სიახლეები

ჩიტიშვილი: არჩილ ხაბაძის განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე

10.09.2014 • 1639
ჩიტიშვილი: არჩილ ხაბაძის განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე

 

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, განსაკუთრებით კი მის ბოლო ნაწილს, სადაც საუბარია დესტაბილიზაციაზე და პირდაპირი მოწოდებაა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყონ მოქმედება. კიდევ კარგი მის პირად დაქვემდებარებაში არ არის არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა, თორემ უკვე ბორკილებს დაგვადებდა. მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება არის ზეწოლა დეპუტატებზე, აზრის თავისუფალად გამოხატვის შეზღუდვის მცდელობა და ვთხოვთ ჩვენს კოლეგებს კოალიციიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააკეთონ შესაბამისი დასკვნები. მარტო ეს საკითხი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მოვითხოვოთ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, -განაცხადა ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებს მთავრობისთვის გაგზავნილი წერილების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია:  როგორც მოგეხსენებათ, აჭარის მთავრობის ერთ-ერთი ფუნქცია ქონების განკარგვაა, უმაღლესი საბჭოსი კი -მთავრობის საქმიანობის კონტროლი. 2013 წლის პირველ მარტს აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს გიორგი თავართქილაძეს კომისიის სახელით მივმართეთ და სხვადასხვა საკითხებთან ერთად მოვითხოვეთ აჭარის მთავრობის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა. 20 მარტს ვღებულობთ პასუხს ბატონი დავით ბალაძის ხელმოწერით, სადაც პასუხი გაცემულია სხვა საკითხებზე, მაგრამ არა ქონების ნუსხაზე. 

 

29 მარტს ვაგზავნით განმეორებით წერილს, სადაც კონკრეტულად მივუთითებ, რომ გვაინტერესებს აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების ჩამონათვალი. 4 აპრილს მოგვდის პასუხი, სადაც ისევ არ არის მოწოდებული ქონების ნუსხა. 2013 წლის 26 ივნისს კომისიის სხდომაზე მოწვეული იყო ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი რამაზ ბოლქვაძე. კომისიის წევრებმა კვლავ დასვეს საკითხი აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებული ქონების საკითხის შესახებ, ბატონი რამაზი დაგვპირდა, რომ უმოკლეს ვადაში მოგვაწვდიდა ამ ინფორმაციას. შესაბამისად, იმავე დღეს გავგზავნეთ წერილი ბატონ დავით ბალაძის სახელზე და კვლავ მოვითხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია აჭარის ა. რ. საკუთრებაში არსებული ქონების ნუსხის შესახებ. 25 ივლისს მოგვდის პასუხი, რომ სრული ინფორმაციის მოწოდება ტექნიკურად რთულია და დაზუსტების შემდეგ უმოკლეს დროში მოგვაწვდიდნენ მას.

 

ქონების ჩამონათვალი დღემდე არ მიგვიღია. აქედან გამომდინარე, 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა ვერ განკარგავს აჭარის ქონებას ეფექტურად, რადგანაც არ ფლობს ინფორმაციას თუ რა ქონება გააჩნია, ან რა ქონებას ფლობს. ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას უმალავს უმაღლეს საბჭოს, რათა საკანონმდებლო ორგანომ ვერ გააკონტროლოს მთავრობის საქმიანობა“ –  აღნიშნა ალექსანდრე ჩიტიშვილმა. 

გადაბეჭდვის წესი