სიახლეები

მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

11.09.2014 • 1758
მედეა ვასაძე არჩილ ხაბაძეს კორუფციაში ადანაშაულებს

 

„2012 წლის მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადა საზოგადოებისათვის, მითუმეტეს პოლიტიკური წრეებისათვის პრაქტიკულად უცნობ ადამიანს არჩილ ხაბაძეს. ვიმედოვნებდით, რომ ეს ახალგაზრდა კაცი შეძლებდა პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდირებას რეგიონის ეფექტურად მართვისათვის, თუმც, აღმოჩნდა პირიქით. ამჯერად, შევეხები რეგიონში პრობლემადქცეულ, როგორც ჩანს, „მარადიულ“ თემას, მამა-შვილის ტანდემს რეგიონის მმართველობაში და ამასთან დაკავშირებით ვსვამ კითხვას: თუკი არ მოგვწონდა მამა-შვილი აბაშიძეები, თუ არ მოგვწონდა მამა-შვილი ვარშალომიძეები, რატომ უნდა მოგვწონდეს მამა-შვილი ხაბაძეები? როცა შვილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა, მამა კი აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი წამყვანი სტრუქტურის კერძოდ, რეგიონში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსი, რომლის საქმიანობა, წლების განმავლობაში, შემოიფარგლებოდა იმით, რომ ჰყავდა საწარმოთა გაკოტრებაზე და შესაბამისად, ლიკვიდაციაზე მობილიზებული „შინაურული ბრიგადები“, რომელთა შრომის ანაზღაურება, საწარმოთა ლიკვიდაციის შემთხვევაში განისაზღვრებოდა გაკოტრების მასის 3 – 4 % და ფულად გამოსახულებაში შეადგენდა ასი ათასობით ლარს.

 

ჩვენი მოსაზრება და მოთხოვნა, რომ მთავრობის თავმჯდომარის მამა ჩამოცილებულიყო საწარმოთა მართვის პროცესებს – მიღწეული ვერ იქნა. პირველი სახელისუფლებო კორუფციული ინტერესი კი გამოვლინდა მაშინ, როცა არჩილ ხაბაძე, თანამდებობრივი ნიშნით, აღმოჩნდა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმის“ დამფუძნებლის ვიწრო გარემოცვაში, ხოლო შემდეგ მისი შვილის ქორწილში – ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იქიდან დაბრუნებულმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მისცა დავალება, რომ შპს „ბათუმის ნავთობგადამამაუშავებელი ქარხნის“ ტექნიკური საშუალებები არ გამოყენებულიყო იმ კომპანიების მომსახურეობისათვის, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბიზნესის ამ სეგმენტში. შესაბამისად, მან გასცა ბრძანება, რომ ქარხანას მოეშალა მომსახურებისათვის ხელშეკრულებები ამ კონტრაქტორებთან და ყველა ტექნიკური საშუალება (მათ შორის, რეზერვუარები) სარგებლობისათვის გადაეცა შპს „სოკარ-ჯორჯია პეტროლიუმისათვის“.

 

ჩვენ გვესმის სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხისადმი, რომელიც მდგომარეობს ქვეყნის ენერგომატარებლებით მომარაგებაში. გასაგებია ამ კომპანიათა მიმართ ხელშეწყობის აუცილებლობაც და არაფერს ვამბობთ იმაზეც, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს, მათ, მონოპოლიზებული ჰქონდათ ბაზარი და მოიაზრებოდნენ წინა ხელისუფლების ფინანსურ მხარდამჭერებად, მაგრამ ცალსახაა ისიც, რომ დაუშვებელია ეს ხელშეწყობა განხორციელდეს სხვა კომპანიების საქმიანობის ხელშეშლის ხარჯზე.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, ფაქტი, რომელსაც ახლა ვასაჯაროებ, გახლავთ ბაზრის მონოპოლიზირების ხელშეწყობის მცდელობა, რომელზედაც განმარტება მოკლებულია რა ყოველგვარ გონივრულ და მყარ საფუძვლებს, ვაფასებ როგორც სახელისუფლებო კორუფციული ინტერესის გამოვლენის ფაქტს და ეწინააღმდეგება ჩვენს წინასაარჩევნო დანაპირებს ბაზარზე კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნაზე, რომელიც გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დასაქმებისა და გაძლიერების აუცილებელი პირობა. სწორედ ამ საკითხებში შეუთანხმებლობა არის ბათუმის ნავთობგადამამუშავაბელი ქარხნის მენეჯმენტზე შეტევის ერთ-ერთი მიზეზი. ამ დროისათვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, ქარხანაში შეყვანილი ჰყავს მამა ხაბაძის სალიკვიდაციო ბრიგადა და დაწყებული აქვს ეს პროცესი, რომელსაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით დღემდე და შევეწინააღმდეგებით მომავალშიც.

 

ამასთან, თქვენი ყურადღების მიქცევა მსურს ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება მამა ხაბაძეს. კერძოდ, 2012 წლის 2 ოქტომბერს, ანუ, საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვების მეორე დღეს, ბათუმის ნავთობგადამამუშევებელ ქარხანასა და ინდივიდუალურ მეწარმეს შორის ფორმდება ქარხნის ბალანსზე რიცხული ბითუმის მზა პროდუქციაზე ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ის პერიოდია, როცა მამა ხაბაძეს, ყველაზე საუკეთესო სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენია მისი შვილის სამომავლო წარმატებები და რეალიზაციას უკეთებს საქონლის ერთ ტონას – 78 ლარად, როცა მისი საბაზრო ღირებულება – 700 აშშ დოლარია.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 1 მაისის № 44 დადგენილებით დამტკიცებული ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების საკითხების განხილვა. ამდენად, სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ საბაზრო და გასაყიდ სახელშეკრულებო ფასს შორის, ქარხნისათვის იგივე სახელმწიფოსათვის დაკარგული სხვაობა დალექილია მის ჯიბეში, სრულიად სარწმუნოა.

 

ის, რომ მამა ხაბაძე ახალი ხელისუფლების ლეგიტიმაციამდე ასწრებდა დაწყებული კორუფციული საქმეების დასრულებას, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბითუმის რეალიზაციისას ადგილი ჰქონდა რეზერვუარის ტექნიკურად იმგვარად დაჭრა-დაზიანებას, რომ ეს ძვირადღირებული და საჭირო ტექნიკური საშუალება, დღეს, მხოლოდ, ჯართად თუ გამოდგება.

 

ვასაჯაროებ რა, აღნიშნულ ფაქტებს, დასტურად გაწვდით შესაბამის მტკიცებულებებს და შესაბამის თვალსაჩინოებას. ამასთან, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ საკითხებით”.

 

“ბათუმელები” დაუკავშირდა აჭარის მთავრობის პრესსამსახურს. როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს საპასუხო განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

გადაბეჭდვის წესი