სიახლეები

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდება

18.02.2015 • 1597
აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი: ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდება

 

სვეტლანა კუდბა
სვეტლანა კუდბა

უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, სვეტლანა კუდბაზე თანაპარტიელები ზეწოლას ახორციელებდნენ, რადგან დასახლებული დეპუტატების თანამდებობიდან გადასაყენებლად 11 ხმაა საჭირო.   

 

თანაპარტიელებისგან პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფაქტს სვეტლანა კუდბა „ბათუმელებთან“ საუბარში არ ადასტურებს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი ცრემლები პირად თემას უკავშირდებოდა და არა პოლიტიკას.  

 

 „ჩემი ცრემლები პოლიტიკას არ უკავშირდებოდა, ჩემი პირადი საქმე მოვყვე?! უხერხულია.  არ შეიძლება ჩემს მეგობრებს ჩემი პირადი გაჭირვება ველაპარაკო? მეუღლე ავად მყავს და მივდივარ-მოვდივარ და ავყევი ემოციებს“ – ამბობს ის „ბათუმელებთან“ საუბრისას.  

 

 რა მოხდა ფრაქციის სხდომაზე და უკავშირდებოდა თუ არა დეპუტატის ცრემლები რიგგარეშე სხდომაზე ჩანიშნულ საკითხებს? ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად  „ბათუმელები“  ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარეს, აკაკი ძნელაძესაც დაუკავშირდა.

 

 „სვეტა არ ტიროდა, უბრალოდ ქალური ემოციით აუჩუყდა გული, რომ დაიღალა ამდენი იწილო-ბიწილოთი და ვერ გაერკვა. ჩემი აზრით, პოლიტიკას ცივი გონება სჭირდება და არაფერი არ არის აქ საოცარი. ამას შემდეგ ვინ რა ყურს ან ხელს გამოაბამს,  სხვა საკითხია“.

 

აკაკი ძნელაძე
აკაკი ძნელაძე

აკაკი ძნელაძე, ფრაქციის წევრზე ზეწოლას უარყოფს:

 

„უბრალოდ იყო იმაზე საუბარი, რომ თუ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ეს მოცემულობაა, უნდა მოიქცე ისე, როგორც რეალობას შეესაბამება. თუ სხვა რაღაც პრეტენზიებია, შეიძლება დატოვო ადამიანმა ფრაქცია და შემდეგ გააკეთო რაღაც. თუმცა ფრაქციიდან წასვლაზე საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ, იყო სუფთა ადამიანური ემოცია“.  

 

ფრაქციის თავმჯდომარემ რიგგარეშე დაგეგმილ სხდომაზე განსახილველ საკითხზეც გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, თუ 20 თებერვალს აჭარის უმაღლეს საბჭოს უმრავლესობაში კონფიგურაცია  შეიცვალა, ცვლილებები ოპოზიციასაც შეეხება.  

 

„მარტო ერთ მხარეს იქნება ხმები და სხვა მხარეს არ იქნება? შეიძლება ერთ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს სხვა მოცემულობა, მომავლისთვის კი – სხვა. ასე რომ, მე ამას ძალიან გულგრილად ვუყურებ, რადგან  ემოციამ დაგვღუპა  30-25 წლის წინ,  ამ ემოციებით დავანგრიეთ ქვეყანა და ახლა ძალიან ცივი გონებით უნდა ვაშენოთ“.

 

აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ მას რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციის  ინიციატივის ჩავარდნის იმედი აქვს:


„მე მგონი ვერ დააგროვებენ საკმარის ხმებს იმისთვის, რომ უმრავლესობის წევრები თანამდებობიდან გადააყენონ.  თუმცა,  ამაშიც ვერ ვხედავ  ტრაგიკულს. რაც მოხდება, ეგ არის მეორე სერია, პირველი კი ის – ვინ სად და რა პოზიციაზე ვდგავართ და სად მიგვყავს ქვეყანა.  ეს იწილო-ბიწილო ვიწრო, კონკრეტულ ჩარჩოებში არ დამთავრდება, რადგან ეს არის ჯაჭვური რეაქცია და შეიძლება ვეღარ შეამაგრო. ამიტომ ფართოდ გავახილოთ თვალები და დავინახოთ სად არის ყველაზე დიდი პრობლემა“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: