სიახლეები

სულხან ღლონტი: კრიზისიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები

19.02.2015 • 2417
სულხან ღლონტი: კრიზისიდან გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები

 

სულხან ღლონტი
სულხან ღლონტი

რატომ დაიწყო დისკუსია იმაზე, რომ თქვენ შეიძლება დავით ბაციკაძის თანამდებობაზე დაინიშნოთ?


როგორც ჩანს, გართულდა საკმარისი ხმების მოგროვება უმაღლეს საბჭოში ცვლილებისთვის და ამისთვის საჭირო გახდა „თავისუფალი დემოკრატების“ ის ორი ხმა, რომელიც ჩვენ გვაქვს აჭარის უმაღლეს საბჭოში. როგორც ჩანს, მიიჩნევენ, რომ ეს იქნება ჩემთვის მიმზიდველი, მაგრამ მე  ღიად ვამბობ – ამაში მონაწილეობას არ მივიღებ და არც ერთ თანამდებობაზე არ ვიქნებოდი თანახმა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები გველაპარაკებოდნენ პრაქტიკულად ყველა კომისიის თავმჯდომარის გადაყენებაზე, მათ შორის თანამდებობების შემოთავაზებით – გადაყენების მხარდაჭერას გვთხოვდნენ…  

ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ერთი ჯგუფი იმძლავრებს მეორეზე, მერე ის მეორე დააყენებს იმ მომენტისთვის გამარჯვებული ჯგუფის გადაყენების საკითხს და ეს იქნება დაუსრულებლად. ეს ხალხი რეგიონს ითრევს კიდევ უფრო მძიმე კრიზისში, ვიდრე რეალურად არის.

 

ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის რიგარეშე არჩევნები. „თავისუფალი დემოკრატები“ მზად ვართ, ჩვენი ორი მანდატი ნებაყოფლობით დავთმოთ რიგგარეშე არჩევნების გამო.

 

რატომ?

 

ბოლო პერიოდის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ მორალური თვალსაზრისით აჭარის მთავრობა და უმაღლესი საბჭო არის დელეგიტიმირებული. გამოკითხულთა უმრავლესობა უკმაყოფილოა რეგიონში არსებული ვითარებით და მათი მუშაობით.  კრიზისი შექმნა დღეს არსებულმა კადრებმა, მათ შორის აჭარის მთავრობაში და უმაღლეს საბჭოშიც. არჩევნების გარეშე იგივე კადრები, იგივე საკადრო პოლიტიკა მოიტანს იმავე კრიზისს.

 

ჩვენი რეგიონის წინაშე არსებული პრობლემები, პირველ რიგში, არის არა პოლიტიკური, არამედ სოციალური, ეკონომიკური და აქედან გამომდინარე პოლიტიკური. აჭარის მთავრობას სოციალური პოლიტიკა არ გააჩნია, ეკონომიკური საკითხები ვერ პასუხობენ გამოწვევებს, პოლიტიკაში კი საერთოდ  ვერ ერკვევიან. 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩიხიდან გამოსავალი არის მანდატები დაუბრუნოთ მოსახლეობას და თავიდან აირჩიონ უმაღლესი საბჭო.

 

თქვენ არ უჭერთ მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას გადააყენონ მმართველი გუნდის წევრები თანამდებობებიდან. რატომ აკეთებთ ამას?

 

იმიტომ, რომ ეს არ არის კრიზისის გადაჭრის გეგმა, ეს არის საკადრო თამაში. მარტივია – 2012 წლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის ყველა რაიონში წააგო არჩევნები, ანუ აჭარის მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე არ უნდა არჩევნები, რადგან იცის, რომ იმ მანდატების რაოდენობას, რაც ახლა აქვთ, ვეღარ მიიღებენ. მაგრამ ისინი გვთავაზობენ სხვა გეგმას – გადატრიალებით აიღონ ხელში ძალაუფლება. ეს იქნება 2012 წლის იდეალების ღალატი და მე  ამას არ გავაკეთებ, ეს არის ჩემი მანდატის პასუხისმგებლობის საკითხი და არ მივიღებ ამ თამაშში მონაწილეობას.

 

ჰიპოთეტურად, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვა უმაღლესი საბჭოს მმართველობაში, ამის შემდეგ გაჩნდება მექანიზმი, პრეზიდენტმა დაითხოვოს უმაღლესი საბჭო და დანიშნოს რიგარეშე არჩევნები, ანუ რა გამოდის – ყველას გინდათ არჩევნები, მაგრამ არაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ის დაინიშნოს?

 

ჩემთვის პერსონალურად ეს არის რთული გადასაწყვეტი, მაგრამ ძალიან მარტივია კალკულაციაა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 8 მანდატი, „თავისუფალ დემოკრატებს“ _ 2 და არსებობს კიდევ ერთი თავისუფალი დეპუტატი. გადაყენებებზე წინადადება არის შემოსული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ 8 წევრის ხელმოწერილი დოკუმენტით, ანუ ეს არის მათი თამაში, რომელიც დაგეგმილია ლევან ვარშალომიძისა და მიხეილ სააკაშვილის მიერ  კრიზისის შესაქმნელად. დიახ, პროცესი სწრაფად დაიწყო და დაემთხვა ვარშალომიძის ტრაბზონში ვიზიტს, როგორც არ უნდა ვთქვა, ეს ფაქტია. მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია – მე მათ თამაშს არ ვითამაშებ, რადგან, მართალია, ბევრს ეს დაავიწყდა, მაგრამ ისინი ჩემთვის მიუღებელ ავტორიტარულ ქვეყანას აშენებდნენ.

 

„ნაციონალებს“ ამით უნდათ უთხრან საზოგადოებას, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მართავს და ეს ყველაფერი დაიწყო აჭარაში. მე არ ვარ „ქართული ოცნების“ გულშემატკივარი, მაგრამ მე არ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც და მე ამ გეგმაში მათ არც ერთ შემთხვევაში არ მივყვები. აქედან გამომდინარე, მირჩევნია დავიკავო ნეიტრალური პოზიცია, რომელიც არის მძიმედ ასახსნელი, მაგრამ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და დავიწყო კამპანია იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

 

და ერთიც, თუ „ნაცმოძრაობას“ უნდა განმუხტოს რეგიონში კრიზისი, მაშინ დადონ მანდატები, მაგრამ ისინი ამას არასოდეს გააკეთებენ, რადგამ მათი მხარდამჭერი არ არის ელექტორატი, სწორედ ამიტომაც ამ ველში ისინი არ გადმოიტანენ თამაშს და შეეცდებიან რადენიმე დეპუტატთან მოაგვარონ ეს ამბავი.

 

რაც შეეხება თანამდებობიდან ადამიანების გადაყენებას, ეს ვერ გახდება საფუძველი ხელახალი არჩევნების: საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, რომ საკადრო ცვილელებების გამო დაითხოვოს უმაღლესი საბჭო. ასეთ კონსტიტუციურ ნორმას არც აჭარის და არც საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს.

 

„ნაცმოძარობას“ მოუწოდებთ, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის იზრუნონ, იმავეს ეუბნებით „ქართულ ოცნებას“ და თან ამბობთ, რომ ამას არ გააკეთებენ. მაშინ ამ მოწოდებას რა აზრი აქვს?

 

მე არაფერს მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, მე „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ ეს გააკეთონ,  რადგან მათ აქვთ აღებული პასუხისმგებლობა რეგიონის მოსახლეობის წინაშე. რაც შეეხება მთავრობის გადაყენებას, ერთ მექანიზმს გეტყვით  – მთავრობის ახალი შემადგენლობა თუ შემოვა უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად, ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ, რადგან აჭარის მთავრობა რა შემადგენლობითაც არ უნდა შემოვიდეს, იმდენად ღრმაა კრიზისი, იმდენად მოშლილია მენეჯმენტი, რომ წარმოუდგენელია მათ რამის გაკეთება შეძლონ. ისინი დამოკიდებულები არიან არა საკუთარ გადაწყვეტილებებსა და გეგმებზე, რომლის გაწერასაც ორი წლის განმავლობაში ვეხვეწებოდით, არამედ სხვაზე. ჩვენ შიგნით სულ გვქონდა საუბარი, რომ წარმოედგინათ რეგიონის განვითარების გეგმა – რისი გაკეთება უნდოდათ, მაგრამ ეს ვერ გააკეთეს. ამ ხალხს არ შეუძლია ამის გაკეთება.

 

ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც კიდევ გამოაკლდება რამდენიმე დეპუტატი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით უნდა გადაწყვიტოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ეს მათ შეუძლიათ, თუ ეყოფათ ვაჟკაცობა და დადებენ მანდატებს ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ. ეს საჭიროა არამხოლოდ იმიტომ, რომ სიტუაცია მოექცეს კანონის ჩარჩოში, არამედ იმიტომაც, რომ უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას რეგიონში ავტორიტეტი პრაქტიკულად არ გააჩნია.

 

ელოდებით, რომ გადადგამს „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯს?

 

თუ კრიზისი გაღრმავდა და მათ დაინახეს, რომ კიდევ ბევრ რამეს დაკარგავენ, არ გამოვრიცხავ, რომ ისინი ამაზე წავიდნენ. ჩვენ მზად ვართ მივიდეთ ხალხთან და ვუთხრათ, რომ  ამომრჩეველმა გადაწყვიტოს ამ ყველაფრის ბედი. ვხედავთ, რომ  არც ერთ სახელისუფლო ინსტიტუტს რეგიონში ავტორიტეტი აღარ შერჩა, ხალხს არ აქვს განცდა, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელიც აგვარებს პრობლემებს, სამინისტროები და აჭარის მთავრობა გახდა უტყვი.

 

მაგრამ, როგორც თქვენ უწოდებთ უტყვმა მთავრობამ მოახერხა ის, რომ კრიზისის დაძლევის მიზნით ერთ კონკრეტულ დეპუტატს შესთავაზა ქონება 49-წლიანი იჯარით…

 

ეს შეურაცხმყოფელია. ქალბატონი სვეტა [კუდბა] დიდი ხანია ითხოვს ამ ტიპის დაწესებულებისთვის ფართობს, არაერთხელ ვიყავი მონაწილე ამ პროცესის,  როცა ის ამას ითხოვდა და მას სხვადასხვა არგუმენტით უარს ეუბნებოდნენ. დღეს თუ ეს შესთავაზეს, კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი იქნება, რომელიც გადადგა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში რაღაც კონფიგურაცია შეინარჩუნოს. ეს კონფიგურაცია არაფერს ახალს არ ქმნის. არ შეიძლება პრობლემები გადაიჭრას იმ სტრატეგიით, რა სტრატეგიამაც ეს პრობლემები შექმნა. პრობლემები შექმნა უსაქმურობამ, არაფრის კეთებამ. თუ არჩევნები არ ჩატარდა, პრაქტიკულად კიდევ არაფრის კეთება მოყვება ამას.

 

დავით ბაციკაძის თუ მისი ოჯახის მიერ წამოწყებულ ბიზნესზე რა აზრის ხართ?

 

მე ვთვლი, რომ პოლიტიკოსი არ უნდა აკეთებდეს ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ჰქონდა დეკლარირებული და არ დაუმალავს, მორალური თავლსაზისით ეს არ არის სწორი. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ძალიან რთულად აღსაქმელია რეგიონისთვის, სადაც მძიმე სოციალური ფონია, რომ  არ გამოგიყენებია თანამდებობა საკუთარი ბიზნესის გასამართად. ეს რთულად ახსნადია და ამას არ უნდა აკეთებდე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ დარღვეულა, როგორც თვითონ ამბობს. უნდა გადაწყვიტო – ან ხარ ბიზნესმენი, ან პოლიტიკოსი. სერვანტესი ამბობს, რომ ყველაზე მძიმეა ადამიანი ერთი ფეხით გადმოდიოდეს ცხენიდან – ასეთი სიტუაციაა უმაღლეს საბჭოში: მათ საკუთარ მომავალთან დაკავშირებითაც კი არ აქვთ  ჩამოყალიბებული პოზიცია – არ იციან პოლიტიკოსები არიან მომავალში, თუ  ბიზნესის კეთება უნდათ.

 

ხვალ, 20 თებერვალს, უმაღლესი საბჭო იმსჯელებს „ოცნების“ თანამდებობის პირების გადაყენებაზე. რას ელოდებით?

 

როგორც არ უნდა განვითარდეს ხვალ პროცესები, ჩვენ  კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ველოდებით.

 

ცენტრალური მთავობისგან თუ იღებენ რეკომენდაციებს „ქართული ოცნების“ აქაური წევრები?

 

მე ვთვლი, რომ არავითარი მითითება დედაქალაქიდან არ აქვთ – იქ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე რეგიონში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რატომაც შეიქმნა ეს კრიზისი, არის ის, რომ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გადაწყვეტილებას არ იღებენ რეგიონის პოლიტიკოსები. მექანიზმი ასეთი: მათ უნდა უთხრან სუს-ის გარკვეული განყოფილების თანამშრომლებს რაღაც, რასაც ისინი ათანხმებენ ადგილზე ხელმძღვანელებს, მერე ეს ადგილზე ხელმძღვანელი ათანხმებს ამას დედაქალაქში მინისტრის მოადგილე კურატორთან, ეს კურატორი ათანხმებს რომელიღაცა სამინისტროში და ამის შემდეგ იწყება უკუბრუნი. ეს მართლა ასე ხდება. ამიტომაც ვერც ერთმა პროექტმა ვერ გაიარა ეს გზა, რადგან ამ გზაზე იმდენი კითხვის ნიშანია, რომ ეს ბოლომდე ვერც მივა. ამიტომაც არის, რომ  არც ერთი პროექტი არ დაწყებულა.  

როცა ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერთან მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო პრობლემა. პრობლემაა ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონის ქონება არ არის გამიჯნული. მსგავსი უნიათობები კი იწვევს პრობლემებს.

ფაქტი კი ერთია, კრიზისი შექმნა  მართვის ამ სტილმა, ამ ადამიანებმა და იგივე ადამიანები ვერ გადაწყვეტენ კრიზისს. „ნაცმოძრაობა“ კი კიდევ უფრო დიდ კრიზისს გეგმავს, ანუ ამ პროცესში მონაწილეობით შეიძლება კიდევ უფრო დიდი უბედურება მოუტანო რეგიონს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: