სიახლეები

პოლიტიკოსები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა სახლში რჩებათ

20.02.2015 • 1317
პოლიტიკოსები, რომლებსაც ელექტრონული ფოსტა სახლში რჩებათ

 

ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები დაუსაბუთებელი განცხადებების გზით ცდილობენ საზოგადოებისთვის თავის მოწონებას, მაგრამ „საზოგადოება, განსაკუთრებით ბოლო არჩევნების შემდეგ, გაიზარდა. ყველას გვახსოვს დღევანდელი მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საწვავის ფასი – მაშინ ეს გუნდი ოპოზიციაში იყო და ამბობდა, რომ ყოველი 1 ლიტრი ბენზინიდან ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ისინი ფასის განახევრებას ჰპირდებოდნენ ამომრჩეველს, მაგრამ ახლა რა მიიღეს – სააკაშვილის ჯიბეში წასული 1 ლარის ამბავი ქილიკის საგნად იქცა. შემდეგ არჩევნებზე მსგავსი დაპირებებით ხალხის მოტყუება ძალიან გაუჭირდებათ“.


კიდევ ერთ, მსგავსი შინაარსის ბრალდებებს ასლან ჭანიძე რეგიონის ცხოვრებიდანაც იხსენებს: „აღმასრულებელი ხელისუფლება, მართალია არა არჩილ ხაბაძე, მაგრამ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვარშალომიძის ბიზნესინტერესებზე ლაპარაკობდა. ამდენი ხანი გავიდა და სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრულა ვარშალომიძის მიმართ. გამოდის, ესენი ისეთ რამეს ამბობდნენ, რისი მტკიცებულებაც არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც ამბობდნენ. სწორედ ამიტომაც ქილიკობს ახლა ამაზე ყველა… ან ის რად ღირს, ბათუმის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის პიაცასთან დაკავშირებით ასევე ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან ჩადენილ უკანონობებზე რომ ისაუბრა, მაგრამ ვერც კირთაძეს დაუმტკიცეს ვერაფერი“.

 

ასლან ჭანიძის აზრით, მტკიცებულების გარეშე განცხადებების გაკეთება მხოლოდ ხელისუფლებას არ ახასიათებს და იხსენებს ბოლო ფაქტს, როდესაც გიორგი კირთაძემ თავისი ოპონენტის – ირაკლი ჩავლეიშვილის დაპატიმრება დააანონსა: „ამ დღეებში გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ჩავლეიშვილმა უკანონოდ გააუქმა ტენდერი და მისი დაკავების მოლოდინის გაჩენაც კი სცადა ხალხში. მაშინ როცა ჩავლეიშვილს ეს ტენდერი კანონის დაცვით ჰქონდა გაუქმებული. ანუ კირთაძემ რა ჩაიდინა – აჩვენა, რომ ან კანონი არ იცის, ან ოპონენტის იმიჯის შესალახად შავ პიარს მიმართა. მე, პირადად, არ მჯერა, რომ გიორგი კირთაძემ არ იცოდა კანონი, რომელშიც წერია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს ტენდერის გაუქმების უფლება. კირთაძე რამდენიმე წელი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და შეუძლებელია არ იცოდეს, რისი უფლება აქვს კანონით საკრებულოს თავმჯდომარეს“.

 

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გენო გელაძე იმ განცხადებებს იხსენებს, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აღმასრულებელი ხელისუფლების კორუფციაში ჩართულობას, „სეიფში შენახული დოკუმენტების“ გამოქვეყნებას ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, მაგრამ თავდაპირველი განცხადებიდან სამ თვეში საპირისპირო თქმა კამერების წინ სულაც არ მორიდებიათ: „ეს არის პოლიტიკური უკულტურობა, მაგრამ ამას თავი გავანებოთ – პოლიტიკოსი სამუშაო შეხვედრაზე რომ მოვა და გეტყვის, ელექტრონული ფოსტა სახლში დამრჩაო, იმის პოლიტიკურ კულტურაზე რა უნდა ილაპარაკო?! მათ თავისთავად ვერაფერი გაზრდის. ახალი მოთამაშეები უნდა შემოვიდნენ, რომლებიც დაუსაბუთებელ განცხადებაზე საპირისპიროს მტკიცებას კი არ დაიწყებენ, სასამართლოში წავლენ და გავრცელებული ცნობების უარყოფას ან მორალური ზიანის კომპენსაციას მოითხოვენ“.

 

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის აზრით, წარმომადგენლობით ორგანოებში მუშაობა უფრო მარტივი და არასერიოზული საქმეა და ასე გამოიყურება – „იღებ ხელფასს და პასუხისმგებლობა არის ნული“.

 

ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები თავად განცხადების ავტორებს აზარალებს, მაგრამ გენო გელაძის აზრით, ამ „საკენკს“ ჯერ კიდევ მშვენივრად ინელებს მედია და საზოგადოება, რომელიც განსაკუთრებით ლოიალურობით წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების მიმართ გამოირჩევა: „საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს აქვს თუ არა კონკრეტულ პიროვნებას იმის მტკიცებულება, ვინ რას იძახის. მთავარია, რამე თქვან, ვიღაცას რაღაცა დააბრალონ. ბოლო ხანებში ეს ტენდენცია მოდურიც კი გახდა“.
გენო გელაძის დაკვირვებით, პოლიტიკოსებმა მეტ-ნაკლებად იციან ამომრჩევლის ამ განწყობის შესახებ და ცდილობენ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც საზოგადოებას გაართობს: „უმეტეს შემთხვევაში მაინც არის ზემოქმედება ამომრჩეველზე, რომ, აი, ნახე რა მაგარი ვარ – გამოვავლინე! ამის მერე მათ არავინ ეკითხება, რა გამოავლინეს, რითი ამტკიცებენ, რომ გამოავლინეს, რაიმე დოკუმენტი აქვთ თუ არა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსების ზედაპირულ განცხადებასაც კი მშვენივრად ჭამს“.

 

გენო გელაძეს სურს, რომ პოლიტიკოსებმა საქმის კეთებაზე მეტი დრო ინტრიგების ხლართვას არ მოანდომონ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრით ამის მიღწევა შეუძლებელია:

 

„პოლიტიკოსებმა – პეტრე იქნება თუ პავლე, კეთილი უნდა ინებონ და კორუფციულ ფაქტებზე განცხადებები ფაქტებით დაადასტურონ, რადგან კანონდარღვევა ისეთი რამეა, მისი გამოსწორება, თავდაპირველ მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია. შეიძლება კანონდამრღვევი დასაჯო, მითვისებული თანხა უკან დააბრუნებინო, მაგრამ ფაქტი ფაქტად უნდა რჩებოდეს. ცხადია, პოლიტიკოსი, რომელიც ერთ დღეს ამბობს, რომ ვიღაცა კორუმპირებულია, მეორე დღეს კი საწინააღმდეგოს საუბრობს, ეს მის იმიჯზე მოქმედებს“.

 

მალხაზ ჭკადუა, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისის მენეჯერია ბათუმში, რეგიონული პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმით ამ პროცესში მედიის როლზეც მიანიშნებს: „პოლიტიკოსებს ყოველთვის შეუძლიათ ისეთი ბრალდებების გახმაურებაც კი, როცა ჭეშმარიტების დადგენა ძალიან რთული იქნება. ცხადია, თუ ვსაუბრობთ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე, უნდა ვისაუბროთ მედიის მთავარ ამოცანაზეც – მოახერხოს ყურადღების გამახვილება იმ თემებზე, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ინსტიტუტების გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და არა მხოლოდ კრიმინალური, კორუფციული თუ სხვა სახის სკანდალური განცხადების გავრცელებაზე. მე, როგორც ჟურნალისტი და არა როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ვამბობ, რომ პოლიტიკოსებს ყოველთვის აქვთ ცდუნება საკუთარი დღის წესრიგით წაიყვანონ პროცესი, მაგრამ ამიტომაც არის მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ არსებითი პრობლემების წინ წამოწევა მოხერხდეს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: