სიახლეები

რას ედავებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“

07.05.2015 • 2003
რას ედავებიან „ენერგო-პრო ჯორჯიას“

 

„მოვიდნენ, ნაკაწრები აღინიშნება მრიცხველზეო, შეადგინეს სამართალდარღვევის აქტი და 15 ათასი ლარით დაგვაჯარიმეს. მრიცხველი არის გარეთ, ეზოში, რკინის ყუთში და ეს ყუთი კიდევ ბოქლომით იყო ჩაკეტილი. ბოქლომიც „ენერგო-პრო ჯორჯიასია~, ამიტომ ჩვენ წვდომა არ გვქონია. ვერანაირად დავაზიანებდით. ამასთან, დასკვნა არსებობს, რომ მეტროლოგიურად სწორად მუშაობს მრიცხველი. როცა მრიცხველი არის გარეთ, ლიცენზიანტია პასუხისმგებელი. მხოლოდ ნაკაწრის არსებობა, თუ სხვა რამ არ დასტურდება, არ ნიშნავს დატაცებას“, – აცხადებენ „ირინას  აფთიაქში“.

 

„სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს, რომ „შესაძლებელია ელექტროენერგიის დატაცება“. ასეთ „დარღვევას“ არ ითვალისწინებს სამართალდარღვევათა კოდექსი, რას ნიშნავს შესაძლებელია? – ეს აბსურდია. კოდექსი ითვალისწინებს დატაცებას ან წესების დარღვევით მოხმარებას. „ენერგო-პროში“ შეცვალეს ფორმულირება – რადგან არ დგინდებოდა დატაცება, ჩაწერეს მოხმარების წესების დარღვევა“, – ამბობს „ირინა შანიძე და კომპანიას“ ადვოკატი ვალერი გიორგაძე.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხის განხილვისას სემეკში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს ჰკითხეს, ჩაატარა თუ არა კომპანიამ შიდა მოკვლევა, გამოიკვეთა თუ არა მათივე თანამშრომლის შესაძლო ბრალეულობა და ა.შ. „ენერგო-პროს“ პასუხი ასეთი იყო: „რომც იყოს ჩვენი თანამშრომელი რაიმე კავშირში, ეს საქმის არსს არ ცვლის“.

 

`ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე მრიცხველზე „აღმოჩენილი ნაკაწრებისა“ და დენის „შესაძლო დატაცების“ გამოა დაჯარიმებული „ფრანგული სკოლაც“ – 1200 ლარით. შპს ,,ოპტიმუმ რ“ კი, „ენერგო პრო ჯორჯიამ“ იმის გამო გააფრთხილა, რომ მისი მრიცხველიდან „შესაძლებელი იყო დატაცება“. 

 

„ოქმი დამიწერეს, მაგრამ გავასაჩივრე. ჩემი მიზეზით არ იყო ის, რის გამოც გაფრთხილება მომცეს. ოთხი კარადა იყო ეზოში და ოთხივე როგორც კი დააყენა ენერგოკომპანიამ, მას შემდეგ იყო ღია. პასუხი მოვიდა, რომ მრიცხველი გამართულად მუშაობს, მაგრამ შესაძლებელი იყო დატაცებაო. ყუთიც მე მაყიდინეს, 140 ლარი გადავიხადე. ოთხჯერ ვიყავი თბილისში და ბოლოს სემეკში გავასაჩივრე. არაფერი მომიპარავს და არავითარ გაფრთხილებას არ მივიღებ „ენერგო-პროსგან“. სულ ცოტა, შეურაცხმყოფელია. თუ სემეკი არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც წესით უნდა მიიღოს, ალბათ სასამართლოს მივმართავ“ – აღნიშნა სატელეფონო საუბარში შპს ,,ოპტიმუმ რ“-ის ხელმძღვანელმა რუსუდან ჭიჭინაძემ.

 

სემეკში აცხადებენ, რომ დავებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებენ. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი გვითხრეს, რომ დაელოდებიან სემეკის გადაწყვეტილებებს და იმის მიხედვით იმოქმედებენ – ან დაემორჩილებიან, ან გაასაჩივრებენ. დავების განხილვა სემეკში დღეს, 7 მაისის სხდომაზეა ჩანიშნული.

 

დღეს სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯიასთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე საკითხის განხილვაა ჩანიშნული, მათ შორის: ზეპირი მოსმენები „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მოქალაქეების – გივი მაისურაძისა და ნადიმ ხმალაძის დავის შესახებ.

 

სემეკის მონაცემებით, „ენერგო-პრომ” ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გასულ წელს კომპენსაციის სახით გასცა 197 ათას 70 ლარი. 2014 წლის განმავლობაში კომპანიის ქოლ-ცენტრს მიმართა 97 156-მა მომხმარებელმა; მოუწოდებელმა ელექტროენერგიამ შეადგინა 10 349 282 კვტ/სთ; დაფიქსირდა ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტის 36 240 შემთხვევა (აქედან, გეგმიური 17 353, არაგეგმიური – 18 887).

გადაბეჭდვის წესი


ასევე: