სიახლეები

მედეა ვასაძემ არჩილ ხაბაძის წარმომადგენელთან საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა

13.09.2014 • 1381
მედეა ვასაძემ არჩილ ხაბაძის წარმომადგენელთან საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„დღეს გასახმოვანებელ თემას ვცვლი, იმ აუცილებლობით, რომელიც განაპირობა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის გუშინდელ ბრიფინგზე და აჭარის ტელევიზიის სტუდიაში პირდაპირი ჩართვით გაკეთებულმა განცხადებებმა, რაც იყო მცდელობა ჩემი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორის კორუფციაში დადანაშაულებისა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მინისტრის პოზიცია, რომ ქარხნის მუშებისათვის სახელფასო დავალიანებაში გაცემული 6 თვის ხელფასი, 40 ათასი ლარი, წარმოაჩინოს დირექტორის მიერ გაწეულ არამიზნობრივ ხარჯად, რომ მუშებზე, რომლებიც 6 თვე, ენთუზიაზმით, უხელფასოდ მუშაობდნენ, ტერიტორიას წმენდნენ ეკალ-ბარდისაგან, რეზერვუარებს და სხვა ტექნიკურ საშუალებებს ამზადებდნენ ექსპლუატაციისათის – თურმე ანაზღაურება არ უნდა მიეღოთ. ცუდია, როცა რეგიონის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრის პოზიცია და დამოკიდებულება ჩვენი შეჭირვებული მოსახლეობისადმი ამ შინაარსის მატარებელია და მათზე გაცემული შრომის ანაზღაურებას მინისტრი სახელმწიფო ზარალში თვლის.

 

ხაზგასმით მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა ლევან ჯინჭარაძის განთავისუფლების საფუძვლებზე, რომელიც ფორმალურად და შინაარსობრივად იმდენად მძიმეა, რომ მანამ, სანამ სასამართლო ამ ბრძანების და ზოგადად დირექტორის დათხოვნის კანონიერებას სამართლებრივად შეაფასებს, იძულებული ვარ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მივიქციო თქვენი და თქვენი მეშვეობით, ჩვენი საზოგადოების ყურადღება და გამოვაქვეყნო მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან იმ შემოთავაზების ჩანაწერი, რომელიც მან ლევან ჯინჭარაძის, დღეს მათივე შეფასებით, ამ „ფლანგველი, კორუმპირებული, არაადეკვატური ადამიანის“ პირის სამუშაოდან დათხოვნის შემდეგ შემომთავაზა. შემოთავაზება კი მდგომარეობდა იმაში, რომ მთავრობის თავმჯდომარე მას 2-3 ჯერ მეტად ანაზღაურებად სამუშაოზე დანიშნავდა.

 

ჩვენ გახლავართ ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებებზე ორიენტირებულნი, ამიტომ ეს შემოთავაზება იყო მიუღებელი შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი – ეს იქნებოდა მთავრობის თავმჯდომარის არაჯანსაღად მოტივირებულ ნებაზე დაყოლიება და მეორე – ამ პროცესებში ჩვენთვის პირადი ყოფითი კეთილდღეობა კი არა არის მთავარი, არამედ მთავარია ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, მათზე გაცემულ ხელფასებს ედავება.


თქვენი ყურადრების გამახვილება მსურს ასევე ჩანაწერში ჩემგან დასმულ შემდეგ კითხვაზე: ხომ არ იყო ჯინჭარაძე კორუფციაში ან რაიმე სხვა გარიგებებში შემჩნეული და აქვე, მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა შესაბამის პასუხზეც: „კორუფცია არა“, არამედ იყო „რაღაც სხვა“ და ის, რომ „ვერ უგებდა მინისტრს“.

 

მე, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯინჭარაძის დანიშვნის დროისთვის 138 ტონა ჯართად შეფასებული და ასევე, ჯართად სარეალიზაციოდ გამზადებული ქარხანა, რომელსაც ერიცხებოდა 300 ათას ლარამდე საბიუჯეტო დავალიანება – გასტუმრებულია, ანუ, დღეს იგი ფინანსურად გაძლიერებულია და უფრო მეტიც, ანგარიშზე ერიცხება, კიდეც ერთი, 300 ათასი ლარი.

 

მე წარმოგიდგენთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომელიც დამდგარია ლევან ჯინჭარაძის პრინციპული პოზიციის შედეგად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მის მიერ, ძველი მენეჯმენტის დროიდან, დანაშაულებრივი უპასუხიმგებლობით წარმოშობილი 55192 ლარი, სახელმწიფომ ქარხანას „აპატია“ იმ საფუძვლით, რომ ქარხანა და ლევან ჯინჭარაძის მენეჯმენტი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 პუნქტით, შეაფასა სახელმწიფოსთან მიმართებაში „კეთილსინდისიერ გადამხდელად“.

 

გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, ცალსახად ვადასტურებ, რომ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მაგალითის განზოგადოება შესაძლებელია ყველა იმ დაწესებულებაზე, რომელზედაც ამ სამინისტროს იურისდიქცია ვრცელდება და სადაც შეიძლება, რომ არსებობდეს საჯარო და კერძო ინტერესების „ფარული კონფლიქტი“ და რომელზედაც, სამწუხაროდ, შეიძლება, რომ ჩვენ, დღემდე, ინფორმაციას არ ვფლობდეთ.

 

წარმოდგენილი განცხადებებისა და შესაბამისი მტკიცებულების ანალიზით, კიდევ ერთხელ დასტურდება ქარხნის დირექტორის დათხოვნის მიზეზი და მიზანი, ანუ ჩანაწერის მიხედვით, ის „რაღაც სხვა“, რითაც იგი წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელისუფლებო კორუფციულ ინტერესებთან და ამის გამო ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საშუალებით უნდა ჩამოცილებოდა დირექტორის თანამდებობას.

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ჩანაწერის არსებობა, რომელსაც ვავრცელებ, გარკვეულ დრომდე ჩემთვის არ იყო ცნობილი და მის მომწოდებელს ვუხდი მადლობას“  – განაცხადა მედეა ვასაძემ.  

 

 

გადაბეჭდვის წესი