სიახლეები

აჭარის ფინანსთა მინისტრი: ამ ინფორმაციის გავრცელება მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს

10.09.2014 • 2180
აჭარის ფინანსთა მინისტრი: ამ ინფორმაციის გავრცელება მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„ალექსანდრე ჩიტიშვილს მინდა შევახსენო, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირია და მოვუწოდებ, შეგნებულად ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით. იმ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც თავადაც კარგად იციან რომ სიცრუეა, მხოლოდ მათივე მდარე პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. ჩემთვის ნამდვილად არაკომფორტულია ჩიტიშვილის დემაგოგიურ განცხადებაზე კომენტარი. ბატონმა ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის, რომ მთავრობიდან კომპეტენტური საჯარო ინფორმაცია არათუ საკანონმდებლო ორგანოს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც დადგენილ ვადაში ეგზავნებათ. აჭარის ა.რ. საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაცია კი საჯაროა და უმაღლესი საბჭო დეტალურად ფლობს აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას. 

 

სამინსიტროს მიერ საკანონმდებლო ორგანოს, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ინფორმაცია 2013 წელს სავარაუდო საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალთან დაკავშირებით, დეტალურად მიეწოდა. რაც შეეხება იმ წერილს, რომელშიც უმაღლესი საბჭო ითხოვდა ინფორმაციას აჭარის. ა.რ. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში.
ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონის შესაბამისად, აჭარის ქონება იქმნება სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ გადმოცემული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახსრებით შეძენილი და სხვა ნებადართული შემოსავლებით შეძენილი ქონებით. რის შესახებ ინფორმაციაც სამინისტრომ უმაღლეს საბჭოს დეტალურად მიაწოდა. საკანომდებლო ორგანოსთვის გაგზავნილ წერილში მითითებულია იმ დროისთვის არსებული უძრავი ქონების რაოდენობა, რაც შეადგენდა 2373 ობიექტს.

 

აქვე განგიმარტავთ, რომ აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების გარკვეული ნაწილის პრივატიზება, ნაწილის თვითმმართველი ერთეულისთვის ან სახელმწიფოსთვის და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის სარგებლობაში გადაცემა, ცოცხალი პროცესია. ყოველდღიურად შეიძლება განხორციელდეს უძრავი ქონების დაყოფა, რის შედეგაც ახალი საკადასტრო ერთეული მიიღება. რაც ნიშნავს, რომ ერთი უძრავი ქონება შეიძლება დაიყოს ათეულობით ერთეულად, რისი მონაცემებიც არათუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, არამედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსაც კი არა აქვს. აღნიშნული ქონების ბაზა დაცულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც ინფორმაციას, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ასევე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იღებს. ამდენად უმაღლეს საბჭოსაც სწორედ საჯარო რეესტრისთვის უნდა მიემართა.
შესაბამისად, ჩიტიშვილისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ტექნიკურად რთულად დასამუშავებელია, აბსოლიტური სიზუსტეა.

 

აქვე დავამატებ, რომ სამინისტრომ გამოხატა მზაობა და დახმარების სურვილი უმაღლესი საბჭოსთვის და შესთავაზა საკანომდებლო ორგანოს კონკრეტული სექტორი მიეთითებინათ წერილში და სამინისტრო თავად სთხოვდა საჯარო რეესტრს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას, ან საკუთარი ტექნიკური საშუალებებით დაამუშავებდა მას. რის შესახებაც მოთხოვნა სამინისტროში დღემდე არ შემოსულა.
ალექსანდრე ჩიტიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, გამოიჩინოს უფრო მაღალი პოლიტიკური კულტურა და სიცრუეზე არ ააგოს თავისი ბრიფინგები.
დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ მოგაწოდოთ აღნიშნული კორესპონდენციის სრული ასლები.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: