Batumelebi | წინასაარჩევნო თუ რეალური დაპირება? – გლეხები კომპენსაციის მოლოდინში წინასაარჩევნო თუ რეალური დაპირება? – გლეხები კომპენსაციის მოლოდინში – Batumelebi
RU | GE  

წინასაარჩევნო თუ რეალური დაპირება? – გლეხები კომპენსაციის მოლოდინში

 

31 მაისს განვითარებულმა სტიქიამ ქედის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზედა ბზუბზუში, ზედა მახუნცეთსა და პირველ მაისში ერთწლოვანი კულტურები და მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები დააზიანა. ზარალის შემსწავლელი გამგეობის მუდმივმოქმედი კომისია ზარალს აზუსტებს, დაზარალებულები კი კომპენსაციას ელოდებიან. ქედაში ამ ფაქტს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ 31 მარტის სტიქიის შემდეგ არც ზარალი დაუთვლიათ და არც კომპენსაცია გაუციათ. 

 

 

სოფელ ზედა მახუნცეთში მცხოვრები ნური ბალაძე ამბობს, რომ მსგავსი სეტყვა ბოლო 45 წელია არ ახსოვს. ის იგონებს 1969 წელს, როდესაც გაზაფხულზე მოსულმა სეტყვამ ქედის სოფლებს დიდი ზარალი მიაყენა.

 

 

„კიტრი, პომიდორი, ლობიო, წიწაკა და სიმინდი მქონდა დარგული. უცებ სეტყვა მოვიდა და ყველაფერი გამინადგურა. ბოსტნეული, რომელიც გადარჩა, შავდება, გადარჩენილი მცენარე ნაყოფს ან მოგვცემს, ან – არა. სეტყვამ მთელი სოფელი დააზარალა, ბოსტნეულთან ერთად ვაზი გამიფუჭა, თხილს კი ნაყოფი მთლიანად გასცვივდა. გაზაფხულზე ასეთი სეტყვა დიდი ხანია არ ყოფილა, მახსოვს, 1969 წლის გაზაფხულზე იყო ძლიერი სეტყვა, მაშინ საერთოდ ვერაფერი გადაურჩა ბუნების რისხვას“, –  იხსენებს ნური ბალაძე.

 

 

კოლოტაურელ თემურ მახარაძეს სეტყვამ უფრო ნაკლები ზიანი მიაყენა. კოლოტაურის სოფლის რწმუნებული ამბობს, რომ 31 მაისს სეტყვამ ბუჭიას დასახლებასა და პირველ მაისს შეუტია.

 

 

„ჩემს სოფელშიც არიან დაზარალებული ოჯახები, მაგრამ ისე არ დაზარალებულან, როგორც პირველ მაისში, იქ სულ განადგურდა ბოსტნეული, ზოგი ახალად თესავს, ხეხილი ადრე მოყინა და თუ რამე შერჩენილი ჰქონდა, ისიც ახლა გასცვივდა“, –  ამბობს თემურ მახარაძე.

 

 

ქედელი აგრონომის ლევან ბერიძის ინფორმაციით, „არამარტო ბოსტნეული, არამედ მრავალწლოვანი კულტურები – ვაზი, ნიგოზი და სუბტროპიკული ხურმა განადგურდა. ვაზი ისე დაისეტყვა, რომ მოსავლის მიღებაზე საუბარი ზედმეტია, მთავარია მცენარე გადავარჩინოთ. მაღალ ზონებში მრავალწლოვანი კულტურებიდან ვაშლის გარდა ყველა ხეხილი მოყინა გაზაფხულზე. მოყინულმა ხეებმა მეორე ძირითადი კვირტი კი გამოიღო, მაგრამ ახლა სეტყვამ გაანადგურა. ხურმა და ვაზი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია“.

 

 

„ბოსტნეული ზოგან 100%-ით განადგურდა, ზოგან შედარებით ნაკლებად. ხელახლა დათესავდნენ, მაგრამ, ფაქტობრივად, ვერ მოესწრება. მცენარეებს კი ტოტები აქვს დატეხილი, მისი აღდგენა შეუძლებელია“, – ამბობს ქედის საინფორმაცია-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სოსო შერვაშიძე.

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებულმა ზარალის შემსწავლელმა ექვსკაციანმა მუდმივმოქმედმა კომისიამ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობა შეისწავლა და ზარალის დაზუსტება დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის გურამ ლომინაძის განცხადებით, სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა ამ დროისთვის 150 000 ლარს აჭარბებს. სეტყვამ ქედაში სულ 222 ოჯახი დააზარალა.

 

 

„ყველა დაზარალებული ოჯახის მდგომარეობა ადგილზე მისვლით შევისწავლეთ, არის ოჯახები, რომლებსაც სულ გაუნადგურდა ბოსტნეული. რაც შეეხება მრავალწლოვან კულტურებს, ვაზი ძალიან განადგურდა, ზარალის დადგენა იმის მიხედვით დავიწყეთ, თუ რა ოდენობის ბოსტნეული ჰქონდა გაშენებული მოქალაქეს და, სავარაუდოდ, რა ოდენობის მოსავალს მიიღებდა. ფასს კი იმის მიხედვით გავთვლით, როცა ბაზარზე ჩვენი ბოსტნეული შემოვა და ფასი გვეცოდინება“, – ამბობს გურამ ლომინაძე, რომელსაც ქედაში გამგებლის მოადგილის თანამდებობა უკავია.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ქედის მოსახლეობას აწუხებს, ეს კომპენსაცია. კითხვაზე, მიიღებენ თუ არა დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას? თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ყველა დაზარალებულს ზარალი აუნაზღაურდება, რასაც დასტურად 9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილის ქედაში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადება მოჰყვა.

 

 

„პრემიერმა ქედაში ვიზიტისას ბრძანა, დავითვალოთ ზარალი და ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს კომპენსაციას. ადგილობრივ თვითმმართველობას კომპენსაციის გაცემის რესურსი არ გააჩნია, სავარაუდოდ, თანხას მთავრობა გადმოგვირიცხავს“, –  ამბობს გურამ ლომინაძე.

 

 

დაზარალებულ ოჯახებში მხოლოდ ისინი მოიაზრებიან, რომელთა ნარგავები და ხეხილის ბაღები 31 მაისს დაისეტყვა. ამ სიაში ვერ მოხვდნენ ის ოჯახები, რომლებიც უფრო ადრე დააზარალა სეტყვამ, მუდმივმოქმედ კომისიას იმ დროისთვის არც ზარალი დაუთვლია და არც კომპენსაციის გაცემაზე უფიქრია.

 

 

ჯერ კიდევ 31 მარტს მოსულმა თოვლმა და ყინვამ კი, ქედის მაღალ ზონაში (დანდალო, კოკოტაური, ხარაულა, ცხმორისი) მცხოვრებ მოსახლეობას ვაზისა და ხეხილის ბაღები მოუყინა, ვაზი აქ ოჯახების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.

 

 

სოფელ დანდალოში მცხოვრებ მერაბ ხალვაშს ვაზთან ერთად გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა სათბური დაუნგრია, ფერმერს სათბურში ბოსტნეული გამოჰყავდა. ვერც ეს ოჯახი მოხვდა დაზარალებულთა სიაში.

 

 

ერთწლოვან თუ მრავალწლოვან კულტურების სტიქიისგან დაზიანების გამო კომპენსაციის გაცემის პრეცედენტი ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წელია არ ახსოვთ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ წელს გაჟღერებული კომპენსაციის გაცემა წინასაარჩევნო პიარია.

 

 

რატომ ვერ მოხვდნენ დაზარალებულების სიაში ის ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაზარალდნენ ან რატომ არ დაითვალა ზარალი ზარალის შემსწავლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ? – ამ კითხვაზე, პასუხი გამგეობაში არ აქვთ. პირად საუბარში კი ამბობენ, რომ მაშინ ზემდგომისგან შესაბამისი დავალება არ მიუღიათ. თვითონ კი ზარალის დათვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე