კვირის ამბები

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: სტატუსით ბოროტად ვსარგებლობ

08.05.2015 • 1659
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: სტატუსით ბოროტად ვსარგებლობ

 

ქალბატონო სვეტა, რისი გაკეთების საშუალება მოგცათ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსმა?

შეიძლება ითქვას, რომ ბოროტად ვსარგებლობ ამ სტატუსით. უფრო იოლად ვახერხებ ჩინოვნიკებთან შეხვედრას, შევდივარ მათ კაბინეტებში, რაც ადამიანების დახმარებას მიადვილებს. დეპუტატობამდეც ვცდილობდი, მაგრამ მიჭირდა. ახლა დრო შემცირდა, უფრო სწრაფად ვახერხებ ამბის დანიშნულების ადგილზე მიტანას.

მაინც რა თხოვნებით მოგმართავენ?

ძირითადად სოციალური პრობლემების გამო მომმართავენ. ეს ჩემი სფეროა თავიდანვე. ხანდახან კოლეგები მეხუმრებიან, შენ ისეთებს ეხმარები, რომლებიც ჩვენ ხმას არ გვაძლევენო. ჩემთან მოდიან უსაბუთო ადამიანები, მოქალაქეობის არმქონე პირები. ვეხმარები დოკუმენტების აღდგენაში, პირადობის მოწმობის აღებაში, ნათესავებთან დაკავშირებაში, სამშობლოში დაბრუნების საკითხების მოგვარებაში და ასე შემდეგ.

აღმასრულებელი ორგანო თქვენი ჩარევით უფრო აქტიურად აგვარებს ამ პრობლემებს, თუ გიხდებათ მათი დარწმუნება?

რომ ვთქვა დიდ შეღავათს მიწევენ, რადგან დეპუტატი ვარ, ასეც არ არის. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვიყავი, მაშინაც იგივე ბარიერი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრთხიან, რომ მერე `რამე არ იყოს~. ამ დრომდე ბევრს დავრბოდი, ახლა ხშირად ტელეფონითაც შესაძლებელია რაღაცის მოგვარება. ეს არის ჩემი შეღავათი.

თქვენი მთავარი ფუნქცია მაინც საკანონმდებლო საქმიანობაა, ამ მიმართულებით რა გააკეთეთ ორი წლის განმავლობაში?

დიახ, ამ მიმართულებითაც ვმუშაობ. 2011 წელს სასამართლოში რომ დავრბოდი თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით, მაშინ წავაწყდი ასეთ პრობლემას: ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ თქვენ შეიტანთ საჩივარს სამთავრობო დაწესებულებაში და ელოდებით პასუხს, გგონიათ, რომ ის ვალდებულია გიპასუხოთ და არ გპასუხობთ დადგენილ ვადებში, შემდეგ აღმოჩნდება, რომ პასუხის ვერ მიღება ნიშნავს თქვენს თხოვნაზე უარის თქმას. ანუ პასუხის ვერ მიღება ავტომატურად უარს ნიშნავს. ეს არის 177-ე მუხლი, მეორე პუნქტი (ავტ: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.) მე ვფიქრობ, ეს ჩანაწერი შესაცვლელია. ვაპირებ შევხვდე საქართველოს პარლამენტის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს, მასთან უნდა გავიარო კონსულტაცია, ეს მუხლი უნდა ამოვიღოთ ან ცვლილება შევიტანოთ. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე ვალდებული უნდა იყოს უპასუხოს მოქალაქეს, ხოლო თუ მის კომპეტენციაში არ არის, გადაუგზავნოს კომპეტენტურ ორგანოს.

თუნდაც პასუხი უარს გულისხმობდეს?

დიახ, თუნდაც ეს იყოს უარი. ასევე, უარის შემთხვევაში საჯარო მოხელე ვალდებული უნდა იყოს განმარტოს – რატომ. სასამართლოში წავაწყდი ამ პრობლემას, ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა ეს ჩანაწერი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის წარმომადგენელმა. ჩანაწერის შეცვლასთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭო მოამზადებს კანონპროექტს, რომლის ინიციატორი ვარ და პროექტის ავტორიც მე ვიქნები.

დეპუტატის ერთი სამუშაო დღე აღმიწერეთ, უკვე ისაუბრეთ იმაზე, რაც გამარტივდა. სირთულეებს სად წააწყდით?

წერილები როცა შემოდიოდა, მათ ვამისამართებდი კომპეტენციის მიხედვით. ცოტა ხანში შევნიშნე, რომ პასუხები ჰგავდა ერთმანეთს, ტექსტი – ერთი და იგივე, მხოლოდ სახელ-გვარები და რიცხვი იყო შეცვლილი. ეს წერილები მოდიოდა გამგეობებიდან, საკრებულოებიდან და სხვა სტრუქტურებიდან. ახლა როდესაც შემოდის წერილი, რომელიც მოქალაქემ ჩემს სახელზე დაწერა, მივდივარ მასთან ადგილზე შესასწავლად. და იცით რა აღმოვაჩინე? – მოქალაქე, რომელიც აღელვებულია, რომელიც უსამართლოდ დაჩაგრეს, განცხადებაში წერს არა იმდენს, რამდენადაც მას უჭირს. მას უფრო მეტი პრობლემა აქვს, მაგრამ სათანადოდ ვერ გამოხატავს ამას თავის განცხადებაში.

მაინც უმეტესწილად რა შინაარსისაა სტრუქტურებიდან მოსული ერთი და იგივე პასუხები?

ძირითადად სტანდარტული: დაფინანსება არ გვაქვს; ბიუჯეტი ამოწურულია; არ ექვემდებარება კრიტერიუმებს. პასუხები რომ შევისწავლე, მივხვდი, რომ ისინი მზადდებოდა ზერელედ და გაცხადება რეალურად არ იყო შესწავლილი, ზოგჯერ წაკითხულიც კი.

გარკვეულწილად უკვე უპასუხეთ ამ კითხვას, როცა წერილების პასუხებზე საუბრობდით, მაგრამ როგორც მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელს, მაინც მინდა გკითხოთ, როგორ მუშაობს მთავრობა? დააკონკრეტეთ, ვინ უფრო კარგად, ვინ ნაკლებად კარგად?

ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. იმიტომ არ ვაქებ, რომ მე ჯანდაცვის კომისიაში ვმუშაობ. ხშირად, როცა ადამიანი სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით და დარჩენილი ოცდაათი პროცენტის გადახდის საშუალება არ აქვს, ისინი ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან აფინანსებენ. ამ სფეროში მთავრობის მუშაობით კმაყოფილი ვარ. უკმაყოფილო ვარ იმით, რომ მოსახლეობას არა აქვს ინფორმაცია, როგორ ისარგებლოს ამ პროგრამებით, რა უფლებები აქვთ. ცოტა განაწყენებული ვარ ეკონომიკის სამინისტროზე, რადგან დღემდე მაქვს პრობლემა თავშესაფრის შენობასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაავალდებულა მთავრობა, რომ იმ შენობის სანაცვლოდ, სადაც თავშესაფარი გვქონდა, უნდა გადმოგვეცეს სხვა ფართობი. იმედი მაქვს, ეს დროის ამბავია და ამის აღსრულებას წინ არაფერი უდგას. ეს გადაწყვეტილება 2011 წელს მიიღო სასამართლომ, თუმცა ახალ მთავრობასაც არ აღუსრულებია ჯერ.

განვითარებულმა მოვლენებმა უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა, თქვენ ეს დისკომფორტს არ გიქმნით?

ჩვენ ადამიანები ვართ და ვცდებით. არ მაქვს უფლება განვსაჯო რომელიმე კოლეგის საქციელი. შეუცდომელი არავინაა, ვცდილობთ გამოვასწოროთ და აღვიდგინოთ მოსახლეობის ნდობა, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა.

 

ბოლო პერიოდში უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაზეც იყო დამოკიდებული კონკრეტული ადამიანების თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი, თქვენზე ზეწოლაზეც საუბრობდნენ. ეს მართალია?

მე მხარი დავუჭირე კონკრეტული პირების გადაყენების საკითხს, რადგან მიმაჩნდა, რომ საჭირო იყო უმაღლესი საბჭოს შენჯღრევა და ეს გამოვიდა. სხვა ყველაფერი უნებლიეთ განვითარდა. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით მივიღე მაშინ ეს გადაწყვეტილება.

იყო მცდელობა, რომ დაერწმუნებინეთ, არ მიგეღოთ ეს გადაწყვეტილება?

ნეტა ვის ვანაღვლებ. არ ვიყავი არც მაშინ ისეთი გამოკვეთილი ფიგურა, რომ ვინმე მოსულიყო ჩემთან მოლაპარაკებაზე. ეს ყველაფერი დროებითია და მე ნაკლებად ვიყავი ჩართული იმ ყველაფერში. იმდენი გაჭირვებულის განცხადება მქონდა მაშინ შესასწავლი, სხვა ამბებისთვის არ მეცალა. შეიძლება ჩემი ბრალიცაა, რომ გარიყული ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ძალისხმევა ამ განცხადებებზე მქონდა გადატანილი.

მაგრამ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სახლში მოვიდა თქვენთან, ზუსტად იმ დაპირისპირების დროს…

ექიმის ცნობა მოგიტანოთ? ის მართლა სანახავად მოვიდა, ავად ვიყავი. გგონიათ იოლი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ? ამ ადამიანების უკან ოჯახებია. ეს მძიმე დარტყმა იყო და მე დღესაც განვიცდი. მაგრამ მე მიმაჩნდა, რომ ეს ასე იყო საჭირო, შეიძლება ვცდებოდი.

”ქართული ოცნების” წევრად დარჩით, როგორ მოახერხეთ ეს? ჯემალ ფუტკარაძე გარიცხეს, რომელიც თქვენსავით კოალიციის წევრების გადადგომას დაეთანხმა, მას მოღალატეც უწოდეს…

არ ვიცი, ფრაქციის სხდომაზე მე ჯემალ ფუტკარაძის გარიცხვას მხარი არ დავუჭირე. რატომ გარიცხეს მხოლოდ ჯემალ ფუტკარაძე და არა მეც, ამაზე ფრაქციის თავმჯდომარეს ჰკითხეთ.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: