სიახლეები

„როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება”

06.11.2015 • 1211
„როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება”

 

როგორ აფასებთ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას?

 

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს ქვეყანაში. გუშინ გვიან ღამით გავეცანი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას და რამდენჯერმე დაკვირვებით წავიკითხე იგი.

 

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება. იგი, ერთი მხრივ, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოსამართლის გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებებს და მეორე მხრივ, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობას.

 

 მაგალითად, მოსამართლე იყენებს აშშ-სა და ასევე აშშ-ს შტატების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს მისი პოზიციის დასასაბუთებლად, თუმცა იგივე აშშ-სა და ევროსასამართლოს აქვს ბევრი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, რაზედაც მოსამართლეს არ უმსჯელია.

 

 მოსამართლე ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ დროებითი მმართველობა კომპანიაში უნდა დაინიშნოს, რადგან რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, ფინანსური და სხვა კუთხით არ შეექმნას საფრთხე, მაგრამ ასეთი პრობლემები, როგორც ვიცით, რუსთავი 2-ს არ აქვს დღეს.

 

მეორე მხრივ, მოსამართლე მიუთითებს, რომ უნდა დაინიშნონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი დროებითი მმართველები, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალი მმართველები პირდაპირ არიან დაინტერესებულნი ამ საქმის შედეგებით, არ ეთანხმებიან დღევანდელ  სარედაქციო პოლიტიკას და ისინი დამოუკიდებელნი ვერ იქნებიან, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა სრულიად ნეიტრალური ხალხი დაენიშნათ დირექტორებად კომპანიაში.

 

ეს გადაწყვეტილება შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  რომლითაც შეჩერდა კოდექსის ერთი ნორმა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნით მოსამართლემ კოდექსის სხვა მუხლზე დაყრდნობით, გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების მოტივაციას და მიზნებს. ამიტომაც ეს ცალსახად არ არის კარგი გადაწყვეტილება და ის უარყოფითად მოქმედებს სასამართლოსა და ქვეყნის იმიჯზე.


თქვენი აზრით, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ არა  „რუსთავი 2“-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე?

 

სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა რუსთავი 2-ს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არსებობს პროფესიული სტანდარტები, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის პირობები და თუ რუსთავი 2 არღვევს ამ სტანდარტებს, არსებობს შესაბამისი სანქციები. მოსამართლემ არ უნდა შეაფასოს, თუ როგორ გამოხატავს ტელეკომპანია საზოგადოების ინტერესებს.

 

შეიძლება რუსთავი 2 არ არის სრულად ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია და საერთოდ ასეთი მედია არ ვიცი თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში. დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის მთავარია, რომ არსებობდეს სხვადასხვა პოზიცია მედიაში და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, რას მოუსმინონ, რა პოზიცია გაიზიარონ. თუ მის მმართველებს აქვთ რაიმე კანონდარღვევა ჩადენილი, ისინი ამისათვის უნდა მიეცენ პასუხისმგებლობაში სასამართლოს მიერ. ამჟამად ფაქტია, რომ როგორც არ უნდა მოგვწონდეს რუსთავი 2, იგი არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არ არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების კონტროლისათვის კი აუცილებელია კრიტიკული ტელევიზიის არსებობა.

 

რა მოლოდინი გაქვთ, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები   გასცდება თუ არა  სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებს?

 

პირადად მე გუშინდელი განჩინების მიღებამდე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს დავა სასამართლო წესით ცივილურად წარიმართებოდა და თავიდან ავიცილებდით პოლიტიკურ მოვლენებს მის გარშემო. თუმცა ამ დაუსაბუთებელი განჩინების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა მფლობელებს შორის. ეს რომ მხოლოდ სამართლებრივი დავა ყოფილიყო, მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაელოდებოდნენ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებას, გაივლიდნენ შემდგომ ინსტანციებს და შემდეგ შეცვლიდნენ კომპანიის მენეჯმენტს.

 

არსებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები  თუ არსებობს?

 

როგორც ვიცი, ეს განჩინება საჩივრდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამის შესახებ განაცხადა კიდეც რუსთავი 2-ის იურისტმა, რომ ისინი აპირებენ მის გასაჩივრებას. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას დრო სჭირდება და საინტერესოა, მანამდე როგორ გაგრძელდება მენეჯმენტის საქმიანობა, ცვლილება ტელევიზიაში ისე, რომ მის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას, რაზედაც მოსამართლე ურთმელიძე მიუთითებს განჩინებაში.

 

გახსენებთ თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდს?

 

ეს მოვლენები გარკვეულწილად ჰგავს 2007 წელს ტელეკომპანია იმედში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, ისეთ მდგომარეობამდე არ მივალთ, რაც მაშინ მოხდა.  საერთოდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ტელევიზიასთან დაპირისპირება  ხელისუფლების და ქვეყნისათვის სასარგებლო არასდროს ყოფილა. თუ წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებებით პრობლემები და ხალხი ამას აპროტესტებდა, ვფიქრობ, არც მოქმედი ხელისუფლებისათვის არის ეს მომგებიანი.

 

თქვენი აზრით, მსგავსი ფაქტები, პოლიტიკა, რა ზიანს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

 

ეს მოვლენები ნამდვილად იქნება პრობლემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ამ მოვლენებს უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება და სერიოზული შეფერხება შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ჩვენი კი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას ვერ შევძლებთ.  

გადაბეჭდვის წესი