კვირის ამბები

შეღავათები ბიზნესს, ზარალი ბიუჯეტს – მთავრობისგან

20.02.2015 • 2610
შეღავათები ბიზნესს, ზარალი ბიუჯეტს – მთავრობისგან

 

 

 

საქმე ეხება გრანდიოზულ მშენებლობებს და სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს კორუფციულ გარიგებას ბიზნესმენებსა და საჯარო მოხელეებს შორის. ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმა რომ არ შეიძლება იყოს, გასულ კვირას თბილისის მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ მშენებლისგან 180 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტზე დაკავებაც ადასტურებს. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე ორი დიდი ობიექტის მშენებლობას. კორუფციულ რისკებსა და ეჭვებზე ამ შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს დეპუტატები მიანიშნებენ.

ბათუმის საკრებულოს ახალი დადგენილება, ჯერჯერობით, “ბაბილონ თაუერისა” (სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი) და “პორტა ბათუმისთვის” (ბიზნესცენტრი) სართულების დამატების უფლების მინიჭებას უკავშირდება. ბათუმის საკრებულომ დეველოპერულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათები მისცა – ზონალური შეთანხმების მოსაკრებლისგან გაათავისუფლა, თუმცა მხოლოდ ისინი, ვინც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ანუ არა ყველა.

საკრებულოს ასეთი გადაწყვეტილება უკვე შეფასდა, როგორც ერთ ინვესტორზე მორგებული. “ბათუმელების” ინფორმაციით, საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა “ბაბილონ თაუერის” ერთ-ერთი მფლობელის, ანუ ინვესტორის ვიზიტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.

2014 წლის ივნისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას – „ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის ერთ-ერთ მუხლში აღნიშნულია, რომ ბათუმის მერიამ პროგრამაში მონაწილე პირები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან უნდა გაათავისუფლოს.

რა გარანტიები მიიღო პრემიერ-მინისტრისგან და რა ვალდებულება აიღო თავად კომპანიამ – ამის შესახებ კითხვებზე პასუხები ინვესტორისგან “ბათუმელებმა”, მცდელობის მიუხედავად, ვერ მიიღო. გავლენიან კომპანიას, როგორც ჩანს არც აქვს მედიასთან განმარტების საჭიროება. პრემიერთან მისი წარმომადგენლის ვიზიტი იმით დასრულდა, რომ ბათუმის საკრებულომ მთავრობის ზემოაღნიშნული მითითება გაითვალისწინა და მის მიერვე 2013 წელს მიღებული შესაბამისი დადგენილება 2015 წლის იანვარში კიდევ ერთხელ შეცვალა. მეტიც, საკრებულომ არა მარტო „პროგრამაში მონაწილეები“ გაათავისუფლა გადასახადისაგან, არამედ ადრინდელ დადგენილებაში დაამატა ახალი პუნქტი, რომლითაც აღნიშნული გადასახადისგან გაათავისუფლა „არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს არანაკლებ ოცდაათი მილიონი ამერიკული დოლარის ექვივალენტს ლარში.”

ბათუმის საკრებულოს წევრების ინფორმაციით, ამის შედეგად, მხოლოდ “ბაბილონი თაუერის” შემთხვევაში ბათუმის ბიუჯეტმა უკვე დაკარგა 800 000 აშშ დოლარი. ეს თანხა შესაბამისი ნებართვის მიღების, ანუ ბათუმის ბულვარში მშენებარე 47-სართულიან შენობაზე ხუთი სართულის დამატების უფლების მოპოვების შემდეგ “ბაბილონ თაუერის” მშენებელ კომპანიას – ”TAM GEO”-ს უნდა გადაეხადა. საკრებულოში იმასაც ვარაუდობენ, რომ დადგენილებაში ცვლილებით გამოწვეულმა დანაკარგმა შესაძლოა რამდენიმე მილიონსაც კი გადააჭარბოს.
გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება საკრებულოს სახელისუფლებო უმრავლესობაშიც კი გამოიწვია. დადგენილებაში ცვლილებას ინვესტორზე “კოჭის გაგორება” უწოდა თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩავლეიშვილმა.

“კომპანიას თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა ნაკვეთი ქალაქის ცენტრში, ხოლო ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ისტორიული შენობა (შენობა, რომელიც იმითაც არის ცნობილი, რომ აქ თენგიზ აბულაძის ფილმის – “მონანიების” კადრებია გადაღებული – ავტ.) მზითევში გაატანა. ასნომრიან სასტუმროს არ აშენებს არც ერთი ინვესტორი, რომელსაც პროექტში კაზინო არ აქვს გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ის სხვა შეღავათებითაც სარგებლობს, რაც კაზინოს ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. სასტუმროსთან ერთად გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართობიც, სადაც ინვესტორი ერთ კვადრატულ მეტრს სამი ათას დოლარად ყიდის. რეგულაცია კი დამატებული ფართობისთვის კვადრატულ მეტრზე 150 ლარს ითვალისწინებს. არ მესმის ეს თანხა ქალაქის ბიუჯეტში რატომ არ უნდა შევიდეს და რატომ უნდა გაუწიოს საკრებულომ შეღავათი ამ დონის ინვესტორს. ეჭვი მაქვს, რომ ეს ცვლილება კონკრეტულ ინვესტორზეა მორგებული”, – განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი.

ინვესტორი, რომელსაც ირაკლი ჩავლეიშვილის მოსაზრებით, ახალი რეგულაცია მოარგეს, სწორედ კომპანია ”TAM GEO”-ა.

კომპანია „TAM GEO“ 2012 წლის მარტში დაფუძნდა. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“  – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2% და ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. მათი უფლებამოსილი პირი იყო რუსუდან ხაზარაძე, რომელიც სამივე პარტნიორის ნაცვლად მარტო აწერს ხელს სადამფუძნებლო ოქმს. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.

კომპანიის პარტნიორები ამ წლებში რამდენჯერმე შეიცვალა და დღეს კომპანიის წილები შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.

კომპანია ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი ინვესტორს აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცა (ს/კ 05.22.02.003) რუსთაველის ქ N30-ში), ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქ. N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ შენობა-ნაგებობა, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 05.22.02.005).

კვლევითი ინსტიტუტის შენობასთან დაკავშირებით ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნებართვის შესაბამისად, განახორციელებდა უძრავი ქონების რესტავრაციას; ასევე გააფორმებდა ხელშეკრულებას უფლებამოსილ ორგანოსთან ძეგლის მოვლა-პატრონობის თაობაზე.

“ბაბილონ თაუერი” ორი შენობისგან შედგება, რომლებიც ერთი მეორესთან შუშის ხიდითაა დაკავშირებული. შენობა, რომელშიც სასტუმროს ნომრები იქნება განთავსებული, 13-სართულიანია, ხოლო 47-სართულიან შენობაში განთავსებული იქნება საოფისე ფართობები, სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, რას უპირებს კომპანია ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ისტორიულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით შპს ”TAM GEO LLC”-მ სააგენტოს ყოფილი ინსტიტუტის შენობაზე მანსარდის დაშენების ნებართვის მისაღებად მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

2013 წლის მარტში ახალი კომპანია – შპს „EVENTUS“-ი დააფუძნეს ირფან კოვუკიმ (3%-იანი წილით, დირექტორი) და მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაშიმ (97%). კომპანია ნინოშვილის 23-შია დარეგისტრირებული (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის შენობა). 2013 წლის ნოემბრიდან კი ამ კომპანიის მეწილეები არიან: ირფან კოვუკი – 3%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ომერ ილქნური – 2%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 62% (დირექტორი) და აჰმეთ დონგელი – 32%.

ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” – მშენებელმა კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს პროექტზე ხუთი სართულის დამატების ნებართვაზე ორი თვის წინ მიმართა. საკრებულოში ამბობენ, რომ კომპანია სავარაუდოდ დადებით პასუხს მიიღებს. ახალი რეგულაციის პირობებში კი ინვესტორს ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის, რაც მის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად 800 000 დოლარია, გადახდა აღარ მოუწევს. “ეს დაახლოებით გამოთვლილი ციფრია”.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ახალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზონალური შეთანხმების თაობაზე მერიაში მოთხოვნა მხოლოდ ერთ კომპანიას – ”TAM GEO LLL”-ს აქვს შეტანილი, თუმცა საკრებულოში აქვთ ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მერიას ზონალური შეთანხმების მოთხოვნით შეიძლება სხვა კომპანიებმაც მიმართონ. მათ შორის შეიძლება იყოს თურქული კომპანია “სისტემ ინშაათი”, რომელიც ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე “პორტა ბათუმს” აშენებს.

მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძე მიიჩნევს, რომ ცვლილება ინვესტორს წაახალისებს ააშენოს 100-ნომრიანი სასტუმრო, რაც ბიუჯეტში მოგების გადასახადის შენატანს გაზრდის.
ირაკლი ჩავლეიშვილის გამოთვლით, ამ შემთხვევაში საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილების გამო ბათუმის ბიუჯეტი მილიონზე მეტ ლარს დაკარგავს.

ზღვისპირა პარკის ტერიტორია/რუსთაველის ქ. #4/6-ში მდებარე 3997 კვ/მ და 182 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია ”სისთემ ინშაათმა” 2012 წლის დასაწყისში, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად იყიდა. ქონების ღირებულება მაშინ 1,3 მილიონ ლარად იყო შეფასებული.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის შესახებ დადგენილებაში ცვლილების დამტკიცებას მხარი ფრაქცია “რესპუბლიკელების” გარდა ”თავისუფალმა დემოკრატებმა” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭირა.

“წინააღმდეგი ვიყავი, რადგან შემოღებული რეგულაცია უნდა გავრცელდეს თანაბრად და არ უნდა აღმოჩნდეს ისე, რომ გუშინ მოსულ ინვესტორს ვალდებულება ჰქონდა და დღეს ვინც მოვა, ის გავათავისუფლეთ. ეს არათანმიმდევრული მიდგომაა”, – ამბობს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი კობა ჩხეიძე “ბათუმელებთან”.

25-წევრიან ბათუმის საკრებულოს სხდომას გადაწყვეტილების მიღებისას 22 წევრი ესწრებოდა, “თავისუფალი დემოკრატებიდან” სამმა წევრმა და სამმა წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ასევე სამმა “რესპუბლიკელმა” “ქართული ოცნების” უმრავლესობიდან საკითხს მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” მიიღო.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა “დავით თარხან-მოურავის პატრიოტთა ალიანსის” წევმა დავით თედორაძემაც. “მე მხარი დავუჭირე ამ გადაწყვეტილებას, რადგან ბოლო წლებში ჩვენ არ ვართ განებივრებული ინვესტორებით. საუბარი იყო იმაზე, რომ ინვესტორი ისარგებლებს ამ შეღავათით, თუ განახორციელებს 30-მილიონიან ინვესტიციას და ააშენებს ასნომრიან სასტუმროს. ის, რომ ეს რომელიმე კომპანიას მოარგეს, ამის შესახებ მე საკრებულოს სხდომაზე არაფერი გამიგონია”, – უპასუხა დავით თედორაძემ “ბათუმელებს” კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი კერძო კომპანიის სასარგებლო ისეთ გადაწყვეტილებას, რამაც ბათუმის ბიუჯეტი დააზარალა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი გადაწყვეტილების დადებით მხარეებზე საუბრობს:

“ჩვენ ლარად აღარ ვაძლევთ მიწას ინვესტორს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის სწორი. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი და ააშენა საცხოვრებელი სახლი. გადაიხადა მოსაკრებელი, გაყიდა ბინები, ჩაიდო მოგება ჯიბეში და წავიდა. მისია, ღმერთმა შეარგოს, რა უნდა თქვა. ის სახელმწიფოს არც ქონების გადასახადს უხდის. ამის შემდეგ თუ ის გადაიხდის მოსაკრებელს, ბიუჯეტში შემოვა. ვთქვათ, მოვიდა ინვესტორი, რომელმაც ასნომრიანი სასტუმრო ააშენა, 15-წლიანი პროფილით, მაშინ როდესაც სასტუმრო ნომრების ნაკლებობას განიცდის ქალაქი. ააშენა იმავე სიმაღლის შენობა, იხდის ქონების გადასახადს, ამას პლუს ქალაქს მოუტანა ასი ნომერი და ათი წლის განმავლობაში შეუნარჩუნებს პროფილს. ამ ას ნომერში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. მაშინ მე მიჩნდება უკვე კითხვა, რატომ არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია ამ ინვესტორს. ამ ორივემ ერთნაირად უნდა გადაიხადოს მოსაკრებელი”.

რაც შეეხება დადგენილებაში ცვლილების ერთ ინვესტორზე მორგების საკითხს, ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ “შეიძლება არც გაიტანოს ნებართვა და, საერთოდ, აღარ შეცვალოს პროექტი. რამდენადაც ვიცით, ამ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და შეიძლება ის მალე გავიდეს.”

დადასტურებულია, რომ ზემოთ აღნიშნულმა კომპანიებმა აქამდეც ისარგებლეს ხელისუფლების ლოიალობით – ორივე ობიექტის მშენებლობა ინვესტორებმა მას შემდეგ განაახლეს, რაც აჭარის მთავრობამ დარღვევების გამო ისინი ჯარიმების გადახდისგან გაათავისუფლა და მშენებლობის ვადები გაუხანგრძლივა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ”ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ (”TAM GEO”) მშენებლობის ვადები დაარღვია, რაც ”შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარი, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარი ჯარიმისაგან გაათავისუფლა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”.

და ბოლოს, გასული წლის ივლისში ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის რეგულაციის ამოქმედების შედეგად, ბათუმის ბიუჯეტში თითქმის მილიონი ლარი (ზუსტად 943 500 ლარი) შევიდა – კომპანიებმა ე.წ. K2 კოფიციენტის გაზრდისთვის, რაც პროექტის სიმაღლეში ზრდას ითვალისწინებს და რაც 2015 წლის იანვარში გააუქმა ბათუმის საკრებულომ, მუნიციპალიტეტს 24-ჯერ მიმართეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: