ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარის თქმით, ორგანიზაციამ ქობულეთში მომხდარ ინციდენტზე პოლიციაში განცხადება შეიტანა. ორგანიზაცია დამნაშავის გამოვლენას და მუსლიმანი მრევლისათვის ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
„ღორი რომ დაკლეს და კარებზე მიაჭედეს, პოლიციაც იქ იმყოფებოდა, თუმცა მას რეაგირება არ გაუკეთებია. ამიტომ მომხდარის გამოსაძიებად დღეს პოლიციას მივმართეთ, რომ გამოავლინონ დამნაშავეები და ბოდიში მოუხადონ მუსლიმან მრევლს“ – ამბობს „ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარე რამაზ კაკალაძე.
რაც შეეხება ქობულეთში მუსლიმანური პანსიონატის გახნის ლიცენზიის საკითხს, რამაზ კაკალაძე ამბობს, რომ მათ ლიცენზია არ სჭირდებათ:
„იმიტომ, რომ ჩვენ იქ სასკოლო განათლება არ გვექნება. მე მჭირდება საბუთი, რომ შენობა ნამდვილად ჩემია და მოგვეპოვება კიდეც. მსგავსი პანსიონატი სხვაგანაც გვაქვს გახსნილი, მაგრამ ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია, ასეთი ფაქტი და მუსლიმანების ასეთი შეურაცხყოფა საქართველოში ჯერ არ ყოფილა“.