კვირის ამბები

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები პროგრამის გარეშე

19.02.2015 • 3654
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები პროგრამის გარეშე

 

 

ლილი დარახველიძე ლოგოპედია (დეფექტოლოგი). ის ამ ბაღში რამდენიმე წელია მუშაობს. ამბობს, რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ ბაღში სპეციალური პროგრამები უნდა იყოს, თუმცა ამ დრომდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა:
„ჯერ არანაირი პროგრამით არ ვმუშაობთ, არც ერთი დაწესებულება არ გამოჩნდა, რომელიც გვასწავლიდა, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ამ ბავშვებთან მუშაობა. გასულ წელს რომელიღაც ორგანიზაცია ჩამოდიოდა თბილისიდან და გვეხმარებოდა, მაგრამ წელს იმათაც მიგვატოვეს“.

 

ლილი დარახველიძე ამბობს, რომ ცალკეულ სპეციალისტთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ბავშვებთან პროგრესის მიღწევა მაინც ჭირს: „ბავშვთან, რომელიც ვერ დადის და ვერ მეტყველებს, დიდი პროგრესი არ გვაქვს. აუცილებლად უნდა იყოს რაღაც პროგრამა, რის მიხედვითაც ყველა სპეციალისტი ვიმუშავებთ ერთობლივად, ერთი ხაზით“.

 

პერსონალი გვეუბნება, რომ ისინი ინდივიდუალურად, საკუთარი დაკვირვებითა და პროფესიული მეთოდებით აგრძელებენ პატარებთან მუშაობას, თუმცა, სპეციალისტების გადამზადების აუცილებლობას მაინც ხედავენ.

 

„ტრენინგები იშვიათია, თუმცა შესაბამის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა არც ტრენინგების დროს გვაქვს. რაც არსებობს, ის პროგრამა არ შეესაბამება ამ ბაღში მყოფი პატარების ასაკობრივ ნორმებსა და მათ განვითარებას“, – ამბობს ლოგოპედი. მას მიაჩნია, რომ სპეციალურ პროგრამებზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსურად უნდა იმუშაონ. 

 

სისტემა ითვალისწინებს შშმ ბავშვების ინტეგრირებულ ჯგუფებში ყოფნას. თუმცა, როგორც ბაღის ადმინისტრაციაში გვეუბნებიან, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა უჭირთ.

 

„ასეთი დიაგნოზით (დცპ) არ ვიცი საერთოდ შეძლებენ თუ არა სკოლაში წასვლას. ვინც წევს, მათი რა მოგახსენოთ, მათ ინტეგრაციაზე ლაპარაკს აზრიც არ აქვს“, – გვეუბნება ბაღის გამგე ლალი ლიპარტიანი.

 

ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ბაღის აღსაზრდელთან ერთად
ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ბაღის აღსაზრდელთან ერთად

პესიმისტური პროგნოზების მიუხედავად, სპეცჯგუფის ფსიქოლოგი თამარ უნგიაძე ამბობს, რომ ინტეგრირებულ ჯგუფში პატარები მაინც გაყავთ: „მაგალითად, თემო უფრო მოძრავი ბავშვია, ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ბევრს მიაღწია. იცის ფეხზე ჩაცმა, კარის გაღება-დახურვა, მას არ უჭირს ინტეგრირებულ ჯგუფში ყოფნა, სხვები უფრო იღლებიან, ხმაური აღიზიანებთ და დიდხანს არ ვტოვებთ“.

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან უკვე მეექვსე წელია მუშაობს. ლოგოპედის მსგავსად, ისიც საკუთარი დაკვირვებით, ინდივიდუალურად ცდილობს თითოეული ბავშვის პრობლემის დაძლევას:

 

„ამ სფეროში სახელმძღვანელოები უცხოურ ენაზეა, მე 2010-2011 წლების გამოშვებული მასალებით ვხელმძღვანელობ, წიგნის ავტორი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფსიქოლოგთა რჩევებია მოცემული და პრაქტიკაში ძალიან მეხმარება“.

 

თამარ უნგიაძის თქმით, თითოეული ბავშვის განვითარების გეგმა ინდივიდუალური დაკვირვების შედეგად დგება, რომელიც ექვს თვეში ერთხელ იცვლება: „იმის მიხედვით, აქვს თუ არა ბავშვს რაიმე პროგრესი განვითარებაში. დაკვირვება შეიძლება გაგრძელდეს ორი თვე და მეტიც“.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პერსონალი ამბობს, რომ ისინი საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებენ. „ბავშვებთან, რომლებიც ვერ დადიან და, ძირითადად, საწოლში უწევთ ყოფნა, ვმუშაობთ, რომ მათ განუვითაროთ ხელის მოტორიკა, დავუმუშაოთ თითები, ლოგოპედი სახის კუნთების დამუშავებაზე მუშაობს და ა.შ“.

 

ქრისტინა გოგიტიძეს ექვსი წლის გოგონა ჰყავს. მას მე-12 ბაღში უკვე მეორე წელია დაჰყავს შვილი. ამბობს, რომ პრობლემების მიუხედავად, ბაღი ბავშვისთვის მაინც მნიშვნელოვანია.

 

„კარგი იქნება, თუ ბაღის სერვისი გაუმჯობესდება და მშობლებს ნაკლებად მოგვიწევს ბავშვების სხვადასხვა ადგილზე წაყვანა. რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ იაგორ ჯიბუტის სარეაბილიტაციო ცენტრში მოქმედებს, რომელიც ჩაქვშია და ძნელია იქ სიარული“.

 

დედა ამბობს, რომ პროგრამა წელიწადში რვა სავარჯიშო კურსს მოიცავს, რაც ძალიან ცოტაა: „დცპ დიაგნოზის ბავშვებს თვეში მინიმუმ ოცი დღე ინტენსიური ვარჯიში სჭირდებათ. სახელმწიფოს შემოთავაზება კი მინიმალურია. ალბათ უფრო მეტად უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება და ამ ბავშვებს დაეხმაროს“.

 

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მულტიდისციპლინარული, ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ბაღიდან სკოლაში გადადიან. მათი უმეტესობა სწავლას ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში აგრძელებს. ამ სკოლის ფსიქოლოგის, ფატმან ზოსიძის თქმით, არის შემთხვევები, როცა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი მონაცემები არ შეესაბამება სასკოლო ნორმას, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის. „წელს მივიღეთ ამ ბაღიდან ბავშვი. რომ ვთქვა, ბავშვი რაიმე განვითარებით შემოვიდა-მეთქი, მოგატყუებთ. ფანქრის დაჭერაც კი არ შეუძლია. მე არ ვიცი რამდენი ხანი დადიოდა ის ბაღში, მაგრამ ამის განვითარება ნამდვილად შეიძლებოდა“, – გვეუბნება ფსიქოლოგი.

 

იგი ფიქრობს, რომ ბავშვების განვითარებაში პროგრესის ნაკლებობა არასწორად გაწეული მუშაობითაა გამოწვეული: „ან ნაკლენად დახარჯული ენერგიის. როცა ეს არ კეთდება ბაღში, იმავე სამუშაოს თავიდან გავლა გვიწევს სკოლაში, რაც ძალიან ცუდია“.

 

ფსიქოლოგის აზრით, ბაღებში სპეციალისტების გადამზადება აუცილებელია: „აღმზრდელი არ ნიშნავს იმას, რომ გამოცვალოს „პამპერსი“. აღმზრდელს აუცილებლად სჭირდება გადამზადებული თერაპევტიც, რომ მიაღწიოს მიზანს“.

 

ფატმან ზოსიძე ძირითადად აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობს და ამბობს, რომ რეგიონში ამ მიმართულების სპეციალისტების დეფიციტიცაა: „მხოლოდ ორი ფსიქოლოგი ვართ აჭარის მასშტაბით. სპეციალისტების გადამზადებაზე არანაირი რესურსი არ იხარჯება და რა შედეგს უნდათ, რომ მიაღწიონ“.

 

ფსიქოლოგის თქმით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი ქვეყანაში გვიან დაიწყო, „ამის შედეგია ის, რომ სკოლაში მყავს 35 წლის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა და წრის შემოხაზვა შეუძლია. ამ ადამიანის უკეთ განვითარების ყველა შანსია გაშვებული“, – ამბობს ის.

 

ფსიქოლოგის თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფომ დროულად მოახდინოს პრობლემაზე ორიენტირება და იზრუნოს სპეციალისტების გადამზადებაზე და იმ აუცილებელი პროგრამების შემუშავებაზე, რომლის გარეშეც, ფსიქოლოგების აზრით, პროგრესის მიღწევა შეუძლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: