Batumelebi | ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

 

10-15 ივლისს ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ლოურენს გოლანი, ფრანჩესკო ნიკოლოზი, ელისო ბოლქვაძე, ანტუან პეკერი, არიელ ცუკერმანი, ბრუნო მონსანჟანი, ქეთევან ქემოკლიძე, ალექსეი შადრინი და მედეა ალთუნაშვილი მიიღებენ. 

 

„ჩემს მიერ შერჩეული ყველა მუსიკოსი გამოირჩევა თავისი განუმეორებელი ინდივიდუალურობითა და შესრულების უმაღლესი დონით. მუსიკის მოყვარულებს მიეცემათ საშუალება აღმოაჩინონ უნიჭიერესი ქართველი ნორჩი ტალანტები – მომავლის მუსიკოსები.ჩვენი დიდი სურვილია, ფესტივალის ფარგლებში, ყოველწლიურად, მელომანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან, გავაცნოთ ტრადიციებით მდიდარი ქართული ფოლკლორი, აჭარის კუთხის განუმეორებელი კოლორიტი და მისი ულამაზესი ბუნება,“ – წერს ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, პიანისტი ელისო ბოლქვაძე  Batumi MusicFest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

ელისო ბოლქვაძე, BATUMI MusicFest 2013

 

ფესტივალს 10 ივლისს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, ლოურენს გოლანი და ელისო ბოლქვაძე გახსნიან. შესრულდება გერშვინის, პროკოფიევის, ბერშტაინისა და  ლაღიძის ნაწარმოებები. დასკვნითი გალა კონცერტი კი 15 ივლისს ბათუმის პიაცაზე გაიმართება.

 

კონცერტებზე დასასწრები ბილეთები, მხოლოდ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროში, ივლისის პირველი რიცხვებიდან გაიყიდება. ბილეთის ღირებულება 7-10 ლარი  იქნება.  როგორც ფესტივალის დირექტორი დავით ოქიტაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, შესაძლებელია წინასწარ დაჯავშნაც.

„ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს ბათუმის მუსიკალურ ცენტრის სალაროს და დაჯავშნოს ბილეთი“.

 

ფესტივალის ფარგლებში 12-15 ივლისს ჩატარდება მასტერკლასები, Batumi Music Camp რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 8-18 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან. მასტერკლასების გაკვეთილები უფასოა ყველა მონაწილესთვის. ასევე ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას“ მიერ დაწესებულია სპეციალური ფულადი პრიზი,  2000 ლარის ოდენობით და შესაძლო კონცერტებით საზღვარგარეთ.

 

 

ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"