ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 370 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 550. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 980 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 684 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 43 315 ერთეული [+68]
  • MLRS – 1 832 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 404 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 329 772 ერთეული [+2 046]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 576 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 103 300 ერთეული [+329]
  • სპეცტექნიკა – 4 250 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

„პირისპირ დიალოგს გთავაზობთ“ — ზელენსკის წერილი პუტინს

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის ნაგავსაყართან ახალი გზის აშენებაზე 5,3-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება

ბათუმში, გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის გაგრძელებამდე მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 6,3 მილიონი ლარით ჰქონდა გამოცხადებული, ხელშეკრულება კი შპს „კოხტის ძირი 2010“-თან უნდა გაფორმდეს 5 მილიონ 350 ათას ლარზე. სწორედ ეს თანხა შესთავაზა კომპანიამ სამმართველოს.

ახალი გზა ერთმანეთთან გონიოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიას [ჭოროხის ქუჩას] და ახალი ბულვარის გაგრძელებას [დავით ართმელაძის ქუჩას] დააკავშირებს. გზა არსებული ნაგავსაყარის მიმდებარედ გაივლის და ართმელაძის ქუჩას გამწმენდ ნაგებობასთან შეუერთდება.

მონაწილეობდა თუ არა სხვა კომპანია ელექტრონულ ტენდერში, ჯერ უცნობია. ეს იმ შემთხვევაში გამოჩნდება, როცა „კოხტის ძირი 2010“-თან ხელშეკრულება გაფორმდება, ან კომპანიის დისკვალიფიკაცია მოხდება ტენდერიდან [ეს იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულებას არ გააფორმებს].

რეესტრის ბოლო ამონაწერით შპს „კოხტის ძირი 2010“ ოზურგეთში 2010 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100 პროცენტ წილს ბეჟან ნაკაიძე ფლობს. კომპანიის დირექტორია ანა შარაბიძე.

ტენდერის პირობის მიხედვით „სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2027 წლის 30 მაისის ჩათვლით“ პერიოდი.

ტენდერის შესახებ ვრცლად:

ახალი გზა „ევრო 2000“-ის ეზოში გაივლის – რატომ ვერ შეერთდა ფარნავაზ მეფისა და ფიროსმანის ქუჩები

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს.

„დიღმის მასივის ერთ-ერთ სკვერში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა“- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

25-დღიან სარეზერვო წვრთნებზე მიჰყავთ რუსეთიდან სომხეთში ჩასული კაცები – ფაშინიანის საარჩევნო ბრძოლა პუტინთან 

„რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია,“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი ტუმასიანი. მას სომხეთის წინასაარჩევნო კამპანიაზე ვესაუბრეთ. 7 ივნისს გადაწყდება: სომხეთი პროევროპულ გზას განაგრძობს, თუ რუსეთის ორბიტაზე შემოტრიალდება.

„სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება…“ – ამბობს გიორგი კარაპეტიანი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა გიორგი ტუმასიანთან. იგი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი:

  • ბატონო გიორგი, რუსეთი განსაკუთრებულად ცდილობს ფაშინიანის დამარცხებას, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ევროპული არჩევანის მარცხს. აქტიური  პროპაგანდის გარდა, საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთში აორგანიზებენ იქ მცხოვრები სომეხი ამომრჩევლის სომხეთში გაგზავნას. საუბარია 100 ათასამდე სომეხზე. რა გავლენა შეიძლება ამ მობილიზებამ მოახდინოს არჩევნების შედეგზე? 

უკვე არსებობს კადრები, რომ ეს პროცესი დაწყებულია. რუსეთი ცდილობს ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. სერიოზულ ნაკადზეა საუბარი, მაგრამ სომხეთმა უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი: ვინც ჩადის სომხეთში არჩევნებში, თითოეული კაცი 25-დღიან სავალდებულო, სარეზერვო წვრთნებში მიჰყავთ. ვინაიდან ისინი არიან სომხეთის მოქალაქეები, მათზეც ვრცელდება ეს კანონი. პირველ რიგში, აქ არის პასუხისმგებლობის საკითხი: თუ არჩევნებში მონაწილეობაა პასუხისმგებლობა, სამხედრო სამსახურიც პასუხისმგებლობაა.

  • ფაშინიანს აქვს გათვლა იმაზე, რომ ვინც საარჩევნოდ აპირებს მოსკოვიდან სომხეთში ჩასვლა, შეიძლება არ სურდეს 1 თვით სომხეთში დარჩენა? 

დიახ, რა თქმა უნდა.

არის ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი: თუ დადგინდება, რომ რუსეთიდან ორგანიზებულად ჩამოდიან და ეს დადგინდება, შესაძლებელია პასუხისმგებლობის გააქტიურება ქრთამის აღების კუთხით: მაგალითად, ტრანსპორტირების დაფინანსებაც ქრთამად ითვლება. ეს საკითხი სერიოზულად განიხილება. სომხეთის უშიშროების სამსახური ყველას, ვინც სომხეთის საზღვარს კვეთს, ურიგებს ბუკლეტებს, რომ იცოდნენ ამის შესახებ.

გიორგი ტუმასიანი
  • თქვენი ინფორმაციით, რა ფორმით აორგანიზებენ რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებს? 

ეს ხდება რუსეთში სომხური სათემო ორგანიზაციების, ასევე ეკლესიის მეშვეობით, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ არიან. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბიზნესმენები, მაგალითად, ბევრი სომეხი მუშაობს სამველ კარაპეტიანის ბიზნესში.

  • კვლევების მიხედვით ლიდერობს ფაშინიანი, თუმცა დიდი ნაწილია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. კიდევ რას აჩვენებს კვლევები? 

კვლევები აჩვენებს, რომ ფაშინიანი მოიპოვებს უმრავლესობას, მას ასევე აქვს შანსი, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 67 %.

  • ფაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება იმისთვის, რომ შეცვალოს კონსტიტუცია, ამის გარეშე კი, შეუძლებელია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანსა და თურქეთთან? 

დიახ, ასევე. კვლევებიც აჩვენებს, რომ ეს საკითხი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ფაშინიანის ამომრჩევლებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის – პირიქით.

გადაუწყვეტლობა ტიპურია სომხეთისთვის, ასევე, ვინც უარს ამბობს, ზოგადად, პოზიციის დაფიქსირებაზე. რეალურად ნდობა სოციოლოგიისადმი ძალიან დაბალია სომხეთში და, შესაბამისად, ნაკლებად იღებენ ამაში მონაწილეობას. ყველაზე სანდოა უშუალოდ არჩევნების შედეგი, რომელიც მაღალი სტანდარტით იმართება რევოლუციის შემდეგ.

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არსებობს იმ კუთხითაც, რომ მაღალია პოლარიზაცია. მხარეები ერთმანეთის მიმართ ძალიან კრიტიკული არიან, ასე ვთქვათ, შეფასებებში. გარკვეულწილად არსებობს მოქალაქეების სეგმენტი, რომელიც დაღლილია ამ პროცესით, პოლიტიკური დაძაბულობით, დაპირისპირებით. ამიტომაც, ვერ წყვეტენ, რომელ მხარეს იყვნენ. ისინი ე.წ. მესამე ძალას ვერ ხედავენ. ასეთი ძალები არსებობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ ნახეს ამ ძალებში ის, რაც მათ სურთ.

გადაუწყვეტელი ამომრჩევლების ნაწილი, სავარაუდოდ, არ მივა არჩევნებზე, ნაწილი კი, ეტყობა, ბოლო დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩემი აზრით, არჩევნების წინა დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ექნება გავლენა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან მორიგ ეკონომიკურ ზეწოლას, რასაც აქვს ხოლმე უკუეფექტი. ამას უკუეფექტი აქვს იმიტომ, რომ ღიად ჩანს არჩევნებში ჩარევის მცდელობა.

  • მაგრამ რეალურად არ ნერვიულობენ ამ საკითხზე სომხები, მაგალითად, როცა პუტინი აცხადებს, რომ სომხური პროდუქცია მარტივად ვეღარ მოხვდება რუსეთის ბაზარზე და მშპ 14 %-ით შემცირდება? 

ვფიქრობ, პუტინის ამ გადაწყვეტილებებს ჰქონდა უკუეფექტი, რადგანაც ღია პრორუსული განწყობები მნიშვნელოვნად შეცვლილია სომხეთში – ძალიან კრიტიკულია უმრავლესობა რუსეთის მიმართ. შესაბამისად, რუსეთის მხრიდან ზეწოლის, იძულების, მუქარის მცდელობები, პირიქით, ფაშინიანის რეიტინგის მომატებას უწყობს ხელს.

  • გამოდის, პუტინმა რაღაც ვერ გათვალა? 

დიახ, რუსეთმა ბევრჯერ ვერ გათვალა რაღაც, როგორც ეს მოხდა უკრაინაში და ვერ გათვალეს განწყობები, იგივე ხდება სომხეთში. მაგალითად, რუსებმა სომხეთის სოფლის მეურნეობის სფეროში რაც თქვეს, იმდენად არასერიოზული იყო ეს ყველაფერი, სომხეთში ამ პროცესმა დაადასტურა ფაშინიანის სწორი პოზიციები.

თანაც, მოსახლეობა ვერ ადანაშაულებს ფაშინიანს იმაში, რომ მან დააზიანა რუსეთთან ურთიერთობები. ცნობილია, რომ ფაშინიანს აქვს რბილი, დიპლომატიური და კონსტრუქციული განცხადებები რუსეთთან. ის განაგრძობს ამგვარ დამოკიდებულებას მიუხედავად ყველაფრისა. შესაბამისად, მოქალაქეებს მიზეზი არ აქვთ, ფაშინიანი დაადანაშაულონ რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაში.

  • რა დატვირთვა შეიძინა ამ არჩევნებში ყარაბაღის საკითხმა? ყარაბაღელი სომხები პრორუსი კანდიდატების მხარდამჭერები არიან, რადგან რუსული პროპაგანდა ფაშინიანს ადანაშაულებს ტერიტორიების დათმობაში? 

არსებობს სტერეოტიპი, რომ ეს ადამიანები ძირითადად უჭერენ მხარს ე.წ. ყარაბაღის კლანს, მაგრამ ასეც არ არის. ნაწილი, პირიქით – ფაშინიანს უჭერს მხარს. რუსეთს ჰქონდა მცდელობა ყარაბაღელი სომხები გამოეყენებინა, თუმცა ამ მიდგომამ არ იმუშავა.

საუბარია დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანზე.

  • ამ არჩევნებზეც იყენებს რუსეთის სამხედრო შინაარსის მუქარას? ცნობილია, რომ გიუმრი ფაშინიანის სუსტი წერტილია, იქ ამ დრომდეა რუსული სამხედრო ბაზა… 

რუსეთს აქვს გათვლა იმაზე, რომ გიუმრი მეტ-ნაკლებად პრორუსული ქალაქია. რუსეთში იმედი აქვთ, რომ იქ დამარცხდება ფაშინიანის პარტია, რადგან ამ რუსულ ბაზას გააჩნია ეკონომიკური შედეგებიც, თუმცა ერთმნიშვნელოვნად არც ასეა საქმე. გიუმრიში შესაძლებელია, რომ მეტი იყოს ოპოზიციის მხარდამჭერი, ვიდრე სხვაგან.

რაც შეეხება სამხედრო შინაარსის მუქარას: ომით სომხეთის შეშინება ცოტა რთული რამეა. 35 წელი სომხეთი ომში იყო და მშვიდობის ეტაპზე ახლა გადავიდა. ამიტომაც, ომით შეშინების მცდელობები კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებას.

ამავდროულად, სომხეთი იაზრებს, რომ გარკვეული რისკები არსებობს რუსეთის მხრიდან, როგორც რუსული ბაზების მხრიდან, ისე ზოგადად.

  • გამოდის, რუსული პროპაგანდა ძირითადად ეყრდნობა ტერიტორიების საკითხს და ეკლესიასთან დაპირისპირებას? 

დიახ, ეს ორი თემაა მთავარი საკითხი რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანისთვის და რობერტ ქოჩარიანისთვის. ყარაბაღის საკითხი ისევ არის საზოგადოებაში დისკუსიის აქტიური საგანი. „უღალატა და დათმო“ – ეს არის ოპოზიციის მთავარი არგუმენტი.

  • „სამველ კარაპეტიანი სომეხი ივანიშვილია. მგონი, სომხებმა იციან, რაც მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს“ – წერდა რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილი. რეალურად რამდენად არსებობს ეს მსგავსება, თქვენი დაკვირვებით? 

რუსეთს აშკარად აქვს სურვილი, გაიმეოროს იგივე, რაც საქართველოში მოხდა. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის სპეცსამსახურებიდან გაჟონილ დოკუმენტებში ჩანაწერი – იქ „სომეხი ივანიშვილი“ წერია, მაგრამ ვფიქრობ, სომხეთში ივანიშვილის სცენარის განხორციელების ალბათობა ძალიან დაბალი.

  • რატომ გგონიათ, რომ დაბალია? კარაპეტიანიც მილიარდერია, მას აქვს კარგი ურთიერთობები ეკლესიასთან… 

იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ, პირველ რიგში, გაცილებით ხარისხიანად იყო ივანიშვილი მომზადებული, ვიდრე კარაპეტიანი, მაგალითად, ივანიშვილმა წარმატებით შეძლო პროდასავლური იმიჯის მორგება. კარაპეტიანმა ვერ შეძლო. ამას პუტინმა დაამატა ზემოდან განცხადება: პრორუსი მეგობრები გვყავს მანდ და აცადეთ მონაწილეობაო. თანაც, ეს ისე თქვა, გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ მხოლოდ კარაპეტიანი ჯდებოდა პუტინის განცხადებაში.

ამით კარაპეტიანს ნეიტრალურის იმიჯი გაუფუჭდა. ივანიშვილს ეს გამოუვიდა, მან ირგვლივ ყველა შემოიკრიბა, ძირითადად პროდასავლური ძალები. კარაპეტიანმა კი, ვერ შეძლო ზოგადად ოპოზიციის გაერთიანება.

ივანიშვილსაც ჰქონდა ეკლესიის და კულტურის მოღვაწეების დაფინანსება, მაგრამ დღევანდელი ეკლესიის ძალაუფლების მქონე პირის – გარეგინ მეორის რეიტინგი სომხეთში ძალიან დაბალია. შესაბამისად, ამაზე კაპიტალიზება არ არის მარტივი თემა.

სომხეთში უფასო ჩინურ ფულს ჰპირდებიან, ივანიშვილი რაღაც სხვა უფასო ფულს ჰპირდებოდა ამომრჩეველს, მაგრამ არავის სჯერა დღეს სომხეთში ამის. იმის თქმა მინდა, რომ უკვე არსებობს ივანიშვილის გამოცდილება და სომხეთში იციან ამის შესახებ. შესაბამისად, სომხეთში ოპოზიციის ეს მცდელობა 2012 წლის „ქართული ოცნების“ ცუდი რეპლიკა გამოდის – გამეორებას ცდილობენ, მაგრამ ვერ მეორდება.

  • რა ინსტრუმენტებს იყენებს რუსეთი ამჯერად სომხეთში – ცდილობს ისევ ეკლესიის გამოყენებას, მედიის, თუ გამოიძებნა სხვა გზები? 

იყენებენ ეკლესიას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს. მაგალითად, პირდაპირ გარეგინი მივიდა სამველ კარაპეტიანთან სახლში 2 კვირის წინ და მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, გარეგინისადმი ლოიალური სასულიერო პირები მხარს უჭერენ ოპოზიციას ღიად. გარეგინის ბრძანებით სასულიერო პირებს უნდა ევლოთ ოპოზიციის მიტინგებზეც.

რაც შეეხება მედიას: ბევრი პოდკასტია, ფეიქ არხები, ტელეგრამ, იუთუბ არხები. არის მცდელობა, რომ ამ აქტიურობით მოახდინონ ზემოქმედება. მედიამანიპულაცია ერთ-ერთი საკვანძო მიმართულებაა.

ჩემი აზრით, ვინც მხარს უჭერს ფაშინიანს, ისევ დაუჭერს მხარს და ოპოზიციონერი ისევ ოპოზიციონერი იქნება. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე შეიძლება იმოქმედოს გარკვეულმა ფაქტორებმა, მათ შორის, მომდევნო დღეებმა, შიდა თუ საერთაშორისო გარკვეულმა პროცესებმა, მაგალითად, რუსეთის რომელიმე გადაწყვეტილებამ შეიძლება კიდევ უფრო უბიძგოს ხალხს გადაწყვიტოს: საბოლოო ჯამში ვის უჭერს მხარს.

დააკავეს მძღოლი, რომლის მიერ შექმნილი ავარიული ვითარების გამო მანქანა მტკვარში გადავარდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში,  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი  დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ  არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ  ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი  ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა“ – წეს შსს.

უწყების ცნობით, მტკვარში გადავარდნილი მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეცტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

„ბევრად მკაცრები ვიქნებით შეფასებაში“ – რა იციან მასწავლებლებმა ახალი სახელმძღვანელოების შესახებ

განათლების სამინისტრომ სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის თარიღად 15 სექტემბერი დაასახელა. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, სახელმძღვანელოების შემუშავების პროცესი უკვე დაწყებული უნდა იყოს.

თუმცა, სამინისტროს ჯერ ახალი სასწავლო გეგმაც კი არ გამოუქვეყნებია.

რა იციან სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გიორგი ჭაუჭიძეს ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, სახელმძღვანელოზე მუშაობის გამოცდილება თქვენც გაქვთ, ამიტომ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, რამდენად სწორია, როცა სამინისტრო მასწავლებლებთან და განათლების სპეციალისტებთან კომუნიკაციის გარეშე მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოებზე? 

სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი უკვე ათწლეულებია საჭირბოროტოდ არის და გარკვეულწილად განსაზღვრავს ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ერთ-ერთ ძირითად რესურსად რჩება და აქედან გამომდინარე, მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

აქამდე სამინისტრო აცხადებდა გრიფირების პროცესს, რომელშიც მონაწილეობდნენ გამომცემლობები თუ საინიციატივო ჯგუფები, წერდნენ სახელმძღვანელოებს არსებული საგნობრივი სტანდარტების მიხედვით, შემდეგ წარადგენდნენ სამინისტროს გრიფირების კომისიასთან და ისინი შეარჩევდნენ რამდენიმე სახელმძღვანელოს თითოეულ საგანში და კლასში და იმას ენიჭებოდა გრიფი.

შესაბამისად, მასწავლებელს, მასწავლებელთა ჯგუფებს სკოლებში ჰქონდათ არჩევანის საშუალება, შეედარებინათ ერთმანეთისთვის ეს სახელმძღვანელოები და შეერჩიათ მათი აზრით საუკეთესო ვარიანტი ამ რამდენიმე ვერსიისგან.

თვითონ ეს პროცესიც საკმაოდ დახურული და გაუგებარი იყო, რბილად რომ ვთქვათ, ბევრი ხარვეზით სავსე. ამის შესახებ მეც დამიწერია და საუბრობდნენ სხვებიც. რამდენიმე შემთხვევა ვიცი, როცა ჯერ კიდევ სასამართლოში აქვთ საქმე და დავობენ სამინისტროსთან ამ პროცესებთან დაკავშირებით. მაგრამ, ასეა თუ ისე, ყოველ შემთხვევაში რაღაც საკონკურსო გარემო იყო და ალტერნატივაც არსებობდა მასწავლებლებისთვის.

  • ანუ, კონკურენცია ასე თუ ისე არსებობდა?

დიახ. მიუხედავად დარღვევებისა, რადგან არც მაშინ ვიცოდით, ვინ იყვნენ გრიფირების კომისიის წევრები, გასაიდუმლოებული იყო… სხვათა შორის, მქონდა სურვილი, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაც კი შექმნილიყო, რათა ეს საქმეები გამომზეურებულიყო.

მილიონობით ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან გრიფირებაში და ცხადია, უნდა ყოფილიყო ეს ჩვენთვის ცნობილი. მაგრამ ახლა, ეს ხარვეზიანი პროცესიც კი შეჩერდა.

როგორც მახსოვს, შარშან გააკეთა განათლების მინისტრმა განცხადება, რომ ამიერიდან სამინისტრო დაწერს სახელმძღვანელოებს. უფრო სწორად, სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფები თუ ექსპერტები დაწერენ სახელმძღვანელოებს და რომ იქნება მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო ყველა საგანში ყველა კლასში. მაშინ ითქვა, რომ შერჩეულიც გვყავს ავტორებიო, მაგრამ ამ სფეროში ასე თუ ისე ვიცნობ ადამიანებს, მათ შორის სახელმძღვანელოების ავტორებს და ვერ გავიგე, ვინ ჰყავს სამინისტროს შერჩეული ან როგორ შეირჩნენ და ვინ შეარჩია. მოკლედ, ეს პროცესი როგორ მიდის, დღემდე არ ვიცი.

  • გამოდის მთლიანად დახურულია პროცესი?

დახურულიც აღარ ჰქვია ამას. შეიძლება რაღაც დახურო, მაგრამ რაღაც დეტალები მაინც იყოს საზოგადოებისთვის ცნობილი. ამ შემთხვევაში საერთოდ არაფერი ვიცით.

ამაში მაინცა და მაინც არ ვგულისხმობ იმას, რომ არ ვიცით სახელმძღვანელოების ავტორები, უცნობია ისიც, შერჩევის რა კრიტერიუმები ჰქონდათ. მეტიც, ჩვენ ჯერ საგნობრივი სტანდარტებიც არ გვაქვს დამტკიცებული, რაღაც სახელმძღვანელოები იწერება და რის მიხედვით იწერება, არ ვიცით.

ეს სტანდარტი საიდუმლო დოკუმენტი კი არ არის,  პირველ რიგში, სკოლამ უნდა მოიხმაროს მასწავლებლებისთვის დაწერილი ეს ტექსტი და ჩვენ არ ვიცით რა წერია ამ ტექსტში. წესით, სახელმძღვანელოები ამ სტანდარტის მიხედვით უნდა დაიწეროს.

  • მასწავლებელს ხომ აქვს უფლება მოითხოვოს ეს ტექსტი?

უფლება კი არა, ამის გარეშე ხომ არ იმუშავებს. ახლაც ძველი სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ, რომელსაც ყველანაირი ვადა გაუვიდა. ასეთი გაუგებარი სიტუაციაა.

  • თუ სტანდარტი არ დაუმტკიცებიათ, მაშინ რის მიხედვით წერენ სახელმძღვანელოებს?

არ ვიცი. რამდენადაც მესმის, არსებობს ამ სტანდარტების სამუშაო ვერსიები, რომლებიც ჯერ არ არის დამტკიცებული და არც დასრულებულია, სავარაუდოდ. ალბათ, ამ სამუშაო ვერსიების მიხედვით მუშაობენ.

  • გინახავთ სამუშაო ვერსია?

არა, მე არ მინახავს. უბრალოდ, ის ვერსიები მაქვს ნანახი, რომლებიც სკოლებში დააგზავნეს შარშან, შენიშვნები გამოთქვითო, მოიწერეს. იმის მერე რა ბედი ეწია ამ ვერსიებს, რა მოუვიდა – რა დაემატა და რა დააკლდა, წარმოდგენა არ მაქვს.

  • შენიშვნები გქონდათ, რა გადააგზავნეთ?

რა თქმა უნდა, მქონდა და გავაგზავნე კიდეც, თუმცა, მართალი რომ გითხრათ, ამ სტანდარტებთან მაქვს გარკვეული დამოკიდებულება და არც თუ მთლად უარყოფითი. რომ გითხრათ, რომ რაღაც საშინელება არის-თქო არა, მაგრამ დიდ მოლოდინსაც არ ვიჩენ ხოლმე.

წესით, შარშან უნდა ყოფილიყო ეს სტანდარტები მზად, მაგრამ ყველანაირი დათქმული ვადა გავიდა.

  • გივი მიქანაძე ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფოტოებს სამინისტროს გვერდზე, რომ შეხვდა მასწავლებლებს, მშობლებს და ასე შემდეგ. ამ შეხვედრებზე არავინ დასვა ეს კითხვები ან სტანდარტის თემაზე, ან სახელმძღვანელოებზე?

მე არ ვყოფილვარ ასეთ შეხვედრაზე და ვერ გეტყვით. შეიძლება ისმება კიდეც, რაც არ უნდა კომფორტული საზოგადოება იყოს შეხვედრაზე, ვიღაც იკითხავდა რამეს, მაგრამ პასუხები არ ვიცით, რაც მთავარია.

ერთხელ დავწერე კიდეც, მეც მაინტერესებს ამ შეხვედრებზე დასწრება-მეთქი, მაგრამ…

  • ყველას არ აგებინებენ ამ შეხვედრების შესახებ?

მე არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს და არც რაიმე საჯარო ინფორმაცია ყოფილა, რომ, ვთქვათ, ვიკრიბებით ამა და ამ ქალაქში ან რომელიმე ორგანიზაციაში და მოდით მსურველებიო. ასეთი არ ყოფილა.

  • ეს ნიშნავს, რომ საჯაროობის ფასადს ქმნიან ამით და რეალურად არ ხდება პრობლემებზე ფოკუსირება?

არ მიმაჩნია, რომ ეს ისეთი შეხვედრებია, რომელზეც ადამიანს უნდა რაღაც უკუკავშირი მიიღოს. ეს ხდება პროცესისთვის, რომ თითქოს რაღაც გადაწყვეტილებები მიიღება საზოგადოებასთან წინასწარი კონსულტაციით.

თუმცა, მასწავლებლების ის ნაწილი ყოველთვის იქნება, რომელსაც ეტყვი, რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება ყველგან და ამაზეც დაუკრან ტაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამინისტრომ.

  • ერთადერთი ის თქვეს, რომ სახელმძღვანელოები მსუბუქი იქნება და რას ნიშნავს ეს, როგორ ფიქრობთ?

ეს არაარსობრივია და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ჯერ ერთი აქამდეც იყო გაყოფილი სახელმძღვანელოები და ახალი გამოგონება არაა, რასაკვირველია. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ამას აქვს გარკვეული პრაქტიკული დანიშნულება სამინისტროსთვის და მათ მიერ მიწვეული ავტორებისთვის.

ვფიქრობ, ვერ მოასწრებენ მთლიანი წლის სახელმძღვანელოების დაწერას და ეს იქნება თავის გამართლება, რომ აი, ჯერ პირველი სემესტრის ან პირველი მესამედის თუ პირველი მეოთხედის წიგნები გვაქვს გამზადებულიო. შეიძლება არ დაბეჭდონ სრულად ერთი სახელმძღვანელო, მაგრამ მე, მასწავლებელი, როდესაც ვიწყებ სწავლებას კონკრეტულ კლასში, კონკრეტულ საგანში, უნდა მქონდეს წარმოდგენა მთლიან სახელმძღვანელოზე.

იმედია ელექტრონულად მაინც ექნებათ მასწავლებლებს ხელმისაწვდომობა, რომ სრული სახელმძღვანელოები ნახონ. თუ არ იქნება ეს ხელმისაწვდომობა, ეს იქნება ხარვეზი, რადგან მე ხომ უნდა შევხედო, საიდან ვიწყებ სასწავლო წელს და სად უნდა მივიდე. ეს პროცესი უნდა დაინახოს მასწავლებელმა და ამაში გასაკვირი არაფერია.

  • შინაარსობრივ მხარეზე მინდა გკითხოთ. კობახიძე, მიქანაძე, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაზებად გვაწვდიან ინფორმაციას და რთულია მთლიანი კონტექსტის აღქმა, თუმცა აქვთ მინიშნებები, რომ ახალი სახელმძღვანელოებით რაღაც გარდატეხა უნდა მოახდინონ სისტემაში. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ მათი რეფორმებისგან, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც „ოცნება“ აწარმოებს, როგორც გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით? 

რომ გითხრათ, რომ რაღაც გარდატეხის მოლოდინი მაქვს-მეთქი, არა. იმიტომ კი არა, რომ ვიღაც ჩემთვის მიუღებელი წესებით წერს რამეს, ამიტომ არა. ზოგადად, ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში გვაქვს ცუდი და უვარგისი სახელმძღვანელოები.

ეროვნული სასწავლო გეგმაც არაადეკვატური გვაქვს და შესაბამისად, ახლა რომ გითხრათ, რომ რაღაც გარდატეხა მოხდება-მეთქი, არ მაქვს ამის მოლოდინი. მსგავსი ხარვეზებით სავსე იქნება ეს ახალი სახელმძღვანელოებიც. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ბევრად მკაცრები შეფასებაში, რადგან თუ აქამდე მაინც ვერიდებოდით ჩვენი კოლეგა-ავტორების კრიტიკას, ამჯერად უფრო თამამები ვიქნებით ამ მიმართულებით.

ამიტომ რაიმე გარდატეხა აქ გამორიცხულია. შეუძლებელია, უხეშად რომ ვთქვათ, 150 სახელმძღვანელო დაწერო ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში და 100 იაკობ გოგებაშვილი გაჩნდეს საქართველოში.

  • მით უფრო მაშინ, როცა არც გარე ავტორებს ეძებენ და არც კონკურენტულ გარემოს ქმნიან.

როდესაც კონკურენცია არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ გაუქმებულია სახელმძღვანელოს შექმნის ისეთი გარემო, რაც განაპირობებს ხარისხიანი სახელმძღვანელოს დაწერას. ამიტომ საიდან უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ასი გოგებაშვილი გამოჩნდება?

  • ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აძლიერებს ალბათ ისიც, რომ წინა წელს საგამოცდო პროგრამიდან ამიღეს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებები, მთელი კამპანია აწარმოვეს იმაზე, რომ 2008 წლის ომი, „გარე ძალებისგან“ იყო ინსპირირებული და არა ის, რომ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს. გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ეს განწყობები ახალ სახელმძღვანელოებში ასახონ?

არ მგონია ეს ვინმემ გაბედოს. მე ვსაუბრობ სახელმძღვანელოების ფორმატში, რომ ვინმემ გაბედოს ის, რომ ასე პირდაპირ თქვას, რუსეთის ფედერაცია საქართველოს მეგობარიაო. ასე რომ იყოს წარმოჩენილი ან რომელიმე ეპოქაში რუსეთის იმპერია საქართველოს მეგობრად იყოს წარმოჩენილი.

  • შეიძლება „მეგობარი“ არ დაწერონ, მაგრამ არც ის თქვან, რომ ოკუპანტი და აგრესორია. 

რაც არ უნდა დაწერო, იქიდან დასკვნა ხომ უნდა გამოვიტანოთ? ამიტომ არა მგონია-მეთქი. მეორეც, სულ რომ პირდაპირ რუსეთის იმპერატორების პორტრეტებით გაძეძგო ეს სახელმძღვანელო, მაინც არ ექნება ამას სერიოზული შედეგი. ვგულისხმობ მოსწავლეთა აზროვნების ცვლილების თვალსაზრისით რომ მოჰყვეს რაიმე შედეგი.

ვფიქრობ, დაცინვის და რაღაც კარიკატურული სიტუაცია იქნება. ზოგადად, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს, თანამედროვე ეპოქაში ახალგაზრდებზე ვერ მოახდენენ იმით გავლენას, თუ რა წერია სახელმძღვანელოში, რადგან ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები არსებობს.

ცხადია, აქ საუბარია უფროსკლასელ მოსწავლეებზე. შესაბამისად, თუ ვინმე „ბედი ქართლისას“ რაღაც ინტერპრეტაციას ჩაწერს, ეს ვერ განსაზღვრავს ჩვენი ახალგაზრდებისთვის რაიმეს.

  • თქვენს სახელმძღვანელოზე რა მოლოდინები გაქვთ?

მე ვარ თანაავტორი არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოების, რომელიც გამოიყენება რვა კლასში. სექტემბრიდან რომელ კლასებში შემოიტანენ ახალ სახელმძღვანელოებს არ ვიცი. მაგრამ სადაც შემოიტანენ, ჩვენი სახელმძღვანელო იქ აღარ მოხვდება.

მე მაქვს ეჭვი, რომ შემოიტანენ ადრე, 16 წლის წინ დაწერილ სახელმძღვანელოებს. ეს ეჭვი ეფუძნება გარკვეულ ქმედებებს და გეტყვით რასაც. ერთი-ორი თვის წინ ამ საგნის მასწავლებლებს (არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებლებს) მოგვივიდა კითხვარი, რომელიც იყო დაახლოებით შემდეგი შინაარსის, რომ მოგწონთ თუ არა ძველი სახელმძღვანელოები, რომლებიც დაწერილია 16 წლის წინ.

  • თქვენი სახელმძღვანელო ხომ 16 წლის წინ არ დაწერილა?

ჰოდა, შესაბამისად გამიჩნდა ეჭვი, რომ ის სახელმძღვანელოები, რომლებსაც სექტემბრიდან დაგვირიგებენ, იმ 16 წლის წინ შედგენილი წიგნების ერთგვარად გადამუშავებული ვარიანტი იქნება. შაშკინის მინისტრობის დროს რომ დაიწერა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოები 12-ვე კლასისთვის, ეს მაქვს მხედველობაში.

მაგრამ ის წიგნები უკვე აღარ არსებობს, გრიფირებაც კი არ ჰქონია და შემდეგ დაიწერა სხვა წიგნები. მათ შორის ჩვენიც. ამიტომ გამოვთქვამ ეჭვს, რომ ამ კონკრეტულ საგანში შემოიტანენ შაშკინის მინისტრობის დროს დაწერილ სახელმძღვანელოებს ქართულ ენაში.

  • უკუკავშირს როცა გთხოვდნენ, იქ არ გამოთქვით ეს ეჭვები?

ჩავუწერე, რა თქმა უნდა, ჩემი შეკითხვები და დავწერე რასაც ვფიქრობდი. რას გადაწყვეტენ, არ ვიცი.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ, აქტიური მოქალაქეები, ჩართულები ვართ ქვეყნის გადარჩენის პროცესში და ასეთი კონკრეტული საკითხები მიტოვებულია. იქნება ეს განათლებაში, მედიცინაში თუ სხვა სფეროებში და ეს აქცენტი გადატანილია სხვა უფრო საერთო, ეროვნულ მიზნებზე.

ისრაელის „მოსადის“ დირექტორი პირველად გახდა ემიგრანტი საბჭოთა კავშირიდან

ისრაელის სპეციალური დაზვერვის სამსახურს, „მოსადს“, პირველად უხელმძღვანელებს პირი, რომელიც ემიგრანტია ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.

1990 წელს ბელარუსიდან ისრაელში რეპატრირებული გენერალ-მაიორი რომან ჰოფმანი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 2 ივნისს წარადგინა ამ პოსტზე.

ფიცის დადების ცერემონიაზე ნეთანიაჰუმ გენერალ ჰოფმანის მთავარ მისიად ირანის რეჟიმის განადგურება დაასახელა.

ნეთანიაჰუს მრჩეველმა დიმიტრი გენდელმანმა ჰოფმანის „მოსადის“ ხელმძღვანელად დანიშვნას „ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა“ უწოდა. „ეს არის ყველაზე მაღალი უსაფრთხოების თანამდებობა, რაც კი ოდესმე ეკავა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრანტების წარმომადგენელს ისრაელის ისტორიაში“, – დაწერა მან Telegram-ზე.

მოსადის დირექტორად ჰოფმანის  დანიშვნას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა ისრაელელი 17 წლის ბლოგერის საქმეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, 2022 წელს, როცა ჰოფმანი ისრაელის თავდაცვის ძალებს, „ცახალს“ მეთაურობდა, მის დაქვემდებარებაში მყოფმა ერთ-ერთმა ოფიცერმა გადმოიბირა 17 წლის ისრაელელი ბლოგერი ური ელმაკაისი საინფორმაციო ომის ფარგლებში არაბულ ენაზე ინფორმაციის გასავრცელებლად. მოზარდი ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, რომელმაც ამ გადმობირების შესახებ არ იცოდა და მოზარდმა წელიწად-ნახევარი წინასწარი პატიმრობაში გაატარა, სანამ ბრალდებები არ მოუხსნეს, მას შემდეგ, რაც მისი „ცახალთან“ თანამშრომლობა დადასტურდა.

სწორედ ამ მოზარდმა შეიტანა სარჩელი რომან ჰოფმანის „მოსადის“ დირექტორად დანიშვნის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მან სამართალდამცავ ორგანოებს მასთან თანამშრომლობის შესახებ არ აცნობა.

1 ივნისს ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ აღიარა გოფმანის შეცდომები საქმეში, მაგრამ ვერ დაადგინა დარღვევები, რომლებიც გენერლის, როგორც „მოსადის“ უფროსის პოსტზე კანდიდატის დისკრედიტაციას მოახდენდა.

ბათუმის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 5 ივნისს იწყება

ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 25 ივნისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან და ეტაპობრივად ჩაირიცხებიან, პრიორიტეტით გათვალისწინებული სტატუსის მქონე აღსაზრდელები:

  • ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს;
  • მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახები;
  • მარტოხელა დედები;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები და ომში დაღუპულთა ოჯახები;
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  • ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველი მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები);
  • (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი);
  • იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეები (დევნილები);

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 2026 წლის 1 ივლისს, 10:00 საათზე და ბათუმის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გაგრძელდება ბაღებში ადგილების შევსებამდე.

„ვებგვერდზე რეგისტრაცია და ავტომატური ჩარიცხვა მოქალაქეებს შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ბაღში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში იქნება თავისუფალი ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება: ჯგუფში ადგილები არ არის.

სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ, 10 დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის გამგეს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
  • აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
  • ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
  • ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის განმახორციელებელი პირი პასუხს აგებს მის მიერ შეყვანილი ინფორმაციის სისწორეზე. „იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ აღმოჩნდება, რომ სისტემაში რეგისტრაციის დროს შეყვანილია არასწორი ინფორმაცია, აღსაზრდელი ამოირიცხება ჩარიცხულთა სიიდან.

აღსაზრდელის რეგისტრაციის გადამოწმება შესაძლებელია საიტზე, სადაც მშობელს გადასამოწმებელ ველში შეჰყავს რეგისტრაციის დროს მითითებული ელ-ფოსტა, რის შემდეგაც მას გადაეგზავნება ინფორმაცია აღსაზრდელის შესახებ“- ნათქვამია ბაღების გაერთიანების განცხადებაში.

 ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის აუცილებელი პირობებია:

ბავშვის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებული უნდა იყოს, როგორც ქალაქ ბათუმის მაცხოვრებელი და აღსაზრდელი უნდა დარეგისტრირდეს ერთ-ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით;

სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ იმ აღსაზრდელს, რომელსაც შეუსრულდა 3 წელი;

2026 წლის 5 ივნისიდან რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდა 3 წელი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 369 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 978 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 24 676 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 43 247 ერთეული [+75]
  • MLRS – 1 830 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 403 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 327 726 ერთეული [+2 111]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 562 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 102 971 ერთეული [+396]
  • სპეცტექნიკა – 4 248 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმის მერიამ გოგებაშვილზე გარე ვაჭრობისთვის ფასი განსაზღვრა – ვის შეხვდება ადგილები

ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის 1. კვ. მეტრის ფასი განსაზღვრა. ამ ქუჩაზე, რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, საქმიანობის უფლებას სუვენირებით და წვენებით მოვაჭრეები ითხოვდნენ.

მერიის ინფორმაციით, რაზეც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერენ, ამ ქუჩაზე საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრეს და 1 კვ.მეტრით სარგებლობის უფლება წლიურად 400 ლარი იქნება.

დასკვნის თანახმად, გოგებაშვილის ქუჩაზე 1.კვ მეტრის გასაყიდი საბაზრო ღირებულება საშუალოდ 6943 ლარია, მისი 5 პროცენტი კი 347,15 ლარი. შესაბამისად, ბათუმის მერიაში მიზანშეწონილად მიაჩნიათ 1 კვ.მეტრი მიწით საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის იყოს 400 ლარი.

შესაძლოა ეს ფასი ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობისას გაიზარდოს.

ამ საკითხის დამტკიცებასთან ერთად, 29 მაისს სხდომაზე, საკრებულომ თანხმობა მისცა ბათუმის მერიას, დამტკიცებული წესით განკარგოს მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები გოგებაშვილის ქუჩაზე.

განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გოგებაშვილის ქუჩაზე სხვადასხვა ადგილზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის მოთხოვნით მერიაში არაერთი განცხადებაა შესული.

სუვენირებით მოვაჭრეები უკვე რამდენიმე თვეა ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით მართავენ. მათ მერიამ ბულვარის იერ-სახის დამტკიცებულ გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის არგუმენტით შეაჩერებინა მუშაობა. გარდა ამისა, მათ იმ დროისთვის, არც მოქმედი ხელშეკრულებები ჰქონდათ.

სუვენირებით მოვაჭრეების ინფორმაციით, მერია მათ დაჰპირდა, რომ კონკრეტულ ფართობებს აუქციონზე გაიტანს, შეთანხმების შემთხვევაში კი მათ 6 თვიან ხელშეკრულებებს გაუფორმებს და მცირე ზომის ჯიხურების განთავსების საშუალებასაც მისცემს. ისინი აცხადებენ, რომ არ იციან, რამდენად რეალურად შესრულდება ეს პირობები, ამიტომაც დეტალების დასაზუსტებლად მერიაში მისვლას ისევ გეგმავენ.

მიუხედავად იმისა, რომ გოგებაშვილის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვის საკითხს საკრებულომ მხარი 29 მაისს დაუჭირა, ისინი მერიას აუქციონზე ჯერ არ გაუტანია.

სამაგიეროდ დღეს, 3 ივნისს, ელექტრონული აუქციონები გამოაცხადეს მახინჯაურის და გონიო-კვარიათის პლაჟების ათვესებაზე.

ამ სეზონზე ბათუმში ერთი შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10 ლარი, ქოლგის – 5 ლარი იქნება.

გარდა ამისა, გასხვისების პირობების მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია შეზლონგები განათავსოს სანაპირო ზოლზე თანაბარპროპორციულად.

გვირილები გზაზე გაჩენილ ორმოებში – რას ჰყვებიან ვალეში

ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე გაჩენილ ორმოებში მოქალაქეებმა გვირილები ჩარგეს და ამ გზით სცადეს ადგილობრივი მთავრობის ყურადღების მიქცევა.

„საშინელი მდგომარეობაა გზებზე. რაც შეეხება ამ მონაკვეთს – ვალე არის სასაზღვრო ქალაქი, გზა, რომელიც აქ გადის, საქართველოსა და თურქეთს აკავშირებს. ამ გზის ბოლოს არის სასაზღვრო გამშვები პუნქტი. აქ გადაადგილება უწევთ არა მარტო ადგილობრივებს, არამედ საერთაშორისო მგზავრებსაც. გზა არის საშინელ მდგომარეობაში.

როგორც კი შემოხვალ ქალაქში, ეგრევე გხვდება უზარმაზარი ორმოები, რომელიც თუ არ იცი რომ ორმოა, ცუდ მდგომარეობაში აგდებს მანქანას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ჯაბა ნათენაძე, ვალეს მცხოვრები.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ვალეს ცენტრალურ გზაზე გაჩენილ ორმოებში გვირილები ჩარგეს, ჯაბა ნათენაძემ ამის ამსახველი ფოტოები გადაიღო  და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს, 3 ივნისს, ქალაქ ვალესკენ მიმავალ გზაზე გაჩენილი ათობით ორმოდან ის ორმო ამოავსეს, რომელშიც მოქალაქეებმა გვირილები ჩარგეს.

ასე გამოიყურებოდა შეკეთებული გზა ივნისს

„ძველი ასფალტის მონარჩენი მოიტანეს და ჩაყარეს, რაც არის დროებითი. აი, მაგალითად, უკვე რომ გამოვიარე შუადღისკენ, ნახევარი ამოყრილი იყო ორმოდან, იმიტომ, რომ დიდი ავტომობილები დადიან. წვიმები გვაქვს სულ და ეს გზა სულ მუდმივად ფუჭდება.

თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე რომ გაჰყვეთ ამ გზას, ანალოგიურ მდგომარეობას ნახავთ ყოველ 10 მეტრში. ნორმალური, წესიერი გზა, რომ ამოისუნთქოს მძღოლმა და კარგად გადაადგილდეს, არ არსებობს.

ეს მარტო მძღოლების პრობლემა არ არის, პრობლემას გვიქმნის ჩვენც, აქ მაცხოვრებლებს, მათ ვინც გზის პირას ვცხოვრობთ.

ჩვენი კორპუსები ისედაც ავარიულ მდგომარეობაშია და თითოეული ეს ჩარტყმა ამ ორმოში, ჩათვალეთ, რომ სამბალიანი მიწისძვრა გვაქვს ხოლმე. ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ, რომ აღარ ვაქცევთ ყურადღებას, თორემ ვინმე უცხო რომ მოდის, ჰგონია, რომ მიწისძვრა.

ტრაილერები და ეს მძიმე მანქანები რომ მოძრაობენ, ამ ორმოებში რომ არტყამენ, ძლიერ ვიბრაციას იწვევს,“ – ამბობს ჯაბა ნათენაძე.

სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვალეს გზა საერთაშორისო მნიშვნელობისაა და მისი შეკეთება გზების დეპარტამენტს ევალება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვალდებულია იშუამდგომლოს დეპარტამენტთან და ყურადღება მიაქცევინოს სახელმწიფო უწყებას.

„თვითმმართველობის მოვალეობა რა არის? საკითხებზე, რომელსაც თავად ვერ აგვარებს, იშუამდგომლოს ცენტრალურ უწყებებთან? მათ ყოველდღიურად უნდა შეაწუხონ, მიწერონ და მოითხოვონ [ამ გზის შეკეთება].

ბოლო რაც მახსოვს, ახალციხის შემოსასვლელში, თამარაშვილის ქუჩა გვაქვს, იქაც იგივე პრობლემა იყო, მანდ გააკეთეს ე.წ. „ლატკები“. იქ დააგეს. დანარჩენი მორჩა, გაჩერდა. აღარ არის პრობლემა ახალციხეში? თქვენ რომ გაიაროთ ქალაქში და ნახოთ რა მდგომარეობაა, თუმცა მარტო ამ ქალაქში არა. ოზურგეთის ამბავს ვუყურებდი ახლა, თევზი გაუშვა ვიღაცამ გზაზე გაჩენილ გუბეში. იგივე მდგომარეობაა სხვა ქალაქებშიც,“ – ამბობს ჯაბა ნათენაძე.

როდის გაკეთდება ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელი საერთაშორისო მაგისტრალი, ეს კითხვა „ბათუმელებმა“ საქართველოს გზების დეპარტამენტს დაუსვა.

გზების დეპარტამენტიდან ამ საკითხზე მიღებულ კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„პერიოდული და საგზაო სამუშაოების კონტრაქტების ფარგლებში მიმდინარეობს, ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ6+560 – კმ8+950 და კმ48+850 – კმ56+700 მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ასევე, 25 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება  ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ს/გზის კმ71+960 – კმ76+015 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის.

ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ს/გზის კმ0+000 – კმ6+560 მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია და ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ასევე, გამოცხადებულია ტენდერი ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) ს/გზის კმ60+940 – კმ63+126  მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, წინადადებების წარდგენის ვადა 9 ივნისს იწურება.

ასევე, გამარჯვებული გამოვლენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოების ტენდერში, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია და პერიოდული უნდა ჩაუტარდეს ხაშური-ვალეს გზის 8 სხვადასხვა მონაკვეთს, რომელთა საერთო სიგრძე 61 კმ-ს შეადგენს,“- ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვანების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა.

„ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა, ხოლო მესამე არასრულწლოვანის მიმართ ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება“ – წერს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 18 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 11 პრიმა-141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 141-ემუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 11 პრიმა-144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც ბრალდების მხარემ სასჯელის დამძიმების მოთხოვნით გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მაისში ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2 პროცენტი).

რაც შეეხება სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებს – ამ ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა.

საქსტატის ცნობით, ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.5 პროცენტი);
  • რძე, ყველი და კვერცხი (-1.9 პროცენტი);
  • ზეთი და ცხიმი (-0.2 პროცენტი);
  • პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი);
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (3.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი).

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:

თევზეული (20.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-7.0 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 პროცენტი). 

ჯგუფში – საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ასევე, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე:

ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (4.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი).

გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვაც – მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა.

ასევე, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

„დაგვიბრუნეთ მამიკო“ – თბილისში დაბადებულ სომეხს, 4 შვილის მამას საქართველოში არ უშვებენ

„დღეს შიმშილობა დავიწყე, სხვა გზა არ დამრჩა… ამაღამ შვილებთან ერთად პარლამენტთან დავრჩები, ლეიბები წამოღებული მაქვს,“ – ამბობს ინა სნიკოვა. იგი შსს-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მის ქმარს, ერნესტ ავაქიმიანს საქართველოში არ უშვებენ. ამ საკითხზე „ბათუმელები“ 2026 წლის 29 მაისს წერდა.

ერნესტ ავაქიმიანი თბილისში დაბადებული სომეხია. იგი ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, თუმცა წლების წინ მას სომხეთის მოქალაქეობაც მიუღია. ერნესტ ავაქიმიანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, იუსტიციის სახლს მიმართა და უთხრა, რომ მზადაა შეიჩეროს სომხეთის მოქალაქეობა, რადგან ეს დროებით სჭირდებოდა. ამ დროს ერნესტ ავაქიმიანს უკვე აღარ შეეძლო სამართლებრივად მოქალაქეობის მინიჭება მოეთხოვა, რადგან დარღვეული ჰქონდა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა. ერნესტს უთხრეს, რომ უნდა დაეტოვებინა საქართველო და როცა დაბრუნდებოდა სამშობლოში, შემდეგ მოეთხოვა მოქალაქეობა.

ერნესტ ავაქიმიანს სომხეთიდან საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან აღარ უშვებენ. საზღვარზე შემოშვებაზე უარი ერნესტ ავაქიმიანმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადვოკატი დავით საფარიძე ამბობს, რომ სასამართლომ დაარღვია საერთაშორისო კონვენციით აღიარებული ოჯახის ერთიანობის პრინციპი.

„შიმშილობას ვაცხადებ, ოჯახის  გაერთიანებას მოვითხოვ“, „დაგვიბრუნეთ მამიკო“ – ამ ბანერებით გამოჩნდა წუხელ პარლამენტთან ინა სნიკოვა სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

„მეოთხე შვილი, რომელიც ყველაზე უფროსია, დავტოვე დედამთილთან… 80 წლის ქალია, 8 წელი უსინათლო. გუშინ ცუდად გამხდარა და სასწრაფო გამოუძახებიათ,“ – გვიყვება ინა სნიკოვა. იგი ითხოვს, პირველ რიგში, 4 მცირეწლოვანი შვილის მამას სამშობლოში, თავის ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

„მას არ ჩაუდენია დანაშაულია. შეიძლება რაღაც დაარღვია, მაგრამ ამის გამო დავისაჯეთ უკვე. მას აქვს უფლება მიმართოს იუსტიციას, მაგრამ ამის საშუალებას ფიზიკურად არ აძლევენ, ვერ შემოდის საზღვარზე. როგორ შეიძლება აქ დაბადებულ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება საქართველოშია, არ უშვებდე საქართველოში?

პარლამენტთან მოსვლამდე გუშინ პირველად შსს-ში მივედი და შეხვედრა ვითხოვე. მალოდინეს, მერე ვიღაც გამოვიდა, ისტორია მოინიშნა და წავიდა. არაფერი არ იცვლება. ასე არ შეიძლება. სად წავიდე, ვის მივმართო?

ჩემი მაზლიც ავადაა, კლინიკაშია და ვერ გამოგვყავს… სოციალურად დაუცველები ვართ, ქობულეთში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ.

ერნესტი მუსიკოსია, ის არჩენდა ოჯახს. მე ვერ ვმუშაობ, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია. სხვა გზა არ მაქვს. აქ უნდა დავრჩე ამაღამ, პარლამენტთან“ – ამბობს ინა სნიკოვა „ბათუმელებთან“.

„უყურადღებობით მთავრობას მივყავარ იქამდე, რომ სადმე შევიჭრა“ – მარტოხელა დედა

„ასეთი უყურადღებობით და უმოქმედობით მთავრობას მივყავარ აქამდე, რომ სადმე შევიჭრა, სხვა რა გზა დამიტოვეს? მე ახალშენის პოლიციასაც დავუწერე, იცოდეთ, სადმე შევიჭრები, ამას ვაპირებ-მეთქი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია მეგრელიშვილი. იგი მარტოხელა დედაა და წლებია შვილთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში.

მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდეგ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს აჭარის მთავრობისგან, ასევე ხელვაჩაურის მერიისგან – მარტოხელა დედა ბინით უზრუნველყოფას ითხოვს.

მზია მეგრელიშვილი ბინის ქირას ვერ იხდის. 2025 წელს გამოხატული პროტესტის შემდეგ მზია მეგრელიშვილის ხელვაჩაურის მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონტროლიორად დაასაქმა, თუმცა წლის ბოლოს გაათავისუფლა. მზია მეგრელიშვილს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. 2026 წლის 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი კიდევ ერთხელ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2023-2026 წლებში მიღებული აქვს, ჯამში, 13 800 ლარი.“

ამ დროს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელფასია მარტო 1 თვეში 13 600 ლარი.

„ამჯერად დამპირდნენ აჭარის მთავრობაში, რომ სარეზერვო ფონდიდან მომცემდნენ 3 ათას ლარს. ესეც შეღავათია, რომ რამდენიმე თვის ქირა გადავიხადო – დავალიანება მაქვს და მესაკუთრე ბინის დაცლას კატეგორიულად მთხოვს. ეს ფულიც არ მომცა მთავრობამ,“ – გვიყვება მზია მეგრელიშვილი. მისივე თქმით, აჭარის მთავრობაში უთხრეს, რომ მისცემენ ბინას იმ კორპუსებში, რომელიც ბიზნესმენ ოზთურქის ჩამოართვეს, თუმცა უცნობია – როდის.

აჭარის მთავრობა ადასტურებს, რომ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებს სოციალური მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები ბათუმის მერიას ჯერ არ გადაუდგამს. არც იმას სწავლობს ვინმე, ვის ეკუთვნის ბინა. უსახლკაროებს ეჭვი აქვთ, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსების საცხოვრებლად გადაკეთება 2028 წლის არჩევნებამდე გაჭიანურდება.

„აჭარის მთავრობაში მითხრეს, გადაცემულია თქვენი საქმე ჯანდაცვაზე და ბინა სავარაუდოდ გექნებათო, მაგრამ უნდა მომზადდეს ეს ბინებიო. როდის იქნება, ვერ მითხრეს. ამ დროს მე სად წავიდე?

ხელვაჩაურის მერიას 50 დღის წინ მივმართე განცხადებით და ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიმიღია. პირდაპირ მოვითხოვე ბინით დაკმაყოფილება,“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი.

მზია მეგრელიშვილი 14 წლის შვილთან ერთად

რა გამოსავალს სთავაზობს მზია მეგრელიშვილის ხელვაჩაურის მერია და აჭარის მთავრობა? – „ბათუმელებმა“ ორივე უწყების პრესცენტრში დარეკა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამ თემაზე:

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

ლანჩხუთში ავტობანის ჯაპანა-ლესის მონაკვეთი 2 დღით ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება.

„სამუშაოების შესრულების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში დროებით შეიზღუდება მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე.

გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში დროებით დაიკეტება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზის, ჯაპანას, ნიგოითის, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძები“ – წერს დეპარტამენტი.

ტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო [ე.წ. ძველ] გზაზე.

ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზა სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 4 ლოტად შენდებოდა მთლიანად დღემდე არ არის დასრულებული.

აღნიშნული მაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 2020 წელს, ხოლო ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ვრცლად: ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კიდევ ერთი მონაკვეთია ჩაკეტილი: ხაჯალია-სუფსა. ეს მონაკვეთი 2022 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ამ თემაზე:

ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

 

 

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალი იწვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 3 ივნისის ღამეს, უკრაინამ სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დარტყმები განახორციელა.

უკრაინული მხარის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა ბალტიის ზღვის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობტერმინალზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგის პორტში მდებარეობს.

უკრაინული დრონების დარტყმების სერიამ ობიექტზე მასიური ხანძარი გამოიწვია.

აღნიშნულ ტერმინალზე 31 ავზია, რომელთა საერთო მოცულობა 324,000 კუბური მეტრია. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 12.5 მილიონი ტონაა, აქ ამუშავებენ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, თხევად ბუნებრივ აირს და სხვა თხევად ქიმიკატებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთში მნიშვნელოვანი სამიზნეების განადგურება და უშიშროების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, მთავარი სადაზვერვო დირექტორატისა და სახელმწიფო სასაზღვრო დაცვის სამსახურის მუშაობას „კარგი შედეგები“ უწოდა.

„მათ შორისაა სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ომისთვის მომუშავე რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ამ ობიექტამდე მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა მსჯავრდებული ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს“ – იუწყება შს სამინისტრო.

უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ბათუმში „დომინოს პიცის“ რიგით მე-9 ფილიალი იხსნება — ზაფხულის სეზონი კიდევ უფრო გემრიელი ხდება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიცის ბრენდი, Domino’s Pizza, საქართველოში გაფართოებას აგრძელებს — 14 ივნისს ბათუმში ბრენდის რიგით მე-9 ფილიალი ოფიციალურად გაიხსნება. ახალი სივრცე სავაჭრო ცენტრ Porto Point-ში განთავსდება და სტუმრებს თანამედროვე გარემოს, სწრაფ სერვისსა და Domino’s-ის ლეგენდარულ გემოს შესთავაზებს.

Domino’s უკვე ათწლეულებია მსოფლიო პიცის ინდუსტრიის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. ბრენდი 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით 22,000-ზე მეტ ფილიალს აერთიანებს. მისი წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხიანი ინგრედიენტები, ინოვაციური ტექნოლოგიები და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებაა.

საქართველოში Domino’s-მა მოკლე დროში შეძლო ერთგული მომხმარებლების დიდი საზოგადოების შექმნა. სწორედ ამიტომ ბათუმში გაფართოება კომპანიის განვითარების ბუნებრივი და მნიშვნელოვანი ეტაპია. ზღვისპირა ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტსა და ადგილობრივ სტუმარს მასპინძლობს, საერთაშორისო ბრენდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და პერსპექტიულ ლოკაციად მიიჩნევა.

ბათუმის ახალი ფილიალი Domino’s Georgia-სთვის უკვე რიგით მე-9 ობიექტია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ლიდერი პიცის ბრენდის გაფართოების გზაზე საქართველოში. კომპანია მომხმარებლებს კვლავ იმ სტანდარტს ჰპირდება, რომელმაც Domino’s მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პიცის ქსელად აქცია — სწრაფ მომზადებას, ხარისხიან პროდუქტს და ტექნოლოგიურ სერვისს.

14 ივნისს გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს სპეციალური აქტივობები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სიურპრიზი დახვდებათ. ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გახსნა ბათუმში სწორედ Domino’s-ის ახალი ფილიალი იქნება.

📍 მისამართი: ლერმონტოვის 34/119, Porto Point, ბათუმი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 368 040 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 974 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 673 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 43 172 ერთეული [+60]
  • MLRS – 1 826 ერთეული [+5]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 403 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 325 615 ერთეული [+1 853]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 548 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 102 575 ერთეული [+437]
  • სპეცტექნიკა – 4 245 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 733 ერთეული [+40]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგში ნავთობტერმინალი იწვის

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ – რას ამბობენ ბათუმში ფეისბუქის გაკონტროლებაზე

„რაში დასჭირდა და ყველა დაიპყროს… ახლა პირდაპირ ჯარიმა, თუ ციხეში უნდა გამიშვან?“ „თავისუფლება თუა და დემოკრატია, გაკონტროლება რად უნდა ფეისბუქს?“ – ნახეთ კიდევ რა გვიპასუხეს ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებმა, რომლებსაც ფეისბუქის გაკონტროლებაზე ვესაუბრეთ.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ფეისბუქის გაკონტროლება - ქუჩის გამოკითხვა ბათუმში

ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავენ – რატომ დამალა საკრებულომ პროექტი დამტკიცებამდე

შპს „ოპუს ცენტრი“ ბათუმში ერთი კვარტლის ჩანაცვლებას გეგმავს – გრიბოედოვის ქუჩიდან კომახიძის ქუჩამდე 1,4 განაშენიანებული ჰექტრის ჩანაცვლების პროექტი, [განაშენიანების დეტალური გეგმა – გდგ] ბათუმის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია.

პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მისი დასრულების შემდეგ ის უბანს მნიშვნელოვნად შეცვლის. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ისე დაამტკიცეს, რომ ის საჯარო გაცნობისთვის არ გამოუქვეყნებიათ.

რენდერი

უფრო მეტიც, ის არც დღის წესრიგში ჩასვეს, როცა სხდომის მოწვევა დააანონსა საკრებულომ და მხოლოდ სხდომის წინა დღეს, 28 მაისს, დაამატეს ჩამონათვალს – თან განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, რომლის საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულებაც აქვს, როგორც მერიას, ისე საკრებულოს.

ეს დოკუმენტი მერიამ სხდომის დღეს, სხდომის მიმდინარეობის დროს, 29 მაისს გამოაქვეყნა.

განაშენიანების დეტალური გეგმა არ შეუსწავლია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ვაჟა დარჩიას, რადგან მერიის შესაბამისი სამსახური 21-ე საუკუნეში დოკუმენტის გადაგზავნას ვერ ახერხებს – „დიდია და არ იტვირთებაო“ – ვაჟა დარჩიას თქმით, მას ასე განუმარტეს მიზეზი.

საინტერესოა, რატომ ვერ ახერხებს ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის ახალი უფროსი არჩილ გირკელიძე ამას, რადგან მის წინამორბედს ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონია.

შესაძლოა, არჩილ გირკელიძეს კარგად არ აქვს გაცნობიერებული საჯაროობის მნიშვნელობა და აუცილებლობა, რასაც თვითმმართველობის კოდექსი ითხოვს. სხვაგვარად უნდა მოეხერხებინა და აუცილებლად მოახერხებდა კიდეც, „ნება რომ იყოს“ – ამას პრაქტიკაც აჩვენებს.

„ოპუს ცენტრი“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეგობრის, ედნარ პაპუნაიშვილის კომპანიაა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით დადასტურებით, რომ ამ გარემოების გამო პროექტის განხილვა მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში, უხმაუროდ უნდოდათ, რადგან არც სხვა პროექტების გამოქვეყნებით შეუწუხებიათ თავი, რომლებიც იმავე დღეს, 29 მაისის სხდომაზე დაამტკიცეს.

ყველა პროექტი დღის წესრიგში სხდომის წინა დღეს „გაჩნდა“ და არა სხდომამდე 7 დღით ადრე, როგორც ამას კანონი ითხოვს.

საპროექტო ტერიტორია -განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით მრავალფუნქციური კომპლექსი სარეკრეაციო-დასასვენებელ სივრცეებს და მიწისქვეშა პარკინგს აერთიანებს.

შპს „ოპუს ცენტრი“ მშენებლობას 1.4 ჰექტარზე გეგმავს. კომპანია განაშენიანების დეტალურ გეგმაში წერს, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთებს მუნიციპალიტეტის ტერიტორია ესაზღვრება და თუ ამ ადგილების ათვისებასაც შეძლებს, ახალი განაშენიანების ადგილი 1.6 ჰექტარს მიაღწევს. როგორც ჩანს, კომპანიამ ამ საკითხზე მერიასთან მოლაპარაკებას მიაღწია კიდეც, რადგან საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ადგილების მომავალ მესაკუთრედ „ოპუს ცენტრი“ ფიქსირდება.

შპს „ოპუს ცენტრი“ იგივე „გთემ კონსტრაქშენი“ [კომპანიამ სახელი შეიცვალა] 2022 წელს დააფუძნა ედნარ პაპუნაიშვილმა. პაპუნაიშვილს სხვა კომპანიებიც აქვს, მათ შორის „ხიდი-2006“, რომელსაც პლაჟზე იჯარით აქვს აღებული რესტორან „სან-რემოს“ შენობა და მიმდებარე ტერიტორია. ედნარ პაპუნაიშვილს ეკუთვნის G17-ის მფლობელი კომპანია შპს „გთემ ჰოსფითალითი გრუპი“. ამ პროექტებისთვის საკრებულომ განაშენიანების დეტალურ გეგმაში ცვლილება ორჯერ შეიტანა.

მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის ინიციირების თაობაზე ბრძანება ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ, 2026 წლის 24 თებერვალს გამოსცა. საკრებულოს კონცეფციაზე არ უმსჯელია, ეს ნაბიჯი გამოტოვეს და პირდაპირ დეტალურ გეგმაზე გადავიდნენ.

დეტალური გეგმის დამტკიცებამდე კომპანიამ ტერიტორიის შემოღობვა და არაერთი შენობის დემონტაჟი დაასრულა, მათ შორის არის ადრე დაწყებული და დაუსრულებელი სამი სართული, რომელსაც სამშენებლო ნებართვის მიხედვით შპს „ლუდი ბათუმური“ და სააქციო საზოგადოება „ბათუმის რძის ქარხანა“ აშენებდნენ, თუმცა ვერ დაასრულეს.

სამშენებლო ტერიტორია ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩის მხრიდან
სამშენებლო ტერიტორიაზე დემონტაჟის პროცესი თითქმის დასრულებულია

კომპანიის ინფორმაციით, დაუსრულებელი შენობის ახალი ობიექტით ჩანაცვლების მიზნით მერიამ ამ ადგილზე კოეფიციენტი 16,0-მდე გაზარდა. აქ არსებული შენობების დემონტაჟის ნებართვა 2026 წლის თებერვალში გასცეს.

სამშენებლო ტერიტორია, ზღვის სანაპირო ზოლიდან 1200 მეტრში მდებარეობს. ამას კომპანია განიხილავს, როგორც პრიორიტეტულ მახასიათებელს წვდომის თვალსაზრისით, ასევე ხედებისთვის ქალაქზე მაღალი სართულებიდან.

„საპროექტო მოცულობიდან იშლება პანორამული ხედები, როგორც ზღვის, ისე ქალაქის ისტორიული და ახალი დასახლებების მიმართულებებით, ასევე ბათუმის შემოგარენზე და მაღალმთიანი აჭარის ქედებზე“, – ვკითხულობთ განაშენიანების დეტალურ გეგმაში.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

შპს „ოპუს ცენტრს“ პროექტის ეკონომიკური გათვლაც მოუმზადებია.

ეკონომიკურ დასაბუთებაში დოკუმენტის ავტორები წერენ, რომ მრავალფუნქციური პროექტი სავაჭრო ცენტრს, კომერციულ ფართობებს, საცხოვრებელ და სარეკრეაციო სივრცეს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 130 მილიონი აშშ დოლარია. მიწის ნაკვეთები შპს „ოპუს ცენტრის“ მესაკუთრეს 8 მილიონ 500 000 დოლარად გამოუსყიდია, კომერციული კომპანიებიდან პირდაპირი შესყიდვის გზით, 2023 წელს.

კომპანიის ინფორმაციით, საცხოვრებლის საერთო სამშენებლო ინვესტიცია 127 მილიონ 500 000 აშშ დოლარია პარკინგის ჩათვლით, სარეალიზაციო მოცულობა კი დაახლოებით 128 000 მ2 იქნება. სარეალიზაციო ფასად ერთ მ2 1200 აშშ დოლარი მიუთითებიათ [მწვანე კარკასი]. ამ ფასიდან გამოუთვლიათ, რომ „სრული რეალიზაციიდან გენერირდება 153 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი“.

1200 დოლარი დიდი ხანია უკვე აღარ ღირს 1.კვ/მეტრის ფასი ბათუმის ამ უბანში. ამიტომაც შემოსავლის სახით, თუ ბაზარი მკაფიოდ ნეგატიურად არ შეიცვალა, კომპანია გაცილებით მეტის ამოღებას შეძლებს. განსაკუთრებით კი მაღალ სართულებზე განთავსებული ე.წ „ხედებიანი“ ბინებიდან, თუმცა ნაკლებად მომგებიანი არც კომერციული ფართობები უნდა იყოს.

უკვე დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, კომერციული არეალის განვითარების საინვესტიციო მოცულობა 1 მილიონ აშშ დოლარია. ჰიპერმარკეტის გასაქირავებელი ფართობი გამოდის დაახლოებით 5730 მ2.

კვლევის შესაბამისად, საშუალო შეწონილმა იჯარამ შეადგინა 9.0 აშშ დოლარი, რომელიც ყოველი სამი წლის შემდეგ ზრდადია. სავაჭრო ობიექტის საოპერაციო მოგება ოპერირებიდან მეორე წელს აღწევს 650 000 აშშ დოლარს და მომდევნო წლებში – დაახლოებით 850 000 აშშ დოლარს.

ასევე გათვალისწინებულია სავაჭრო ცენტრის საბოლოო ნარჩენი ღირებულება ბოლო საპროგნოზო წლისათვის. შესაბამისად, 2033 წლისთვის კაპიტალიზაციის შედეგად ნარჩენი ღირებულება წლიური შემოსავლის დამატებით 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მთლიანობაში, როგორც საცხოვრებელი, ასევე სავაჭრო კომპონენტების ერთობლივი განვითარების ხარჯი [მიწის გარეშე] შეადგენს 119 მილიონ აშშ დოლარს. საერთო შემოსავალი, როგორც რეალიზაციიდან ასევე სავაჭრო ცენტრის ოპერირებიდან და სხვა შემოსვლები, ერთობლივად შეადგენს 153 მილიონ დოლარს.

მოვითხოვთ ირაკლი ჩიხლაძის საქმეზე გრიფის მოხსნას და სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის საქმისთვის გრიფის მოხსნას და მის სასამართლო პროცესზე მედიის დაშვებას მოითხოვს.

ქარტიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება დღეს, 2 ივნისს გაავრცელა.

„30 მაისს სუს-მა უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც წლებია, ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა და თავისი პროექტებით ხელს უწყობს დიალოგს ქართველ, აფხაზ და ოს ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

1 ივნისს დახურულ სხდომაზე მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ირაკლი ჩიხლაძე 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული ძალების მიერ ცხინვალში მოკლული ჟურნალისტის გიგა ჩიხლაძის ძმაა. ის არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ასევე მედიაგამოცემა „კავკაზნიუსის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

კოლეგებისა და ოჯახის ინფორმაციით, ირაკლი ჩიხლაძის პროფესიული საქმიანობის ფოკუსი სტერეოტიპების დამსხვრევა, ომითა და ოკუპაციით გახლეჩილი საზოგადოების წევრების დაახლოება იყო.

ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 314 მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ნიშნავს, რომ მას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის.

პროკურატურამ, რომელიც ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას ედავება, საქმეს გრიფი  „საიდუმლო“ დაადო, ხოლო ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატს, გიორგი გელხაურს, „გაუთქმელობაზე“ მოაწერინა ხელი და საქმის მასალებზე საუბარი აუკრძალა. თავად ირაკლი ჩიხლაძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.

შედეგად, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, საქმის დეტალების შესახებ არც საზოგადოება და არც ჟურნალისტური თემი ინფორმირებული არ არის.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გააკეთეს მინიშნება, რომ ირაკლი ჩიხლაძე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.

ადვოკატი გადაწყვეტილებას უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ის მიანიშნებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ირაკლი ჩიხლაძისთვის წარდგენილ ბრალს არ ადასტურებს და რომ მსგავსი მტკიცებულებების საფუძველზე ნებისმიერი იმ ადამიანის დაკავება შეიძლება, ვინც კი ანალიტიკურ საქმიანობას ეწევა ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს.

ისეთი სერიოზული ბრალდების შემთხვევაში, როგორიც ჯაშუშობაა, მტკიცების მაღალი სტანდარტის დაცვაა საჭირო. დახურული და გასაიდუმლოებული პროცესი საზოგადოების ინტერესში ცალსახად არ შედის.

ქარტია უერთდება ოჯახის და თავად ბრალდებულის მოთხოვნას, საქმე გამჭვირვალედ და მაღალი საჯაროობის პირობებში წარიმართოს, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავად შეაფასოს, თუ რამდენად ობიექტური და სამართლიანია ირაკლი ჩიხლაძის მიმართ წარდგენილი ბრალი“- ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

____________

ამავე თემაზე:

მოვითხოვთ გამჭვირვალობას და რეალურ მტკიცებულებებს – ირაკლი ჩიხლაძის შვილი

„უნდათ ერთმანეთს გადაგვკიდონ“- ელექტრომოპედების გამქირავებლების პროტესტი ბათუმში

დღეს, 2 ივნისს, ელექტრომოპედებისა და კვადროციკლების გამქირავებელმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციასთან.

აღნიშნული პირები ბათუმის ბულვარში წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ტურისტულ სეზონზე ელექტრომოპედებსა და კვადროციკლებს აქირავებდნენ დამსვენებლებზე, თუმცა წელს ბათუმის მერიამ მათ ბულვარში მუშაობის ნებართვა აღარ მისცა

ბათუმში ელექტრომოპედებისა და სკუტერების გამქირავებლები, ასევე, სუვენირებითა და წვენებით მოვაჭრეები, 4 თვეა, რაც მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ამ დროის განმავლობაში აქციებს მართავენ როგორც მერიის, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ითხოვენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას.

როგორც გამქირავებლები ამბობენ „ბათუმელებთან“ საუბრისას, მერია მათ ახალი ბულვარის ტერიტორიაზე სთავაზობს გარკვეულ მონაკვეთზე მუშაობას, თუმცა თვითდასაქმებულებისთვის ეს შემოთავაზება მიუღებელია, რადგან მერია ხშირად ცვლის პირობებს და არც შემოთავაზებული მონაკვეთია ყველა თვითდასაქმებული ჯგუფისთვის საკმარისი.

საპროტესტო აქცია ბულვარის ადმინისტრაციასთან.

„აკვაპარკის ბოლოში განთავსდით 71 ადამიანიო, ამას გვეუბნებიან. საკრებულოს მოგვცა უფლება, რომ როგორც იყავით გასულ წლებში, ისევ ისე იმუშავეთ. ახლა გვაძლევენ 30 ლოკაციას და მანძილს გვიმცირებენ. უნდათ, რომ ერთმანეთში გვაჩხუბონ, ერთმანეთს გადაგვკიდონ. ეს ვისი ინიციატივაა, ვინ გადაწყვიტა, რა უნდა ბულვარის დირექტორს ჩვენგან, ვერ ვხვდებით.

ჩვენ გვინდა ერთადერთი რამ, მოგვცენ იმის უფლება, რომ როგორც ადრე ვიყავით ისე დავდგეთ და ვიმუშაოთ“ – ამბობს პაატა საგინაძე.

მისი თქმით, 2 თვეა გადაწყვეტილებას ელოდებიან ხელისუფლებისგან და ვერ მიაღწიეს საბოლოო შეთანხმებას.

„ამ ხნის განმავლობაში, ვინ მშიერია, ვინ მწყურვალი, ვის აქვს ბანკის ვალი ვინმე გვეკითხება? მათ ხელფასი აქვთ, ჭამს და სვამ, ჩვენ რა ვქნათ, ხალხმა“ – ამბობს პაატა საგინაძე.

თვითდასაქმებულების თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე 300-მდე ელექტრომობილი მუშაობდა.

„პირველ რიგში პრობლემაა ის, რომ დანარჩენი ხალხი, ვინც უმუშევარი რჩება, ეს 40-41 ადამიანი, ცოდვაა. პატარა ლოკაციაზე 30 კაცი 5 ელექტრომობილით, 5 მოპედით რომ დადგება, ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან და მუშაობა გაგვიჭირდება.

ბულვარის ადმინისტრაციამ უნდა დაგვალაგოს იმ ადგილებზე სადაც ადრე ვიდექით, მაგრამ უარს გვეუბნება“ – ამბობს ნიკა მამულაძე.

კიდევ ერთ თვითდასაქმებული „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ იმ მონაკვეთში, სადაც ბულვარის ადმინისტრაციას უნდა, რომ ელექტრომობილები განთავსდეს, ფიზიკურად ვერ დაეტევა ამდენი ტექნიკა.

„მე მაქვს ინტერესი, რომ პურის ფული მივიტანო ოჯახში. სეზონურად სამი თვე ვმუშაობთ, 9 თვე ვართ უმუშევარი. საკრებულომ მხარი დაგვიჭირა, მაგრამ ბულვარის ადმინისტრაციას არ სურს ისე ვიმუშაოთ, როგორც ადრე.

რეგულაციები რა თქმა უნდა საჭიროა, რაღაცების შეცვლა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვავიწროონ“- ამბობს ვაჟა დავითაძე.

ამავე თემაზე:

რას ითხოვდნენ აქციაზე, ივანიშვილის სასტუმროსთან, მოპედების ბათუმელი მეპატრონეები

 

გონიოს ყოფილ პოლიგონს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა – კობახიძის დადგენილება

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის, ასევე თბილისსა და გარდაბანში „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

სტატუსის მინიჭების შესაბამის დადგენილებებს ირაკლი კობახიძემ ხელი 2026 წლის 29 მაისს მოაწერა.

უშუალოდ ყოფილი სამხედრო პოლიგონის და მის მიმდებარე მიწის ნაკვეთებს, ჯამში 2 588 888 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიას „ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“, – წერია დადგენილებაში, რომელიც 2 ივნისიდან ამოქმედდა.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი და მიმდებარე მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, ამ ტერიტორიის განაშენიანების საკითხები უკვე არა ბათუმის, არამედ საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.

აღნიშნული კოდექსის მიხედვით:

„დიდი მნიშვნელობის საზოგადოებრივი, ეკონომიკური, ეკოლოგიური, ჰუმანიტარული, თავდაცვითი, საკურორტო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სარეკრეაციო, კულტურული ან/და სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დასახლებას ან მუნიციპალიტეტს ან მისი ტერიტორიის ნაწილს შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი.

ასეთი ტერიტორიისთვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს გენერალურ გეგმას, ხოლო სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – განაშენიანების გეგმას/განაშენიანების დეტალურ გეგმას.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიისთვის დაადგინოს ამავე ტერიტორიაზე მოქმედი სპეციალური მარეგულირებელი ნორმები  −  ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების/დამტკიცების განსხვავებული წესები.

ასეთ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით“.

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია ამ ეტაპზე სახელმწიფოს საკუთრებაშია. აქ „არაბული ინვესტიციაა“ დააანონსებული.

„ეკონომიკური და საინვესტიციო ფაქტორებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი“ მიენიჭა ასევე თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს [ჯამში 6 335 813,3 კვადრატული მეტრი], სადაც ასევე „არაბული ინვესტიციაა“ დაანონსებული. ეს ნაკვეთები [კრწანისის პარკი] უკვე უზუფრუქტით შპს „იგლ ჰილს საქართველოზეა“ გადაცემული.

თბილისსა და გარდაბანში მიწის ნაკვეთები [მონიშნულია თეთრი ფერით], რომელთაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა. / ფოტო მთავრობის დადგენილების დანართიდან
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია არაბულ კომპანია „Eagle Hills-სთან თანამშრომლობის ფარგლებში“ აჭარის მთავრობამ 2025 წელს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

ამ თემაზე:

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოს ყოფილ პოლიგონზე, სადაც მშენებლობა შეზღუდულია აეროპორტის გამო

 

 

ეთიკის ქარტია ეხმიანება ჟურნალისტების გათავისუფლებას აჭარის ტელევიზიიდან

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

ქარტიის განცხადებაში ვკითხულობთ:

„2 ივნისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 14 თანამშრომელს დირექციამ ელექტრონული ფოსტით შეატყობინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მათ შორის არიან გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე და ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნულმა დირექტორმა ირაკლი კიკვაძემ გამოცემა „ბათუმელებთან“ კომუნიკაციაში გათავისუფლებები მაუწყებელში მიმდინარე რეორგანიზაციას დაუკავშირა. მან განმარტა, რომ მის გუნდს ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და სხვა მიზეზების გამო ბევრი გადაცემის გაუქმება მოუწია.

ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს.

გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება.

ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება.

კვლევები აჩვენებს, რომ მას შემდეგ რაც ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელი იმპიჩმენტის შედეგად დატოვა, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა და პარტიულ დღის წესრიგს დაემორჩილა. ტელევიზია სხვადასხვა ხელმძღვანელობის პირობებში ეტაპობრივად  გათავისუფლდა კრიტიკულად მოაზროვნე ჟურნალისტებისგან. ახლა, სავარაუდოდ, ამ სისტემური პროცესის ბოლო ტალღის მოწმე ვხდებით.

ქარტია სოლიდარობას უცხადებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ კოლეგებს და მაუწყებლის მენეჯმენტს სამართლიანობისკენ, რეორგანიზაციის პროცესში კი გათავისუფლებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისა და სიცხადისკენ მოუწოდებს“.

53 500 ლარი მორიგი ობიექტების დასანგრევად ბათუმში – მუნიციპალურმა ინსპექციამ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის ტერიტორიაზე „უსახური სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს“ აგრძელებს, თუმცა „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟისთვის“ რესურსი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ინსპექციამ 53 500 ლარით ტენდერი გამოაცხადა.

2026 წლის მაისის დასაწყისში ინსპექცია აცხადებდა, რომ „უნებართვო და უსახური შენობა ნაგებობების დემონტაჟი“ 24 საათის განმავლობაში უნდა გაეგრძელებინა, რისთვისაც 15 ივნისამდე, ჯამში, 50 625 ლარის დახარჯვას ტენდერის გარეშე აპირებდა.

„დღეის მდგომარეობით შემსყიდველი ორგანიზაციის ხელთ არსებული რესურსით შეუძლებელია უკანონო ნაგებობების დემონტაჟის განხორციელება. შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულოა დემონტაჟის უსაფრთხოების წესების დაცვით მოთხოვნილი სამუშაოების სრულყოფილი შესრულება. ინსპექციას არ აქვს ტექნიკა [ამწე მექანიზმი, მძიმე სამშენებლო ტექნიკა, და ა.შ.] და არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი დემონტაჟის ღონისძიებების განსახორციელებლად“ – წერდა მაშინ ინსპექცია შესყიდვების სააგენტოს.

ვრცლად ამ თემაზე: რა დარჩა ბათუმის მერიას დასანგრევი – „უნებართვო კაფე-ბარების“ დემონტაჟისთვის 170 ათასი ლარი იხარჯება

გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის მიღების ეტაპზე სააგენტომ მუნიციპალურ ინსპექციას გარკვეული დეტალების დაზუსტება-დასაბუთება მოსთხოვა.

„გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააკონკრეტოთ, თუ როდის დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება. ამასთან, განმარტეთ, თუ რატომ არის შეუძლებელი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის აღმოფხვრა ელექტრონული ტენდერის საშუალებით და რატომ უნდა დასრულდეს წინამდებარე მომართვით განსაზღვრული სამუშაოები 2026 წლის 15 ივნისამდე.

ასევე, [კითხვარის სხვადასხვა ველში მითითებული] ინფორმაცია მოიყვანეთ ერთმანეთთან შესაბამისობაში. ასევე განმარტეთ, თუ რის საფუძველზე დადგინდა შესყიდვის ობიექტის ღირებულება…“ – მიწერეს შესყიდვების სააგენტოდან მუნიციპალურ ინსპექციას.

დეტალების დაზუსტების ნაცვლად კი, მუნიციპალურმა ინსპექციამ თავისი განაცხადი სააგენტოდან უკან გაიხმო და მოგვიანებით ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 9 ივნისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამჯერად 53 500 ლარია.

სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობა ტენდერიდან

„სამუშაოები უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მიმწოდებელს წერილობით გადაეცემა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობებში.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, პარალელურად, ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარის ტენდერები აქვს გამოცხადებული საკუთარი კომფორტისთვის.

ინსპექციამ სამი ერთეული მე-III კლასის მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილის შესაძენად ელექტრონული ტენდერი 223 ათას 200 ლარით გამოაცხადა. შპს „სენა ავტო“ ინსპექციას ავტომობილებს 187 ათას 800 ლარად სთავაზობს. ეს ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის I სართულის სივრცეში სამსახურის ახალი ოფისის მოსაწყობად კი, მუნიციპალურ ინსპექციას ტენდერი 949 ათას 865 ლარით აქვს გამოცხადებული.

ამ თემაზე ვრცლად:

„ოცნებამ“ 175 მილიონი ლარის ავტომანქანები იყიდა – წელს 36 მილიონზე მეტს დახარჯავს

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

 

 

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს – „მიზეზი კრიტიკული აზრის ჩახშობაა“

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს.

დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოტივი, ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციაა.

სამსახურიდან დაითხოვეს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, ასევე სხვა ჟურნალისტები – თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდი და სალომე გეგეშიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა ირინა ყურუას და მაია მერკვილაძეს.

„რეორგანიზაცია სამი თვეა უკვე მიმდინარეობს და ამის შესახებ გვქონდა ინფორმაცია, თუმცა დღეს მივიღე მეილი, სადაც მადლობას მიხდიან ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის და მატყობინებენ, რომ შრომითი ხელშეკრულება შემიწყვიტეს.

„მოხარული ვიქნებით, თუ მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში“, – ესეც მომწერეს. სექტემბერში ყოფილა კონკურსი დაგეგმილი“, – ამბობს ირინა ყურუა „ბათუმელებთან“.

ირინა ყურუა მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება, ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობას უკავშირდება.

„ოფიციალურად რაც გამოგვიცხადეს, არის ის, რომ სტრუქტურა უნდა შეცვალონ და რომ ტელევიზიაში ყველაფერი გასამართია. მოგვთხოვეს თითო გადაცემის გადაგზავნა შესაფასებლად და მეც გადავუგზავნე ჩემი ერთი გადაცემა.

არ ვიცი ამ ერთი გადაცემიდან რა დასკვნა გამოიტანეს და რა კომპეტენციით შეფასდა ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთი გადაცემაც ძალიან ღირსეული იყო და არ მგონია, რომ ჟურნალისტურ სტანდარტებთან ან რაიმე კანონთან შეუსაბამო იყო.

არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ შემიწყვიტეს გადაცემა. უბრალოდ, მეილში ეწერა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად შემუშავებულ ახალ ბადეში გადაცემა – „სათქმელის“ ადგილი ვერ მოიძებნა.

მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს. ისმოდა კრიტიკული კითხვები, რაც აუდიტორიისთვის საინტერესო იყო.

ჟურნალისტიკა მე ასეთი მგონია და ჩემს სტუდენტებსაც ასე ვასწავლი, რომ უპირველესია კრიტიკული კითხვის დასმა. თუ შენ მრავალფეროვნებას და განსხვავებულ აზრებს ვერ სთავაზობ მაყურებელს, მაშინ არ მგონია ღირებული იყოს მსგავსი გადაცემა.

ვფიქრობ, ამიტომ უშლიდა ნერვებს ზოგიერთს, რომ სწორედაც კრიტიკული აზრი, კრიტიკული მოსაზრებები და განსხვავებული აზრი ისმოდა ამ გადაცემაში“, – ამბობს ირინა ყურუა.

ის ამბობს, რომ აპირებს სამართლებრივ ბრძოლას მისი უფლებების დასაცავად.

„არა მგონია კონკურსამდე ასე გავჩერდე, მაინც ვიბრძოლებ საკუთარი უფლებებისთვის, იმიტომ, რომ არ არის ეს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – ამბობს ირინა ყურუა.

მაია მერკვილაძეც მიიჩნევს, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის.

„სადღაც სამი თვის წინ მოგვივიდა ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და ყველას მოგვაწერინეს ხელი. იმ დღეებში შევხვდით დირექტორს, რადგან მაინტერესებდა, რას გულისხმობდა ეს რეორგანიზაცია.

მითხრა, რომ ეს ძირითადად ეხებოდა შემოქმედებით გადაცემებს და ასევე ისეთ საკითხებს, სადაც ერთი ადამიანი იკავებდა რამდენი პოზიციას.

მე ვარ რადიოს საინფორმაციოს რედაქტორი, პოზიციების დუბლირება ჩემთან არ იყო და არც შემოქმედებით გადაცემებს წარმოადგენდა ჩემი სამსახური. ამიტომ რაღაც მაინც დარჩა აუხსნელი. ელემენტარულ ლოგიკაშიც არ ჯდება ეს გადაწყვეტილება, ამიტომ მაინტერესებს რატომ გადაწყვიტეს ასე.

ახალი დირექტორი სამი თვეა დაინიშნა. როგორ გაერკვა ყველა თანამშრომლის კომპეტენციაში და ფუნქციებში ასე სწრაფად არ ვიცი“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

მისი თქმით, მიღებულ მეილში არც იმაზე იყო საუბარი, რომ შეეძლო კონკურსში მონაწილეობა.

„მსგავსი არაფერი წერია მეილში. მოკლედ, ასე პირდაპირ წერია, რომ შეწყდა ჩემთან ხელშეკრულება.

მე დირექტორის არგუმენტები მაინტერესებს თორემ, მე მაქვს ჩემი არგუმენტები და ვიცი, რატომ შეიძლება შეეწყვიტათ ჩემთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს არ ვიყავი საკმარისად აქტიური, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა ტელევიზიის დირექტორს ირაკლი კიკვაძეს, რომელმაც სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, თუმცა მოგვიანებით მოგვწერა, რომ ჟურნალისტები სამართლებრივი ნორმების დაცვით გაათავისუფლეს.

„მაუწყებელში რეორგანიზაცია იყო დაგეგმილი და დაანონსებული, ჩვენმა გუნდმა მოსვლისთანავე დაიწყო ტელევიზიისა და რადიოს შიგნით არსებული გამოწვევების შესწავლა.

პროცესი მიმდინარეობს ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით. გვაქვს კიდევ არაერთი გამოწვევა და ამ გამოწვევებთან გამკლავების გეგმებიც. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება.

ამ ეტაპზე  ინფრასტრუქტურული და არამხოლოდ მიზეზების გამო, ბევრი გადაცემის გაუქმება მოგვიწია. ამ მიმართულებითაც გვაქვს სამომავლო გეგმები და ადამიანებს მიეცემათ საშუალება საეთერო დროის გამოყენების, როცა ამის პირობები იქნება“, – მოგვწერა ირაკლი კიკვაძემ.

თუმცა არ დაგვიზუსტა, 5 პირის გარდა, კიდევ რამდენმა დასაქმებულმა მიიღო გათავისუფლების შესახებ შეტყობინება და რამდენი დასაქმებულის გათავისუფლება იგეგმება მთლიანობაში.

ამერიკაში თავშესაფრის მისაღებად „ქეისებს“ ქმნიდნენ – პროკურატურამ 3 პირი დააკავა

„საქართველოს ოთხმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს,“ – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივნისს გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია აღნიშნავს, რომ საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ: ყალბი ე.წ. „ქეისის“ შედგენის სანაცვლოდ 1 000 – 1 500 აშშ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3 000 აშშ დოლარს.

გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის, თითოეული მოქალაქისგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6 000-8 000 აშშ დოლარამდე თანხას.

ასევე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს.

გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც ჰპირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი, ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოსდა, ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია.

საქართველოს პროკურატურის და აშშ-ს საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა, ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.

ჯგუფის წევრებმა საქართველოს 65 მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად, დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112 000 აშშ დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს.

მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისგან მიიღეს 142 786.43 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო,“ – აღნიშნა თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ დღეს, 2 ივნისს მოწყობილ ბრიფინგზე.

______________________

მთავარ ფოტოზე: თბილისის პროკურორი გიორგი მიქაია

საიამ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი ტროტუარზე დგომის საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 27 მაისს მოქალაქე დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.

„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6 (1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; 17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა)“ – წერს საია და დეტალურად განმარტავს თითოეულ მუხლთან დაკავშირებით:

„შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ.

ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის – „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავისთავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ის ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა.

თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა.

იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება – ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეაფასეს მტკიცებულებები ობიექტურად, მხედველობაში არ მიიღეს დაცვის მხარის მნიშვნელოვანი შუამდგომლობები, მიიღეს შაბლონური გადაწყვეტილებები, არასწორად გამოიყენეს საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები და პრეცედენტები, რითაც დაარღვიეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპი.

ამასთანავე, სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ შსს-მ ვერ დაამტკიცა მომჩივნის მიერ ტროტუარის განზრახ ბლოკირება და „საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა.

უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა – მომჩივნის საქმე არ არის ერთადერთი ინციდენტი, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების სისტემური, წინასწარ დაგეგმილი ბოროტად გამოყენების ნათელ მაგალითს, რაც ქვეყანაში 2024 წლიდან მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლისა და მზარდი ავტორიტარიზმის პირდაპირი შედეგია.

ხელისუფლებამ პროევროპული აქციების ჩასახშობად მიზანმიმართულად მიიღო რეპრესიული კანონები, ტროტუარზე დგომა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრებას გაუთანაბრა და ამ ქმედებისთვის ერთადერთ სასჯელად პატიმრობა დააწესა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასამართლო თავისუფალი პროტესტის წინააღმდეგ მიმართულ სადამსჯელო ინსტრუმენტებად აქცია.

ამასთანავე, აღნიშნული ქმედების ხელახლა ჩადენა („ტროტუარზე დგომა“) გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

აქციის მონაწილეების იდენტიფიცირების მიზნით სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, ეროვნული სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, დაცვის მხარის არგუმენტების სრული უგულებელყოფა, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წამება/არასათანადო მოპყრობა, დემონსტრანტებისა და აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძრვრა, ათასობით მშვიდობიანი აქციის მონაწილის დასჯა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ემსახურება არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, არამედ საზოგადოებაში „მსუსხავი ეფექტის“ (chilling effect) შექმნას, რათა სრულიად განადგურდეს ევროპული კონვენციით დაცული შეკრების თავისუფლება, ჩაიხშოს განსხვავებული აზრი და მოისპოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლები.

დისკრიმინაციის აკრძალვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად – მომჩივნის უფლებების დარღვევა დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რადგანაც მომჩივანი არის პროევროპული აქციების მონაწილე.

2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მიიღო კანონები, რომლებსაც შსს და სასამართლო ექსკლუზიურად პროევროპული აქციების მონაწილეების დასასჯელად იყენებს.

ის ფაქტი, რომ უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის მოქალაქეებს ფაქტობრივად ყოველდღიურად უფარდებენ ადმინისტრაციულ პატიმრობას, ნათლად ადასტურებს, რომ მომჩივნის საქმე რიგითი სამართალწარმოება კი არა, პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური დისკრიმინაციის ნაწილია“ – ნათქვამია საიას განცხადებაში.

დიმიტრი ჯამბურია და სანდრო მეგრელიშვილი პირველები იყვნენ, რომლებსაც პატიმრობა შეუფარდეს ტროტუარზე დგომის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით. მეგრელიშვილი და ჯამბურია მონაწილეობდნენ 2025 წლის დეკემბერში, თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციაში, რომელიც ტროტუარზე გაიმართა.

______________________

ფოტოზე: დიმიტრი ჯამბურია

დაკავება ნარკოტიკებზე ბათუმის აეროპორტში – ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შსს-ს ცნობით, პოლიციამ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი – 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

____________

ფოტო: შს სამინისტრო

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 ივნისის 21 საათიდან 3 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 4-5 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

_______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 2 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 2 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 366 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 440. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 969 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 666 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 43 112 ერთეული [+75]
  • MLRS – 1 821 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 400 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 323 762 ერთეული [+1 583]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 542 ერთეული [+14]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 102 138 ერთეული [+517]
  • სპეცტექნიკა – 4 241 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 693 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამ თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ბარემ პირდაპირ მიუერთონ განათლების სამინისტრო შსს-ს“- რევაზ აფხაზავა

პირველ ივნისს „112-ის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი არსოშვილს, განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სსიპ-ი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩააბარეს.

გიორგი არსოშვილი მესამე ძალოვანია, რომელიც ამ უწყებაში დაინიშნა ბოლო ერთ წელში.

„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია, მისი პირველი მოადგილე, გიორგი ღირსიაშვილი კი განათლების სისტემაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან მოვიდა. 

რაზე მეტყველებს, როცა მაღალჩინოსანი ძალოვნები განათლების სისტემაში გადადიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, „თავისუფლების მოედნის“ წევრს, რევაზ აფხაზავას ესაუბრა.

მისი შეფასებით, განათლების სისტემაში ამდენი ძალოვნის მოყვანით, „ოცნება“ ცდილობს მოათვინიეროს სკოლა და უმაღლესი განათლების სისტემა.

„ცდილობენ განათლების სისტემა ამუშაონ არა ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მოსწავლეების თუ სტუდენტების უკეთესი მომავლისათვის და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, არამედ რაღაც ელექტორალური მოსავლის ასაღებად.

ეს არის მათი ამოცანა, რომ განათლების სისტემა იყოს ნახევრად მილიტარიზებული, რაღაც პოლიციური ორგანო. განსაკუთრებით სკოლებზე აქვთ აქცენტი და უმაღლეს სასწავლებლებზე, სადაც, წესით, უნდა იყოს აკადემიური თავისუფლება და ინსტიტუციური ავტონომია.

უნდათ, რომ სკოლები გადააქციონ რეგიონულ ოფისებად და ფაქტობრივად, ამ მიმართულებით უკვე ძალიან წინ არიან წასულები. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ პოლიციის და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნები ინიშნებიან აქ. ეს არ ხდება შემთხვევით იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კონკრეტული მიზნები და ეს მიზანია განათლების სისტემის მორჩილება და პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევა“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

მისი შეფასებით, ამას ახერხებენ კიდეც გარკვეულწილად და რაც უფრო იზრდება წნეხი მასწავლებლებზე, მით უფრო იზრდება უკმაყოფილებაც.

„ჩვენ ვისმენთ პირად საუბრებში ამ უკმაყოფილებას და პოლიციური კონტროლი არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მართლა გულწრფელად მათი მხარდამჭერები არიან. ეს არის წნეხი, რომელსაც ერთხელაც ბზარი გაუჩნდება და გაარღვევს ამ რაღაც პოლიციური სისტემის დამბას და მართლა წარღვნასავით, ღვარცოფივით მიაწყდება მთელ სისტემას“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

რა გიჩენთ ამის განცდას? – ვკითხეთ მას. რევაზ აფხაზავას აზრით, პოლიტიკურ წნეხში განათლების სისტემის მოქცევას წინა ხელისუფლებაც ცდილობდა, თუმცა ამან ვერ გამოიღო სათანადო შედეგი.

„მათ მაინც ვერ მოიგეს არჩევნები. დღეს კი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ბევრად რეპრესიულია, იქნება ეს ტოტალური მოსმენები, რაც ჩვენ ვნახეთ ეს სუს-ის კრებსებშიც, სადაც გამოჩნდა, რომ უსმენდნენ არა მხოლოდ სასულიერო პირებს და პოლიტიკოსებს, არამედ სკოლის დირექტორებსაც და ამის მიხედვით იღებდნენ გადაწყვეტილებებს ვინ უნდა დაეტოვებინათ ან გაეშვათ სამსახურებიდან.

ფაქტობრივად დაცალეს მთელი სისტემა პროფესიონალებისგან, იმიტომ, რომ ამათ არ აინტერესებთ არც ზოგადი და არც უმაღლესი განათლება. აინტერესებთ მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება და მათი კეთილდღეობის შენარჩუნებას უნდათ, რომ გადააყოლონ ჩვენი შვილების მომავალი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

რას გაგონებთ ეს? – ვკითხეთ რევაზ აფხაზავას. მისი შეფასებით, „ეს ყველაფერი, თუნდაც საპოლიციო ძალების გადმოსროლა ამ სისტემაში, ემსახურება იმ მიზანს, რომ ზეგავლენა მოახდინონ ახალგაზრდების თავისუფალ ნებაზე“.

„ეს ჩანაფიქრი და რეგლამენტიც საბჭოთაა, კრემლში დაწერილი სცენარია, რომლითაც ესენი ხელმძღვანელობენ. მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლეს ვერც საბჭოთა კავშირის დროს, როცა გაცილებით უფრო ძლიერი მექანიზმი მუშაობდა და გაცილებით თანმიმდევრული და ამათზე ჭკვიანი და საქმის გამკეთებელი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ჩამოიშალნენ.

იმიტომ, რომ ასეთი ტიპის იდეოლოგიური წნეხი ვერ მუშაობს.

„ოცნება“ დიდი ხანია ებრძვის სამოქალაქო განათლებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დამოუკიდებელი მსჯელობის უნარს, პროპაგანდის და ნამდვილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევას. აქამდე ებრძოდნენ ვითომ ფუნდამენტალისტური, ვითომ ეროვნული, რეალურად ფსევდოეროვნული ორგანიზაციების საშუალებით, მაგრამ ახლა თვითონ გადაიბარეს ეს ფუნქცია და ფაქტობრივად, საბჭოთა მიდგომებს გვიბრუნებენ, რომ სკოლა არის პარტიის დანაყოფი, პატარა უჯრედი, სადაც ხდება სისტემისთვის მორჩილი ხალხის გამოზრდა.

საბედნიეროდ, დღეს 21-ე საუკუნეა და ეს ასეთი ტიპის არქაული რეგლამენტებით და გზამკვლევებით მოქმედება შედეგს ვერ გამოიღებს. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა კავშირის დროსაც კი როგორი აგდებული დამოკიდებულება იყო ამ ყველაფრის მიმართ და არც პავლიკ მოროზოვი ყოფილა ქართველი.

ჩვენ სხვა ღირებულებების, სხვა ტრადიციების და სხვა იდენტობის ხალხი ვართ, ამათ კი უნდათ ამ რუსული გეგმით გავიდნენ, მაგრამ კისერს წაიტეხავენ“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

მის აზრით, დღეს თანამედროვე მსოფლიო გაცილებით დინამიკურია და წესით, „ქართული ოცნების“ არსებობა აქამდეც არ უნდა გაგრძელებულიყო.

„მაგრამ ესენი მანიპულირებენ ეკონომიკური მდგომარეობით და აი, ამ ფაქტობრივად სოციო-ეკონომიკურ ტყვეობაში ჰყავთ მასწავლებლებიც, ეკონომიკური შანტაჟით არიან დაკავებულები, რადგან დღეს მასწავლებლებისთვის სამსახურის დაკარგვა ფაქტობრივად შიმშილით სიკვდილის ტოლფასი.

ამით აშანტაჟებენ ადამიანებს, თორემ მზე და მთვარე არ ამოსდით „ქართულ ოცნებაზე“. უბრალოდ, მძევლად ჰყავთ აყვანილი ეს ხალხი ამ ეკონომიკური მდგომარეობით. თუმცა არის რაღაც მიჯნა, რომლის იქეთ ეს ეკონომიკური კეთილდღეობაც აღარ არის მნიშვნელოვანი, როცა ბავშვების მომავალს ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე და ფაქტობრივად, ხელისგულზეა ეს ყველაფერი“ – ამბობს რევაზ აფხაზავა.

15 სექტემბრისთვის „ქართული ოცნება“ სკოლებში ახალ სახელმძღვანელოებს შეიტანს. რა ეწერება წიგნებში? რა საფრთხეები არსებობს? – ვკითხეთ მას.

„მაგალითად, 40-იან, 60-იან თუ 70-იან წლებში როცა რკინის ფარდა იყო ჩამოფარებული და სამყაროსთან შეხების ერთადერთი ფანჯარა სახელმძღვანელო იყო, მაშინაც კი არ ჭრიდა ასეთი იდეოლოგია. დღეს კი ახალგაზრდებმა გაცილებით მეტი იციან და მათი მოტყუება არ იქნება ადვილი.

ამიტომ, რასაც ესენი აკეთებენ ეს არის ანაქრონიზმი. დაკარგული აქვთ ადეკვატურობა. ფორმები რომ ჩააცვან ბავშვებს, ამასაც კი ვერ მოაბეს თავი, რადგან არც დაგეგმვა იციან და არც ანგარიში. ან რატომ უნდა ეცვას ყველა მოსწავლეს ერთ თარგზე მოჭრილი ფორმა, რა საჭიროა ეს ყველაფერი, რა განათლების საქმეა ეს.

გამოტენეს სამინისტრო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებით, რომლებმაც არაფერი იციან განათლების, რომელიც ურთულესი სისტემაა და ყველა რგოლი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ამათ კი საერთოდ განათლების სპეციალისტი აღარ ჰყავთ, რომელსაც შეუძლია ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაადგინოს.

112-ის ყოფილი უფროსი კი ვერაფერს დაადგენს. საუკეთესო შემთხვევაში ის შეიძლება იყოს უფრო ტექნოკრატი ადამიანი, რომელიც რაღაც ადმინისტრაციულ საკითხებს აგვარებს.

ის უწყება, რომელიც მას ჩააბარეს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რადგან აქ ხდება ინფორმაციის თავმოყრა, დახარისხება, რომ შემდეგ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდეს და მათ ამის კომპეტენცია არ აქვთ. ესენი ალბათ შსს-ს ბაზებს მიაბამენ სკოლის ბაზებს და ექნებათ კონტროლის რაღაც ერთიანი სისტემა, რომელიც ასევე ჩაუფლავდებათ.

ან რად უნდათ ასეთი სისტემა – სკოლაში ბავშვები აღარ დარჩათ, საზღვარგარეთ გარბიან ოჯახები ბავშვებით, მასწავლებლობის მსურველი აღარ ჰყავთ, მომზადების პროგრამები დაკეტეს და გაუბედურეს განათლების სისტემა.

მოიყვანონ ბარემ ჯარისკაცები, პოლიციელები, უშიშროების თანამშრომლები და დანიშნონ ან პირდაპირ მიუერთონ შინაგან საქმეთა სამინისტროს განათლების სისტემა თუ ნახევრად გასამხედროებული დაწესებულება უნდათ.

მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ცუდად მოუბრუნდებათ ეს ყველაფერი, რადგან ამას გვაჩვენებს ისტორიის ყველა ეტაპი“- ამბობს რევაზ აფხაზავა.

„შიში“ – რატომ გადავიდა ივანიშვილი ფეისბუქის კონტროლზე

„რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის,“ – მიიჩნევს სამართალმცოდნე და პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი, ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა ბესელია. 

ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“, რომელიც დღეს, პირველ ივნისს ამოქმედდა შსს-ში, „ოცნება“ გამოიყენებს, როგორც ახალ რეპრესიულ ინსტიტუტს.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ეს ნაბიჯი? – ვკითხეთ ინტერვიუს დროს ივანიშვილის ყოფილ თანამებრძოლს.

„ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები,“ – ამბობს ეკა ბესელია.

„ბათუმელებმა“ ეკა ბესელიასთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „მართლმსაჯულების სახლის“ ხელმძღვანელია.

  • ქალბატონო ეკა, თქვენი დაკვირვებით, რა განზრახვით შეუდგა მუშაობას დღეს, პირველ ივნისს „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“? 

დღეს არსებულ კონტექსტს თუ გავიაზრებთ, რა მდგომარეობა გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით, ამ საფრთხეს კიდევ უფრო კარგად გავიაზრებთ: ადამიანები იდევნებიან შეკრებისა და გამოხატვის უფლების გამო, ადამიანებს აჯარიმებენ ტროტუარზე დგომის გამო, კრიტიკული მოსაზრებების გამო, პოზიციების გამოხატვის გამო, დღეს ადამიანებს არ იცავს კონსტიტუცია, არ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობის მინიმალური სტანდარტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს ამ უკანონო ჩარევისგან.

ასეთ ვითარებაში ეს ინიციატივა სახიფათოა საქართველოში, ვიდრე ეს იქნებოდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

რომ გვქონდეს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, რომელიც აკონტროლებს მოქალაქეების უფლებებში უკანონო ჩარევას და შეაჩერებს უკანონო ჩარევის შემთხვევაში საჯარო მოხელეებს, სახელმწიფოს წარმომადგენლებს და მოქალაქეს დაიცავს, როცა ის მართლაც უნდა დაიცვას, ასეთ შემთხვევაში არ იქნებოდა ეს ინიციატივა ასეთი საფრთხის შემცველი.

  • ხედავთ საფრთხეს, რომ ამ სამმართველოსაც „ოცნება“ გამოიყენებს მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დასასჯელად? 

რა თქმა უნდა, უდავოდ ასე იქნება. ამიტომაც არის ეს შექმნილი.

რეალურად საჯარო სივრცეებში, ქუჩაში უკვე არიან გადასული აგრესიულ ქმედებებზე. გორში მომხდარმა ამბავმა, როცა პოლიციელები თავს დაესხნენ მოქალაქეებს, აჩვენა ეს სიმპტომი. ეს სიმპტომი აჩვენა სხვადასხვა აქციის დარბევის დროს დაშავებული ადამიანების მიმართ ქცევამ, რასაც დღემდე არ მოჰყოლია სამართლებრივი რეაგირება.

ქუჩაში, გარეთ, ამ რეპრესიული და აგრესიული ქმედებებით „ქართული ოცნება“ იცავს თავის უსაფრთხოებას, მაგრამ არ იცავს მოქალაქეს.

ეკა ბესელია

დარჩა ახლა სოციალური მედია, რომლის კონტროლი შეუძლებელია. ამიტომაც, გადაწყვიტეს, რომ შეაშინონ მოქალაქეები. ამის რამდენიმე პრეცედენტი უკვე შექმნეს კიდეც. 

  • დემონსტრაციულად უნდათ დასაჯონ რამდენიმე ადამიანი, რომ ამით დაშინდეს ხალხი და, შესაბამისად, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა დისკომფორტი ვეღარ შეუქმნას ივანიშვილის დაჯგუფებას? 

დიახ, ზუსტად ასეა.

ეს ინიციატივა რეალურად არის ახალი ჟანდარმერიის ფუნქციის მატარებელი არადემოკრატიული ორგანო. როდესაც არ გაქვს დამცავი მექანიზმები ქვეყანაში და გაქვს რეპრესიული სისტემა, როცა სასამართლო არ გაქვს თავისუფალი, ასეთი ინიციატივა ყოველთვის საფრთხის შემცველია და იგი ხდება დამატებითი რეპრესიული ინსტრუმენტი.

ახლა, რადგანაც შსს-ში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ეს სტრუქტურა უკვე შექმნეს, ჩვენ შეგვიძლია მოვიქცეთ შემდეგნაირად: სიძულვილის ენას უფრო მეტად იყენებს „ქართული ოცნება“ – მას ჰყავს დაქირავებული ასეულობით ადამიანი, რომელსაც უხდის თანხას, ქმნის ყალბ გვერდებს და ადამიანების საშინელ დემონიზაციას ახდენს.

მოდით, ასე მოვიქცეთ: ჩვენ თვითონ გადავუღოთ ფოტოები ასეთი სიძულვილის ენის მატარებელ შეტევებს, რაც, მაგალითად, პირადად ჩემზე არაერთხელ მინახავს. ვაპირებ, რომ გადავიღო ყველა ეს კომენტარი და გავუგზავნო ამ სამმართველოს, ვუთხრა, რომ მოადინონ რეაგირება. 

  • ჩვენი მხარდამჭერებიც დაისჯებიან, თუ ვინმე სიძულვილის ენას იყენებსო, დღეს მამუკა მდინარაძე ამბობდა ბრიფინგზე.

რადგანაც სიძულვილის ენის გამოყენებას აქვს ჩემ წინააღმდეგ ინსტიტუციური და ორგანიზებული შეტევის სახე, ასევე, ვხედავ ამის უკან „ქართული ოცნების“ ხელს, ასეთ ქცევებზე ვაპირებ, რომ გავაკეთო რეაგირება. არ მეზარება საჩივრების წერა. ჩემს ოფისში ძალიან კვალიფიციური იურისტები მუშაობენ და ამით ნამდვილად დავკავდებით. მაინტერესებს, როგორ მოიქცევიან. 

  • ბოლო პერიოდში, შეცვალეს კანონი იმ კუთხითაც, რომ, მაგალითად, თანამდებობის პირის შეურაცხყოფა განსაკუთრებულად დასჯადი გახდა: გათვალისწინებულია ჯარიმა 4 ათას ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე. მოქალაქის, მათ შორის, თქვენი შეურაცხყოფის შემთხვევაში, როგორ უნდა იმოქმედოს ახალმა სამმართველომ „ოცნებისვე“ მიღებული კანონებით? 

ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას დაადგენს შსს.

აქამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმებს ისე ადგენდნენ და პირდაპირ აჯარიმებენ ადამიანებს, შემთხვევით გებულობენ ეს ადამიანები, რომ თურმე დააჯარიმეს ადმინისტრაციული წესით, ან სასამართლოში დაიბარეს.

სინამდვილეში, კოდექსი კი არ შეიცვალა, არამედ მიდგომები – ადამიანი გამოხატვის თავისუფლების გამო შეიძლება დასაჯანონ. ეს, ცხადია, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

  • სიძულვილის ენას ვებრძვითო, ასეთია „ოცნების“ რიტორიკა.

მიზანი თუ არის სიძულვილის ენასთან ბრძოლა, ეს ითარგმნება იურიდიულად – გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა. გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დარღვევა კი უნდა განიხილოს თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ. ამას ვერ გადაწყვეტს შსს. 

ამიტომაც, ვთქვი თქვენთან საუბრის დასაწყისში: როდესაც დამოუკიდებელი სასამართლო არ გაქვს ქვეყანაში, რა სტანდარტი უნდა დაადგინოს სასამართლომ?

გამოდის, რომ იქნება რაღაც ქაოსური პროცესი და ვიღაცები შეიძლება შეაშინონ ამ ადმინისტრაციული ჯარიმებით, მერე ჩვენ მოგვიწევს იქით შევუტრიალოთ უამრავი, ვაჩვენოთ ოფიციალური პირების, თუ ყალბი გვერდების მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური, სიძულვილის შემცველი განცხადებები და ვთქვათ: მოხდეს ამაზე რეაგირება. თუ ისევ გვექნება არასწორი დასჯის პრეცედენტები, მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს.

ჯერ არ ვიცით, რა პრაქტიკას შექმნიან. ქვეტექსტი კი ჩანს ის, რომ უნდათ, მოქალაქეები შეაშინონ. რეალურად ეს არის რუსული ხელწერა. ასე მგონია, აი, კონტროლის მექანიზმი ჩართეს და მოქალაქეებს ეუბნებიან: ყველგან გაკონტროლებთ. დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ ეს მიდგომა განწირულია მარცხისთვის. მათ მოუწევთ საკუთარი მომხრეების, მათ მიერ დაფინანსებული ყალბი გვერდების ავტორების გამოვლენა. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი არგუმენტი.

რეალურად ეს გამოუვათ, ასე მგონია.

  • როცა ფეისბუქის კონტროლს იწყებს ივანიშვილი, ეს რაზე მიუთითებს: რა ეტაპზეა ახლა ივანიშვილი დემოკრატიის წინააღმდეგ? 

ეს მიუთითებს შიშზე. შიშია ამის განმაპირობებელი. როგორც ჩანს, შიშს მოაქვს ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები. ვისაც არ ეშინია, მას არ სჭირდება მსგავსი მეთოდები.

„ეს აღიქმება პოლიტიკურ მუქარად“, ანუ რა ჩანს „ჯაშუშების დაკავების ბრიფინგებში“ – ინტერვიუ

სუს-მა, ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით ერთ დღეში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მანამდე იყო კიდევ ორი პირის დაკავების შემთხვევა იმავე ბრალდებით. ვის იჭერს და ვის ემუქრება „ოცნების“ ხელისუფლება? – ამ თემაზე ვესაუბრეთ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრსა და უშიშროების საბჭოს ყოფილ მრჩეველს, თეონა აქუბარდიას.

  • ქალბატონო თეონა, დღეს მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „რეალური ჯაშუშები“ დავაკავეთ ჩვენ, მანამდე მსგავსი შემთხვევა არ ყოფილაო. თქვენი შეფასებით, რაზე მეტყველებს ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანების დაკავება ასე მოკლე დროში?

დავიწყებ იმით, რომ ჯაშუშების დაკავება აბსოლუტურად პოლიტიკური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პოლიგონი, განსაკუთრებით კი ოკუპანტი რუსეთის. რუსეთს ქსელიც ექნება, სავარაუდოდ, პრორუსული ნარატივებისთვის – ესეც არ არის ახალი.

ის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ ერთი-ორი საქმე ვიცით, ასე ვთქვათ, ჯაშუშობის გამოვლენის და გაძევების, ამაზე თავად გრიგოლ ლილუაშვილი საუბრობდა, როდესაც საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და თქვა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოავლინეს და გააძევეს. სხვა დანარჩენზე არაფერი ვიცოდით.

თუმცა, პოლიტიკური ხასიათის ჭრილში „პანდორას ყუთი“ გახსნა მამუკა მდინარაძემ, როცა ის კოორდინატორად გადაიყვანეს [სუს-ის უფროსობის მიუხედავად] და გვითხრეს, რომ დააკავეს ახალგორელი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით და ორი გაექცათ.

შემდეგ, სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა თანაგუნდელი უძილაურის დაკავებას, როდესაც თითი უქნიეს დასავლეთის სპეცსამსახურებს და თქვეს, რომ იცოდნენ რას აკეთებს აქ დასავლეთი და რომ გაიყვანონ თავიანთი ჯაშუშები. ეს მაშინ, როცა კანონში გვიწერია, რომ რუსეთია ოკუპანტი და არა დასავლეთი. ოკუპაციის და ფაქტობრივი ანექსიის პირობებშია საქართველო რუსეთის მხრიდან და ამაზე დუმილს არჩევენ.

  • ბრიფინგზე, პროპაგანდისტულმა მედიამ დაასახელა ქვეყნები – რუსეთი, ირანი, საფრანგეთი და პოლონეთი, რომ თითქოს ამ ქვეყნების ჯაშუშები დააკავა სუსმა, თუმცა მდინარაძემ პოლონეთი გამორიცხა. გამოდის, საფრანგეთი ჰყავდა მხედველობაში? 

დავიწყოთ იქიდან, საერთოდ რა ხელწერაა ეს, როდესაც სუს-ი აკავებს საქართველოს მოქალაქეებს და რუსეთის არცერთი მოქალაქე არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეები, დარწმუნებული ვარ, გვარიანად მუშაობენ აქ, საქართველოს წინააღმდეგ.

მაგრამ ისინი აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და შემდეგ ჟონავს ხოლმე ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნის „ჯაშუშია“ დაკავებული. გავიხსენოთ პირველი შემთხვევა, როცა „რუსთავი 2“-ს გააჟღერებინეს, რომ დაკავებული იყო რუსეთის ჯაშუში, შემდეგ დასავლეთის ჯაშუში [უძილაურზე თქვეს]. შესაბამისად, ინფორმაციის გაცემის ქსელი აწყობილი აქვთ ასე, რომ ჯერ სუს-მა უნდა თქვას, რომ რომელიღაც ქვეყნის ჯაშუში დააკავეს, შემდეგ მათი ტელევიზიები ასახელებენ, რომელი ქვეყნის ჯაშუში იყო.

შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკურ პროცესს და არა სპეცსამსახურების კლასიკურ მუშაობას სახელმწიფო ინტერესების დასაცავად.

მე რასაც ვუყურებ, ეს არის პარტიული ინტერესების დაცვა და არა რეალური ჯაშუშების გამოვლენა. მით უფრო მაშინ, როდესაც დასავლეთზეა განსაკუთრებული აქცენტი და მამუკა მდინარაძის დღევანდელი მუქარა, რომ იცის ვინ რას აკეთებს და მათაც მიწვდებიან. ეს აღიქმება უფრო პოლიტიკურ მუქარად და არა ის, რომ ისეთი ძლიერია ჩვენი სპეცსამსახური, რომ უკან ჩამოვიტოვებთ ბრიტანეთს და ისრაელს.

  • „უამრავ ადამიანზე გვაქვს ინფორმაცია“ – თქვა მდინარაძემ. რას ნიშნავს ეს „უამრავი“?

მაშინ, როდესაც მთელ ამ საქმეებს ადევს გრიფით საიდუმლო, ადვოკატი შეზღუდულია გაუთქმელობის გამო და არ შეუძლია საქმესთან დაკავშირებით რაიმე თქვას, ასე შეუძლიათ ყველა ის ადამიანი დააკავონ, ვინც ინგლისურად ლაპარაკობს, ვინც უცხოელს ელაპარაკება, ან დადის უცხოეთში. ასი წელი ვერაფერს გაიგებ, რატომ არის ეს თუ ის ადამიანი დაკავებული თუ არა პოლიტიკური სარჩული.

როდესაც მთელი დასავლეთი რუსეთის ჯაშუშებს აძევებს ქვეყნიდან და რუსეთს აღიარებენ მთავარ საფრთხედ, ამ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყნის კოორდინატორი და ყოფილი სუს-ის უფროსი, რომელიც სუს-ის ანგარიშში ღიად წერდა, რომ (ჯერ კიდევ პარლამენტშია შესული და არაფრით განიხილა პარლამენტმა) რუსეთს ყველაფერი აქვს მზად საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის, ახლა „დასავლეთის ჯაშუშებს“ ადებს ხელს.

  • ძალიან მტრული განცხადება გააკეთა საფრანგეთმაო – ასე თქვა მდინარაძემ. რა იგულისხმა „მტრულში“?

სიმართლე გითხრათ, ცოტა არეულად ლაპარაკობდა და დიდი შინაარსი ვერც გამოვიტანე მისი ლაპარაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად უნდოდა წარმოჩენილიყო კოორდინატორის პოზიციიდან.

მაგრამ რუსეთის, ირანის და საფრანგეთის გათანაბრება აჩვენებს, რომ პოლიტიკური შინაარსი, პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ დაკავებებს და არაფერ კავშირში არ უნდა იყოს სახელმწიფო ინტერესებთან. მით უფრო მაშინ, როცა ფარცხალაძე ჰყავს აშშ-ს დასანქცირებული და მხილებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში – ესენი ამბრაზურასავით გადაეფარნენ და გაატანეს ქვეყნიდან სანქცირებული ფული და ქონება.

თეონა აქუბარდია

მოქალაქეობაც კი დაგვიანებით ჩამოართვეს და დადიოდა ეს რომანოვ-ფარცხალაძე საქართველოში ისე, რომ პრობლემა არ შეჰქმნია, სანამ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე არ წამოვიდა. ესეც ისევ და ისევ პარტიის ინტერესით და არა სამართლით.

შესაბამისად, მე ვერ ვხედავ რეალურ საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ჯაშუშებს დასდევს – არა. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.

  • იმ პირებზე რას ფიქრობთ, ვინც დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით?

გულბაათ რცხილაძეს – ყველამ იცოდა, რომ ეს კაცი რუსეთის ინტერესებს ატარებდა საქართველოში და პრორუსულ საქმიანობას ახორციელებდა. არც ის იქნებოდა საიდუმლო, რომ, სავარაუდოდ, ჩემოდნით დაჰქონდა ფული, მაგრამ რატომ ჩასვეს ის დღეს და არა ორი წლის წინ ვთქვათ – რცხილაძემ გააკეთა განცხადება, რომ აპირებდა რუსოფობიის შესწავლას საქართველოში და მერე მოსთხოვდა მდინარაძეს რეაგირება მოეხდინა ამაზე.

არ უნდა დაგვავიწყდეს, პუტინს აქვს შესაბამისი აქტი მიღებული, რომ რუსოფობიული გამოთქმების გამო მათ შეუძლიათ ჯარიც კი გამოიყვანონ ოპონენტი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ ძალიან გაიჭედა ალბათ „ქართული ოცნება“, რადგან ის არ არის იმ დონეზე ძლიერი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას თუნდაც იმ ათასობით მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

  • სხვა ადამიანებიც ვიცით, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ პრორუსები არიან, კრემლის წინ იღებენ ფოტოებს და პუტინს გულშემატკივრობენ. პრიმაკოვის რუსულ ფონდთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დაგვისვამს, თუმცა არ გაუციათ პასუხი ამ კითხვებისთვის. რას აჩვენებს ეს?

მათი ინტერესი არ არის აქ რუსეთის გავლენის ინფრასტრუქტურის ამოძირკვა, მათი ინტერესია რეჟიმის დაცვა. შესაბამისად, რასაც ვუყურებთ, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის დროსაც პოლიტიზებულად იყო ხოლმე ეს ინსტრუმენტი გამოყენებული, ეს მასშტაბი და ხარისხი ნამდვილად არ ყოფილა.

რაც მთავარია, მდინარაძემ თითი დაუქნია დასავლეთს და უთხრა, რომ შენი სპეცსამსახურების მუშაობა საქართველოში შეაჩერე, თორემ ნახე რას გიზამთ. იგივე არ გააკეთა რუსეთზე მაშინ, როდესაც მან შეგნებულად, თავისი სახელისუფლებო არხების მეშვეობით თქვა, რომ რუსეთი, ირანი და საფრანგეთი თურმე ერთად გვებრძვიან.

ბოლო რეზოლუცია, რომელიც იყო საფრანგეთის ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ ესეც უნდა იყოს პოლიტიკური მოტივი. ეს მუქარაც, რომელიც დღეს მოვისმინეთ მდინარაძისგან, მიტოვებს ეჭვებს, რომ ალბათ დაიჭერენ ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლოა საფრთხე იყოს რეჟიმისთვის და დააბრალებენ დასავლეთის ჯაშუშობას.

კომპეტენცია და სახელმწიფო ინტერესები ნამდვილად არ ჩანს ამ ბრიფინგების სერიაში, რაც ჯაშუშობას უკავშირდება. თუმცა ვხედავთ, რომ ერთგვარი გათანაბრება ხდება დასავლეთის და რუსეთის, თუმცა თითის ქნევით საუბრობენ დასავლეთზე არა რუსეთზე. ეს, მგონი, ძალიან მკაფიოდ ჩანდა მდინარაძის ამ ბოლო ბრიფინგების სერიაში.

  • მდინარაძე ივანიშვილის გარეშე ვერ დაუქნევს თითს დასავლეთს. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთთან ვერ გამონახა ივანიშვილმა საერთო ენა ვერცერთ საკითხში?

ისინი არ ცდილობენ დასავლეთთან ენის გამონახვას. ისინი ცდილობენ ტრანზაქციულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. ეს, ცხადია, არ გამოსდით. ისინი ცდილობენ დასავლეთს უთხრან, რომ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან.

დასავლეთისგან არც კრიტიკა წყდება და არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა. შესაბამისად, ორი წელია ისინი ფსონს დებენ მოსკოვზე, მაგრამ იმასაც ვხედავთ, როგორ სუსტდება მოსკოვი რეგიონში. ამასობაში, ამ არასწორი ფსონის გამო, თუ რამე სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა დასავლეთისგან, ყველაფერი გადავიდა სომხეთსა და აზერბაიჯანში და საქართველო მართლა ბედის ანაბარა დატოვებული.

  • ამ დღეებში ზახაროვა აქებდა „ოცნებას“, მრავალპოლუსიან პოლიტიკას ინარჩუნებენო, ამის ჩვენება უნდათ ამ დაკავებებით, რომ თითქოს არც რუსეთის „აგენტებს“ ინდობენ და არც დასავლეთის – ამის გაგრძელებაა ეს?

ის „სუვერენიტეტი“, რასაც „ქართული ოცნება“ აწვება, რუსული კონცეფციის გაგრძელებაა, სურკოვის „სუვერენული დემოკრატიაა“. როდესაც ისინი ამ გზით იცავენ თავს დასავლეთის კრიტიკისგან, დემოკრატიის უკუსვლასა და ხელყოფასთან დაკავშირებით. რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის რეალური პერსპექტივა, ამერიკისა და დასავლეთის მტკიცე გარანტიებით, სწორედ დღეს იქმნება, მაგრამ ამ პროცესიდან სრულიად ამოვარდნილია საქართველო ივანიშვილის პოლიტიკის წყალობით.

მაშინ გვითხრას მამუკა მდინარაძემ, როგორ აქვთ „სუვერენული საქართველო“, როცა მის ხელმოწერილ სუს-ის ანგარიშში წერია, რომ რუსეთს ყველაფერი მზად აქვს ანექსიისთვის და უბრალოდ ხელსაყრელ დროს ელოდება. ამაზე არც მაკა ბოჭორიშვილი იღებს ხმას და არც არავინ მათი ხელისუფლებიდან.

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმ სიყალბეზე, რასაც ისინი სუვერენიტეტის სახელით ფუთავენ იმისთვის, რომ საქართველო დააშორონ ცივილიზაციურ არჩევანს. არავითარი მრავალვექტორულობა აქ არ გვაქვს. ერთი ვექტორია მხოლოდ – ეს არის რუსეთი.

ზახაროვა იმავე ვრცელ ინტერვიუში ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს ოკუპირებულ ცხინვალს და აფხაზეთს, მათ ინტეგრაციაზე საუბრობს. ეს ძალიან კარგად იცის მამუკა მდინარაძემ, მაგრამ ამას უყურებს უჩუმრად და ეს ყველაფერი ნათელს ხდის მთელ ამ საქმეს.

ჩემი აზრით, მთელი ეს ციკლი, გარკვეულწილად მუქარა და გაფრთხილება არა ნამდვილი სპეცსამსახურების წინააღმდეგ, არამედ უბრალო მოქალაქეების წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაიცვან რეჟიმი.

  • „სიძულვილის ენის“ კონტექსტშიც ახსენეს დღეს „გარე ძალები“ – თითქოს იქიდან არის თავსმოხვეული აგრესია.

მით უფრო გაუგებარი იყო მდინარაძის ნათქვამი, რომ გააფრთხილა თურმე გულბაათ რცხილაძე, რომ მოშვებულიყო ამ საქმეს. ანუ იცის, რომ კაცი ჯაშუშია, იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და გააფრთხილა გაჩერდიო. არ გაჩერდა და მერე დაიჭირა.

უბრალოდ, რეჟიმმა დაინახა ის საფრთხე, რომ რცხილაძის საქმიანობიდან გამომდინარე ფეისბუქზე ანტირუსულ გამონათქვამებზე მოუწევდათ რეაგირება და ამას მოჰყვებოდა დაჭერები, რასაც ამას ვეღარ გაუძლებდა „ოცნება“.

სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო რცხილაძის დაკავების ერთ-ერთი მიზეზი, თორემ რცხილაძეს გუშინ კი არ დაუწყია რუსეთზე მუშაობა – ეს ეწერა კიდეც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებში.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რუსეთი აქ გვარიანად მუშაობს თავისი ქსელით და „ოცნების“ მოქმედება ნამდვილად არ ჯდება იმ პოლიტიკაში, რომელიც ნამდვილი სუვერენიტეტის დამცველია. ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რეჟიმი აქ დამკვიდრდეს სამარადჟამოდ.

Exit mobile version