„არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით. არის კანონით გათვალისწინებული პროცედურები, რომლებიც უკვე გავიარეთ. დაგვრჩა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან ბოლო ნებართვა, რომლის მიღებისთანავე გავხსნით ჰოსპიტალს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ჰოსპიტლის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ფუტკარაძემ.
მისივე ინფორმაციით, ჰოსპიტალმა ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს 30 ოქტომბერს მიმართა: „ლიცენზია რომ მოითხოვო, ჰოსპიტალი შესაბამისად უნდა იყოს მზად. ამ დროისთვის ინფრასტრუქტურა მთლიანად გამართულია. სააგენტოს ჩვენი მიმართვიდან 30 სამუშაო დღე ექნება გადაწყვეტილების მისაღებად. თუ ყველაფერმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა [ანუ, თუ ჩვენი ყველა დოკუმენტი წესრიგში იქნება], ბუნებრივია, ლიცენზიას მივიღებთ და იმავდროულად გავხსნით ჰოსპიტალს. შესაძლოა ეს პირველი დეკემბრისთვის მოხდეს“.
ბათუმში ახალი, 103-საწოლიანი ჰოსპიტალი, რომელიც თურქული ინვესტიციით აშენდა, მრავალპროფილური იქნება, თუმცა ამ ეტაპზე არ არის საუბარი ონკოლოგიაზე, რომელიც, როგორც ჰოსპიტალში გვითხრეს, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმ, 2-3 წლის პერსპექტივაა.
„ჩვენი შენობა ყოველმხრივ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა არ არის გათვალისწინებული ონკოლოგიურისთვის. ონკოლოგიას სჭირდება აბსოლუტურად სხვა სტანდარტები – თავისი შენობა-ნაგებობითა და ინფრასტრუქტურით“, – განაცხადა ნოდარ ფუტკარაძემ.
ჰოსპიტალში პაციენტების მიღება საავადმყოფოს გახსნისთანავე იგეგმება, თუმცა სხვადასხვა მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება. ჰოსპიტალს ექნება ამბულატორიულ-სტაციონარული მომსახურება სხვადასხვა პროფილით: კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, ნევროლოგია, ზოგადი ქირურგია, ანგიოლოგია და სხვ.
პაციენტთა მომსახურება ჰოსპიტალში დღეს არსებულ ფასებთან შედარებით, სავარაუდოდ, 10-15%-ით ძვირი იქნება, თუმცა ჰოსპიტალი აპირებს თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. ჰოსპიტალი სადაზღვევო სისტემებშიც ჩაერთვება.
რაც შეეხება კადრებს, როგორც ჰოსპიტალში გვითხრეს, მიმდინარეობს შერჩევისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მათ სახელმწიფოს წინაშე აღებული აქვთ 100 ადამიანის დასაქმების ვალდებულება, თუმცა უკვე 200-მდე თანამშრომელია შერჩეული და მათთან ხელშეკრულებებიც გაფორმებულია.
ვაკანსიების გამოცხადებიდან დღემდე, ჯამში, ჰოსპიტალს 3 ათასამდე სამუშაოს დაწყების მსურველმა მიმართა. მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა.
„იქნებიან თბილისიდან მოწვეული, ასევე თურქი ექიმები… საკმაოდ ბევრ ახალ, არაადგილობრივ სახეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.
ახალ ჰოსპიტალში მუშაობის დაწყებას ბათუმის მოქმედი საავადმყოფოების ბევრი თანამშრომელი გეგმავს, მათ შორის ექიმებიც. ახალი ჰოსპიტალი მათ გაცილებით მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება.
ნოდარ ფუტკარაძის თქმით, კადრებს შეარჩევენ პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით: „რაც შეეხება გადამზადებას, იმდენად სწრაფად ვითარდება სამედიცინო ტექნოლოგიები, რომ გადამზადების პროცესი უნდა იყოს შეუქცევადი, ზოგადად, ნებისმიერი ჰოსპიტალისთვის. ეს ევოლუციური ზრდაა და სისტემატური გადამზადება-გადახალისება სჭირდება. ამიტომ, ტრენინგები, კონფერენციები ჩვენს ჰოსპიტალში მუდმივად იქნება“.
„ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მფლობელი არის შპს Brothersს-ი, თურქული კომპანია, რომელიც ბათუმში დაფუძნდა 2012 წელს. როგორც საზოგადოებაში ამბობენ, დაფუძნების მიზანია, რეგიონში ჯანდაცვის სერვისის ბიზნესში უმაღლესი ცოდნის გაზიარება, რისთვისაც დაიწყეს კიდეც საერთო დანიშნულების ჰოსპიტლის პროექტის განხორციელება – „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის/სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზე, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ორგანიზაციას უარი 12-ჯერ ეთქვა. ძირითადად, ადგილებზე შემოწმების აქტებზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით კი, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას მხოლოდ ორი კომპანია [თბილისსა და ქობულეთში] ითხოვდა.