სიახლეები

სასკოლო კლუბების ეფექტი

18.02.2015 • 4402
სასკოლო კლუბების ეფექტი

 

 

დებატკლუბი #2 საჯარო სკოლაში
დებატკლუბი #2 საჯარო სკოლაში

„საგანმანათლებლო დებატები პროგრესისთვის“, – ასე ჰქვია ბათუმის #2 საჯარო სკოლის სასკოლო კლუბს, რომელიც რეგიონში არსებულ 11 სასკოლო კლუბთაგან ერთ-ერთია.

 

„სამოქალაქო განათლებას ვასწავლი და საგაკვეთილო პროცესში ვხედავდი, რომ დებატების კულტურა არ იყო მაღალი. ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი გულისხმობდა მოსწავლეებში დებატების კულტურის განვითარებას“, – ამბობს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი მირანდა გორგოშაძე.

მისი თქმით #2 საჯარო სკოლის მიერ შექმნილ სასკოლო კლუბის აქტივობებში ქალაქის მასშტაბით 25 საჯარო სკოლა ჩაერთო. პირველ ეტაპზე შეირჩა ისმასწავლებლები, ვინც თავიანთ სკოლებში დააფუძნეს დებატკლუბები. მოგვიანებით მასწავლებლებს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში დებატების ხელოვნების ტექნიკაში ოთხდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში კი პროექტის მონაწილე ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები და სადემონსტრაციო თამაშები.
#2 საჯარო სკოლის დებატკლუბის ხელმძღვანელი ამავე სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ანანიძეა. კლუბში ოცი მოსწავლეა გაწევრიანებული.

„დებატკლუბის შექმნის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ეს გვჭირდებოდა. ვფიქრობდი საინტერესო იქნებოდა დავუფლებოდით დებატების ხელოვნებას. რაც შეეხება თემატიკას, დებატებს ვმართავდით იმ თემაზე, რაც მოცემულ მომენტში იყო აქტუალური. ყველაზე ბევრი ვიდებატეთ ძალადობის თემაზე. უმეტესად ბიჭები გვეკამათებოდნენ, ქალებიც ხომ ძალადობთ ჩვენზეო. ამ კლუბმა მე, პირადად, ბევრი რამ მომცა. პირველ რიგში გავიცანი ბევრი საინტერესო ბავშვი, მივხვდი, რომ მომავალი თაობა არის ძალიან ჭკვიანი. მათ ასაკში მე ამაზე არ ვფიქრობდი. მთავარი კი, რაც ვისწავლე, საკუთარი აზრის გამოთქმა და შემდგომ მისი დაცვაა,“ – ამბობს მარიამი.


ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეები

გასული წლის სასკოლო კლუბების პროგრამაში კიდევ ერთი გამარჯვებული ბათუმის #8 საჯარო სკოლაა. პროგრამის ფარგლებში სკოლაში ეკოკლუბში „ჩემი გარემო~ დაფუძნდა. სამინისტრომ კლუბი 2271 ლარით დააფინანსა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ეკოკლუბის ფარგლებში, სკოლის ეზო გაამწვანონ. მოპოვებული დაფინანსება ნერგებისა და სამუშაო იარაღების შესაძენად დაიხარჯება.

„საკმაოდ დიდი ადგილია სკოლის ეზოში, რომლის გამწვანების იდეაც კარგა ხანია გვაქვს. გვინდოდა დაგვერგო ხეები. გარდა ამისა, გვინდოდა თანატოლებისთვის აგვეხსნა როგორ უნდა დავრგოთ ხე, როგორ გავახაროთ და როგორ მოვუაროთ. პროექტი დაგვიფინანსდა და ახლა ამის საშუალება გვაქვს,“ – ამბობს მერვე საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი თაკო წულუკიძე.

კითხვაზე, თუ როგორ არის კლუბში ფუნქციები გადანაწილებული, ეკოკლუბის ერთ-ერთი წევრი ნესტან ვარშანიძე ამბობს:
„ფუნქციები ძალის მიხედვით გვაქვს გადანაწილებული. მიწას, ძირითადად, ბიჭები ბარავენ, გოგონები ვაკონტროლებთ იმას, რომ ზუსტად მოხდეს აღრიცხვა, ზუსტად ჩატარდეს სამუშაო და მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული“.

ეკოკლუბის წევრთა თქმით, საშემოდგომო სამუშაოები 2014 წელს ჩაატარეს, ხეების დარგვას კი წელს მარტიდან გეგმავენ.
რამდენად ეფექტურად მუშაობს პროგრამა და როგორია სკოლების მხრიდან დაინტერესება, ამ კითხვით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მივმართეთ. სამინისტროს სასკოლო კლუბების კოორდინატორის, ნინო ნაკაშიძის თქმით, სკოლების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ საკონკურსო კომისიას ხშირად უჭირს საუკეთესოს ამორჩევა.

„2011 წლიდან გვაქვს ეს პროგრამა. რაც წლები გადის, მით უფრო დახვეწილი პროექტები შემოდის სამინისტროში,“ – ამბობს ნინო.
მისივე თქმით, სასკოლო კლუბებში მუშაობა ბავშვებს სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს:

„ჩვენ ვაძლევთ საშუალებას საერთო ინტერესის მქონე მოსწავლეები გაერთიანდნენ, ჩამოაყალიბონ კლუბი და საგაკვეთილო პროცესის მიღმა დაკავდნენ მათთვის საინტერესო საქმიანობით. რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათი მსოფლმხედველობის განვითარებას, გაზრდას, მათ ჩამოყალიბებას და ჩართულობას საზოგადოებაში. საგაკვეთილო პერიოდი სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეთა ინტერესს. სასკოლო კლუბებში მუშაობა უვსებს მათ ამ დანაკლისს,“ – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

როგორც აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, წელს მინიმუმ რვა კლუბი დაფინანსდება.
„შესაძლოა უფრო მეტიც დაფინანსდეს, გააჩნია მათ მიერ მოთხოვნილ ბიუჯეტს. ზოგიერთ სკოლას სჭირდება 3000 ლარი პროექტის განსახორციელებლად, ზოგიერთს – 1000. შესაბამისად, ამ თანხის ეკონომიის საფუძველზე ფინანსდება გაცილებით მეტი კლუბი,“ -ამბობს ნინო ნაკაშიძე.

მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ერთმა სასკოლო კლუბმა მოითხოვოს, 3000 ლარია. გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში. სამინისტროს მიერ 2015 წელს გამოცხადებულ კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია რეგიონში მოქმედ ყველა საჯარო სკოლას. განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. წელს სასკოლო კლუბების დასაფინანსებლად 34 700 ლარია გამოყოფილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: