სიახლეები

რა ელით მათ, ვინც სასჯელს ”მარიხუანას მუხლით” იხდის

05.11.2015 • 1460
რა ელით მათ, ვინც სასჯელს ”მარიხუანას მუხლით” იხდის

 

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ბექა წიქარიშვილის კონსტიტუციური სარჩელი მარიხუანას მოხმარებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – კანონში არაფერი წერია 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანაშაულის ჩამდენი როგორ უნდა დაისაჯოს, კანონში სასჯელის ერთადერთი ფორმა ჯერ კიდევ პატიმრობაა.

 

არადა, ის ადამიანები, რომლებსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა 260-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევისთვის, პასუხისმგებლობისგან ვერა, მაგრამ პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. თუ მათ არ გაათავისუფლებენ, ისინი უკანონო პატიმრებად ჩაითვლებიან.

 

ვახტანგ ხმალაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ, მისი აზრით, მოსამართლეებს უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალდებულები თუ მსჯავრდებულები გაათავისუფლონ, ხოლო ალტერნატიულ სასჯელად, მაგალითად, ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა გამოიყენონ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, გურამ იმნაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მარიხუანას შეძენა, შენახვასა და გამოყენაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ მუხლით გასამართლებულ თუ ბრალდებულ პირებს ვერ გაათავისუფლებს – მათი პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ამისათვის კი „პარლამენტმა სასჯელის ალტერნატიული ზომა უნდა განსაზღვროს“.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის განსაზღვრას პარლამენტი სასჯელის ალტერნატიულ ზომას. საკანონმდებლო ორგანოს ამისთვის კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ აქვს. დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის ინფორმაციით კი, პარლამენტს ამ საკითხზე მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასულ კვირას გამოქვეყნდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კი განმარტავენ, რომ: „საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და 260-ე მუხლებს. 273-ე მუხლზე ალტერნატიული სასჯელები არსებობს – ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. სასამართლო პატიმრობის ნაცვლად 273-ე მუხლთან ალტერნატიულ სასჯელს გამოიყენებს. 260-ე მუხლის მე-2 ნაწილს რაც შეეხება, ბათუმის საქალაქო სასამართლოში განაჩენები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდედ არ დამდგარა, მაგრამ თუ მსგავსი საქმე იქნება, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება შეეცვლება, ის პატიმრობიდან გათავისუფლდება. ამას სასამართლო საკუთარი ინიციატივით გააკეთებს.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, მაგრამ საქმე განსახილველად ჯერ სასამართლოს არ გადასცემია, დაცვის მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თხოვნით.


რაც შეეხება იმ პირებს, რომლებსაც სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა მარიხუანას შეძენა, შენახვისა თუ გამოყენების გამო, მათ უნდა მიმართონ სააპელაციო სასამართლოს და ახალი გარემოებებით საქმის გადასინჯვა მოითხოვონ.

 

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს იმ მუხლით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და ღირსების შემლახველად შეაფასა. როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაგვიმარტეს, ეს სტატისტიკური მონაცემი მათ არ აქვთ.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რაც იმას ნიშნავს, რომ პატიმრობიდან ამ კანონის გაუქმების შემდეგ ჯერ არავინ გათავისუფლებულა.


საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლიდან, მხოლოდ ერთ მოსამართლეს, მერაბ ტურავას ჰქონდა განსხვავებული აზრი

გადაბეჭდვის წესი