კვირის ამბები

წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

08.05.2015 • 2208
წამებაში ბრალდებულები და დაზარალებულები

„როცა ციხეში შემიყვანეს, ზაზა ჯიქია შემხვდა სხვა თანამშრომლებთან ერთად. ჯიქიამ მითხრა დაიჩოქეო, არ დავიჩოქე, ჯერ წიხლები, მერე დუბინკა მირტყა… წამალი ან ექიმი რომ მომეთხოვა, ამის გამო მთელ კამერას სცემდნენ. ჩვენს საკანში ერთი ახალგაზრდა მეგრელი ბიჭი იყო, ტუბი ჰქონდა, წამალი მოითხოვა, რა გტკივაო ჰკითხეს, ზურგის არე აჩვენა. ნეკნებში ურტყეს დუბინკა… დაგვაჩოქებდნენ და თავჩახრილებს გვირტყამდნენ…“ – ეს ამონარადია 27 წლის მამაკაცის ჩვენებიდან.

იგი სასჯელს ბათუმის მესამე საპყრობილეში მაშინ იხდიდა, როცა ბათუმის ციხის დირექტორი იყო გიორგი ვეკუა, მოადგილე კი – ზაზა ჯიქია.

ამ სტატიაში მას მოვიხსენიებთ როგორც პირობითად ცოტნეს.

პროკურორ ირაკლი გაჩეჩილაძის კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მას ადვოკატი, რომელსაც ციხეში წამების შესახებ უყვებოდა, ცოტნემ უპასუხა, რომ მის უფლებებს მაშინ ადვოკატი პაატა ბოლქვაძე იცავდა. საქმე იმაშია, რომ იგივე ადვოკატი ახლა ზაზა ჯიქიას იცავს. პაატა ბოლქვაძის კითხვამ, ჰყავს თუ არა მოწმე, რომელიც დაადასტურებს, რომ ჯიქია სცემდა, ცოტნე გააღიზიანა: `პაატა, შენ ხომ მაინც იცოდი, რაც ხდებოდა ციხეში, როგორ მეკითხები ამას?! პატიმრები დალურჯებულები ვიყავით ცემისგან. ყველამ იცოდით, იქ რაც ხდებოდა“.
მოსამართლემ მოწმეს სიმშივიდისკენ მოუწოდა, ადვოკატმა კი კითხვა ასე შეცვალა – რამდენჯერ გცემეს ციხეში? ცოტნემ თქვა, რომ ამას ვერ დაითვლის, რადგან სცემდნენ თითქმის ყოველ დღე – აჩერებდნენ პირით კედლისკენ და თავზე ხელებშემოდებულებს ურტყამდნენ.

სასამართლო პროცესზე კიდევ ერთმა მოწმემ თქვა, რომ ის სამჯერ სცემეს. ამ სტატიაში მას პირობითად უჩა ერქმევა. მან ადვოკატებსა და პროკურორებს სთხოვა, კითხვები ხმამაღლა დაესვათ.

ფრაგმენტი უჩას მონათხრობიდან: ”მითხრეს, ექიმის კაბინეტში უნდა შეგამოწმოთო. ვუთხარი, რომ სპორტსმენი ვარ და ჯანმრთელობა არ მაწუხებდა. ზაზა ჯიქიამ ექიმის კაბინეტში მკითხა, კაცი რატომ დაჭერიო. ვუთხარი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ჩემს ძმას დასცინეს და იმიტომ-მეთქი. ამ პასუხის შემდეგ ჯიქიამ მცემა, ჯერ წიხლებით, მერე – დუბინკით… კამერიდან მესამედაც ისევ საცემად გამომიყვანეს, თმები რატომ გაქვს გრძელიო, ცემა-ცემით ეზოში მივყავდი. ერთ-ერთმა თანამშრომელმა გზაში სახელი და გვარი მკითხა და მერე მამაჩემი მიხსენა, მისი რა ხარო-მკითხა, შვილი-მეთქი რომ ვუთხარი, მერე აღარავის ვუცემივარ. ის კაცი ჩვენი ნათესავია, ციხეზე მუშაობდა. სცემდნენ ყველას, უმიზეზოდ. მე ცემისგან ყურის ნერვი დამიზიანდა, ექიმმა მითხრა ოპერაცია არ შველისო, სმენა მიქვეითდება“.

დაზარალებულები გიორგი ვეკუას ვერ სცნობენ, სამაგიეროდ ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყველა ხელს ადებს ზაზა ჯიქიას. პატიმრები ამას იმით ხსნიან, რომ ვეკუა საკნებში იშვიათად შედიოდა, მით უფრო, რომ ცემის დროს ისინი ვერ ხედავდნენ მოძალადეს. პატიმრების ჩვენების მიხედვით, ჯიქიას სხვებისგან განსხვავებით ნიღაბი არასოდეს ეკეთა.

ამონარიდი კიდევ ერთი პატიმრის ჩვენებიდან. მას პირობითად საბას ვუწოდებთ, ის ახლაც პატიმარია: ”მე მაწამეს, 42 წლის ვარ, მაგრამ კაცად აღარ ვარგივარ, მტკივა თირკმელი, ღვიძლი. ექიმის კაბინეტში მცემეს. პირველად ექიმმა ამომარტყა წიხლი, როცა გაიგო, რომ საზღვარზე ნარკოტიკი სწორი ნაწლავით შემოვიტანე. მცემა დაახლოებით ათმა კაცმა, ნეკნები ისე დამიზიანდა, 13 დღე ვერც ვჯდებოდი და ვერც ვწვებოდი, ფეხზე ვიდექი, გამაშიშვლეს და ისე მცემეს. სულ მცემდნენ, სულში გვაფურთხებდნენ“…

„გყავს თუ არა მოწმე“? – ადვოკატის ამ ტრადიციულ კითხვაზე საბამ უპასუხა, რომ ის 34-ე საკანში იყო შესახლებული და ყველა ხედავდა ამას: ”მე სხვების სახელსა და გვარს არ დავასახელებ და თქვენ ვერ დამავალდებულებთ“. მოწმის ამ პასუხზე მოსამართლემ განმარტა: ”თუ მოწმე ჩვენებას არ მისცემს სასამართლოს, მას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩვენებაზე უარის თქმის გამო“.

მოსამართლის ამ განმარტების შემდეგ პროკურორმა საბას უთხრა: ”თქვენ ჩვენება შეიძლება არ მისცეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, სხვა შემთხვევაში ვალდებული ხართ სასამართლოს უთხრათ, თუ არ გახსოვთ ვინ უყურებდა თქვენ ცემას, მაშინ აგვიღწერეთ, როგორი იყო: დაბალი, მაღალი, მსუქანი, გამხდარი, კანონით დასჯადია, თუ თქვენ ინფორმაციას დამალავთ…“ პროკურორის ამ კომენტარის შემდეგ პატიმარმა თქვა, რომ საკანში 28 ადამიანი იყო და სახელები და გვარები არ ახსოვს. მათ შორის იყვნენ დაბლებიც, გამხდრებიც, მაღლებიც და მსუქნებიც: `რომელი ერთი აღვწერო? მე მგონია, რომ არაა სწორი სხვებზე ვილაპარაკო, რაც მე მეხება, იმის შესახებ მოვყევი ყველაფერი“.

„თქვენ ქურდული სამყაროს წევრი ხართ?“ – ჰკითხა მოწმეს გიორგი ვეკუას ადვოკატმა სოსო ჯალაღონიამ.საბამ ქურდულ სამყაროსთან წევრობა უარყო.

კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ახლაც პატიმრობაში იმყოფება, ბადრაგმა ბათუმის სასამართლოში აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოიყვანა. მას სტატიაში პირობითად ანდრო ვუწოდეთ. ანდრომ თქვა, რომ ის საკანსა და ციხის დერეფანში რამდენჯერმე სცემეს. ერთხელ კი ეს ძალადობა იმით დასრულდა, რომ ხელი ამოუვარდა და მან თავად ჩაისვა ხელი სახსარში: ”ერთხელ იმის გამო მცემეს, რომ გაუპარსავი ვიყავი, მამა დამეღუპა და არ ვიპარსავდი. მესამე საკანში ვიხდიდი სასჯელს”. ადვოკატის კითხვაზე, საიდან გაიგო მამის გარდაცვალების შესახებ, პატიმარმა უთხრა, რომ ”ტელევიზიით”.

”თქვენ ქურდული სვირინგი გაქვთ?” – ისევ გიორგი ვეკუას ადვოკატმა ჰკითხა მოწმეს. ამ საქმის ადვოკატებისთვის კიდევ ერთ ტრადიციულ კითხვას ანდრომ ასე უპასუხა: ”სვირინგი გავიკეთე სალონში, როცა 13 წლის ვიყავი, ეს ქურდული არ არის“; „ანუ, თქვენ იცით როგორია ქურდული სვირინგი?“ – ეს ადვოკატის მორიგი კითხვა იყო.

გიორგი ვეკუასა და მის მოადგილეს ზაზა ჯიქიას სისხლის სამართლის კოდექსის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა, ბ, დ და ზ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი, რაც ნიშნავს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

„პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს… სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ”.

ბრალდებულები პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: