სიახლეები

რა უნდა მოითმინოს საჯარო მოხელემ

29.06.2014 • 4164
რა უნდა მოითმინოს საჯარო მოხელემ

 

ბატონო გენო, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ჩინოვნიკებს თმენის ვალდებულებას აკისრებს. რამდენად ითვალისწინებენ საჯარო მოხელეები დღეს კანონის ამ ნორმას და თუ არა, რა სანქცია შეიძლება გატარდეს ასეთი მოხელეების მიმართ?


უფლებებიც და მოვალეობებიც ყველა მოქალაქეს გვაქვს თანაბარი, მაგრამ საჯარო სამსახურის მოხელეების, პოლიტიკური თანამდებობის პირების თუ დეპუტატების ვალდებულებები არის გაცილებით მაღალი. ამ ვალდებულებას ისინი იღებენ საკუთარი ნებით. ხშირად გვესმის საჯარო მოხელეებისგან, რომ თურმე მოქალაქეებს ხვდება. ეს არ არის მათი კეთილი ნება, ეს მათი ვალდებულებაა. გავიხსენოთ წინასაარჩევნო შეხვედრები, როცა ლამის კარდაკარ აკითხავენ მოქალაქეებს და ხმის მიცემას სთხოვენ. მაშინ გრძნობენ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არა?! ანგარიშვალდებულება და თმენის ვალდებულება არის ის, რომ მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს უფლება მოვითხოვო ინფორმაცია და მოვთხოვო რეაგირება ჩემს მიერვე დაქირავებულ მოხელეს. თუკი საჯარო მოხელის ქცევა სცილდება კანონით განსაზღვრულ თმენის ვალდებულებას და ის გადადის მოქალაქის პირად შეურაცხყოფაში, მაშინ დაიწყება სამართლებრივი დავა ამ მოხელის მიმართ.

რატომ მიდის საქმე სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპირებამდე?

ბუნებრივია, არავის აქვს უფლება, რომ ლანძღვა-გინებით მოითხოვოს პასუხი საჯარო მოხელისგან, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ხდება ეთიკური ნორმების დარღვევით, ჩინოვნიკის რეაგირება კანონით დადგენილი ნორმაში უნდა მოხდეს. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ფიზიკური ფორმით რეაგირება, მოქალაქის კაბინეტიდან გაძევება, გაგდება, ყვირილი და ა.შ. იმისათვის არსებობს დაცვის სამსახურები სახელმწიფო დაწესებულებებში, რომ მსგავსი პრობლემა მოაგვაროს. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები მაშინ იჩენენ აგრესიას, როცა მოთმინების ყველა რესურსი ეწურებათ და ვეღარ ახერხებენ ან თანამდებობის პირთან შეხვედრას ან პრობლემის მოგვარებას. როგორ შეიძლება ათი დღე დასდევდე ერთსა და იმავე ადამიანს, რაც არ უნდა თანამდებობა ჰქონდეს მას და შეხვედრას ვერ ახერხებდე. ეძებ მინისტრს და გახვედრებენ ვიღაც სპეციალისტს.

ხშირად მოქალაქეებს სურთ, რომ შეხვდნენ მაღალი თანამდებობის პირებს, იგივე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მინისტრებს და ა.შ, და არა შედარებით დაბალი რანგის მოხელეებს. რამდენად აქვთ მათ უფლება, რომ არჩევანი თავად გააკეთონ ამ შემთხვევაში?

მინისტრიც და კანცელარიის მოხელეც ორივე მოქალაქის მიერ დაქირავებული პირია, მაგრამ, რადგან ადამიანი ათი დღის განმავლობაში ცდილობს მინისტრის ნახვას, ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან სჭირდება პასუხი და მას აქვს ამის უფლება. მოქალაქის მოთმინებასაც აქვს ლიმიტი. მით უმეტეს, წარმომადგენლობით ორგანოს აქვს ვალდებულება, რომ შეხვდეს ხალხს. თუ მოქალაქეს სჭირდება უფროსის ნახვა საკუთარი პრობლემის გადასაჭრელად, ეს ნიშნავს, რომ ვერ შეიქმნა ეფექტური სისტემა და ეს უნდა შეიცვალოს.

რა ქმნის კონფლიქტს, არაადეკვატური დაპირებები თუ კომუნიკაციის ნაკლებობა?

უფრო არაადეკვატური დაპირებები. ბოლო ფაქტი, რაც უმაღლეს საბჭოში მოხდა, ამის ნათელი მაგალითია. მოქალაქე, რომელიც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, რომელიც შეხვდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შემდეგ პრემიერის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებს და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული და ნათელი თხოვნა ხელისუფლების მიმართ, მისგან იღებს არალოგიკურ დახმარებას. დაფინანსების მაგივრად ველოსიპედს თუ რაღაც სათამაშოს. ცხადია, ამ ადამიანის მხრიდან წამოვა აგრესია და ეს ლოგიკურია. კონფლიქტების მიზეზი არის ის, რომ საჯარო მოხელის მხრიდან არ არსებობს კონკრეტული პასუხები. “ვნახოთ”, “შევხედოთ”, “მოვილაპარაკებთ”, – ეს მოქალაქეებს ბუნებრივია აღიზიანებს. თუ არ გამოდის პრობლემის მოგვარება, უთხარი პირდაპირ – “არა”. ადამიანს სჭირდება სახლის გადახურვა, აწერინებენ ასობით წერილს და შემდეგ ეუბნებიან არას. ბუნებრივია, მოდის აგრესია.

საჯარო მოხელეების მხრიდან მოქალაქეების მისამართით ხშირად ისმის სიტყვა `უმადური~. რამდენად ნორმალურია ეს?

სამწუხაროდ ჩვენთან ხელისუფლება მიეჩვია იმას, რომ როცა ბიუჯეტის ფულით რაღაცას აკეთებს, ამის გამო ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ანგარიშვალდებულება არის სწორედ ის, რომ მადლობა არ ვუხადოთ იმაში, რაც ისედაც მათი მოვალეობაა. სოციალურ საკითხებზე რომ ვთქვათ, მოქალაქეს უწყვეტ სოციალურ დახმარებას ერთ საათში, მაგრამ საკითხის შესწავლას ანდომებ სამ თვეს, ან ერთ წელიწადს, მაშინ არ გრძნობ ანგარიშვალდებულებას?! გამოდის, მოქალაქეებს უფრო მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მედეა ვასაძემ მოქალაქე დიანა დიასამიძესთან ინციდენტზე საუბრისას არაერთხელ ახსენა სიტყვა `პროვოკაცია~. რასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში?

ყველაზე ცუდი რაც ამ ინციდენტში იყო, არის ის, რომ დეპუტატმა მედეა ვასაძემ საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა მოქალაქეს და მას პროვოკატორი უწოდა. როცა შენივე ამომრჩეველს ამას დაუძახებ, მინიმუმ რაღაც მოკვლევა უნდა გქონდეს. ვის უფრო ეკისრება თმენის ვალდებულება? – მაშინ როცა ერთ მხარეს დგას ბობოლა, უმაღლესი საბჭოს სახით და მეორე მხარეს ერთი მოქალაქე, რომელმაც თურმე დაგეგმა პროვოკაცია. სხვა საკითხია, რომ მან საჯარო გახადა მოქალაქის პირადი ჯანმრთელობის პრობლემა და შელახა მისი უფლება.
მოქალაქეთა მოთმინების საუკეთესო მაგალითი იყო გონიოელების შემთხვევა, როცა მითხრეს, აქცია გვინდა მოვაწყოთ, რომ ხელისუფლებას ჩვენი პრობლემა შევახსენოთ, მაგრამ არც ის გვინდა, ხელისუფლება რომ გაღიზიანდესო. მოქალაქეები უფრო მეტს ფიქრობენ ამაზე, ვიდრე ხელისუფლება. შენ კი მათ პროვოკატორებს ეძახი.

მინდა შევეხო საჩუქრების საკითხსაც. სამართლებრივად, რამდენად ნორმალურია, როცა კერძო ფონდის მიერ დაპირებულ საჩუქრებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ურიგებენ მოსახლეობას?

ეს არის სამართლებრივი პრობლემა და ცალკე შესასწავლი საკითხი, რადგან ეს არის კერძო კომპანია, რომელიც საარჩევნოდ დაჰპირდა მოქალაქეებს მათი პრობლემების მოგვარებას და შემდეგ დეპუტატები არიგებენ მისი სახელით საჩუქრებს და თან აყვედრიან. სად არის აქ ლოგიკა? ჯერ ხდება დაპირება, შემდეგ – “უი, შეგვეშალა”. შემდეგ იწყება – ვერ დაგეხმარეთ, მაგრამ ველოსიპედი ხომ გაჩუქეს, არ ხარ მადლობელი?! მოქალაქის თმენის ვალდებულება იწურება იქ, სადაც გადის ჩვენი უფლებების ვერ აღდგენის ზღვარი. ხშირად მინახავს უმაღლესი საბჭოს ჭიშკართან და სხვაგანაც, საათობით მდგომი მოქალაქეები, რომლებიც ვერ აღწევენ დეპუტატებთან თუ სხვა ჩინოვნიკებთან.

გადაბეჭდვის წესი