სიახლეები

სასტუმროების შეფერხებული მშენებლობები ბათუმში

18.02.2015 • 2629
სასტუმროების შეფერხებული მშენებლობები ბათუმში

 

ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

 

 

სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ Holiday Inn-ის, Kempinski-ის, Hotel Reina-ის, Hotel Princess-ის ბრენდის სასტუმროების განთავსების ვალდებულება არც ერთ ინვესტორს ხელშეკრულებით ნაკისრი არ აქვს – ამ ბრენდების სასტუმროების მშენებლობის შესახებ ცნობილი მხოლოდ პოლიტიკოსთა  საჯარო განცხადებებიდან გახდა;




Trump Tower – ისა და სასტუმრო „პონტოს“ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საერთოდ არ აქვს. მშენებლობის ვადები ყველა კომპანიას დარღვეული აქვს როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებში. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო საკუთრების უფლება ჩამოერთვა მხოლოდ ერთ კომპანიას – შპს ENVIL BATUM-ს.

 



სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”

სასტუმროს სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, თუმცა შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აგებულია. სასტუმრო გოგებაშვილის 10-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 4478 კვ.მ.-ს შეადგენს, მასზე მიმაგრებული 2522.27 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2008 წლის 2 ივლისს შპს „არაი ჯორჯიაზე“ 3 მილიონ დოლარად გაასხვისა იმ პირობით, რომ სასტუმროს მშენებლობა 2010 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო. სამინისტროსა და შპს „არაი ჯორჯიას“ შორის 2008 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. ხელშეკრულების პირველი რედაქციით, მყიდველს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა აეშენებინა სულ მცირე 60-ნომრიანი სასტუმრო და სამორინე. 2011 წელს შეტანილი ცვლილებებით კი „არაი ჯორჯიას“ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად  დამატებით ორწლიანი ვადის მიცემა განესაზღვრა. შეიცვალა სასტუმროს ნომრების რაოდენობაც და ახალ რედაქციაში 60 ნომრის ნაცვლად, 150 ნომერი ჩაიწერა.

 

 

 

მორიგი ცვლილებები ხელშეკრულებაში 2013 და 2014 წლებში განხორციელდა. 2013 რედაქციის მიხედვით, შეიცვალა მშენებელი კომპანიის სახელწოდება და „არაი ჯორჯიას“ ნაცვლად შპს„ქროსვეისი“-ა მოხსენებული, რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თეიმურაზ უგულავაა. 2014 წელს შესული ცვლილებებით კი მშენებლობის დასრულების ბოლო ვადად მითითებულია 2015 წლის 1 მაისი. ცვლილებებთან ერთად 2014 წლის მაისში მფლობელ კომპანიას აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 400 000 დოლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

 

 

 

ორგანიზაციის კვლევები ეხება სასტუმრო „კემპინსკისაც“.  

„კემპინსკად“ წოდებული სასტუმრო, რომლის მშენებლობა ბათუმის საფეხბურთო სტადიონის  ტერიტორიაზე 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე დაუმთავრებელია. ამ ეტაპზე ძირითადი შენობა აგებულია, მაგრამ მოპირკეთებითი სამუშოები არ მიმდინარეობს. ობიექტი 2006 წლის ოქტომბერში 2 მილიონ დოლარად გაასხვისა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. მყიდველმა კომპანია GIMG-მ აიღო ვალდებულება, რომ განახორციელებდა ოცდათხუთმეტი მილიონი დოლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 500 მოქალაქეს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, არც შპს GIMGს აქვს აღებული ოფიციალური ვალდებულება, ამ შენობაში Kempinski-ს ბრენდის სასტუმრო განათავსოს.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და GIMG-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 4 ივლისს შევიდა. ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის დასრულების ვადად 2016 წლის 30 ივნისი განისაზღვრა. ამ დროისთვის კომპანიამ სასტუმროს კომპლექსი, ბიზნესცენტრი, საცხოვრებელი კომპლექსის ორი ბლოკის, გასართობი ცენტრისა და მულტიპლექსის ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს. კომპანია GIMG მთლიანი წილის მფლობელი, ავსტრიაში რეგისტრირებული შპს GAB-Resirt-ია.

 



სასტუმრო „პრინცესა“

სასტუმრო „პრინცესა“, იგივე ძველი ფოსტის შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 33-ში მდებარეობს. ამ დროისთვის ობიექტზე სამშენებლო სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აჭარის მთავრობამ შპს „აქთივ ბათუმი“-ზე  2010 წლის 30 მარტს, ქონება შემდეგი პირობით გაასხვისა: მყიდველს 2 500 000 დოლარის ექვივალენტი ლარში, ეტაპობრივად 2011 წლის 15 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, ხოლო 100-ნომრიანი სასტუმრო 48 თვის ვადაში, 2014 წლის გაზაფხულზე უნდა გახსნილიყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი თავის მხრივ აიღო ვალდებულება, სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული სამორინე სანებართო მოსაკრებელისგან 10 წლის განმავლობაში გაეთავისუფლებინა. მშენებლობა დათქმულ ვადაში ვერ დასრულდა. ხელშეკრულებაში ბოლო ცვლილება 2014 წლის 30 მარტს შევიდა და სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2016 წლის 30 იანვარი განისაზღვრა. კომპანიის მფლობელი სააქციო საზოგადოება „იარადა“ ოფშორულ ზონაში, ლიხტენშტეინშია რეგისტრირებული. 

 

 

სასტუმრო “რეინა”

Reina ბათუმში, მემედ აბაშიძის 34-სა და დუმბაძის ქუჩა 16-18-ში მდებარეობს. N1 აფთიაქის ყოფილ შენობაში, სადაც სასტუმრო უნდა განთავსდეს, შენობის განახლებისა და იქ სასტუმროს მოწყობის სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. უძრავი ქონება და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2011 წლის 28 იანვარს 1 მილიონი დოლარის ექვივალენტ ლარში გაასხვისა. თავის მხრივ, შპს „ჟასმინმა“ 16 თვის ვადაში 40-ნომრიანი სასტუმროს, რესტორნის მშენებლობისა და საქართველოს 80 მოქალაქის დასაქმების ვალდებულება აიღო, მაგრამ დათქმულ ვადაში (2012 წლის ივნისი) პირობები ვერ შეასრულა. ბოლო ცვლილება ხელშეკრულებაში 2013 წლის 25 სექტემბერს შევიდა, როდესაც კომპანია საპრივატიზებო ხელშეკრულებით დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლდა აჭარის ქონების მართვისა და განკარგვის კანონის 29-ე მუხლის საფუძველზე, რაც საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ინვესტორის დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

 

 

ახალი ხელეშკრულებით „ჟასმინმა“ აიღო ვალდებულება მშენებლობის ნებართვის აღებიდან 2 თვის განმავლობაში დაეწყო სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა და 24 თვის ვადაში დაესრულებინა. ამ ეტაპზე სამუშაოები ისევ არ მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „საერთაშორისო გამჭირვალობას – საქართველოს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე კომპანია ისევ საპროექტო სამუშაოებით არის დაკავებული. „ჟასმინი“-ს 10 პროცენტის მფლობელი თურქეთის მოქალაქე მეჰმეთ ქოჩარსლაია, 90 პროცენტს კი შპს „მელს თურიზმ გიდა ვე ინშაათ სანაია“ ფლობს, რომელიც თურქეთში რეგისტრირებული.

 

 

ენვილ ბათუმი”

კიდევ ერთი, 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა დაგეგმილი იყო ბათუმის ახლადშემოერთებულ დასახლება კახაბერში, რომელიც შპს Envil Batumi-ს უნდა აეშენებინა. კომპანიის მოწილეები უკრაინის მოქალაქეები ვოლოდიმირ და ანატოლი დრობოტები არიან. ქონება 2012 წლის 10 აპრილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით ერთ ლარად გადაეცა. მშენებლობა ამ მისამართზე საერთოდ არ დაწყებულა. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტით დგინდება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2014 წლის 2 სექტემბერს, შპს ENVIL BATUM-თან ხელშეკრულება მოიშალა და კომპანიას დაეკისრა ჯარიმა 56 304 ლარის ოდენობით, ერთ ლარად გადაცემული ქონება კი ისევ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას დაუბრუნდა. ამჟამად კომპანიის წარმომადგენლობა ხელშეკრულებაში მითითებულ იურიდიულ მისამართზე საერთოდ არ იმყოფება.

 

 

 

2014 წლის 22 დეკემბერს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ინვესტორს, გარდა ერთისა (ENVIL BATUM), აჭარა არ დაუტოვებია, ხოლო კონკრეტულ ოპერატორებთან შეთანხმებას სასტუმროს ინვესტორები აწარმოებენ.  მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმაც.

 

 

 

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ საინვესტიციო პირობების შესრულებაზე ეფექტიანი კონტროლის დაწესება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ახალი პროექტების განხორციელება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ გონივრულად განკარგოს მის ხელთ არსებული ქონება და, განსაკუთრებით პირდაპირი მიყიდვის ფორმის გამოყენების შემთხვევაში, დაადგინოს კრიტერიუმები, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგი, რაც საინვესტიციო პროექტების განხორციელების გაჭიანურებით, შეჩერებით ან შეწყვეტით შეიძლება გამოიხატოს“- ნათქვამია კვლევაში. 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: