მედეა ვასაძემ არჩილ ხაბაძის წარმომადგენელთან საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„დღეს გასახმოვანებელ თემას ვცვლი, იმ აუცილებლობით, რომელიც განაპირობა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის გუშინდელ ბრიფინგზე და აჭარის ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირი ჩართვით გაკეთებულმა განცხადებებმა, რაც იყო მცდელობა ჩემი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორის კორუფციაში დადანაშაულებისა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მინისტრის პოზიცია, რომ ქარხნის მუშებისათვის სახელფასო დავალიანებაში გაცემული 6 თვის ხელფასი, 40 ათასი ლარი, წარმოაჩინოს დირექტორის მიერ გაწეულ არამიზნობრივ ხარჯად, რომ მუშებზე, რომლებიც 6 თვე, ენთუზიაზმით, უხელფასოდ მუშაობდნენ, ტერიტორიას წმენდნენ ეკალ-ბარდისაგან, რეზერვუარებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს ამზადებდნენ ექსპლუატაციისათის – თურმე ანაზღაურება არ უნდა მიეღოთ. ცუდია, როცა რეგიონის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის პოზიცია და დამოკიდებულება ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობისადმი ამ შინაარსის მატარებელია და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურებას მინისტრი სახელმწიფო ზარალში თვლის.

 

ხაზგასმით მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა ლევან ჯინჭარაძის განთავისუფლების საფუძვლებზე, რომელიც ფორმალურად და შინაარსობრივად იმდენად მძიმეა, რომ მანამ, სანამ სასამართლო ამ ბრძანების და ზოგადად დირექტორის დათხოვნის კანონიერებას სამართლებრივად შეაფასებს, იძულებული ვარ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მივიქციო თქვენი და თქვენი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების ყურადღება და გამოვაქვეყნო მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან იმ შემოთავაზების ჩანაწერი, რომელიც მან ლევან ჯინჭარაძის, დღეს მათივე შეფასებით, ამ „ფლანგველი, კორუმპირებული, არაადეკვატური ადამიანის“ პირის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ შემომთავაზა. შემოთავაზება კი მდგომარეობდა იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარე მას 2-3 ჯერ მეტად ანაზღაურებად სამუშაოზე დანიშნავდა.

 

ჩვენ გახლავართ ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე ორიენტირებულნი, ამიტომ ეს შემოთავაზება იყო მიუღებელი შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი – ეს იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარის არაჯანსაღად მოტივირებულ ნებაზე დაყოლიება და მეორე – ამ პროცესებში ჩვენთვის პირადი ყოფითი კეთილდღეობა კი არა არის მთავარი, არამედ მთავარია ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, მათზე გაცემულ ხელფასებს ედავება.


თქვენი ყურადრების გამახვილება მსურს ასევე ჩანაწერში ჩემგან დასმულ შემდეგ კითხვაზე: ხომ არ იყო ჯინჭარაძე კორუფციაში ან რაიმე სხვა გარიგებებში შემჩნეული და აქვე, მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა შესაბამის პასუხზეც: „კორუფცია არა“, არამედ იყო „რაღაც სხვა“ და ის, რომ „ვერ უგებდა მინისტრს“.

 

მე, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯინჭარაძის დანიშვნის დროისთვის 138 ტონა ჯართად შეფასებული და ასევე, ჯართად სარეალიზაციოდ გამზადებული ქარხანა, რომელსაც ერიცხებოდა 300 ათას ლარამდე საბიუჯეტო დავალიანება – გასტუმრებულია, ანუ, დღეს იგი ფინანსურად გაძლიერებულია და უფრო მეტიც, ანგარიშზე ერიცხება, კიდეც ერთი, 300 ათასი ლარი.

 

მე წარმოგიდგენთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომელიც დამდგარია ლევან ჯინჭარაძის პრინციპული პოზიციის შედეგად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ, ძველი მენეჯმენტის დროიდან, დანაშაულებრივი უპასუხიმგებლობით წარმოშობილი 55192 ლარი, სახელმწიფომ ქარხანას „აპატია“ იმ საფუძვლით, რომ ქარხანა და ლევან ჯინჭარაძის მენეჯმენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით, შეაფასა სახელმწიფოსთან მიმართებაში „კეთილსინდისიერ გადამხდელად“.

 

გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, ცალსახად ვადასტურებ, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაგალითის განზოგადოება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაზე, რომელზედაც ამ სამინისტროს იურისდიქცია ვრცელდება და სადაც შეიძლება, რომ არსებობდეს საჯარო და კერძო ინტერესების „ფარული კონფლიქტი“ და რომელზედაც, სამწუხაროდ, შეიძლება, რომ ჩვენ, დღემდე, ინფორმაციას არ ვფლობდეთ.

 

წარმოდგენილი განცხადებებისა და შესაბამისი მტკიცებულების ანალიზით, კიდევ ერთხელ დასტურდება ქარხნის დირექტორის დათხოვნის მიზეზი და მიზანი, ანუ ჩანაწერის მიხედვით, ის „რაღაც სხვა“, რითაც იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელისუფლებო კორუფციულ ინტერესებთან და ამის გამო ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებით უნდა ჩამოცილებოდა დირექტორის თანამდებობას.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჩანაწერის არსებობა, რომელსაც ვავრცელებ, გარკვეულ დრომდე ჩემთვის არ იყო ცნობილი და მის მომწოდებელს ვუხდი მადლობას“  – განაცხადა მედეა ვასაძემ.  

 

 

ბათუმში ხვალ საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

 

14-დან 21 სექტემბრამდე  კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ საავტორო კინოს სიახლეებს გაეცნონ და ახალი ფილმები ნახონ. 

 

2014 წლის კინოფესტივალზე დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება ნაჩვენები. ასევე 40 ფილმი იქნება ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში. კინოფესტივალზე მოწვეული რეჟისორები მასტერკლასებს ჩაატარებენ. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე საავტორო კინო. ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ირლანდიელი რეჟისორის, ლენი აბრაჰამსონის „ფრენკი“, ირანელი რეჟისორის მუჰამედ რასულოფის „არ დაწვა მანუსკრიპტი“, თურქი რეჟისორის ჰუსეინ ქარაბეის „თავისუფალი ვარდნა“. ასევე, მხატვრული კინოს სექციაში ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“.

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, საკონკურსო სექციის ფილმებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

 

BIAFF 2014 – მხატვრული კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური

1.         რომან ბალაიანი, უკრაინა – თავჯდომარე

2.         ალისა სიმონ, აშშ

3.         პაველ ივანოვ, ბელორუსია

4.         მიქაელ სტამბოლიანი, სომხეთი

5.         ზაზა ურუშაძე

 

BIAFF 2014 დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიური

1.         ოდრიუს სტონისი, ლიტვა – თავჯდომარე

2.         ულვი მეჰტი (მამედოვ), აზერბაიჯანი

3.         მიროლუბ ვუჩკოვიჩ, სერბეთი

4.         პაველ ლოზინსკი, პოლონეთი

5.         ანა ძიაპშიპა, საქართველო

 

BIAFF 2014 მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიური

1.         მიხეილ კობახიძე, საქართველო – თავჯდომარე

2.         მირა სტალევა, ბულგარეთი

3.         ეკატერინა ჩერქეზ ზადე, რუსეთი

4.         ენდრიუ ვიალ, ავსტრალია

5.         ლატავრა დულარიძე, საქართველო

 

 

BIAFF-ზე კინოჩვენებები რამდენიმე სექციად გაიმართება. მხატვრული კინოს, დოკუმენტური კინოსა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციებად. ასევე კინოფესტივალზე არასაკონკურსო სექციაში ექვსი ფილმი იქნება ნაჩვენები. მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს თანამედროვე ფრანგი, იტალიელი, დიდი ბრიტანელი, ბელგიელი, ირლანდიელი და თურქი რეჟისორების ნამუშევრები. ასევე BIAFF ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ევროპის კინოაკადემიის (EFA) მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

 

SHORT MATTERS – ევროპის კინოაკადემიის საუკე- თესო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ტურია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კინოფესტივალზე ნაჩვენებია EFA-ზე ნომინირებული ახალგაზრდა, თანამედროვე ევროპელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.

 

„ეტლში მჯდომი ხშირად ვფიქრობ – რა იქნება მომავალში?“

GE DIGITAL CAMERA

შორენა მამულაძე

„სკოლა ექსტერნად დავამთავრე და იმავე წელს გავხდი სტუდენტი. ახლა მაგისტრატურაზე ვსწავლობ, ფსიქოლოგი გავხდები“, – ამბობს შორენა. ოჯახი სოციალურად დაუცველია, მისი სწავლის საფასური ავთანდილ ბარათაშვილის ფონდის სტიპენდიით დაიფარა. სტიპენდიის მიღების შემდეგ ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყვიტეს. „ეს უსამართლობაა“, – გვეუბნება ის. მაგისტრატურის საფასურსაც სახელმწიფო უხდის. „მინდა წარმატებით დავასრულო, რომ პროფესიით შევძლო მუშაობა. კარგი იქნება თუ სკოლაში ვიმუშავებ, რადგან მოზარდები ადრეული ასაკიდან იმის გაცნობიერებას მაინც მიეჩვევიან, რომ ფიზიკური ნაკლის გამო არ შეიძლება ადამიანი გარიყო“, – გვეუბნება შორენა.

იგი მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოებაში ურთიერთობის დეფიციტია, სტერეოტიპებსაც ეს ქმნის: „რადგან განსხვავდები მათგან, თუნდაც სიმაღლით, ფიქრობენ, რომ მათზე ნაკლებად შეგიძლია. არ გაძლევენ საშუალებას, რომ აჩვენო შენი შესაძლებლობები. ახალ-ახალ ტერმინებს იგონებენ და ახლა ამით ცდილობენ გაგმიჯნონ. ახლახან მოვისმინე ტერმინი – „წარმატებული შშმ პირი“. ეს რაღაც ახალი სტიგმაა? სკოლებში ინკლუზიური სწავლება დანერგეს, რომ ე.წ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაცია მომხდარიყო. თუ ვნერგავთ ინტეგრაციას, მაშინ რატომ ვცდილობთ გავმიჯნოთ ადამიანები ერთმანეთისგან? ცუდი შეგრძნება მაქვს, როცა მესმის, რომ შშმ პირი ვარ“.

შორენას მიაჩნია, რომ ადამიანების დაყოფა ტერმინებით მათ დისკრედიტაციას ახდენს: „თუ ინტეგრაცია გვინდა, მაშინ ტერმინებით ადამიანების დახარისხება ინტეგრაციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ვყოფთ ექიმებს, მასწავლებლებს ქალებად ან კაცებად? მინდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი პროფესიონალიზმის გამო ჩავერთო და არა რაღაც სტატუსის გამო. იმიტომ ვსწავლობ, რომ ეს ჩემი კონსტიტუციური უფლებაა და არა იმიტომ, რომ რაღაც სტატუსში მომაქციონ“, – ამბობს შორენა.

შორენას აზრით, ადამიანის ფიზიკურ მხარეს უპირატესობას დამსაქმებლებიც ანიჭებენ, რაც ასევე დისკრიმინაციაა: „თუ მხოლოდ ამ ნიშნით დავრჩები სამსახურის გარეშე, ეს იქნება ჩემი უფლებების ხელყოფა და ამის წინააღმდეგ აუცილებლად ავიმაღლებ ხმას“.

საზოგადოება სახელმწიფოს მიერ გატარებულმა პოლიტიკამ უნდა შეცვალოს – მიიჩნევს შორენა მამულაძე. მისი აზრით, ეს პოლიტიკა, პირველ რიგში, სრულყოფილ ინფრასტრუქტურაში უნდა გამოიხატოს: „უნივერსიტეტში ლიფტი არ არის და ძალიან მიჭირს ფეხით სართულებზე ასვლა. პრობლემაა ის, რომ ბანკებში, აფთიაქებსა თუ სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში არ არის ადაპტირებული გარემო. აუცილებელია მომსახურების ადგილებში ერთი დაბალი ფანჯარა იყოს, სადაც შევძლებ წამლის ყიდვას, გადასახადის გადახდას და ა.შ. ხელმისაწვდომი უნდა იყოს ლიფტის ინფრასტრუქტურაც, ღილაკები ისეთ ადგილზე უნდა განლაგდეს, რომ მსგავსი პრობლემის ადამიანები მიწვდნენ. ეს ბავშვებისთვის კომფორტული იქნება“.

შორენას აზრით, გარკვეული სტიგმების დასაძლევად აუცილებელია დასავლური გამოცდილების გაზიარება: „ამერიკაში ეტლში მჯდომი ბარბის თოჯინა შექმნეს, ადამიანებმა პატარაობიდანვე რომ იცოდნენ ასეთი ადამიანებიც არსებობენ, რომ მათი შეხვედრისას აღარ გაუფართოვდეთ თვალები. ჩვენთან ისე გადაადგილდებიან ადამიანები, წინ არც კი იხედებიან – გადაგივლიან და ბოდიშსაც კი არ მოგიხდიან…. არის მეორე ნაწილი, რომელიც სიბრალულს გამოხატავს და ესეც დამთრგუნველია“.

GE DIGITAL CAMERA

თეა კაკაბაძე

შორენასგან განსხვავებული გრაფიკი აქვს თეა კაკაბაძეს. თეა ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობს. ის ახლა 30 წლისაა. მეექვსე კლასში იყო, როცა ხიდან ჩამოვარდა და მძიმე ტრავმა მიიღო. მას შემდეგ ეტლში ზის. 18 წლის განმავლობაში თეა საკუთარი ოთახიდან არ გამოსულა, სახლის ეზოშიც კი: „საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი, რადგან ადამიანების დამოკიდებულება მაღიზიანებდა. ზოგი ხურდას მაწვდიდა, ფიქრობდნენ, რადგან ეტლში ვიჯექი და ქუჩაში გამოვედი, ფული მჭირდებოდა, ზოგი სიტყვიერად „მანუგეშებდა“ – „უი რა საცოდავია“.

თეამ სძლია კომპლექსებს, გვიან, მაგრამ მაინც: „დღეს ვხვდები, რომ სახლში ჩაკეტვა არასწორი გადაწყვეტილება იყო. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ჩვენც იგივე უფლებები, მოთხოვნები და მისწრაფებები გვაქვს, როგორც სხვა დანარჩენს და არ უნდა შემოგვხედონ, როგორც საცოდავ არსებებს“.

თეას სკოლა არ დაუმთავრებია, „სახლში ვკითხულობდი ხოლმე წიგნებს“, – გვეუბნება ის. მერე, დეპრესიის გამო, კითხვაც შეწყვიტა. `ტრავმის შემდეგ, სკოლის პედაგოგები დამპირდნენ, რომ სახლში ივლიდნენ და გაკვეთილების მომზადებაში დამეხმარებოდნენ. არც ერთი მათგანი ერთხელაც არ მოსულა. ახლა მინდა შეცვლო ჩემი ცხოვრება, მაგრამ არ ვიცი როგორ. ცხრა კლასის განათლებაც კი არ მაქვს, რომ კოლეჯში მიმიღონ. მეგობრები მეუბნებიან, რომ გადამზადების პროგრამები არსებობს, მაგრამ არ ვიცი ვის მივმართო და საიდან დავიწყო“.

ახლა მას ერთი ოცნება აქვს, უნდა ინგლისური ენა ისწავლოს. „ვინმე რომ მომამზადებდეს… ეს ჩემი ერთადერთი შანსია. იქნებ განათლების სამინისტრო დამეხმაროს რაიმე ფორმით. ჩემი სამყაროც შეიცვლება და უფრო საჭიროდ ვიგრძნობ თავს“, – ხმამაღლა ფიქრობს თეა.

თეამ სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთხელ მიიღო დახმარება. ორი თვის წინ, მას ნაწოლების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ის გვეუბნება, ერევნიდან სპეციალისტის ჩამოყვანა არასამთავრობო ორგანიზაციამ უზრუნველყო, ოპერაციის ხარჯები კი ჯანდაცვის სამინისტრომ გაიღო. „ექიმმა მითხრა, რომ შეძლებს ყავარჯნებზე დამაყენოს. თუმცა მანამდე ტერფების ოპერაცია მჭირდება“.

თეას სახლში ჯდომის ერთ-ერთი მიზეზი არაადაპტირებული ტრანსპორტიცაა, რის გამოც ქალაქში გადაადგილება ტაქსით უწევს. „ვცდილობ ჩაკეტილი სივრციდან გამოვიდე. ამ მიზეზით, ზოგჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე დავდივარ. სხვადასხვა პრობლემაზე ვსაუბრობთ, ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ და ამით გარესამყაროსთან კომუნიკაციას ვცდილობთ. ერთი წასვლა-წამოსვლა 20 ლარი მიჯდება, ეს ჩემთვის დიდი თანხაა, მაგრამ ამით ვცდილობ, დაკარგული წლები ავინაზღაურო“, – გვეუბნება ის.

თეა სასეირნოდ გამოსვლას იმ შემთხვევაში ახერხებს, თუ მეგობრები ეხმარებიან: „მარტოც წავიდოდი, ადამიანების განწყობის რომ არ მეშინოდეს, მერიდება უცნობებზე დახმარების თხოვნა, არადა იმ ადაპტირებულ ავტობუსშიც კი ისე ვერ ახვალ და ჩამოხვალ, თუ სხვა არ დაგეხმარა“.

თეა ამბობს, რომ ეტლში მჯდომი ხშირად ფიქრობს: „რა იქნება მომავალში? როგორ მექნება ჯანმრთელობა? ვისწავლი? ალბათ კი და ვიცი, რომ გამომივა“.

GE DIGITAL CAMERA

რუსა ჩხაიძე

რუსა ჩხაიძე 27 წლისაა. საშუალო განათლებით. სწავლის გაგრძელება ფეხის ტრამვის გამო ვერ შეძლო. „დაავადება მოულოდნელად გამოვლინდა, ახლა პროთეზი მიკეთია და მისი მეშვეობით ვახერხებ გადაადგილებას. გერმანული პროთეზით უკვე ათი წელია ვსარგებლობ. ახლა გამოსაცვლელი მაქვს“.

რუსა ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს პროგრამაში ჩასვა, თუმცა შემოთავაზებული პროთეზი რუსას არ გამოადგა. „უხარისხოა, მხოლოდ ერთი წელი აქვს გამოყენების ვადა, გერმანული კი დიდხანს ძლებს. თუ დროულად არ გამოვცვალე ტკივილი დამეწყება“, – გვეუბნება ის.

ფიზიკური პრობლების გამო, რუსა შორ მანძილზე გადაადგილებას ერიდება. ის სოფელ კაპრეშუმში ცხოვრობს, სადაც ავტობუსი არ დადის. „სახლიდან დიდი მანძილი უნდა გავიარო, ავტობუსამდე რომ მივიდე, სწავლის გაგრძელებაც ამიტომ ვერ შევძელი“. ახლა რუსა ძმასთან ერთად რესტორანში მენეჯერად მუშაობს. სამსახურში დილის რვა საათზე მიდის და გვიან ღამით ბრუნდება. „ჩემს ძმას დავყავარ მანქანით, ამიტომ ვახერხებ მუშაობას“, – გვეუბნება ის.

რუსა ამბობს, რომ თავიდან საზოგადოების აზრი თრგუნავდა, თუმცა შემდეგ, ბარიერები ნელ-ნელა დაძლია: „მძულდა სადმე წასვლა, განსაკუთრებით საყიდლებზე: „ვაიმე რა გჭირს?“, „რატომ ხარ ასეთ დღეში?“ – მაყრიდნენ კითხვებს. ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. კარგი იქნება, ცალკე ტრანსპორტი რომ არსებობდეს, ეტლით მოსარგებლეებსაც შეეძლოთ კვირაში ან თვეში ერთხელ სადმე ერთად წასვლა და გართობა. რომელიმე კულტურული ძეგლის მონახულება და ა.შ. ამაზე არასამთავრობო სექტორი ან მერია თუ იფიქრებს, დიდი დახმარება იქნება. წელს მერიამ იახტით გაგვასეირნა. ძალიან გამიხარდა. კარგი იქნება, თუ ჯანსაღი ცხოვრების მიზნით, მერია რაიმე სპორტულ პროგრამაშიც ჩაგვრთავს. ცურვა შემიძლია და კარგი იქნება თუ ამაში ხელს შემიწყობენ. ბევრ ჩემს მეგობარს, ვისაც უფრო რთული პრობლემები აქვს, გამოკვლევები სჭირდება. მათ ამაზე ხელი არ მიუწვდებათ, იქნებ, სახელმწიფო ამ საკითხების მოგვარებაში დაგვეხმაროს“.

რუსა ამბობს, რომ ფეხის ტრავმის გამო პრობლემა ჩნდება პირად ურთიერთობებშიც: „მაგალითად, თუ ბიჭი ერთხელ პაემანზე მოვა, შემდეგ აღარ ჩნდება. ჩვეულებრივ სტიგმა მუშაობს, „ოჯახი არ მომცემს ამის უფლებას“. ახლა ვცდილობ მსგავსი ნეგატივებით თავი არ დავითრგუნო და ის ვაკეთო, რაც ბედნიერებას მომანიჭებს“.

გაეროს 2006 წლის კონვენციის დებულების თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრული რეალიზება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 2013 წელი შშმ პირთა უფლებების დაცვის წლად იყო გამოცხადებული, რის გამოც საზოგადოებას მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი გაუჩნდა. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, – „მოლოდინი არ გამართლდა“. ანგარიშის მიხედვით, არ დამტკიცდა 2013-2016 წლების სამოქმედო გეგმაც.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, შშმ პირები მოექცნენ საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო სქემაში, „თუმცა მათი განსაკუთრებული საჭიროებები კვლავ არ არის გათვალისწინებული. პრობლემად რჩება მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი, სკოლამდელი და უმაღლესი განათლების ინკლუზიის პროცესში ჩართვა, გადაულახავ პრობლემად იქცა შშმ პირთა დასაქმება“.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ხელმისაწვდომობის პრობლემაზეც, რის გამოც, გართულებულია შშმ პირთა საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია: „სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მათ შორის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, საზოგადოებრივი ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში“.

ფსიქოპათი

 

იცით, რომ ლეგენდარული ჰიჩკოკის კიდევ უფრო ლეგენდარული „ფსიქო“ რობერტ ბლოხის „ფსიქოპათის“ მიხედვითაა გადაღებული? და ეს ის შემთხვევაა, როცა გადაჭრით ვერ იტყვი, რომელია უკეთესი, წიგნი თუ ფილმი. ორივე ძალიან კარგია.

 

 

ნორმან ბეითსი შუახნის ბერბიჭაა, რომელიც საკუთარ მოტელს ფლობს და იქვე ცხოვრობს მოხუც დედასთან ერთად. თავდაპირველად ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ნელ-ნელა, დედის დამამცირებელი რეპლიკების მიღმა მკითხველი ხვდება, რომ ნორმანი არც მთლად ჩვეულებრივი, ზომიერად ფერხორციანი, შუახნის მამაკაცია. არც დედამისია მთლად ჩვეულებრივი მოხუცი ქალი. დედამისი დესპოტია, რომელსაც საოცარი გავლენის ქვეშ ჰყავს თავისი ვაჟი მოქცეული. თავად ნორმანს კი გაორებული და გასამებული გრძნობები აწუხებს დედის მიმართ: თან სძულს, თან ეთაყვანება, თან სიგიჟემდე უყვარს… მოკლედ, ნამდვილად ისეთი სიტუაციაა, ფროიდის პატივცემული დივანისთვის ზედგამოჭრილი.

 

 

ატმოსფერო წიგნში ძალიან არაჯანსაღია, პირველივე გვერდებიდან. ნორმანის ფიქრები დეტალურადაა გადმოცემული, რაც არც თუ ისე მსუბუქი საკითხავია, იმიტომ, რომ  ნორმანი ფსიქიკური აშლილობის მქონე მამაკაცია. სწორედ ეს დეტალურობაა ის, რაც განუმეორებლობას ანიჭებს ამ წიგნს – შეშლილი მამაკაცის განცდები, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

 

 

ნორმანისა და დედამისის დაძაბული დიალოგის პარალელურად, მოტელისკენ ახალგაზრდა გოგონა, მერი მოემართება. ის ღამეს მოტელში ათევს და სწორედ იქ გადამაშთება საქვეყნოდ ცნობილი შხაპის სცენა. მოკლედ, მერი – მამაცი, გაბედული მერი, – მკვდარია. მკვლელი არ ჩანს, მაგრამ ნორმანის ფიქრების თანახმად, სწორედ მოხუცმა დედამისმა მოკლა გოგონა. ნორმანი ყველანაირად ცდილობს, მისი სათაყვანო დედიკო დაიცვას და დანაშაულის კვალს შლის.

 

 

მალე შემდეგი მკვლელობაც მოხდება და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: მკვლელი თავად ნორმანი ხომ არაა? მართლა ხდება ეს ყველაფერი, თუ წარმოსახვის ნაყოფია?

 

 

„ფსიქოპათის“ დასასრული ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოს გამორჩეულ დასასრულებს შორის. ფინალი მთლიანად ცვლის ყველაფერს, მთელ ვითარებას თავდაყირა აყენებს. ფინალთან ერთად ამ წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ძალიან ცოცხლად შექმნილი გარემოა: დამთრგუნველი და თავზარდამცემი. დაახლოებით ედგარ პოს ეშერის ციხესიმაგრის მსგავსი: მუდმივი მოლოდინი, რომ ამ სახლში რაღაც მოხდა ან რაღაც მოხდება. რაღაც გარდაუვალი. რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი და სამარცხვინო.

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

ბათუმის ვიცე-მერის ქონება და კავშირები

ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი

ბაგრატ მანველიძე, ბათუმის ვიცე-მერი

იმ ქონების შესაბამისად თუ ვიმსჯელებთ, რაც 1960 წელს დაბადებულ ბაგრატ მანველიძის სახელზე 2014 წლის მაისის მდგომარეობით საჯარო რეესტრში არის დარეგისტრირებული, ბათუმის ვიცე-მერი არც თუ ის ღარიბი კაცია, უფრო პირიქით – მისი ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით შეიძლება თამამად ითქვას, რომ ის მილიონერია.

საჯარო რეესტრში წერია, რომ 2014 წლის დასაწყისისთვის ბათუმში, ზღვისპირა ზოლში, კომპლექს „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს აშენებულ კორპუსში, 710 კვადრატული მეტრი ფართობის მომავალი მფლობელი სწორედ ბათუმის ამჟამინდელი ვიცე-მერია (კორპუსი ჯერჯერობით დამისამართებული არ არის). უფრო კონკრეტულად კი, ბაგრატ მანველიძის, როგორც მომავალი მესაკუთრის სახელზე, „ბათუსის“ მოპირდაპირე კომპლექსში დარეგისტრირებულია ოთხი ბინა, მათ შორის ყველაზე დიდი არის 490 კვადრატული მეტრი ფართობის. აქვე მას, როგორც მომავალ მფლობელს, აქვს 111 კვადრატული მეტრი, 69 კვადრატული მეტრი და 39,7 კვადრატული მეტრი ფართობის ბინები (თუ რატომ ვწერ ამ ბინების ზუსტ მონაცემებს, ამაზე ქვემოთ).

მითითებულ ზონაში და კონკრეტულად აღნიშნულ სახლში ერთი კვადრატული მეტრი ბინის საწყისი ფასი 800-900 დოლარია. კორპუსი ხიმშიაშვილის ქუჩაზე, `ბათუსის~ მოპირდაპირედ ააშენა კომპანია „გუმბათმა“. შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიასა და ბაგრატ მანველიძის ურთიერთობას შეესაბამება ტერმინი – „არაერთგზის“ (თავად ვიცე-მერის შეხედულებაზე სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ შესახებ ცოტა ქვემოთ – ავტ)

გარდა ამისა, უშუალოდ ბაგრატ მანველიძე ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ფლობს ორ ბინას, რომელთა საერთო ფართობი არის 148 კვადრატული მეტრი და 21 კვადრატულ მეტრ სარდაფს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბათუმის ვიცე-მერს 2500 კვადრატული მეტრი მიწა აქვს ანგისის დასახლებაში, 2141 კვადრატული მეტრი – მცხეთაში, სოფელ საგურამოში, 4000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი სალიბაურში, 143 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს ფლობს კურორტ ბეშუმშიც, ხოლო 5 717 კვადრატულ მეტრ მიწას საკუთარ სოფელში – ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში.

ბაგრატ მანველიძე კიდევ ერთი ქონების მფლობელი გახდა – ბათუმის ცენტრალურ უბანში, კონკრეტულად კი ჯინჭარაძის ქუჩაზე მან მიწის ნაკვეთი იყიდა. როგორც თვითონ ამბობს, მას და მის ოთხ მეზობელს ოთხსართულიანი კორპუსის პროექტიც მზად აქვთ და მშენებლობის დაწყებასაც აპირებდნენ კომპანია „გუმბათთან“ ერთად, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ იდეის განხორციელება ვერ მოახერხეს.

ვიცე-მერის ბიზნესთან ურთიერთობის შესახებ

ბაგრატ მანველიძე ამბობს, რომ ის ბიზნესმენი არც ყოფილა და ახლა – თავისთავად არ არის. რა ურთიერთობა გაქვთ კომპანია „გუმბათთან“? – როცა მას ამას ეკითხები, ვიცე-მერი ამბობს, რომ არანაირი, გარდა ერთის – „მამისეული მიწის ნაკვეთი გავყიდე ანგისაზე და ეს თანხა, ოფიციალური ხელშეკრულებით სესხად მქონდა მიცემული. ცხადია, გარკვეულ სარგებელს ვიღებდი. ეს არის დეკლარირებული თანხა საგადასახადოში. ორი წლის წინ `გუმბათთან~ ეს ურთიერთობა შევწყვიტე“.

ბათუმის ვიცე-მერმა გაიხსენა სამშენებლო კომპანიასთან თავისი ბოლოდროინდელი ურთიერთობის შესახებ, როცა ჯინჭარაძის ქუჩაზე წამოსაწყებ მშენებლობაზე ჩამოვარდა კითხვა. მან თქვა, რომ „გუმბათს“ სთხოვა ჯინჭარაძის ქუჩაზე მისთვის და მისი მეზობლებისთვის კორპუსის აშენება, ოღონდ ნისიად, „რადგან ფული არ ჰქონდა“. თავდაპირველად გუმბათი დასთანხმდა მშენებლობის წამოწყებაზე, მაგრამ „ახლა უკვე უარი თქვა“.

ბათუმის ცენტრალურ უბანში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მიწის ნაკვეთი ბათუმის ვიცე-მერს, ბაგრატ მანველიძეს ეკუთვნის

„გუმბათი“ რომ აპირებდა ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მშენებლობას, „ბათუმელებმა“ სხვა წყაროსგან შეიტყო. სწორედ ეს წყარო ყვებოდა, რომ ბაგრატ მანველიძემ იყიდა მის ირგვლივ ყველაფერი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე ბაგრატ მანველიძე და მისი შვილი, გიორგი მანველიძეც მიდიოდნენ და სთავაზობდნენ ჯინჭარაძეზე მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული პირობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას. ამას ვიცე-მერიც ადასტურებს. „იქ ოჯახია ერთი, მე მათ შევთავაზე ორი ბინა „ბათუსის“ მოპირდაპირე სახლში – ერთი ბინის ფართობი იყო 111 კვადრატული მეტრი, მეორის – 69. გარდა ამისა, 8 ათას დოლარსაც ვაძლევდი. ამ სიკეთეებს ვთავაზობდი 74 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ, მაგრამ უარი თქვა“, – ბაგრატ მანველიძე ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს ხელმოსაწერად გამზადებული ხელშეკრულებით, რომელსაც ის თავის ერთ-ერთ მეზობელს სთავაზობდა ჯინჭარაძის ქუჩიდან.

მორიგი კითხვა ბათუმის ვიცე-მერისადმი იყო ის, თუ რა ფართობს ფლობდა „ბათუსის“ მოპირდაპირე შენობაში. როგორც უკვე ზომოთ აღვნიშნე, რეესტრის მონაცემებით, წლის დასაწყისში ის ამ სახლში 710 კვადრატის მომავალ მფლობელად იწოდებოდა. ვიცე-მერმა „ბათუსის“ მოპირდაპირე მხარეს არსებულ კორპუსში უძრავი ქონების ფლობის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. სწორედ აქედან გამომდინარე ვკითხე ვიცე-მერს, მაშინ მეზობლებს ჯინჭარაძის ქუჩიდან რანაირად შესთავაზა იმ სახლში გადასვლა, რაც მას არ ეკუთვნოდა. თქვა, რომ ეს მისი და „გუმბათის“ ძველი ურთიერთობის ამბავი იყო და ის აიღებდა „გუმბათის“ წინაშე ვალდებულებას.

ამ საკითხის შეჯამებისას ბაგრატ მანველიძემ თქვა, რომ „გუმბათი“ აღარ ააშენებს კორპუსს, ამიტომ ახალ მშენებელს მოძებნის: „ფაქტობრივად, ერთი-ორი ვარიანტი მოძებნილი გვყავს კიდეც, მაგრამ შეიძლება საერთოდაც უარი ვთქვა უკვე მაგ მშენებლობაზე. აღარ მაქვს უფლება. შეიძლება გავყიდო საერთოდაც, მაქაურობა აღარ მინდა“.

აჭარის ცენტრალური ბანკი – ბაგრატ მანველიძის კარიერის დასაწყისი

2005 წელს, 24 მარტს, აჭარის არ კონტროლის პალატამ დაწერა აქტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის აჭარის ცენტრალური ბანკის შემოწმების მასალებზე დაყრდნობით მომზადდა. 71-გვერდიანი აქტის თითქმის ყველა გვერდზე წერია, რომ ბანკში, რომელსაც ბაგრატ მანველიძე ხელმძღვანელობს, ძირითადად ყველაფერი წესრიგშია. თუმცა, დაახლოებით ორ გვერდზე წერია, რომ ბანკში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გარკვეული კომპონენტები საჭიროებს შემდგომ შემოწმებას. აი ეს ჩანაწერებიც: კედლის ორ კონდიციონერში – AMNHWG-24Q=968 – გადახდილია 22 266 ლარი, ჭერის ერთ კონდიციონერში – FAM-48Q=2716 –  14 273 ლარი, კანალური ტიპის ერთ კონდიციონერში კი _ DCAM-Q3350 – 18 658 ლარი. ჯამში ოთხ კონდიციონერში 55 197 ლარია დახარჯული… ბანკს ნაყიდი აქვს თითბრის ჭაღი, რომელშიც 37 557 ლარი გადაუხდია.

2005 წლის აუდიტის აქტის მიხედვით, შემოწმების პერიოდისთვის ბანკში მიმდინარეობს რემონტი, რაშიც 6 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული. ძვირადღირებულ ნივთებს ბანკისთვის, ისე როგორც სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად შპს „გუმბათი“ ყიდულობს. აუდიტორი წერს, რომ საჭიროა „დამატებითი“ და „შემხვედრი“ შემოწმება სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

„შემხვედრი“ შემოწმება აღარ ტარდება, რადგან იმ პერიოდში ბანკი უქმდება.

რა სახის კონდიციონერები ღირს ასე ძვირი? – სამი სხვადასხვა სპეციალისტი ბათუმში ამბობს, რომ მსგავსი ფასის კონდიციონერის არსებობის შესახებ არ გაუგია, მათ შორის არც არქეოლოგიური მუზეუმის საცავში, რომელშიც კლიმატკონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობა ცოტა ხნის წინ დაამონტაჟეს.

აუდიტის 2005 წლის აქტი შენახული აქვს ბაგრატ მანველიძესაც. ის ამბობს, რომ გამოასწორა მითითებები, რომლებიც მიიღო მაშინ აუდიტორისგან. რაც შეეხება კონდიციონერებში გადახდილ ფასს, ყოფილი ბანკირი ამბობს, რომ კარგი საცავი გააკეთა კლიმატკონტროლით და იმიტომაც ღირდა ასე ძვირი ეს ყველაფერი.

„მილები გადიოდა საცავში, ჰაერის გამოწოვა ხდებოდა. ერთი კონდიციონერი იყო კიდევ დიდი, 5 ათასი ლარი ღირდა და დიდ დარბაზს ათბობდა. ზოგადად კი, არავინ ამბობს იმას, რომ ეროვნული ბანკი ინგრეოდა, მეორე სართული მთლიანად ჩამოვარდა და მე გავაკეთე, ულამაზეს შენობად გადავარჩინე. ფულის მუზეუმი გავაკეთე შიგნით – დაწყებული კოლხური თეთრიდან ყველა ფულის ნიშნის ასლები გავაკეთე. მუზეუმი იყო, ეროვნული ბანკის მუზეუმის მსგავსი.

ბანკთან დაკავშირებით აჭარაში ყველაფერი მე გავაკეთე. მე ვიყავი აჭარაში პირველი თავმჯდომარე და ვიყავი 15 წლის განმავლობაში. ბანკის შენობის გაყიდვაზე სულ იყო საუბარი. ყოველთვის ვიღაცას უნდოდა, რომ ჩაეგდო ხელში. ამას არავინ ფიქრობს, როგორ გადავიტანეთ ფულის რეფორმა, საფინანსო საბიუჯეტო სისტემა, რომელიც საერთოდ არ არსებობდა, როგორ დავალაგეთ“.

ბაგრატ მანველიძეს ახსოვს ძვირადღირებული თითბრის ჭაღიც. ამბობს, რომ ეს ჭაღი თბილისში დაამზადებინა კერძო პირს. „როცა ბანკი გაუქმდა, ჭაღსაც ეროვნული ბანკი წაიღებდა, ალბათ“, – ის იმედოვნებს, რომ ჭაღი არ არის დაკარგული.

ეროვნულ ბანკში ძვირადღირებულ ჭაღთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ბანკის შენობასთან ერთად ჭაღიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. სამინისტროში კი თავის მხრივ დასძენენ, რომ ამ კვირაშიც გააგრძელებენ ჭაღთან დაკავშირებული დოკუმენტების ძებნას, რადგან 2005 წლის შემდეგ დიდი დროა გასული და არქივში დოკუმენტების მოძიება არ არის ადვილი საქმე.

2005 წლის აქტში კიდევ ერთ საკითხზეა საუბარი – არაფინანსურ ენაზე თუ ვიტყვით, ბაგრატ მანველიძეს მაშინ აუდიტორმა ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევაზე მიუთითა. საქმე ეხება ცნობილ მოვლენებს აჭარაში, როცა აჭარის მაშინდელი ხელისუფალის, ასლან აბაშიძის ახირებით რეგიონი ცენტრალურ ბიუჯეტს კუთვნილ თანხას არ ურიცხავდა. ბაგრატ მანველიძეს კარგად ახსოვს აქტში ჩაწერილი ეს მონაკვეთი და ამბობს, რომ ის ვერაფერს შეცვლიდა. `მაშინ აჭარის ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერეს ასეთი ტერმინი – „ჭარბი შემოსავალი“. ამ ტერმინის საფუძველზე არ იხდიდა ბიუჯეტში ფულს რეგიონი“.

იმავე მდგომარეობაში რომ აღმოჩნდეთ ახლაც, ანუ უკანონო დავალება რომ მიიღოთ, გადადგებით, თუ შეასრულებთ ამ დავალებას? – ამ კითხვის პასუხად ვიცე-მერი ამბობს, რომ მას უკანონო დავალება არც აბაშიძის დროს შეუსრულებია. „მაშინ დავა იყო საბაჟოს თანხაზე. მაგრამ ბანკი არაფერ შუაში იყო, თუ საბაჟო არ მომცემდა საგადახდო დავალებას, როგორ გადავრიცხავდი ფულს. ეს ხომ მისი ფული იყო?! ამიტომ მე კანონს არ ვარღვევდი“.

ახლა რა გეგმები აქვს ვიცე-მერს

ბაგრატ მანველიძე და კიდევ მისი ორი კოლეგა ვიცე-მერის თანამდებობაზე ბათუმში გიორგი ერმაკოვმა (მერი) 5 აგვისტოს წარადგინა. ის მერიაში ინფრასტრუქტურას კურირებს:

„ყველაზე დიდი გამოწვევა, რის დაძლევასაც ვაპირებ, ის პროექტებია, რომლებიც ბატონმა გიორგიმ [ერმაკოვი] შეიმუშავა, დასახა. ყველაზე უფრო საინტერესო პროექტი, ჩემი აზრით, არის ჟილინის არხის პროექტი. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია. საინტერესოა იაფი სახლების პროექტი _ ესკიზები გვაქვს შერჩეული. წლის ბოლომდე დავიწყებთ მშენებლობას. შემდეგ იქნება საჭირო კრიტერიუმების შემუშავება – ვის მივცეთ, როგორ მივცეთ. 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული ერთი სახლისთვის.

ბევრი ცვლილება შევიტანეთ ბიუჯეტში, ბევრი ახალი პროექტი დაგვემატა, ახალი 19 პროექტი გვაქვს მზად. ჯამში რამდენიმე მილიონზეა საუბარი. მაგალითად, ვიდეოკონტროლი ქალაქის ქუჩებში. ბეთლემისა და სხალთის ქუჩების ასფალტირება, შერვაშიძის ქუჩის კეთილმოწყობა, ბაგრატიონისა და მუსხელიშვილის ქუჩების კეთილმოწყობა. შერიფ ხიმშიაშვილზე დეკორატიული ღობე კეთდება – 301 ათასი ლარია პროექტის ღირებულება. გარეგანათებას ვაგრძელებთ გონიოს მხარეს. სპორტულ მოედნებს გავაკეთებთ კახაბრის უბანში. ანგისაზე ხიდი კეთდება. რუსთაველიდან ნინოშვილის ქუჩამდე ავტომანქანების სადგომები… მაგარი პროექტია ერისთავის ქუჩაზე – უბნის რეაბილიტაცია. ჭაობისკენ ვაკეთებთ პროექტებს – გზები გავა. მაგრამ ჟილინის არხი საუკუნის პროექტია.“

საჯარო პირი ბაგრატ მანველიძე

„ბათუმელები“ ბაგრატ მანველიძის პერსონით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა შეიტყო იმ მოლაპარაკების შესახებ, რასაც ის და მშენებელი კომპანია ერთად აწარმოებდნენ ჯინჭარაძის ქუჩის მცხოვრებლებთან. ინფორმაციის აქტიურად გადამოწმება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაგრატ მანველიძე ვიცე-მერი გახდა.

ვიდრე საჯარო სამსახურში მუშაობთ, მუდმივად მედიის კონტროლის ქვეშ იქნებით, მზად ხარ ამისთვის? – ეს იყო ბოლო კითხვა, რომელზეც ბაგრატ მანველიძემ თქვა: „მე არასოდეს არაფერი დამიშავებია. დედას გეფიცებით, ძალიანაც მსიამოვნებს, რომ ამას მეკითხებით“.

შაკიკი – თავის ფეთქებადი ტკივილი

  • ქალბატონო ირმა, რა დაავადებაა შაკიკი?

შაკიკი არის მორეციდივე მწვავე თავის ტკივილი, რომელსაც ფეთქებადი ხასიათის ტკივილი ახასიათებს, უმეტესად სამწვერა ნერვის ზონაში. ადრე მიიჩნეოდა, რომ თავის ტკივილის მიზეზი მხოლოდ სისხლძარღვოვანი სპაზმი იყო (საწყის ეტაპზე ვითარდება ცერებრული ვაზოსპამი, რაც იწვევს აურულ სიმპტომებს. შემდგომ ხდება ვაზოდილატაცია, რასაც ტკივილი მოყვება), რაც მოგვიანებით გამოირიცხა და ითქვა, რომ ტკივილი ამ დროს თავის ტვინში მთელი რიგი ცვლილებებით (მაგალითად, გამოიყოფა პროსტაგლანდინი E2-ის სხვა) არის გამოწვეული.

  • რა სიმპტომები ახასიათებს შაკიკს?

ინტენსიური და პულსირებადი ხასიათის ტკივილი თავის ნახევარ მხარეს, რომელიც ძლიერდება სიარულისა და ფიზიკური დატვირთვის დროს. ტკივილი შეიძლება 3-დან 72 საათამდე გაგრძელდეს. შეტევების სიხშირე სხვადასხვანაირია, შესაძლოა ზოგს ყოველდღიურად სტკიოდეს თავი, ზოგს კი წელიწადში რამდენჯერმე. ტკივილის დროს პაციენტს ზოგჯერ მომატებული აქვს მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე. შესაძლოა ტკივილს თან ახლდეს გულისრევის შეგრძნება ან/და ღებინება.

  • რა იწვევს შაკიკს?

შაკიკის გამომწვევი ზუსტი მიზეზები განსაზღვრული არ არის, თუმცა მიიჩნევა, რომ დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი. გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა დღის არასწორი რეჟიმი, არასწორი კვება (არაჯანსაღი საკვები და ასევე საკვების ჭარბად მიღება), ასევე ძილის ნაკლებობა და დიდხანს ძილი. დიდ როლს თამაშობს ჰორმონალური ცვლილებებიც, მაგალითად, გარდატეხის პერიოდამდე გოგონებსა და ბიჭებში  შაკიკის გავრცელება ერთნაირია, გარდატეხის პერიოდის შემდეგ კი, დაავადება გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება.

  • რა შეიძლება გახდეს უშუალოდ შეტევის მიზეზი?

შეტევა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა. პაციენტს შესაძლოა შეტევა დაეწყოს ძლიერ სინათლეზე, უეცარ ხმაურზე, სტრესული მდგომარეობისას, შიმშილის გამო და იმ საკვების ჭარბი რაოდენობით მიღებისას, რომელმაც შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს, ასეთი საკვებია: ყველი, შოკოლადი, თხილი, ალკოჰოლი (განსაკუთრებით წითელი ღვინო).

  • როგორ მკურნალობენ შაკიკს?

არსებობს შაკიკის სპეციფიკური და არასპეციფიკური მკურნალობის მეთოდები. სპეციფიკური მეთოდი გულისხმობს ექიმთან კონსულტაციის შედეგად იმ მედიკამენტების მიღებას, რომლებიც პროსტაგლანდინის დაბლოკვისთვისაა მიმართული და არასპეციფიკური მედიკამენტები, რომლებიც, უბრალოდ, ტკივილს ხსნიან. მკურნალობა რამდენიმე წელსაც შეიძლება გაგრძელდეს და ამ პერიოდში გადამწყვეტი როლი ენიჭება პაციენტის ცხოვრების სტილის შეცვლას, მან თავი უნდა მოარიდოს სტრესულ სიტუაციებსა და შეტევის მაპროვოცირებელ ფაქტორებს. იმ შემთხვევაში, თუ შეტევა ძილის ნაკლებობითაა გამოწვეული,  ტკივილი შესაძლოა უბრალოდ ჩაძინებითაც მოიხსნას.

  • რა შეიძლება გაკეთდეს პროფილაქტიკისთვის?

პროფილაქტიკისთვის პირველია დღის სწორი რეჟიმი, კარგი ძილი და სწორი კვება. გარდა ამისა, პაციენტების უმრავლესობამ იცის, თუ რა იწვევს შაკიკის შეტევას კონკრეტულად მათ შემთხვევაში. შესაბამისად, ისინი სწორედ ამ ფაქტორებს უნდა მოერიდონ, რის გამოც შესაძლოა ტკივილი დაეწყოთ.

ექსტრემალური ტურიზმი მტირალაზე 15 ლარად

„თვენახევარია, რაც აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ტურისტებს. ღირებულება 15 ლარია. წვიმიან ამინდში ამ სერვისით სარგებლობა აკრძალულია. შესაბამისად, როცა უკვე აცივდება და წვიმა დაიწყება, ჩვენც ავკეცავთ აღჭურვილობას. ტროსები დარჩება, მაგრამ მომსახურება გაზაფხულამდე გადაიდება. ზამთარში და გვიან შემოდგომაზე არ იქნება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მტირალას ეროვნული პარკის დირექტორმა დავით ხომერიკმა.

როგორც მტირალას ეროვნული პარკის დირექტორი ამბობს, აღნიშნული სერვისი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.  ზიპლაინით სარგებლობა მხოლოდ 12 წელს გადაცილებულ პირებს შეუძლიათ. ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ  ახალი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და ვიზიტორთა ზრდას შეუწყობს ხელს.

მტირალას ეროვნული პარკი ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. პარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად ტყითა და ბუჩქნარითაა დაფარული. ეროვნულ პარკში წარმოდგენილია აჭარისათვის დამახასიათებელი კოლხური ფლორა.

ნაციონალური მოძრაობა: ”ხაბაძე სააკაშვილის კადრი არ არის”

 

“მინდა გამოვეხმაურო ჩემი კოლეგის, “ქართული ოცნების” წევრი ჯემალ ფუტკარაძის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიხეილ სააკაშვილის კადრი იყო.

 

ვფიქრობ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, სააკაშილის ფავორიტი ყოველთვის ლევან ვარშალომიძე იყო და არა არჩილ ხაბაძე.

 

ეტყობა ბატონ ჯემალს სურს მათ მიერ ჩადენილი კიდევ ერთი ცუდი საქმე მიაწეროს ნაციონალურ მოძრაობას” – თქვა მან.

გიორგი აბაშიძე გაათავისუფლეს

 

 

 

12 სექტემბერს, ღამით,  ბათუმში ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დააკავეს.

 

“ბათუმელების” ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე ამჟამად სასტუმრო “შერატონში” იმყოფება.

ვინ გაიმარჯვა ბოტანიკური ბაღის ფოტოკონკურსში

 

კონკურსანტები დაჯილდოვდნენ ბაღის დათვალიერების ერთთვიანი აბონიმენტით, პირველი ადგილის მფლობელი კი დაჯილდოვდა პლანშეტური კომპიუტერით.

კონკურსანტებმა ფოტოები ხუთ ნომინაციაში წარმოადგინეს: 1. საუკეთესო ზღვის ხედი ბოტანიკური ბაღიდან; 2. საუკეთესო პეიზაჟი; 3. ყველაზე კრეატიული ფოტო; 4. ბაღის ტურისტი;  5. საუკეთესო ფოტო – „მწვანე ბაღი“. კონკურსში მონაწილეობა 19 – მა კონკურსანტმა მიიღო.

 

ფოტოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან

 

ერეკლე სიგუა - გამარჯვებული ნომინაციაში,მწვანე ბაღი
ერეკლე სიგუა – გამარჯვებული ნომინაციაში მწვანე ბაღი

 

დავით ბენდელიანი - გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის ტურისტი
დავით ბენდელიანი – გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის ტურისტი

 

გიორგი უჯმაჯურიძე - გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ზღვის ხედი ბოტანიკური ბაღიდან. ფოტოკონკურსის გამარჯვებული
გიორგი უჯმაჯურიძე – გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო ზღვის ხედი ბოტანიკური ბაღიდან. ფოტოკონკურსის გამარჯვებული

 

გურამ ტურაშვილი გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის პეიზაჟი
გურამ ტურაშვილი გამარჯვებული ნომინაციაში ბაღის პეიზაჟი

 

გიორგი ბერიძე გამარჯვებული ნომინაციაში  კრეატიული ფოტო
გიორგი ბერიძე გამარჯვებული ნომინაციაში კრეატიული ფოტო

 

ფოტოკონკურსი “მწვანე ბაღი” ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ივლისის თვეში გამოაცხადა. წარმოდგენილი ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. 

სასამართლომ სამ პირს ას-ას ლარიანი ჯარიმა შეუფარდა

 

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევაში დაედოთ, რომელიც წვრილმან ხულიგნობას და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. 

 

დაკავებულებმა აღიარეს რომ 10 სექტემბერს ისინი იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც მოუვიდათ ერთმანეთთან შელაპარაკება. ოქმის შემდგენმა პირმა და ბრალდებულებმა, ქობულეთში მედრესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციასთან კავშირი არ დაადასტურეს.

 

მოსამართლემ დაადასტურა დაკავებულების ბრალი და მათ სახდელის ზომა, ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ას-ასი ლარის გადახდა შეუფარდა. 

ბათუმის ციხეში პატიმარი შიმშილობს

ბათუმის ციხე

გიორგი ჩარკვიანის ინფორმაციით, ჯერჯერობით პატიმრის მდგომარეობა სტაბილურია, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის.

პატიმარი სამარტოო საკანშია გადაყვანილი.  სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ის გუშინ მოინახულა. როგორც ჩარკვიანი ამბობს, პატიმარმა მას უთხრა, რომ შიმშილობა იმის გამო გადაწყვიტა, რომ მის საქმეს ობიექტურად არ იძიებენ. დაკავებულს თავი უდანაშაუალოდ მიაჩნია.

პატიმრის დედა “ბათუმელებთან” საუბარში ამბობს, რომ ციხიდან მისმა შვილმა წერილი გამოუგზავნა და მედიაში იმ ვიდეოს გავრცელებას ითხოვს რაც მის სისხლის სამართლის საქმეს თან ერთვის.

პატიმარს მიაჩნია, რომ ამ ვიდეო მასალით მისი უდანაშაულობა მტკიცდება.

პატიმრის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი კობა ჯაბუა იცავს, როგორც მან “ბათუმელებს” განუმარტა ვიდეომასალა, რომელზეც პატიმარი საუბრობს ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების დროს არის მოპოვებული და საქმეს თან ერთვის.

ის ბრალდების ანუ პროკურატურის მტკიცებულებაა და ადვოკატებს მისი გასაჯაროების უფლება სასამართლო პროცესის დასრულებამდე არ აქვთ.

სასამართლო პროცესი  ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15 სექტემბერს, ორშაბათს 13 საათზეა ჩანიშნული.

ხალხის პარტის წევრის ბრალდება ქართულ ოცნებას

 

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს თხოვნით რომ დაასრულოს აჭარაში ის საცირკო მასკარადი რასაც აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ქართული ოცნება ჩადის და დაითხოვოს ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო რამდენიმე გარღვევიდან გამომდინარე. ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო არ ასახავს აჭარის მოსახლეობის უმრავლესობის ნება სურვილს,  ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრები დაკომპლექტებული არიან არაკომპეტენტური ადამიანებით და ფრაქცია “ქართული ოცნება” ჩემი ღრმა რწმენით, ასრულებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური მოძრაობის ფარულ დაკვეთებს“ – განაცხადა ჯუმბერ თავართქილაძემ. 

 

კითხვაზე, რის საფუძველზე მიიჩნევს ჯუმბერ თავართქილაძე რომ „ქართული ოცნების“ წევრები ნაციონალური მოძრაობის „ფარულ დაკვეთებს“ ასრულებს, ის აცხადებს რომ მის ხელთ არსებულ ფაქტებზე იმ შემთხევაში ისაუბრებს თუ რომელიმე ტელევიზია ეთერში სასაუბროდ მიიწვევს.

 

ჯუმბერ თავართქილაძე

ხულოს სამუფთო ქობულეთში მომხდარ ფაქტს აპროტესტებს

 

მათი თქმით, აღნიშნული ფაქტი შეურაცყოფს როგორც მუსლიმ, ასევე ნებისმიერ მართმადიდებელ ქრისტიანს.

 

ბესიკ ბაუჩაძე მუსლიმ მრევლს დახმარებას და გვერდში დგომას შეპირდა. მისი თქმით ეს არის პროვოკაცია და ეს ყველაფერი ხელს აძლევთ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი ქვეყანაში. 

მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

 

„2012 წლის მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა საზოგადოებისათვის, მითუმეტეს პოლიტიკური წრეებისათვის პრაქტიკულად უცნობ ადამიანს არჩილ ხაბაძეს. ვიმედოვნებდით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი შეძლებდა პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდირებას რეგიონის ეფექტურად მართვისათვის, თუმც, აღმოჩნდა პირიქით. ამჯერად, შევეხები რეგიონში პრობლემადქცეულ, როგორც ჩანს, „მარადიულ“ თემას, მამა-შვილის ტანდემს რეგიონის მმართველობაში და ამასთან დაკავშირებით ვსვამ კითხვას: თუკი არ მოგვწონდა მამა-შვილი აბაშიძეები, თუ არ მოგვწონდა მამა-შვილი ვარშალომიძეები, რატომ უნდა მოგვწონდეს მამა-შვილი ხაბაძეები? როცა შვილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა, მამა კი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურის კერძოდ, რეგიონში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსი, რომლის საქმიანობა, წლების განმავლობაში, შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჰყავდა საწარმოთა გაკოტრებაზე და შესაბამისად, ლიკვიდაციაზე მობილიზებული „შინაურული ბრიგადები“, რომელთა შრომის ანაზღაურება, საწარმოთა ლიკვიდაციის შემთხვევაში განისაზღვრებოდა გაკოტრების მასის 3 – 4 % და ფულად გამოსახულებაში შეადგენდა ასი ათასობით ლარს.

 

ჩვენი მოსაზრება და მოთხოვნა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა ჩამოცილებულიყო საწარმოთა მართვის პროცესებს – მიღწეული ვერ იქნა. პირველი სახელისუფლებო კორუფციული ინტერესი კი გამოვლინდა მაშინ, როცა არჩილ ხაბაძე, თანამდებობრივი ნიშნით, აღმოჩნდა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებლის ვიწრო გარემოცვაში, ხოლო შემდეგ მისი შვილის ქორწილში – ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იქიდან დაბრუნებულმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისცა დავალება, რომ შპს „ბათუმის ნავთობგადამამაუშავებელი ქარხნის“ ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულიყო იმ კომპანიების მომსახურეობისათვის, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბიზნესის ამ სეგმენტში. შესაბამისად, მან გასცა ბრძანება, რომ ქარხანას მოეშალა მომსახურებისათვის ხელშეკრულებები ამ კონტრაქტორებთან და ყველა ტექნიკური საშუალება (მათ შორის, რეზერვუარები) სარგებლობისათვის გადაეცა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმისათვის“.

 

ჩვენ გვესმის სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელიც მდგომარეობს ქვეყნის ენერგომატარებლებით მომარაგებაში. გასაგებია ამ კომპანიათა მიმართ ხელშეწყობის აუცილებლობაც და არაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, მათ, მონოპოლიზებული ჰქონდათ ბაზარი და მოიაზრებოდნენ წინა ხელისუფლების ფინანსურ მხარდამჭერებად, მაგრამ ცალსახაა ისიც, რომ დაუშვებელია ეს ხელშეწყობა განხორციელდეს სხვა კომპანიების საქმიანობის ხელშეშლის ხარჯზე.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ფაქტი, რომელსაც ახლა ვასაჯაროებ, გახლავთ ბაზრის მონოპოლიზირების ხელშეწყობის მცდელობა, რომელზედაც განმარტება მოკლებულია რა ყოველგვარ გონივრულ და მყარ საფუძვლებს, ვაფასებ როგორც სახელისუფლებო კორუფციული ინტერესის გამოვლენის ფაქტს და ეწინააღმდეგება ჩვენს წინასაარჩევნო დანაპირებს ბაზარზე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნაზე, რომელიც გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებისა და გაძლიერების აუცილებელი პირობა. სწორედ ამ საკითხებში შეუთანხმებლობა არის ბათუმის ნავთობგადამამუშავაბელი ქარხნის მენეჯმენტზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი. ამ დროისათვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ქარხანაში შეყვანილი ჰყავს მამა ხაბაძის სალიკვიდაციო ბრიგადა და დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით დღემდე და შევეწინააღმდეგებით მომავალშიც.

 

ამასთან, თქვენი ყურადღების მიქცევა მსურს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება მამა ხაბაძეს. კერძოდ, 2012 წლის 2 ოქტომბერს, ანუ, საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს, ბათუმის ნავთობგადამამუშევებელ ქარხანასა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის ფორმდება ქარხნის ბალანსზე რიცხული ბითუმის მზა პროდუქციაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ის პერიოდია, როცა მამა ხაბაძეს, ყველაზე საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენია მისი შვილის სამომავლო წარმატებები და რეალიზაციას უკეთებს საქონლის ერთ ტონას – 78 ლარად, როცა მისი საბაზრო ღირებულება – 700 აშშ დოლარია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის № 44 დადგენილებით დამტკიცებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა. ამდენად, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ საბაზრო და გასაყიდ სახელშეკრულებო ფასს შორის, ქარხნისათვის იგივე სახელმწიფოსათვის დაკარგული სხვაობა დალექილია მის ჯიბეში, სრულიად სარწმუნოა.

 

ის, რომ მამა ხაბაძე ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე ასწრებდა დაწყებული კორუფციული საქმეების დასრულებას, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბითუმის რეალიზაციისას ადგილი ჰქონდა რეზერვუარის ტექნიკურად იმგვარად დაჭრა-დაზიანებას, რომ ეს ძვირადღირებული და საჭირო ტექნიკური საშუალება, დღეს, მხოლოდ, ჯართად თუ გამოდგება.

 

ვასაჯაროებ რა, აღნიშნულ ფაქტებს, დასტურად გაწვდით შესაბამის მტკიცებულებებს და შესაბამის თვალსაჩინოებას. ამასთან, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ საკითხებით”.

 

“ბათუმელები” დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

კონკურსი სტივენ კინგის მოყვარულთათვის

 

სტივენ კინგი

 

12 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, მკითხველმა  სტივენ კინგს წერილობით უნდა მიულოცოს  დაბადების დღე. მისალოცი ბარათები ავტორებმა „წიგნები ბათუმშის“ წინ განთავსებულ საფოსტო ყუთში უნდა დატოვონ. თუ კონკურსში მონაწილეობის სურვილი სხვა ქალაქებში მცხოვრებლებსაც გაუჩნდებათ, წერილები წიგნის მაღაზიაში ფოსტით უნდა გაგზავნონ.

 

საუკეთესო წერილის ავტორი 21 სექტემბერს, დილის 10:00-ზე გამოვლინდება.

 

„ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი მისალოცის ავტორს ელის ძალიან კარგი საჩუქარი ჩვენი მაღაზიისგან – თქვენ თავად ამოირჩევთ კინგის ქართულენოვანი გამოცემებიდან 3 ნებისმიერ წიგნს და რაც მთავარია, მთელი წლის განმავლობაში გამოსულ კინგის თარგმანებს გამოსვლისთანავე უფასოდ მიიღებთ,“ – ნათქვამია წიგნების მაღაზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. 

ქობულეთში მუსლიმანური სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებენ

 

„სახლში, რომლის წინაც აქცია გავმართეთ უნდა გახსნან მედრესე, რისი წინააღმდეგიც ვართ ჩვენ. ლერმონტოვის ქუჩაზე ყველანი ვართ ქრისტიანები, როგორ შეიძლება აქ იყოს სამლოცველო, რომელიც იქნება მუსლიმანური. ჩვენ არ ვებრძვით რელიგიას, გაშიფრე ეს კარგად. არცერთი აქციის მონაწილე რელიგიის წინააღმდეგი არ ვართ. სათუთად მოვეპყრობით ყველას, ვენაცვალე მე მათ რელიგიურ შეხედულებებს, მაგრამ ჩვენ ქრისტიანული სარწმუნოების ხალხი ვართ, არ არის ჩვენს შორის მუსლიმანური მლოცველი და  აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგებით ჩვენს შორის სამლოცველოს მშენებლობას. წავიდნენ გენაცვალე პატარა ტრიალ მინდორში ააშენონ სახლი,  ან იქ ააშენონს სადაც მეტი მიმდევარი ჰყავს მუსლიმანურ სარწმუნოებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან საუბარში“ აქციის მონაწილე ჟუჟუნა კალაძე.

 

ამ დროისათვის აქცია დაშლილია. ქობულეთში იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს. 

 

კომკავშირელი, რომელსაც გადასახლების ცნობა მიჰქონდა

22 წლის კომკავშირელი სტუდენტი, რეპრესიების მსხვერპლ ოჯახებში საზოგადოების წარმომადგენლის სახელით შედიოდა.

„გადასასახლებელ ოჯახში შედიოდა ორი ჯარისკაცი, ორი პოლიციელი, ერთი ოფიცერი და ერთიც მოქალაქე, რომელიც აუცილებლად პარტიის წევრი უნდა ყოფილიყო. მე კომკავშირელი ვიყავი, სტუდენტი და დამიძახეს“, – გვეუბნება ის. საბჭოთა მთავრობის უწყება ვახტანგ მაკარაძემ პირველად ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ოჯახში მიიტანა, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.

„ერთსართულიანი შენობა იყო, ახლანდელი მელიქიშვილის ქუჩაზე. ღამის ორი საათია,  დეკემბერია და საშინლად ცივა. სინათლე ანთებული იყო და ბარგი შეკრული. ბავშვებს ეძინათ. დაგვინახეს და ატირდნენ. პასპორტის მიხედვით, ირანის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ქართულად საუბრობდნენ. მამაკაციც ტიროდა და ამბობდა, რამდენჯერ ვუთხარი დედაჩემს არ დამიჯერა, ადგეს ახლა საფლავიდან და წამომყვეს გადასახლებაშიო. ალბათ, დედის გამო ცხოვრობდა აქ“.

1951 წელს რეპრესიის მანქანა პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებ მოხუც ქალსაც მიადგა. კომკავშირელი სტუდენტი ამ დროსაც მოქალაქის სტატუსით წარსდგა ოჯახის წინაშე. ისევ დეკემბერი იდგა:

„ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში 12 საათზე შეგვკრიბეს და გაგვაფრთხილეს, თუმცა ვის ასახლებდნენ, არ უთქვამთ. პუშკინის ქუჩაზე, სტალინის ყოფილი სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს, ერთ სახლში მოგვიწია მისვლა. დავაკაკუნეთ რამდენჯერმე, მაგრამ კარი არავინ გაგვიღო. მეზობელი ქალი გამოვიდა და გვითხრა, სახლში ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობს, მხატვარი შვილი ახლახანს გარდაეცვალა, ერთი შვილი კი ურალშია სავაჭროდ წასულიო. სომეხი ქალი იყო, 60 წელს გადაცილებული, დაგვინახა და მორთო ტირილი, მაგრამ ვინ უსმენდა, ჩასვეს მანქანაში. დივანზე ლამაზი მუთაქა იდო, ხელი დავავლე და ძალიან მემძიმა, რომ მოვქაჩე, თასმა გაიხსნა და 100-იანების დასტა გადმოცვივდა. სინდისს გეფიცებით, 22 წლის ვიყავი, მაგრამ ხელი არ მომიკიდია. ფული უკან ჩავაწყვე და ქალს მანქანაში მივაწოდე. არ ვიცი, ის ქალი ცოცხალი ჩავიდა თუ არა ყაზახეთში, მაგრამ მე ჩემი გავაკეთე“.

ვახტანგ მაკარაძე ამბობს, რომ მოხუცი ქალის ქონება ფინანსთა სამინისტრომ აღწერა და წაიღო.

ვახტანგ მაკარაძემ კომკავშირული მისია მესამედ თავის სოფელში – ოლადაურში შეასრულა. „ჩემი სოფლიდან 14 ოჯახი გაასახლეს, ყველა მაკარაძე. ეს დღე ყველაზე საშინლად მახსენდება. მაშინ სოფელში სამანქანე გზა არ იყო და ხალხს ზურგით, მარხილით უწევდა ბარგისა და სანოვაგის ტარება. 25 კილომეტრი ამ ყოფაში ფეხით გაიარეს“.

რას ფიქრობდით იმ ადამიანებზე – ორსულებზე, ჩვილებზე, მოხუცებზე, ვინც ამ რეპრესიების მსხვერპლი გახდა? გქონდათ თანაგრძნობა მათ მიმართ? – ამ კითხვის პასუხად ამბობს, -„როგორ არა, ძალიან მეცოდებოდნენ“.  ვახტანგ მაკარაძე ამბობს, რომ უარის თქმა დავალებაზე, არ შეეძლო, რადგან „მე, როგორც პარტიის წევრსა და კომკავშირელს, ამ ნიშნით მეძახდნენ, თუ უარს ვიტყოდი, დამიჭერდნენ“.

ვახტანგ მაკარაძე ცდილობს ამ პროცესში მისი მონაწილეობის დადებითი მხარე გვაჩვენოს: „აი, იმ კაცს, პატარა ბავშვები რომ ჰყავდა, არაფერს ატანდნენ. მოხელე კაცი იყო და სამუშაო იარაღების წაღება უნდოდა. მე ავუხსენი ჯარისკაცებს, რომ ის ოსტატი იყო და მხოლოდ ამით შეეძლო არსებობა. დამიჯერეს და გაატანეს იარაღები. თქვენ არ იფიქროთ, მე ვამართლებდი ამ გასახლებას, ის ოჯახები ოლადაურიდან რომ გაასახლეს, 200 წლის წინ, ტაო-კლარჯეთიდან იყვნენ ჩამოსულები. ესეც ხომ საქართველოა?  მაშინდელმა გაუნათლებელმა უშიშროებამ და პოლიციამ კი ჩათვალა, რომ ისინი თურქეთიდან იყვნენ გადმოსულები, ხედავთ რამხელა შეცდომაა?“

შეცდომების აღიარების მიუხედავად, ვახტანგ მაკარაძე რეპრესიებში სტალინის როლის მინიმალურ წარმოჩენას ცდილობს: „ისინი სტალინს არ გაუსახლებია, რუსეთის მთავრობამ გაასახლა“. კითხვაზე, სტალინი არ იყო რუსეთის მთავრობა? – ასე პასუხობს: „იყო. პოლიტბიუროს 17 წევრიც მთავრობა იყო, რას წყვეტდა ორი ქართველი იქ“.

გქონიათ შესაძლებლობა, ან რომ გქონოდათ, გააფრთხილებდით ადამიანებს გადასახლებამდე, იქნებ თავი დაეღწიათ ამ ტრაგედიისთვის?  – ვახტანგ მაკარაძე პასუხობს: „წინასწარ არაფერი ვიცოდით. ვინმეს გაფრთხილების შემთხვევაში კი ათწლიანი ციხე გველოდა“ .

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი: „ყველაფერს ბოლოს ვიგებ“

 

რუსლან ქორიძე


– ბატონო რუსლან, აპარატის უფროსის თანამდებობაზე შეთავაზება პირადად არჩილ ხაბაძისგან მიიღეთ?

– დიახ, ასე იყო. როცა თქვენ დამირეკეთ და მკითხეთ ამის შესახებ, მართლა არაფერი ვიცოდი, ყველაფერს ბოლოს ვიგებ. თქვენ საიდან გაიგეთ?! (ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ რუსლან ქორიძესთან სცადა. მაშინ მან ინფორმაცია უარყო, თუმცა ორი დღის შემდეგ თანამდებობაზე დაინიშნა.  ავტორის შენიშვნა).

 

– რა გეგმები გაქვთ, რას შეცვლით მთავრობის აპარატის მუშაობაში?

– გექნებათ ინფორმაცია, რომ აქ რეორგანიზაციაა დაგეგმილი. რეორგანიზაციის მიზანია ის, რომ უფრო მოქნილად იმუშაოს აპარატმა. გარდა ამისა, გაკეთდეს ანალიზი იმისა, რასაც აკეთებს მთავრობა. მოკლე პერიოდში უნდა მივიდეს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარემდე. დაგეგმილია ორი დეპარტამენტის დამატება. აქედან გამომდინარე ალბათ კადრებსაც დავამატებთ.

 

ეფექტურად მუშაობის  მოტივით  გააუქმეს და გააერთიანეს რამდენიმე დეპარტამენტი თვითმმართველობის არჩევნებამდე…

– როდის? – არ ვიცოდი ამის შესახებ. ამ ორი ახალი დეპარტამენტიდან ერთი იქნება ეკონომიკური საბჭოს მსგავსი დეპარტამენტი, მეორე კი ანალიზისა და ინვესტიციების დეპარტამენტი. ეს იქნება ძირითადი მიმართულებები, თუმცა ჯერჯერობით მუშა პროცესია და არ არის გამორიცხული კიდევ რამე შეიცვალოს.

 

– მიიჩნევთ, რომ ამ ორი დეპარტამენტის დამატება დადებითად აისახება აპარატის მუშაობაზე?

– რაც მე ამ დრომდე დავინახე, აქ პროფესიონალები მუშაობენ, მათ აქვთ დიდი გამოცდილება. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ  რისი გაკეთება შეიძლება კიდევ იმისთვის, რომ უკეთ და გამართულად იმუშაოს აპარატმა. აქედან გამომდინარე ეს ორი დეპარტამენტი რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება. ინფორმაციას მოვიძიებთ და უფრო სწრაფ ტემპებში მოხდება მისი დამუშავება და მიწოდება. მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგი მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

 

– ანუ ამ კუთხით იყო პრობლემა?

– პრობლემა არა მგონია, მაგრამ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებაზეა საუბარი. მე ბოლო ერთი წელი მერიაში ვმუშაობდი და იქ გადასული ვიყავით დოკუმენტების ელექტრონულ წარმოებაზე, რაც აადვილებდა მუშაობას. აქაც იმავე სისტემის დანერგვას ვგეგმავ. სექტემბერში ვყიდულობთ ახალ აპარატურას. ასევე, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ტრენინგები უკვე გავლილი აქვთ და პროგრამა როგორც კი ჩაიტვირთება, ჩვენც გადავალთ ახალ სისტემაზე. სხვა საკითხებშიც მაქვს ჩემი მიდგომები, რაც შესაძლებელია ასევე პროგრამული უზრუნველყოფით შევძლოთ. ამით განიტვირთება ხალხი, თან მეტი სამუშაო შესრულდება.

 

– ახალი კადრების მოყვანას არ აპირებთ?

– არა, არ ვაპირებ.

 

– აპარატის ყოფილი უფროსი ირაკლი ჭეიშვილი ხარჯების შემცირებაზე საუბრობდა. ამ მიმართულებით რაიმე შეიცვლება?

– გადავხედე აუდიტის მიერ მომზადებულ პირველი ექვსი თვის ანგარიშს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში შენიშვნები თითქმის არ არის. წელი რომ დამთავრდება, ისევ შეგვამოწმებენ და ეს ძალიან კარგია. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორება დროის მოკლე მონაკვეთში უნდა შევძლოთ. როცა ტენდერი ტარდება, იქ შესაძლებელია ეკონომიის გაკეთებაც. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ამ თანხით რაღაცის გაკეთება გინდა და არ ფიქრობ მობილურების შეძენაზე. კომპიუტერების შეძენა აუცილებელია, რადგან 2006-2007 წლის შემდეგ არ შეუძენიათ.  დაახლოებით 30 000 ლარია ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. მხოლოდ სავარძლების შესაძენად 20 000 ლარია გათვალისწინებული. ამ დრომდე არაფერი შეუძენიათ, შეიძლება იმიტომ, რომ მოლოდინში იყვნენ სხვა შენობაში უნდა გადასულიყვნენ. ჩემი მიდგომაც ასეთია, თითო კაპიკი უნდა დავითვალოთ, რომ ფული დაიხარჯოს მიზნობრივად.

 

– არჩილ ხაბაძისთვის ყიდულობთ ახალ სავარძელს?

– არა. არაფერს ვყიდულობთ მთავრობის თავმჯდომარისთვის. სავარძელს ვყიდულობთ მხოლოდ მათთვის, ვინც ძალიან ძველ სკამზე ზის. არც ჩემთვის ვყიდულობთ. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მხოლოდ ჩემს კაბინეტში და  არჩილთან არის ნორმალური მდგომარეობა. მეც ჩამოვიარე და ვნახე. შეიძლება ზოგი იტყვის, რა დროის  ავეჯიაო, მაგრამ თანამშრომელი რომ მოდის და  ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ჩამოინგრეს რაღაც ან სკამი წაიქცეს უცებ, ასეც არ შეიძლება.

 

– თქვენი უშუალო ფუნქცია მხოლოდ აპარატის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა?

– აპარატმა ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის გამართულად მუშაობას. აპარატის უფროსი ხელმძღვანელობს მიმდინარე საქმიანობას და კოორდინაციას უწევს მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. აქედან გამომდინარე მონიტორინგს ახორციელებს და ზედამხედველობას უწევს მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი რგოლი სამინისტროებთან და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობებში.

ვინც ჩაეწერება კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს ორიდან ხუთ საათამდე შევხვდებით დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლოა თავმჯდომარეც იყოს. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, პრობლემების გადაჭრაში დავეხმარებით მოსახლეობას.

 

– ბოლო პერიოდში უმაღლეს საბჭოსთან დაპირისპირებაზე თქვენი მოსაზრება როგორია?

– ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი დეპარტამენტი, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მეც მაწვდიან. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად და კარგად გადაწყდება. ჩემი მიდგომაა და დეპარტამენტის უფროსებს, ასევე სხვა თანამშრომლებსაც ვუთხარი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ საქმე, რომელიც გვავალია. გავაფრთხილე თანამშრომლები, რომ ვერ ავიტან, თუ დავინახავ, რომ დღეს გასაკეთებელი ხვალისთვის გადადო ვინმემ. სადაც მიმუშავია, ყოველთვის ვხედავდი, რომ ეს ეფექტური მიდგომაა და საქმე გამოდის ასე. თუ მივუდგებით ისე, რომ ხვალაც გაკეთდება და არაა სასწრაფო, ასე წინ ნამდვილად ვერ წავალთ.

 

– თქვენს გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ…

– 1988 წლიდან საბანკო სექტორში ვიყავი, ვმუშაობდი „ბინ სოს“ ბანკში, რომელიც ახლა „საქართველოს ბანკია“. დავიწყე რიგით თანამშრომლად, ბოლოს საოპერაციო განყოფილების უფროსად დამნიშნეს. 1993 წელს გადავედი საზღვაო ბანკში, სადაც 2004 წლამდე ვიმუშავე. არჩილ ხაბაძე ამ დროს საზღვაო ბანკში სულ სხვა განყოფილებაში მუშაობდა და ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ის იყო საკრედიტო განყოფილების უფროსი, თუ არ ვცდები. ამის შემდეგ მე „ლიბერთიშიც“ ვმუშაობდი, თითქმის ყველა ბანკი მოვლილი მაქვს. საბანკო სექტორში მუშაობის 22-წლიანი სტაჟი მაქვს.

 

– „ქართუ ბანკში“ დატვირთეთ ქონება იპოთეკით, როდესაც არჩილ ხაბაძე იყო მენეჯერი, ასეა?

–  კი ბატონო, მაშინ ყველაზე მისაღები პირობები ამ ბანკში იყო. ქონება დავტვირთე და ავაშენე პატარა საოჯახო სასტუმრო. თუმცა ეს საკითხი მაინც სათავო ოფისთან თანხმდებოდა. იქედან რომ არ მოსულიყო დადებითი პასუხი, სესხს ვერ გამოვიტანდი. იპოთეკით დავტვირთე მამაპაპისეული ნაკვეთი კვარიათში. კვარიათში ვცხოვრობ. სადაც ვცხოვრობ, იქვეა სასტუმროც. ახლა იჯარით მაქვს გაცემული.  სასტუმროს „გრინი“ ჰქვია.

 

– რამდენია აპარატის უფროსის ხელფასი?

–  2130 ლარი.

მსხვერპლი ქალები

 

მარიამისა და ეკატერინეს (სახელები პირობითია) უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ბოლქვაძის განმარტებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დამცავი კანონი არსებობს, თუმცა კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტებია მისაღები. სასამართლოში სარჩელის გაგზავნამდე წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასაც გაუგზავნეს. პასუხად მიიღეს, რომ მთავრობა სამართლებრივ რეგულაციებს მიიღებს, თუმცა როდის, ჯერ უცნობია. „იდენტობის“იურისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი უკვე 15 წელია ძალადობის მსხვერპლია. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. 

 

როცა მას ქმარი სცემდა, პატრულიც გამოიძახა, თუმცა თავშესაფარში ცხოვრების უფლება ვერ მიიღო, რადგან პატრულის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა საჭიროდ არ ჩათვალეს. საპატრულო პოლიცია ვალდებული არ არის განმარტოს, რატომ არ წერს შემაკავებელ ორდერს. ქალი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახლაც ქმრის, ანუ მოძალადის სახლში ცხოვრობს. სხვაგან წასასვლელი არ აქვს, თავშესაფარში კი მას სტატუსის გარეშე არ იღებენ.
„იდენტობის“ იურისტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ბევრია და ქალთა მიმართ ძალადობის რეალური სტატისტიკა საგანგაშოა. 

 

მარიამი და ეკატერინესახელმწიფოს სამართლებრივი რეგულირების მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვით შესაძლებელია სტატუსის დადგენა.

 

სახელმწიფო თავშესაფარი

შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლს ათავსებენ სამი თვით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს სამი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი; შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი წერს და დამცავი ორდერი, რომელსაც სასამართლო გასცემს. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 309 903.

 

ამ ნომერზე დარეკვის დროს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახლა თავშესაფარში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობს, რადგან მუდმივმოქმედი საბჭოს მუშაობა აპრილიდან შეჩერებულია.
ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ამბობს, რომ დროებით შეჩერებულია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობა, რომელთანაც ფუნქციონირებდა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ანუ თუ, მაგალითად, ეკატერინე ფიქრობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ არ სურდა პოლიციისთვის მიმართვა ან პოლიცია არ მიიჩნევდა საჭიროდ შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ეკატერინე წერილობით ამ საბჭოს მიმართავდა, საბჭოს წევრები კი ადგენდნენ, იყო თუ არა ნამდვილად განმცხადებელი ძალადობის მსხვერპლი. საბჭოს წევრებს ათეულობით ადამიანი მიმართავდა და ელოდა მის გადაწყვეტილებას. ეს მათთვის თავშესაფრის მიღების ერთადერთი გზა იყო, მაშინ როცა მსხვერპლი არა არის მზად დაურეკოს პოლიციას ან ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს.

 

ანნას ინფორმაციით, როცა საბჭოს რიგში ათეულობით ადამიანი მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ელოდა, საბჭომ მუშაობა შეაჩერა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ საბჭომ მუშაობა დროებით შეაჩერა. როდის განაახლებს მუშაობას, ან ვინ იქნებიან ამ საბჭოს წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის 100-მა მსხვერპლმა (2013 წლის სტატისტიკა) ისარგებლა თავშესაფრით, სამედიცინო მომსახურებით – 37-მა მოქალაქემ, ფსიქოლოგიური დახმარება 76 მსხვერპლს გაეწია, ხოლო იურიდიული კოსნულტაცია 30-მა მიიღო. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არის ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და გორში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა შესახებ სტატისტიკა ასეთია: 32 სრულწლოვანი, 2-არასრუწლოვანი, სექსუალური ექსპლუატაცია- 5, თავშესაფრით ისარგებლა 6-მა, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს 10 მოქალაქეს, ფსიქოლოგიური დახმარება – 5 ადამიანს, სამართლებრივი კონსულტაცია 7-მა პირმა, ხოლო კომპენსაცია 21 ადამიანმა მიიღო.

 

ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

ქალი, რომელსაც გარკვეული შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, პრობლემაზე საჯაროდ საუბარს ერიდება, რადგან იცის, რომ მისთვის არაფერი შეიცვლება. მასზე ოჯახის წევრები ძალადობენ. თავშესაფარი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლს შეიფარებს, საქართველოში არ არსებობს. „სახელმწიფო ფიქრობს, რომ ასეთ ადამიანებს ოჯახის წევრებმა უნდა მოუარონ, მაშინაც კი როდესაც ეს ოჯახის წევრი ამ ქალზე ძალადობს და ასეთ ქალებს არანაირ დახმარებას არ სთავაზობს, რითაც ფაქტობრივად გახანგრძლივებული და უწყვეტი ძალადობის ციკლში ამყოფებს მათ“, _ ამბობს ანნა არგანაშვილი. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს არ იღებს.

 

ძალადობა პლაჟზე და ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება

„მოქალაქეებმა სახელმწიფო აიძულეს დაეწყო რეაგირება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე. მსგავსი ფაქტი აქამდე არ გვქონია, ფაქტობრივად, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი… ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფო რამდენად სერიოზულად შეხედავს ასეთ ფაქტებს და როგორ რეაგირებას მოახდენს, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები გააძლიერებენ ზედამხედველობას იმაზე თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ კუთხით“, – ამბობს ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ბათუმის პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.

 

თვითმხილველების თქმით, გასულ კვირას ზღვის სანაპიროზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფატმა, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა (სახელი პირობითია) საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა სცემა. „მამაკაცმა ჩვენ თვალწინ უმოწყალოდ სცემა მისი პარტნიორი. როგორც დაზარალებული ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე, ემუქრებოდა იარაღით“, – ამბობს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, რომელიც ინციდენტს შეესწრო.
ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი, თამთა ჩუმაშვილი ყვება, რომ ნაცემმა ქალმა გონება დაკარგა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. თვითმხილველებმა პატრული გამოიძახეს. შს სამინისტროს განმარტებით, ბათუმში, პლაჟზე ქალის ცემის ფაქტზე დაზარალებული გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, „რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა“.

 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფატმამ უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევისა და თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი. მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა. დაზარალებულ ქალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.

 

ანნა არგანაშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოძიების ეტაპზე არ არის სენსიტიური ქალთა მიმართ ძალადობაზე. მას მიაჩნია, რომ `მაშინ იწყებს სახელმწიფო ფიქრს, როცა ძალადობის ფაქტი ხდება, ან ძალადობა მკვლელობით სრულდება. პრევენციისთვის ვერაფერს აკეთებს”. ანნას მოსაზრებით, სამართალდამცავები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება: „თუ ზოგადად ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სამართალდამცავები აქტიურად ეძებენ დანაშაულის ნიშნებს და მტკიცებულებებს, ქალის წინააღმდეგ დანაშაულის დროს, როგორც წესი, ქალმა უნდა ამტკიცოს ნამდვილად რომ იძალადეს მასზე და პოლიციელი ხშირად უმნიშვნელოდ მიიჩნევს ამ ფაქტს. უფრო მეტი, გამოძიების დაწყების მიზეზს ვერ ხედავს და კმაყოფილდება გაფრთხილების მიცემით მოძალადისთვის ან მოძალადის მხარეს დგება და ქალს მოუწოდებს “ცოლ-ქმრული” მოვალეობის შესრულებისკენ. ასევე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტის არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოძალადე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია“.

 

შს სამინისტროს სტატისტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 122 ფაქტი დაფიქსირდა. ფიზიკური ძალადობის – 77, ეკონომიკური – 12, იძულება – 19, სექსუალური – 1 და სხვა- 1.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
მოძალადე მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკში. მსხვერპლ მამაკაცებში ყველაზე დიდი წილი 45 წლის ზღვარს ზემოთ მყოფებზე მოდის, ხოლო მსხვერპლ ქალებში -25-44 წლის შუალედში. ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის- 10%. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ბოლო ადგილზეა – გურია (9 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე დაბალი-კახეთში (0,4).

 

2013-2014 წლებში (2014 წლის 6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო 310 პირის მიმართ, აქედან 289 – მამაკაცი და 21 – ქალია. დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი-372. ამავე პერიოდში, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობით, საქართველოს რეგიონებს შორის, მეტი დაზარალებული ფიქსირდება კახეთში (85 პირი), ნაკლებად გურიაში (4 პირი). რეგიონების მიხედვით, ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართ განხორციელდა დევნა, ყველაზე მეტი დაფიქსირდა თბილისში (48 პირი), ხოლო ყველაზე ნაკლები – გურიაში (1 პირი); ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულია 18 მცირეწლოვანი და 18 არასრულწლოვანი.

სახალხო დამცველი

2014 წლის იანვრიდან 4 სექტემბრამდე, ქალთა მკვლელობის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

აგროდაზღვევის პროექტი ფერმერებისთვის

 

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.  შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიანა მორგოშია წარმართავს.

 

შეხვედრაზე მოსულ მეციტრუსეებს გადაეცემათ საინფორმაციო ფურცლები აგროდაზღვევასთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება განაცხადების მიღება.  აგრეთვე შეხვედრაზე მოსულ ყველა პირს, რომელსაც  ჰყავს 7 წლამდე ასაკის ბავშვი,  საჩუქრად გადაეცემა საბავშვო წიგნები.

 

შეხვედრის პარალელურად გაიმართება ფოტო გამოფენა ციტრუსის თემაზე, მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.

 

1 ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,5 ლარიდან 5 ლარამდე დაუჯდება

 

აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო დააფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (70%-დან 90%-მდე). მაგალითისთვის, 1 ტონა მანდარინის დაზღვევა ფერმერს მხოლოდ 2,5 ლარიდან 5 ლარამდე დაუჯდება, პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს. „ჯიპიაი“-ს წარმომადგენლები ადგილზე დაიწყებენ განაცხადების მიღებას. პოლისის გაფორმებას კი ერთი სამუშაო დღე დასჭირდება.

 

ცისტრუსის დაზვევა შემდეგი რისკებს მოიცავს: საშემოდგომო ყინვა, სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი. თუკი მოსავალი რომელიმე ამ სტიქიური მოვლენის შედეგად განადგურდა, ზარალს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გადაიხდის.

 

აჭარაში ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ჩამოვიდა

 

ტურიზმი
ტურიზმი

სტატისტიკის მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და პოლონეთი. გასულ წელთან შედარებით პროცენტული ზრდის მაჩვენებლებით კი გამოირჩევა ყაზახეთი (+63,4%), რუსეთი (+37,6%), სომხეთი (36,8%), აზერბაიჯანი (+35,7%), ბელორუსია (+35,7%), პოლონეთი (+28,4%), უკრაინა (+17,6%), ლიტვა (14,5%). სასტუმროების მონაცემებით აჭარას სულ 344 274 ტურისტი სტუმრობდა.

 

ეს მონაცემები არ შეიცავს კერძო სექტორში განთავსებულ ტურისტთა რიცხვს, სადაც წელს განსაკუთრებული სიმრავლე შეიმჩნეოდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს სტატისტიკური კვლევის ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა, რომელიც სამომავლოდ კერძო სექტორსაც მოიცავს.

 

დამატებითი მოკვლევა ჩატარდა საქართველოს შსს-ს საზღვრის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. ბათუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენებით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა იანვარ-აგვისტოს მონაცემებით 30%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით, ხოლო 11%-ითაა გაზრდილი ბათუმში საზღვაო ტრანსპორტით შემოსულ უცხოელ მგზავრთა რაოდენობა.

 

საზღვრის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა შემდეგი ქვეყნები: უკრაინა (+101%), ბელორუსია (+86%), პოლონეთი (+80%), აზერბაიჯანი (+38%), ყაზახეთი (+28%), რუსეთი (+15%), ისრაელი (+9%). განსაკუთრებული ზრდის მაჩვენებლები აქვს კუვეიტს (+149%) და საუდის არაბეთს (+67%). გასულ წელთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა ასევე ევროპის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების სტატისტიკაში : ესტონეთი (+186%), დიდი ბრიტანეთი (+57%), ლიტვა (+39), გერმანია (+ 21%).

„თავისუფალი თეატრის“ გასტროლი ბათუმში

 

„თავისუფალი თეატრი“ ბათუმში გასტროლს მართავს. 10-13 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში ოთხი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. 

 

გუშინ 10 სექტემბერს უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“ წარმოადგინეს, დღეს 11 სექტემბერს კი მაყურებელს ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი“ს ნახვა შეეძლება.

 

12 სექტემბერს თავისუფალი თეატრის“ დასი ითამაშებს ავთო ვარსიმაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!“.

 

13 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება ავთო ვარსიმაშვილის რეჟისურით დადგმული ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“.

 

ბილეთის ფასი 10, 8, 6 და 5 ლარია.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ვგმობ პროვოკაციას, რომელიც ქობულეთში მოხდა

 

რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები.

 

ეს პროვოკაცია, ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.

 

მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით”.

მუსლიმანური ორგანიზაცია ბოდიშის მოხდას მოითხოვს

 

„ღორი რომ დაკლეს და კარებზე მიაჭედეს, პოლიციაც იქ იმყოფებოდა, თუმცა მას რეაგირება არ გაუკეთებია. ამიტომ მომხდარის გამოსაძიებად დღეს პოლიციას მივმართეთ, რომ გამოავლინონ დამნაშავეები და ბოდიში მოუხადონ მუსლიმან მრევლს“ – ამბობს „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე.

 

 

რაც შეეხება ქობულეთში მუსლიმანური პანსიონატის გახნის ლიცენზიის საკითხს, რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მათ ლიცენზია არ სჭირდებათ:

 

 „იმიტომ, რომ ჩვენ იქ სასკოლო განათლება არ გვექნება. მე მჭირდება საბუთი, რომ შენობა ნამდვილად ჩემია და მოგვეპოვება კიდეც. მსგავსი პანსიონატი სხვაგანაც გვაქვს გახსნილი, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია, ასეთი ფაქტი და მუსლიმანების ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა“. 

ქობულეთში ღორის თავი კარიდან ჩამოხსნეს

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ის ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ კერძო საკუთრებაზე, ღორის თავი მიამაგრა სიმართლე არაა, მათი თქმით, ღორი ხორცის საჭმელად დაკლეს. ღორის თავის სახლის კარზე მიმაგრების ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები დღეს აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. 

შეგახსენებთ, რომ დილით მოსახლეობამ ქობულეთში საპროტესტო აქცია მოაწყო და გზა გადაკეტა. მოსახლეობის თქმით მათი საცხოვრებელი სახლის გვერდით, მუსულმანური სასწავლებელი შენდება. მოსახლეობა ეჭვობს, რომ აქ მეჩეთიც აშენდება. ისინი აჭარის  მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ, რომ სასწავლებლისა და მეჩეთის გახსნის ნებართვა არ გასცენ, რადგან, მათი თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის ხალხი ცხოვრობს.

 „ისლამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არ გვინდა ჩვენმა ბავშვებმა უსმინონ მათ ლოცვას, მეჩეთისა და სასწავლებლის გახსნა ჩვენი ბავშვებისთვის მიუღებელი იქნება“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში ადგილობრივმა მოსახლეობამ.

ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა ურთიერთობის“ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძის ინფორმაციით ქობულეთში ლერმონტოვის #13-ში სამსართულიანი შენობა ორანიზაციას სასულიერო პანსიონატის გახსნის მიზნით აქვს ნაქირავები, სადაც ბავშვები ღამეს გაათევენ და ისლამურ სასულიერო სწავლების პარალელურად ივლიან საჯარო სკოლებში.

„არანაირი მეჩეთი და მინარეთი მანდ არ კეთდება. ეს იცის მოსახლეობამ, აჭარის მთავრობამაც და მუნიციპალიტეტის გამგეობამაც“ – განუცხადა „ბათუმელებს“ რამაზ კაკალაძემ. 

 

ქობულეთი, ლერმონტოვის ქუჩა #13

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ამ ინფორმაციის გავრცელება მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„ალექსანდრე ჩიტიშვილს მინდა შევახსენო, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირია და მოვუწოდებ, შეგნებულად ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც თავადაც კარგად იციან რომ სიცრუეა, მხოლოდ მათივე მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. ჩემთვის ნამდვილად არაკომფორტულია ჩიტიშვილის დემაგოგიურ განცხადებაზე კომენტარი. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობიდან კომპეტენტური საჯარო ინფორმაცია არათუ საკანონმდებლო ორგანოს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც დადგენილ ვადაში ეგზავნებათ. აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი საჯაროა და უმაღლესი საბჭო დეტალურად ფლობს აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას. 

 

სამინსიტროს მიერ საკანონმდებლო ორგანოს, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაცია 2013 წელს სავარაუდო საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალთან დაკავშირებით, დეტალურად მიეწოდა. რაც შეეხება იმ წერილს, რომელშიც უმაღლესი საბჭო ითხოვდა ინფორმაციას აჭარის. ა.რ. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.
ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის შესაბამისად, აჭარის ქონება იქმნება სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ გადმოცემული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახსრებით შეძენილი და სხვა ნებადართული შემოსავლებით შეძენილი ქონებით. რის შესახებ ინფორმაციაც სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს დეტალურად მიაწოდა. საკანომდებლო ორგანოსთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია იმ დროისთვის არსებული უძრავი ქონების რაოდენობა, რაც შეადგენდა 2373 ობიექტს.

 

აქვე განგიმარტავთ, რომ აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების გარკვეული ნაწილის პრივატიზება, ნაწილის თვითმმართველი ერთეულისთვის ან სახელმწიფოსთვის და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სარგებლობაში გადაცემა, ცოცხალი პროცესია. ყოველდღიურად შეიძლება განხორციელდეს უძრავი ქონების დაყოფა, რის შედეგაც ახალი საკადასტრო ერთეული მიიღება. რაც ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონება შეიძლება დაიყოს ათეულობით ერთეულად, რისი მონაცემებიც არათუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, არამედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაც კი არა აქვს. აღნიშნული ქონების ბაზა დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც ინფორმაციას, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იღებს. ამდენად უმაღლეს საბჭოსაც სწორედ საჯარო რეესტრისთვის უნდა მიემართა.
შესაბამისად, ჩიტიშვილისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ტექნიკურად რთულად დასამუშავებელია, აბსოლიტური სიზუსტეა.

 

აქვე დავამატებ, რომ სამინისტრომ გამოხატა მზაობა და დახმარების სურვილი უმაღლესი საბჭოსთვის და შესთავაზა საკანომდებლო ორგანოს კონკრეტული სექტორი მიეთითებინათ წერილში და სამინისტრო თავად სთხოვდა საჯარო რეესტრს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას, ან საკუთარი ტექნიკური საშუალებებით დაამუშავებდა მას. რის შესახებაც მოთხოვნა სამინისტროში დღემდე არ შემოსულა.
ალექსანდრე ჩიტიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამოიჩინოს უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა და სიცრუეზე არ ააგოს თავისი ბრიფინგები.
დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ მოგაწოდოთ აღნიშნული კორესპონდენციის სრული ასლები.“

მუფთი: შეწუხებული და შეურაცხყოფილები ვართ

 

როგორც ჯემალ პაქსაძემ განმარტა, ის ახლა მოსახლეობას ხვდება და სხვა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს. 

ქობულეთში მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს

 

 

კადრებში, რომელიც “ბათუმელებს” აჭარის ტელევიზიამ მიაწოდა, ასევე ჩანს, რომ მოსახლეობა სასწავლებლის მშენებლობას აპროტესტებს და ამის გამო გზის გადაკეტვა სცადეს.

 

ქობულეთის გამგებლის განმარტებით, მედრესეს მშენებლობა უკანონოა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, კი ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ჯერ შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად არც გამოძიება ან მოკვლევა დაწყებული არ არის.

 

ჩიტიშვილი: არჩილ ხაბაძის განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, განსაკუთრებით კი მის ბოლო ნაწილს, სადაც საუბარია დესტაბილიზაციაზე და პირდაპირი მოწოდებაა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მოქმედება. კიდევ კარგი მის პირად დაქვემდებარებაში არ არის არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა, თორემ უკვე ბორკილებს დაგვადებდა. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე, აზრის თავისუფალად გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა და ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს კოალიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მარტო ეს საკითხი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, -განაცხადა ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:  როგორც მოგეხსენებათ, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია ქონების განკარგვაა, უმაღლესი საბჭოსი კი -მთავრობის საქმიანობის კონტროლი. 2013 წლის პირველ მარტს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი თავართქილაძეს კომისიის სახელით მივმართეთ და სხვადასხვა საკითხებთან ერთად მოვითხოვეთ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა. 20 მარტს ვღებულობთ პასუხს ბატონი დავით ბალაძის ხელმოწერით, სადაც პასუხი გაცემულია სხვა საკითხებზე, მაგრამ არა ქონების ნუსხაზე. 

 

29 მარტს ვაგზავნით განმეორებით წერილს, სადაც კონკრეტულად მივუთითებ, რომ გვაინტერესებს აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების ჩამონათვალი. 4 აპრილს მოგვდის პასუხი, სადაც ისევ არ არის მოწოდებული ქონების ნუსხა. 2013 წლის 26 ივნისს კომისიის სხდომაზე მოწვეული იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი რამაზ ბოლქვაძე. კომისიის წევრებმა კვლავ დასვეს საკითხი აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების საკითხის შესახებ, ბატონი რამაზი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას. შესაბამისად, იმავე დღეს გავგზავნეთ წერილი ბატონ დავით ბალაძის სახელზე და კვლავ მოვითხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია აჭარის ა. რ. საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხის შესახებ. 25 ივლისს მოგვდის პასუხი, რომ სრული ინფორმაციის მოწოდება ტექნიკურად რთულია და დაზუსტების შემდეგ უმოკლეს დროში მოგვაწვდიდნენ მას.

 

ქონების ჩამონათვალი დღემდე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა ვერ განკარგავს აჭარის ქონებას ეფექტურად, რადგანაც არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ქონება გააჩნია, ან რა ქონებას ფლობს. ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას უმალავს უმაღლეს საბჭოს, რათა საკანონმდებლო ორგანომ ვერ გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა“ –  აღნიშნა ალექსანდრე ჩიტიშვილმა. 

ბეგბედერი, რომანტიკული ეგოისტი

 

ფრედერიკ ბეგდებერი
ფრედერიკ ბეგდებერი

„რომანტიკულ ეგოისტში“ ნამდვილად არ არის იმდენი ეპატაჟი, რამდენიც, მაგალითად, „99 ფრანკში“. თუმცა, არც მთლად კლასიკურ სტილში დაწერილი რომანია. ეს წარმოუდგენელიც იქნებოდა, ეს ხომ ფრედერიკის დღიურია, პარიზელი ცუდი ბიჭის, მასხარისა და მექალთანის, ნარკომანისა და შფოთისთავის, გენიოსად და ყალთაბანდად შერაცხული მწერლის.

 

 

ბეგბედერი გულახდილად მოგვითხრობს მის დამოკიდებულებებზე ქალებთან, სასმელთან, ნარკოტიკთან. წიგნი სავსეა მისი წიგნის პრეზენტაციებით, მოგზაურობებით, ქალაქიდან ქალაქში სიარულით. მაგრამ ეს მოგზაურობები არ არის შემეცნებითი სახის. ბეგბედერი თავის პილიგრიმობას „საკლუბო ტურიზმად“ მოიხსენიებს, იმიტომ, რომ მხოლოდ ღამით გადის სახლიდან, კლუბებში გასართობად. ამსტერდამი, მოსკოვი, რომი, ათენი, კრაკოვი – ამ ქალაქებიდან თითქმის არაფერი ახსოვს, ღამის კლუბების გარდა.

 

 

წიგნში ყველაზე მიმზიდველი საოცარი იუმორი და იშვიათი თვითირონიაა. ბეგბედერის ენამახვილობა ამ წიგნში პიკს აღწევს – მახვილგონივრული კალამბურები, საკუთარი თავისა და პარიზული ელიტის დაუსრულებელი დაცინვა. აქ უამრავ ცნობილ გვარ-სახელს გადააწყდებით: მსახიობებს, მოდელებს, მუსიკოსებსა დ მწერლებს. მწერლის მოსაზრებები მათზე, ხშირ შემთხვევაში, სკანდალურია. ამიტომაც გამოიწვია „რომანტიკული ეგოისტის“ გამოსვლამ პარიზის ელიტაში დიდი აურზაური. ბეგბედერი მრავალმა ცნობილმა ადამიანმა დაადანაშაულა მათი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაში.

 

 

ერთადერთი ადამიანი, რომელზეც დღიურის ავტორი მუდამ დადებით კონტექსტში საუბრობს, მიშელ უელბეკია. მათი მეგობრობა მყარი და ურყევია. ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, რომ ბეგბედერი უელბეკზე წერს, უელბეკი კი – ბეგბედერზე („რუკა და ტერიტორია“) .

 

 

წიგნი სავსეა საინტერესო დასკვნებითა და დაკვირვებებით. მახვილი ფრაზების გახაზვის მოყვარული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი სამოთხეა – თითქმის მთელი წიგნის გახაზვა მოგიწევთ.

 

 

ყველაზე საინტერესო „რომანტიკულ ეგოისტში“ მაინც ინტელექტუალური ელიტის კულისებია. ყველა ჩვენგანს აქვს დაფარულში ჩახედვის ვნება, რაც სრულიად ადამიანურია. ბეგბედერის წიგნი კი ამ ვნებას სრულიად აკმაყოფილებს – ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა რეალითი შოუ, 24 საათი ჩართული კამერით.

 

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

 

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

„აჭარის მთავრობამ ორ მილიარდამდე ღირებულების ინვესტიციის განხორციელება შეაფერხა”

 

„ეს იყო უკრაინული, პოლონური, რუსული, ებრაული და არაბული ინვესტიციები, ჯამში 1 მილიარდ 900 მილიონზე მეტი ინვესტიცია, რაც შესაძლებელი იყო უახლოესი ხუთი წლის მანძილზე  განხორციელებულიყო ჩვენს რეგიონში“  – განაცხადა ჯემალ ბერიძემ. მან ჟურნალისტებს იმ საინვესტიციო წინადადებების ჩამონათვალი წარმოუდგინა, რის განხორცელებაზეც, მისი თქმით, აჭარის მთავრობამ  თავი შეკავა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინვესტიციების შესახებ მოლაპარაკება ჯერ კიდევ ყოფილი მთავრობის დროს დაიწყო.

 

ჩამონათვალში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო წინადადებაა გონიო პოლიგონზე დაგეგმილი მშენებლობა, რომლის ღირებულებადაც 850 მილიონი ლარია მითითებული. ასევე, ბათუმში, ახალ ბულვარში საცხოვრებელი სახლისა და სასტუმროს მშენებლობა – 82, 500 მილიონი დოლარი, რომელიც რუსულ კომპანია „ანტიკას“ უნდა განეხორციელებინა.

 

ჯემალ ბერიძემ აღნიშნა, რომ არც ერთ ინვესტიციაზე მთავრობას პირდაპირ უარი არ უთქვამს, თუმცა არც თანხმობა განუცხადებია და ამ ინვესტორთაგან ბევრი დღემდე ელოდება მთავრობის პასუხს.

 

„რაც შეეხება  ევროპის მოედანზე გუშინ, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხსენებულ თითქოს სახლის აშენების პროექტს, აბსოლუტურად არ ვეთანხმები, რადგან ამ კომპანიას, „ანტიკას“, სთხოვეს, რომ შეედგინა ყოფილი ისტორიული შენობის პროექტი, რომელიც ადრე იქ ყოფილა და აბაშიძის მმართველობის დროს აუღიათ. ეს კომპანია აპირებდა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ახალ ბულვარში და მთლიანი ინვესტიცია შეადგენდა 82 მილიონ დოლარს. ის არგუმენტები, რაც გუშინ მოიყვანა მთავრობის თავმჯდომარემ, პარკები და სკვერები არ მივეცი ასაშენებლადო, ეს არის აბსურდი.“

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ერთ-ერთ არგუმენტად რეგიონში ინვესტიციების შეფერხება და დაკარგული სამუშაო ადგილები დაასახელა.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ პასუხად განაცხადა, რომ მთავრობის მიერ არც ერთი სტრატეგიული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის დაწუნება არ მომხდარა და აჭარის უმაღლესი საბჭოს „ფრაქცია ქართული ოცნების“ წევრების ბოლოდროინდელი მოქმედებები სახელისუფლებო და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საკადრო პოლიტიკის შესახებ აჭარაში

 

ორგანიზაცია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს  საჯარო გახადოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მთავრობაში არსებულ კორუფციულ გარიგებებს შეეხება და დაასაბუთოს, კონკრეტულად რაში გამოიხატება აჭარის მთავრობის მიერ კანონმდებლობის დარღვევა.


   “საკადრო პოლიტიკა აჭარაში და მთავრობის უნდობლობის გამოცხადებისათვის მზადება უმაღლეს საბჭოში”-ორანიზაციამ ამ სათურით მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა

Exit mobile version