შეღავათები ბიზნესს, ზარალი ბიუჯეტს – მთავრობისგან

 

 

 

საქმე ეხება გრანდიოზულ მშენებლობებს და სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს კორუფციულ გარიგებას ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებს შორის. ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმა რომ არ შეიძლება იყოს, გასულ კვირას თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ მშენებლისგან 180 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტზე დაკავებაც ადასტურებს. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ორი დიდი ობიექტის მშენებლობას. კორუფციულ რისკებსა და ეჭვებზე ამ შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს დეპუტატები მიანიშნებენ.

ბათუმის საკრებულოს ახალი დადგენილება, ჯერჯერობით, “ბაბილონ თაუერისა” (სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი) და “პორტა ბათუმისთვის” (ბიზნესცენტრი) სართულების დამატების უფლების მინიჭებას უკავშირდება. ბათუმის საკრებულომ დეველოპერულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათები მისცა – ზონალური შეთანხმების მოსაკრებლისგან გაათავისუფლა, თუმცა მხოლოდ ისინი, ვინც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ანუ არა ყველა.

საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც ერთ ინვესტორზე მორგებული. “ბათუმელების” ინფორმაციით, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა “ბაბილონ თაუერის” ერთ-ერთი მფლობელის, ანუ ინვესტორის ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.

2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას – „ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიამ პროგრამაში მონაწილე პირები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან უნდა გაათავისუფლოს.

რა გარანტიები მიიღო პრემიერ-მინისტრისგან და რა ვალდებულება აიღო თავად კომპანიამ – ამის შესახებ კითხვებზე პასუხები ინვესტორისგან “ბათუმელებმა”, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო. გავლენიან კომპანიას, როგორც ჩანს არც აქვს მედიასთან განმარტების საჭიროება. პრემიერთან მისი წარმომადგენლის ვიზიტი იმით დასრულდა, რომ ბათუმის საკრებულომ მთავრობის ზემოაღნიშნული მითითება გაითვალისწინა და მის მიერვე 2013 წელს მიღებული შესაბამისი დადგენილება 2015 წლის იანვარში კიდევ ერთხელ შეცვალა. მეტიც, საკრებულომ არა მარტო „პროგრამაში მონაწილეები“ გაათავისუფლა გადასახადისაგან, არამედ ადრინდელ დადგენილებაში დაამატა ახალი პუნქტი, რომლითაც აღნიშნული გადასახადისგან გაათავისუფლა „არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს არანაკლებ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში.”

ბათუმის საკრებულოს წევრების ინფორმაციით, ამის შედეგად, მხოლოდ “ბაბილონი თაუერის” შემთხვევაში ბათუმის ბიუჯეტმა უკვე დაკარგა 800 000 აშშ დოლარი. ეს თანხა შესაბამისი ნებართვის მიღების, ანუ ბათუმის ბულვარში მშენებარე 47-სართულიან შენობაზე ხუთი სართულის დამატების უფლების მოპოვების შემდეგ “ბაბილონ თაუერის” მშენებელ კომპანიას – ”TAM GEO”-ს უნდა გადაეხადა. საკრებულოში იმასაც ვარაუდობენ, რომ დადგენილებაში ცვლილებით გამოწვეულმა დანაკარგმა შესაძლოა რამდენიმე მილიონსაც კი გადააჭარბოს.
გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება საკრებულოს სახელისუფლებო უმრავლესობაშიც კი გამოიწვია. დადგენილებაში ცვლილებას ინვესტორზე “კოჭის გაგორება” უწოდა თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

“კომპანიას თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა ნაკვეთი ქალაქის ცენტრში, ხოლო ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიული შენობა (შენობა, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ აქ თენგიზ აბულაძის ფილმის – “მონანიების” კადრებია გადაღებული – ავტ.) მზითევში გაატანა. ასნომრიან სასტუმროს არ აშენებს არც ერთი ინვესტორი, რომელსაც პროექტში კაზინო არ აქვს გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ის სხვა შეღავათებითაც სარგებლობს, რაც კაზინოს ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. სასტუმროსთან ერთად გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართობიც, სადაც ინვესტორი ერთ კვადრატულ მეტრს სამი ათას დოლარად ყიდის. რეგულაცია კი დამატებული ფართობისთვის კვადრატულ მეტრზე 150 ლარს ითვალისწინებს. არ მესმის ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტში რატომ არ უნდა შევიდეს და რატომ უნდა გაუწიოს საკრებულომ შეღავათი ამ დონის ინვესტორს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ცვლილება კონკრეტულ ინვესტორზეა მორგებული”, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.

ინვესტორი, რომელსაც ირაკლი ჩავლეიშვილის მოსაზრებით, ახალი რეგულაცია მოარგეს, სწორედ კომპანია ”TAM GEO”-ა.

კომპანია „TAM GEO“ 2012 წლის მარტში დაფუძნდა. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“  – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2% და ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. მათი უფლებამოსილი პირი იყო რუსუდან ხაზარაძე, რომელიც სამივე პარტნიორის ნაცვლად მარტო აწერს ხელს სადამფუძნებლო ოქმს. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.

კომპანიის პარტნიორები ამ წლებში რამდენჯერმე შეიცვალა და დღეს კომპანიის წილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.

კომპანია ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი ინვესტორს აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა (ს/კ 05.22.02.003) რუსთაველის ქ N30-ში), ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქ. N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ შენობა-ნაგებობა, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.22.02.005).

კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვის შესაბამისად, განახორციელებდა უძრავი ქონების რესტავრაციას; ასევე გააფორმებდა ხელშეკრულებას უფლებამოსილ ორგანოსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის თაობაზე.

“ბაბილონ თაუერი” ორი შენობისგან შედგება, რომლებიც ერთი მეორესთან შუშის ხიდითაა დაკავშირებული. შენობა, რომელშიც სასტუმროს ნომრები იქნება განთავსებული, 13-სართულიანია, ხოლო 47-სართულიან შენობაში განთავსებული იქნება საოფისე ფართობები, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რას უპირებს კომპანია ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ისტორიულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით შპს ”TAM GEO LLC”-მ სააგენტოს ყოფილი ინსტიტუტის შენობაზე მანსარდის დაშენების ნებართვის მისაღებად მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

2013 წლის მარტში ახალი კომპანია – შპს „EVENTUS“-ი დააფუძნეს ირფან კოვუკიმ (3%-იანი წილით, დირექტორი) და მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშიმ (97%). კომპანია ნინოშვილის 23-შია დარეგისტრირებული (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის შენობა). 2013 წლის ნოემბრიდან კი ამ კომპანიის მეწილეები არიან: ირფან კოვუკი – 3%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ომერ ილქნური – 2%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 62% (დირექტორი) და აჰმეთ დონგელი – 32%.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” – მშენებელმა კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს პროექტზე ხუთი სართულის დამატების ნებართვაზე ორი თვის წინ მიმართა. საკრებულოში ამბობენ, რომ კომპანია სავარაუდოდ დადებით პასუხს მიიღებს. ახალი რეგულაციის პირობებში კი ინვესტორს ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის, რაც მის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად 800 000 დოლარია, გადახდა აღარ მოუწევს. “ეს დაახლოებით გამოთვლილი ციფრია”.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზონალური შეთანხმების თაობაზე მერიაში მოთხოვნა მხოლოდ ერთ კომპანიას – ”TAM GEO LLL”-ს აქვს შეტანილი, თუმცა საკრებულოში აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მერიას ზონალური შეთანხმების მოთხოვნით შეიძლება სხვა კომპანიებმაც მიმართონ. მათ შორის შეიძლება იყოს თურქული კომპანია “სისტემ ინშაათი”, რომელიც ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე “პორტა ბათუმს” აშენებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ინვესტორს წაახალისებს ააშენოს 100-ნომრიანი სასტუმრო, რაც ბიუჯეტში მოგების გადასახადის შენატანს გაზრდის.
ირაკლი ჩავლეიშვილის გამოთვლით, ამ შემთხვევაში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილების გამო ბათუმის ბიუჯეტი მილიონზე მეტ ლარს დაკარგავს.

ზღვისპირა პარკის ტერიტორია/რუსთაველის ქ. #4/6-ში მდებარე 3997 კვ/მ და 182 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია ”სისთემ ინშაათმა” 2012 წლის დასაწყისში, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იყიდა. ქონების ღირებულება მაშინ 1,3 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის შესახებ დადგენილებაში ცვლილების დამტკიცებას მხარი ფრაქცია “რესპუბლიკელების” გარდა ”თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭირა.

“წინააღმდეგი ვიყავი, რადგან შემოღებული რეგულაცია უნდა გავრცელდეს თანაბრად და არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ გუშინ მოსულ ინვესტორს ვალდებულება ჰქონდა და დღეს ვინც მოვა, ის გავათავისუფლეთ. ეს არათანმიმდევრული მიდგომაა”, – ამბობს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე “ბათუმელებთან”.

25-წევრიან ბათუმის საკრებულოს სხდომას გადაწყვეტილების მიღებისას 22 წევრი ესწრებოდა, “თავისუფალი დემოკრატებიდან” სამმა წევრმა და სამმა წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ასევე სამმა “რესპუბლიკელმა” “ქართული ოცნების” უმრავლესობიდან საკითხს მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა “დავით თარხან-მოურავის პატრიოტთა ალიანსის” წევმა დავით თედორაძემაც. “მე მხარი დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას, რადგან ბოლო წლებში ჩვენ არ ვართ განებივრებული ინვესტორებით. საუბარი იყო იმაზე, რომ ინვესტორი ისარგებლებს ამ შეღავათით, თუ განახორციელებს 30-მილიონიან ინვესტიციას და ააშენებს ასნომრიან სასტუმროს. ის, რომ ეს რომელიმე კომპანიას მოარგეს, ამის შესახებ მე საკრებულოს სხდომაზე არაფერი გამიგონია”, – უპასუხა დავით თედორაძემ “ბათუმელებს” კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი კერძო კომპანიის სასარგებლო ისეთ გადაწყვეტილებას, რამაც ბათუმის ბიუჯეტი დააზარალა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გადაწყვეტილების დადებით მხარეებზე საუბრობს:

“ჩვენ ლარად აღარ ვაძლევთ მიწას ინვესტორს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი და ააშენა საცხოვრებელი სახლი. გადაიხადა მოსაკრებელი, გაყიდა ბინები, ჩაიდო მოგება ჯიბეში და წავიდა. მისია, ღმერთმა შეარგოს, რა უნდა თქვა. ის სახელმწიფოს არც ქონების გადასახადს უხდის. ამის შემდეგ თუ ის გადაიხდის მოსაკრებელს, ბიუჯეტში შემოვა. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი, რომელმაც ასნომრიანი სასტუმრო ააშენა, 15-წლიანი პროფილით, მაშინ როდესაც სასტუმრო ნომრების ნაკლებობას განიცდის ქალაქი. ააშენა იმავე სიმაღლის შენობა, იხდის ქონების გადასახადს, ამას პლუს ქალაქს მოუტანა ასი ნომერი და ათი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს. ამ ას ნომერში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. მაშინ მე მიჩნდება უკვე კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია ამ ინვესტორს. ამ ორივემ ერთნაირად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი”.

რაც შეეხება დადგენილებაში ცვლილების ერთ ინვესტორზე მორგების საკითხს, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ “შეიძლება არც გაიტანოს ნებართვა და, საერთოდ, აღარ შეცვალოს პროექტი. რამდენადაც ვიცით, ამ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და შეიძლება ის მალე გავიდეს.”

დადასტურებულია, რომ ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა აქამდეც ისარგებლეს ხელისუფლების ლოიალობით – ორივე ობიექტის მშენებლობა ინვესტორებმა მას შემდეგ განაახლეს, რაც აჭარის მთავრობამ დარღვევების გამო ისინი ჯარიმების გადახდისგან გაათავისუფლა და მშენებლობის ვადები გაუხანგრძლივა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ”ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ (”TAM GEO”) მშენებლობის ვადები დაარღვია, რაც ”შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარი, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარი ჯარიმისაგან გაათავისუფლა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”.

და ბოლოს, გასული წლის ივლისში ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის რეგულაციის ამოქმედების შედეგად, ბათუმის ბიუჯეტში თითქმის მილიონი ლარი (ზუსტად 943 500 ლარი) შევიდა – კომპანიებმა ე.წ. K2 კოფიციენტის გაზრდისთვის, რაც პროექტის სიმაღლეში ზრდას ითვალისწინებს და რაც 2015 წლის იანვარში გააუქმა ბათუმის საკრებულომ, მუნიციპალიტეტს 24-ჯერ მიმართეს.

როგორ ხდება ღვიძლის გადანერგვა – ინტერვიუ ქირურგთან

ბატონო კახა, რამდენკაციანი ჯგუფი მუშაობს ღვიძლის გადანერგვაზე და რა მომზადება გაიარეთ?

საქართველოში ღვიძლის გადანერგვაზე ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის 25-კაციანი ჯგუფი მუშაობს. ყველა მათგანმა დაახლოებით ერთწლიანი გადამზადება გაიარა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბელორუსი, გერმანია, თურქეთი, აზერბაიჯანი. უშუალოდ მე ამ განხრით თურქეთში, ინდოეთსა და ბელორუსიში გავიარე გადამზადება.

ვისი ინიციატივა იყო ღვიძლის ქირურგიის დანერგვა რეფერალურ ჰოსპიტალში?

იდეა ჩემი იყო. საქმე ისაა, რომ ეს არ იყო მცდელობა განგვეხორციელებინა პირდაპირ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, არამედ გაგვევითარებინა ღვიძლის ქირურგია მთლიანად. აქ არ არის საუბარი მხოლოდ გადანერგვაზე, ეს აისბერგის მწვერვალია, ფუძე კი ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის ქირურგიაა, რომლის განვითარების პროცესი დავიწყეთ. ღვიძლის ტრანსპლანტაციამდე განვავითარეთ ღვიძლის ონკოლოგია, ის, რაც არ კეთდებოდა საქართველოში – ჰემი-ჰეპატექტომიები ღვიძლის კიბოს დროს, რის არარსებობის გამო პაციენტები იღუპებოდნენ. ბუნებრივია, ამ კლასის ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა აჭარაში, ”ევექსის” ქსელს სათანადოდ აღჭურვილი ახალი საავადმყოფო რომ არ გაეხსნა, სხვა შემთხვევაში ეს ოპერაცია უტოპიად დარჩებოდა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ღვიძლის გადანერგვის გარდა ბევრი სხვა ოპერაციის გაკეთება შეგვიძლია ღვიძლზე. ღვიძლის ქირურგიაში შედის ოპერაციები კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმივნეების, მეტასტაზების დროს, რომელთაც სჭირდება ქირურგიული ჩარევა (თუ კიბო 5 სანტიმეტრამდეა შესაძლოა ღვიძლის ნახევარი ამოიჭრას), ხოლო ყველა ტიპის ციროზს საბოლოოდ გადანერგვა ესაჭიროება.

რამდენად ხშირი ოპერაციაა ღვიძლის გადანერგვა მსოფლიოში და რამდენად დიდია მოთხოვნა მასზე საქართველოში?

მსოფლიოში, ყოველწლიურად ღვიძლის 15 000-მდე ტრანსპლანტაცია კეთდება, მათ შორის ნახევარი ცოცხალი დონაციაა, ნახევარი – გვამური. ჩვენთან მხოლოდ ცოცხალი დონაცია კეთდება, ანუ ორგანოს გადანერგვა მხოლოდ ცოცხალი დონორიდან არის შესაძლებელი. მოთხოვნა ღვიძლის გადანერგვაზე მაღალია საქართველოშიც, აქ ის დაახლოებით 100 პაციენტს ესაჭიროება. თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ღვიძლის გადანერგვის მხოლოდ 15-20 ოპერაციის ჩატარება შეგვეძლება წელიწადში.

რა რისკები ახლავს ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას?

ღვიძლის ტრანსპლანტაცია, თავისი ტექნოლოგიებითა და ქირურგიული კლასით ყველაზე რთული ოპერაციაა, რაც კი საქართველოში გაკეთებულა დღემდე. ამ დროს მაღალია დონორის გარდაცვალების რისკი, მსოფლიო სტატისტიკით ყოველ 1000 ოპერაციაზე, ერთი გარდაცვლილი დონორი მოდის, მაგრამ ამის მიზეზი არ გახლავთ ექიმის ნაკლებკვალიფიციურობა, ამის მიზეზი ის გაუთვალისწინებელი არასასურველი დამთხვევებია, რომლებიც შესაძლებელია მოხდეს და ამას ვერანაირი მაღალი კვალიფიკაცია ვერ გამორიცხავს. ინდოეთშიც კი, სადაც ყოველ დღე ვაკეთებდით ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას, სიკვდილიანობის ასეთივე სტატისტიკა იყო.

როგორ ხორციელდება უშუალოდ გადანერგვის პროცედურა?

პირველი ოპერაცია 20 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დონორის ოპერაცია დაახლოებით 10-12 საათს გრძელდება, რეციპიენტისა კი – 14-16 საათს. ორივე მათგანის ოპერაცია პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, უბრალოდ, დონორის ოპერაცია ერთი საათით ადრე იწყება. საჭიროა რეციპიენტისგან ამოვიღოთ დაზიანებული ღვიძლი, რადგან გადანერგვა ორთოპიულად ხდება, ანუ იქ, სადაც ძველი ორგანო იყო. გარდა ამისა, ის ღვიძლი ორგანიზმისთვის მავნეა და ამიტომაც უნდა მოშორდეს. როდესაც რეციპიენტიც მზად არის, დონორისგან ვიღებთ ღვიძლის ნაწილს და ვნერგავთ რეციპიენტთან. დონორისგან შესაძლებელია ღვიძლის 55-60%-მდე ამოღება, თუმცა ეს დონორის წონაზე და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, ჰყოფნის თუ არა მას დარჩენილი ღვიძლის რაოდენობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია რეტრანსპლანტირება, ანუ ღვიძლის ხელმეორედ გადანერგვაც, თუმცა ასეთ დროს რეციპიენტის გარდაცვალების რისკი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი ოპერაციისას (35-დან – 40%-მდე).

რამდენ ხანში აღდგება დონორის ღვიძლი?

ეს დაახლოებით 3-დან 5 თვემდე პერიოდში ხდება. თუმცა რეციპიენტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ მასთან ეს ღვიძლი უცხო ქსოვილია, ბუნებრივია, ორგანიზმი ცდილობს ყველაფერი უცხო მოიშოროს. ამიტომ ეს პაციენტები მუდმივად იმყოფებიან იმუნოსუპრესანტებზე (იმუნიტეტის დამაქვეითებელი მედიკამენტები), რომ არ მოხდეს მოშორება. არსებობს ორი სახის მოშორება – დაუყოვნებლივი ტიპის იმუნორეაქცია და დაყოვნებული. დაუყოვნებელი შესაძლოა მოხდეს გადანერგვიდან პირველ კვირაში, რაც შეეხება მოგვიანებითი ტიპის დაყოვნებულ იმუნურ რეაქციას, ეს შეიძლება დაიწყოს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ და საჭირო ხდება დაუყოვნებლივ ხელმეორე გადანერგვა, თორემ პაციენტი დაიღუპება. თუ პირველი წელი მშვიდად გავიარეთ, მერე ასეთი რისკი მინიმალურია, თუმცა იმუნოსუპრესანტებს მაინც ბოლომდე იღებენ, მცირე დოზით.

რამდენ ხანს ცოცხლობს გადანერგილი ღვიძლი?

ცოცხალი ორგანოს ტრანსპლანტაცია დაახლოებით 20 წელია დაწყებულია, შესაბამისად, გამოცდილებაც ვერ იქნება მეტი. ამჟამად 15-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა არსებობს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ოპერაცია არ უკეთდება ჯანმრთელ ადამიანებს. ამ ოპერაციას ორი მიზანი აქვს – გააუმჯობესოს პაციენტის ცხოვრების ხარისხი და გაუხანგრძლივოს სიცოცხლე. ჩვენი მიზანი არ არის ამ ადამიანების სრულად განკურნება, ეს არ მოხდება, მაგრამ ის, რომ რამდენიმე თვის ნაცვლად პაციენტი წლები იცოცხლებს, ეს შედეგია. თუმცა შეზღუდვა სიცოცხლეში მათ არ აქვთ. ეს დამოკიდებულია დონორის ღვიძლზე და გარკვეულწილად მათზეც, თუ როგორ დაიცავენ რეჟიმს და რამდენად სწორად მოიქცევიან.

როდის იქნება შესაძლებელი ღვიძლის გადანერგვა დამოუკიდებლად, უცხოელი სპეციალისტების დახმარების გარეშე ჩატარება ბათუმში?

ჩვენ ახლაც დამოუკიდებლად ვმუშაობთ, უბრალოდ, ეს ადამიანები გვაკონტროლებენ, გარკვეულ შემთხვევებში გვიწევენ კონსულტირებას და ოპერაციის დროს არიან ჩვენთან ერთად, რომ რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევები გადაფარონ. ვფიქრობ, 20-30 ოპერაცია რომ შესრულდება, ამის აუცილებლობა აღარ გვექნება. ეს კეთდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დახმარება, არამედ იმიტომ, რომ გავზარდოთ დონორისა და რეციპიენტის დაზღვეულობის ხარისხი და თუ რაიმე გართულება მოხდება, ეს იყოს გარდაუვალი აუცილებლობა და არ გაჩნდეს კითხვები ხომ არ იყო ჩვენი ჯგუფის არაკვალიფიციურობით გამოწვეული. ეს ასე ხდებოდა ყველა ქვეყანაში, ყველას ეხმარებოდნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც უფრო გამოცდილები იყვნენ ამ სფეროში.

რა ეღირება ღვიძლის გადანერგვა საქართველოში?

საქართველოში ეს ოპერაცია დაახლოებით ორჯერ უფრო ნაკლები ეღირება, ვიდრე საზღვარგარეთ, მაგრამ ეს მაინც დიდი თანხაა. ამ ოპერაციის ღირებულება საშუალოდ 80 000 – 100 000 ლარი იქნება და, სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მას დააფინანსებს. საქართველოში სრულად ფინანსდება თირკმლის ტრანსპლანტაცია, ღვიძლის გადანერგვა მასზე სამჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ ორ-ნახევარჯერ უფრო ნაკლებ ადამიანს ესაჭიროება ყოველწლიურად. იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმწიფო ამას არ დატოვებს უყურადღებოდ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ღვიძლის ქირურგიასთან დაკავშირებით, არის თუ არა ისეთი რამ, რაც ჯერჯერობით საქართველოში არ კეთდება?

დიახ, ეს გვამური დონაციაა, რომელიც ბევრად ჯობია ცოცხალ დონაციას, თუნდაც იმიტომ, რომ ცოცხალი, ჯანმრთელი ადამიანის რისკი არ გვაქვს. ამის ძირითადი მიზეზი საზოგადოებაში, მათ ნაკლებ ინფორმირებულობაშია და ეს პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის ჩამორჩენაზე. გუშინ ახალგაზრდა ბიჭი გარდაგვეცვალა ავტოავარიის შედეგად. ის საუკეთესო დონორი იქნებოდა – ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ორი ჯანმრთელი თირკმელი, ჯანმრთელი გული და ღვიძლი, ჩვენ ოთხი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეგვეძლო. მაგრამ რთულია გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებს აუხსნა ეს. ამიტომ აუცილებელია ამ იდეის პროპაგანდა მედიისა და სასულიერო პირების მიერ. რა თქმა უნდა, მოსალოცი საქმეა, რომ ღვიძლის გადანერგვა შეგვიძლია, საამაყოა, რომ ის, რაც ბევრ სხვა ქვეყანას არ შეუძლია, შეძლო საქართველომ, მაგრამ მე ვიამაყებ მაშინ, როცა შევძლებთ გვამური დონაციის დაწყებას საქართველოში.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე

მოსაცდელი ქალაქის შემოერთებულ ტერიტორიაზე

ბათუმის საკრებულომ, შვიდი წლის წინ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბლობის ქალაქის საზღვრებში შემოერთების მიზეზად გარეუბნების ინსფრაქტრუქტურის მოწესრიგება დაასახელა.

გადაწყვეტილების მომხრეები აცხადებდნენ, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ინფრატრუქტურულ სამუშაოებს ვერ გასწვდებოდა, რაც გარეუბნების მოსაწესრიგებლად იყო საჭირო. მიუხედავად ამისა ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე ამ დრომდე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.

პოლიტიკოსები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა სახლში რჩებათ

 

ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები დაუსაბუთებელი განცხადებების გზით ცდილობენ საზოგადოებისთვის თავის მოწონებას, მაგრამ „საზოგადოება, განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ, გაიზარდა. ყველას გვახსოვს დღევანდელი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საწვავის ფასი – მაშინ ეს გუნდი ოპოზიციაში იყო და ამბობდა, რომ ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ისინი ფასის განახევრებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს, მაგრამ ახლა რა მიიღეს – სააკაშვილის ჯიბეში წასული 1 ლარის ამბავი ქილიკის საგნად იქცა. შემდეგ არჩევნებზე მსგავსი დაპირებებით ხალხის მოტყუება ძალიან გაუჭირდებათ“.


კიდევ ერთ, მსგავსი შინაარსის ბრალდებებს ასლან ჭანიძე რეგიონის ცხოვრებიდანაც იხსენებს: „აღმასრულებელი ხელისუფლება, მართალია არა არჩილ ხაბაძე, მაგრამ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე ლაპარაკობდა. ამდენი ხანი გავიდა და სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა ვარშალომიძის მიმართ. გამოდის, ესენი ისეთ რამეს ამბობდნენ, რისი მტკიცებულებაც არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ამბობდნენ. სწორედ ამიტომაც ქილიკობს ახლა ამაზე ყველა… ან ის რად ღირს, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის პიაცასთან დაკავშირებით ასევე ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ უკანონობებზე რომ ისაუბრა, მაგრამ ვერც კირთაძეს დაუმტკიცეს ვერაფერი“.

 

ასლან ჭანიძის აზრით, მტკიცებულების გარეშე განცხადებების გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას არ ახასიათებს და იხსენებს ბოლო ფაქტს, როდესაც გიორგი კირთაძემ თავისი ოპონენტის – ირაკლი ჩავლეიშვილის დაპატიმრება დააანონსა: „ამ დღეებში გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ჩავლეიშვილმა უკანონოდ გააუქმა ტენდერი და მისი დაკავების მოლოდინის გაჩენაც კი სცადა ხალხში. მაშინ როცა ჩავლეიშვილს ეს ტენდერი კანონის დაცვით ჰქონდა გაუქმებული. ანუ კირთაძემ რა ჩაიდინა – აჩვენა, რომ ან კანონი არ იცის, ან ოპონენტის იმიჯის შესალახად შავ პიარს მიმართა. მე, პირადად, არ მჯერა, რომ გიორგი კირთაძემ არ იცოდა კანონი, რომელშიც წერია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ტენდერის გაუქმების უფლება. კირთაძე რამდენიმე წელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და შეუძლებელია არ იცოდეს, რისი უფლება აქვს კანონით საკრებულოს თავმჯდომარეს“.

 

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გენო გელაძე იმ განცხადებებს იხსენებს, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციაში ჩართულობას, „სეიფში შენახული დოკუმენტების“ გამოქვეყნებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, მაგრამ თავდაპირველი განცხადებიდან სამ თვეში საპირისპირო თქმა კამერების წინ სულაც არ მორიდებიათ: „ეს არის პოლიტიკური უკულტურობა, მაგრამ ამას თავი გავანებოთ – პოლიტიკოსი სამუშაო შეხვედრაზე რომ მოვა და გეტყვის, ელექტრონული ფოსტა სახლში დამრჩაო, იმის პოლიტიკურ კულტურაზე რა უნდა ილაპარაკო?! მათ თავისთავად ვერაფერი გაზრდის. ახალი მოთამაშეები უნდა შემოვიდნენ, რომლებიც დაუსაბუთებელ განცხადებაზე საპირისპიროს მტკიცებას კი არ დაიწყებენ, სასამართლოში წავლენ და გავრცელებული ცნობების უარყოფას ან მორალური ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ“.

 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის აზრით, წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობა უფრო მარტივი და არასერიოზული საქმეა და ასე გამოიყურება – „იღებ ხელფასს და პასუხისმგებლობა არის ნული“.

 

ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები თავად განცხადების ავტორებს აზარალებს, მაგრამ გენო გელაძის აზრით, ამ „საკენკს“ ჯერ კიდევ მშვენივრად ინელებს მედია და საზოგადოება, რომელიც განსაკუთრებით ლოიალურობით წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების მიმართ გამოირჩევა: „საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს აქვს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას იმის მტკიცებულება, ვინ რას იძახის. მთავარია, რამე თქვან, ვიღაცას რაღაცა დააბრალონ. ბოლო ხანებში ეს ტენდენცია მოდურიც კი გახდა“.
გენო გელაძის დაკვირვებით, პოლიტიკოსებმა მეტ-ნაკლებად იციან ამომრჩევლის ამ განწყობის შესახებ და ცდილობენ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც საზოგადოებას გაართობს: „უმეტეს შემთხვევაში მაინც არის ზემოქმედება ამომრჩეველზე, რომ, აი, ნახე რა მაგარი ვარ – გამოვავლინე! ამის მერე მათ არავინ ეკითხება, რა გამოავლინეს, რითი ამტკიცებენ, რომ გამოავლინეს, რაიმე დოკუმენტი აქვთ თუ არა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსების ზედაპირულ განცხადებასაც კი მშვენივრად ჭამს“.

 

გენო გელაძეს სურს, რომ პოლიტიკოსებმა საქმის კეთებაზე მეტი დრო ინტრიგების ხლართვას არ მოანდომონ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრით ამის მიღწევა შეუძლებელია:

 

„პოლიტიკოსებმა – პეტრე იქნება თუ პავლე, კეთილი უნდა ინებონ და კორუფციულ ფაქტებზე განცხადებები ფაქტებით დაადასტურონ, რადგან კანონდარღვევა ისეთი რამეა, მისი გამოსწორება, თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია. შეიძლება კანონდამრღვევი დასაჯო, მითვისებული თანხა უკან დააბრუნებინო, მაგრამ ფაქტი ფაქტად უნდა რჩებოდეს. ცხადია, პოლიტიკოსი, რომელიც ერთ დღეს ამბობს, რომ ვიღაცა კორუმპირებულია, მეორე დღეს კი საწინააღმდეგოს საუბრობს, ეს მის იმიჯზე მოქმედებს“.

 

მალხაზ ჭკადუა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისის მენეჯერია ბათუმში, რეგიონული პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმით ამ პროცესში მედიის როლზეც მიანიშნებს: „პოლიტიკოსებს ყოველთვის შეუძლიათ ისეთი ბრალდებების გახმაურებაც კი, როცა ჭეშმარიტების დადგენა ძალიან რთული იქნება. ცხადია, თუ ვსაუბრობთ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე, უნდა ვისაუბროთ მედიის მთავარ ამოცანაზეც – მოახერხოს ყურადღების გამახვილება იმ თემებზე, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ინსტიტუტების გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და არა მხოლოდ კრიმინალური, კორუფციული თუ სხვა სახის სკანდალური განცხადების გავრცელებაზე. მე, როგორც ჟურნალისტი და არა როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ვამბობ, რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვთ ცდუნება საკუთარი დღის წესრიგით წაიყვანონ პროცესი, მაგრამ ამიტომაც არის მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ არსებითი პრობლემების წინ წამოწევა მოხერხდეს“.

უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს ახალი წევრი აირჩიეს

 

ზაზა დავითაძე
ზაზა დავითაძე

ზაზა დავითაძემ არჩევნებში 16 ხმით გაიმარჯვა, 14 ხმა მიიღო მისმა კონკურენტმა, ვლადიმერ ბალაძემ, საბჭოს წევრობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, იაშა დიასამიძემ კი საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხსნა. 

უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტიდან აკადემიურ საბჭოში თითო წარმომადგენელია. საბჭო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის წევრებსაც ფაკულტეტების აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები ირჩევენ ფარული კენჭისყრით. საბჭო ოთხი წლის ვადით ირჩევა და ირჩევს უნივერსიტეტის რექტორს, ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, მონაწილეობს ბიუჯეტის დაგეგმვაში და ასე შემდეგ. 

ზაზა დავითაძის გარდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები არიან: მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე. საბჭომ 2015 წლის 16 მარტს უნივერსიტეტის ახალი რექტორი უნდა აირჩიოს. ამ დრომდე ოთხი კანდიდატი ადასტურებს რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს, მათგან ერთ-ერთი აკადემიური საბჭოს წევრია.

სულხან ღლონტი: კრიზისიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

რატომ დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ თქვენ შეიძლება დავით ბაციკაძის თანამდებობაზე დაინიშნოთ?


როგორც ჩანს, გართულდა საკმარისი ხმების მოგროვება უმაღლეს საბჭოში ცვლილებისთვის და ამისთვის საჭირო გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ ის ორი ხმა, რომელიც ჩვენ გვაქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში. როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ეს იქნება ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ მე  ღიად ვამბობ – ამაში მონაწილეობას არ მივიღებ და არც ერთ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი თანახმა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები გველაპარაკებოდნენ პრაქტიკულად ყველა კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაზე, მათ შორის თანამდებობების შემოთავაზებით – გადაყენების მხარდაჭერას გვთხოვდნენ…  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ერთი ჯგუფი იმძლავრებს მეორეზე, მერე ის მეორე დააყენებს იმ მომენტისთვის გამარჯვებული ჯგუფის გადაყენების საკითხს და ეს იქნება დაუსრულებლად. ეს ხალხი რეგიონს ითრევს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში, ვიდრე რეალურად არის.

 

ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის რიგარეშე არჩევნები. „თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, ჩვენი ორი მანდატი ნებაყოფლობით დავთმოთ რიგგარეშე არჩევნების გამო.

 

რატომ?

 

ბოლო პერიოდის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მორალური თვალსაზრისით აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო არის დელეგიტიმირებული. გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა რეგიონში არსებული ვითარებით და მათი მუშაობით.  კრიზისი შექმნა დღეს არსებულმა კადრებმა, მათ შორის აჭარის მთავრობაში და უმაღლეს საბჭოშიც. არჩევნების გარეშე იგივე კადრები, იგივე საკადრო პოლიტიკა მოიტანს იმავე კრიზისს.

 

ჩვენი რეგიონის წინაშე არსებული პრობლემები, პირველ რიგში, არის არა პოლიტიკური, არამედ სოციალური, ეკონომიკური და აქედან გამომდინარე პოლიტიკური. აჭარის მთავრობას სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია, ეკონომიკური საკითხები ვერ პასუხობენ გამოწვევებს, პოლიტიკაში კი საერთოდ  ვერ ერკვევიან. 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხიდან გამოსავალი არის მანდატები დაუბრუნოთ მოსახლეობას და თავიდან აირჩიონ უმაღლესი საბჭო.

 

თქვენ არ უჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას გადააყენონ მმართველი გუნდის წევრები თანამდებობებიდან. რატომ აკეთებთ ამას?

 

იმიტომ, რომ ეს არ არის კრიზისის გადაჭრის გეგმა, ეს არის საკადრო თამაში. მარტივია – 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის ყველა რაიონში წააგო არჩევნები, ანუ აჭარის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე არ უნდა არჩევნები, რადგან იცის, რომ იმ მანდატების რაოდენობას, რაც ახლა აქვთ, ვეღარ მიიღებენ. მაგრამ ისინი გვთავაზობენ სხვა გეგმას – გადატრიალებით აიღონ ხელში ძალაუფლება. ეს იქნება 2012 წლის იდეალების ღალატი და მე  ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი მანდატის პასუხისმგებლობის საკითხი და არ მივიღებ ამ თამაშში მონაწილეობას.

 

ჰიპოთეტურად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა უმაღლესი საბჭოს მმართველობაში, ამის შემდეგ გაჩნდება მექანიზმი, პრეზიდენტმა დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს რიგარეშე არჩევნები, ანუ რა გამოდის – ყველას გინდათ არჩევნები, მაგრამ არაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ის დაინიშნოს?

 

ჩემთვის პერსონალურად ეს არის რთული გადასაწყვეტი, მაგრამ ძალიან მარტივია კალკულაციაა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 8 მანდატი, „თავისუფალ დემოკრატებს“ _ 2 და არსებობს კიდევ ერთი თავისუფალი დეპუტატი. გადაყენებებზე წინადადება არის შემოსული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრის ხელმოწერილი დოკუმენტით, ანუ ეს არის მათი თამაში, რომელიც დაგეგმილია ლევან ვარშალომიძისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ  კრიზისის შესაქმნელად. დიახ, პროცესი სწრაფად დაიწყო და დაემთხვა ვარშალომიძის ტრაბზონში ვიზიტს, როგორც არ უნდა ვთქვა, ეს ფაქტია. მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – მე მათ თამაშს არ ვითამაშებ, რადგან, მართალია, ბევრს ეს დაავიწყდა, მაგრამ ისინი ჩემთვის მიუღებელ ავტორიტარულ ქვეყანას აშენებდნენ.

 

„ნაციონალებს“ ამით უნდათ უთხრან საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს და ეს ყველაფერი დაიწყო აჭარაში. მე არ ვარ „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, მაგრამ მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც და მე ამ გეგმაში მათ არც ერთ შემთხვევაში არ მივყვები. აქედან გამომდინარე, მირჩევნია დავიკავო ნეიტრალური პოზიცია, რომელიც არის მძიმედ ასახსნელი, მაგრამ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და დავიწყო კამპანია იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

 

და ერთიც, თუ „ნაცმოძრაობას“ უნდა განმუხტოს რეგიონში კრიზისი, მაშინ დადონ მანდატები, მაგრამ ისინი ამას არასოდეს გააკეთებენ, რადგამ მათი მხარდამჭერი არ არის ელექტორატი, სწორედ ამიტომაც ამ ველში ისინი არ გადმოიტანენ თამაშს და შეეცდებიან რადენიმე დეპუტატთან მოაგვარონ ეს ამბავი.

 

რაც შეეხება თანამდებობიდან ადამიანების გადაყენებას, ეს ვერ გახდება საფუძველი ხელახალი არჩევნების: საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ საკადრო ცვილელებების გამო დაითხოვოს უმაღლესი საბჭო. ასეთ კონსტიტუციურ ნორმას არც აჭარის და არც საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს.

 

„ნაცმოძარობას“ მოუწოდებთ, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის იზრუნონ, იმავეს ეუბნებით „ქართულ ოცნებას“ და თან ამბობთ, რომ ამას არ გააკეთებენ. მაშინ ამ მოწოდებას რა აზრი აქვს?

 

მე არაფერს მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, მე „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ ეს გააკეთონ,  რადგან მათ აქვთ აღებული პასუხისმგებლობა რეგიონის მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება მთავრობის გადაყენებას, ერთ მექანიზმს გეტყვით  – მთავრობის ახალი შემადგენლობა თუ შემოვა უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, რადგან აჭარის მთავრობა რა შემადგენლობითაც არ უნდა შემოვიდეს, იმდენად ღრმაა კრიზისი, იმდენად მოშლილია მენეჯმენტი, რომ წარმოუდგენელია მათ რამის გაკეთება შეძლონ. ისინი დამოკიდებულები არიან არა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომლის გაწერასაც ორი წლის განმავლობაში ვეხვეწებოდით, არამედ სხვაზე. ჩვენ შიგნით სულ გვქონდა საუბარი, რომ წარმოედგინათ რეგიონის განვითარების გეგმა – რისი გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს. ამ ხალხს არ შეუძლია ამის გაკეთება.

 

ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც კიდევ გამოაკლდება რამდენიმე დეპუტატი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს მათ შეუძლიათ, თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და დადებენ მანდატებს ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ. ეს საჭიროა არამხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია მოექცეს კანონის ჩარჩოში, არამედ იმიტომაც, რომ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას რეგიონში ავტორიტეტი პრაქტიკულად არ გააჩნია.

 

ელოდებით, რომ გადადგამს „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს?

 

თუ კრიზისი გაღრმავდა და მათ დაინახეს, რომ კიდევ ბევრ რამეს დაკარგავენ, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ამაზე წავიდნენ. ჩვენ მზად ვართ მივიდეთ ხალხთან და ვუთხრათ, რომ  ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ამ ყველაფრის ბედი. ვხედავთ, რომ  არც ერთ სახელისუფლო ინსტიტუტს რეგიონში ავტორიტეტი აღარ შერჩა, ხალხს არ აქვს განცდა, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელიც აგვარებს პრობლემებს, სამინისტროები და აჭარის მთავრობა გახდა უტყვი.

 

მაგრამ, როგორც თქვენ უწოდებთ უტყვმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ კრიზისის დაძლევის მიზნით ერთ კონკრეტულ დეპუტატს შესთავაზა ქონება 49-წლიანი იჯარით…

 

ეს შეურაცხმყოფელია. ქალბატონი სვეტა [კუდბა] დიდი ხანია ითხოვს ამ ტიპის დაწესებულებისთვის ფართობს, არაერთხელ ვიყავი მონაწილე ამ პროცესის,  როცა ის ამას ითხოვდა და მას სხვადასხვა არგუმენტით უარს ეუბნებოდნენ. დღეს თუ ეს შესთავაზეს, კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი იქნება, რომელიც გადადგა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში რაღაც კონფიგურაცია შეინარჩუნოს. ეს კონფიგურაცია არაფერს ახალს არ ქმნის. არ შეიძლება პრობლემები გადაიჭრას იმ სტრატეგიით, რა სტრატეგიამაც ეს პრობლემები შექმნა. პრობლემები შექმნა უსაქმურობამ, არაფრის კეთებამ. თუ არჩევნები არ ჩატარდა, პრაქტიკულად კიდევ არაფრის კეთება მოყვება ამას.

 

დავით ბაციკაძის თუ მისი ოჯახის მიერ წამოწყებულ ბიზნესზე რა აზრის ხართ?

 

მე ვთვლი, რომ პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ჰქონდა დეკლარირებული და არ დაუმალავს, მორალური თავლსაზისით ეს არ არის სწორი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ძალიან რთულად აღსაქმელია რეგიონისთვის, სადაც მძიმე სოციალური ფონია, რომ  არ გამოგიყენებია თანამდებობა საკუთარი ბიზნესის გასამართად. ეს რთულად ახსნადია და ამას არ უნდა აკეთებდე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დარღვეულა, როგორც თვითონ ამბობს. უნდა გადაწყვიტო – ან ხარ ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი. სერვანტესი ამბობს, რომ ყველაზე მძიმეა ადამიანი ერთი ფეხით გადმოდიოდეს ცხენიდან – ასეთი სიტუაციაა უმაღლეს საბჭოში: მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც კი არ აქვთ  ჩამოყალიბებული პოზიცია – არ იციან პოლიტიკოსები არიან მომავალში, თუ  ბიზნესის კეთება უნდათ.

 

ხვალ, 20 თებერვალს, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს „ოცნების“ თანამდებობის პირების გადაყენებაზე. რას ელოდებით?

 

როგორც არ უნდა განვითარდეს ხვალ პროცესები, ჩვენ  კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ველოდებით.

 

ცენტრალური მთავობისგან თუ იღებენ რეკომენდაციებს „ქართული ოცნების“ აქაური წევრები?

 

მე ვთვლი, რომ არავითარი მითითება დედაქალაქიდან არ აქვთ – იქ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რატომაც შეიქმნა ეს კრიზისი, არის ის, რომ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ რეგიონის პოლიტიკოსები. მექანიზმი ასეთი: მათ უნდა უთხრან სუს-ის გარკვეული განყოფილების თანამშრომლებს რაღაც, რასაც ისინი ათანხმებენ ადგილზე ხელმძღვანელებს, მერე ეს ადგილზე ხელმძღვანელი ათანხმებს ამას დედაქალაქში მინისტრის მოადგილე კურატორთან, ეს კურატორი ათანხმებს რომელიღაცა სამინისტროში და ამის შემდეგ იწყება უკუბრუნი. ეს მართლა ასე ხდება. ამიტომაც ვერც ერთმა პროექტმა ვერ გაიარა ეს გზა, რადგან ამ გზაზე იმდენი კითხვის ნიშანია, რომ ეს ბოლომდე ვერც მივა. ამიტომაც არის, რომ  არც ერთი პროექტი არ დაწყებულა.  

როცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერთან მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო პრობლემა. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონის ქონება არ არის გამიჯნული. მსგავსი უნიათობები კი იწვევს პრობლემებს.

ფაქტი კი ერთია, კრიზისი შექმნა  მართვის ამ სტილმა, ამ ადამიანებმა და იგივე ადამიანები ვერ გადაწყვეტენ კრიზისს. „ნაცმოძრაობა“ კი კიდევ უფრო დიდ კრიზისს გეგმავს, ანუ ამ პროცესში მონაწილეობით შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება მოუტანო რეგიონს.

ბათუმის მერია: ამახინჯებს თუ არა ქალაქს უკანონო გარევაჭრობა?

ბათუმის მერიის მცდელობა, აღკვეთოს ქალაქში უკანონო გარევაჭრობა, ახალი არ არის. მერიის სამსახურები გასულ წლებშიც უშედეგოდ ცდილობდნენ გარემოვაჭრეებთან მოლაპარაკებას.  მერიაში ახლა ამბობენ, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი აზრი აინტერესებთ ამ საკითხზე.

„მერიამ გადაწყვიტა, საზოგადოებრივი აზრი შეესწავლა და მიმდინარეობს ინტერაქტიული გამოკითხვა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის თითოეული მცხოვრების მოსაზრების დაფიქსირება ამ საკითხთან დაკავშირებით. რა შედეგი მოჰყვება გამოკითხვას, ამას უკვე გადაწყვეტს ზემდგომი ხელმძღვანელობა“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ თეკლა ჩიჩუამ, მერიის საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა.

მისივე თქმით, მერია პირველ ეტაპზე გამაფრთხილებელ შეტყობინებას გაუგზავნის იმ 50 მაღაზიის მფლობელს წერეთლისა და ჯორჯიაშვილის ქუჩების მონაკვეთში, რომლებიც თავიანთი მაღაზიების წინ უნებართვოდ ვაჭრობენ.  

„ბათუმელები“ გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ალტერნატიულ გამოკითხვაში – როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა?

 

როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა? – გამოკითხვა


<a href=”https://polldaddy.com/poll/8667298/”>თქვენი აზრით, როგორ უნდა მოაგვაროს მერიამ უკანონო გარევაჭრობის პრობლემა?</a>

ქედაში აგრობარათების დარიგება დაიწყო

 

 როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც ფერმერები ორი სახის ბარათს: ხვნისა და აგრობარათს მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ სჭირდება ხვნის ბარათი, მას შეუძლია ბარათი დააბრუნოს, რის შემდეგაც ფერმერს ბარათის შესაბამისი ქულა აგრობარათზე დაერიცხება, რომლითაც პესტიციდებისa თუ შხამ-ქიმიკატების შეძენა შეეძლება.


 ქედის გამგებლის მოადგილის მამუკა ფარტენაძის თქმით, ქედაში მცხოვრებ ფერმერებს აგრობარათებს თემის რწმუნებულები ერთი კვირის განმავლობაში გადასცემენ.


საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისთის ქედაში სულ 3 745 ფერმერი მიიღებს აგრობარათს.

მიწებს წელსაც მთავრობა დახნავს – 61 მილიონი ლარი ხვნისა და აგრობარათებისთვის

 

მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროგრამით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებსაც მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰექტარი მიწის ფართობები. მათ დაურიგდებათ ხვნისა და აგრო-ბარათები, რომლებსაც დაბეჭდავს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ და გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ბენეფიციარებისათვის დასარიგებლად.

                                                    

მთავრობის ინფორმაციით, ბენეფიციარებს აგრობარათები  2014 წელს დაურიგდათ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ და მათი მოქმედების ვადა 10 წელია. შესაბამისად, 655 453 ბენეფიციარს მიღებული აქვს აგრობარათები, ხოლო 2015 წელს დამატებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრობარათები აიღონ კვლავ   „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში.

 

იმ ბენეფიციარებს, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული აქვთ აგრობარათები, საშუალება ექნებათ, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში განაახლონ თავიანთი ბარათები. „ლიბერთი ბანკი“ ვალდებულია გაითვალისწინოს ბენეფიციართათვის ახალი ან/და დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების დარიგება და მათი შემდგომი მომსახურება.

 

მთავრობის მონაცემებით,  მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობამ 757 145 ფერმერი შეადგინა, რომელთა მფლობელობაში იყო მიწის ფართობები 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით.

 

2014 წელს (2013 წლისგან განსხვავებით) ბენეფიციართა რაოდენობას დაემატა თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ბათუმი) ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები) მფლობელები.

 

2015 წელს მათ დაემატება რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების მფლობელებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით დააზუსტებენ პოტენციური ბენეფიციარების სიას.

 

2015 წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს.

 

ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და ისინი მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2014 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 227 590 ბენეფიციარის სარგებლობაშია 31 629 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 529 555 ბენეფიციარის სარგებლობაშია 319 339 ჰა მიწის ფართობი.

 

პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტებისა და გამორჩენილი ბენეფიციარების დამატების შემდეგ, 2014 წლის მონაცემებით არსებულ 757 145 ბენეფიციარს 2015 წელს დაემატება დაახლოებით 43 000 ბენეფიციარი და 2015 წელს პროექტის პოტენციური ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა იქნება 800 000.

 

ბენეფიციარები, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით, მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:

 

ა) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან შესყიდვის მიზნობრიობით;

 

ბ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით;

 

გ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მათ გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით.

 

აგრობარათზე არსებული ქულებისა და ხვნის ბარათის განაღდების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აგრობარათებზე დარიცხული ქულების ათვისება 2015 წლის 1 დეკემბრამდე, სააგენტო მოახდენს გაუნაღდებელი ქულების ანულირებას.

 

 შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს შემსრულებელი სხვა მეწარმე სუბიექტები პროექტის განხორციელებისას, ბენეფიციარებს დაუხნავენ მიწას, გაწეული მომსახურების საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. კერძოდ, ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას სააგენტოს კონტრაქტორი შეძლებს სააგენტოს კონტრაქტორ ბანკში. ხოლო „მექანიზატორის“ მიერ ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას უზრუნველყობს სააგენტო. „მექანიზატორი“ სამუშაოს სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნას.

 

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე და სარგავ მასალებს. საქონლის შესყიდვის საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს.

 

პროექტის ბენეფიცარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 800 000 ფერმერს.  პროექტის განხორციელების მთლიანი ბიუჯეტი იქნება 61 139 153 ლარი. აქედან 50 მილიონი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საიდანაც უკვე გამოყოფილია ეს თანხა, ხოლო დანარჩენი დაფინანსდება სააგენტოს მიერ.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები პროგრამის გარეშე

 

 

ლილი დარახველიძე ლოგოპედია (დეფექტოლოგი). ის ამ ბაღში რამდენიმე წელია მუშაობს. ამბობს, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ ბაღში სპეციალური პროგრამები უნდა იყოს, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა:
„ჯერ არანაირი პროგრამით არ ვმუშაობთ, არც ერთი დაწესებულება არ გამოჩნდა, რომელიც გვასწავლიდა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ამ ბავშვებთან მუშაობა. გასულ წელს რომელიღაც ორგანიზაცია ჩამოდიოდა თბილისიდან და გვეხმარებოდა, მაგრამ წელს იმათაც მიგვატოვეს“.

 

ლილი დარახველიძე ამბობს, რომ ცალკეულ სპეციალისტთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ბავშვებთან პროგრესის მიღწევა მაინც ჭირს: „ბავშვთან, რომელიც ვერ დადის და ვერ მეტყველებს, დიდი პროგრესი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა იყოს რაღაც პროგრამა, რის მიხედვითაც ყველა სპეციალისტი ვიმუშავებთ ერთობლივად, ერთი ხაზით“.

 

პერსონალი გვეუბნება, რომ ისინი ინდივიდუალურად, საკუთარი დაკვირვებითა და პროფესიული მეთოდებით აგრძელებენ პატარებთან მუშაობას, თუმცა, სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას მაინც ხედავენ.

 

„ტრენინგები იშვიათია, თუმცა შესაბამის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა არც ტრენინგების დროს გვაქვს. რაც არსებობს, ის პროგრამა არ შეესაბამება ამ ბაღში მყოფი პატარების ასაკობრივ ნორმებსა და მათ განვითარებას“, – ამბობს ლოგოპედი. მას მიაჩნია, რომ სპეციალურ პროგრამებზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსურად უნდა იმუშაონ. 

 

სისტემა ითვალისწინებს შშმ ბავშვების ინტეგრირებულ ჯგუფებში ყოფნას. თუმცა, როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა უჭირთ.

 

„ასეთი დიაგნოზით (დცპ) არ ვიცი საერთოდ შეძლებენ თუ არა სკოლაში წასვლას. ვინც წევს, მათი რა მოგახსენოთ, მათ ინტეგრაციაზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს“, – გვეუბნება ბაღის გამგე ლალი ლიპარტიანი.

 

ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ბაღის აღსაზრდელთან ერთად
ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ბაღის აღსაზრდელთან ერთად

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, სპეცჯგუფის ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ამბობს, რომ ინტეგრირებულ ჯგუფში პატარები მაინც გაყავთ: „მაგალითად, თემო უფრო მოძრავი ბავშვია, ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ბევრს მიაღწია. იცის ფეხზე ჩაცმა, კარის გაღება-დახურვა, მას არ უჭირს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა, სხვები უფრო იღლებიან, ხმაური აღიზიანებთ და დიდხანს არ ვტოვებთ“.

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან უკვე მეექვსე წელია მუშაობს. ლოგოპედის მსგავსად, ისიც საკუთარი დაკვირვებით, ინდივიდუალურად ცდილობს თითოეული ბავშვის პრობლემის დაძლევას:

 

„ამ სფეროში სახელმძღვანელოები უცხოურ ენაზეა, მე 2010-2011 წლების გამოშვებული მასალებით ვხელმძღვანელობ, წიგნის ავტორი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფსიქოლოგთა რჩევებია მოცემული და პრაქტიკაში ძალიან მეხმარება“.

 

თამარ უნგიაძის თქმით, თითოეული ბავშვის განვითარების გეგმა ინდივიდუალური დაკვირვების შედეგად დგება, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლება: „იმის მიხედვით, აქვს თუ არა ბავშვს რაიმე პროგრესი განვითარებაში. დაკვირვება შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე და მეტიც“.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ ისინი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. „ბავშვებთან, რომლებიც ვერ დადიან და, ძირითადად, საწოლში უწევთ ყოფნა, ვმუშაობთ, რომ მათ განუვითაროთ ხელის მოტორიკა, დავუმუშაოთ თითები, ლოგოპედი სახის კუნთების დამუშავებაზე მუშაობს და ა.შ“.

 

ქრისტინა გოგიტიძეს ექვსი წლის გოგონა ჰყავს. მას მე-12 ბაღში უკვე მეორე წელია დაჰყავს შვილი. ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, ბაღი ბავშვისთვის მაინც მნიშვნელოვანია.

 

„კარგი იქნება, თუ ბაღის სერვისი გაუმჯობესდება და მშობლებს ნაკლებად მოგვიწევს ბავშვების სხვადასხვა ადგილზე წაყვანა. რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ იაგორ ჯიბუტის სარეაბილიტაციო ცენტრში მოქმედებს, რომელიც ჩაქვშია და ძნელია იქ სიარული“.

 

დედა ამბობს, რომ პროგრამა წელიწადში რვა სავარჯიშო კურსს მოიცავს, რაც ძალიან ცოტაა: „დცპ დიაგნოზის ბავშვებს თვეში მინიმუმ ოცი დღე ინტენსიური ვარჯიში სჭირდებათ. სახელმწიფოს შემოთავაზება კი მინიმალურია. ალბათ უფრო მეტად უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ამ ბავშვებს დაეხმაროს“.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მულტიდისციპლინარული, ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ბაღიდან სკოლაში გადადიან. მათი უმეტესობა სწავლას ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში აგრძელებს. ამ სკოლის ფსიქოლოგის, ფატმან ზოსიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი მონაცემები არ შეესაბამება სასკოლო ნორმას, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. „წელს მივიღეთ ამ ბაღიდან ბავშვი. რომ ვთქვა, ბავშვი რაიმე განვითარებით შემოვიდა-მეთქი, მოგატყუებთ. ფანქრის დაჭერაც კი არ შეუძლია. მე არ ვიცი რამდენი ხანი დადიოდა ის ბაღში, მაგრამ ამის განვითარება ნამდვილად შეიძლებოდა“, – გვეუბნება ფსიქოლოგი.

 

იგი ფიქრობს, რომ ბავშვების განვითარებაში პროგრესის ნაკლებობა არასწორად გაწეული მუშაობითაა გამოწვეული: „ან ნაკლენად დახარჯული ენერგიის. როცა ეს არ კეთდება ბაღში, იმავე სამუშაოს თავიდან გავლა გვიწევს სკოლაში, რაც ძალიან ცუდია“.

 

ფსიქოლოგის აზრით, ბაღებში სპეციალისტების გადამზადება აუცილებელია: „აღმზრდელი არ ნიშნავს იმას, რომ გამოცვალოს „პამპერსი“. აღმზრდელს აუცილებლად სჭირდება გადამზადებული თერაპევტიც, რომ მიაღწიოს მიზანს“.

 

ფატმან ზოსიძე ძირითადად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობს და ამბობს, რომ რეგიონში ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტიცაა: „მხოლოდ ორი ფსიქოლოგი ვართ აჭარის მასშტაბით. სპეციალისტების გადამზადებაზე არანაირი რესურსი არ იხარჯება და რა შედეგს უნდათ, რომ მიაღწიონ“.

 

ფსიქოლოგის თქმით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი ქვეყანაში გვიან დაიწყო, „ამის შედეგია ის, რომ სკოლაში მყავს 35 წლის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა და წრის შემოხაზვა შეუძლია. ამ ადამიანის უკეთ განვითარების ყველა შანსია გაშვებული“, – ამბობს ის.

 

ფსიქოლოგის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფომ დროულად მოახდინოს პრობლემაზე ორიენტირება და იზრუნოს სპეციალისტების გადამზადებაზე და იმ აუცილებელი პროგრამების შემუშავებაზე, რომლის გარეშეც, ფსიქოლოგების აზრით, პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.

ახალი ფორმები სასწრაფო დახმარების პერსონალისთვის

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი რაიონულ ცენტრებში არსებულ მდგომარეობას დღეს, 19 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან და ქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად გაეცნო. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მას ახალი ავტომობილები გადაეცა. სამი საშუალო და ერთი მაღალი გამავლობის მანქანით ცენტრის პრესონალი რაიონის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას.

სარეაბილიტაციო ცენტრი ვიტა – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ცენტრში ძირითადად მკურნალობენ: სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს.

სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი წარმოადგენს ქ.კიევში არსებული ვერტებრო-გამაჯანსაღებელი ცენტრის (ევმინოვის ცენტრის) ფილიალს, რომელიც ბევრ ფილიალს ფლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

რევაზ ჭაღალიძე, სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი და დამფუძნებელი იხსენებს, როგორ გაუჩნდა იდეა მსგავსი სერვისით სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ აჭარის რეგიონის მოსახლეობას:

რევაზ ჭაღალიძე
„დაახლოებით 4-5 წლის წინ წელის არეში დამეწყო ტკივილი, რომელიც გადავიდა ქვედა მარცხენა კიდურში. ერთი სიტყვით ტკივილი ისე გამწვავდა, რომ აღარ შემეძლო გადაადგილება. დავიწყე მკურნალობა მედიკამენტების საშუალებით, ვიკეთებდი ბლოკადებსაც, რაც გაგრძელდა დაახლოებით ორი წელი, მაგრამ ამ გამაყუჩებელ მედიკამენტებს მიეჩვია ორგანიზმი და ტკივილი ისევ ტკივილად დამრჩა.
გადავიღე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და მე-3, მე-4 მალებს შორის 8 მმ-იანი თიაქარი აღმომაჩნდა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მივმართე ქირურგიულ განყოფილებებს, სადაც მირჩევდნენ, რომ გამეკეთებინა ოპერაცია, მაგრამ რატომღაც თავი შევიკავე ოპერაციისგან და დავიწყე ინფორმაციების მოკვლევა ამ დაავადებასთან დაკავშირებით. ინტერნეტის საშუალებით მოვიკვლიე ქ. კიევში არსებული ევმინოვის ცენტრის შესახებ ინფორმაცია, სადაც ყოველგვარი მედიკამენტებისა და ქირურგიული ჩარევის გარეშე, სრულიად ჯანსაღი წესით, განვიკურნე და დღემდე თავს ვგრძნობ ძალიან კარგად.
იმ დროისთვის ევმინოვის ცენტრს კიევში ჰქონდა 42 ფილიალი, მაგრამ ყოველწლიურად იზრდებოდა მათი ფილიალების რაოდენობა, არამარტო უკრაინაში, არამედ ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც. გადავწყვიტე, რომ ასეთი ფილიალი ყოფილიყო საქართველოშიც“.მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს სარეაბილიტაციო ცენტრ „ვიტაში” მკურნალობენ, არის შემდეგი:[checklist]
  • ვარჯიში პროფილაქტორზე (პროფილაქტორი სპეციალური სავარჯიშო დაფაა, რომელზეც ხერხემალს თანდათანობით ჭიმავენ სხვადასხვა ვარჯიშის გზით);
  • ელექტროფორეზი;
  • სამკურნალო მასაჟი.

[/checklist]

მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ადგენენ ხერხემლის გამრუდების ხარისხს. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტს გადაუღებენ პირდაპირ და გვერდით ხედში ფოტოსურათს, რომელიც იგზავნება ევმინოვის ცენტრში (კიევში) ინტერნეტის საშუალებით, იქედან კი ბრუნდება უკვე სპეციალური პროგრამით დამუშავებული ფოტოსურათი რეკომენდაციებით.

“ვიტა” უკვე მე-2 წელია მონაწილეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულ ქვეპროგრამაში – “სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის რეაბილიტაციის კურსის მიწოდება”.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს მიეკუთვნება სხვადასხვა ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

იმისათვის, რომ მკურნალობა ხელსაყრელი იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებისთვის, “ვიტას” მენეჯმენტმა გადაწყვიტა ფილიალები გაეხსნა ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოს, მუნიციპალიტეტებში. უკვე ყველა მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი მეთოდისტები გადიან ქ.ბათუმში “სქოლიოზით დაავადებულ სარეაბილიტაციო ცენტრში” გადამზადების სრულ კურსს. ასე რომ, ყველა მუნიციპალიტეტიდან სქოლიოზით დაავადებულ ბავშვებს შეეძლებათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ვაუჩერის აღების შემდეგ გამოცხადდნენ ქ.ბათუმში მდებარე “ვიტაში”, სადაც დაენიშნებათ სარეაბილიტაციო კურსისათვის განკუთვნილი პროცედურები. ამის შემდეგ, დანიშნულების საფუძველზე, მათ შეეძლებათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში გააგრძელონ მკურნალობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ლერმონტოვის ქუჩა, #107.

ან დაგვირეკეთ: 599 307556; 790 337 556

 Facebook: vita.scolios

 

ახალი საავადმყოფოს პროექტირება მაისში უნდა დასრულდეს

შეხვედრა სამინისტროში

რესპუბლიკური საავადმყოფოს  შენობების დემონტაჟი გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან დაიწყო.

ახალი საავადმყოფო 170 საწოლზეა გათვლილი, რომელშიც იქნება ყველა ურგენტული სამსახური, მეანობისა და ბავშვთა სამსახურის ჩათვლით. აქამდე ეს ორი სამსახური  საავადმყოფოში არ ფუნქციონირებდა.  

კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები აჭარაში

 

სამინისტროს მიერ „ბათუმელების“ წერილის პასუხად გამოგზავნილი დოკუმენტით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აქვთ ინფორმაცია 2015 წელს აჭარის ვტონომიურ რესპუბლიკაში დაგეგმილი და განსახორციელებელი ახალი ინვესტიციების [მნიშვნელოვანი პროექტების] შესახებ.


კერძო პირდაპირი ინვესტიციები


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის განმავლობაში რეგიონში განხორციელდა 276,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო პირდაპირი ინვესტიცია, საიდანაც 182,4 მილიონი დოლარი იყო უცხოური, ხოლო 94,1 მილიონი – ადგილობრივი. გასულ წელს აჭარაში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციები კი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 42 პროცენტითაა გაზრდილი.

 

აჭარაში შარშან განხორციელებული კერძო ინვესტიციები მუნიციპალიტეტების მიხედით პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა: ქედა – 1%, ხულო – 6, შუახევი – 7, ხელვაჩაური – 7, ქობულეთი – 8 და ბათუმი – 71%. რაც შეეხება ეკონომიკურ სექტორებს: მრეწველობა – 1%, სოფლის მეურნეობა – 4, ენერგეტიკა – 18, მშენებლობა – 32, ტურიზმი – 43, და სხვა დარგები – 2%.
უცხოური ინვესტიციების უმეტესი ნაწილი განხორციელდა ტურიზმის (57%), ენერგეტიკისა (26.9 %) და მშენებლობის (12 %) დარგებში.

 

რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს, 2014 წლის მონაცემებით ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნებია: თურქეთი (35.5%), ინგლისი (28.5%), ნორვეგია (20.4%), შემდეგ მოდის აზერბაიჯანი (8,5%), ხოლო სხვა დანარჩენი ქვეყნები – 7,1%.


 

სახელმწიფო ინვესტიციები

 

სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პორტფელის (სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების) ღირებულებითმა მოცულობამ 2014 წელს შეადგინა 234 918 274 ლარი, რომლის ძირითადი ნაწილი მოდის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 55%, შემდეგ პოზიციაზეა გარემოს დაცვა – 16%, განათლება, კულტურა და სპორტი – 9%, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 8%, შენობების მშენებლობა/რეკონსტრუქციამ შეადგინა მთლიანი პორტფელის 3%, სოფლის მეურნეობამ – 3%, ხოლო დანარჩენი 6% მოდის სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე.

 

შარშან რეგიონში განხორციელებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაფინანსების წყაროების 63% საბიუჯეტო სისტემის სხვადასხვა დონის (სახელმწიფო, რესპუბლიკური, ადგილობრივი) ბიუჯეტებიდან გამოყოფილი ასიგნებებია, ხოლო 37% – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (აზიის განვითარების ბანკი – ADB, ევრობანკი – EBRD, მსოფლიო ბანკი – WB) ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების რეგიონის ტერიტორიული ერთეულების ჭრილში განაწილებას, განხორციელებული ღონისძიებების 45% მოდის ქობულეთის მუნიციპალიტეტზე (ძირითადად, პროექტი – ქობულეთის შემოვლითი გზა), 21% – თვითმმართველ ქალაქ ბათუმზე, 18% – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტზე, 8% – საერთო რეგიონულ პროექტებზე, ხოლო დანარჩენი 8% – ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებზე.

სოფელ დოლოგანში საბავშვო ბაღი გაიხსნა

 

ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი, სადაც 50 აღსაზრდელs შეეძლება პირველადი განათლების მიღება. საბავშვო ბაღში 14 ადგილობრივი დასაქმდა.

 

დოლოგნის ბაღის რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 213 000 ლარი დაიხარჯა. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა – შპს ,„გულები-ოდე“-მ  და შპს „G.I.E.“-მ განახორციელეს. ამ დროისთვის ქედაში 12 საბავშვო ბაგა-ბაღია.

 

ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს პერიოდში დაბაში მეორე საბავშვო ბაღს გახსნის, გარდა დაბისა, 2015 წლისთვის დაგეგმილია კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მილისში.


სვეტლანა კუდბა: ფართობს თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი

 

სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბა

სვეტლანა კუდბა „ბათუმელებთან“ საუბარში ფართობის გადაცემის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ „ჯერჯერობით ამ თემაზე არაფერი კონკრეტული არ არის“: „ქალბატონი მედეა რას ამბობს, ეს მისი საქმეა, მე არანაირი დოკუმენტი არ წამომიღია მთავრობიდან და არც ხელი მომიწერია. ეს დავის სულ სხვა საგანია და ამ თემაზე არ მინდა საუბარი.“ 

 

თუმცა, სვეტლანა კუდბა არ უარყოფს, რომ ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებოდა:  „ერთ-ერთ კომისიაში ვარ იქ. მაინტერესებდა და ვნახე ხელშეკრულების   ნიმუშიც,  მაგრამ ხელი არაფერზე მომიწერია, რადგან ჯერ არაფერი არ არის დაზუსტებული“.

 

სვეტლანა კუდბა წლების განმავლობაში საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, რისთვისაც ქალაქის ცენტრში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობი ჰქონდა ხელშეკრულებით გადაცემული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აღნიშნული ფართობი მას ეკონომიკის სამინისტრომ ჩამოართვა.

 

„დავით ბალაძემ ბოლო წერილში მომწერა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია  ფართობი უკან დაგიბრუნოთო. იმის შემდეგ მე მისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია და არც მე მიმიწერია არაფერი.“

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ გადასცემს აჭარის მთავრობა მას ამ დღეებში ფართობს საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოახდენს თუ არა ეს ფაქტი მის გადაწყვეტილებაზე გავლენას? – სვეტლანა კუდბა პასუხობს: „თუ შემომთავაზებენ, რა თქმა უნდა, უარს არ ვიტყვი. იცით, რომ მე იქ კომერციულ ფართობს არ გავხსნი, რადგან ეს გაჭირვებულ ადამიანებს სჭირდებათ. ჩაწყნარდება  ეს დაძაბულობა და მერე ვილაპარაკებ ამ საკითხზე, ახლა მართლა ცუდად გამოჩნდება, არ გამოვიდოდა ეს ლამაზი და ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ“.   

თამილა მახარაძის ოპერაციისთვის საჭირო 13 ათასი ევრო ჯერ ვერ შეგროვდა

 

ამირან მახარაძის შვილს, 19 წლის სტუდენტ თამილა მახარაძეს იშვიათი დაავადება ტანჯავს – მის მარჯვენა ხელზე უჯრედებმა კვდომა დაიწყო. ამ დროისთვის თეონა მახარაძეს მარჯვენა ხელი იდაყვის ჩათვლით უჩვეულოდ აქვს შეშუპებული. გოგონას ახლობლები ტკივილის ლოკალიზებას ძლიერი გამაყუჩებელი პრეპარატებით ახერხებენ.

 

თამილა მახარაძე
თამილა მახარაძე

გერმანულ საუნივერსიტეტო კლინიკაში სათანადო კვლევის შედეგად ამირან მახარაძეს ექიმებმა უთხრეს, რომ ოპერაციული ჩარევის გზით შესაძლებელია არათუ გოგონას სიცოცლის გადარჩენა, არამედ ხელის შენარჩუნებაც კი. სწორედ ამ მიზნით  მიმართა ამირან მახარაძემ საზოგადოებას დასახმარებლად. ის დღეს ამბობს, რომ მედიაკამპანიის შედეგად ადამიანებმა 5-5 ლარი ძლივს ჩარიცხეს. ბიზნესწრეებიდან ამ ეტაპზე ქველმოქმედებაში არავინ ჩართულა.

 

ამირან მახარაძე ამბობს, რომ რადგანაც სრული თანხის დაფარვა ვერ ხერხდება, კლინიკამ კიდევ ერთი შეღავათი გაუწია – თანხა 20 ათასი ევრო კლინიკის ანგარიშზე მაქსიმუმ 20 თებერვალს უნდა გადაირიცხოს. ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდა შესაძლებელი იქნება ოპერაციის ჩატარების ეტაპზე, ანუ მარტში.

 

ამირან მახარაძე ამბობს, რომ არაფერი დარჩა ისეთი, რისი გაყიდვითაც დარჩენილი 13 ათასი ევროს მობილიზებას შეძლებდა.

 

აჭარის მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 თებერვალს ან ხვალ შეთანხმებულ თანხას აუცილებლად გადარიცხავენ თამილა მახარაძის ანგარიშზე.

ბათუმის ცენტრში იყიდება ორ ოთახიანი გარემონტებული ბინა

 

 

ბათუმის ცენტრში, ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩების კვეთაში, ახალაშენებულ სახლში, იყიდება, ოროთახიანი გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით, ზღვის ხედით.

 

ფასი შეთანხმებით.

 

ტელ: 27 83 25;

 

მობ: 593 67 36 83

მედეა ვასაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა სვეტლანა კუდბას 300 კვადრატულ მეტრ შენობას სთავაზობს

 

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„ეს ხდებოდა უმაღლესი საბჭოს შენობაში. ზოგადად, მე მივიღე ჩემს თავზე, იმდენად რამდენადაც ის ამბობდა, ის, ვინც ხმას ჩემს წინააღმდეგ მისცემსო და ჩამოყალიბებული გინება იყო…“ – ამბობს მედეა ვასაძე, რომელმაც ტელეჟურნალისტებთან ისიც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე წუხს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევს მას ამის საფუძველს, მედეა ვასაძე ამბობს, რომ დავით ბაციკაძის ტექსტი იყო მუქარის: „ბუნებრივია ეს აღიქმება მუქარად, – ადამიანს დაკარგული აქვს წონასწორობა, ახლა მთლიანად გამოსულია კონტროლიდან, ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს. ბუნებრივია, არა მარტო მე, არამედ ბატონი ჯემალ ფუტკარაძეც და ქალბატონი სვეტა კუდბაც გააკეთებენ ალბათ ანალოგიურ განცხადებას, რომ ჩვენი უსაფრთხოების პრევენციისთვის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ზომები“, – ამბობს მედეა ვასაძე.


მისივე თქმით, ხელისუფლება უმაღლესი საბჭოს წევრის, სვეტლანა კუდბას მოსყიდვას ცდილობდეს: „მე მგონია, რომ ქალბატონ სვეტას მოსყიდვის მცდელობაა. ადამიანი [სვეტლანა კუდბა] მთელი ორი წლის განმავლობაში აყენებდა გარკვეულ საკითხს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საკითხს არ უკმაყოფილებდნენ და მე დღეს მაქვს პროექტი, ხელშეკრულებისა და მთავრობის თავმჯდომარის ხელმოსაწერი, რომელიც დღეს მისცეს სვეტლანა კუდბას: „წამობრძანდით, საკითხი გადაწყვეტილია უკვე და მოაწერეთ ხელიო“ და წამოიღო ქალბატონმა სვეტამ  ეს პროექტი და ერთ-ერთი ასლი მე მაქვს, რომელსაც ალბათ ხვალ გამოვაქვეყნებ. ეს არის პროექტი, როგორ სთავაზობენ მას, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოგეხსენებათ ქალატონი სვეტა მუშაობს მიუსაფარ ადამიანებთან, უსასყიდლოდ, 49 წლით, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობას. მე ვფიქრობ, ამ გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს  გარკვეულწილად მისი მოსყიდვის მცდელობაა. ქალბატონი სვეტა გონიერი ადამიანია და ზოგადად აღმოჩნდა, რომ ღალატი არ არის თურმე გადამდები, ძალიან მყარად არის და ვნახოთ“, – ამბობს მედეა ვასაძე, რომელიც იმედოვნებს, რომ 20 თებერვალს დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადასაყენებლად საჭირო 11 ხმა უმაღლეს საბჭოში შეგროვდება.


დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

„მშვიდად“ ელოდება 20 თებერვალს მოვლენების განვითარებას დავით ბაციკაძე. „თუ ნაციონალური მოძრაობის რვა წევრს მხარს დაუჭერს სამი დეპუტატი, ეს შესაძლებელი იქნება. ქალბატონმა მედეამ განაცხადა ამის შესახებ, რომ მხარს დაუჭერს ნაციონალურ მოძრაობას, ბატონი ჯემალი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ გვითხრა პრინციპში, რომ ის აპირებს მხარდაჭერას და თუ კი ვინმე დაემატა მესამე, ეს  შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა აჭარის მოსახლეობის სურვილი და ისინი ხელოვნურად ცვლიან შედეგს, რაც დადგა არჩევნების შედეგად, ორი წლის წინ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.  მაგრამ მინდა დავპირდე მათ, რომ  ეს რევანში არ გამოვა, დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი. მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტები არიან, ესაა სიმართლე.“

 

დავით ბაციკაძე უარყოფს მედეა ვასაძის მიმართ არათუ მუქარას, არამედ გინებასაც კი. ის ამბობს, რომ მედეა ვასაძეს მისგან არავითარი საფრთხე არ ელის: „მოვითხოვ ვიდეოთვალებს და ერთი სად, რა დროს მოისმინა, როგორ იდგა, ან თუ კი ყურს ადებს კარებს, ეს რა საქციელია – ეს სხვა თემაა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, ეს არის იმისთვის, რომ გაამართლონ თავიანთი უმსგავსო ქმედება, ის რაც ჩაიფიქრეს, რომ პოლიტიკურ რევანშს აპირებენ და ხელისუფლების შეცვლას“. 


რაც შეეხება მედეა ვასაძის ინფორმაციას სვეტლანა კუდბასთვის, საქველმოქმედო მიზნებისთვის, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობის გადაცემის შესახებ, აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამზადებულია ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სვეტლანა კუდბასთვის იგეგმება ქონების გადაცემა. ხელშეკრულება არც ერთი მხარის მიერ არ არის ხელმოწერილი. მთავრობის ინფორმაციით, სვეტლანა კუდბა საქველმოქმედო მიზნებისთვის ქონების გადაცემას ორი წელია ითხოვდა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდება

 

სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, სვეტლანა კუდბაზე თანაპარტიელები ზეწოლას ახორციელებდნენ, რადგან დასახლებული დეპუტატების თანამდებობიდან გადასაყენებლად 11 ხმაა საჭირო.   

 

თანაპარტიელებისგან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტს სვეტლანა კუდბა „ბათუმელებთან“ საუბარში არ ადასტურებს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი ცრემლები პირად თემას უკავშირდებოდა და არა პოლიტიკას.  

 

 „ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდებოდა, ჩემი პირადი საქმე მოვყვე?! უხერხულია.  არ შეიძლება ჩემს მეგობრებს ჩემი პირადი გაჭირვება ველაპარაკო? მეუღლე ავად მყავს და მივდივარ-მოვდივარ და ავყევი ემოციებს“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“ საუბრისას.  

 

 რა მოხდა ფრაქციის სხდომაზე და უკავშირდებოდა თუ არა დეპუტატის ცრემლები რიგგარეშე სხდომაზე ჩანიშნულ საკითხებს? ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად  „ბათუმელები“  ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარეს, აკაკი ძნელაძესაც დაუკავშირდა.

 

 „სვეტა არ ტიროდა, უბრალოდ ქალური ემოციით აუჩუყდა გული, რომ დაიღალა ამდენი იწილო-ბიწილოთი და ვერ გაერკვა. ჩემი აზრით, პოლიტიკას ცივი გონება სჭირდება და არაფერი არ არის აქ საოცარი. ამას შემდეგ ვინ რა ყურს ან ხელს გამოაბამს,  სხვა საკითხია“.

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

აკაკი ძნელაძე, ფრაქციის წევრზე ზეწოლას უარყოფს:

 

„უბრალოდ იყო იმაზე საუბარი, რომ თუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს მოცემულობაა, უნდა მოიქცე ისე, როგორც რეალობას შეესაბამება. თუ სხვა რაღაც პრეტენზიებია, შეიძლება დატოვო ადამიანმა ფრაქცია და შემდეგ გააკეთო რაღაც. თუმცა ფრაქციიდან წასვლაზე საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, იყო სუფთა ადამიანური ემოცია“.  

 

ფრაქციის თავმჯდომარემ რიგგარეშე დაგეგმილ სხდომაზე განსახილველ საკითხზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, თუ 20 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში კონფიგურაცია  შეიცვალა, ცვლილებები ოპოზიციასაც შეეხება.  

 

„მარტო ერთ მხარეს იქნება ხმები და სხვა მხარეს არ იქნება? შეიძლება ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს სხვა მოცემულობა, მომავლისთვის კი – სხვა. ასე რომ, მე ამას ძალიან გულგრილად ვუყურებ, რადგან  ემოციამ დაგვღუპა  30-25 წლის წინ,  ამ ემოციებით დავანგრიეთ ქვეყანა და ახლა ძალიან ცივი გონებით უნდა ვაშენოთ“.

 

აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ მას რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის  ინიციატივის ჩავარდნის იმედი აქვს:


„მე მგონი ვერ დააგროვებენ საკმარის ხმებს იმისთვის, რომ უმრავლესობის წევრები თანამდებობიდან გადააყენონ.  თუმცა,  ამაშიც ვერ ვხედავ  ტრაგიკულს. რაც მოხდება, ეგ არის მეორე სერია, პირველი კი ის – ვინ სად და რა პოზიციაზე ვდგავართ და სად მიგვყავს ქვეყანა.  ეს იწილო-ბიწილო ვიწრო, კონკრეტულ ჩარჩოებში არ დამთავრდება, რადგან ეს არის ჯაჭვური რეაქცია და შეიძლება ვეღარ შეამაგრო. ამიტომ ფართოდ გავახილოთ თვალები და დავინახოთ სად არის ყველაზე დიდი პრობლემა“.

 

 

აჭარის ფინანსთა მინისტრის პასუხი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“

 

დავით ბალაძე
დავით ბალაძე

„აჭარაში მშენებლობებისა და საინვესტიციო პროექტების თითქოს შეფერხებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ინვესტიციები იზრდება, კერძოდ, 2014 წლის ინვესტიცია 276,5 მლნ აშშ დოლარია და 2013 წელთან შედარებით 42 %-ით არის გაზრდილი.

 

რაც შეეხება გაფორმებულ ხელშეკრულებებს, რომელშიც ბრენდები არ წერია, ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული დაგვხვდა და არსად არ იყო ბრენდი გაწერილი.

 

რაც შეეხება სასტუმრო „ჰოლიდეი ინს“, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პროექტი არ გაჩერებულა, იცვლება ბრენდი. უფრო მეტიც, შემოვა უფრო მაღალი დონის ოპერატორი – „ქრაუნ პლაზა“. პროექტში ცვლილების განხორციელება კულტურული მემკვიდრეობისა და ქალაქის მერიის თანხმობით მოხდა. უახლოეს პერიოდში დაიწყება პროექტში ცვლილება.

 

სასტუმრო „პრინცესა ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ჩვენი თხოვნა იყო, რაღაც პერიოდის განმავლობაში შეეჩერებინათ სამუშაოები, რათა მიმდინარე ღონისძიებებისთვის ხელი არ შეეშალათ. სავსებით ლოგიკურია, რომ ცოტაოდენი შეფერხება და  ვადის გაგრძელება მოხდება.

 

ყველას კარგად გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პოპულისტური გამოსვლები და განცხადებები „ტრამპ თაუერთან“ დაკავშირებით. თუმცა დღემდე არსად არ არსებობს პროექტიც კი. მიწის ნაკვეთზე, სადაც „ტრამპ თაუერის“ მშენებლობა დააანონსეს, იმ დროინდელმა ხელმძღვანელებმა უპირობოდ გაყიდეს და ხედავთ რა მდგომარეობაშია დღეს ეს მიწა.

 

მინდა მოვუწოდო იმ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ თითქოს ინვესტიციები ფერხდება, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შეფასებებს, რადგან უნდა გვესმოდეს, რომ ეს აშინებთ ინვესტორებს და ამ ყველაფერმა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს ინვესტიციებზე“.

 

 

იყიდება ბინა იაფად თამარის დასახლებაში

 

 

ქალაქ ბათუმში, თამარის დასახლებაში, იყიდება   80 კვ/მ ფართობი სამ ოთახიანი ბინა, მე-2 სართულზე,  მიშენების ნებართვით, ოპერის სახლის უკან (ბნზ), 3 წუთის სავალი ზღვამდე, იატაკი დეკორატიული მაკაგონის და კოპიტის პარკეტისაა, სახლი ასევე უზრუნველყოფილია გერმანული ფარნჯრებით, ჩაცმული კოპიტის კარადებით და კოპიტის კარებით, შემოსასვლელი რკინის კარით, რუმუნული ავეჯით, 200 ტომეული მსოფლიო ლიტერატურა რუსულ ენაზე, თავისი კარადებით. ფასი შეთანხმებით.


ტელეფონი: 593138623 სერგო.

სასკოლო კლუბების ეფექტი

 

 

დებატკლუბი #2 საჯარო სკოლაში
დებატკლუბი #2 საჯარო სკოლაში

„საგანმანათლებლო დებატები პროგრესისთვის“, – ასე ჰქვია ბათუმის #2 საჯარო სკოლის სასკოლო კლუბს, რომელიც რეგიონში არსებულ 11 სასკოლო კლუბთაგან ერთ-ერთია.

 

„სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და საგაკვეთილო პროცესში ვხედავდი, რომ დებატების კულტურა არ იყო მაღალი. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობდა მოსწავლეებში დებატების კულტურის განვითარებას“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მირანდა გორგოშაძე.

მისი თქმით #2 საჯარო სკოლის მიერ შექმნილ სასკოლო კლუბის აქტივობებში ქალაქის მასშტაბით 25 საჯარო სკოლა ჩაერთო. პირველ ეტაპზე შეირჩა ისმასწავლებლები, ვინც თავიანთ სკოლებში დააფუძნეს დებატკლუბები. მოგვიანებით მასწავლებლებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დებატების ხელოვნების ტექნიკაში ოთხდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი პროექტის მონაწილე ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები და სადემონსტრაციო თამაშები.
#2 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანანიძეა. კლუბში ოცი მოსწავლეა გაწევრიანებული.

„დებატკლუბის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ეს გვჭირდებოდა. ვფიქრობდი საინტერესო იქნებოდა დავუფლებოდით დებატების ხელოვნებას. რაც შეეხება თემატიკას, დებატებს ვმართავდით იმ თემაზე, რაც მოცემულ მომენტში იყო აქტუალური. ყველაზე ბევრი ვიდებატეთ ძალადობის თემაზე. უმეტესად ბიჭები გვეკამათებოდნენ, ქალებიც ხომ ძალადობთ ჩვენზეო. ამ კლუბმა მე, პირადად, ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში გავიცანი ბევრი საინტერესო ბავშვი, მივხვდი, რომ მომავალი თაობა არის ძალიან ჭკვიანი. მათ ასაკში მე ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი კი, რაც ვისწავლე, საკუთარი აზრის გამოთქმა და შემდგომ მისი დაცვაა,“ – ამბობს მარიამი.


ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები

გასული წლის სასკოლო კლუბების პროგრამაში კიდევ ერთი გამარჯვებული ბათუმის #8 საჯარო სკოლაა. პროგრამის ფარგლებში სკოლაში ეკოკლუბში „ჩემი გარემო~ დაფუძნდა. სამინისტრომ კლუბი 2271 ლარით დააფინანსა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ეკოკლუბის ფარგლებში, სკოლის ეზო გაამწვანონ. მოპოვებული დაფინანსება ნერგებისა და სამუშაო იარაღების შესაძენად დაიხარჯება.

„საკმაოდ დიდი ადგილია სკოლის ეზოში, რომლის გამწვანების იდეაც კარგა ხანია გვაქვს. გვინდოდა დაგვერგო ხეები. გარდა ამისა, გვინდოდა თანატოლებისთვის აგვეხსნა როგორ უნდა დავრგოთ ხე, როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ. პროექტი დაგვიფინანსდა და ახლა ამის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს მერვე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი თაკო წულუკიძე.

კითხვაზე, თუ როგორ არის კლუბში ფუნქციები გადანაწილებული, ეკოკლუბის ერთ-ერთი წევრი ნესტან ვარშანიძე ამბობს:
„ფუნქციები ძალის მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. მიწას, ძირითადად, ბიჭები ბარავენ, გოგონები ვაკონტროლებთ იმას, რომ ზუსტად მოხდეს აღრიცხვა, ზუსტად ჩატარდეს სამუშაო და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული“.

ეკოკლუბის წევრთა თქმით, საშემოდგომო სამუშაოები 2014 წელს ჩაატარეს, ხეების დარგვას კი წელს მარტიდან გეგმავენ.
რამდენად ეფექტურად მუშაობს პროგრამა და როგორია სკოლების მხრიდან დაინტერესება, ამ კითხვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს სასკოლო კლუბების კოორდინატორის, ნინო ნაკაშიძის თქმით, სკოლების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ საკონკურსო კომისიას ხშირად უჭირს საუკეთესოს ამორჩევა.

„2011 წლიდან გვაქვს ეს პროგრამა. რაც წლები გადის, მით უფრო დახვეწილი პროექტები შემოდის სამინისტროში,“ – ამბობს ნინო.
მისივე თქმით, სასკოლო კლუბებში მუშაობა ბავშვებს სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს:

„ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესის მქონე მოსწავლეები გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბონ კლუბი და საგაკვეთილო პროცესის მიღმა დაკავდნენ მათთვის საინტერესო საქმიანობით. რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობის განვითარებას, გაზრდას, მათ ჩამოყალიბებას და ჩართულობას საზოგადოებაში. საგაკვეთილო პერიოდი სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეთა ინტერესს. სასკოლო კლუბებში მუშაობა უვსებს მათ ამ დანაკლისს,“ – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, წელს მინიმუმ რვა კლუბი დაფინანსდება.
„შესაძლოა უფრო მეტიც დაფინანსდეს, გააჩნია მათ მიერ მოთხოვნილ ბიუჯეტს. ზოგიერთ სკოლას სჭირდება 3000 ლარი პროექტის განსახორციელებლად, ზოგიერთს – 1000. შესაბამისად, ამ თანხის ეკონომიის საფუძველზე ფინანსდება გაცილებით მეტი კლუბი,“ -ამბობს ნინო ნაკაშიძე.

მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ერთმა სასკოლო კლუბმა მოითხოვოს, 3000 ლარია. გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში. სამინისტროს მიერ 2015 წელს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია რეგიონში მოქმედ ყველა საჯარო სკოლას. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. წელს სასკოლო კლუბების დასაფინანსებლად 34 700 ლარია გამოყოფილი.

ჯანდაცვის პროგრამების პრეზენტაცია ხელვაჩაურში

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებების მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებს ჯანდაცვისა და განათლების სფეროების წარმომადგენლებს, ასევე სოფლის რწმუნებულებს მინისტრის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები წარუდგენენ.


მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა ხულოს, შუახევის, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

სასტუმროების შეფერხებული მშენებლობები ბათუმში

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

 

სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ Holiday Inn-ის, Kempinski-ის, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის ბრენდის სასტუმროების განთავსების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს – ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი მხოლოდ პოლიტიკოსთა  საჯარო განცხადებებიდან გახდა;




Trump Tower – ისა და სასტუმრო „პონტოს“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ აქვს. მშენებლობის ვადები ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საკუთრების უფლება ჩამოერთვა მხოლოდ ერთ კომპანიას – შპს ENVIL BATUM-ს.

 



სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”

სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია. სასტუმრო გოგებაშვილის 10-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 4478 კვ.მ.-ს შეადგენს, მასზე მიმაგრებული 2522.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს შპს „არაი ჯორჯიაზე“ 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამინისტროსა და შპს „არაი ჯორჯიას“ შორის 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ხელშეკრულების პირველი რედაქციით, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა აეშენებინა სულ მცირე 60-ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. 2011 წელს შეტანილი ცვლილებებით კი „არაი ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად  დამატებით ორწლიანი ვადის მიცემა განესაზღვრა. შეიცვალა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც და ახალ რედაქციაში 60 ნომრის ნაცვლად, 150 ნომერი ჩაიწერა.

 

 

 

მორიგი ცვლილებები ხელშეკრულებაში 2013 და 2014 წლებში განხორციელდა. 2013 რედაქციის მიხედვით, შეიცვალა მშენებელი კომპანიის სახელწოდება და „არაი ჯორჯიას“ ნაცვლად შპს„ქროსვეისი“-ა მოხსენებული, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. 2014 წელს შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1 მაისი. ცვლილებებთან ერთად 2014 წლის მაისში მფლობელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 400 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

 

 

 

ორგანიზაციის კვლევები ეხება სასტუმრო „კემპინსკისაც“.  

„კემპინსკად“ წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის  ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოპირკეთებითი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში 2 მილიონ დოლარად გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. მყიდველმა კომპანია GIMG-მ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, არც შპს GIMGს აქვს აღებული ოფიციალური ვალდებულება, ამ შენობაში Kempinski-ს ბრენდის სასტუმრო განათავსოს.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 4 ივლისს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2016 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის კომპანიამ სასტუმროს კომპლექსი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსის ორი ბლოკის, გასართობი ცენტრისა და მულტიპლექსის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. კომპანია GIMG მთლიანი წილის მფლობელი, ავსტრიაში რეგისტრირებული შპს GAB-Resirt-ია.

 



სასტუმრო „პრინცესა“

სასტუმრო „პრინცესა“, იგივე ძველი ფოსტის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ შპს „აქთივ ბათუმი“-ზე  2010 წლის 30 მარტს, ქონება შემდეგი პირობით გაასხვისა: მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, ეტაპობრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სამორინე სანებართო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაეთავისუფლებინა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. კომპანიის მფლობელი სააქციო საზოგადოება „იარადა“ ოფშორულ ზონაში, ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული. 

 

 

სასტუმრო “რეინა”

Reina ბათუმში, მემედ აბაშიძის 34-სა და დუმბაძის ქუჩა 16-18-ში მდებარეობს. N1 აფთიაქის ყოფილ შენობაში, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს, შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. უძრავი ქონება და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“ 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობისა და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში (2012 წლის ივნისი) პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

 

 

ახალი ხელეშკრულებით „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში დაეწყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „საერთაშორისო გამჭირვალობას – საქართველოს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ისევ საპროექტო სამუშაოებით არის დაკავებული. „ჟასმინი“-ს 10 პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, 90 პროცენტს კი შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“ ფლობს, რომელიც თურქეთში რეგისტრირებული.

 

 

ენვილ ბათუმი”

კიდევ ერთი, 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის ახლადშემოერთებულ დასახლება კახაბერში, რომელიც შპს Envil Batumi-ს უნდა აეშენებინა. კომპანიის მოწილეები უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ და ანატოლი დრობოტები არიან. ქონება 2012 წლის 10 აპრილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა. მშენებლობა ამ მისამართზე საერთოდ არ დაწყებულა. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 2 სექტემბერს, შპს ENVIL BATUM-თან ხელშეკრულება მოიშალა და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 56 304 ლარის ოდენობით, ერთ ლარად გადაცემული ქონება კი ისევ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდა. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლობა ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე საერთოდ არ იმყოფება.

 

 

 

2014 წლის 22 დეკემბერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ინვესტორს, გარდა ერთისა (ENVIL BATUM), აჭარა არ დაუტოვებია, ხოლო კონკრეტულ ოპერატორებთან შეთანხმებას სასტუმროს ინვესტორები აწარმოებენ.  მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმაც.

 

 

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს“- ნათქვამია კვლევაში. 

 

 

 

 

რიგგარეშე სხდომა უმაღლეს საბჭოში

 

ფრაქცია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარის აკაკი ძნელაძის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე ვიცე-სპიკერ დავით ბაციკაძისა და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას უყრიან კენჭს.  საკითხის ინიციატორი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობაა“.

 

პატიმრების ნათესავების აქცია პარლამენტთან

 

აქცია პარლამენტთან

პატიმარ გიორგი გელაძის ინფორმაციით, დღევანდელო მონაცემებით 60 მსჯავრდებული შიმშილობს. მათ შორის არიან  C ჰეპატიტით,შიდსით, ტუბერკულიზოთ  და განაფტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები.

სად-ის მე-6 და მე-8 დაწესებულებაში პატიმრები 26 იანვრიდან შიმშილობენ. მათი მოთხოვნაა პარლამენტმა გადახედოს 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონს, რომლის თანახმადაც სასჯელი მთლიანად ან ¼ შეეხო ყველა  პატიმარს გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილებისა.  რაც მათი აზრით დისკრიმინაციულია. 

 

გიორგი გელაძის ინფორმაციით, [რომელიც მერვე დაწესებულებიდან „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა]    გუშინ 17 თებერვალს  დაწესებულებაში ორი პატიმარი   ცუდად გახდა და მათ მოსანახულებლად წითელი ჯვარი და სასაწრაფო დახმარების  ექიმები იყვნენ მისულები.


პატიმრის მიერ მოწოდებული ამ ინფორმაციას   სამინისტროში ნაწილობრივ ადასტურებენ. წითელი ჯვრის თანამშრომლებმა ნამდვილად მოინახულეს გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ზასაევი, იოსებ კოჩიევი და გიორგი ვალიშვილი. სამინისტროს ინფორმაციით,  პატიმრების  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. მათ დასახმარებლად გამოძახებული არ ყოფილა სასწრაფო დახმარების ექიმები. 


ქუთაისში დაგეგმილ აქციას აჭარიდანაც უერთდებიან. უფლებადაცმველი თამაზ ბაკურიძის ინფორმაციით, აჭარაში სულ 7 ადამიანია ვინც უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი და   პატიმრის ნათესავები მხარდასაჭერად ამ წუთებში ქუთაისში მიემგზავრებიან. 

 

 

ხუთი არასრულწლოვანი ეკლესიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გისოსები წერაქვის გამოყენებით დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, საიდანაც 500 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, 100 ათასი მოწამის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე სასანთლის გვერდითი მინა დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 30 ლარს, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მხილებულებმა იმავე დღეს ქალაქ ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი სავაჭრო ჯიხურის უკანა კედელი დააზიანეს, შიგნით ფარულად შეაღწიეს, სადაც სხვადასხვა სახის ტანსაცმელსა და სუნამოს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცავებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, საცავში უკანონო შეღწევით, ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

შეხვედრა “რვაფეხას“ საკითხზე აჭარის მთავრობაში

„რვაფეხას“ მდგომარეობის შესახებ დასკვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა. დასკვნაში აღნიშნულია,  რომ „რვაფეხას“ არსებული მდგომარეობით ექსპლუატაცია შეუძლებელია, რასაც „ბათომის“ წევრებიც ეთანხმებიან და მთავრობისგან შემდეგ ნაბიჯს, ძეგლის რეაბილიტაციასა და რესტავრაციას ითხოვენ. 

„ეს დასკვნა იყო აუცილებელი და მადლობა, რომ ეს გააკეთეთ, თუმცა იგივე დასკვნა იყო ვიზუალური დათვალიერების შედეგადაც ცნობილი. ახლა უკვე უნდა ჩაერთონ არქიტექტორ-რესტავრატორები, მათ უნდა მოამზადონ დასკვნა, თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს“ – განაცხადა საზოგადოება „ბათომის“ ხელმძღვანელმა, არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა შეხვედრაზე.

„ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენ უნდა გავარკვიოთ, შესაძლებლად მიიჩნევს თუ არა არქიტექტორ-რესტავრატორი ძეგლის ისე გამაგრებას, რომ შენარჩუნებული იყოს მისი კულტურული ღირებულება და სანდოობა“ – აღნიშნა პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა, რომელიც შეხვდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. 

„ბათომის“ წევრებმა მთავრობას შესთავაზეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა „რვაფეხას“ სარესტავრაციო დოკუმენტების მომზადებაში.

პარმენ ჯალაღონიამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთავრობა მიმართავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თხოვნით, „რვაფეხას“ რესტავრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩაერთონ არქიტექტორ-რესტავრატორები.

„ალი და ნინო“ ადგილს ავტორთან შეთანხმებით შეიცვლის

 

 

 

„ზღვასთან ახლოს არ შეიძლება რაიმეს ჩამოსხმა ან მძიმე კონსტრუქციის განთავსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე.  ეს ქანდაკებაც  ნებართვის გარეშე დადგეს, რის გამო ყველა ტექნიკური ნორმა დარღვეულია.

 

შარშან, წლის ბოლოსკენ ხშირი შტორმი იყო და ამან ქანდაკებას სულ გამოურეცხა საძირკველი. ამიტომ, მის გადატანაზე მუშაობა დავიწყეთ და კონკრეტულ ადგილს ავტორთან შეთანხმებით განვიხილავთ. ეს ადგილი არც ავტორს ჰქონდა თავიდან გათვალისწინებული“- განაცხადა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა „ბათუმელებთან“.

 

ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის  „ბათუმის ბულვარის“  ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული, თუმცა,  კონკრეტული დრო, თუ როდის გადაიტანენ ქანდაკებას, დაზუსტებული არ არის.

 

„ვერ ვიტყვი, რომ ერთ თვეში მოგვარდება ეს საკითხი, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს“- აცხადებს ზირაქაშვილი. 

 

ქანდაკების შექმნაზე ორ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 

მთავრობა შეცდომას გაასწორებს

 

სასტუმრო კრისტალი
სასტუმრო კრისტალი

„ეს არის ტექნიკური შეცდომა“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ პარმენ ჯალაღონიამ, აჭარის მთავრობის წარმომადგენელმა,  „ოფიციალურად მისამართი არც ერთს არა აქვს, ერთია პირობითად #41, რაც მითითებულია და მეორეა სასტუმრო „კრისტალი“ ამ სახლის გვერდით. მისამართები საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მუსლიმი მრევლის მიმართვიდან.  გუშინ მივწერეთ, რომ შეცდომაა, ზეგ გადის [საკითხი] სხდომაზე და შეიცვლება კოდები.“

 

აღნიშნული შენობებიდან დაახლოებით 150 მეტრში საქართველოს პატრიარქის რეზიდენცია მდებარეობს.

 

 

Exit mobile version