სიახლეები

ასლან ჭანიძე: ეს პროცესები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე

06.11.2015 • • 2105
ასლან ჭანიძე: ეს პროცესები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროინტეგრაციაზე

 

“ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ქვეყნისთვის, უპირველეს ყოვლისა, მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მინდა ვიცხოვრო დემოკრატიულ სახელმწიფოში. როდესაც მე, როგორც უბრალო მოქალაქე, არ ვგრძნობ თავს დემოკრატიულ სივრცეში, ბუნებრივია, ამის განცდა გარე თვალსაც ექნება. პროცესების ასეთი განვითარება აჩენს კითხვას, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა და საზოგადოება გახდეს იმ ოჯახის წევრი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ქადაგებს.

 

როცა ქვეყანაში ხდება სამართლებრივი უპატივცემულობა, ბუნებრივია ეს გახდება დამაბრკოლებელი ფაქტორი. სავსებით რეალურია, რომ ამ მიზეზით, რანაირი ვალდებულებებიც არ უნდა შევასრულოთ, ევროპა და დასავლეთი ეჭვის თვალით შეხედავს ქვეყანას, როგორც დემოკრატიული ღირებულბების მატარებელს.

 

დემოკრატია ხომ მხოლოდ ის არ არის, რომ ქუჩაში არ მცემონ, მე უნდა მქონდეს იმის განცდა, რომ სასამართლო იქნება ყოველთვის ობიექტური და ნეიტრალური მხარე, მაგრამ გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ძალიან გაუგებარი და დაუსაბუთებელია,  დატოვა ბევრი კითხვა. ბუნებრივია, ჩნდება განცდა, რომ ყველაფერი რიგზე არ არის ამ ქვეყანაში,  ამან კი შესაძლოა ქვეყნის განვითარებაზე პირდაპირი და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს, როგორც ევროინტეგრაციის, ისე დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისითაც”, – ამბობს ასლან ჭანიძე.

 

„გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა დასრულდეს დრო, როცა გადაწყვეტილებები ღამით, ჩუმად გამოაქვთ, როცა მეორე მხარეს ნაკლებად ეძლევა საშუალება სრულყოფილად ჩაერთოს პროცესში. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არანაირ სამართლებრივ და ლოგიკურ ჩარჩოში არ ჯდება. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე გასცდა სამართლის ფარგლებს”, – ამბობს ის. 

 

5 ნოემბერს მოსამართე ურთმელიძემ სასამართლო განჩინებით უფლებამოსილება შეუჩერა ტელეკომპანია “რუსთავი 2 “- ის დირექტორს და ფინანსურ მენეჯერს. კომპანიაში დროებით მმართველებად დანიშნა რეზო საყევარიშვილი – ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი გენერალური დირექტორი და დავით დვალი, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი, რომელმაც არხის წილების დასაბრუნებლად 2012 წელს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი