კვირის ამბები

შფოთვითი აშლილობის მიზეზები

08.05.2015 • 23031
შფოთვითი აშლილობის მიზეზები

ქალბატონო სალომე, რა სახის შფოთვითი დარღვევები (ნევროზი) არსებობს?

შფოთვითი დარღვევები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ დარღვევას აერთიანებს. მაგალითად, ნევრასთენია, რომელიც ნევროზის ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული ფორმაა. ამ დროს პაციენტს აქვს შფოთვა, ჰგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, აქვს ცუდი წინასწარგანწყობა, შეიძლება აღენიშნებოდეს წნევის მატება ან კლება, უცივდება ხელები, გამძაფრებული აქვს შეგრძნებები.

ისტერიული ნევროზი, ისტერიული ადამიანი ჩივის, რომ მისი არ ესმით, არ აფასებენ, რომ ვიღაცის მსხვერპლია. ეს ე.წ. მცირე ისტერიაა.

ჩამოთვლილ სიმპტომებს თანდათან ემატება დიდი ისტერიის კლინიკური სიმპტომატიკა, რომელიც ვლინდება დიდი ისტერიული გულყრით: თავდაპირველად ვითარდება ზოგადი ტონური სპაზმი, შემცივნება და კანკალი, შემდეგ – კიდურებისა და ტანის კუნთების კლონური კრუნჩხვა, ზედა კიდურები განიცდის როტაციას, კიდური გაშლილია ტანისკენ ან აწეულია და სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს, ქვედა კიდურები მოხრილია და მოძრაობს ყველა მიმართულებით, თითები შეკრულია მუშტად, ტანის კუნთები დაჭიმულია და ქმნის ისტერიულ რკალს. კრუნჩხვა ვრცელდება მიმიკური ჯგუფის კუნთებში, კრიჭა შეკრულია, ცნობიერება – დაბინდული, მაგრამ არა ისე, როგორც ჭეშმარიტი ეპილეფსიური გულყრის დროს – ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ისტერიული გულყრის შემდეგ ავადმყოფი აღწერს ცნობიერების დაბინდვის მომენტს. ორიენტაცია და მოვლენების აღქმა შენარჩუნებულია. დაცემაც კი სხეულის დაუზიანებლად ხდება. რაც უფრო ძლიერია გარშემომყოფთა აჟიოტაჟი, მით უფრო მეტხანს გრძელდება გულყრა. დამახასიათებელია მისი განვითარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ჰიპოქონდრიული ნევროზი, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია იმაში, რომ მას რაღაც დაავადება სჭირს. ასეთი პაციენტები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა პროფილის ექიმს, იტარებენ უამრავ კვლევას იმ დაავადებებზე, რომლებიც ჰგონიათ, რომ აქვთ და რეალურად გრძნობენ კიდეც ამ სიმპტომებს. როცა დგინდება, რომ არანაირი ორგანული დაავადება არ სჭირთ, მიდიან სხვა ექიმთან და მთელი ცხოვრება დადიან ასე დაავადების ძიებაში.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი ანუ კომპულსიურ-ობსესიური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს აკვიატებული აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). მაგალითად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გამორჩეული ტანსაცმელი და ფიქრობდეს, რომ თუ მას ვერ ჩაიცვამს, გამოცდას ვერ ჩააბარებს. ასევე ქცევითი აკვიატება (კომპულსია) – შეიძლება ადამიანი გამუდმებით ფიქრობდეს, რომ კარი დარჩა ღია და ამის შესამოწმებლად ადგეს ღამით – შეამოწმოს, შემდეგ დაწვეს და ისევ გაახსენდეს ”კარი ხომ არ დარჩა ღია”… ოღონდ ეს არ ხდება ერთხელ, ასე დგება რამდენჯერმე ერთი ღამის განმავლობაში. ან ჰგონია, რომ რაღაც დარჩა ჩართული და სახლიდან გასული შესაძლოა უკან მიბრუნდეს რამდენჯერმე.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისთვის კიდევ დამახასიათებელია ხელების ხშირი დაბანა და რიტუალური მოქმედებები, მაგალითად, პაციენტმა შეიძლება ნახევარი საათი იბანოს ხელი, რადგან აწუხებს ხელზე მიკრობები, ან ტანსაცმელი აუცილებლად უნდა გაიხადოს კონკრეტული თანმიმდევრობით, მაგალითად, ჯერ მაისური, შემდეგ შარვალი, თორემ შესაძლოა რამე ცუდი შეემთხვას.

პანიკური შეტევები – როცა ადამიანს ძლიერი აუხსნელი შიშის შეგრძნება ეუფლება (დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში). პანიკას ახასიათებს ხელების გაოფლიანება, კანკალის შეგრძნება, თავბრუ, მოხრჩობის შეგრძნება, შემცივნება ან შეხურება და სხვა. თუ ასეთი შეტევა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ შეგემთხვათ, ეს არ მიიჩნევა დარღვევად. იმისთვის, რომ პანიკური შეტევების დიაგნოზი დაისვას, ასეთი გამოვლინებები ექვს თვეში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს. შესაძლოა ზოგს ყოველ კვირაში ან ყოველ დღეც კი ჰქონდეს.
გარდა ამისა, არსებობს ფობიური, დეპრესიული და სხვა სახის ნევროზები.

რა ხდება შფოთვითი დარღვევების მიზეზი?

შფოთვითი დარღვევების მაპროვოცირებელი ხშირად არის გარემოფაქტორები – იქნება ეს ნერვიულობა, ახლობლის გარდაცვალება, სტრესი, სირთულეები პირად ურთიერთობებში, ბავშვის დაბადებით განპირობებული ცვლილებები (ანუ როცა ახალი ადამიანი შემოდის შენს ცხოვრებაში და ისეც მთელი რიგი ჰორმონული ცვლილებები ხდება ორგანიზმში), ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა; სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა. შფოთვითი დარღვევების მიზეზი შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტის (ეფედრინის, კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი და სხვა) არასასურველი გვერდითი მოვლენებიც იყოს, ასევე ზოგიერთი დაავადება (მაგალითად, ფარისებური ჯირკვლის დაავადებები).

რამდენად ხშირია შფოთვითი აშლილობები ბავშვებში და რა ხდება ამის მიზეზი?

ჩემს პრაქტიკაში ეს საკმაოდ ხშირია. ამ დროს ბავშვები არიან აგრესიულები, ჰიპერაქტიურები, არ უჯერებენ მშობლებს, ადვილად ღიზიანდებიან და უბრალო შენიშვნაზე შეიძლება ფეთქებადი ხასიათი გამოავლინონ – დაწვნენ იატაკზე, ისტერიკა დაემართოთ და შესაძლოა კრუნჩხვებშიც კი ჩავარდნენ. ისინი დაუმორჩილებლები არიან როგორც სახლში, ისე სკოლაში. ამის მიზეზი ძირითადად მშობლებიდან მოდის, მაგალითად, თუ მშობლებს შორის არის უთანხმოება, სახლში ხშირად არის ჩხუბი, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს მშობლის ან მშობლების ალკოჰოლიზმი; ზედმეტად მკაცრი აღზრდა ან პირიქით – ბავშვის განებივრება. შფოთვითი დარღვევები შედარებით უფრო ხშირია ბავშვთა სახლებში მცხოვრებ ბავშვებში, სადაც ბავშვები მშობლის სითბოს ვერ გრძნობენ. ბავშვებში ხშირია სკოლის ნევროზიც, რომლის დროსაც ბავშვი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, ამის მიზეზი ბულინგი ან სკოლასთან დაკავშირებული სხვა სტრესი ხდება.

რა პროფილის ექიმს უნდა მივმართოთ და როდის?

როცა ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ის ეგრევე გარბის ექიმთან, რომ რაიმე მძიმე დაავადება არ სჭირდეს. სამწუხაროდ, ასე არ ფიქრობენ ფსიქიატრიული დაავადებების დროს, ფიქრობენ, რომ ეს სტრესია და მალე თავისით გადავა. ნებისმიერი უმნიშვნელო სტრესი შესაძლოა საკმაოდ მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს, რადგან იგი უშუალოდ ორგანოებზე მოქმედებს. ორგანიზმში ყველაფერი კავშირშია და სტრესიდან იწყება ყველაფერი, ამიტომ ადამიანი უპირველეს ყოვლისა – ფსიქიკურად გაწონასწორებული უნდა იყოს.

იმ დროს, როცა შფოთვა და უგუნებობა, ან აკვიატებული აზრები თუ მოქმედებები ადამიანს ხელს უშლის სხვებთან კომუნიკაციაში, აბრკოლებს პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში, აწუხებს მას ან მის გარშემომყოფებს – ეს უკვე ნიშანია იმისა, რომ მან ექიმს უნდა მიმართოს.

სამწუხაროდ, პაციენტები შფოთვითი აშლილობებით ხშირად არ მიდიან სწორ ადრესატთან და იმის ძიებაში, თუ რატომ უოფლიანდებათ ხელის გულები, შესაძლოა ყველა ექიმი მოიარონ. ხდება ისეც, რომ მიდიან ნევროლოგთან, საიდანაც ამისამართებენ ჩვენთან, ისიც უკვე დაგვიანებულ შემთხვევაში. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების შემთხვევაში ადამიანებმა უნდა მიმართონ ფსიქიატრს.

როგორ მკურნალობენ შფოთვით აშლილობას?

მკურნალობის მეთოდი ორგვარია – ფსიქოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა, ან ორივე ერთად. გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. თერაპიის ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია, თუმცა საამისოდ საშუალოდ ექვსი თვეა საჭირო. ბავშვების შემთხვევაში, თუ ძალიან მძიმე შემთხვევა არ არის, ვერიდებით მედიკამენტოზურ მკურნალობას და მხოლოდ ფსიქოთერაპიას ვრთავთ. ზოგჯერ საჭირო ხდება მცირე დოზით მედიკამენტების მიღებაც.

რა შეიძლება გაკეთდეს შფოთვითი აშლილობის პრევენციისთვის?

პრევენციისთვის ისევე, როგორც მკურნალობისთვის, კარგია ფეხით სიარული, სასურველია ადამიანი დაკავდეს სპორტის რომელიმე სახეობით, ხშირად უნდა გავიდეს ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. ასევე, აუცილებელია შესვენება სამუშაოსგან, სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ ორი წელი ისე გავა, ადამიანი შვებულებაში არ გადის, საზღვარგარეთ კი აიძულებენ კიდეც დასაქმებულს, რომ თავისი შვებულება გამოიყენოს, რადგან გადაღლის შემთხვევაში მისი მუშაობის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. აუცილებელია წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც დაისვენოთ, თან ისე, რომ ქალაქიდან გახვიდეთ, რადგან გარემოს შეცვლას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც მეტ ხანს შეისვენებთ, უკეთესია, ყველაზე ცოტა ერთი კვირაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: