კვირის ამბები

აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი: „ყველაფერს ბოლოს ვიგებ“

11.09.2014 • 1530
აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი:  „ყველაფერს ბოლოს ვიგებ“

 

რუსლან ქორიძე


– ბატონო რუსლან, აპარატის უფროსის თანამდებობაზე შეთავაზება პირადად არჩილ ხაბაძისგან მიიღეთ?

– დიახ, ასე იყო. როცა თქვენ დამირეკეთ და მკითხეთ ამის შესახებ, მართლა არაფერი ვიცოდი, ყველაფერს ბოლოს ვიგებ. თქვენ საიდან გაიგეთ?! (ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება „ბათუმელებმა“ რუსლან ქორიძესთან სცადა. მაშინ მან ინფორმაცია უარყო, თუმცა ორი დღის შემდეგ თანამდებობაზე დაინიშნა.  ავტორის შენიშვნა).

 

– რა გეგმები გაქვთ, რას შეცვლით მთავრობის აპარატის მუშაობაში?

– გექნებათ ინფორმაცია, რომ აქ რეორგანიზაციაა დაგეგმილი. რეორგანიზაციის მიზანია ის, რომ უფრო მოქნილად იმუშაოს აპარატმა. გარდა ამისა, გაკეთდეს ანალიზი იმისა, რასაც აკეთებს მთავრობა. მოკლე პერიოდში უნდა მივიდეს ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარემდე. დაგეგმილია ორი დეპარტამენტის დამატება. აქედან გამომდინარე ალბათ კადრებსაც დავამატებთ.

 

ეფექტურად მუშაობის  მოტივით  გააუქმეს და გააერთიანეს რამდენიმე დეპარტამენტი თვითმმართველობის არჩევნებამდე…

– როდის? – არ ვიცოდი ამის შესახებ. ამ ორი ახალი დეპარტამენტიდან ერთი იქნება ეკონომიკური საბჭოს მსგავსი დეპარტამენტი, მეორე კი ანალიზისა და ინვესტიციების დეპარტამენტი. ეს იქნება ძირითადი მიმართულებები, თუმცა ჯერჯერობით მუშა პროცესია და არ არის გამორიცხული კიდევ რამე შეიცვალოს.

 

– მიიჩნევთ, რომ ამ ორი დეპარტამენტის დამატება დადებითად აისახება აპარატის მუშაობაზე?

– რაც მე ამ დრომდე დავინახე, აქ პროფესიონალები მუშაობენ, მათ აქვთ დიდი გამოცდილება. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ  რისი გაკეთება შეიძლება კიდევ იმისთვის, რომ უკეთ და გამართულად იმუშაოს აპარატმა. აქედან გამომდინარე ეს ორი დეპარტამენტი რა თქმა უნდა ძალიან დაგვეხმარება. ინფორმაციას მოვიძიებთ და უფრო სწრაფ ტემპებში მოხდება მისი დამუშავება და მიწოდება. მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგი მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

 

– ანუ ამ კუთხით იყო პრობლემა?

– პრობლემა არა მგონია, მაგრამ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებაზეა საუბარი. მე ბოლო ერთი წელი მერიაში ვმუშაობდი და იქ გადასული ვიყავით დოკუმენტების ელექტრონულ წარმოებაზე, რაც აადვილებდა მუშაობას. აქაც იმავე სისტემის დანერგვას ვგეგმავ. სექტემბერში ვყიდულობთ ახალ აპარატურას. ასევე, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ტრენინგები უკვე გავლილი აქვთ და პროგრამა როგორც კი ჩაიტვირთება, ჩვენც გადავალთ ახალ სისტემაზე. სხვა საკითხებშიც მაქვს ჩემი მიდგომები, რაც შესაძლებელია ასევე პროგრამული უზრუნველყოფით შევძლოთ. ამით განიტვირთება ხალხი, თან მეტი სამუშაო შესრულდება.

 

– ახალი კადრების მოყვანას არ აპირებთ?

– არა, არ ვაპირებ.

 

– აპარატის ყოფილი უფროსი ირაკლი ჭეიშვილი ხარჯების შემცირებაზე საუბრობდა. ამ მიმართულებით რაიმე შეიცვლება?

– გადავხედე აუდიტის მიერ მომზადებულ პირველი ექვსი თვის ანგარიშს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში შენიშვნები თითქმის არ არის. წელი რომ დამთავრდება, ისევ შეგვამოწმებენ და ეს ძალიან კარგია. შეცდომა ვის არ მოსვლია, მაგრამ შეცდომის გამოსწორება დროის მოკლე მონაკვეთში უნდა შევძლოთ. როცა ტენდერი ტარდება, იქ შესაძლებელია ეკონომიის გაკეთებაც. რა თქმა უნდა, კარგია, როცა ამ თანხით რაღაცის გაკეთება გინდა და არ ფიქრობ მობილურების შეძენაზე. კომპიუტერების შეძენა აუცილებელია, რადგან 2006-2007 წლის შემდეგ არ შეუძენიათ.  დაახლოებით 30 000 ლარია ამისთვის გამოყოფილი, მაგრამ შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. მხოლოდ სავარძლების შესაძენად 20 000 ლარია გათვალისწინებული. ამ დრომდე არაფერი შეუძენიათ, შეიძლება იმიტომ, რომ მოლოდინში იყვნენ სხვა შენობაში უნდა გადასულიყვნენ. ჩემი მიდგომაც ასეთია, თითო კაპიკი უნდა დავითვალოთ, რომ ფული დაიხარჯოს მიზნობრივად.

 

– არჩილ ხაბაძისთვის ყიდულობთ ახალ სავარძელს?

– არა. არაფერს ვყიდულობთ მთავრობის თავმჯდომარისთვის. სავარძელს ვყიდულობთ მხოლოდ მათთვის, ვინც ძალიან ძველ სკამზე ზის. არც ჩემთვის ვყიდულობთ. ინფორმაცია მომაწოდეს, რომ მხოლოდ ჩემს კაბინეტში და  არჩილთან არის ნორმალური მდგომარეობა. მეც ჩამოვიარე და ვნახე. შეიძლება ზოგი იტყვის, რა დროის  ავეჯიაო, მაგრამ თანამშრომელი რომ მოდის და  ისეთი სიტუაციაა, შეიძლება ჩამოინგრეს რაღაც ან სკამი წაიქცეს უცებ, ასეც არ შეიძლება.

 

– თქვენი უშუალო ფუნქცია მხოლოდ აპარატის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაა?

– აპარატმა ხელი უნდა შეუწყოს მთავრობის გამართულად მუშაობას. აპარატის უფროსი ხელმძღვანელობს მიმდინარე საქმიანობას და კოორდინაციას უწევს მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. აქედან გამომდინარე მონიტორინგს ახორციელებს და ზედამხედველობას უწევს მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესრულებას. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი რგოლი სამინისტროებთან და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობებში.

ვინც ჩაეწერება კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს ორიდან ხუთ საათამდე შევხვდებით დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, შესაძლოა თავმჯდომარეც იყოს. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, პრობლემების გადაჭრაში დავეხმარებით მოსახლეობას.

 

– ბოლო პერიოდში უმაღლეს საბჭოსთან დაპირისპირებაზე თქვენი მოსაზრება როგორია?

– ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი დეპარტამენტი, ინფორმაციას, რა თქმა უნდა, მეც მაწვდიან. ვფიქრობ, ყველაფერი დადებითად და კარგად გადაწყდება. ჩემი მიდგომაა და დეპარტამენტის უფროსებს, ასევე სხვა თანამშრომლებსაც ვუთხარი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ საქმე, რომელიც გვავალია. გავაფრთხილე თანამშრომლები, რომ ვერ ავიტან, თუ დავინახავ, რომ დღეს გასაკეთებელი ხვალისთვის გადადო ვინმემ. სადაც მიმუშავია, ყოველთვის ვხედავდი, რომ ეს ეფექტური მიდგომაა და საქმე გამოდის ასე. თუ მივუდგებით ისე, რომ ხვალაც გაკეთდება და არაა სასწრაფო, ასე წინ ნამდვილად ვერ წავალთ.

 

– თქვენს გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ…

– 1988 წლიდან საბანკო სექტორში ვიყავი, ვმუშაობდი „ბინ სოს“ ბანკში, რომელიც ახლა „საქართველოს ბანკია“. დავიწყე რიგით თანამშრომლად, ბოლოს საოპერაციო განყოფილების უფროსად დამნიშნეს. 1993 წელს გადავედი საზღვაო ბანკში, სადაც 2004 წლამდე ვიმუშავე. არჩილ ხაბაძე ამ დროს საზღვაო ბანკში სულ სხვა განყოფილებაში მუშაობდა და ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ის იყო საკრედიტო განყოფილების უფროსი, თუ არ ვცდები. ამის შემდეგ მე „ლიბერთიშიც“ ვმუშაობდი, თითქმის ყველა ბანკი მოვლილი მაქვს. საბანკო სექტორში მუშაობის 22-წლიანი სტაჟი მაქვს.

 

– „ქართუ ბანკში“ დატვირთეთ ქონება იპოთეკით, როდესაც არჩილ ხაბაძე იყო მენეჯერი, ასეა?

–  კი ბატონო, მაშინ ყველაზე მისაღები პირობები ამ ბანკში იყო. ქონება დავტვირთე და ავაშენე პატარა საოჯახო სასტუმრო. თუმცა ეს საკითხი მაინც სათავო ოფისთან თანხმდებოდა. იქედან რომ არ მოსულიყო დადებითი პასუხი, სესხს ვერ გამოვიტანდი. იპოთეკით დავტვირთე მამაპაპისეული ნაკვეთი კვარიათში. კვარიათში ვცხოვრობ. სადაც ვცხოვრობ, იქვეა სასტუმროც. ახლა იჯარით მაქვს გაცემული.  სასტუმროს „გრინი“ ჰქვია.

 

– რამდენია აპარატის უფროსის ხელფასი?

–  2130 ლარი.

გადაბეჭდვის წესი