს.

 

 

თქვენ სტაჟის მქონე პოლიციელი ხართ. როგორ ფიქრობთ, რაში დაგეხმარებათ სპეცსამსახურში მიღებული გამოცდილება?

 

 

იმ სამსახურმა მასწავლა, რომ ენას კბილი უნდა დააჭირო და ის, რაც იცი, არ უნდა ილაპარაკო; იმ დონეზე არ უნდა გაბრაზდე, რომ ემოციას აყვე.

 

 

მადლობელი ვარ იმ სამსახურის, სადაც ვიმუშავე. ვინმემ რომ მკითხოს, როგორ გავივლიდი ცხოვრებას, ვიტყვი, რომ ისევ საქართველოს უშიშროების სამინისტროდან დავიწყებდი და 22 წელს ისევ იმ სამსახურს შევწირავდი, რადგან მე ის პიროვნება ვარ, რომელმაც ბოლო რუსის მესაზღვრე 1999 წლის 1 სექტემბერს გააცილა ბათუმის აეროპორტიდან და მთლიანად გააკონტროლა ტექნიკის გასვლა ქვეყნიდან. ვამაყობ, რომ ჩემი სამსახურით ქვეყნის წინაშე ვალი მოვიხადე.

 

 

რა ქონებას ფლობთ ამჟამად?

 

 

ორი ბინა მაქვს ბათუმში, ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე. 30 კვადრატული მეტრი მაღაზია და სახლი სოფელ მეძიბნაში, თავისი საბაგირო გზით, წისქვილითა და არაჩვეულებრივი ხეხილის ბაღით.

მყავს მეუღლე და სამი შვილი, ცოლი პროფესიით ინჟინერ-კონსტრუქტორია, ამ ეტაპზე კომერციულ საქმიანობას ეწევა.

რა ხდება ბათუმის ციხეში

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მესამე საპყრობილეში პატიმრები შიმშილობენ და თავს იზიანებენ, ერთადერთი უწყება ადასტურებს – სახალხო დამცველის აპარატი. შიმშილობის ფაქტს უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტრო, თუმცა სამინისტრო ადასტურებს პატიმრების თვითდაზიანების ფაქტებს.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარში 5-ჯერ დაფიქსირდა თვითდაზიანების შემთხვევა, „თუმცა ამას რომელიმე პატიმრის ჯანმრთელობის გართულება არ მოჰყოლია. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

 სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, დაწესებულებას გააჩნია სამედიცინო პუნქტი, სადაც მუშაობს „კვალიფიციური პერსონალი. აქამდე სამოქალაქო სექტორიდან ექიმის შემოყვანის საჭიროება არ დამდგარა“.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით კი, ქალაქის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რამდენჯერმე მიიწვიეს ექიმი, რასაც არაოფიციალურად თავად ექიმებიც ადასტურებენ. თუმცა სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდებაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მალხაზ ხალვაში იქამდე ამბობს უარს, ვიდრე სამინისტროში არ გადაამოწმებს, აქვს თუ არა ამის უფლება.

 

 

 

ახალი საპყრობილე ბათუმში

 

ახალი საპყრობილე ბათუმში თვენახევრის წინ გაიხსნა. ამ ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი დაახლოებით 12-ჯერ იყო პატიმრების მოსანახულებლად. ამბობს, რომ პატიმრებს პრეტენზიები ადმინისტრაციის მიმართ არ გამოუთქვამთ, სახალხო დამცველს პატიმრები წერილებს უგზავნიან, თუმცა  ჩარკვიანის თქმით, ამ წერილებში ძირითადად საქმის გამოძიებას და პროკურორებთან შეხვედრას ითხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად მათთან პროკურორები შესახვედრად არ მიდიან, ამის გამო პატიმრები პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ: ზოგი წვერის საპარსი სამართებლით სხეულს იზიანებს, ზოგი მშრალ შიმშილობას აცხადებს. რამდენიმე პატიმრის საჩივარს სახალხო დამცველის აპარატი უკვე იკვლევს.

 

 

ციხის შესასვლელში

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპყრობილეში პატიმრის მოსანახულებლად მისული ადვოკატები განსაკუთრებულ შემოწმებას გადიან (ხსნიან ჯვრებს, ხდიან ფეხსაცმელს) ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატი. გიორგი ჩარკვიანის თქმით, საათის მაჯიდან მოხსნა მასაც მოსთხოვეს, თუმცა ეს მოთხოვნა გააპროტესტა, მეორედ კი მსგავსი რამ მისთვის ციხის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია. სად-ის ინფორმაციით, „დაწესებულებაში დაშვებულია მხოლოდ არაძვირფასი ლითონებისგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია მინისტრის 2011 წლის ბრძანებით… ამჟამად, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაწყებულია მუშაობა აღნიშნული ბრძანების გადახედვაზე“.

 

 

 

ახალი პატიმრები

 

 

ყველა პატიმარს, ვინც ბათუმის მესამე საპყრობილეში პირველად მოხვდება, 10 დღის განმავლობაში კარანტინი ათავსებენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ამბობს, რომ კარცერში მყოფი პატიმარი ამანათის უფლებით ვერ სარგებლობს, პლასტიკური ბარათი კი, რომლითაც მათ ციხის მაღაზიაში ნივთებისა თუ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა აქვთ, დაკავებიდან დაახლოებით 2 კვირაში მზადდება. ამ პერიოდში პატიმარი ვერ ყიდულობს სიგარეტსა და ჰიგიენურ საშუალებებს, საპონს, კბილის ჯაგრისს… შესაბამისად, ვერ სარგებლობს პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებით. კიდევ უფრო რთულადაა იმ პატიმრების საქმე, რომლებიც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მეორედ მოხვდნენ; ასეთ დროს უწყება (სად) პლასტიკურ ბარათებს პატიმარს აღარ უმზადებს. 5 ლარი _ ბარათის დამზადების თანხა პატიმრის ახლობელმა ბანკში უნდა გადაიხადოს, ქვითარი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარადგინოს.

 

 

სად-ის განმარტებით, დაწესებულებაში ახლადშეყვანილი პატიმრის კარანტინის განყოფილებაში განთავსება კანონის მოთხოვნაა. მათივე ინფორმაციით, კარანტინიდან პატიმრის გაყვანას ვადაზე ადრე, გარემოების მიხედვით, დირექცია წყვეტს. „რაც შეეხება ბარათის დამზადების ვადებს, აქამდე საბანკო ბარათის დამზადებისთვის ბანკს სჭირდებოდა ორკვირიანი ვადა, თუმცა სამინისტროსა და დეპარტამენტის წარმომადგენლების ძალისხმევით ეს პრობლემა დაწესებულებებში თანდათან გვარდება. თბილისში ბარათის დამზადებისთვის უკვე 4 დღე საკმარისია, ქუთაისის დაწესებულებებში პატიმარს ბარათი 5 დღის ვადაში გადაეცემა. გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა ბანკის წარმომადგენლებთან, რათა აღნიშნული საკითხი მოგვარდეს ბათუმის N3 დაწესებულებაშიც“, – წერია სასჯელაღსრულების წერილში, რომელიც „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

 

 

№3 საპყრობილეში პატიმრები მუშაობენ

 

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის №3 საპყრობილის სამეურნეო ნაწილში შვიდი პატიმარი მუშაობს, ანუ პატიმრები თანამშრომლებს ეხმარებიან საკვების დარიგებაში, გასარეცხი თეთრეულის მოგროვება-დარიგებაში… სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით,  ეს პატიმრები სარგებლობენ ძირითადად გრძელვადიანი პაემნებით.

 

 

 

ტელევიზორი, წიგნები და სეირნობა

 

 

სახალხო დამცველის წარმომადგენლის ინფორმაციით, სეირნობის უფლებით ყველა პატიმარი ყოველ დღე სარგებლობს. ტელევიზორი და რადიო კი ციხის მაღაზიაში იყიდება და ნებისმიერ პატიმარს შეუძლია იყიდოს. ყველაზე იაფფასიანი ტელევიზორი 130 ლარი ღირს. არის საკაბელო ტელევიზია – პატიმრებს 12 არხის ნახვის შესაძლებლობა აქვთ. არის ბიბლიოთეკაც. კვირაში ორჯერ კი პატიმრებს შხაპის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

 

 

ქალი პატიმრები

 

 

ბათუმის №3 საპყრობილეში 4 ქალი იხდის სასჯელს, აქედან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ამ საპყრობილეში არ იმყოფებიან არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ბრალდებულები. 2014 წლის 20 ივნისის, სამინისტროს მონაცემებით, დაწესებულებაში სულ 123 პატიმარი იმყოფება.

 

 

ბათუმში პირველ გამოცდაზე 16 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

 

 

„საგამოცდო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პირველ სესიაზე 57 სექტორი გვაქვს, ასევე 57 სექტორია მეორე  სესიაზეც. დილის სესიაზე 948 აბიტურიენტმა გაიარა რეგსიტრაცია. 16 აბიტურიენტი გამოცდაზე არ გამოცხადდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა მანუჩარ ლორიამ.

 

მეორე სესიაზე, რომელიც დღის 14:00 საათზე დაიწყება  ბათუმის საგამოცდო ცენტრში 845 აბიტურიენტია რეგისტრირებული.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებზე  წელს 36 000 – მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

 

 

ფრანგული პოეზიის თარგმანების პრეზენტაცია

 

„ფრანგული პოეზიის ათასწლეული“ IX საუკუნის საგმირო ეპოსის – „სიმღერა რონალზე“ – ფრაგმენტის თარგმანით იწყება და 20-საუკუნის ავტორის, ლეოპოლდ სედარ სანგჰორის ლექსით სრულდება. კრებულში 80-ზე მეტი ფრანგი პოეტის 250-მდე ლექსია თავმოყრილი.

 

„პოლ ვერლენი და სხვა ფრანგი სიმბოლისტები“ გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა. წიგნში  ქართულ თარგმანებთან ერთად ლექსები ფრანგულ ენაზეა მოცემული.

 

ბადრი თევზაძეს მკითხველი იცნობს როგორც პოეტს, მთარგმნელსა და წიგნის – „პარიზში წასვლას რა უნდა?!“ – ავტორს. ამ მხატვრულ-დოკუმენტური კრებულისთვის ავტორს 2000 წელს „ლომისის“ პრემია მიენიჭა, 2006 წელს კი საფრანგეთში, კინოსტუდია „ლა ფემისში“ რეჟისორმა თ. გრენადმა  წიგნის მიხედვით გადაიღო 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმი „ქართველი ტარტარენის ნაკვალევზე“.

 

2008 წელს ბადრი თევზაძე საფრანგეთის კულტურის სამინისტროსა და წიგნის საერთაშორისო სახლის სტიპენდიით ორი თვით იმყოფებოდა საფრანგეთში, ფრანგული პოეზიის ანთოლოგიაზე სამუშაოდ.

 

 

 

 

ნიკა კიკნაძე X ფაქტორის შემდეგ

 

 

ნიკა, როგორ შეაფასებ “X ფაქტორს”, რამდენად გაგიმართლა ამ კონკურსმა მოლოდინი?

 

 

“X ფაქტორი” პირველად ტარდება საქართველოში, განსხვავებული და დაძაბული ფორმატია, მაგარი გამოვიდა საერთო ჯამში. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ გამოვიდოდა, ჟიურის წევრებიც კომპეტენტურად არის შერჩეული, კონკურსანტებზე კი ლაპარაკიც არ ღირს, მაგარი კონკურსანტები წამოვიდნენ, მე მგონი, ასეთი ნაკადი არც ერთ კონკურსში არ ყოფილა, საუკეთესო მონაწილეები არიან.

 

როგორი განწყობით მიხვედი პროექტში?

 

გამიჭირდა როგორც ბენდის მუსიკოსს, რომელიც არ არის ჩვეული სცენაზე მარტო დგომას, მითუმეტეს უინსტრუმენტოდ. ადამიანმა თავისი შესაძლებლობები ყველაზე კარგად თავად იცის, ამჯერად რატომღაც მეგონა, რომ უფრო შორს წავიდოდი, თუმცა ამისთვისაც მზად ვიყავი. იმდენი კონკურსანტიდან ოთხ რჩეულში რომ რჩები, ეს თვითრწმენას გმატებს, ავტომატურად გიჩნდება შეგრძნება, რომ რაღაცით გამოირჩევი. პროექტის დატოვებამ, რა თქმა უნდა, გული დამწყვიტა, ყველა გავარდნილ კონკურსანტზე დამწყდა გული.

 

საქართველოში სხვა პროექტში ალბათ აღარ მივიღებ მონაწილეობას. მთავარი პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში, ამით გამიცნო ხალხმა, სხვა პროექტში რომ გავიდე, აღარ ვიქნები მართალი, იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე გავაკეთე.

 


კონკურსზე ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მიხვედი, მხოლოდ მეგობრები ხართ, თუ მუსიკალური დუეტიც?

 

მე და ლუკას გაგვიკეთებია ერთად რამდენიმე კონცერტი, რომ გითხრათ, ერთ ბენდში ვიყავით ან ახლა ერთად გამოვდივართ-მეთქი – არა, უბრალოდ ვმეგობრობთ.

 

 თუ გახსოვს, როდის გქონდა პირველი შეხება მუსიკასთან?

 

მუსიკალურში დავდიოდი, თუმცა შვიდწლედი არ დამიმთავრებია. ექვსი წლის ვიყავი, როცა დედამ ფორტეპიანოზე შემიყვანა, საერთოდ არ მხიბლავდა ეს ფაქტი, საბოლოოდ გამოვედი. ათი წლის ვიყავი, როცა „aerosmith”-ის “Jaded”-ს მოვუსმინე, ეს სიმღერა იყო პირველი, რომელიც მოვისმინე ამ ჟანრში, აქედან დაიწყო ამ მუსიკის სიყვარული. 13-14 წლის ვიყავი, როცა ბენდი გავაკეთე აკე პატარაიასთან ერთად, რომელიც ახლა “X ფაქტორის” მონაწილეა, ეს იყო პირველი ნაბიჯები.

 

ამის მერე როგორ განვითარდა მოვლენები? ახლა რომელი ბენდის წევრი ხარ?

 

მე გიტარისტიც ვარ, უმეტესწილად თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა ვაჟა ტუღუშმა, რომელსაც მხოლოდ მუსიკალური განათლება არ მოუცია, ცხოვრებისეული რაღაცებიც მასწავლა. ამის მერე თბილისში წავედი სასწავლებლად. ბოლოს მყავდა ბენდი „პორტრეტი”, მათთან ერთად გამოვუშვი პირველი სრულყოფილი ალბომი. ბენდიდან წამოვედი იმის გამო, რომ ვფიქრობ, იქ ყველაფერი გავაკეთე, რისი გაკეთებაც შემეძლო, ჩემ თავს ვეღარ ვხედავდი ბენდში.
ახლა შევიკრიბეთ ახალი შემადგენლობა მუსიკოსების, ხუთი ბიჭი, ჩემი ძველი ნაცნობები არიან, ადრე ერთად ვუკრავდით, ჯერ სახელიც არ შეგვირჩევია, ბარშიც დავუკრავთ ალბათ, რადგან სხვა შემოსავალი ბენდებისთვის არ არის ამ ეტაპზე. ბენდში თავად ვიქნები ვოკალისტი და გიტარისტიც.

 

შენი გეგმები რას უკავშირდება?

 

ვაპირებთ საკუთარი რეპერტუარის შექმნას, ბენდის წევრები ვწერთ მუსიკას. ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურად ვწერ, თუმცა ერთ დღესაც დავწერ ქართულ ტექსტს, ძალიან მინდა, ეს გავაკეთო. ჩემთან ახლოა ამერიკული მუსიკა, ქანთრის ელემენტებით. მუსიკაში ყველა ხედავს იმას, რაც უნდა, რომ დაინახოს და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ბენდის გარეშე მუშაობა არ მინდა.

 


რამდენიმე ბენდი გამოიცვალე, შენი დაკვირვებით, რა არის იმის მიზეზი, რომ უამრავი ბენდი იქმნება და მალევე იშლება?

 

თინეიჯერს, რომელიც ბენდს აყალიბებს, ოჯახის წევრები სერიოზულად არ აღიქვამენ, გახდებიან 23-24 წლის და ისევ გიტარით რომ ხედავენ სადმე, თუნდაც ბარში მიმავალს, სადაც მუშაობს ეს მუსიკოსი, ყველა ასე აღიქვამს _ `აუ, ეს კიდევ გიტარაზე უკრავს, მუშაობა არ დაუწყია…” ხალხს ვერ წარმოუდგენია უნივერსიტეტში როგორ არ უნდა ჩააბარო, ან დიპლომი არ გქონდეს. ბავშვებიც ფიქრობენ იმაზე, რომ შემოსავალი ამ საქმიანობით ვერ ექნებათ და იშლებიან. მე მუსიკაში მშობლების მხარდაჭერა ყოველთვის მქონდა, 13 წლისას, რა თქმა უნდა, არ მიყურებდნენ როგორც მუსიკოსს, მაგრამ მათ ესმოდათ, რომ მე ამით ვსწავლობდი ბენდთან მუშაობას.

 

პირველად ჩემს ბენდთან ერთად გამოსვლა თოჯინების თეატრში მქონდა, მაშინ ისეთი დიდი იყო სავსე დარბაზი ჩემთვის, გვეგონა, რომ ფესტივალზე ვუკრავდით. ვნერვიულობდი, ახლაც ვნერვიულობ, მსმენელის მიმართ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე.

 

შენ რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტში სწავლა?

 

მე ყველა ვარიანტში ჩავაბარებდი, რადგან თბილისში წასვლის საბაბი იყო ეს ჩემთვის, ბიზნესის ადმინისტრირებას ვსწავლობ. არ ვიცი, ჩემი საქმიანობა თუ დაუკავშირდება ამ საქმიანობას. წელს ვამთავრებ სწავლას, თუმცა თბილისში ვაპირებ ჯერ დარჩენას.

 


როგორ ცხოვრობ?

 

მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დროის მეგობრებთან ერთად გატარება, მრავალფეროვანია ჩემი სამეგობრო წრე. ღამის ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი ჰობია კომპიუტერული ვიდეოთამაშები, ფეხბურთი მიყვარს ძალიან, `ბაიერნის~ ფანი ვარ, ნიჭი რომ მქონდეს ფეხბურთის, ალბათ გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება, ფეხბურთსა და მუსიკას შორის. ფეხბურთის გამო სიგიჟეებს ჩავდივარ.

 

რა შესაძლებლობა გინდა, რომ გქონდეს?

 

ძალიან მინდა მომეცეს საშუალება, ბათუმში ვიცხოვრო, აი, აქ რომ ვიყო ჩემი საყვარელი საქმით დაკავებული, ისეთი დოზით, რომ თავად ვიყო კმაყოფილი. მიჯაჭვული ვარ ამ ქალაქს, ხშირად ჩამოვდივარ, მიჭირს დიდხანს შორს ყოფნა.

 

მოსწავლეების აქცია საპატრულო პოლიციასთან ერთად

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ  „ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის“  წევრებიც.

ადვოკატირების კამპანია ტარდება ბათუმის საპატრულო პოლიციასთან ერთად. მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქვეითად მოსიარულეთა უფლებებისა და საგზაო უსაფრთხოების დასაცავად. აქტივობა ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში აშშ-ს საკონსულოს მემორიალური დაფა გახსნა

მემორიალური დაფა, რომელიც იუწყება, რომ 1913 წელს ამ ადგილას აშშ-ს საკონსულო მდებარეობდა, ბათუმში საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოსულმა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა გახსნა არჩილ ხაბაძესთან, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ჩავლეიშვილთან და ავთანდილ ბერიძესთან ერთად.

„რამდენიმე მიზეზით არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს დღე. პირველ რიგში მახსენდებიან ის კოლეგები ძველი დროიდან, რომელთაც თავიანთი ცხოვრება დაუთმეს დიპლომატიურ და საკონსულო სამსახურს. ისინი ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ათასობით მილის დაშორებით, ისინი წარმოადგენდნენ აშშ-ს ინტერესებს. მათ შორის იყვნენ უილიამ სტიუარდი, უილიამ მასტერსონი, ჯეიმს ჩემბერსი. ვფიქრობ ჩემს კოლეგებზე, რომლებიც იგივე სამუშაოს ასრულებდნენ ამ ქალაქში, ამ ადგილას, ზუსტად ასი წლის წინ. გარდა ამისა, ეს აჩვენებს ბათუმის მნიშვნელობას, რომელიც მდებარეობს გზაჯვარედინზე, არის საერთაშორისო და კოსმოპოლიტური ქალაქი და დღეს იგი კვლავ ასრულებს ამ ფუნქციას ახალი აბრეშუმის გზაზე.

საბჭოთა კავშირის დროს ბათუმში ჩამოსვლა უცხოელისათვის ძალიან რთული, ხოლო ამერიკელისათვის ფაქტიურად შეუძლებელი იყო. მახსენდება სტუდენტობის წლები, როცა მქონდა სურვილი ვსტუმრებოდი ბათუმს, მაგრამ მითხრეს – დაივიწყე. დღევანდელი დღე ჩანს იმ გადმოსახედიდან, როგორც საოცრება.

და კიდევ ერთ მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვანია ეს დღე, ეს გახლავთ საქართველოსა და აშშ-ს ურთერთობები.  როცა 1886 წელს ბათუმში გაიხსნა საკონსულო და დაექვემდებარა ოდესაში მდებარე საკონსულოს, ეს იყო კიდევ ერთი ასახვა იმისა, რომ აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველო იყო განსხვავებული დანარჩენი ცარისტული რუსეთისგან.“  – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა მემორიალური დაფის გახსნისას.

მემორიალური დაფის დამზადებისა და განთავსების ხარჯები ამერიკის საელჩომ გაიღო.

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მსვლელობა სანაპირომდე, მეათე ნავმისადგომამდე გაგრძელდა, სადაც საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებს სპეციალურად მოწყობილი სცენა, სასწავლებლების ხელმძღვანელები და მთავრობის  წარმომადგენლები ელოდნენ.

საზეიმო ღონისძიება, რომელსაც შემდეგ დაჯილდოების  ცერემონიალი მოჰყვა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ  გახსნა. თავის მიმართვაში მან ხაზი იმ ორ მთავარ მიღწევას გაუსვა, რაც გასულ წელს მოხდა.

„2013 წლის ნოემბერში ევროკავშირმა თავიდან აღიარა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატების ხარისხი. რაც საშუალებას აძლევს საქართველოში მცხოვრებ მეზღვაურებს იმუშაონ ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე.

ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული მკაცრი და უკომპრომისო საზღვაო პოლიტიკის დამსახურებით პირველად საქართველოს ისტორიაში ქართული დროშა  წელს ამოღებული იქნა ე.წ. საერთაშორისო  შავი სიიდან  და გადავიდა ნაცრისფერ სიაში.  ეს ნიშნავს უფრო მეტი საერთაშორისო გემის მოზიდვას ქართული დროშის ქვეშ, ეს ნიშნავს გაზრდილ შემოსავლებს საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, ეს ნიშნავს სამომავლოდ ქართველი მეზღვაურების დასაქმების შანსს ქართული დროშის ქვეშ. ეს ორი მეტად  მნიშვნელოვანი წარმატება და წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის საშუალებას რომ დამკვიდრდეს  როგორც მოწინავე საზღვაო ქვეყანა, ჯერ ჩვენს რეგიონში და შემდეგ მთელ მსოფლიოში,“ – განაცხადა მამუკა ახალაძემ.

დღესვე საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისთვის  კარლო ოსაძე, როლანდ რიჩკოვი, პაატა ტაბაღუა და ლუიზა წვერავა დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს, ნაოსნობისას დაკარგული კაპიტნის, ოთარ ჩახვაძის ხსოვნის პატივსაცემად მეზღვაურებმა ყვავილების გვირგვინი ზღვაში ჩაუშვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ჩვენ უნდა შევცვალოთ“

 

ირმა დიმიტრაძე
ირმა დიმიტრაძე

ბევრს ვსაუბრობდით რელიგიაზე, იმაზე, რომ ბებია და სოფლის ქალები ქრისტიანებს ქართველებს ეძახდნენ, ხოლო საკუთარ თავზე ამას არასდროს იღებდნენ, ჩვენ (მუსლიმანები) აჭარლები ვართო. დედა მიყვებოდა, რომ მსოფლიო ისტორიაში რელიგიები დროთა განმავლობაში გაჩნდა და გავრცელდა, რომ თითოეულ რელიგიამდე სხვა რელიგია არსებობდა… ერთხელ მითხრა რელიგიას ადამიანი თავისუფალი ნებით, გულითა და გონებით ირჩევს და ის თანდაყოლილი არ არის, ხოლო ძალადობა, რომელიც რელიგიათა გავრცელებას მოსდევდა თან ადამიანების მიერ იყო ჩადენილი. ასე ამბობდა, საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობამდე სხვა რელიგიური მიმდინარეობებიც იყო და ეს იმას არ ნიშნავს, რომ უპირველესი რელიგიაა ჭეშმარიტი ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელიო.

 

 

ეს საუბრები, მიხვდებით, რომ საკმაოდ რთული აღსაქმელი იყო ჩემთვის. მე მხოლოდ ის მესმოდა, რომ ქართველი მუსლიმანი ვიყავი და ბავშვური ოცნებით ვოცნებობდი პრეზიდენტობაზე.

 

 

9 წლის ვიყავი, როდესაც ბათუმში მოგვიწია საცხოვრებლად გადმოსვლა, ოჯახური პრობლემებისგან თავბრუ მქონდა დახვეული. დედას ჩემთვის ნაკლები დრო რჩებოდა, რადგან სრულიად უცხო გარემოში მე და ჩემი პატარა ძმა უნდა უზრუნველვეყეთ საცხოვრებელი პირობებით, ძველებურად ვეღარ ვსაუბრობდით, ახალ გარემოში კი უამრავი გამოწვევა და პრობლემა მელოდა.

 

 

ერთ დღეს ახალ მეგობრებთან ერთად „რევოლუციონერობანას“ ვთამაშობდი, ეს თამაში ბავშვებმა მოვიგონეთ, „ვარდების რევოლუციისგან“ შთაგონებულებმა. არასდროს დამავიწყდება: ქაღალდის ვარდები გავაკეთე, სადარბაზოში მესამე საფეხურზე ავედი და დავიძახე: „აჭარა საქართველოა, მომყევით ხალხნო და მე გაგიძღვებით წინ, ვარდებით, ხმა მომეცით მე!“ მახსოვს წამიერი დუმილი და ხითხითი, გავწითლდი, თითქოს ფერი, რომელიც ქაღალდის ვარდს არ ჰქონდა, მე დამედო სახეზე. ერთ-ერთი გოგონა ამოვიდა კიბეზე, ქაღალდის ვარდები ხელიდან გამომართვა და დაიძახა: „გამომყევით მე, ქრისტეს სახელით, ეს მუსლიმანია, თათარი ბაბუინები ვერ წაგვართმევენ აჭარას!“ შემდეგ ბუნდოვნად მახსოვს სახლში როგორ მივედით მე და ჩემი უმცროსი ძმა, მე 11 წლის ვიყავი ის 8-ის. იმ დღეს პირველად გავიგონე ჩემი მისამართით – თათარი. უამრავი კითხვა მაწუხებდა, ჩემი ძმა ტიროდა, რადგან სათამაშოდ უნდოდა წასვლა, მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი…

 

როგორც ბავშვებს სჩვევიათ, ნერვიულობის გამო სიცხემ ამიწია და მთელი ღამე ვბორგავდი. დილით, როცა უკეთ გავხდი, დედა მომიჯდა საწოლთან და დამიწყო გამოკითხვა.  არ მიტირია, დედას კი ცრემლები წამოუვიდა, ჩამეხუტა და მომიყვა ამბავი მემედ აბაშიძესა და ილია ჭავჭავაძეზე; მიყვებოდა, რომ წლების წინ აჭარა თურქეთის ბატონობის ქვეშ იყო, რომელმაც მუსლიმანური რელიგია ძალმომრეობით გაავრცელა. მიყვებოდა, რომ მიუხედავად ამისა, ქართული სული არ დაკარგულა და არც იმის იმედი, რომ ერთ დღეს აჭარაც დაუბრუნდებოდა საქართველოს. მითხრა, რომ ამისთვის ბევრი იარაღით იბრძოდა, რომ როცა თაობათა განმავლობაში, ეს რელიგია აჭარაში აითვისეს და მიიღეს, შეეშინდათ მართლმადიდებელი საქართველოს შემადგენლობაში შესვლა, რომ კომუნიკაციის არარსებობა და განათლების დაბალი დონე მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც სწორად გაიაზრეს ეროვნული და რელიგიური იდენტობების განსხვავება და მათ განათლებით, წიგნიერებითა და მეგობრებით გადაწყვიტეს ერთიანობისთვის ებრძოლათ. ერთი მხრივ, მუსლიმანი მემედ აბაშიძე და მეორე მხრივ, ქრისტიანი ლია ჭავჭავაძე, ორივე ქართველი, გაერთიანდნენ და წამოიწყეს „ოფლის ღვრის ომი“… ამ ამბავში ყველაზე მეტად ის მომენტი დამამახსოვრდა, როდესაც მემედ აბაშიძემ ქართულ სუფრაზე ქართველების ძმობის სადღეგრძელო წყლით დალია (მოგეხსენებათ, მუსლიმანური რელიგია ალკოჰოლის მიღებას კრძალავს), როგორც ყველაზე წმინდა და მაცოცხლებელი სითხით, ამას კი თავად ილია და სუფრის სხვა წევრები დიდი პატივისცემით შეხვდნენ და თქვეს, რომ მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ისინი ძმები არიან და მხოლოდ ურთიერთსიყვარულითა და პატივისცემით შეუძლიათ საქართველოს ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. დედამ მითხრა, რომ ამის გაკეთება მხოლოდ ღირსეულ და დიდ ადამიანებს შეუძლიათ და რომ ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება. აღარასდროს გაიქცე, აღარასდროს აფიქრებინო უმეცარს, რომ ის მართალია, შენ თუ გინდა გახდე ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ამას შეძლებ, მხოლოდ მაშინ, როდესაც შეცვლი და არ დაიმალებიო – ასე მითხრა დედაჩემმა.

 

 

მას შემდეგ, რა თქმა უნდა, შემეცვალა დამოკიდებულებები და შეხედულებები და აღარც პრეზიდენტობაზე ვოცნებობ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც რელიგიური ნიშნით რაიმე სახის ჩაგვრას, რელიგიის ეროვნებასთან გაიგივებას ან სხვა მსგავს პრობლემას ვაწყდები, ყოველთვის მახსენდება, რომ მე უნდა შევცვალო, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ. 

 

სიტყვა წარმოთქმულია დემოკრატიის მთხრობელთა დასის თხრობითი პერფორმანების ფარგლებში. 

რას განიხილავენ ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე

 

სხდომაზე განსახილველად 15 საკითხია ჩანიშნული. მათ შორის:

2014 წლის მუნიციპალური პროგრამის – „სოციალური უზრუნველყოფა“ დამტკიცების შესახებ;

ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ პლაჟზე ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტების განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 26 ივნისის №136 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ,

 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ 2013 წლის 20 ნოემბრის N246 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტი რამდენიმე მემორიალური დაფის განთავსების და სხვა  საკითხები.

 

შეგახსენებთ, რომ ეს ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოს ერთ-ერთი ბოლო სხდომაა.  

არაადაპტირებულია – დაწესებულებები პანდუსების გარეშე

 

 

ბანკები, საჯარო ბიბლიოთეკა, აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია, მუზეუმები, კინოთეატრი – ეს იმ ორგანიზაციების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც პანდუსი არ გააჩნიათ, შესაბამისად შშმ პირებს აქ შესვლა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

 

„ცვლლებები თანაბარი უფლებებისთვის“ შშმ პირთა ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომლის მიზანია შეზღული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ღირსების, უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;  შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების გააქტიურება;  საზოგადოებაში შეზღუდულ შესაძლებლობებზე ცნობიერების ამაღლება;  ახალგაზრდა შშმ პირების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, მათი ნიჭისა და უნარის განვითარებისათვის და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის ხელის შეწყობა; შშმ პირების ჩართვა კულტურულ პროცესებში და შშმ პირთა განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

 

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

 

25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით ბათუმში საზღვაო აკადემიის კურსანტები აღლუმს გამართავენ. საზღვაო სატრანსპორტოს სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 18 ათასი მეზღვაურია. 

 

მეზღვაურთა  დღე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციის შესაბამისად 2011 წლიდან აღინიშნება. 

ქუჩის ბიბლიოთეკა ქედაში

 

 ქუჩის ბიბლიოთეკის  იდეა ქედაში  CAUCULT-ის აჭარის ჯგუფში ჩართულ გიორგი აბულაძეს ეკუთვნის. ღია ცის ქვეშ, სპეციალურ საცავებში, რომლებსაც ბიბილოთეკის დანიშნულება აქვს, სხვა და სხვა ჟანრის წიგნებია  თავმოყრილი ყველა ასაკის მკითხველისთვის. გიორგი აბულაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით ევროკავშირის ქვეყნებში ადაპტირებული მეთოდის დამკვიდრება სცადა.

 

„სამი წელია კავკასიის კულტურული ინიციატივათა ქსელის მოხალისე ვარ, რომლის დონორი ევროკავშირია, გვევალებოდა ინდივიდუალური პოექტების მოწყობა.  აქ ვცხოვრობ და ვხედავ , ადამიანთა დიდი ნაწილი პარკში უფრო დადის ვიდრე ბიბლიოთეკაში, შესაბამისად ვიფიქრე, კარგი  იქნებოდა ქუჩის ბიბლიოთეკა მომეწყო.  მსგავსი აქტივობა ევროპაშიც არსებობს,  ვიფიქრე, კარგი იქნებოდა ჩვენს მუნიციპალიტეტშიც გვეცადა ამის გაკეთება.

 

 

წიგნების გასათავსებლად  მინიატურული  სახლი გავაკეთე და მსოფლიო ლიტერატურა განვათავსე,  აქ ნებისმიერი ასაკის მკითხველს შეუძლია მისთვის სასურველი წიგნი წაიკითხოს“ –  ამბობს გიორგი აბულაძე.

 

 

პროექტის პრეზენტაციისას „ქუჩის ბიბლიოთეკას“ ქედელებმა სხვა და სხვა წიგნები აჩუქეს.  

 

„მადლობა მინდა გადავუხადო აქციის სულისჩამდგმელს. ადამიანის სულიერებისთვის ასეთ პროექტებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ – ამბობს ციალა ასამბაძე, ქედის მცხოვრები, რომელმაც პროექტს წიგნი გადასცა საჩუქრად.

 

„პროექტი თბილისში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში ხორციელდება. რეგიონებში ხუთი მოხალისე გვყავს, რომლებიც საკუთარ თემებში ინდივიდუალურ პროექტებს ახორციელებენ, ყველა პროეტი თავისებურად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, სხვადასხვა თემში სხვადასხვა საჭიროებია, შესაბამისად  პროექტებიც განსხვავდება“- ამბობს პროექტის კორდინატორი მაკა სართანია.

 

 

CAUCULT-ის  (კავკასიის კულტურულ ინიციატივათა ქსელი)  მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა კულტურულ ინიციატივას საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რეგიონებსა და ქალაქებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის  პროგრამის  ფარგლებში.

 

იყიდება ბინა ზღვასთან ახლოს

 

ქ. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში, სახლი 1-ში, მე-3 სართულზე, ზღვის სანაპიროდან 100 მეტრში, ევკალიპტების ხეივნის წინ, ეკლესიისა და ოპერის თეატრს შორის იყიდება ოროთახიანი, გარემონტებული ბინა, მე-4 სართულის დაშენების პერსპექტივით. ფართობი: 163 კვ.მ. შესაძლებელია მხოლოდ მანსარდის გაყიდვაც.

ფასი შეთანხმებით.

ტელ:. 250294; 555720416.


 

აჭარის პროკურატურა ჯაბა ანანიძის საქმეს არ გამოიძიებს

 

ოფიციალურ წერილს ხელს აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი გიორგი კვარაკვახიძე აწერს.

 

ჯაბა ანანიძემ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ჟურნალისტს მიაჩნია, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მისი უფლებები დაარღვია, რადგან ცდილობდა მის დაშინებასა და დაშანტაჟებას.

 

სწორედ ამიტომ პროკურატურას ჟურნალისტმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, სსკ-ის 154-ე მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ნიშნავს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ასევე სსკ-ის 157-ე მუხლის გამოძიების მოთხოვნით, რაც პირადი  ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას ნიშნავს. ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე ითხოვდა ასევე გამოძიების დაწყებას სსკ-ის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს და სსკ-ის 159-ე პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევას.

  

იმის გამო, რომ აჭარის პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები მთავარ პროკურატურაში გაასაჩივრებენ.

საია ჯაბა ანანიძის ინტერესებს იცავს. 

მემტრედე ბარცხანიდან

45 მტრედი, ორი გორდონის ჯიშის ძაღლი, ორი გორდონის და ერთი პოინტერის ჯიშის ლეკვი, ორი შვილი, 4 შვილიშვილი, ერთი შვილთაშვილი და მეუღლე – ასეთია რომან მატკავას დიდი ოჯახის შემადგენლობა.

„ოჯახში რაც არ უნდა გული მომაყვანინონ, გამოვალ, მტრედებს პურის კაკალს დავუყრი, სიგარეტს მოვწევ, ძაღლებს ვაჭმევ და ვმშვიდდები. შვილიშვილებს რომ ვეძახი მოდით ჭამეთ-მეთქი, არ მიჯერებენ, მტრედებს ერთს დავუძახებ და მოდიან,“ – ასე იწყებს ბატონი რომანი საუბარს ჰობიზე, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

„მამაჩემსაც ჰყავდა ადრე, ცხონებულს, მტრედები. ძაღლებიც ჰყავდა, ნადირობდა. მერე მეც მივეჩვიე. რამდენი გზობა ვიფიქრე, არ მინდა-მეთქი,  ვითომ დავანებე თავი, მაგრამ  მაინც დავიწყე. ერთი მეშოკი პურის კაკალი მიდის თვეში ამათ ჭამაში. ეს თუ პატარები არ ჰყავთ. თუ პატარები ჰყავთ, მაშინ უფრო მეტი სჭირდებათ. ათასობით ჯიშის მტრედია. ვის რომელი უყვარს, ყველას ის ჯიში ჰყავს.  მე, მაგალითად, სამი-ოთხი ჯიშის მტრედი მყავს. მოვლა სჭირდება, შრომას მოითხოვს. სისუფთავე უნდა, წყლის გამოცვლა, ვიტამინები. ხანდახან  იცის მოწყენა. ბუნტყლის გამოცვლის დროს ვეძახით. ასეთ დროს სჭირდება  ტეტრაციკლინი, წყალში ვუზავებ და ვასმევ. სამტრედეც ყოველ მესამე დღეს უნდა გამოწმინდო. ჭამას რაც შეეხება, საერთოდ ნათქვამია, რაც მტრედს წონა აქვს, ის საკვები უნდა დღეში. 150-200 გრამამდე ჭამენ თითქმის დღიურად, პურის კაკალს, გაროხს, ბრინჯს, წვრილი სიმინდის გადაყლაპვა შეუძლიათ, დიდ სიმინდს ვღერღავ და ისე ვაჭმევ. რომ გყავს, უნდა მოუარო, ანდა უნდა შეკვეცო, არ უნდა გააწვალო. ყველაფერს მოვლა-პატრონობა უნდა. ჩემს ჭიას ვიკლავ. არავის ვაწუხებ, ვპატრონობ,“ – ამბობს რომან მატკავა.

მას შემდეგ, რაც მტრედები აპურებს, სამტრედისკენ მიმიძღვის და მტრედებს მათვალიერებინებს.

„ეს შავკუდა მტრედებია. ეს თეთრებია, აგერ წითელიც. ფოჩტარი ეგერაა, ზემოთ ასული. საფოსტო მტრედი ორი მყავს. საფოსტო მტრედებს ძირითადად ომის დროს იყენებდნენ. ორ გრამამდე მიაქვს, აბამდნენ ფეხზე წერილს და ათასობით კილომეტრს გადიოდნენ. როცა ახალი ჯიშის მოშენება გვინდა, კვერცხებს გვაძლევენ და მერე ვუდებთ მტრედებს. ბარტყი თვე-ნახევარი-ორი თვე დამოკიდებულია მშობლებზე“.

მისივე თქმით, ბარტყებს მუდმივად სითბო უნდათ, ამიტომ ღამით დედალი ზის ბარტყებთან, დღისით – მამალი. ორი თვის შემდეგ დედალი ახალ კვერცხზე მიდის და  ბარტყს აღარ აჭმევს. ამიტომ მას მხოლოდ მამა ზრდის.

„აი, წუხელ გამოუჩეკია ორი ახალი ბარტყი. მალადეც ბიჭები. წუხანდელი მატებაა ღმერთით,“ – ამბობს გახარებული რომან მატკავა და ბარტყები ბუდიდან ამოჰყავს.

„რა უნდა გამიჭირდეს ისე, რომ ესენი ვერ ვარჩინო. ძალიან ვინერვიულებ, თუ ოდესმე ისე მოხდა, რომ ვერ ვაჭამე. მაგენი მაძღარი თუ არ არიან, მე ვერ ვუძლებ.  40-50 ლარად ერთ ტომარა პურის კაკალს ვყიდულობ. ტუფლი რომ მქონდეს  გახეული,  ტუფლს არ ვიყიდი და ამგენს მშიერს  არ დავტოვებ. მტრედი უენოა. დაგინახავს, შემოგაფრინდება – მაჭამეო. თუ გყავს, უნდა მოუარო. ესენი ისეთი მტრედებია, ქუჩაში ვერ წავლენ და იქ ვერ იპოვიან საჭმელს,“ – ამბობს რომან მატკავა.

„90-იან წლებში, გაჭირვება როცა იყო, სიმინდი სოფლიდან მომქონდა. ხან ტაროაინი სიმინდი იყო, ხან ვღერღავდით. სიმინდს რომ ჩამოვიტანდით სოფლიდან, ჩვენზე მეტს მტრედები ჭამდნენ,“ – საუბარში რომანის მეუღლე, მადონა მიმინოშვილი ერთვება.

„ვერ გადმოგცემთ ჩემს დამოკიდებულებას. რაც გიყვარს, ის გყავს. მტრედები მყავს და მიხარია, შვილიშვილები მყავს და მიხარია. ქალი მეხვეწება, მტრედები კი არა ქათმები გოუშვათ, კვერცხს დადებს, ბავშვები შეჭამენო, მაგრამ მე რაც მინდოდა, იგი მყავს, რაფერც მინდოდა ოჯახი მყოლოდა, ისე მყავს. ვამბობდი, ნეტავ შვილთაშვილს მომასწრო და ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი. ახლა შვილთაშვილიც მყავს. მაგრამ  პატარა შვილიშვილს რომ ვხედავ, ვიძახი, ნეტა ამის ქორწილს მომასწრო-მეთქი“, – ამბობს რომან მატკავა.

Exit mobile version