მთიანი აჭარა

ძვირადღირებული პროექტები მაღალმთიან აჭარაში

06.11.2015 • • 2519
ძვირადღირებული პროექტები მაღალმთიან აჭარაში

 

კვიახიძეები-ლომანაურის საავტომობილო გზის 4 570 მ სიგრძის მონაკვეთის კეთილმოწყობა

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლების მიერ პრიორიტეტად დასახელებული ღონისძიებების გატარება მაღალმთიან აჭარაში თითქმის დასრულდა. მიმდინარე წელს ყველაზე მეტი თანხა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანში დაიხარჯა. სოფელში გარე განათების მოსაწყობად 28 550 ლარი იყო გამოყოფილი.

ვაშლოვანში მცხოვრები როინ აბულაძე ამბობს, რომ შიდა სასოფლო გზაზე გარე განათება ჩაირთო და შესრულებული სამუშაოებით კმაყოფილია.

„ხულო ბათუმიდან საკმაოდ შორსაა და ქალაქში ჩასულებს სოფლებში დაბრუნება გვიღამდება. ღამით ფეხით გადაადგილება კი სოფლის გზაზე საკმაოდ საშიშია, მაგალითად, მე ცენტრალური მაგისტრალიდან ოთხი კილომეტრის მოშორებით ვცხოვრობ. ღამით ჩაბნელებულ სოფელში ოთხი კილომეტრის გავლა ადვილი არ არის, პრიორიტეტი ამის მიხედვით განვსაზღვრეთ და სოფელზე გამოყოფილი თანხით გარე განათების მოწყობა მოვითხოვეთ. ამ დროისთვის განათება ჩართულია, მეც მაყოფილ ვარ და ყველა ჩემი მეზობელიც კმაყოფილია“, – ამბობს როინი.

გარდა ვაშლოვანისა, ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის ფარგლებში ყველაზე ძვირადღირებული პროექტი სოფელ ფუშრუკაულიდან რაქვთას მიმართულებით შიდა სასოფლო გზის მოწესრიგების პროექტია. სასოფლო გზის რთულ მონაკვეთებზე მზა ბეტონის დასაგებად აქ 22 829 ლარი დაიხარჯა.

„ვერ ვიტყვი რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები, მაგრამ რაც გაკეთდა, კმაყოფილი ვარ“, – ამბობს ფუშრუკაულში მცხოვრები ამირან სურმანიძე.

ხულოში ძვირადღირებულ პროექტებს შორისაა სოფელ აგარის მოსახლეობის მოთხოვნა – სოფელმა აქ ექსკავატორის შეძენა მოითხოვა, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 462 ლარი დაიხარჯა.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზაზა აბულაძე ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სამუშაო დასრულდა. განსახორციელებელ პროექტებს შორის გარე განათება სჭარბობდა. ის აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ გარე განათებაზე გახარჯულ ელექტროენერგიის საფასურს გამგეობა დაფარავს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხულოს სოფლებში სამუშაოები წინა წლებთან შედარებით წელს ბევრად ხარისხიანად შესრულდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ამოწმებდა. სამუშაო პროცესში აქტიურად ჩაერთო გამგეობა, წელს სოფლებში 63 ადგილზე გარე განათება მოეწყო“, – აცხადებს ზაზა აბულაძე.

შუახევის მუნიციპალიტეტში ყველაზე ძვირადღირებული ფურტიოს გზის რეაბილიტაციის პროექტია: შიდა სასოფლო გზაზე, რთული მონაკვეთების მოსაწყობად და მზა ბეტონის დაგებაზე, 15 000 ლარი დაიხარჯა.
„შუახევის ცენტრში ვცხოვრობ, სოფელ ფურტიოში მიწა მაქვს და იმის დასამუშავებლად ავდივარ. სოფლის პროგრამით გზის რთულ მონაკვეთზე მზა ბეტონი დაასხეს, მეც მივიღე მონაწილეობა გზის დაგებაში. კარგია, რომ თანხას აძლევენ სოფელს და რა უნდა გაკეთდეს, ამას მოსახლეობა ირჩევს“, – ამბობს რეზო.

ძვირადღირებულ პროექტებს შორის შუახევში მეორე ადგილზე სოფელ ჯაბნიძეებში სასმელი წყლის პროექტია. სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, წელს აქ 12 000 ლარი დაიხარჯა. სოფლის მკვიდრი ჯემალ ივანაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროექტით სოფელში წყლის პრობლემა მოგვარდა. „წყალი მოვიყვანეთ და ბევრი ოჯახის პრობლემაც გადაიჭრა“, – ამბობს ჯემალი.

ძვირადღირებულ პროექტებს შორის აქ მესამე ადგილზე სოფელ ნენიაში გატარებული ღონისძიებაა – გზაზე დამცავი ბორდიურების მოწყობაზე 10 000 ლარი დაიხარჯა. სოფლის მკვიდრი მზია აბულაძე ამბობს, რომ დამცავი ბორდიურები სოფლის საშიშ მონაკვეთებზე გაკეთდა.

„სასოფლო გზაზე არის რთული მონაკვეთები, სადაც, როგორც მსმენია, ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. რისკის შესამცირებლად მოსახლეობამ სწორედ ამ რთულ მონაკვეთში ბორდიურების მოწყობა მოითხოვა. დაგეგმილი რაც იყო, გაკეთდა“, – ამბობს მზია.

ქედის მუნიციპალიტეტში ყველაზე ძვირადღირებული სასოფლო გზებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებია. სოფელ ახოში გზის რთულ მონაკვეთებზე მზა ბეტონის დასაგებად 18 139 ლარი, ცხმორისში – 17 663, კოკოტაურში კი – 15 899 ლარი დაიხარჯა.

სულიკო ბოლქვაძე, ქედის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი: „პროგრამის ფარგლებში მხოლოდ ორი ობიექტი დარჩა გასაკეთებელი, სხვა ყველა პროექტი დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მოსახლეობას პრეტენზიით არ მოუმართავს, ყოველ შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების ხარისხს მიმღები კომისია ამოწმებს და თუ ხარისხიანად არ იქნება გაკეთებული რომელიმე ობიექტი, კომისია მას არ ჩაიბარებს.“

 

გადაბეჭდვის წესი