სიახლეები

მედეა ვასაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა სვეტლანა კუდბას 300 კვადრატულ მეტრ შენობას სთავაზობს

18.02.2015 • 1332
მედეა ვასაძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობა სვეტლანა კუდბას 300 კვადრატულ მეტრ შენობას სთავაზობს

 

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„ეს ხდებოდა უმაღლესი საბჭოს შენობაში. ზოგადად, მე მივიღე ჩემს თავზე, იმდენად რამდენადაც ის ამბობდა, ის, ვინც ხმას ჩემს წინააღმდეგ მისცემსო და ჩამოყალიბებული გინება იყო…“ – ამბობს მედეა ვასაძე, რომელმაც ტელეჟურნალისტებთან ისიც აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე წუხს. „ბათუმელების“ კითხვაზე, რა აძლევს მას ამის საფუძველს, მედეა ვასაძე ამბობს, რომ დავით ბაციკაძის ტექსტი იყო მუქარის: „ბუნებრივია ეს აღიქმება მუქარად, – ადამიანს დაკარგული აქვს წონასწორობა, ახლა მთლიანად გამოსულია კონტროლიდან, ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს. ბუნებრივია, არა მარტო მე, არამედ ბატონი ჯემალ ფუტკარაძეც და ქალბატონი სვეტა კუდბაც გააკეთებენ ალბათ ანალოგიურ განცხადებას, რომ ჩვენი უსაფრთხოების პრევენციისთვის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს ზომები“, – ამბობს მედეა ვასაძე.


მისივე თქმით, ხელისუფლება უმაღლესი საბჭოს წევრის, სვეტლანა კუდბას მოსყიდვას ცდილობდეს: „მე მგონია, რომ ქალბატონ სვეტას მოსყიდვის მცდელობაა. ადამიანი [სვეტლანა კუდბა] მთელი ორი წლის განმავლობაში აყენებდა გარკვეულ საკითხს, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ საკითხს არ უკმაყოფილებდნენ და მე დღეს მაქვს პროექტი, ხელშეკრულებისა და მთავრობის თავმჯდომარის ხელმოსაწერი, რომელიც დღეს მისცეს სვეტლანა კუდბას: „წამობრძანდით, საკითხი გადაწყვეტილია უკვე და მოაწერეთ ხელიო“ და წამოიღო ქალბატონმა სვეტამ  ეს პროექტი და ერთ-ერთი ასლი მე მაქვს, რომელსაც ალბათ ხვალ გამოვაქვეყნებ. ეს არის პროექტი, როგორ სთავაზობენ მას, საქველმოქმედო საქმიანობისთვის, მოგეხსენებათ ქალატონი სვეტა მუშაობს მიუსაფარ ადამიანებთან, უსასყიდლოდ, 49 წლით, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობას. მე ვფიქრობ, ამ გართულებულ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს  გარკვეულწილად მისი მოსყიდვის მცდელობაა. ქალბატონი სვეტა გონიერი ადამიანია და ზოგადად აღმოჩნდა, რომ ღალატი არ არის თურმე გადამდები, ძალიან მყარად არის და ვნახოთ“, – ამბობს მედეა ვასაძე, რომელიც იმედოვნებს, რომ 20 თებერვალს დავით ბაციკაძისა და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადასაყენებლად საჭირო 11 ხმა უმაღლეს საბჭოში შეგროვდება.


დავით ბაციკაძე
დავით ბაციკაძე

„მშვიდად“ ელოდება 20 თებერვალს მოვლენების განვითარებას დავით ბაციკაძე. „თუ ნაციონალური მოძრაობის რვა წევრს მხარს დაუჭერს სამი დეპუტატი, ეს შესაძლებელი იქნება. ქალბატონმა მედეამ განაცხადა ამის შესახებ, რომ მხარს დაუჭერს ნაციონალურ მოძრაობას, ბატონი ჯემალი ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, მაგრამ გვითხრა პრინციპში, რომ ის აპირებს მხარდაჭერას და თუ კი ვინმე დაემატა მესამე, ეს  შესაძლებელია, მაგრამ ეს არაა აჭარის მოსახლეობის სურვილი და ისინი ხელოვნურად ცვლიან შედეგს, რაც დადგა არჩევნების შედეგად, ორი წლის წინ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.  მაგრამ მინდა დავპირდე მათ, რომ  ეს რევანში არ გამოვა, დადგება ვადამდელი არჩევნების საკითხი. მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისტები არიან, ესაა სიმართლე.“

 

დავით ბაციკაძე უარყოფს მედეა ვასაძის მიმართ არათუ მუქარას, არამედ გინებასაც კი. ის ამბობს, რომ მედეა ვასაძეს მისგან არავითარი საფრთხე არ ელის: „მოვითხოვ ვიდეოთვალებს და ერთი სად, რა დროს მოისმინა, როგორ იდგა, ან თუ კი ყურს ადებს კარებს, ეს რა საქციელია – ეს სხვა თემაა. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ და შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ, ეს არის იმისთვის, რომ გაამართლონ თავიანთი უმსგავსო ქმედება, ის რაც ჩაიფიქრეს, რომ პოლიტიკურ რევანშს აპირებენ და ხელისუფლების შეცვლას“. 


რაც შეეხება მედეა ვასაძის ინფორმაციას სვეტლანა კუდბასთვის, საქველმოქმედო მიზნებისთვის, 300 კვადრატულ მეტრამდე შენობის გადაცემის შესახებ, აჭარის მთავრობაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამზადებულია ხელშეკრულების სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც დეპუტატ სვეტლანა კუდბასთვის იგეგმება ქონების გადაცემა. ხელშეკრულება არც ერთი მხარის მიერ არ არის ხელმოწერილი. მთავრობის ინფორმაციით, სვეტლანა კუდბა საქველმოქმედო მიზნებისთვის ქონების გადაცემას ორი წელია ითხოვდა. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: