სიახლეები

მიწებს წელსაც მთავრობა დახნავს – 61 მილიონი ლარი ხვნისა და აგრობარათებისთვის

19.02.2015 • 2980
მიწებს წელსაც მთავრობა დახნავს – 61 მილიონი ლარი ხვნისა და აგრობარათებისთვის

 

მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, სოფელი ღორჯომი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

პროგრამით ისარგებლებენ ის ფერმერები, რომლებსაც მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰექტარი მიწის ფართობები. მათ დაურიგდებათ ხვნისა და აგრო-ბარათები, რომლებსაც დაბეჭდავს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ და გადასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს ბენეფიციარებისათვის დასარიგებლად.

                                                    

მთავრობის ინფორმაციით, ბენეფიციარებს აგრობარათები  2014 წელს დაურიგდათ სს „ლიბერთი ბანკის“ მიერ და მათი მოქმედების ვადა 10 წელია. შესაბამისად, 655 453 ბენეფიციარს მიღებული აქვს აგრობარათები, ხოლო 2015 წელს დამატებულ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, აგრობარათები აიღონ კვლავ   „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში.

 

იმ ბენეფიციარებს, რომელთაც დაზიანებული ან დაკარგული აქვთ აგრობარათები, საშუალება ექნებათ, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში განაახლონ თავიანთი ბარათები. „ლიბერთი ბანკი“ ვალდებულია გაითვალისწინოს ბენეფიციართათვის ახალი ან/და დაკარგული ან/და დაზიანებული აგრობარათების დარიგება და მათი შემდგომი მომსახურება.

 

მთავრობის მონაცემებით,  მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობამ 757 145 ფერმერი შეადგინა, რომელთა მფლობელობაში იყო მიწის ფართობები 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით.

 

2014 წელს (2013 წლისგან განსხვავებით) ბენეფიციართა რაოდენობას დაემატა თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, ბათუმი) ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები) მფლობელები.

 

2015 წელს მათ დაემატება რუსთავის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო ფართობების მფლობელებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დახმარებით დააზუსტებენ პოტენციური ბენეფიციარების სიას.

 

2015 წელს პროექტის ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და რომლებსაც ისინი იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის. ამავე დროს, ფერმერების საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰექტარს.

 

ბენეფიციარები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და ისინი მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. 2014 წელს განხორციელებული საგაზაფხულო პროექტის მონაცემებით, 227 590 ბენეფიციარის სარგებლობაშია 31 629 ჰა მიწის ფართობი (0-დან 0,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი). 0,25-დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით სახნავი და მრავალწლიანი ფართობის მქონე 529 555 ბენეფიციარის სარგებლობაშია 319 339 ჰა მიწის ფართობი.

 

პოტენციური ბენეფიციარების სიების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დაზუსტებისა და გამორჩენილი ბენეფიციარების დამატების შემდეგ, 2014 წლის მონაცემებით არსებულ 757 145 ბენეფიციარს 2015 წელს დაემატება დაახლოებით 43 000 ბენეფიციარი და 2015 წელს პროექტის პოტენციური ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობა იქნება 800 000.

 

ბენეფიციარები, მათ მფლობელობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიების მიხედვით, მიიღებენ შემდეგი სახის სარგებელს:

 

ა) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ 0.25 ჰა-მდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ 50 ლარის ოდენობის სარგებელს სასოფლო-სამეურნეო საქონლის სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან შესყიდვის მიზნობრიობით;

 

ბ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0.25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათ იყენებენ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით), სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან ხვნის მომსახურების შესყიდვის მიზნობრიობით;

 

გ) ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-დან (ჩათვლით) 1.25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მათ გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურები და არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი, მიიღებენ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ოდენობის სარგებელს (1 ჰაზე 140 ლარის გაანგარიშებით) სააგენტოს კონტრაქტორ(ებ)ისგან სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესყიდვის მიზნობრიობით.

 

აგრობარათზე არსებული ქულებისა და ხვნის ბარათის განაღდების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 დეკემბერი. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება აგრობარათებზე დარიცხული ქულების ათვისება 2015 წლის 1 დეკემბრამდე, სააგენტო მოახდენს გაუნაღდებელი ქულების ანულირებას.

 

 შპს „მექანიზატორი“ და სამუშაოს შემსრულებელი სხვა მეწარმე სუბიექტები პროექტის განხორციელებისას, ბენეფიციარებს დაუხნავენ მიწას, გაწეული მომსახურების საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს. კერძოდ, ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას სააგენტოს კონტრაქტორი შეძლებს სააგენტოს კონტრაქტორ ბანკში. ხოლო „მექანიზატორის“ მიერ ფერმერისგან მიღებული ხვნის ბარათის განაღდებას უზრუნველყობს სააგენტო. „მექანიზატორი“ სამუშაოს სხვა შემსრულებლებთან ერთად დაგეგმავს და კოორდინაციას გაუწევს ნიადაგის ხვნას.

 

სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლები, აგრობარათის ქულების სანაცვლოდ, პროექტის ბენეფიციარებს გადასცემენ სასოფლო-სამეურნეო საქონელს, კერძოდ: სასუქს, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, სათესლე და სარგავ მასალებს. საქონლის შესყიდვის საფასურს სააგენტო ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის შესაბამის კონტრაქტორს.

 

პროექტის ბენეფიცარების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 800 000 ფერმერს.  პროექტის განხორციელების მთლიანი ბიუჯეტი იქნება 61 139 153 ლარი. აქედან 50 მილიონი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საიდანაც უკვე გამოყოფილია ეს თანხა, ხოლო დანარჩენი დაფინანსდება სააგენტოს მიერ.

 

გადაბეჭდვის წესი