სიახლეები

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

04.11.2015 • 1437
ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება


ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბრალდებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან მისი ბადრაგირება დაგვიანდა. სასამართლო დარბაზი დაზარალებულის ნათესავებით გაივსო. ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზში სად-ის ნიღბიანმა და შეიარაღებულმა თანამშრომლებმა შეიყვანეს. ბრალდებულს ადვოკატი სახელმწიფომ დაუნიშნა, მას იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი დავით კეკენაძე იცავს, რომელმაც მოსამართლეს უთხრა, რომ ბრალდებულს ესაუბრა და ის უარს აცხადებს საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

 

„თქვენი სახელი და გვარი“, „აღიარებთ თუ არა ბრალდებას?“ –  მოსამართლის არც ერთ შეკითხვაზე ბრალდებულს პასუხი არ გაუცია.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დარბაზში ხმაური იყო, ბრალდებული სკამიდან გადმოვარდა. მოსამართლემ ბადრაგს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ისინი დახმარებოდნენ ბრალდებულს წამოდგომაში. ბრალდებული სასამართლო დარბაზში გისოსებში მარტო იყო მოთავსებული, მოგვიანებით კი მასთან დასახმარებლად ბადრაგი შევიდა.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბრალდებული საპატიმრო დაწესებულებაში მოათავსეს, მან ორჯერ სცადა თვითმკვლელობა, იქცევა არაადეკვატურად, უარს ამბობს ჰიგიენური საშუალებების გამოყენებაზე, ბანაობაზე. დაცვის მხარის შუამდგომლობით, ბრალდებულს ექსპერტიზას ჩაუტარებენ, თუმცა ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ დევს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადვოკატმა ბრალდებულისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა. გირაოს თანხად 5 ათასი ლარი, გადახდის ვადად კი 40 დღე დაასახელა.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებული სისასტიკითა და ძალადობრივი გზით მკვლელობა, ასევე ცივი იარაღის ტარება. ბრალდებულმა ასევე ბოთლი ჩაარტყა თავში და დაზიანება მიაყენა მოწმეს, რომელიც მაღაზიაში მკვლელობას შეესწრო. ბრალდების დადგენილებით, დაკავებულმა, რომელიც ორჯერ არის ქურდობის გამო ნასამართლევი, მაღაზიის გამყიდველს სხეულის სხვადასხვა არეშის დანით 17 ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე უარი მიიღო.

 

როგორც მოსამართლემ თქვა, საქმის მასალების მიხედვით, მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა ჭრილობა კი კისერში აქვს მიყენებული. მოკლულ ქალს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა ბრალდებულმა და სახლში წავიდა. შინ გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი და ყელსაბამთან ერთად გადამალა, შემდეგ კი წვერი გაიპარსა. პოლიციამ ის საკუთარ სახლში ჯერ მოწმის სტატუსით დაკითხა, შემდეგ კი განყოფილებაში მას ბრალი წაუყენეს.

 

შემდეგი სასამართლო პროცესი 12 ნოემბერს, 17:30 საათზე გაიმართება.

 


გადაბეჭდვის წესი