სიახლეები

სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

10.05.2015 • 1561
სახალხო დამცველი: სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ

“გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს დროული, ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიება. შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს გამოძიების სსკ 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარმოების საჭიროება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა და გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

სახელმწიფო პოლიტიკა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს ტრაგედიების თავიდან აცილებისაკენ; მხოლოდ პოსტ–ფაქტუმ განხორციელებული რეაგირება, რასაკვირველია, საკმარისი არ არის.

ასეთი სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ყველას, თუ როგორი მნიშვნელოვანია ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის სათანადო ფუნქციონირება, რომ ეს არის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სათანადოდ გაიაზროს პასუხისმგებლობა და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა საგანგებო სიტუაციების პრევენციისათვის, მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების გზით”-წერია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

დღეს, გამთენიის დაახლოებით 5 საათზე, ქობულეთში სასტუმრი “არმაზი” დაიწვა, ქობულეთის გამგებლის, სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ხანძრის დროს სამი მოზარდის, დაახლოებით, 10, 11 და 12 წლის ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მოზარდები ბათუმში კონცერტის გასამართად ჩამოვიდნენ რუსთავიდან და ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ იყვნენ დაბინავებული. ისინი ანსამბლის წევრები იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას ქობულეთში მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პატრულირებისას შეამჩნიეს კვამლი სასტუმროს შენობაზე. აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს [სახანძრო] თანამშრომლებმა, პოლიციელებმა და მაშველებმა ერთობლივად, ცეცხლწაკიდებული შენობიდან 45 ადამიანის გამოყვანა შეძლეს, მათ შორის, 31 ბავშვი და სასტუმროში მომუშავე ადამიანები, მასწავლებლები და მოზარდების მშობლები. ხანძრმა სამი ბავშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ნიშნავს, „რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, – თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.“

დღეს სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა სასტუმროს მფლობელის, შერმადინ ართმელიძის განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ ბავშვები ნომერში ჩაკეტილი ჰყავდათ

“ნომერში ჩაკეტილი ყავდათ, მე არ ვიცი ვინ ჩაკეტა”– აცხადებს ართმელიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ბათუმელებმა” ეს ინფორმაცია ერთ-ერთი მაშველთან გადაამოწმა, რომელიც ქობულეთში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და სასტუმროს შენობიდან ბავშვები გამოიყვანა. კარის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაციას ის არ ადასტურებს.

მაშველი, რომელსაც “ბათუმელები” ესაუბრა, ამბობს, რომ მას ქობულეთში, სასტუმროში გამთენისას მომხდარი ხანძრის ჩაქრობისას ბავშვების ოთახის კარი ჩაკეტილი არ დახვედრია, მისი თქმით,  ბავშვები ჯერ კვამლისგან გაიგუდნენ და გვამები შემდეგ დაიწვა:

„პოლიციის თანამშრომელმა დაინახა ხანძარი, პატრული მივარდა სახანძროში… მესამე სართულზე ასვლა უკვე იყო შეუძლებელი, რადგან ხის კიბე, რომელიც სასტუმროში იყო ჩამოვარდა. მასწავლებლებთან ერთად იყვნენ მშობლებიც, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ბავშვებთან ერთად იყვნენ როგორც მასწავლებლები ისე მშობლები. ბავშვები არიან კვამლისგან გაგუდულები. როცა მათ ოთახში შევედით სამივე ერთად იწვა,”– განაცხადა მან.

გადაბეჭდვის წესი