Batumelebi | ბავშვები ბაღში ვერ ეტევიან ბავშვები ბაღში ვერ ეტევიან – Batumelebi
RU | GE  

ბავშვები ბაღში ვერ ეტევიან

 

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის საბავშვო ბაღში არასაკმარისი ფართობის გამო პატარებს ექთნისა და მნის ოთახში აძინებენ. ფართობთან ერთად ბაღში კადრების პრობლემაც არის.

30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა სოფელ ყინჩაურში, ყოფილ საავადმყოფოს შენობაში, გასული წლის 18 აპრილს გაიხსნა. ფართობის სიმწირის გამო ზოგიერთ ბავშვი საძინებელ ოთახში იძინებს, ზოგიერთს კი ექთნის ოთახსა და იმ ოთახში აძინებენ, სადაც ბავშვების გამოკვებისთვის მომარაგებული პროდუქტები ინახება.

საბავშვო ბაღის მედდამ, ნათელა სურმანიძემ იცის, რომ ბავშვების დაძინება ექთნისა და მნის ოთახში არ შეიძლება, მაგრამ, რადგან ფართობი მცირეა, სხვა გამოსავალი არ აქვთ.

„ბავშვების დაძინება ჩემს კაბინეტში არ შეიძლება, მაგრამ, რადგან ფართობი არასაკმარისია, ვაძინებთ. ბავშვებს ჩემს ოთახში როცა სძინავთ, ყურადღებას მე თვითონ ვაქცევ“ – ამბობს ბაღის ექთანი.

ყინჩაურის საბავშვო ბაღის მენეჯერი ედუარდ შაინიძე ამბობს, რომ შენობა, წესით, 30 ბავშვზე არის გათვლილი, მაგრამ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

„ამ ეტაპზე 30 ბავშვი გვყავს. როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა,  მაშინაც ვუთხარი, რომ შენობა ბაღისთვის არასაკმარისი იყო… საძინებელი ოთახი გაცილებით დიდი, მაგრამ ცივი და ნესტიანი იყო, რის გამოც ოთახები შევცვალეთ, აქ კი საწოლები არ მოთავსდა. დაგეგმილი გვაქვს საძინებელი ოთახი გავაფართოვოთ არდადეგებზე. პატარაა სამეცადინო ოთახიც, 3-5-წლის ბავშვებს მეცადინეობა ერთ პატარა ოთახში უტარდებათ“, – ამბობს ფილიალის ხელმძღვანელი.

ააიპ „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორი ირაკლი რიჟვაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ბავშვები მნის ოთახში იძინებენ. ის ამბობს, რომ იქ საწოლები დასაწყობებულია.

„სულ 30 საწოლია, აქედან ორი საწოლი, რომლებიც ოთხ საძინებელს მოიცავს, ექთნის ოთახშია დასაწყობებული, ორი ოთხადგილიანი საწოლი კი – მნის ოთახში. საძინებელში 22 ბავშვის საწოლია, ბაღში ბავშვები სრულად თითქმის არასდროს ცხადდებიან, 4-5 ბავშვი კი არ იძინებს. იმ შემთხვევაში, თუ 22-ზე მეტი ბავშვი მოვა, ექთნის ზედამხედველობის ქვეშ მის ოთახში ვაძინებთ. პროდუქტების ოთახში არავინ იძინებს, ეს გამორიცხულია, მე თვითონ გავაფრთხილე, რომ აქ ბავშვები არ დააძინონ, საწოლები იქ უმოქმედოდ დევს, რადგან საძინებელში ფართობი არ იყო, სად წაგვეღო, ამიტომ დავასაწყობეთ. ვგეგმავთ ოთახების გაფართოებას, მაგრამ ჩვენ ამისთვის საჭირო თანხა არ გაგვაჩნია“, – ამბობს ირაკლი რიჟვაძე.

ფართობის სიმცირის გარდა ბაღში სხვა პრობლემებიც არის – არ ჰყავთ დამლაგებელი და მზარეულის თანაშემწე. არასაკმარისი მუშახელის გამო ბაღის თანამშრომლები დამატებით ფუნქციებს ითავსებენ და იმ საქმეს აკეთებენ, რაც მათ კომპეტენციაში  არ შედის.

ბაღს მხოლოდ აღმზრდელის თანაშემწის ერთი შტატი აქვს. „ყოველ დღე ვმუშაობ, დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე. არაერთხელ მოვითხოვეთ შტატების დამატება, ამბობენ, ერთი ჯგუფი რომ არის, ერთი ძიძა უნდა იყოსო, არც დამლაგებელი გვყავს, დალაგებითაც მე ვალაგებ“, – ამბობს აღმზრდელის თანაშემწე მელანო ვახტანგური.

ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შტატების დამატების საკითხი ზემდგომ ორგანოებთან არაერთხელ დააყენა.

„არ მყავს დამლაგებელი და მზარეულის თანაშემწე. თანამშრომლების დამატება მოვითხოვე, დამპირდნენ და მეც მათი იმედი მაქვს, სულ რვა თანამშრომელი მყავს, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ასე ავსებენ კადრების ნაკლებობას“, – ამბობს ედუარდ შაინიძე.

ააიპ „ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ხულოს საკრებულოს ექვემდებარება, საკრებულოს თავის დაქვემდებარებაში არსებულ აიპებში საშტატო ერთეულებს თვითონ უმტკიცებს და პასუხისმგებელიც ის არის.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე კმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ყინჩაურის საბავშვო ბაღი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ერთჯგუფიან ბაღში შვიდი ნახევარი საშტატო ერთეულია, ორჯგუფიანში კი – 13 შტატი გვაქვს. რა ფართობი და შესაძლებლობაც გვქონდა, ის გავარემონტეთ. სურვილი აქვთ, ბაღი ორჯგუფიანი გახდეს, მოთხოვნაც არის და საჭირო კონტინგენტიც, მაგრამ რადგან ამ ბაღში სოფელ კვატიიდან დადიან ბავშვები, იქ ვაშენებთ საბავშვო ბაღს და ბავშვები გადანაწილდებიან, მომავალში ფაჩხაშიც უნდა გაიხსნას ბაღი.

რაც შეეხება დამლაგებელს, დამლაგებლის შტატი არც ერთ ბაღში არ გვაქვს, ჩვენი ბიუჯეტი არ გასწვდა შტატები დაგვემატებინა. ჩვენი მიზანია, რვავე ბაგა-ბაღში  დავუშვათ დამლაგებლის შტატი“, – ამბობს ნოდარ თავართქილაძე.

ყინჩაურის საბავშვო ბაღში მოხვედრის მსურველი 30 ბავშვზე გაცილებით მეტია, თუმცა არასაკმარისი ფართობის გამო ისინი ბაღში ვერ მიიღეს.

ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბავშვების მიღებისას აქცენტი პირველად მიღებულ განცხადებაზე გააკეთა.

„ბევრ მშობელს უნდოდა ბავშვის ბაღში ტარება, მაგრამ რადგან ადგილი არ გვაქვს, ვერ მივიღეთ. საკამათო და გასაბრაზებელი რომ არ ყოფილიყო, პირველად ის ბავშვები მივიღე, რომელთა განცხადებები პირველად შემოვიდა“, – ამბობს ედუარდ შაინიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში სულ რვა საბავშვო ბაღია: დაბა ხულოში, ყინჩაურში, ხიხაძირში, ვაშლოვანში, დიოკნისში, ღორჯომში, ოქრუაშვილებსა და უჩხოში, აქედან მხოლოდ დაბის ბაღში ფუნქციონირებს ბაგის ჯგუფი, დანარჩენ ბაღებში მხოლოდ ერთი შერეული ჯგუფია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე