მარიამისა და ეკატერინეს (სახელები პირობითია) უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ნინო ბოლქვაძის განმარტებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დამცავი კანონი არსებობს, თუმცა კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტებია მისაღები. სასამართლოში სარჩელის გაგზავნამდე წერილი პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასაც გაუგზავნეს. პასუხად მიიღეს, რომ მთავრობა სამართლებრივ რეგულაციებს მიიღებს, თუმცა როდის, ჯერ უცნობია. „იდენტობის“იურისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ბენეფიციარი უკვე 15 წელია ძალადობის მსხვერპლია. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
როცა მას ქმარი სცემდა, პატრულიც გამოიძახა, თუმცა თავშესაფარში ცხოვრების უფლება ვერ მიიღო, რადგან პატრულის თანამშრომლებმა შემაკავებელი ორდერის გამოწერა საჭიროდ არ ჩათვალეს. საპატრულო პოლიცია ვალდებული არ არის განმარტოს, რატომ არ წერს შემაკავებელ ორდერს. ქალი, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახლაც ქმრის, ანუ მოძალადის სახლში ცხოვრობს. სხვაგან წასასვლელი არ აქვს, თავშესაფარში კი მას სტატუსის გარეშე არ იღებენ.
„იდენტობის“ იურისტი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტი ბევრია და ქალთა მიმართ ძალადობის რეალური სტატისტიკა საგანგაშოა.
მარიამი და ეკატერინესახელმწიფოს სამართლებრივი რეგულირების მიღებას სთხოვენ, რომლის მიხედვით შესაძლებელია სტატუსის დადგენა.
სახელმწიფო თავშესაფარი
შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის მხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია სახელმწიფო თავშესაფარი, სადაც მსხვერპლს ათავსებენ სამი თვით. მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრისთვის არსებობს სამი გზა: მსხვერპლის სატატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი; შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი წერს და დამცავი ორდერი, რომელსაც სასამართლო გასცემს. საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 2 309 903.
ამ ნომერზე დარეკვის დროს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ახლა თავშესაფარში მოხვედრის მხოლოდ ორი გზა არსებობს, რადგან მუდმივმოქმედი საბჭოს მუშაობა აპრილიდან შეჩერებულია.
ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი ამბობს, რომ დროებით შეჩერებულია ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობა, რომელთანაც ფუნქციონირებდა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ანუ თუ, მაგალითად, ეკატერინე ფიქრობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ არ სურდა პოლიციისთვის მიმართვა ან პოლიცია არ მიიჩნევდა საჭიროდ შემაკავებელი ორდერის გამოცემას, ეკატერინე წერილობით ამ საბჭოს მიმართავდა, საბჭოს წევრები კი ადგენდნენ, იყო თუ არა ნამდვილად განმცხადებელი ძალადობის მსხვერპლი. საბჭოს წევრებს ათეულობით ადამიანი მიმართავდა და ელოდა მის გადაწყვეტილებას. ეს მათთვის თავშესაფრის მიღების ერთადერთი გზა იყო, მაშინ როცა მსხვერპლი არა არის მზად დაურეკოს პოლიციას ან ძალადობაზე ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს.
ანნას ინფორმაციით, როცა საბჭოს რიგში ათეულობით ადამიანი მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას ელოდა, საბჭომ მუშაობა შეაჩერა. შს სამინისტროში „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ საბჭომ მუშაობა დროებით შეაჩერა. როდის განაახლებს მუშაობას, ან ვინ იქნებიან ამ საბჭოს წევრები, ჯერჯერობით უცნობია.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის 100-მა მსხვერპლმა (2013 წლის სტატისტიკა) ისარგებლა თავშესაფრით, სამედიცინო მომსახურებით – 37-მა მოქალაქემ, ფსიქოლოგიური დახმარება 76 მსხვერპლს გაეწია, ხოლო იურიდიული კოსნულტაცია 30-მა მიიღო. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი არის ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და გორში. ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა შესახებ სტატისტიკა ასეთია: 32 სრულწლოვანი, 2-არასრუწლოვანი, სექსუალური ექსპლუატაცია- 5, თავშესაფრით ისარგებლა 6-მა, სამედიცინო მომსახურება გაუწიეს 10 მოქალაქეს, ფსიქოლოგიური დახმარება – 5 ადამიანს, სამართლებრივი კონსულტაცია 7-მა პირმა, ხოლო კომპენსაცია 21 ადამიანმა მიიღო.
ძალადობის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
ქალი, რომელსაც გარკვეული შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, პრობლემაზე საჯაროდ საუბარს ერიდება, რადგან იცის, რომ მისთვის არაფერი შეიცვლება. მასზე ოჯახის წევრები ძალადობენ. თავშესაფარი კი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსხვერპლს შეიფარებს, საქართველოში არ არსებობს. „სახელმწიფო ფიქრობს, რომ ასეთ ადამიანებს ოჯახის წევრებმა უნდა მოუარონ, მაშინაც კი როდესაც ეს ოჯახის წევრი ამ ქალზე ძალადობს და ასეთ ქალებს არანაირ დახმარებას არ სთავაზობს, რითაც ფაქტობრივად გახანგრძლივებული და უწყვეტი ძალადობის ციკლში ამყოფებს მათ“, _ ამბობს ანნა არგანაშვილი. მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო თავშესაფარი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს არ იღებს.
ძალადობა პლაჟზე და ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება
„მოქალაქეებმა სახელმწიფო აიძულეს დაეწყო რეაგირება ქალის მიმართ ძალადობის ფაქტზე. მსგავსი ფაქტი აქამდე არ გვქონია, ფაქტობრივად, ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი… ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფო რამდენად სერიოზულად შეხედავს ასეთ ფაქტებს და როგორ რეაგირებას მოახდენს, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოება და მოქალაქეები გააძლიერებენ ზედამხედველობას იმაზე თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ამ კუთხით“, – ამბობს ანნა არგანაშვილი, ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელი, ბათუმის პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შეფასებისას.
თვითმხილველების თქმით, გასულ კვირას ზღვის სანაპიროზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ფატმა, რომელიც დაახლოებით 30 წლისაა (სახელი პირობითია) საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა სცემა. „მამაკაცმა ჩვენ თვალწინ უმოწყალოდ სცემა მისი პარტნიორი. როგორც დაზარალებული ამბობს, მამაკაცმა პასპორტი წაართვა და მუდმივად ძალადობდა მასზე, ემუქრებოდა იარაღით“, – ამბობს უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, რომელიც ინციდენტს შეესწრო.
ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველი, თამთა ჩუმაშვილი ყვება, რომ ნაცემმა ქალმა გონება დაკარგა და ცხვირიდან სისხლი სდიოდა. თვითმხილველებმა პატრული გამოიძახეს. შს სამინისტროს განმარტებით, ბათუმში, პლაჟზე ქალის ცემის ფაქტზე დაზარალებული გამოკითხეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის განყოფილების თანამშრომლებმა, „რის შედეგადაც ტრეფიკინგის ფაქტი არ დადასტურდა“.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფატმამ უარყო მისთვის პასპორტის ჩამორთმევისა და თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი. მის მიმართ რაიმე სახის ექსპლუატაციის ფაქტი არ განხორციელებულა. დაზარალებულ ქალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია. რაც შეეხება მის ცემაში ბრალდებულ მამაკაცს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წაუყენეს.
ანნა არგანაშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოძიების ეტაპზე არ არის სენსიტიური ქალთა მიმართ ძალადობაზე. მას მიაჩნია, რომ `მაშინ იწყებს სახელმწიფო ფიქრს, როცა ძალადობის ფაქტი ხდება, ან ძალადობა მკვლელობით სრულდება. პრევენციისთვის ვერაფერს აკეთებს”. ანნას მოსაზრებით, სამართალდამცავები ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ, როცა საქმე ქალზე ძალადობას ეხება: „თუ ზოგადად ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სამართალდამცავები აქტიურად ეძებენ დანაშაულის ნიშნებს და მტკიცებულებებს, ქალის წინააღმდეგ დანაშაულის დროს, როგორც წესი, ქალმა უნდა ამტკიცოს ნამდვილად რომ იძალადეს მასზე და პოლიციელი ხშირად უმნიშვნელოდ მიიჩნევს ამ ფაქტს. უფრო მეტი, გამოძიების დაწყების მიზეზს ვერ ხედავს და კმაყოფილდება გაფრთხილების მიცემით მოძალადისთვის ან მოძალადის მხარეს დგება და ქალს მოუწოდებს “ცოლ-ქმრული” მოვალეობის შესრულებისკენ. ასევე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობის ფაქტის არაერთი შემთხვევა იყო, როცა მოძალადე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელია“.
შს სამინისტროს სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლის იანვრიდან ივნისამდე ოჯახში ფსიქოლოგიური ძალადობის 122 ფაქტი დაფიქსირდა. ფიზიკური ძალადობის – 77, ეკონომიკური – 12, იძულება – 19, სექსუალური – 1 და სხვა- 1.
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
მოძალადე მამაკაცებში, ისევე როგორც ქალებში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება 25-44 წლის ასაკში. მსხვერპლ მამაკაცებში ყველაზე დიდი წილი 45 წლის ზღვარს ზემოთ მყოფებზე მოდის, ხოლო მსხვერპლ ქალებში -25-44 წლის შუალედში. ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (47,2%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (42,8%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის- 10%. ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ბოლო ადგილზეა – გურია (9 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8 შემთხვევა), ხოლო ყველაზე დაბალი-კახეთში (0,4).
2013-2014 წლებში (2014 წლის 6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაიწყო 310 პირის მიმართ, აქედან 289 – მამაკაცი და 21 – ქალია. დაზარალებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი – 96, ქალი-372. ამავე პერიოდში, ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობით, საქართველოს რეგიონებს შორის, მეტი დაზარალებული ფიქსირდება კახეთში (85 პირი), ნაკლებად გურიაში (4 პირი). რეგიონების მიხედვით, ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართ განხორციელდა დევნა, ყველაზე მეტი დაფიქსირდა თბილისში (48 პირი), ხოლო ყველაზე ნაკლები – გურიაში (1 პირი); ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულია 18 მცირეწლოვანი და 18 არასრულწლოვანი.
სახალხო დამცველი
2014 წლის იანვრიდან 4 სექტემბრამდე, ქალთა მკვლელობის 14 შემთხვევა დაფიქსირდა.