სიახლეები

მალხაზ ჭკადუა: არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ ვითარებას

06.11.2015 • 1858
მალხაზ ჭკადუა: არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ  ვითარებას

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ მოსამართლე მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, ამის შესახებ უნდა მიუთითოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ მსგავსი განჩინების იმავე სასამართლო ინსტანციის მხრიდან მიღება უკანონოა. ამასთან, განჩინებით არ არის დასაბუთებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. საზოგადოებას შევახსენებ, რომ იმავე მოსამართლემ უკვე იმსჯელა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებთან ერთად ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილებს. ამ გადაწყვეტილებით შეიზღუდა „რუსთავი 2“-ის არსებული მენეჯმენტის ძირითადი უფლებამოსილებები იმდაგვარად, რომ გამოირიცხა მათი მხრიდან კომპანიის ფინანსებისა და ქონების შემცირების საფრთხე. ასევე, მოსამართლემ ყადაღა დაადო „რუსთავი 2”-ის წილის მფლობელ შპს “ტელეკომპანია საქართველოს”. ცალსახაა, რომ მოცემულ ვითარებაში სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინებით ვერ საბუთდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და კომპანიის იძულებით მართვაში გადაეცემის საჭიროება.

 

მალხაზ, თქვენი შეფასებით, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ არა რუსთავი 2-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე?

 

რა თქმა უნდა, სასამართლოს არ უნდა ემსჯელა მაუწყებლის შინაარსობრივი რეგულირების თემებზე. მეტიც, მოსამართლის მიერ განჩინების დასაბუთების დროს მოყვანილი გარემოებები შეიძლება ჩაითვალოს დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად. სასამართლო მიუთითებს, რომ “საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე ინფორმაციის გაშუქებისას გამოყენებულ უნდა იქნეს ობიექტური და სამართლიანი რეპორტაჟის მეთოდი. მოპასუხის (მმართველობის პირობებში ეს საკითხიც დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მითითებული მიზნების უგულვებელყოფა კი, საბოლოო ჯამში, საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში მედიის ძირითად დანიშნულებას.” აშკარაა, რომ მოცემული მსჯელობა წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებაში ჩარევას და არანაირი კავშირი არ აქვს „რუსთავი 2”-ის წილების შესახებ მიმდინარე სასამართლო დავასთან.

 

უკვე გამოქვეყნებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები თუ არსებობს?

 

ფაქტი ისაა, რომ მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული განჩინებით აღარ აღსრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 2 ნოემებრს მიღებული გადაწყვეტილება. საოქმო ჩანაწერით  საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს  პირველი ინსტანციის სასამართლოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს. დღეს მიღებული განჩინებით არსებითად იგივე შედეგი დადგა, რისი თავიდან ასაცილებლადაც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლემ უკანონო განჩინებით გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

გეგმავთ თუ არა რაიმე საპროტესტო ფორმით გამოეხმაუროთ ამ ფაქტს?

 

– „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქტიურად აკვირდება პროცესს, ამასთან, გამოთხოვილი გვაქვს ყველა სახის დოკუმენტაცია და საზოგადოებას უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ჩვენს შეფასებას სასამართლო განხილვებთან და განჩინებებთან დაკავშირებით. პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს – ვხედავთ, რომ ამის საჭიროება ცალსახაა.

 

გახსენებთ თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდს?

 

ბუნებრივია, ბევრი მსგავსების დანახვა შეიძლება – ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილებები, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალების განეიტრალების მცდელობა, ფარული ჩანაწერების გავრცელება და ა.შ. საკითხი არ ეხება „რუსთავი 2“-ის პოლიტიკური თუ სხვა სახის პრეფერენციებს, საქმე ეხება მედიის თავისუფლებას და განსხავავებული, კრიტიკული აზრის გავრცელებას. ბოლო წლების სავალალო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული მსგავსი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ მედიაგარემოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვნებას, არამედ ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს. არ გვაქვს უფლება დავუბრუნდეთ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომ არსებულ ვითარებას, როცა კრიტიკული აზრი ნაციონალური მედიის დონეზე აღარ ისმოდა, საბოლოოდ კი რა სისტემურ დანაშაულებამდე მივედით, ყველამ დავინახეთ.

 

მსგავსი ფაქტები, პოლიტიკა რა ზიანს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

 

ბუნებრივია, რომ განვითარებადი, მყიფე დემოკრატიის მქონე საქართველოსთვის ეს პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი პარტნიორები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დემოკრატიული პრინციპების, მმართველობის ღია ფორმების, ინსტიტუტების გაძლიერებას მოელოდნენ. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ მედიამრავალფეროვნებას და კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლად გავრცელებას ენიჭება. ცხადია, რომ ზემოაღნიშნული პროცესი ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში შევა და საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება აუხსნას პარტნიორ თანამეგობრობას, რომ მას არ მოუხდენია ამ პროცესზე გავლენა. კრიტიკული განცხადებები უკვე არაერთხელ გაკეთდა და ცალსახაა, რომ ეს დამოკიდებულება სამომავლო ურთიერთობებზეც აისახება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: