კვირის ამბები

ბეგბედერი, რომანტიკული ეგოისტი

10.09.2014
ბეგბედერი,  რომანტიკული ეგოისტი

 

ფრედერიკ ბეგდებერი
ფრედერიკ ბეგდებერი

„რომანტიკულ ეგოისტში“ ნამდვილად არ არის იმდენი ეპატაჟი, რამდენიც, მაგალითად, „99 ფრანკში“. თუმცა, არც მთლად კლასიკურ სტილში დაწერილი რომანია. ეს წარმოუდგენელიც იქნებოდა, ეს ხომ ფრედერიკის დღიურია, პარიზელი ცუდი ბიჭის, მასხარისა და მექალთანის, ნარკომანისა და შფოთისთავის, გენიოსად და ყალთაბანდად შერაცხული მწერლის.

 

 

ბეგბედერი გულახდილად მოგვითხრობს მის დამოკიდებულებებზე ქალებთან, სასმელთან, ნარკოტიკთან. წიგნი სავსეა მისი წიგნის პრეზენტაციებით, მოგზაურობებით, ქალაქიდან ქალაქში სიარულით. მაგრამ ეს მოგზაურობები არ არის შემეცნებითი სახის. ბეგბედერი თავის პილიგრიმობას „საკლუბო ტურიზმად“ მოიხსენიებს, იმიტომ, რომ მხოლოდ ღამით გადის სახლიდან, კლუბებში გასართობად. ამსტერდამი, მოსკოვი, რომი, ათენი, კრაკოვი – ამ ქალაქებიდან თითქმის არაფერი ახსოვს, ღამის კლუბების გარდა.

 

 

წიგნში ყველაზე მიმზიდველი საოცარი იუმორი და იშვიათი თვითირონიაა. ბეგბედერის ენამახვილობა ამ წიგნში პიკს აღწევს – მახვილგონივრული კალამბურები, საკუთარი თავისა და პარიზული ელიტის დაუსრულებელი დაცინვა. აქ უამრავ ცნობილ გვარ-სახელს გადააწყდებით: მსახიობებს, მოდელებს, მუსიკოსებსა დ მწერლებს. მწერლის მოსაზრებები მათზე, ხშირ შემთხვევაში, სკანდალურია. ამიტომაც გამოიწვია „რომანტიკული ეგოისტის“ გამოსვლამ პარიზის ელიტაში დიდი აურზაური. ბეგბედერი მრავალმა ცნობილმა ადამიანმა დაადანაშაულა მათი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროვებაში.

 

 

ერთადერთი ადამიანი, რომელზეც დღიურის ავტორი მუდამ დადებით კონტექსტში საუბრობს, მიშელ უელბეკია. მათი მეგობრობა მყარი და ურყევია. ერთგვარ ტრადიციადაც კი იქცა, რომ ბეგბედერი უელბეკზე წერს, უელბეკი კი – ბეგბედერზე („რუკა და ტერიტორია“) .

 

 

წიგნი სავსეა საინტერესო დასკვნებითა და დაკვირვებებით. მახვილი ფრაზების გახაზვის მოყვარული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი სამოთხეა – თითქმის მთელი წიგნის გახაზვა მოგიწევთ.

 

 

ყველაზე საინტერესო „რომანტიკულ ეგოისტში“ მაინც ინტელექტუალური ელიტის კულისებია. ყველა ჩვენგანს აქვს დაფარულში ჩახედვის ვნება, რაც სრულიად ადამიანურია. ბეგბედერის წიგნი კი ამ ვნებას სრულიად აკმაყოფილებს – ეს წიგნი სხვა არაფერია, თუ არა რეალითი შოუ, 24 საათი ჩართული კამერით.

 

ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი
ირაკლი ბაკურიძე, მარი კორინთელი

 

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: