კვირის ამბები

მოსამართლე: ვფიქრობ, თქვენ არ ხართ მკვლელი

06.11.2015 • • 1549
მოსამართლე: ვფიქრობ, თქვენ არ ხართ მკვლელი

ბრალდებული სამართალდამცავებმა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, ორწლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ბრალდების დადგენილებაში წერია, რომ ინციდენტი 2013 წელს ქობულეთის მუნიციპალეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებულმა დანით მუცლის არეში დის ქმარი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და საქართველო დატოვა. დაზარალებული გადარჩა.

საქმეს სასამართლო ბრალდებულის გარეშე განიხილავდა, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და პოლიციამ საზღვარზე სწორედ დაბრუნების დროს, 2015 წლის ივლისში დააკავა.
საბოლოო სიტყვის დროს ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავი არ აურიდებია გამოძიებისთვის – “შემეშინდა და გავიქეცი”.

ბრალდებული მოსამართლეს მოუყვა, რომ შინ დაახლოებით 22:00 საათზე დაბრუნდა, ეძებდა დედას, რომელიც კარის მეზობელთან იყო შესული: “კარი რომ გავაღე, ხმამაღალი ლაპარაკი მომესმა, დედაჩემი და ჩემი სიძე ლაპარაკობდნენ, სიძეს ვუთხარი, რომ გამოფხიზლდები, მერე ვილაპარაკოთ-მეთქი, მაგრამ მაშინვე მოინდომა ლაპარაკი. ეზოში ჩავედი და ჭიშკართან დაველოდე. ის ნასვამი იყო. ჩემკენ რომ წამოიწია, შემეშინდა, ჯიბეში “ტაჩილკა” მედო, ამ დანით ხიდან ჩარჩოებს ვამზადებდი, დავარტყი დანა და გავიქეცი, ის სამხედრო პირი იყო რვა წლის განმავლობაში. ფიზიკურად ჩემზე ძლიერია. მისი მოკვლა არ მიცდია, დანა სად მოხვდა, არ ვიცი… დაახლოებით ორ საათში საქართველოს საზღვარი დავტოვე”.

პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ თქვა, რომ დანა დაზარალებულს მუცლის არეში დაარტყეს, დაფიქსირებულია შემავალი ჭრილობა.

ბრალდებულს პოკურორმა ჰკითხა, რატომ მიატოვა შემთხვევის ადგილზე დაზარალებული, თუ მისი სიკვდილი არ უნდოდა. ბრალდებულმა თქვა, რომ შეეშინდა.

დასკვნით სიტყვაში ადვოკატი დავით ჯაფარიძე ირწმუნებოდა, რომ ბრალდებულს მოკვლის მცდელობა არ ჰქონია. ადვოკატმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა და პირობითი მსჯავრი – სამი წლით პატიმრობა მოითხოვა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სათათბირო ოთახიდან დაბრუნების შემდეგ თქვა, რომ კანონი მას არ აძლევდა უფლებას პირობითი სასჯელი დაენიშნა ბრალდებულისთვის. მოსამართლემ ბრალდების კვალიფიკაცია – განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით შეცვალა:
“ვფიქრობ, ბრალდებულს დაზარალებულის მოკვლა რომ ნდომოდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა დანა რამდენჯერმე დაერტყა მისთვის. მახსოვს ერთი საქმე, როცა დაზარალებულს დანით 18 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და პროკურატურამ მას უფრო მსუბუქი მუხლი წაუყენა, ვიდრე მკვლელობის მცდელობაა. ამ შემთხვევაში დაზარალებულს ერთი დაზიანება აქვს მიყენებული. რომ არ გაქცეულიყავით, მერწმუნეთ, უფრო მსუბუქ სასჯელს გამოვიყენებდი, მაგალითად, სასჯელის ნახევრად პირობით მსჯავრს დაგინიშნავდით… ეს ოჯახური კონფლიქტია, მაგრამ ასეთი ძალადობრივი მეთოდები მიუღებელია… მე მწარედ მახსოვს კიდევ ერთი საქმე, როცა ჩავთვალე, რომ ადამიანი მკვლელი არ იყო, კვალიფიკაცია შევცვალე, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ჩემი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე პატივს ვცემ სააპელაციო სასამართლოს, ახლაც დარწმუნებული ვარ, იმ საქმეში მკველობის მცდელობას ადგილი არ ჰქონია”.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი, რითაც მოსამართლემ სიძის დაჭრაში ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა, ნიშნავს “ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების, ან რომელიმე ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა… ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ექვს წლამდე”.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბრალდებულს სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: