სიახლეები

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი

04.11.2015 • 2056
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი


სოფიკო, რატომ მიანიჭეთ უპირატესობა საჯარო სამსახურს?

 

სოფიკო გუჯაბიძე
სოფიკო გუჯაბიძე

სახელმწიფო სამსახურში მუშაობა თავიდანვე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ საჯარო უწყებაში უფრო მეტი საშუალება გეძლევა აკეთო ისეთი საქმე, რომლითაც შენს მოკრძალებულ წვლილს შეიტან შენი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაში. ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, რადგან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში სწორედ ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციის საქმეში, მისი დადებითი კუთხით წარმოჩენაში ვმონაწილეობდი. მინდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან საინტერესო პერიოდი იყო  ჩემთვის, რადგან ტურიზმი მრავალფეროვანი სფეროა, არ არის პასიური და მოსაწყენი. ვფიქრობ, ახლანდელი სამსახურიც ამ საქმის ერთგვარი გაგრძელებაა. ზოგადად, კომუნიკაციის პრობელმა არასოდეს მქონია ადამიანებთან.  ინფორმაციის გაცემის საქმეში ღიაობა და პროაქტიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მაშინაც კი, როცა მთხოვდნენ სხვადასხვა ინფორმაციას, ანუ ვიყავი რეაგირების რეჟიმში, ყოველთვის ვცდილობდი მომეძებნა რაღაც ახალი, საინტერესო ჩვენი დარგით დაინტერესებულთათვის, რითაც ჩვენს უწყებას, ჩვენს საქმიანობას კიდევ უფრო კარგად გავაცნობდი საზოგადოებას.

 

ვინ შემოგთავაზათ ეს პოზიცია, დიდხანს ფიქრობდით გადაწყვეტილების მიღებაზე?

 

რა თქმა უნდა, ასეთ პოსტზე დათანხმება დიდი პასუხისმგებლობა იყო, რასაც სრულიად ვაცნობიერებ. ზოგადად, აჭარის საჯარო უწყებების მიხედვით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები გაერთიანებულ გუნდს წარმოვადგენთ. ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი იყო ნათია სირაბიძე, რომელიც ჯერ კიდევ სამი წლის წინ მოვიდა მთავრობის აპარატში, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. ჩვენ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა, უფრო მეტად მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ერთ სამუშაო ჯგუფად ჩამოვყალიბდით. სწორედ მაშინ შეიქმნა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის სამუშაო ჯგუფში თითოეული ჩვენგანი მონაწილეობდა. ამის შემდეგ ჯგუფის წევრებს მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან. კანდიდატის შერჩევაც ძირითადად ამ ჯგუფიდან მოხდა. რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა და როგორც აღმოჩნდა, საბოლოო არჩევანი ჩემზე შეჩერდა.

 

ძირითადად ამ ჯგუფიდან რატომ?

 

ამ ჯგუფიდან იმიტომ, რომ ეს სპეციალისტები  მუდმივად იყვნენ ჩართული ყველა იმ აქტივობაში, რასაც, ზოგადად, აჭარის მთავრობა სხვადასხვა უწყების მიხედვით ახორციელებდა, შესაბამისად,  გამოცდილებასთან ერთად ჰქონდათ უფრო მეტი ნდობაც.

 

რამდენად განსხვავდება მთავრობის პიარის სპეციფიკა იმ მოვალეობებისგან, რომელსაც აქამდე ტურიზმის დეპარტამენტში ასრულებდით. რა გეჩვენებათ ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან სხვაობად, ყველაზე დიდ გამოწვევად?

 

საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ ახლა უფრო გაფართოვდა თემატიკა და  იგივე საქმიანობა აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყების მიხედვით უნდა განვახორციელოთ. ჩემდა სასიხარულოდ, აქ დამხვდა გუნდი, რომელიც სრულიად შეესაბამება იმ მოთხოვნებსა და ღირებულებებს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ასევე მიშვნელოვანია ისიც, რომ ხელმძღვანელი პირები, რომლებთანაც ბოლო პერიოდში მომიწია მუშაობა, ზოგადად, ღია აღმოჩნდნენ ინფორმაციის გაცემის კუთხითა თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. ამიტომ ჯერ ვერანაირ სირთულეს ვერ ვხედავ. ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია.

 

მნიშვნელოვანი სხვაობა ძველსა და ახალ სამსახურს შორის არის უფრო ის, რომ ტურიზმის დეპარტამენტში, გარკვეული დრო ყოველთვის მრჩებოდა ჩავრთულიყავი ისეთი პროექტების შემუშავებაში, რომლებიც შემოქმედებით ნაწილსაც მოიცავდა. მაგალითად, მეამაყება, რომ მაქვს მიღებული მონაწილეობა 2013 წლის აჭარის გზამკვლევის შემუშავებაში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ინფორმაციული გზამკვლევი იყო ჩვენი ტურისტებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად მედიასთან ურთიერთობას – პრინციპები იგივე რჩება, უბრალოდ, გაფართოვდა არეალი. თუმცა, კვლავ მჭიდრო ურთიერთობებში ვრჩები ტურიზმთან, ისევე როგორც სხვა უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსი მოვალეობის შესრულებისას.

 

თქვენს სამსახურს მხოლოდ მთავრობის აპარატთან დაკავშირებული საკითხები ეხება, თუ სხვა სამინისტროების პიარზე ზედამხედველობაც შედის თქვენს მოვალეობებში?

 

 მთავრობის აპარატი არის ყველაზე მაღალი რანგის უწყება რეგიონში და წარმოადგენს  ერთგვარ  მაკონტროლებელ ორგანოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამინისტროების პიარები პირდაპირ არიან დაქვემდებარებული სტრუქტურულად. ეს უფრო კარგი თანამშრომლობა და კომუნიკაციაა კოლეგებს შორის.

 

ხედავთ თუ არა რაიმე ხარვეზებს მთავრობის პიარსაქმიანობაში და რის შეცვლას აპირებთ ამ თვალსაზრისით?

 

იდეების კუთხით სიახლეს ვერაფერს შემოვიტან, რადგან საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო, რომელიც მთავრობის ხელშეწყობით სპეციალურად მოწვეულმა პიარტექნოლოგის სპეციალისტებმა შექმნეს, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილი დოკუმენტია და ძნელია, რაიმე ახალი თქვა. მთავრობის დეპარტამენტში ამ კუთხით კარგად გათვიცნობიერებული და გამოცდილი კადრები დამხვდნენ.  შესაბამისად, მეც იმავე პოლიტიკით გავაგრძელებ მუშაობას. უბრალოდ, ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო – ვიყო აქტიური, ობიექტური და კომუნიკაციისთვის მუდმივად მზად მყოფი.

 

 რამდენად იზიარებს მთავრობის თავმჯდომარე თქვენს შეხედულებებს, მაშინ როცა საქმე ეხება პიარს?

 

ცოტა დროა, რაც ამ მოვალებას ვასრულებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ითვალისწინებს. ერთადერთი პრობლემა, ალბათ, არის პირდაპირი კომუნიკაციისთვის დროის ნაკლებობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარეს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ კუთხით რაიმე პრობლემა გვექმნება. 

 

მთავრობის თავმჯდომარეს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ საჯარო შეხვედრებზე ის არც თუ ისე ეფექტურია, თუ მუშაობთ მასთან ამ საკითხზე?

 

მას იმდენად დატვირთული აქვს სამუშაო გრაფიკი შეხვედრებითა თუ სხვა აქტივობებით, რომ ძნელია ამისთვის დამატებითი დრო გამოინახოს. ვიმედოვნებ, ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ.

 

მთავრობის თავმჯდომარის ერთერთი ტერმინი, რომელიც მან მურმან დუმბაძის კომენტირებისას გამოიყენა თავის დაძანძურება“ –  პიარსამსახურმა გაავრცელა. მაგალითად, „ბათუმელებსეს კადრები მოაწოდა პრესცენტრმა. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ არჩილ ხაბაძის გასაშარჟებლად. რას ფიქრობთ, ეს იყო პიარსამსახურის შეცდომა თუ ეს პოლიტიკა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ისე წარუდგინოთ საზოგადოებას, როგორიც ის სინამდვილეშია?

 

ეს არ მიმაჩნია პიარის მიმართულებით შეცდომად. მთავრობის თავმჯდომარე არის ძალიან უშუალო პიროვნება და ამაში, ალბათ, ის ჟურნალისტებიც დამეთანხმებიან, რომელთაც ხშირი შეხება აქვთ მასთან. სწორედ მისი უბრალო და უშუალო დამოკიდებულებით გამოიყენა მან ეს ტერმინი. არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს თემა ამდენი ხნის მანძილზე განხილვის საგნად რჩება.

 

არის შემთხვევები, როცა მთავრობის ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის განსაზღვრულ ვადებს არღვევენ, ზოგჯერ არასრულადაც აქვეყნებენ ინფორმაციას. ამასთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება უფრო ეფექტურად სამუშაოდ?

 

რა თქმა უნდა, შესაძლებელია უფრო ეფექტურად მუშაობა ამ მხრივ. მოგეხსენებათ, ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტზე. არის რიგი საკითხები, რომლებიც ბევრ უწყებას მოიცავს, შესაბამისად, მეტ დროს საჭიროებს მათი დამუშავება და ხშირად ამიტომაც გვიანდება ზოგიერთი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება. თუმცა, ეს არ არის გამართლება და აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი შენიშვნები აღარ მივიღოთ.


გადაბეჭდვის წესი