თადარიგი ერთი წლით ადრე უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში მოსახვედრად

 

არაოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობა სურს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ამ დრომდე საკრებულოს ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს. სწორედ მას ჰპირდებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, რომლის შესაქმნელადაც წინა სხდომაზე საკრებულოს რეგლამენტში ცვლილება შეიტანეს.  „ბათუმელების“  წყაროს ინფორმაციით, ლაშა სირაბიძე პარტიაში თანამდებობის შესაძლო დაკარგვის გამო იყო განაწყენებული და ირაკლი ჭეიშვილმა მისთვის მოადგილის თანამდებობის შექმნით „ურთიერთობები დაალაგა“.

 

არაოფიციალური ვერსიით, პარტიის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი ჭეიშვილს იმისთვის სჭირდება, რომ მომავალ არჩევნებზე აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში პირველი ნომერი იყოს; კიდევ ერთი ვერსიით კი, მას ქვეყნის პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარობა სურს. ინფორმაცია თავად ირაკლი ჭეიშვილთან ვერ გადავამოწმეთ, უკვე რამდენიმე კვირაა ის `ბათუმელებისთვის~ ინტერვიუს მისაცემად მზადაა – ეს მისი პასუხია, თუმცა შესახვედრად დრო ვერ გამონახა.

 

 

 

 

ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს თავად ლაშა სირაბიძე. მისი თქმით, ნოემბერში პარტია ყრილობას და ერთგვარ რებრენდინგს გეგმავს, რის შემდეგაც გამოჩნდება შეიცვლებიან თუ არა ქალაქებში პარტიების ორგანიზაციების თავმჯდომარეები. ერთი წელი არჩევნებამდე კი დიდი დროა იმისთვის, რომ ვინმემ სიაში მოსახვედრად თავი გამოიჩინოს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველ ნომრად შეიძლება განიხილონ უმაღლესი საბჭოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი ხელმძღვანელის, კაკო ძნელაძის კანდიდატურაც, მას ბათუმის მომავალ მაჟორიტარადაც ასახელებენ საქართველოს პარლამენტში: `მითუმეტეს, რომ ის ბიძინასაც მოსწონს“.

 

ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საკრებულოდან უმაღლეს საბჭოში გადასვლის სურვილი ჰქონდეს ნატალია ზოიძესაც, ის ამ დროისთვის ბათუმის საკრებულოს რიგითი წევრია და წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მმართველი კოალიციის სიაში მე-11 ნომერი იყო „ქართული ოცნების“ კვოტით.

 

მოიაზრება, რომ ბათუმის საკრებულოდან არჩევნების კიდევ ერთხელ მოსაგებად, ამჯერად უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად, საკრებულოს კიდევ ორი წევრი –   „კონსერვატორებიდან“ დიმა დარჩია და  „რესპუბლიკელი“ ზაურ ახვლედიანი იბრძოლებენ. ინფორმაციას ზაურ ახვლედიანი არ უარყოფს:  „შეიძლება ასეც მოხდეს. თუ მე უმაღლესი საბჭოს სიაში გადავინაცვლე, საკრებულოში `რესპუბლიკელებიდან~ ქალბატონი ლალი ანდღულაძე ჩამანაცვლებს. არც ისაა გამორიცხული, რომ მე საკრებულოში დავრჩე და ლალი უმაღლესი საბჭოს სიაში ჩავწეროთ. ამაზე ჯერ ადრეა საუბარი“.

 

 

ლალი ანდღულაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.

აჭარის ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში კონსერვატორების კვოტით დავით ბაციკაძე შევიდა, მას ვიცე-სპიკერის პოსტიც ჩააბარეს, თუმცა მოგვიანებით ისევ უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, ეს თანამდებობა დაატოვებინეს. ისევე როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდერე ჩიტიშვილს.

 

„ბათუმელების“ წყაროს ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო მწვავე კრიტიკის ობიექტი ბევრჯერ გახდა და მათი მუშაობით ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა, საბჭოს წევრებს ახალ სიაში მოხვედრის შანსი ნაკლებად აქვთ. თანაც პარტია გეგმავს საარჩევნო სია უმეტესწილად ახალი სახეებით შეავსოს: „ამიტომ, ალბათ, სიაში დიმა დარჩიას ჩაწერენ და არა დავით ბაციკაძეს. დიმა დარჩია მაჟორიტარი არ არის და მას ბათუმის საკრებულოში ვინმე ისევ კოალიციის სიიდან ჩაანაცვლებს. ეს კი სიის მიხედვით ნატალია ძიძიგური იქნება.  ისიც ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორია“.

 

რაც შეეხება დიმა დარჩიას, ის ამბობს, რომ „კონსერვატორებში“ ჯერ არჩევნებისთვის მზადება არ დაუწყიათ: „ვიცი, რომ ზოგიერთ პარტიაში დაიწყო ერთგვარი მოსამზადებელი სამუშაოები, მაგრამ გარწმუნებთ, ჩვენ ჯერ არაფერზე შევთანხმებულვართ. მე ერთი წელია რაც თვითმმართველობაში ვარ. თუ პოლიტიკაში ხარ, ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიარო. ეს ძალიან საინტერესო ეტაპია.“

 

ამბობენ, რომ „რესპუბლიკელები“ უმაღლესი საბჭოს საარჩენო სიის ათეულში ისევ გიორგი მასალკინის ჩაწერას გეგმავთ, ასეა?  – კითხვაზე  „რესპუბლიკური“  პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი პასუხობს:

 

„გიორგი მასალკინი ჩვენი კანდიდატი იქნება საქართველოს პარლამენტში, თუმცა ისევ ვამბობ, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. ჯერ ისაა გასარკვევი, რამდენი მაჟორიტარული ოლქი ექნება აჭარას. შეიძლება სამ მაჟორიტარულ ოლქად დაიყოს – პარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს სიას, ჯერ ისაა გადასაწყვეტი, კვოტები როგორ გადანაწილდება. კოალიციაში ექვსი პარტია შედიოდა. ახლა თავისუფალი დემოკრატები აღარ გვყავს, ამიტომ წრე უფრო ვიწროვდება.“

 

აღმასრულებლიდან აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება გადაინაცვლოს განათლების მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა. ყოველ შემთხვევაში მას ასე სურს და თავის სურვილს საჯაროდაც ადასტურებს: „ამაზე ჯერ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა, თუმცა არ უარვყოფ, რომ სურვილი მაქვს. თუ იქნება შემოთავაზება, დავთანხმდები.“

 

უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაში კანდიდატებს `მრეწველები“ და  „ეროვნული ფორუმიც“ წარადგენენ, თუმცა მანამდე კოალიციის შიგნით კვოტების განაწილების ახალ ფორმულაზე უნდა შეთანხმდნენ.

ანტიკორუფციული სააგენტო: შუახევის გამგებლის მოადგილემ $10 000 ქრთამი აიღო

 

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომან ფუტკარაძემ  შუახევის რაიონში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 ჰა მიწის ნაკვეთის კანონიერი პროცედურების გავლის გარეშე სარგებლობაში გადაცემისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ საქართველოს მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 აშშ დოლარი.  

 

სააგანტოს ცნობით, რომან ფუტკარაძემ მოქალაქისაგან სრულად აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, რა დროსაც იგი დააკავეს.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქრთამის მოთხოვნასა და აღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

 

მედეა ვასაძე: „ეს გადაწყვეტილება უფრო დამანგრეველია, ვიდრე იმ დროს სპეცნაზის იმედში შევარდნა“

 

მედეა ვასაძე
მედეა ვასაძე

„აქ  ისე არ არის, რომ გადაწყვეტილების პოზიტიური და  ნეგატიური მხარეები ჩამოყალიბდეს ერთ გვერდზე. მე როგორც იურისტი ამ გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ ვაყენებ. თუკი გაქვს გადაწყვეტილება გადაწყვეტილების უზრუნველყოფის თაობაზე ის აუცილებლად უნდა იყოს სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახული.  მოგეხსენებათ  ერთ თვიანი ვადა აქვს მოსამართლეს, ჩვენ ვიცით მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, მაგრამ არ გვაქვს ინფორმაცია თუ რით იხელმძღვანელა  მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენ არ გვაქვს დასაბუთების ნაწილი. სარეზოლიციო ნაწილში გადაწყვეტილების უზრუნვეყოფის თაობაზე არაფერია ნათქვამი როგორც ამას ამბობენ იურისტები, რომელებიც  ჩახედული არინ საქმეში.

 

სრულიად გაუგებარია განჩინების მიღება,  რომელიც საკონსტიტუცო სასამართლოს გადაწყვეტილების სრული გაუთვალისწინებლობას დულისხმობს. დაუყონებლივ აღსრულება და შინაარსობრივი უზრუნველყოფა სხვადასხვა ნორმაა, მაგრამ შინაარსობრივად ეს გახლავთ ერთიდაიგივე. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყონებლივ აღსრულებაზე სამოქალაქო კოდექსში არსებული მოქმედი ნორმა , ამით პრაქტიკულად თქვა, მოდით ნუ ვიჩქარებთ შემაჯამებელი ანუ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასო. მოსამართლე ურთმელიძემ გამოძებნა სხვა  სამართლებრივი საშუალება და  მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მან სრული იგნორი გაუკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

 დღეს ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქითვის, იურისტისთვის, ყოფილი მოქმედი ადვოკატისთვის, თუ გენებავთ პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების უპატივცემულობა და მე მაქვს შინაგანი პროტესტი ამ უპატივცემულობისადმი, რომელსაც ახლა თქვენთან ვაფიასირებ.  მე ვფიქრობ ამ ქვეყანაში ნამდვილად დგას საფრთხის ქვეშ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

 

 ვფიქრობ  პროცესები აუცილებლად დაიწყება, რომლის მომხრეც არ გახლავართ იმდენად რამდენადაც წინასააარჩევნო პერიოდია და ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე. მე ამ მიმართებით ვერ ვინარჩუნებ სიმშვიდეს. მგონია რომ ოპოზიციურად  განწყობილი ადამიანებისთვის სულ ცოტა ხანში ჩაიკეტება ის სივრცე , რომლითაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი აზრის კონკრეტული საკითხებისადმი ჩვენი დამოკიდებულების დაფიქსირება .

 

ხუთი დღეა გასაჩივრებისთვის, მე ვფიქრობ იქ მოპასუხე არ იყო მხოლოდ რუსთავი 2 , რამდენიმე მოპასუხე ჰყავდა ამ საქმეს და  რომელიმე მათგანს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული გასაჩივრების უფლება. იმდენად რამდენადაც მმართველის დანიშვნამ პრაქტიკულად უფლებამოსილება შეუწყვიტა ამ საქმეში მონაწილე მხარეებს  მე ვფიქრობ რამდენიმე მათგანს დარჩა გასაჩივრების უფლება, მე ამას არ მოველი  ქიბარ ხალვაშისგან და არც დანარჩენი მეწილეებისგან რამდენადაც გადაწყვეტიკლება არი მათ სასარგებლოდ გამოტანილი. ალბათ გამოიძებნება გასაჩივრების საშუალება თუმცა ნაკლებად ვიმედოვნებ რომ შინაარსობრივად რაიმე შეიცვალოს.  მაინც მგონია რომ ეს საკითხი მაინც შეთანხმებული და გადაწყვეტილია.

 

მე მგონია რომ ეს ხელისუფლება თანდათან ემსგავსება ძველ ხელისუფლებას , რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს ეს უფრო დამანგრეველია ამ ხელისუფლებისთვის, ვიდრე იმ დროს სპეცნაზის იმედში შევარდნა რადგან ეს კეთდება კანონის სახელით და კეთდება საქართველოს სახელით.  ის აშკარად გამოხატული თავხედობა იყო, ახლა კი სამართლის და  სახელით აკეთებენ ამას. ამიტომ ჩემთვის ეს პროცესი უფრო მძიმე და მტკივნეულია.“ – განაცხადა მედეა ვასაძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

 

 

 

რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან?

 

400დარწმუნებული ვარ, “რუსთავი 2“ მისთვის შვილივით ძვირფასია, მაგრამ ის ხომ შეეგუა, დათმო, ერთხელ ხომ ვერ გახდა გარანტი? მითხარით, რა არის ოპტიმიზმის საფუძველი? ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, ასეთი დიდი ფასი გაიღო,  დვალისთვის „შვილი“ („რუსთავი 2“) რომ  დაებრუნებინა? ახლა ის ვალშია მასთან, ხელისუფლებასთან – დვალი ვერ გამოდგება სამართლიანობისთვის მებრძოლი რაინდის პროტოტიპად. აღმოჩნდა, რომ ის უკვე მეორედ, უკვე სხვა ხელისუფლების სცენარის ერთ-ერთი მთავარი გმირია (ეს სცენარი ჩვენს მიღმა ჩვენი გვერდის ავლით მუშავდება, ჩვენ მხოლოდ ფინალი გვაჩვენეს).

 

შენიღბული სიმართლე, არასამართლიანად დაბრუნებული სიმართლე, გაკონტროლებული სიმართლე, ნიშნისმოგებით მიღებული სიმართლე ჩვენ, მოქალაქეებს მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს. თეორიულად რომ დავუშვათ, „რუსთავი 2“ უკეთესიც რომ გახდეს, ვიდრე იყო აქამდე, ნუ დაგვავიწყდება, რომ მოქალაქეებმა სამართლის  სამართლიანდ დაბრუნებას მისცეს ხმა. უკეთესს „რუსთავი 2-ს“ კი, თუ კი ის  ჩვენი არჩევანი არაა, ჩალის ფასი აქვს.

  

კიდევ ერთი სახელი და გვარი, ის იმედის – იმ ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იყო, სადაც მე ორი წელი ვიმუშავე. არაფრის გახსენება არ მინდა მასთან დაკავშირებულის, ჩემთვის ის ამ ხელისუფლების ჯოზეფ ქეია. რეზო საყევარიშვილზე ვამბობ.

 

საზოგადოებას ქმნის თავისუფალ ადამიანთა ერთობლიობა. „ნაციონალური  მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანამოაზრეები ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არის, ჩვენი ოპონენტები გვეკითხებოდნენ, ხომ ვიყავით ჩვენ თავისუფლები? ეს თავისუფლება მაშინაც ჩვენი მოპოვებული უფლება იყო და არა ბოძებული. ბოძებულ სიმართლეს, ბოძებულ უფლებას სწორედ მაშინ დაკარგავ, როცა ის, ვინც გიბოძა, ჩათვლის, რომ აღარ იმსახურებ.

 

თუ საზოგადოება ხარ, უნდა გქონდეს რეაქცია და საჩუქარსაც სკეპტიკურად უნდა უყურო. არ უნდა დაკმაყოფილდე თავისუფლების მხოლოდ რამდენიმე კუნძულით. დუმილი გამოსავალი მაშინაც კი არ არის, როცა ძალას იკრებ, რაც არ უნდა უმცირესობაში იყო, თუ მოტივერებული ხარ, ცვლილების იმედი არ უნდა დაკარგო.

 

როცა ჩემს წარსულს გადავხედავ, ყველაზე დიდი შეცდომებს მაშინ ვუშვებდი,  როცა ვეგუებოდი, ვჯერდებოდი თუნდაც თავისუფლების რამდენიმე კუნძულს.

 

ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის, დამღუპველია კომპრომისი, პოლიტიკოსები კომპრომისების ხელოვნებას ფლობენ, ისინი ყოველთვის გაიმართლებენ თავს, რატომ იქცეოდნენ ასე, ჟურნალისტები ვერასდროს ახსნიან დუმილის მიზეზს. არის მომენტები, როცა კონკურენცია გვერდზე გადადის და მის ადგილს ჟურნალისტური სოლიდარობა იკავებს, ოღონდ უნდა იგრძნო, არის თუ არა ახლა ამის დრო:

 

როცა ვახო სანაიას გადაცემა გაქრა, ეს ვერ გახდა ჟურნალისტური სოლიდარობის მიზეზი, შემდეგ ამ არხზე უფრო მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო, ვერც ეს ეს გახდა სათანადო პროტესტის მიზეზი, შემდეგ იმედზე გრიგოლიას გადაცემა დაიხურა, ჩვენ მასშტაბურად ეს პროცესი ხელისუფლებას არ დავუკავშირეთ, ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ გამოუვიდა. განცდა დამრჩა, რომ ჩვენ ვცდილობდით და ვეძებდეთ მიზეზს, რომ არ ვიყოთ  სოლიდარულები.   

 

მე არ ვახსენე ნიკა გვარამია და სხვები, ვინც ახლა  მუშაობენ „რუსთავი 2-ზე“, ჩემი პროტესტის მიზეზი არის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რა ფორმითაც ჩვენ ის მოგვაწოდეს. ჩვენ, მე და ჩემი თანამოაზრეები, რომელთა ნაწილიც  ადრე ჩემი  ოპონენტი იყო, ამან  დაგვტოვა შეურაცხყოფილები, ე.ი. შეგვეხო.

 

გულახდილად ვამბობ: ის, რაც გეხება და გაღელვებს, არ შეიძლება მიიჩნიო მხოლოდ „რუსთავი 2- ის“ საქმედ, მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი მფლობელების საქმედ. სამი შვილი რომ მყავს და ერთ ხელზე  ხუთი თითი რომ მაქვს, სწორედ ასე ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმე  ერთ სასამართლო დავაზე ბევრად მეტია.

 

და ბოლოს.

 

ერთი რამის გახსენება მინდა. მაშინ გადაცემა მიმყავდა „ტვ 25-ზე“, შაბათ დღეს მეგობართან ერთად ვსეირნობდი. ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე ერთი სახლია, ეზოში ბევრი მცენარით. ეს ეზო ძალიან მომწონდა, რომ ჩავუვლიდი,  ვჩერდებოდი ხოლმე და ვიცქირებოდი. ერთი სანდომიანი ქალი გამომელაპარაკა ეზოდან, საუბარი ყვავილებზე დავიწყეთ, შემდეგ მას ცრემლები მოადგა და მითხრა, მცენარეების გადარგვით თავს ვიმშვიდებ შვილო, ჩემი ორი შვილი მენატრება, რატომ ვერ უნდა მოდიოდნენ ჩემი შვილები სახლში, რა დავაშავე, სულ ვშრომობდი, ჩემს შვილებს მძინარე არ ვუნახივარ, ეს რატომ დავიმსახურე?“ – ძლიერი ქალი იყო, გულწრფელიც. გავბრაზდი, დედებს რომ ატირებს, იმ ხელისუფლებაზე გავბრაზდი, ეს ქალი ქიბარ ხალვაშის დედაა. მე ვგულშემატკივრობდი ამ ალალ ქალს…

 

მაგრამ ახლა კითხვას ვსვამ, რა ისწავლა ქიბარ ხალვაშმა საკუთარი გამოცდილებიდან, მისი საკუთრების უფლება აღდგენილია და მე, ერთი მოქალაქე, ახლა არ ვგულშემატკივრობ ამ მეთოდით აღდგენილ მის უფლებას, რადგან მიმაჩია, რომ ის ისევ ვალშია ამ ქვეყნის „ძლიერთა“ წინაშე.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე ლაშა სირაბიძე გახდა

 

 

ლაშა სირაბიძე

 

 დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ოთხი საკითხი განიხილეს. დეპუტატთა გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ინასარიძის ქუჩაზე მდებარე 1024 კვ.მ.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას განახორციელებს.

 

დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სპორტული დარბაზის მშენებლობის მიზნით მე-17 საჯარო სკოლისთვის 126,94  კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემასაც.

 

დღევანდელ სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2016 წლის სასწავლო გეგმა. გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 150 საჯარო მოხელე  9 მიმართულებით გადამზადდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარია გამოყოფილი. 

გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ განცხადება მოსამართლის განჩინებაზე

ჩვენთვის, როგორც მედიაორგანიზაციისთვის, სასამართლოს ეს განჩინება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან  დღემდე საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არ მიეკუთვნებოდა წინასწარ რეგულირების სფეროს, რაც  ნამდვილად დიდი მონაპოვარი იყო.

 

5 ნოემბრის განჩინებით მოსამართლემ გააჩინა შესაძლებლობა, სასამართლო ხელისუფლება ჩაერიოს მედიასაშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მიუთითოს მას, როგორ წარმართოს თავისი საქმიანობა.

 

ვითარება, რომელიც 5 ნოემბრის განჩინებამ შეიძლება დაამკვიდროს ქვეყანაში, ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ, პირველ რიგში, ჩაგვაყენებს ჩვენ, ჟურნალისტებს.

 

აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სამართლებრივი გარემო, რომელშიც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები დაცულად ვიგრძნობთ თავს და დაუბრკოლებლად შევასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას.

 

გაზეთი “ბათუმელები”

netgazeti.ge

ნეტგაზეთი/ბათუმელები
ნეტგაზეთი/ბათუმელები

გენო გელაძე: დაუჯერებელია ერთ დღეში ასეთი დონისა და სირთულის გადაწყვეტილების მომზადება

 

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ცუდი სამართლებრივი პრეცედენტია როგორც მედიაორგანიზაციის, ისე, ზოგადად, კომპანიების წილებზე სასამართლო დავების წარმოების დროს:  „ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორი გარემოების გამოყოფა: თუ სასამართლო ინსტანციებში დავის მიმდინარეობის პროცესში გარეშე პირების დანიშვნა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც  დროებითი მმართველის მუშაობით დიდი ალბათობით შესაძლოა დავის მონაწილე ყველა მხარე უკმაყოფილი იყოს, ხოლო სასამართლო დავის დასრულებამდე ამ დროებით მმართველებს ვერავინ შეცვლის, თუნდაც სულ გაანიავონ სადავო კომპანიის ქონება. ასევე, უფრო უარესია, თუ დროებითი მმართველი დავის ერთ-ერთი მხარის მითითებით შეირჩევა. ასეთი ფორმით შერჩეული მმართველი ვერ იქნება ისეთი მენეჯერი, რომელიც ყველა მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსთავი 2-ის შემთხვევაში ფაქტობრივად სასამართლომ ტექნიკურად დაუყოვნებლივ აღასრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება, ანუ სასამართლო პროცესის მოგებულ მხარეს მისცა შესაძლებლობა, რომ დაენიშნა ტელევიზიის ხელმძღვანელი, რაც ჩვენს შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებულია”.

 

გენო გელაძე ამბობს, რომ  მსგავსება 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდსა და ახლანდელ მოვლენებს შორის საკმაოდ დიდია. თუმცა განსხვავებაც ბევრია – “2007 წელს ტელეკომპანია იმედის საკითხები არ გამხდარა დისკუსიის საგანი, ხოლო ახლა ფაქტია, რომ ძალადობის არანაირი ელემენტი არ შეინიშნება. მსგავსება იმაშია, რომ მაშინაც და ახლაც მიდის ბრძოლა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. 2007 წელში ამ ბრძოლას ჰქონდა ფიზიკური ბრძოლის, დარბევის, შენობაში სპეცრაზმის შეჭრის სახე, ხოლო ახლა სასამართლო პროცესით ვართ უკმაყოფილო. იმედია, ძალადობის ისტორია აღარ განმეორდება. რთული იქნება სასამართლო განჩინების აღსრულება. როგორც ცნობილია, რუსთავი 2-ის დღევანდელი მენეჯმენტი ნებაყოფლობით არ აპირებს ამ გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო მედიაორგანიზაციაში ამგვარი ტიპის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება რთულ ამოცანად მიგვაჩნია.”  

 

არსებული განჩინების შეჩერების სამართლებრივ ბერკეტებს რაც შეეხება, გენო გელაძე განმარტავს, რომ განჩინება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია და კანონის მიხედვით ნებაყოფლობით ან იძულებით უნდა აღსრულდეს – “ამ მოცემულობით ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ორი გარემოების დადგომის შემთხვევაში: ა) განჩინება გასაჩივრდება და მას გააუქმებს სასამართლო; ბ) საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს კანონის იმ ნორმებს, რომლებსაც ეყრდნობა განჩინება,” – ამბობს გენო გელაძე.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია გაიმართა [ვიდეო]

„როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება”

 

როგორ აფასებთ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას?

 

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს ქვეყანაში. გუშინ გვიან ღამით გავეცანი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას და რამდენჯერმე დაკვირვებით წავიკითხე იგი.

 

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება. იგი, ერთი მხრივ, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოსამართლის გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებებს და მეორე მხრივ, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობას.

 

 მაგალითად, მოსამართლე იყენებს აშშ-სა და ასევე აშშ-ს შტატების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს მისი პოზიციის დასასაბუთებლად, თუმცა იგივე აშშ-სა და ევროსასამართლოს აქვს ბევრი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, რაზედაც მოსამართლეს არ უმსჯელია.

 

 მოსამართლე ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ დროებითი მმართველობა კომპანიაში უნდა დაინიშნოს, რადგან რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, ფინანსური და სხვა კუთხით არ შეექმნას საფრთხე, მაგრამ ასეთი პრობლემები, როგორც ვიცით, რუსთავი 2-ს არ აქვს დღეს.

 

მეორე მხრივ, მოსამართლე მიუთითებს, რომ უნდა დაინიშნონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი დროებითი მმართველები, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალი მმართველები პირდაპირ არიან დაინტერესებულნი ამ საქმის შედეგებით, არ ეთანხმებიან დღევანდელ  სარედაქციო პოლიტიკას და ისინი დამოუკიდებელნი ვერ იქნებიან, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა სრულიად ნეიტრალური ხალხი დაენიშნათ დირექტორებად კომპანიაში.

 

ეს გადაწყვეტილება შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  რომლითაც შეჩერდა კოდექსის ერთი ნორმა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნით მოსამართლემ კოდექსის სხვა მუხლზე დაყრდნობით, გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების მოტივაციას და მიზნებს. ამიტომაც ეს ცალსახად არ არის კარგი გადაწყვეტილება და ის უარყოფითად მოქმედებს სასამართლოსა და ქვეყნის იმიჯზე.


თქვენი აზრით, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ არა  „რუსთავი 2“-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე?

 

სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა რუსთავი 2-ს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არსებობს პროფესიული სტანდარტები, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის პირობები და თუ რუსთავი 2 არღვევს ამ სტანდარტებს, არსებობს შესაბამისი სანქციები. მოსამართლემ არ უნდა შეაფასოს, თუ როგორ გამოხატავს ტელეკომპანია საზოგადოების ინტერესებს.

 

შეიძლება რუსთავი 2 არ არის სრულად ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია და საერთოდ ასეთი მედია არ ვიცი თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში. დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის მთავარია, რომ არსებობდეს სხვადასხვა პოზიცია მედიაში და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, რას მოუსმინონ, რა პოზიცია გაიზიარონ. თუ მის მმართველებს აქვთ რაიმე კანონდარღვევა ჩადენილი, ისინი ამისათვის უნდა მიეცენ პასუხისმგებლობაში სასამართლოს მიერ. ამჟამად ფაქტია, რომ როგორც არ უნდა მოგვწონდეს რუსთავი 2, იგი არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არ არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების კონტროლისათვის კი აუცილებელია კრიტიკული ტელევიზიის არსებობა.

 

რა მოლოდინი გაქვთ, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები   გასცდება თუ არა  სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებს?

 

პირადად მე გუშინდელი განჩინების მიღებამდე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს დავა სასამართლო წესით ცივილურად წარიმართებოდა და თავიდან ავიცილებდით პოლიტიკურ მოვლენებს მის გარშემო. თუმცა ამ დაუსაბუთებელი განჩინების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა მფლობელებს შორის. ეს რომ მხოლოდ სამართლებრივი დავა ყოფილიყო, მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაელოდებოდნენ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებას, გაივლიდნენ შემდგომ ინსტანციებს და შემდეგ შეცვლიდნენ კომპანიის მენეჯმენტს.

 

არსებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები  თუ არსებობს?

 

როგორც ვიცი, ეს განჩინება საჩივრდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამის შესახებ განაცხადა კიდეც რუსთავი 2-ის იურისტმა, რომ ისინი აპირებენ მის გასაჩივრებას. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას დრო სჭირდება და საინტერესოა, მანამდე როგორ გაგრძელდება მენეჯმენტის საქმიანობა, ცვლილება ტელევიზიაში ისე, რომ მის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას, რაზედაც მოსამართლე ურთმელიძე მიუთითებს განჩინებაში.

 

გახსენებთ თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდს?

 

ეს მოვლენები გარკვეულწილად ჰგავს 2007 წელს ტელეკომპანია იმედში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, ისეთ მდგომარეობამდე არ მივალთ, რაც მაშინ მოხდა.  საერთოდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ტელევიზიასთან დაპირისპირება  ხელისუფლების და ქვეყნისათვის სასარგებლო არასდროს ყოფილა. თუ წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებებით პრობლემები და ხალხი ამას აპროტესტებდა, ვფიქრობ, არც მოქმედი ხელისუფლებისათვის არის ეს მომგებიანი.

 

თქვენი აზრით, მსგავსი ფაქტები, პოლიტიკა, რა ზიანს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

 

ეს მოვლენები ნამდვილად იქნება პრობლემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ამ მოვლენებს უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება და სერიოზული შეფერხება შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ჩვენი კი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას ვერ შევძლებთ.  

გიორგი ხიმშიაშვილი: განჩინების შეჩერების ბერკეტი არის მისი გასაჩივრება

 

არსებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები თუ არსებობს? – ამ კითხვის პასუხად გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ „განჩინების შეჩერების ბერკეტი არის მისი გასაჩივრება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე. მანამ, სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო არ იმსჯელებს განჩინება მოქმედებს და მას აქვს სავალდებულო ხასიათი ხმარეებისთვის“.

 

გიორგი ხიმშიაშვილი, როგორც იურისტი, აფასებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელ გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ: „აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროფესიული თვალსაზრისით თუ შევაფასებ, არის დაუსაბუთებელი და როგორც ამ დავაში ნეიტრალურ მხარეს არ მაკმაყოფილებს ის განმარტებები, რასაც მოსამართლე გვთავაზობს ამ გადაწყვეტილებაში. ის ჰიპოთეტური შიში, რომელსაც მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების მსჯელობისას ავითარებს, სცდება საპროცესო კანონმდებლობის   ფარგლებს. ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. დამატებითი განსჯის საგანს წარმოადგენს თავად გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტები, სადაც სასამართლომ სრულად იტვირთა მხარის როლი, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითება მტკიცებულებებზე, გარემოებებზე, რის საფუძველზე მოსამართლე მივიდა ამ დასკვნამდე“.

 

გიორგი ხიმშიაშვილი ასევე საუბრობს იმ მსგავსებასა და სხვაობებზე, რომელიც დღეს და 2007 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში არსებობდა ქვეყანაში: „განსხვავება ძირითადად მეთოდებში შეიძლება ვეძიოთ. იმ პერიოდში მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ძალადობრივი იყო, დღეს კი ამან უფრო სამართლებრივი სახე მიიღო, მაგრამ, რადგანაც უკვე სიტყვა „ბრძოლა“ ვახსენეთ, ორივე მეთოდი დაუშვებელია და საბოლოო ჯამში ეს ვნებს საზოგადოების, ქვეყნის განვითარებას“.

მალხაზ ჭკადუა: არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ ვითარებას

 

<!** Image 1 align="" alt="მალხაზ ჭკადუა " sub="მალხაზ ჭკადუა " width="450" height="1836" >საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ უნდა მიუთითოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა. ამასთან, განჩინებით არ არის დასაბუთებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ იმავე მოსამართლემ უკვე იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილებს. ამ გადაწყვეტილებით შეიზღუდა „რუსთავი 2“-ის არსებული მენეჯმენტის ძირითადი უფლებამოსილებები იმდაგვარად, რომ გამოირიცხა მათი მხრიდან კომპანიის ფინანსებისა და ქონების შემცირების საფრთხე. ასევე, მოსამართლემ ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილის მფლობელ შპს “ტელეკომპანია საქართველოს”. ცალსახაა, რომ მოცემულ ვითარებაში სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ვერ საბუთდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და კომპანიის იძულებით მართვაში გადაეცემის საჭიროება.

 

მალხაზ, თქვენი შეფასებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ არა რუსთავი 2-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე?

 

რა თქმა უნდა, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა მაუწყებლის შინაარსობრივი რეგულირების თემებზე. მეტიც, მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად. სასამართლო მიუთითებს, რომ “საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირი არ აქვს „რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.

 

უკვე გამოქვეყნებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები თუ არსებობს?

 

ფაქტი ისაა, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებით აღარ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემებრს მიღებული გადაწყვეტილება. საოქმო ჩანაწერით  საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს  პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს. დღეს მიღებული განჩინებით არსებითად იგივე შედეგი დადგა, რისი თავიდან ასაცილებლადაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლემ უკანონო განჩინებით გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

გეგმავთ თუ არა რაიმე საპროტესტო ფორმით გამოეხმაუროთ ამ ფაქტს?

 

– „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად აკვირდება პროცესს, ამასთან, გამოთხოვილი გვაქვს ყველა სახის დოკუმენტაცია და საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ჩვენს შეფასებას სასამართლო განხილვებთან და განჩინებებთან დაკავშირებით. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ვხედავთ, რომ ამის საჭიროება ცალსახაა.

 

გახსენებთ თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდს?

 

ბუნებრივია, ბევრი მსგავსების დანახვა შეიძლება – ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალების განეიტრალების მცდელობა, ფარული ჩანაწერების გავრცელება და ა.შ. საკითხი არ ეხება „რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თუ სხვა სახის პრეფერენციებს, საქმე ეხება მედიის თავისუფლებას და განსხავავებული, კრიტიკული აზრის გავრცელებას. ბოლო წლების სავალალო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ მედიაგარემოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვნებას, არამედ ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს. არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ არსებულ ვითარებას, როცა კრიტიკული აზრი ნაციონალური მედიის დონეზე აღარ ისმოდა, საბოლოოდ კი რა სისტემურ დანაშაულებამდე მივედით, ყველამ დავინახეთ.

 

მსგავსი ფაქტები, პოლიტიკა რა ზიანს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

 

ბუნებრივია, რომ განვითარებადი, მყიფე დემოკრატიის მქონე საქართველოსთვის ეს პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დემოკრატიული პრინციპების, მმართველობის ღია ფორმების, ინსტიტუტების გაძლიერებას მოელოდნენ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მედიამრავალფეროვნებას და კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გავრცელებას ენიჭება. ცხადია, რომ ზემოაღნიშნული პროცესი ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში შევა და საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება აუხსნას პარტნიორ თანამეგობრობას, რომ მას არ მოუხდენია ამ პროცესზე გავლენა. კრიტიკული განცხადებები უკვე არაერთხელ გაკეთდა და ცალსახაა, რომ ეს დამოკიდებულება სამომავლო ურთიერთობებზეც აისახება. 

ასლან ჭანიძე: ეს პროცესები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე

 

“ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის, უპირველეს ყოვლისა, მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მინდა ვიცხოვრო დემოკრატიულ სახელმწიფოში. როდესაც მე, როგორც უბრალო მოქალაქე, არ ვგრძნობ თავს დემოკრატიულ სივრცეში, ბუნებრივია, ამის განცდა გარე თვალსაც ექნება. პროცესების ასეთი განვითარება აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა და საზოგადოება გახდეს იმ ოჯახის წევრი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ქადაგებს.

 

როცა ქვეყანაში ხდება სამართლებრივი უპატივცემულობა, ბუნებრივია ეს გახდება დამაბრკოლებელი ფაქტორი. სავსებით რეალურია, რომ ამ მიზეზით, რანაირი ვალდებულებებიც არ უნდა შევასრულოთ, ევროპა და დასავლეთი ეჭვის თვალით შეხედავს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული ღირებულბების მატარებელს.

 

დემოკრატია ხომ მხოლოდ ის არ არის, რომ ქუჩაში არ მცემონ, მე უნდა მქონდეს იმის განცდა, რომ სასამართლო იქნება ყოველთვის ობიექტური და ნეიტრალური მხარე, მაგრამ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ძალიან გაუგებარი და დაუსაბუთებელია,  დატოვა ბევრი კითხვა. ბუნებრივია, ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი რიგზე არ არის ამ ქვეყანაში,  ამან კი შესაძლოა ქვეყნის განვითარებაზე პირდაპირი და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც”, – ამბობს ასლან ჭანიძე.

 

„გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს დრო, როცა გადაწყვეტილებები ღამით, ჩუმად გამოაქვთ, როცა მეორე მხარეს ნაკლებად ეძლევა საშუალება სრულყოფილად ჩაერთოს პროცესში. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე გასცდა სამართლის ფარგლებს”, – ამბობს ის. 

 

5 ნოემბერს მოსამართე ურთმელიძემ სასამართლო განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერა ტელეკომპანია “რუსთავი 2 “- ის დირექტორს და ფინანსურ მენეჯერს. კომპანიაში დროებით მმართველებად დანიშნა რეზო საყევარიშვილი – ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დავით დვალი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელმაც არხის წილების დასაბრუნებლად 2012 წელს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

 

 

 

2015-11-06 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

Jpeg
Jpeg
Jpeg

ბათუმში პარკირების წესების დარღვევის ამსახველი ფოტოები გადაღებულია ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში.

ძვირადღირებული პროექტები მაღალმთიან აჭარაში

 

კვიახიძეები-ლომანაურის საავტომობილო გზის 4 570 მ სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობა

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლების მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიებების გატარება მაღალმთიან აჭარაში თითქმის დასრულდა. მიმდინარე წელს ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში დაიხარჯა. სოფელში გარე განათების მოსაწყობად 28 550 ლარი იყო გამოყოფილი.

ვაშლოვანში მცხოვრები როინ აბულაძე ამბობს, რომ შიდა სასოფლო გზაზე გარე განათება ჩაირთო და შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია.

„ხულო ბათუმიდან საკმაოდ შორსაა და ქალაქში ჩასულებს სოფლებში დაბრუნება გვიღამდება. ღამით ფეხით გადაადგილება კი სოფლის გზაზე საკმაოდ საშიშია, მაგალითად, მე ცენტრალური მაგისტრალიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ. ღამით ჩაბნელებულ სოფელში ოთხი კილომეტრის გავლა ადვილი არ არის, პრიორიტეტი ამის მიხედვით განვსაზღვრეთ და სოფელზე გამოყოფილი თანხით გარე განათების მოწყობა მოვითხოვეთ. ამ დროისთვის განათება ჩართულია, მეც მაყოფილ ვარ და ყველა ჩემი მეზობელიც კმაყოფილია“, – ამბობს როინი.

გარდა ვაშლოვანისა, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი სოფელ ფუშრუკაულიდან რაქვთას მიმართულებით შიდა სასოფლო გზის მოწესრიგების პროექტია. სასოფლო გზის რთულ მონაკვეთებზე მზა ბეტონის დასაგებად აქ 22 829 ლარი დაიხარჯა.

„ვერ ვიტყვი რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები, მაგრამ რაც გაკეთდა, კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ფუშრუკაულში მცხოვრები ამირან სურმანიძე.

ხულოში ძვირადღირებულ პროექტებს შორისაა სოფელ აგარის მოსახლეობის მოთხოვნა – სოფელმა აქ ექსკავატორის შეძენა მოითხოვა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 462 ლარი დაიხარჯა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო დასრულდა. განსახორციელებელ პროექტებს შორის გარე განათება სჭარბობდა. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ გარე განათებაზე გახარჯულ ელექტროენერგიის საფასურს გამგეობა დაფარავს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხულოს სოფლებში სამუშაოები წინა წლებთან შედარებით წელს ბევრად ხარისხიანად შესრულდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ამოწმებდა. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთო გამგეობა, წელს სოფლებში 63 ადგილზე გარე განათება მოეწყო“, – აცხადებს ზაზა აბულაძე.

შუახევის მუნიციპალიტეტში ყველაზე ძვირადღირებული ფურტიოს გზის რეაბილიტაციის პროექტია: შიდა სასოფლო გზაზე, რთული მონაკვეთების მოსაწყობად და მზა ბეტონის დაგებაზე, 15 000 ლარი დაიხარჯა.
„შუახევის ცენტრში ვცხოვრობ, სოფელ ფურტიოში მიწა მაქვს და იმის დასამუშავებლად ავდივარ. სოფლის პროგრამით გზის რთულ მონაკვეთზე მზა ბეტონი დაასხეს, მეც მივიღე მონაწილეობა გზის დაგებაში. კარგია, რომ თანხას აძლევენ სოფელს და რა უნდა გაკეთდეს, ამას მოსახლეობა ირჩევს“, – ამბობს რეზო.

ძვირადღირებულ პროექტებს შორის შუახევში მეორე ადგილზე სოფელ ჯაბნიძეებში სასმელი წყლის პროექტია. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, წელს აქ 12 000 ლარი დაიხარჯა. სოფლის მკვიდრი ჯემალ ივანაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით სოფელში წყლის პრობლემა მოგვარდა. „წყალი მოვიყვანეთ და ბევრი ოჯახის პრობლემაც გადაიჭრა“, – ამბობს ჯემალი.

ძვირადღირებულ პროექტებს შორის აქ მესამე ადგილზე სოფელ ნენიაში გატარებული ღონისძიებაა – გზაზე დამცავი ბორდიურების მოწყობაზე 10 000 ლარი დაიხარჯა. სოფლის მკვიდრი მზია აბულაძე ამბობს, რომ დამცავი ბორდიურები სოფლის საშიშ მონაკვეთებზე გაკეთდა.

„სასოფლო გზაზე არის რთული მონაკვეთები, სადაც, როგორც მსმენია, ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. რისკის შესამცირებლად მოსახლეობამ სწორედ ამ რთულ მონაკვეთში ბორდიურების მოწყობა მოითხოვა. დაგეგმილი რაც იყო, გაკეთდა“, – ამბობს მზია.

ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე ძვირადღირებული სასოფლო გზებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია. სოფელ ახოში გზის რთულ მონაკვეთებზე მზა ბეტონის დასაგებად 18 139 ლარი, ცხმორისში – 17 663, კოკოტაურში კი – 15 899 ლარი დაიხარჯა.

სულიკო ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი: „პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ორი ობიექტი დარჩა გასაკეთებელი, სხვა ყველა პროექტი დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მოსახლეობას პრეტენზიით არ მოუმართავს, ყოველ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ხარისხს მიმღები კომისია ამოწმებს და თუ ხარისხიანად არ იქნება გაკეთებული რომელიმე ობიექტი, კომისია მას არ ჩაიბარებს.“

 

300 ვაკანსია და 3 000 განცხადება როდის გაიხსნება ახალი ჰოსპიტალი ბათუმში

„არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. არის კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რომლებიც უკვე გავიარეთ. დაგვრჩა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან ბოლო ნებართვა, რომლის მიღებისთანავე გავხსნით ჰოსპიტალს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალმა ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს 30 ოქტომბერს მიმართა: „ლიცენზია რომ მოითხოვო, ჰოსპიტალი შესაბამისად უნდა იყოს მზად. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურა მთლიანად გამართულია. სააგენტოს ჩვენი მიმართვიდან 30 სამუშაო დღე ექნება გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ყველაფერმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა [ანუ, თუ ჩვენი ყველა დოკუმენტი წესრიგში იქნება], ბუნებრივია, ლიცენზიას მივიღებთ და იმავდროულად გავხსნით ჰოსპიტალს. შესაძლოა ეს პირველი დეკემბრისთვის მოხდეს“.

ბათუმში ახალი, 103-საწოლიანი ჰოსპიტალი, რომელიც თურქული ინვესტიციით აშენდა, მრავალპროფილური იქნება, თუმცა ამ ეტაპზე არ არის საუბარი ონკოლოგიაზე, რომელიც, როგორც ჰოსპიტალში გვითხრეს, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმ, 2-3 წლის პერსპექტივაა.

„ჩვენი შენობა ყოველმხრივ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა არ არის გათვალისწინებული ონკოლოგიურისთვის. ონკოლოგიას სჭირდება აბსოლუტურად სხვა სტანდარტები – თავისი შენობა-ნაგებობითა და ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა ნოდარ ფუტკარაძემ.

ჰოსპიტალში პაციენტების მიღება საავადმყოფოს გახსნისთანავე იგეგმება, თუმცა სხვადასხვა მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება. ჰოსპიტალს ექნება ამბულატორიულ-სტაციონარული მომსახურება სხვადასხვა პროფილით: კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია და სხვ.
პაციენტთა მომსახურება ჰოსპიტალში დღეს არსებულ ფასებთან შედარებით, სავარაუდოდ, 10-15%-ით ძვირი იქნება, თუმცა ჰოსპიტალი აპირებს თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. ჰოსპიტალი სადაზღვევო სისტემებშიც ჩაერთვება.

რაც შეეხება კადრებს, როგორც ჰოსპიტალში გვითხრეს, მიმდინარეობს შერჩევისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მათ სახელმწიფოს წინაშე აღებული აქვთ 100 ადამიანის დასაქმების ვალდებულება, თუმცა უკვე 200-მდე თანამშრომელია შერჩეული და მათთან ხელშეკრულებებიც გაფორმებულია.
ვაკანსიების გამოცხადებიდან დღემდე, ჯამში, ჰოსპიტალს 3 ათასამდე სამუშაოს დაწყების მსურველმა მიმართა. მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა.

„იქნებიან თბილისიდან მოწვეული, ასევე თურქი ექიმები… საკმაოდ ბევრ ახალ, არაადგილობრივ სახეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.

ახალ ჰოსპიტალში მუშაობის დაწყებას ბათუმის მოქმედი საავადმყოფოების ბევრი თანამშრომელი გეგმავს, მათ შორის ექიმებიც. ახალი ჰოსპიტალი მათ გაცილებით მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება.

ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კადრებს შეარჩევენ პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით: „რაც შეეხება გადამზადებას, იმდენად სწრაფად ვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიები, რომ გადამზადების პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი, ზოგადად, ნებისმიერი ჰოსპიტალისთვის. ეს ევოლუციური ზრდაა და სისტემატური გადამზადება-გადახალისება სჭირდება. ამიტომ, ტრენინგები, კონფერენციები ჩვენს ჰოსპიტალში მუდმივად იქნება“.

„ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მფლობელი არის შპს Brothersს-ი, თურქული კომპანია, რომელიც ბათუმში დაფუძნდა 2012 წელს. როგორც საზოგადოებაში ამბობენ, დაფუძნების მიზანია, რეგიონში ჯანდაცვის სერვისის ბიზნესში უმაღლესი ცოდნის გაზიარება, რისთვისაც დაიწყეს კიდეც საერთო დანიშნულების ჰოსპიტლის პროექტის განხორციელება – „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ორგანიზაციას უარი 12-ჯერ ეთქვა. ძირითადად, ადგილებზე შემოწმების აქტებზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას მხოლოდ ორი კომპანია [თბილისსა და ქობულეთში] ითხოვდა.

მოსამართლე: ვფიქრობ, თქვენ არ ხართ მკვლელი

ბრალდებული სამართალდამცავებმა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ინციდენტი 2013 წელს ქობულეთის მუნიციპალეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულმა დანით მუცლის არეში დის ქმარი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველო დატოვა. დაზარალებული გადარჩა.

საქმეს სასამართლო ბრალდებულის გარეშე განიხილავდა, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და პოლიციამ საზღვარზე სწორედ დაბრუნების დროს, 2015 წლის ივლისში დააკავა.
საბოლოო სიტყვის დროს ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავი არ აურიდებია გამოძიებისთვის – “შემეშინდა და გავიქეცი”.

ბრალდებული მოსამართლეს მოუყვა, რომ შინ დაახლოებით 22:00 საათზე დაბრუნდა, ეძებდა დედას, რომელიც კარის მეზობელთან იყო შესული: “კარი რომ გავაღე, ხმამაღალი ლაპარაკი მომესმა, დედაჩემი და ჩემი სიძე ლაპარაკობდნენ, სიძეს ვუთხარი, რომ გამოფხიზლდები, მერე ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ მაშინვე მოინდომა ლაპარაკი. ეზოში ჩავედი და ჭიშკართან დაველოდე. ის ნასვამი იყო. ჩემკენ რომ წამოიწია, შემეშინდა, ჯიბეში “ტაჩილკა” მედო, ამ დანით ხიდან ჩარჩოებს ვამზადებდი, დავარტყი დანა და გავიქეცი, ის სამხედრო პირი იყო რვა წლის განმავლობაში. ფიზიკურად ჩემზე ძლიერია. მისი მოკვლა არ მიცდია, დანა სად მოხვდა, არ ვიცი… დაახლოებით ორ საათში საქართველოს საზღვარი დავტოვე”.

პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ თქვა, რომ დანა დაზარალებულს მუცლის არეში დაარტყეს, დაფიქსირებულია შემავალი ჭრილობა.

ბრალდებულს პოკურორმა ჰკითხა, რატომ მიატოვა შემთხვევის ადგილზე დაზარალებული, თუ მისი სიკვდილი არ უნდოდა. ბრალდებულმა თქვა, რომ შეეშინდა.

დასკვნით სიტყვაში ადვოკატი დავით ჯაფარიძე ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულს მოკვლის მცდელობა არ ჰქონია. ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა და პირობითი მსჯავრი – სამი წლით პატიმრობა მოითხოვა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ კანონი მას არ აძლევდა უფლებას პირობითი სასჯელი დაენიშნა ბრალდებულისთვის. მოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია – განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით შეცვალა:
“ვფიქრობ, ბრალდებულს დაზარალებულის მოკვლა რომ ნდომოდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა დანა რამდენჯერმე დაერტყა მისთვის. მახსოვს ერთი საქმე, როცა დაზარალებულს დანით 18 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და პროკურატურამ მას უფრო მსუბუქი მუხლი წაუყენა, ვიდრე მკვლელობის მცდელობაა. ამ შემთხვევაში დაზარალებულს ერთი დაზიანება აქვს მიყენებული. რომ არ გაქცეულიყავით, მერწმუნეთ, უფრო მსუბუქ სასჯელს გამოვიყენებდი, მაგალითად, სასჯელის ნახევრად პირობით მსჯავრს დაგინიშნავდით… ეს ოჯახური კონფლიქტია, მაგრამ ასეთი ძალადობრივი მეთოდები მიუღებელია… მე მწარედ მახსოვს კიდევ ერთი საქმე, როცა ჩავთვალე, რომ ადამიანი მკვლელი არ იყო, კვალიფიკაცია შევცვალე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ჩემი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ სააპელაციო სასამართლოს, ახლაც დარწმუნებული ვარ, იმ საქმეში მკველობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია”.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი, რითაც მოსამართლემ სიძის დაჭრაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა, ნიშნავს “ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების, ან რომელიმე ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა… ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე”.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სპორტული გარბენი ნატოს კვირეულის ფარგლებში

 

 

 

 

500 მეტრ დისტანციაზე გოგოებს შორის გამარჯვება დიანა შენგელიამ მოიპოვა, ბიჭებს შორის კი 800 მეტრი ყველაზე სწრაფად ბაჩანა აბაშიძემ დაფარა.

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსმა მინდია ქათამაძემ გამარჯვებულებს სერტიფიკატები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

 

 

კვირეული 25 ოქტომბრიდან იმართება.

 

 

 

ქობულეთში 13 წლის მოზარდი დაჭრეს

 

შს სამინისტროს ინფორმაციით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,- ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.] 



ბათუმის მეათე კინოფესტივალის გამარჯვებული ბლოგერები

 

ბლოგერების საუკეთესო ოთხეული 

 

თამარ მირიანაშვილი – litterator.wordpress.com

ზურა ბალანჩივაძე – zurriuss.ge

ლაშა ცერცვაძე – lashafoxtsertsvadze.wordpress.com

 

 ანნა ფარქოსაძე – surrealchild.wordpress.com

 

 

გამარჯვებულ ბლოგერებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები: 


2016 წლის ბათუმის კინოფესტივალზე დასწრების დაფინანსება. 

 

 სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება (აპრილი, 2016 წ.) [ BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით – #1, #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (1 გზა) და განთავსება (5 ღამე); #3, #4 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება (5 ღამე). განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა ოთხივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე მინიმუმ 2 თვით ადრე.] 

 

კინოთეატრი „რუსთაველის” 3 თვიანი აბონემენტი (1 პერსონისთვის) – ბლოგერს მოცემულ პერიოდში შეუძლია დაესწროს (ერთჯერ) ნებისმიერი ახალი ფილმის ჩვენებას. 

GIPA [საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი] პრიზი – GIPA-ს მოკლევადიანი სერტიფიცირებული სასწავლო კურსის უფასო ვაუჩერი. ეს პრიზი გადაეცემა სამ ბლოგერს: თამარ მირიანაშვილს, ლაშა ცერცვაძესა და ანნა ფარქოსაძეს. 

 

 დანარჩენი პრიზები გადანაწილდა შემდეგნაირად:

სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი (2დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი ქსელის რომელიმე სასტუმროში, ბათუმი/ქუთაის/ თელავი/სიღნაღი,დასვენებისთვის) შემდეგ ბლოგერებს:

 

1. თამარ მირიანაშვილი
2. ზურა ბალანჩივაძე
3. ნიკა უხურგუნაშვილი & თათია კობიძე 

TbilisiOpen Air /AlterVision -ის 2016 წლის ფესტივალის უფასო აბონემენტი:

1. ზურა ბალანჩივაძე
2. ნიკა უხურგუნაშვილი
3. თათია კობიძე
4. მაკა ნათელაური
5. ლუკა გოცირიძე

 

გამომცემლობა”წიგნები ბათუმში” პრიზი

სოფიკო ბიბიჩაძე – 50 ლარიანი ვაუჩერი
მაკა ნათელაური – 50 ლარიანი ვაუჩერი
ომარ კეპულაძე – 50 ლარიანი ვაუჩერი
გიორგი დოლიძე – 50 ლარიანი ვაუჩერი

დამატებით ყველა ბლოგერს გადაეცემა კომპანია METRO GEORGIA-ს თბილისი-ბათუმისმარშრუტის თითო ბილეთი (ორმხრივი გზა) – გამოყენებისთვის. 

 

 

 

აჭარის მთავრობის პასუხი აქციის მონაწილეებს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურს მშენებელი კომპანია “აჭარენერჯი 2007”-ს ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – კირნათისადა მარადიდის მოსახლეობამ დღეს გზა გადაკეტა კომპენსაციებისა და გზისრეაბილიტაციის მოთხოვნით.

 

სოფელ მაჭახლის პირას მცხოვრები ოჯახების მიწის ნაკვეთები შეისწავლა ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი. მოკვლევა კომისიამ დაასრულა  20 დღის წინ.

 

კომისიამ სულ შეისწავლა 297 მიწის ნაკვეთი, აქედან 211 დაუკანონდა მიწის ნაკვეთები,რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გადაეცა „აჭარ-ენერჯი-2007“-ისწარმომადგენლებს, რათა დროულად დაიწყოს კომპესაციების გაცემა.

86 – მიწის ნაკვეთი არ დაკანონდა, რადგან კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა,რადგან საკომპენსაციო სიაში ვერ შევიდოდა ოჯახები, რომლებიც არ იყო მიწითმოსარგებლე ან ჰესების არეალში მდებარე. ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახები არაპროტეტებენ ამ ფაქტს.

 

დარჩენილია გარკვეული ტიპის ტექნიკური სამუშაოები, მათ შორის ელექტრონულირუქის დამზადება, რის შემდეგადაც კომპანია ცალკე შეისწავლის გამგეობის შუამდგომლობით გადაცემულ სიას. შემდეგ კი დაიწყება ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა. პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

 

რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ  სამუშაოებს“.

რა შემთხვევაში უწყდება ოჯახს სოციალური შემწეობა

მისი მეუღლე თამარი მეორე შვილს ელოდება. ექიმმა რამდენიმე მედიკამენტი დაუნიშნა, თუმცა ფეხმძიმე ქალი ექიმის დანიშნულებას უსახსრობის გამო ვერ იღებს. „180 ლარი ღირს ორი დასახელების წამალი, როგორ ვიყიდოთ, არ გვაქვს ფული“, – ამბობს თამარი. ოჯახი შვიდ სულზე 348 ლარს იღებდა, დღეს ამ შემწეობის გარეშე დარჩნენ. ოჯახი ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობს და ახლობლების შემწეობაზეა დამოკიდებული.

რამაზის წლინახევრის შვილს ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს. როგორც გვეუბნება, ექიმმა ინგალაციები დაუნიშნა, რომელიც სპეციალური აპარატით უნდა გაკეთდეს. მშობლებმა დახმარებისთვის ქალაქის მერიას მიმართეს, თუმცა ინგალაციის აპარატის შეძენაზე უარი მიიღეს.
„ათდღიანი ინგალაცია უნდა გაუკეთდეს, აპარატის გარეშე კი ვერ ვუკეთებთ“, – ამბობს მამა.

ფუტკარაძეების ოჯახი

ნანას ძმა, რამაზ ფუტკარაძე გვეუბნება, რომ დადგენილი რეგულაციების შესახებ მისი დისთვის სააგენტოს არაფერი უცნობებია. „ჩვენ არ ვიცოდით, რომ საზღვრის გადაკვეთამდე ჩემს დას სააგენტოსთვის უნდა მიემართა. რამდენჯერმე მივედით და ვიკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. არც ახლა ვიცით როგორ მოვიქცეთ, რადგან ჩემი და, ვისზეც არის გამოწერილი სოციალური შემწეობა, თურქეთში მკურნალობს და არ ვიცით როდის დაბრუნდება“, – ამბობს რამაზი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ კანონით განსაზღვრული ნორმების თაობაზე ყველა ბენეფიციარი ოჯახი ინფორმირებულია.

„სოციალური აგენტი ყოველთვის განუმარტავს ოჯახს იმ ნორმებს, რომლის დაცვაც აუცილებელია სოციალურად დაუცველი პირებისთვის. როცა აგენტი ოჯახში მიდის და აფასებს, ის უტოვებს საინფორმაციო ბარათს, სადაც ასევე ჩამოთვლილია ის ინფორმაცია, რაც უნდა მიაწოდის ბენეფიციარმა სააგენტოს“, – განაცხადა ტატა გამყრელიძემ.

კანონის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია ოჯახში მომხდარი ყველა ცვლილების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს. არასწორი განაცხადის შემთხვევაში, ბენეფიციარი ოჯახის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გაუქმდება.

დემოგრაფიული ცვლილებები: სააგენტოს უნდა ეცნობოს ოჯახის წევრის გარდაცვალების ან ახალი წევრის დაბადების შესახებ; ასევე იმის შესახებ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ცალკე გადავა საცხოვრებლად; როდესაც ოჯახი იცვლის მისამართს, რათა ახალ მისამართზე გადაამოწმონ ბენეფიციარი.

ფინანსური ცვლილებები: როცა ოჯახში ჩნდება ლეგალური ან არალეგალური ცვლილებები; თუ გაიზარდა ოჯახის საჭიროებები, ბენეფიციარმა უნდა აცნობოს სააგენტოს.

ქონებრივი ცვლილებები: თუ ოჯახო შეიძენს (ან აჩუქებენ) შემოსავლის მომტან რაიმე ქონებას, ვთქვათ, ავტომანქანას, ტრაქტორს, ბინას, აგარაკს, კომერციულ ფართობს, მიწის ნაკვეთს, იმ შემთხვევაშიც უნდა მიეწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, თუკი ოჯახმა დაიწყო რაიმე მოსავლის მოყვანა, ვთქვათ, ხორბლის.

საზღვრის კვეთა: იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი სამ თვეზე მეტი ხნით აპირებს უცხო ქვეყანაში დარჩენას, ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს სააგენტოს. უფრო ნაკლები დროით თუ მიდის, არ ექვემდებარება გადამოწმებას.

„არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარები არ აწვდიან სააგენტოს ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას. მათ შორის მოგების მომტანი ქონების შეძენაზეც. „მანქანა ვჭამო“? – ამბობს ზოგიერთი, მაგრამ არის პოტენციური მოგების მომტანი, რადგან შეიძლება იტაქსაო და ასე გამოიმუშაო თანხა. იგივე შეიძლება ვთქვათ ტრაქტორზე, რომელიც გლეხმა შეიძლება გააქირაოს, სხვას დაუხნას მიწები და ამით მიიღოს შემოსავალი. ამიტომ, ასეთი ქონების შეძენის ან ჩუქების შემთხვევაში სააგენტომ აუცილებლად უნდა მიიღოს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს შეუწყდება სოციალური შემწეობა“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი სააგენტოს დაუმალავს ინფორმაციას ფინანსური შემოსავლების შესახებ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ოჯახზე ფორმდება ფორმა 3 და ის ერთი წლის, ზოგ შემთხვევაში კი სამი წლის განმავლობაში გადამოწმებას აღარ ექვემდებარება.

ოჯახს სოციალური შემწეობა სხვა შემთხვევებშიც უწყდება, რის გამოც ბენეფიციარმა ხელმეორედ უნდა მიმართოს განცხადებით სააგენტოს.

„იმისათვის, რომ სოციალური შემწეობა აღუდგეს ოჯახს, ბუნებრივია, ის ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. ამას სჭირდება დრო, დაახლოებით ორიდან სამ თვემდე. მესმის, რომ უსახსროდ დარჩენილი ოჯახისთვის ეს დრო ძალიან დიდია, მაგრამ ვადები კანონით არის განსაზღვრული და მისი ცვლილება სააგენტოს არ შეუძლია“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

რაც შეეხება თამაზ ფუტკარაძის ოჯახს, სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ხელმეორედ მოუწევთ სააგენტოსთვის მიმართვა. ტატა გამყრელიძე: „თუ არის რაიმე ექსკლუზიური შემთხვევა, შეიძლება მათი საკითხი კომისიურად განიხილონ და დააჩქარონ შემწეობის დანიშვნა.“

რა ოდენობის შემოსავლის შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს ოჯახს სოციალური დახმარება, როგორც ტატა გამყრელიძე ამბობს, კანონით არ არის განსაზღვრული. „გააჩნია ოჯახის წევრთა რაოდენობასა და საჭიროებებს. შეიძლება ოჯახში იყოს ათწევრიანი და სახელმწიფომ ჩათვალოს, რომ 600 ლარი მისთვის საკმარისია, შეიძლება იყოს ორწევრიანი და 150-ლარიანი შემოსავალი ჩაითვალოს საკმარისად~. 
„ბათუმელების“ კითხვაზე, რითი განსაზღვრავს სახელმწიფო `საჭიროებას“, ტატა გამყრელიძე პასუხობს: „მაგალითად, ითვლება, რომ თუ ოჯახში ბავშვია, ოჯახს მეტი საჭიროება აქვს, ან შშმ პირი თუ არის ოჯახში, ასეთ შემთხვევაშიც ითვლება, რომ ოჯახს მეტი საჭიროება აქვს“.

რამდენ ბენეფიციარს აქვს მიმდინარე წელს სხვადასხვა მიზეზით სოციალური შემწეობა შეჩერებული? – აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

„შეიძლება დღის განმავლობაში ასამდე ბენეფიციარმა შემოიტანოს განცხადება ოჯახის გადამოწმებაზე და დღის ბოლომდე ეს მონაცემი კიდევ შეიცვალოს. ეს ცვალებადი პროცესია, ამიტომ ზუსტ ციფრს ვერ დავდებთ“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე. 
მისი განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში 25 სოციალური აგენტი დაახლოებით 140 ოჯახში შედის.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს სოციალურ შემწეობას აჭარაში 6 591 ოჯახი იღებს.

რა ელით მათ, ვინც სასჯელს ”მარიხუანას მუხლით” იხდის

 

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ბექა წიქარიშვილის კონსტიტუციური სარჩელი მარიხუანას მოხმარებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – კანონში არაფერი წერია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩამდენი როგორ უნდა დაისაჯოს, კანონში სასჯელის ერთადერთი ფორმა ჯერ კიდევ პატიმრობაა.

 

არადა, ის ადამიანები, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 260-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევისთვის, პასუხისმგებლობისგან ვერა, მაგრამ პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ისინი უკანონო პატიმრებად ჩაითვლებიან.

 

ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ, მისი აზრით, მოსამართლეებს უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები გაათავისუფლონ, ხოლო ალტერნატიულ სასჯელად, მაგალითად, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენონ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მარიხუანას შეძენა, შენახვასა და გამოყენაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ მუხლით გასამართლებულ თუ ბრალდებულ პირებს ვერ გაათავისუფლებს – მათი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამისათვის კი „პარლამენტმა სასჯელის ალტერნატიული ზომა უნდა განსაზღვროს“.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის განსაზღვრას პარლამენტი სასჯელის ალტერნატიულ ზომას. საკანონმდებლო ორგანოს ამისთვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ აქვს. დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით კი, პარლამენტს ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოქვეყნდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი განმარტავენ, რომ: „საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 260-ე მუხლებს. 273-ე მუხლზე ალტერნატიული სასჯელები არსებობს – ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სასამართლო პატიმრობის ნაცვლად 273-ე მუხლთან ალტერნატიულ სასჯელს გამოიყენებს. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილს რაც შეეხება, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდედ არ დამდგარა, მაგრამ თუ მსგავსი საქმე იქნება, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება შეეცვლება, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამას სასამართლო საკუთარი ინიციატივით გააკეთებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაგრამ საქმე განსახილველად ჯერ სასამართლოს არ გადასცემია, დაცვის მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით.


რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა მარიხუანას შეძენა, შენახვისა თუ გამოყენების გამო, მათ უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და ახალი გარემოებებით საქმის გადასინჯვა მოითხოვონ.

 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იმ მუხლით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ღირსების შემლახველად შეაფასა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგვიმარტეს, ეს სტატისტიკური მონაცემი მათ არ აქვთ.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრობიდან ამ კანონის გაუქმების შემდეგ ჯერ არავინ გათავისუფლებულა.


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი

შსს: ნაპოვნია ბავშვის ცხედარი, რომელიც ლაბორატორიაში ინახებოდა

 

შსს განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ნაპოვნია დაახლოებით 25 წლის წინანდელი ცხედარი, რომელიც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საბჭოთა ლაბორატორიაში ინახებოდა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით.

 

ბათუმში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

 

შენიშვნა: შს სამინისტრომ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დააზუსტა, რომ პირველადი ინფორმაციით, ნაპოვნია დაახლოებით 25 წლის წინანდელი ცხედარი, რომელიც ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საბჭოთა ლაბორატორიაში ინახებოდა.

ოჯახში მოძალადე 148 ქალი და 269 მსხვერპლი მამაკაცი [დანაშაულების სტატისტიკა]

 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და მოძალადეთა რაოდენობას, მიმდინარე წელს 1985 მოძალადე და 2114 ძალადობის მსხვერპლი დაფიქსირდა [აქედან აჭარაში, შესაბამისად 163 და 170].

 

ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში მოძალადეებიდან 148 ქალია, ხოლო 1837 კაცი. რაც შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლს – 1845 ქალია, ხოლო 269 მამაკაცი.

 

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში რეგისტრირებულია 26452 დანაშაული. მათ შორის:

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ – 623,

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – 3608,

დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 369,

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ – 21,

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ – 9494,

დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 1454,

ნარკოტიკული დანაშაული – 3758,

სატრანსპორტო დანაშაული – 2711,

სამოხელეო დანაშაული – 417,

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ – 1799,

სხვა დანაშაული – 2198;

 

შსს-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში სულ დარეგისტრირდა 4689 ავტოსაგზაო შემთხვევა;

მათ შორის:

გამოწვეული სიმთვრალით – 178,

დაზარალებულთა რაოდენობა – 6845,

დაღუპულთა რაოდენობა – 449.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 12238 ხანძარია რეგისტრირებული, რის შედეგადაც:

დაღუპულთა რიცხვი – 44,

ტრავმირებულთა რიცხვი – 141,

ხანძრისგან განადგურებული შენობა–ნაგებობა – 380,

ხანძრის შედეგად დაღუპული მსხვილფეხა საქონელი -155.

 

მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. 

 

დევის პური

 

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

სხვების ფანჯრებში ყურება მიყვარს, სხვა ადამიანების ცხოვრების თვალთვალი. ცხოვრობენ ისინი ჩემსავით, ჩემნაირები, დადიან იმ ქუჩებზე, სადაც მე დავდივარ, ხედავენ იმ ცას, რომელსაც მე ვუყურებ, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც ძალიან განგვასხვავებს. 

 

ალბათ ის, რაც ოდესღაც, შორს დარჩენილ ბავშვობაში ვნახეთ. ან –  წარმოვიდგინეთ და დავიჯერეთ.

 

დღეს ერთი ფიჭვი მოჭრეს აქვე, ხუთსართულიანი სახლის კედელთან. სადენებს ეხებოდა ტოტებით, როცა ქარი წამოუბერავდა. რამდენჯერმე იჩივლეს სახლის ბინადრებმა. ბოლოს ადგნენ და მოჭრეს. ფიჭვის ტანი სადღაც წაიღეს, წვრილი ტოტები კი დაწვეს _ იქვე დაანთეს პატარა კოცონი. აივანზე ვიჯექი და ვუყურებდი. ტკაცუნით იწვოდა წიწვები და მთელ ქუჩაზე ფიჭვის ფისის სუნი იდგა.

 

ამ ქალაქში არ უნდა ცხოვრობდნენ-მეთქი ფიჭვები, გავიფიქრე.

 

აი, იქით თუ წახვალთ, ჩრდილოეთისკენ, შორს, მთებში, გზა რომ თანდათან დავიწროვდება, სულ რომ დავიწროვდება და ბოლოს გაწყდება, ფიჭვის ხეების ქვეყანაში მოხვდებით. ჩემი ბავშვობაა იქ. ჩემი სოფელი ისეა ფიჭვებში შეყუჟული, რომ არ იცოდე, ვერ მიაგნებ. 

 

ზამთრისპირები ყველაზე ძნელია მთებში. თოვლი ადრე მოდის. პირველად მრგვალ, მკვრივ ფიფქებს წამოყრის, თოვლის გულებს ეძახიან. მიწა უკვე მოყინულია ამ დროს და თოვას აქვს უცნაური ხმა, თოვლის ბურთულები წკრიალით ეცემიან მიწაზე.

 

მაღალი, ასწლიანი კაკლის ხეები გვიდგას ეზოში. დიდხანს მეგონა, რომ ეს კაკლის ხეები ღამღამობით სადღაც მიდიოდნენ და უკან ყვავებით დახუნძლულები ბრუნდებოდნენ დილისთვის. პირველი თოვლი რომ მოვიდოდა, მაშინ იწყებდნენ ჩხავილს ყვავები. თითქოს ვიღაცას ეძახდნენ, ისე გასჩხაოდნენ მთებს.

 

ვიდექი ერთ დილას თოვაში და ვუსმენდი. ბებიაჩემს ეზო მოევლო, კალთა ვაშლით ჰქონდა სავსე. ხეებს შერჩენილი უკანასკნელი ვაშლები ჩამოეყარა და მოჰქონდა. რა უნდათ-მეთქი ამ ყვავებს, ვთქვი. ამომხედა ბებიაჩემმა. ისე იყო უკვე წელში მოხრილი, სიარულისას ხელს მიწას აბჯენდა. ამომხედა და – დევებს ეძახიანო, მითხრა.

 

მიყვარდა ამბები დევებზე. ზოგჯერ ძილის წინ  გვიყვებოდნენ ბავშვებს. გვეუბნებოდნენ, რომ დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, დიდები და ბანჯგვლიანები იყვნენ, ავსულები და უწმინდურები, ქვესკნელის ჯარისკაცები, და იმათთან შეხვედრას კაცი ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა. თანაც ზოგჯერ ტერფებს შეიბრუნებდნენ ხოლმე უკუღმა და დევის კვალი თუ შეგხვდებოდა, მიდიოდა თუ მოდიოდა, ვერ გაიგებდი.

 

კიდევ ის ვიცოდი, რომ, როცა ვინმე მოკვდებოდა, ერთ დიდ პურს აცხობდნენ და „დევის პურს“ ეძახდნენ. პური უსაფუვროდ ცხვებოდა, ბრტყელი იყო და მაგიდისხელა. ზედაპირზე  რაღაც ნიშნებს  გამოსახავდნენ, მერე აიტანდნენ სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას და იქიდან დააგორებდნენ. ეს პური ერთგვარი ქრთამი იყო დევებისთვის, მიცვალებულის სული ქვესკნელში რომ არ გაეტყუებინათ.

 

ბებიაჩემს დიდად არ უყვარდა დევებზე ლაპარაკი. ათას რამეს მოგიყვებოდა ქაჯებსა და კუდიანებზე, ოღონდ დევებზე არ გეკითხა. ქალებს დასდევდნენ და იტაცებდნენო, მითხრა ერთხელ. ჭამდნენ-მეთქი? არაო. შვილებს აჩენინებდნენო. ზოგჯერ ბრუნდებოდნენ ეს ქალები, თავისი გაჩენილი დევებით, მაგრამ ხალხი აღარ უშვებდა. სოფელთან ახლოს დასახლების უფლებას აძლევდნენ, ოღონდ სოფელსა და მათ საცხოვრებელს შორის პატარა მდინარე მაინც უნდა ყოფილიყო. წყალში ვერ გამოდიოდნენ პატარა დევები, დადგებოდნენ მდინარის პირას, გადმოსვლა და ბავშვებთან თამაში უნდოდათ თურმე. მაგრამ არ ეთამაშებოდნენ ბავშვები, ქვებსაც ესროდნენ. დასცინოდნენ, ხუჭუჭა თმიდან ციცქნა რქები რომ მოუჩანდათ პატარა დევებს, ბოროტ სიმღერებს თხზავდნენ ამაზე და უმღეროდნენ მდინარის მეორე ნაპირიდან.

 

ბევრი ვიდარდე მაშინ ამაზე. მე ვეთამაშებოდი-მეთქი, მუჭით ამოვიწმინდე ცრემლები თვალებიდან. ჩავდიოდი ხოლმე მდინარესთან, ჩამოვჯდებოდი და საათობით გავყურებდი ტყეს მეორე ნაპირზე.

 

არავინ გამოჩენილა.

მერე წამოვიზარდე. დევებზე აღარავინ მიყვებოდა. ბებია უკვე აღარ მყავდა, აჩხავლებული ყვავები რომ მაინც დაეწყევლა ხანდახან. ცხოვრება ჩვეულებრივი გახდა, მარტო კაბა მიმოკლდებოდა მუხლისთავებზე, მეტი არაფერი. 

 

იმ ზამთარს, განსაკუთრებით ხმამაღლა რომ ჩხაოდნენ ყვავები, გვიან დაიძინეს დათვებმა. თოვლი მოვიდა და ჯერაც არ შესულიყვნენ ბუნაგებში. შეგროვდებოდნენ უთენია კაცები, თოფებაკიდებულები, და  მძიმედ გააბოტებდნენ ტყისკენ დათვებზე სანადიროდ.

 

ერთხელ მამაჩემიც წავიდა.

 

დედაჩემმა წინა ღამეს ცუდი სიზმარი ნახა. შეშინებული იყო და დიდხანს ეხვეწა მამაჩემს, არ წახვიდე, იყვნენ დათვები, მაინც მალე დაიძინებენ, ხორციც გვაქვს, ძროხებს მინდორში აღარ  ვუშვებთ, რას გვიშლიან დათვებიო.

 

მაინც წავიდა.

 

ორი დღე ველოდეთ. ვისხედით და გზას გავყურებდით, თვალები ამოგვიღამდა.

 

შუაღამე იყო, კარი რომ შემოაღო. ფერი არ ედო. მაშინვე შევამჩნიე, თოფი აღარ ჰქონდა. ისე მიუჯდა ღუმელს, ხმა არ ამოუღია. ბეჭებიდან თოვლი ჩამობერტყა დედაჩემმა, მოყინული ხელები დაუსრისა, თან თვალებში შეჰყურებდა.

 

გზა დამებნაო, ხევში ჩავვარდი და თოფი დავკარგეო, თქვა ბოლოს და დასაძინებლად წავიდა.

 

შუაღამისას გამაღვიძა ორი დღის შემდეგ. ჩურჩულებდა. დედაშენს არ გაეღვიძოსო. იცოდე, არავის არაფერი უთხრა. ბებიაშენი რომ ცოცხალი იყოს, იმას მოვუყვებოდიო.

 

დათვის კვალზე დამდგარს დიდი ნაფეხურები უნახავს, ფეხშიშველი კაცის ნაფეხურები. ასეთი დიდი ფეხი ვის  უნდა ჰქონდეს, ან თოვლში ფეხშიშველს როგორ უნდა ევლოო, უფიქრია და გაჰყოლია კვალს. 

 

დიდხანს უვლია, ძალიან დიდხანს. კვალი ფიჭვების კორომს რომ მიადგა, მაშინ დაუნახავს: იჯდა თურმე თოვლში, ფეხშიშველი. ცხვრის ტყავისგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა, უზარმაზარი, ბანჯგვლიანი მკლავები თავზე შემოეხვია და  თვალებიდან  ცეცხლის ალი გადმოსდიოდა.

 

ასე ტირიან თურმე დევები, ცეცხლი გადმოსდით თვალებიდან ცრემლის ნაცვლად.

 

ვიდექი ასე, ხესავით, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, და როცა შემამჩნია, ისე დავეშვი მიწაზე, თითქოს ცულით მუხლებში გადამჭრესო, მითხრა მამაჩემმა.

 

გამოხედა თურმე მამაჩემს, თვალები მუჭით ამოიწმინდა და დედა მომიკვდაო, უთხრა.

 

დედა მომიკვდა, მარტომ დავმარხე, მარტო ვტირი და მარტომ უნდა ვიცხოვრო ეხლაო.

 

თოვლში შავად ამობურცულიყო ახალნაყარი მიწის ბორცვი – დევის დედის საფლავი.

 

მივიდა თურმე მამაჩემი და მიუჯდა გვერდით. ყვავები ასხდებოდნენ მხრებზე და წკიპურტით იგერიებდა კოღოებივითო. ისროდა ამ ყვავებს აქეთ-იქით და მიყვებოდაო:

 

ჩემები დიდი ხანია გადაიხვეწნენ, ხალხი გამრავლდა ძალიან, ეს ქვეყანა კაცთა ქვეყანა გახდა, და ისე წავიდნენ, საფლავებიც არ დატოვეს, ამოთხარეს თავიანთი მკვდრები, აკრიფეს მთელი  სარჩო-საბადებელი და წავიდნენო.

 

დედაჩემს ვერ დავტოვებდი მეო. ქალი იყო დედაჩემი, ადამიანი. არ შეიძლებოდა იმის იმ ქვეყანაში წაყვანა, და სანამ ცოცხალი იყო, აბა როგორ დავტოვებდიო.

 

ცოტა ცხვარი მყავს, ცოტა ძროხები, იმით ვცხოვრობ. ოღონდ ნადირი მომრავლდა ძალიან და ხან მგელი დაერევა, ხან დათვი, მიჭამენ საქონელსო. იარაღიც გამიფუჭდა, ჩვენი სამჭედლოები ზურგზე მოიკიდეს წასულმა დევებმა და ისე წაიღეს, რკინა აღარ დამიტოვესო.

 

აიღო თოფი მამაჩემმა და მისცა. მთელი ტყვიები დავუტოვე და შევპირდი, ამოვალ და ამოგიტან ხოლმეო.

 

ის ღამე იქ გაათენეს თურმე, ფიჭვებს ტოტები დაამტვირეს და ცეცხლი დაანთეს. დილას გამოუცილებია მამაჩემი. მხარზე ხელი დამადო დამშვიდობებისასო, მითხრა და პერანგი გადა¬იწია – მთელ ბეჭზე შავად ჰქონდა გაფენილი დევის ნათითურები.

 

 

სამი წელია, ჩემს სოფელში აღარ ვყოფილვარ.

 

სამი წლის წინ გამოვაცხვე დევის პური მამაჩემისთვის.

 ყველაზე დიდ ვარცლში მოვზილე ცომი.

 ყველაზე დიდ ფიცარზე გავაბრტყელე და ღუმელზე დავდე.

 პურის სუნი რომ დატრიალდა, მივედი და ვუთხარი, გამოვაცხვე-მეთქი.

 მშვიდად იწვა ფერმკრთალი მამაჩემი. არასოდეს უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასე ჩუმად.

 

სასაფლაოსკენ გზა ფერდობზე გადის. აუყვები ბილიკს, გორაზეა შეფენილი საფლავები. მამაჩემი დედაჩემისა და ბებიაჩემის გვერდით დავმარხეთ, თავთან სამკუთხა ქვა ჩავაყუდეთ. არაფერი წაგვიწერია.

 

პური ხელით მიმქონდა. გორის წვერზე ავედი და გადავიხედე. ღრმა ხრამი იყო, იმის იქით ტყე იწყებოდა.

 

დავაგორე პური და დავჯექი. დიდხანს ვიჯექი. ზურგსუკან ჩემების საფლავები იყო, იმის უკან –  ჩვენი ცარიელი სახლი, სადაც უკვე დიდი ხანია აღარ ვცხოვრობდი.

 

კაკლის ხეებზე გულისწამღებად ჩხაოდნენ ყვავები.

 

მერე გამოვიდა ტყიდან.

 

ცხვრის ტყავებში იყო გახვეული. მხარზე თოფი ეკიდა.

 

ვიცანი ის თოფი.

 

პური აიღო და ამომხედა.

 

ცეცხლი ედგა თვალებში.

 

აბურძგნული, ხვეული თმა ჰქონდა და ოდნავ მოუჩანდა რქები. 

 

 

ვზივარ აივანზე და შუა ქალაქში ფიჭვის ტოტების კოცონს ვუყურებ. ჩაინავლა უკვე. შეღამდა. ვიჯდები კიდევ ერთხანს. ისე ვუსმენ ხოლმე ქალაქს, როგორც ბებიაჩემის ამბებს ვისმენდი ძილის წინ.

 

ბევრი ამბავია ამ ქვეყანაში. ქალაქებში თუ მთებში, მიკარგულ სოფლებში. გზებზე, რომლებიც ვერ გაიგებ, საით მიდიან, დევის ტერფებივით: აქეთ თუ იქით, სააქაოში თუ საიქიოში. ისე გადაკვეთ სინამდვილის საზღვარს, ვერც გაიგებ. თუ დაბრუნდები, ისეთი ვეღარ დაბრუნდები:  ზიხარ მერე საღამოობით და გეჩვენება, რომ დიდი ხნის წინ გადახვეწილ დევებს ეძახიან ელექტროსადენებზე ჩამწკრივებული ყვავები.

 

 

 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი


სოფიკო, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა საჯარო სამსახურს?

 

სოფიკო გუჯაბიძე
სოფიკო გუჯაბიძე

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა თავიდანვე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ საჯარო უწყებაში უფრო მეტი საშუალება გეძლევა აკეთო ისეთი საქმე, რომლითაც შენს მოკრძალებულ წვლილს შეიტან შენი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაში. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სწორედ ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში, მისი დადებითი კუთხით წარმოჩენაში ვმონაწილეობდი. მინდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო  ჩემთვის, რადგან ტურიზმი მრავალფეროვანი სფეროა, არ არის პასიური და მოსაწყენი. ვფიქრობ, ახლანდელი სამსახურიც ამ საქმის ერთგვარი გაგრძელებაა. ზოგადად, კომუნიკაციის პრობელმა არასოდეს მქონია ადამიანებთან.  ინფორმაციის გაცემის საქმეში ღიაობა და პროაქტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მაშინაც კი, როცა მთხოვდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, ანუ ვიყავი რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის ვცდილობდი მომეძებნა რაღაც ახალი, საინტერესო ჩვენი დარგით დაინტერესებულთათვის, რითაც ჩვენს უწყებას, ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო კარგად გავაცნობდი საზოგადოებას.

 

ვინ შემოგთავაზათ ეს პოზიცია, დიდხანს ფიქრობდით გადაწყვეტილების მიღებაზე?

 

რა თქმა უნდა, ასეთ პოსტზე დათანხმება დიდი პასუხისმგებლობა იყო, რასაც სრულიად ვაცნობიერებ. ზოგადად, აჭარის საჯარო უწყებების მიხედვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები გაერთიანებულ გუნდს წარმოვადგენთ. ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო ნათია სირაბიძე, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ მოვიდა მთავრობის აპარატში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. ჩვენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა, უფრო მეტად მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ერთ სამუშაო ჯგუფად ჩამოვყალიბდით. სწორედ მაშინ შეიქმნა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის სამუშაო ჯგუფში თითოეული ჩვენგანი მონაწილეობდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებს მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან. კანდიდატის შერჩევაც ძირითადად ამ ჯგუფიდან მოხდა. რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო არჩევანი ჩემზე შეჩერდა.

 

ძირითადად ამ ჯგუფიდან რატომ?

 

ამ ჯგუფიდან იმიტომ, რომ ეს სპეციალისტები  მუდმივად იყვნენ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რასაც, ზოგადად, აჭარის მთავრობა სხვადასხვა უწყების მიხედვით ახორციელებდა, შესაბამისად,  გამოცდილებასთან ერთად ჰქონდათ უფრო მეტი ნდობაც.

 

რამდენად განსხვავდება მთავრობის პიარის სპეციფიკა იმ მოვალეობებისგან, რომელსაც აქამდე ტურიზმის დეპარტამენტში ასრულებდით. რა გეჩვენებათ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან სხვაობად, ყველაზე დიდ გამოწვევად?

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ ახლა უფრო გაფართოვდა თემატიკა და  იგივე საქმიანობა აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყების მიხედვით უნდა განვახორციელოთ. ჩემდა სასიხარულოდ, აქ დამხვდა გუნდი, რომელიც სრულიად შეესაბამება იმ მოთხოვნებსა და ღირებულებებს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე მიშვნელოვანია ისიც, რომ ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც ბოლო პერიოდში მომიწია მუშაობა, ზოგადად, ღია აღმოჩნდნენ ინფორმაციის გაცემის კუთხითა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ამიტომ ჯერ ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

 

მნიშვნელოვანი სხვაობა ძველსა და ახალ სამსახურს შორის არის უფრო ის, რომ ტურიზმის დეპარტამენტში, გარკვეული დრო ყოველთვის მრჩებოდა ჩავრთულიყავი ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც შემოქმედებით ნაწილსაც მოიცავდა. მაგალითად, მეამაყება, რომ მაქვს მიღებული მონაწილეობა 2013 წლის აჭარის გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციული გზამკვლევი იყო ჩვენი ტურისტებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად მედიასთან ურთიერთობას – პრინციპები იგივე რჩება, უბრალოდ, გაფართოვდა არეალი. თუმცა, კვლავ მჭიდრო ურთიერთობებში ვრჩები ტურიზმთან, ისევე როგორც სხვა უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი მოვალეობის შესრულებისას.

 

თქვენს სამსახურს მხოლოდ მთავრობის აპარატთან დაკავშირებული საკითხები ეხება, თუ სხვა სამინისტროების პიარზე ზედამხედველობაც შედის თქვენს მოვალეობებში?

 

 მთავრობის აპარატი არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება რეგიონში და წარმოადგენს  ერთგვარ  მაკონტროლებელ ორგანოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტროების პიარები პირდაპირ არიან დაქვემდებარებული სტრუქტურულად. ეს უფრო კარგი თანამშრომლობა და კომუნიკაციაა კოლეგებს შორის.

 

ხედავთ თუ არა რაიმე ხარვეზებს მთავრობის პიარსაქმიანობაში და რის შეცვლას აპირებთ ამ თვალსაზრისით?

 

იდეების კუთხით სიახლეს ვერაფერს შემოვიტან, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით სპეციალურად მოწვეულმა პიარტექნოლოგის სპეციალისტებმა შექმნეს, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი დოკუმენტია და ძნელია, რაიმე ახალი თქვა. მთავრობის დეპარტამენტში ამ კუთხით კარგად გათვიცნობიერებული და გამოცდილი კადრები დამხვდნენ.  შესაბამისად, მეც იმავე პოლიტიკით გავაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო – ვიყო აქტიური, ობიექტური და კომუნიკაციისთვის მუდმივად მზად მყოფი.

 

 რამდენად იზიარებს მთავრობის თავმჯდომარე თქვენს შეხედულებებს, მაშინ როცა საქმე ეხება პიარს?

 

ცოტა დროა, რაც ამ მოვალებას ვასრულებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ითვალისწინებს. ერთადერთი პრობლემა, ალბათ, არის პირდაპირი კომუნიკაციისთვის დროის ნაკლებობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა გვექმნება. 

 

მთავრობის თავმჯდომარეს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჯარო შეხვედრებზე ის არც თუ ისე ეფექტურია, თუ მუშაობთ მასთან ამ საკითხზე?

 

მას იმდენად დატვირთული აქვს სამუშაო გრაფიკი შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით, რომ ძნელია ამისთვის დამატებითი დრო გამოინახოს. ვიმედოვნებ, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.

 

მთავრობის თავმჯდომარის ერთერთი ტერმინი, რომელიც მან მურმან დუმბაძის კომენტირებისას გამოიყენა თავის დაძანძურება“ –  პიარსამსახურმა გაავრცელა. მაგალითად, „ბათუმელებსეს კადრები მოაწოდა პრესცენტრმა. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ არჩილ ხაბაძის გასაშარჟებლად. რას ფიქრობთ, ეს იყო პიარსამსახურის შეცდომა თუ ეს პოლიტიკა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ისე წარუდგინოთ საზოგადოებას, როგორიც ის სინამდვილეშია?

 

ეს არ მიმაჩნია პიარის მიმართულებით შეცდომად. მთავრობის თავმჯდომარე არის ძალიან უშუალო პიროვნება და ამაში, ალბათ, ის ჟურნალისტებიც დამეთანხმებიან, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ მასთან. სწორედ მისი უბრალო და უშუალო დამოკიდებულებით გამოიყენა მან ეს ტერმინი. არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს თემა ამდენი ხნის მანძილზე განხილვის საგნად რჩება.

 

არის შემთხვევები, როცა მთავრობის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის განსაზღვრულ ვადებს არღვევენ, ზოგჯერ არასრულადაც აქვეყნებენ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება უფრო ეფექტურად სამუშაოდ?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია უფრო ეფექტურად მუშაობა ამ მხრივ. მოგეხსენებათ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზე. არის რიგი საკითხები, რომლებიც ბევრ უწყებას მოიცავს, შესაბამისად, მეტ დროს საჭიროებს მათი დამუშავება და ხშირად ამიტომაც გვიანდება ზოგიერთი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ეს არ არის გამართლება და აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შენიშვნები აღარ მივიღოთ.


ოქროსფერი 50-თეთრიანი 2017 წლამდე რჩება მიმოქცევაში


ასევე, 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა გაგრძელდა 2017 წლის ბოლომდე. შემდგომში მათი გამოცვლა ასევე მოხდება  საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. 



 

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება


ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მისი ბადრაგირება დაგვიანდა. სასამართლო დარბაზი დაზარალებულის ნათესავებით გაივსო. ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში სად-ის ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თანამშრომლებმა შეიყვანეს. ბრალდებულს ადვოკატი სახელმწიფომ დაუნიშნა, მას იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი დავით კეკენაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულს ესაუბრა და ის უარს აცხადებს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

 

„თქვენი სახელი და გვარი“, „აღიარებთ თუ არა ბრალდებას?“ –  მოსამართლის არც ერთ შეკითხვაზე ბრალდებულს პასუხი არ გაუცია.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ხმაური იყო, ბრალდებული სკამიდან გადმოვარდა. მოსამართლემ ბადრაგს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ისინი დახმარებოდნენ ბრალდებულს წამოდგომაში. ბრალდებული სასამართლო დარბაზში გისოსებში მარტო იყო მოთავსებული, მოგვიანებით კი მასთან დასახმარებლად ბადრაგი შევიდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსეს, მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, იქცევა არაადეკვატურად, უარს ამბობს ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაზე, ბანაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობით, ბრალდებულს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ დევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადვოკატმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. გირაოს თანხად 5 ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 40 დღე დაასახელა.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობრივი გზით მკვლელობა, ასევე ცივი იარაღის ტარება. ბრალდებულმა ასევე ბოთლი ჩაარტყა თავში და დაზიანება მიაყენა მოწმეს, რომელიც მაღაზიაში მკვლელობას შეესწრო. ბრალდების დადგენილებით, დაკავებულმა, რომელიც ორჯერ არის ქურდობის გამო ნასამართლევი, მაღაზიის გამყიდველს სხეულის სხვადასხვა არეშის დანით 17 ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე უარი მიიღო.

 

როგორც მოსამართლემ თქვა, საქმის მასალების მიხედვით, მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა ჭრილობა კი კისერში აქვს მიყენებული. მოკლულ ქალს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა ბრალდებულმა და სახლში წავიდა. შინ გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ყელსაბამთან ერთად გადამალა, შემდეგ კი წვერი გაიპარსა. პოლიციამ ის საკუთარ სახლში ჯერ მოწმის სტატუსით დაკითხა, შემდეგ კი განყოფილებაში მას ბრალი წაუყენეს.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს, 17:30 საათზე გაიმართება.

 


რა გახდა სოციალურად დაუცველი 9 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი

 

„30 ოქტომბერს შემოიყვანეს ბავშვი ემენჯენსში, ჩაუტარდა დახმარება და შეთავაზებულ იქნა მკურნალობა, რაზედაც ოჯახმა უარი განაცხადა [ეს უარი დაფიქსირებული და ხელმოწერილია] და წაიყვანეს სახლში. 2 ნოემბერს უკვე შემოვიდა შოკში, უმძიმეს მდგომარეობაში, პირდაპირ მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, დაიწყო ანტიშოკური თერაპია, როგორც არის გაიდლანით, ყველა კვლევა ჩატარდა აბსოლუტურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ აფხაზავა.

 

კითხვაზე, რა გახდა პაცენტის შოკური მდომარეობის მიზეზი, ვახტანგ აფხაზავა პასუხობს:


„მიზეზი გახდა ინფექცია. ბავშვს ჰქონდა პნევმონია, თირკმელში ანთება, გასტროენტერიტი… პნევმონია 30-ში არ ჰქონია, მაშინ რომ ყოფილიყო სიცოცხლისთვის რაიმე საშიში, პაციენტს სახლში მშობლის მოთხოვნითაც არ გავუშვებდით. თანდაყოლილი ფსიქო-მოტორული განვითარების ჩამორჩენით იყო ბავშვი, წონის დეფიციტი ჰქონდა, მისი მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა მისმა კლინიკამ დაავადების. რამდენჯერმე ნაწოლია ეს ბავშვი კლინიკაში, სხვადასხვა დიაგნოზით.“  

 

ექიმის თქმით, ოჯახს ბავშვის გადაყვანა უნდოდა თბილისში, „მაგრამ ასეთ სიტუაციაში პაციენტის გადაყვანა შეუძლებელი იყო რეანომობილით“.  

 

შმობლებმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს. 9 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 


დედათა და ბავშვთა ცენტრი
დედათა და ბავშვთა ცენტრი

მუსიკალური საღამო საზღვაო ჰოსპიტალის ორგანიზებით

 

 

დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ www.biletebi.ge–ს მეშვეობით, ბათუმის მუსიკალური ცენტრის სალაროებში და საზღვაო ჰოსპიტალში.


პლატინის სპონსორი – “ლივ ჰოსპიტალი”;

გენერალური სპონსორი – ქ.ბათუმის მერია;

ოქროს სპონსორი  –  “ალპენ ფარმა” ;

სპონსორები: რეპრო არტ, ბეიბი ფუდი, ესთეტიკური კლინიკა “Dermacare”


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელ.: 0 422 27 25 88

108 000 ლარი ახალშობილი ტყუპების ოჯახებს

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს, ოჯახს თითოეულ ტყუპზე გადაეცემა 1000 ლარი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, 2014-2015 წლებში პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია ახალშობილი ტყუპების 122 ოჯახს და დახარჯულმა თანხამ 245 000 ლარი შეადგინა. 


ხელვაჩაურში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

 

აქცია
აქცია

 „აქციაზე ძირითადად კირნათისა და მარადიდის მოსახლეობაა. სოფელ მაჭახლის პირას დაზიანებულია გზის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი მონაკვეთი და მოსახლეობა ძირითადად გზის მოწესრიგებას ითხოვს. ამჟამად გზა გადაკეტილია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნოდარ იაკობაძემ, გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ აჭარისწყალსა და მაღლაკონში. ნოდარ იაკობაძის თქმით, აქციაში დაახლოებით 70-100 ადამიანი მონაწილეობს.  

 

ხელვაჩაურის გამგეობის ცნობით, გზის შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“-ია,  რომელიც ხეობაში აშენებს ჰესებს.

 

 „ორი კვირის წინ შევხვდი კომპანიის წარმოამდგენლებს, ძალიან გაბრაზებული ვარ მათზე, ვალდებულება აქვთ გზა გააკეთონ, დავიბარე და ვთხოვე, რომ დაიწყონ შეკეთება, მოსახლეობა ცოდვაა, გზა აუცილებელია.  ჩვენ ვერ ვაკეთებთ, რადგან ეს გზა მათი გასაკეთებელია. ახლა ისევ ვესაუბრე და ამინდის გამო გაჭიანურდაო – ამბობენ, მაჩვენეს დოკუმენტები და დამპირდნენ, რომ ხვალიდან იწყებენ გზის შეკეთებას. „აჭარ ენერჯის“ აქვს გზის შეკეთების ვალდებულება, რადგან ამ მონაკვეთზე მათი მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, რის გამოც გზა ზიანდება,“  – განაცხადა ხელვაჩაურის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ „ბათუმელებთან“.

 

მისი თქმით, გამგეობა მას შემდეგ შეაკეთებს გზას კაპიტალურად, როცა ჰესის მშენებლობა დასრულდება, 2016-2017 წელს. „ხელისუფლებას გეგმაშიც აქვს და ბიუჯეტშიც ჩაიდება ეს თანხები წინასწარ, გზა მთლიანად მოასფალტდება. ახლა რომ გავაკეთოთ, ეს წყალში გადაყრილი ფული იქნება. ორმული სამუშაოები კომპანიამ უნდა შესრულოს გაფუჭების შემთხვევაში,“ – ამბობს გამგებელი. 

რის დაფინანსებას გეგმავს ბათუმის მერია კულტურისა და განათლების პროგრამით 2016 წელს

 

2016 წელს კულტურისა და განათლების განყოფილების პროგრამის ფარგლებში იგეგმება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რის ხარჯზეც ბაღები დამატებით 385 ბავშვის მიღებას შეძლებენ – აღნიშნულია ბათუმის მერიის ვებგვერდზე. 


 პროფესიული განვითარებისა და უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერია 20 ახალგაზრდის უცხოეთში სტაჟირებას დააფინანსებს.


მომავალ წელს მერიის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ასამდე ღონისძიებაა დაგეგმილი.


მერიის ცნობით, პროგრამები კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც დაფინანსდება. ადგილობრივ ხელოვანთა მხარდაჭერის პროექტს მერია კვლავ დააფინანსებს.განათლების პროექტებისთვის 2016 წლის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ჯამში 14 მილიონ 637 ათასი ლარი გამოიყოფა. სპორტის განვითარებისათვის ბათუმის მერია 5 მილიონ 55 ათას ლარს გამოყოფს, რაც 6 მუნიციპალური სპორტული კლუბის სუფსიდირებას მოხმარდება. 

Exit mobile version