სიახლეები

რა შემთხვევაში უწყდება ოჯახს სოციალური შემწეობა

05.11.2015 • 2968
რა შემთხვევაში უწყდება ოჯახს სოციალური შემწეობა

მისი მეუღლე თამარი მეორე შვილს ელოდება. ექიმმა რამდენიმე მედიკამენტი დაუნიშნა, თუმცა ფეხმძიმე ქალი ექიმის დანიშნულებას უსახსრობის გამო ვერ იღებს. „180 ლარი ღირს ორი დასახელების წამალი, როგორ ვიყიდოთ, არ გვაქვს ფული“, – ამბობს თამარი. ოჯახი შვიდ სულზე 348 ლარს იღებდა, დღეს ამ შემწეობის გარეშე დარჩნენ. ოჯახი ვერც უფასო სასადილოთი სარგებლობს და ახლობლების შემწეობაზეა დამოკიდებული.

რამაზის წლინახევრის შვილს ქრონიკული ბრონქიტი აწუხებს. როგორც გვეუბნება, ექიმმა ინგალაციები დაუნიშნა, რომელიც სპეციალური აპარატით უნდა გაკეთდეს. მშობლებმა დახმარებისთვის ქალაქის მერიას მიმართეს, თუმცა ინგალაციის აპარატის შეძენაზე უარი მიიღეს.
„ათდღიანი ინგალაცია უნდა გაუკეთდეს, აპარატის გარეშე კი ვერ ვუკეთებთ“, – ამბობს მამა.

ფუტკარაძეების ოჯახი

ნანას ძმა, რამაზ ფუტკარაძე გვეუბნება, რომ დადგენილი რეგულაციების შესახებ მისი დისთვის სააგენტოს არაფერი უცნობებია. „ჩვენ არ ვიცოდით, რომ საზღვრის გადაკვეთამდე ჩემს დას სააგენტოსთვის უნდა მიემართა. რამდენჯერმე მივედით და ვიკითხეთ, როგორ მოვქცეულიყავით, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. არც ახლა ვიცით როგორ მოვიქცეთ, რადგან ჩემი და, ვისზეც არის გამოწერილი სოციალური შემწეობა, თურქეთში მკურნალობს და არ ვიცით როდის დაბრუნდება“, – ამბობს რამაზი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ტატა გამყრელიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ კანონით განსაზღვრული ნორმების თაობაზე ყველა ბენეფიციარი ოჯახი ინფორმირებულია.

„სოციალური აგენტი ყოველთვის განუმარტავს ოჯახს იმ ნორმებს, რომლის დაცვაც აუცილებელია სოციალურად დაუცველი პირებისთვის. როცა აგენტი ოჯახში მიდის და აფასებს, ის უტოვებს საინფორმაციო ბარათს, სადაც ასევე ჩამოთვლილია ის ინფორმაცია, რაც უნდა მიაწოდის ბენეფიციარმა სააგენტოს“, – განაცხადა ტატა გამყრელიძემ.

კანონის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია ოჯახში მომხდარი ყველა ცვლილების შესახებ ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს. არასწორი განაცხადის შემთხვევაში, ბენეფიციარი ოჯახის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მონაცემთა ბაზაში გაუქმდება.

დემოგრაფიული ცვლილებები: სააგენტოს უნდა ეცნობოს ოჯახის წევრის გარდაცვალების ან ახალი წევრის დაბადების შესახებ; ასევე იმის შესახებ, თუ ოჯახის რომელიმე წევრი ცალკე გადავა საცხოვრებლად; როდესაც ოჯახი იცვლის მისამართს, რათა ახალ მისამართზე გადაამოწმონ ბენეფიციარი.

ფინანსური ცვლილებები: როცა ოჯახში ჩნდება ლეგალური ან არალეგალური ცვლილებები; თუ გაიზარდა ოჯახის საჭიროებები, ბენეფიციარმა უნდა აცნობოს სააგენტოს.

ქონებრივი ცვლილებები: თუ ოჯახო შეიძენს (ან აჩუქებენ) შემოსავლის მომტან რაიმე ქონებას, ვთქვათ, ავტომანქანას, ტრაქტორს, ბინას, აგარაკს, კომერციულ ფართობს, მიწის ნაკვეთს, იმ შემთხვევაშიც უნდა მიეწოდოს სააგენტოს ინფორმაცია, თუკი ოჯახმა დაიწყო რაიმე მოსავლის მოყვანა, ვთქვათ, ხორბლის.

საზღვრის კვეთა: იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი სამ თვეზე მეტი ხნით აპირებს უცხო ქვეყანაში დარჩენას, ამის თაობაზე წინასწარ უნდა აცნობოს სააგენტოს. უფრო ნაკლები დროით თუ მიდის, არ ექვემდებარება გადამოწმებას.

„არის შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარები არ აწვდიან სააგენტოს ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას. მათ შორის მოგების მომტანი ქონების შეძენაზეც. „მანქანა ვჭამო“? – ამბობს ზოგიერთი, მაგრამ არის პოტენციური მოგების მომტანი, რადგან შეიძლება იტაქსაო და ასე გამოიმუშაო თანხა. იგივე შეიძლება ვთქვათ ტრაქტორზე, რომელიც გლეხმა შეიძლება გააქირაოს, სხვას დაუხნას მიწები და ამით მიიღოს შემოსავალი. ამიტომ, ასეთი ქონების შეძენის ან ჩუქების შემთხვევაში სააგენტომ აუცილებლად უნდა მიიღოს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახს შეუწყდება სოციალური შემწეობა“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახი სააგენტოს დაუმალავს ინფორმაციას ფინანსური შემოსავლების შესახებ, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, ოჯახზე ფორმდება ფორმა 3 და ის ერთი წლის, ზოგ შემთხვევაში კი სამი წლის განმავლობაში გადამოწმებას აღარ ექვემდებარება.

ოჯახს სოციალური შემწეობა სხვა შემთხვევებშიც უწყდება, რის გამოც ბენეფიციარმა ხელმეორედ უნდა მიმართოს განცხადებით სააგენტოს.

„იმისათვის, რომ სოციალური შემწეობა აღუდგეს ოჯახს, ბუნებრივია, ის ხელმეორედ უნდა გადამოწმდეს. ამას სჭირდება დრო, დაახლოებით ორიდან სამ თვემდე. მესმის, რომ უსახსროდ დარჩენილი ოჯახისთვის ეს დრო ძალიან დიდია, მაგრამ ვადები კანონით არის განსაზღვრული და მისი ცვლილება სააგენტოს არ შეუძლია“, – აცხადებს ტატა გამყრელიძე.

რაც შეეხება თამაზ ფუტკარაძის ოჯახს, სამინისტროში ამბობენ, რომ მათ ხელმეორედ მოუწევთ სააგენტოსთვის მიმართვა. ტატა გამყრელიძე: „თუ არის რაიმე ექსკლუზიური შემთხვევა, შეიძლება მათი საკითხი კომისიურად განიხილონ და დააჩქარონ შემწეობის დანიშვნა.“

რა ოდენობის შემოსავლის შემთხვევაში შეიძლება შეუწყდეს ოჯახს სოციალური დახმარება, როგორც ტატა გამყრელიძე ამბობს, კანონით არ არის განსაზღვრული. „გააჩნია ოჯახის წევრთა რაოდენობასა და საჭიროებებს. შეიძლება ოჯახში იყოს ათწევრიანი და სახელმწიფომ ჩათვალოს, რომ 600 ლარი მისთვის საკმარისია, შეიძლება იყოს ორწევრიანი და 150-ლარიანი შემოსავალი ჩაითვალოს საკმარისად~. 
„ბათუმელების“ კითხვაზე, რითი განსაზღვრავს სახელმწიფო `საჭიროებას“, ტატა გამყრელიძე პასუხობს: „მაგალითად, ითვლება, რომ თუ ოჯახში ბავშვია, ოჯახს მეტი საჭიროება აქვს, ან შშმ პირი თუ არის ოჯახში, ასეთ შემთხვევაშიც ითვლება, რომ ოჯახს მეტი საჭიროება აქვს“.

რამდენ ბენეფიციარს აქვს მიმდინარე წელს სხვადასხვა მიზეზით სოციალური შემწეობა შეჩერებული? – აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

„შეიძლება დღის განმავლობაში ასამდე ბენეფიციარმა შემოიტანოს განცხადება ოჯახის გადამოწმებაზე და დღის ბოლომდე ეს მონაცემი კიდევ შეიცვალოს. ეს ცვალებადი პროცესია, ამიტომ ზუსტ ციფრს ვერ დავდებთ“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ქარცივაძე. 
მისი განცხადებით, ქალაქის მასშტაბით, დღის განმავლობაში 25 სოციალური აგენტი დაახლოებით 140 ოჯახში შედის.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს სოციალურ შემწეობას აჭარაში 6 591 ოჯახი იღებს.

გადაბეჭდვის წესი