31 დეკემბრის დილა ქედაში [ფოტო]

სულხან სალაძის ფოტორეპორტაჟი. მომზადებულია 31 დეკემბერს, დაბა ქედაში.

ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი
ქედა, 31 დეკემბერი

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 13 ხმით დამტკიცებულია

უმაღლესი საბჭოს 30 დეკემბრის რიგგარეშე სესიაზე 13 ხმით აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცეს. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 14 დეპუტატი იმყოფებოდა. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მედეა ვასაძემ, ხოლო ირაკლი ბარამიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით სხდომას არ ესწრებოდნენ დეპუტატები: სულხან ღლონტი, რობერტ ჩხაიძე, პეტრე ზამბახიძე, ასმათ დიასამიძე, ეკატერინე თარგამაძე და მურმან ბერიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი.

ჯგუფი „Inner Circle“ ბათუმშია

ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად.

„31 დეკემებერს გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერას მოედანზე. ორდღიანი შოუპროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა გათვლილი“-წერია აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პრესრელიზში.

გიორა ფაიდმანი ოსკაროსანი ფილმის „შინდლერის სია“ საუნდრეკის თანაავტორი და შემსრულებელია. მას გერმანიის ღირსელის ორდენი მიენიჭა ებრალ და გერმანელ ხალხთა მეგობრობაში შეტანილი წვლილისთვის. 2015 წლის ოქტომბერში საერთაშორისო რეგისა და მსოფლიო მუსიკის დაჯილდოებაზე, ჯგუფს “Inner Circle” გადაეცა ჯილდო ნომინაციაში “ყველაზე გამორჩეული შოუ რეგი-ბენდი”.

 

giora feidman

 

გალა კონცერტების შოუ პროგრამის რეჟისორია ლაშა ონიანი, რომლის პორტფოლიოშიც ევროჩემპიონატების გახსნის და დახურვის ცერემონიალები შედის.

1 იანვარს მსოფლიო ვარსკვლავ ლუ ბეგასთან ერთად ქართველი მომღერლები სოფო ხალვაში, ანრი ჯოხაძე, ნუცა ბუზალაძე, ნინი ბადურაშვილი და ნიკო ბერიძე იმღერებენ.

რეპეტიციები დღეს 17:00 საათზე ერას მოედანზე დაიწყება, ხვალ 13:00 საათზე სასტუმრო ჰილტონში უცხოელი შემსრულებლები ჟურნალისტებისთვის პრეს-კონფერენციას გამართავენ.

31 დეკემბერს და 1 იანვარს ერას მოედანზე გრანდიოზული საახალწო კონცერტი  22:00 საათზე დაიწყება და 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

ქარტიის საბჭოს განცხადება შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით

29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება “ტელეარხი 25-ის” მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია მერკვილაძის  იძულებით შვებულებაში გაშვების ფაქტს. მაია მერკვილაძე და არხის ჟურნალისტების ერთი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ამ დრომდე ვერ მიიღეს მფლობელებისგან დასაბუთებული პასუხი, რის გამო გაუშვეს იძულებით შვებულებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა “ტელეარხი 25-ის” დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს მიადევნებს “ტელეარხი 25-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, არ შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა და შენარჩუნებული იყოს მთავარი ღირებულება – სარედაქციო დამოუკიდებლობა“.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 1 საათით გადაიდო

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიის დაწყება, რომელიც დღეს, 30 დეკემბერს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 1 საათით გადაიდო. „ბათუმელების“ ინფორმაციით 12 საათისთვის რეგისტრაცია მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა გავლილი. უმაღლეს საბჭოში სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა რომ „ამ წუთებში დეპუტატები კონსულტაციებს გადიან“.

რიგგარეშე სესიაზე აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილონ, რომელიც წინა სესიაზე ვერ დამტკიცდა. უმაღლეს საბჭოში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობას პირველი მოსმენის შემდეგ 85 შენიშვნით უკან დაუბრუნდა. მთავრობამ გარკვეული შენიშვნები გაითვალისწინა და 21 მილიონი ლარით გაზრდილი კანონპროექტი საბჭოს ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად.

2015 წლის საუკეთსო სპორტსმენები აჭარაში

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ შედეგების მიხედვით 2015 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, პერსპექტიული სპორტსმენები, საუკეთესო მწვრთნელები, საუკეთესო ფედერაციები, ვეტერანი სპორტის მუშაკები და წლის სპორტული ჟურნალისტები დაასახელა. დეპარტამენტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ, უმაღლესი საბჭოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმში, სასტუმრო ინტურისტში, 28 დეკემბერს გაიმართა.
დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ნომინაციებით აჭარაში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის პირველ ადგილზე მოხვდა ძალოსანი, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე. გასულ წელს ეს პოზიცია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეს შმაგი ბოლქვაძეს ერგო. 2015 წლის საუკეთესოთა შორის მეორე ადგილზე ლაშა გობაძე, ხოლო მესამეზე  – მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი გავიდნენ.
ლაშა გობაძე, წლის საუკეთესო სპორტსმენად, იმავე დღეს ბათუმის სპორტსკოლამაც დაასახელა.
აჭარაში წლის საუკეთესო სპორტსმენებად, ასევე დასახელდნენ:
სალომე მელია – ჭადრაკი, მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში
ხათუნა ნარიმანიძე – მშვილდოსნობა, საქართველოს ჩემპიონი, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი
იულია ლობჟანიძე – მშვილდოსნობა, 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი
ვარლამ ლიპარტელიანი  – ძიუდო, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, ევროპის თამაშების „ბაქო-2015“-ის მესამე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი
ამირან პაპინაშვილი – ძიუდო, ევროპის თამაშების „ბაქო-2015“-ის მესამე ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, საქართველოს ჩემპიონი.
გელა ბოლქვაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი
რამაზ ზოიძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

წლის საუკეთესო მწვრთნელები

  1. აბესალომ ბასილია – ძალოსნობა
  2. ლევან შავაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  3. ლეონიდ ნეურონოვი – ჭადარაკი
  4. ფელიქს მელქონიანი – ჭადრაკი
  5. თამაზ ფუტკარაძე – მშვილდოსნობა
  6. სოლომონ ფეიქრიშვილი – ძიუდო
  7. მარად არძენაძე – ბერძულ-რომაული ჭიდაობა
  8. ბადრი კაკალაძე – თავისუფალი ჭიდაობა
  9. ავთანდილ აბულაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
  10. ვახტანგ ზოიძე – ძიუდო
  11. ნანი კირკიტაძე – ძიუდო
  12. აკაკი ცენტერაძე – ტაეკვონდო

წლის პერსპექტიული სპორტსმენები

  1. ირაკლი შავაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი
  2. თორნიკე ქათამაძე – თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის
  3. ლერი აბულაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის
  4. თორნიკე ჭოველიძე – სამბო, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოერე ადგილოსანი
  5. ზურაბ კინწურაშვილი – ტაეკვონდო, ევროპის პირველობის მესამე ადგილოსანი ჭაბუკთა შორის, A კატეგირიის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული
  6. ნინო მგელაძე – სამბო, მსოფლიო პირველობის მესამე ადგილოსანი ჭაბუკთა შორის
  7. დავით ფუტკარაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის პირველობის მეორე ადგილოსანი ჭაბუკთა შორის
  8. არჩილ მალაყმაძე – ძალოსნობა, ევროპის პირველობის მესამე ადგილოსანი ჭაბუკთა შორის,
  9. სალომე აბაშიძე – სამბო, ვროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი
პარაოლიმპიელებიდან:
  1. ანრი ლორია – თავისუფალი ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის
  2. არჩილ ბოლქვაძე – ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი ჭაბუკთა შორის
  3. ზვიად დუმბაძე – მშვილდოსნობა, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე
  

წლის ვეტერანი სპორტსმენები

  1. თემურ ხაბაძე – თავისუფალი ჭიდაობა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი
  2. ჯემალ კილაძე – თავისუფალი ჭიდაობა, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი.

წლის ვეტერანი სპორტის მუშაკები

  1. ანდრი ქავთარაძე
  2. შალვა ტაბაღუა

წლის საუკეთესო ფედერაციები

  1. აჭარის ჭიდაობის ფედერაცია
  2. აჭარის მშვილდოსნობის ფედერაცია
  3. აჭარის ძალოსნობის ფედერაცია

წლის სპორტული ჟურნალისტები

  1. ბესარიონ ჩიბურდანიძე – TV აჭარა
  2. რეზო ჯინჭარაძე – TV აჭარა
  3. გოგი მურვანიძე – რადიო „აჭარა“
  4. მანანა ძიძიშვილი – გაზეთი „აჭარა“
  5. გიორგი წეროძე – TV აჭარა
  6. ლანა ძაძამია – TV 25
  7. ია გოლიაძე – TV ერა
დეპარტამენტმა მხარდაჭერისთვის, ასევე დააჯილდოვა კომპანიები შპს „გზა“, შპს „მშვიდობა“, შპს „ორბი რეზიდენსი“ და სამშენებლო კომპანია „Real Palace“.

 

უნებართვო ავტობაზრობები ტროტუარებზე

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ყოველდღიურად ასეულობით მძღოლი ჯარიმდება, თუმცა გადატვირთული მოძრაობის, ქუჩების სივიწროვის თუ პარკინგის ნიშნებთან თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო – დაჯარიმებების მაჩვენებელი არ მცირდება. ცალკე პრობლემაა უნებართვო ავტობაზრობები, რომლებიც აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე) და გორგილაძის ქუჩის ბოლოშია განთავსებული.

აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტობაზრობის გამო, ტროტუარზე მოძრაობა უჭირთ  –  “ადრე იყო აქ ავტობაზრობა, ახლა მაღაზია ააშენეს, მაგრამ შაბათ-კვირას მანქანების ტროტუარზე შეყენებისა და ბაზრობის გამართვის “ტრადიცია” მაინც შემორჩა. საშინელება ხდება ყოველ შაბათ-კვირას და არამარტო. ტროტუარზე ბავშვით და ეტლით ვერ გაივლი”, – ამბობს აღმაშენებლის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, პარკირების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი ნუკრი ცინცაძე ამბობს, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე ნამდვილად არის სპეციალურად ავტომანქანების ბაზრობისთვის გამოყოფილი შემოსაზღვრული ადგილი, სადაც მანქანის გასაჩერებლად გარკვეული მოსაკრებელიც არის დაწესებული. ის ვარაუდობს, რომ ზოგიერთი მძღოლი ამ გადასახადისგან თავის აცილების მიზნით, მანქანას ბაზრობის მიმდებარედ, შემოსაზღვრული ტერიტორიის გარეთ აჩერებს – ხშირად პარკირების წესების დარღვევით.

ნუკრი ცინცაძის თქმით, მათი სამსახური თითქმის ყოველ დღე აჯარიმებს ამ მანქანების მეპატრონეებს, “თითოეულ ასე დაყენებულ მანქანას, სავარაუდოდ ბევრი საჯარიმო ქვითარი აქვს, ამ ადგილიდან ბევრიც გადაგვიყვანია ევაკუაციით. გარდა ამისა, იმავე ტერიტორიაზე (კორპუსების მიმდებარედ) ფართის სიმცირისა თუ სხვა მიზეზების გამო მოსახლეობაც აჩერებს ავტომობილებს. ხშირად ვტომობილი ქობულეთის, ხელვაჩაურის თუ ქედის მცხოვრებს ჩამოყავს ამ ტერიტორიაზე, აჩერებს, აწერს ნომერს და ტოვებს, შემდეგ კი ჩამოდის და ნახულობს, რომ მას ჯარიმები აქვს დაგროვებული. არ ვიცი უღირთ თუ არა ამ ჯარიმების ფასად მანქანის გაჩერება, მაგრამ ასე ხდება. ერთ მანქანაზე 10 ჯარიმა დაახლოებით 80-85 ლარია” – ამბობს ის.

ფოტოები გადაღებულია კვირას, 28 დეკემბერს. მოგვაწოდა აღმაშენებლის ქუჩის მკვიდრმა.

 

ტელეარხ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენის მცდელობაზე საუბრობს

29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. ამას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მცდელობად აფასებს.

მაია მერკვილაძე
მაია მერკვილაძე

„ტელევიზიის დირექტორმა გია სურმანიძემ და მფლობელმა ჯემალ ვერძაძემ გადაწყვიტეს, რომ ორი თვით უნდა დამესვენა და ფასიანი შვებულება შემომთავაზეს. მოვითხოვე განმარტება და ვთქვი, რომ არ ვეთანხმებოდი ამ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე. თუმცა, ალტერნატიული აზრის განხილვის საშუალება არ მომცეს“, – ამბობს მაია მერკვილაძე.

იგი ტელევიზიის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტს უკავშირებს, როცა „ტელეარხი 25“-ის ეთერში გავიდა ტელევიზიის თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ მომზადებული მასალა, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

„ეს ადამიანი გაღიზიანდა ამის გამო, მომაყენა შეურაცხყოფა და ინცინდენტი ხელმძღვანელობამ ვერ აღკვეთა. 5-საათიანი გამოშვება ჩაიშალა, მეორე დღეს კი ჩატარდა კრება, სადაც მაცნობეს, რომ უნდა დამესვენა ორი თვით. ამ არაადეკვატურ გადაწყვეტილებას მფლობელის მხრიდან განივიხილავ, როგორც გავლენის მოპოვების მცდელობას ჩვენს მუშაობაზე. ამ საკითხზე რეაგირების სხვა გზაც არსებობდა, თუნდაც გაფრთხილება, ხელფასის დაქვითვა… ამ ადამიანმა [ჯემალ ვერძაძემ] გამოიყენა „დასჯის“ ის ფორმა, რომელსაც არც საერთაშორისო და არც საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს – ორთვიანი ფასიანი შვებულება, თან ვერ დაასაბუთა, რა მიზეზით გადაწყვიტა ასეთი რამ. ვფიქრობ, მას გაუჩნდა შანსი თავისი ძალაუფლებისა და გავლენის დემონტრირება მოეხდინა და ეს ძალიან უხეშად გააკეთა. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ცნობილი საზოგადოებისთვის“, – ამბობს მაია მერკვილაძე. იგი, ისევე როგორც „ტელეარხი 25“-ის თანამშრომლების ნაწილი, სამომავლოდ ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენის შესაძლო საფრთხესაც ხედავს.

მაია მერკვილაძემ ტელევიზიის დირექციისგან ოფიციალურად გამოითხოვა ინფორმაცია, რის საფუძველზე აიძულებენ ორთვიან შვებულებაში წასვლას, თუმცა დირექციისგან პასუხის ჯერ არ მიუღია.

მაია მერკვილაძე 8 წელია „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსია.

„ტელეარხ 25“-ს ამჟამად ორი მფლობელი ჰყავს, ჯემალ ვერძაძე წილის 51 პროცენტს, გიორგი სურმანიძე კი – 49 პროცენტს ფლობს.

„არ შეუცვალოთ ძველ ბულვარს იერ-სახე” – მორიგი აქცია ბათუმში

29 დეკემბერს, საზოგადოების ნაწილი ძველი ბულვარის იერ-სახის დასაცავად ისევ გამოვიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები  ხელისუფლებას სთხოვენ შეაჩერონ ბულვარში დაწყებული ცვლილებები და ბულვარს ისტორიული სახე შეუნარჩუნონ.

აქციის დასაწყისში მცირე ინცინდენტს ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“ წევრებმა არჩილ ხაბაძის, დავით ბალაძის, ავთანდილ ბერიძის, დავით ბაციკაძის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მირანდა ჩარკვიანის  ფოტოები მოიტანეს და ბულვარის გადათხრილ ნაწილში ჩაარჭეს.

„ჩვენ არ მოგცემთ ამ პროცესის პოლიტიზირების უფლებას, ეს არის საზოგადოების პროტესტი და პოლიტიკურ ძალებს აქ არაფერი ესაქმებათ“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

„ეს აქცია არის აპოლიტიკური და ასეთი რამ აქ აღარ დავინახოთ, მოკიდეთ ხელი მაგ სურათებს და გაბრძანდით აქედან“- უთხრეს აქციაზე პლაკატების ავტორებს.

აქციის მონაწილეებმა ნიჩბებით ბულვარის სავალ ნაწილზე დაყრილი მიწა და ქვის ფილები სიმბოლურად აყარეს.

„ჩვენ სიმბოლურად ვიღებთ ამ მიწას აქედან, იმიტომ რომ მოუსმინოს ხალხს ჩვენმა ხელმძღვანელობამ და გააკეთოს ის რასაც ვთხოვთ, დაგვიტოვონ ბულვარი თავდაპირველი სახით. კარგია, რომ აკეთებენ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და კანალიზაციას, მაგრამ ძველი იერს-სახე ბულვარს არ შეუცვალონ“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, აკაკი ძნელაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, მან საზოგადოების ერთი ჯგუფი აჭარის მთავრობას შეახვედრა:

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს მე შევახვედრე რაულ ფატლაძე, ირაკლი შანავა, ლევან წულუკიძე, ბაჩუკი ჩხეიძე. მე და მირანდა ჩარკვიანიც ვიყავით შეხვედრაზე.შეიქმნება კომისია სადაც შევლენ საზოგადოების წარმომადგენლები და გააკონტროლებენ ბულვარის კონცეფციას“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აკაკი ძნელაძე.

აკაკი ძნელაძე ამბობს, რომ სამომავლოდ ის ბულვარის კონსერვაციის მომხრეა, თუმცა განვითარება უნდა მოხდეს.

„კონცეფცია მიიღება ისეთი როგორიც აწყობს ბულვარს, აწყობს ბათუმელებს და იმ ადამიანებსაც ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს ცვლილების გამო. კონცეფცია შემუშავდება, მთავარია მივიღოთ ბულვარის „კონსტიტუცია“ და აქედან გამომდინარე მოხდეს ბულვარის განვითარება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით“ – ამბობს ის.

„არანაირ დათმობაზე ჩვენ არ წავალთ, ვაგრძელებთ ისევ ბრძოლას. ერთადერთი, კომისიაც რომ შეიქმნას იქ ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს და პრივილეგია უნდა ჰქონდეს ჩვენს ხმას და არა ხელისუფლების ხმას“ – განაცხადა აქციის მონაწილემ, დავით თოფურიძემ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამ გაგრძელება, სანამ ხელისუფლება საზოგადოების აზრს არ გაითვალისწინებს.

ძველი ბულვარის თემას ბათუმში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეხმაურება, შეიქმნა რამდენიმე გვერდი, ასევე, საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“, ავრცელებს პეტიციას, რომლის ხელმომწერებიც მოთხოვნებს ხუთ პუნქტად აყალიბებენ, მათგან უმთავრესი მოთხოვნაა მთავრობამ ძველი ბულვარის იერსახე შეინარჩუნოს და წარმოდგენილი კონცეფცია ქალაქის სხვა ადგილას, ახალ ბულვარში განახორციელოს. პეტიციას ერთი დღის მანძილზე 1600-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკოლოგიური განათლებისა და ტყის დაცვის პროგრამებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: ყურადღებას იპყრობს რამდენიმე პროგრამის მრავალწლიანი გეგმის განწერა, მაგ: გაურკვეველია ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლების პროგრამაში რამ განაპირობა ის გარემოება, რომ 2016 წ.-ს პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია, 2017 წ.-ს – 30 000 ლარი,  2018 წ.-ს – 90000 ლარი, ხოლო 2019 წ.-ს – 60 000 ლარი.  საინტერესოა მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა რატომ იწყება მხოლოდ 2018 წ.-ს. ამასთან მიგვაჩნია, რომ პროგრამის განხორიელებისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა მიზანშეწონილი არ არის და ამ ღონისძიებების განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს საკუთარი რესურსებითა და სპეციალისტებითაც შეუძლია.

აჭარის მთავრობა: პროგრამის „ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება“ მიზანს წარმოადგენს ტყის რესურსებით სარგებლობისა და სატყეო სექტორის მართვის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ასევე  სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა. პროგრამა მოიცავს 2 ქვეპროგრამას:

  1. მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
  2. სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა.

ქვეპროგრამის „მოსახლეობისა და ტყის რესურსების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება“ განხორციელებას წინ უნდა უსწრებდეს მოსახლეობასთან კომუნიკაციის გეგმის შემუშავება. დღეისათვის მიმდინარეობს დონორი ორგანიზაციის მოძიება, რომელიც სრულად დააფინანსებს აღნიშნული გეგმის შედგენას. ყოველივე ამის შემდეგ, 2018 წლიდან დაიწყება ქვეპროგრამის განხორციელება. რაც შეეხება მეორე ქვეპროგრამას „სატყეო სექტორში განათლების ხელშეწყობა“, მისი განხორციელება დაიწყება 2016 წელს და ის ითვალისწინებს სატყეო სექტორთან დაკავშირებით სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციებისა და სემინარების ორგანიზებას, სააგენტოს მიერ წარმართულ ტყის მოვლა-პატრონობის აქციებსა და ინიციატივებში სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვას. სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას ტყის მართვაში, გაეცნობიან ველურ ბუნებას, მოხდება მათი საველე პირობებში გაყვანა. აღნიშნულ ღონისძიებებში  აქტიურად იქნება ჩართული სამმართველოსა და სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ს თანამშრომლები, თუმცა მხოლოდ საკუთარი პერსონალით მათი განხორციელება შეუძლებელია. პროგრამის ბიუჯეტი (15 000 ლარი) დათვლილია მინიმალურად და ის ითვალისწინებს მხოლოდ იმ მომსახურების შესყიდვას, რაც აუცილებელია პროგრამის განსახორციელებლად.

ენმ: დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლის  პროგრამაში ერთ-ერთი ღონისძიება  არის ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება (90.0 ათასი ლარი). რეგიონში უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც მცენარეთა დაავადებებს იკვლევს. ამდენად, მსგავსი პროფილის ახალი ორგანიზაციის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ვფიქრობთ, უმჯობესი იქნება კვლევებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა.

მთავრობა: პროგრამა „ტყის დაცვა და მოვლა“ მოიცავს ქვეპროგრამას „დეგრადირებული ტყეების აღდგენა-განახლება და ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობა და სტაციონარული და საველე სამუშაოებისათვის აუცილებელი ტექნიკური ბაზის გაძლიერება. აღნიშნული ღონისძიების ბიუჯეტი შეადგენს 90 000 ლარს. როგორც მოგეხსენებათ, აჭარის ტყეს წლების განმავლობაში აზიანებს სხვადასხვა მავნებლები. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის მიზნით სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტო“-ში შეიქმნა ტყის დაავადებებთან ბრძოლის სამსახური, ქედის სატყეო ადმინისტრაციის შენობაში მოეწყო სპეციალური ლაბორატორია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს აჭარის ტყის დაავადებების შესწავლა, მათთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. ლაბორატორიაში უკვე გამოიყვანეს და ბუნებრივ გარემოში გაუშვეს ნაძვის დიდი ლაფანჭამიას (Ddendroctonus micans) ბიოლოგიური მტერი – რიზოფაგუსი (Rhizophagus grandis Gyll). მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიების წინააღმდეგ გამოყვანილია სასარგებლო მწერი – ფორმიკარიუსი (Thanasimus formicarius), რომლებიც ასევე ჩასახლებული იქნა ნაძვნარ-სოჭნარ კორომებში. ამავე ლაბორატორიაში განხორციელდა ამერიკული თეთრი პეპელას (Hyphantria cunea) ბიოლოგიური მტერის – კალოსომას (Calosoma sycophanta) გამოყვანაც. ცაცხვის, ნეკერჩხლის და თელას დაავადებულ ნიმუშებზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა. კვლევის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დაავადებები: ცაცხვის მუქი-რუხი სილაქავე – ცერკოსპორიოზი. მისი გამომწვევია სოკო (cercospora microsora). აღნიშნული პათოგენი აზიანებს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფსაც. ნეკერჩხალზე დაფიქსირდა სოკოვანი დაავადება – შავი სილაქავე. ფოთლებზე შეინიშნება მრავალრიცხოვანი შავი ლაქები. ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა თელაზეც. დაფიქსირდა დაავადება – გრაფიოზი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან ნათელია, რომ ლაბორატორიის შენობა-ნაგებობის მოწყობას, მის ტექნიკური ბაზით აღჭურვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის დაავადებების წინააღმდეგ უფრო მეტი ღონისძიებების დაგეგმვისათვის და განხორციელებისათვის. ლაბორატორიის მუშაობა მიმდინარეობს ძალიან ვიწრო და სპეციფიკური მიმართულებით და ის არანაირად არ მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი“-ს საქმიანობის სფეროს. ამასთან მინდა ავღნიშნო, რომ ლაბორატორიის აღჭურვაზე, კერძოდ, საველე ლაბორატორიისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სურვილი (ღირებულებით 90-100 ათასი ლარი) გამოთქვა დონორმა ორგანიზაციამ.

ენმ: პროგრამა მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება ვფიქრობთ, რომ საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარებულია.

მთავრობა: პროგრამის „მომსახურების ეფექტიანი მოდელის შემუშავება, დანერგვა და განვითარება“, რომელიც ითვალისწინებს მოდელების შესწავლა-ანალიზს, მათ შორის სატყეო მეურნეობის ბიზნეს მოდელის ალტერნატივების კვლევას და ტყეში არსებული მერქნული და არამერქნული რესურსების მარკეტინგული ანალიზს, მისი დაფინანსებისათვის მოძიებული იქნა დონორი ორგანიზაცია, რომელიც სრულად დააფინანსებს ზემოთ აღნიშნულ კვლევებს. შესაბამისად აღნიშნული პროგრამა იქნა ამოღებული სამმართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტიდან.

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას სოფლის მეურნეობის პროგრამებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: თვალშისაცემია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ერთი მესამედი შრომის ანაზღაურების წილია (33,5%), რაც საკმაოდ სოლიდურია.

აჭარის მთავრობა: 2014 წლის მე-4 კვარტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის სახით დაემატა საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებული იქნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი განყოფილებებით სულ 27 საშტატო ერთეულით. აღნიშნულიდან გამომდინარე გათვალისწინებული იქნა შრომის ანაზღაურების მუხლში შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნება როგორც 2014 წლის მე-4 კვარტალში, ასევე 2015 და შემდგომი საბიუჯეტო წლებისათვის.

ენმ: საინტერესოა სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებების მოსმენა იმის შესახებ, თუ რატომ გაუქმდა და აღარ ფინანსდება 2015 წლის ბიუჯეტში გაწერილი გრძელვადიანი (4 წლიანი) პროგრამები. კერძოდ:

სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი განვითარების ხელმწყობი ღონისძიებების განხორციელება; (ფინანსდებოდა 2014 წელს)

ხილისა და ბოსტნეულის საშრობი დანადგარებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა;

მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი დანადგარით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა. (ფინანსდებოდა 2014 წელს).

ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, რომ სამინისტრო პრიორიტეტების განსაზღვრისას არ ახორციელებს ანალიზს და სათანადო კვლევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 4 წლიანი პროგრამები შეუძლებელია ყოველგვარი დასაბუთების და განმარტებების გარეშე შეჩერდეს.

აჭარის მთავრობა: სამინისტროს 2016 წელს დაგეგმილია აქვს, „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის განხორციელება. კერძოდ, დაიხვეწა სათბურის ტექნიკური მახასიათებლები და პარამეტრები, სულ ქვეპროგრამის ფარგლებში შემოტანილი იქნება  84 ერთეული 50 კვ.მ-იანი და 15 ერთეული 104 კვ.მ -იანი სათბური, სულ 99 ცალი კონსტრუქცია, რომელიც თანადაფინანსების (ღირებულების 30% გადაიხდის ფერმერი და აგრომეწარმე) გადახდის შემდეგ გადაეცემათ რეგიონის ფერმერებს და აგრფომეწარმეებს. ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 300 000 ლარი. ამასთან, გასულ წლებისაგან განსხვავებით ფერმერებზე 104 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციების გადაცემა სიახლეს წარმოადგენს, რადგან აქამდე ქვეპროგრამით გათვალისწინებული იყო მხოლოდ 50 კვ. მ – იანი სასათბურე კონსტრუქციები.

სამინისტროს პროგრამების განხორციელების პროცესში ბენეფიციართა შერჩევის დროს უპირატესობა ენიჭება რეგიონში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს,  რაც თავის მხრივ მოიცავს კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას.

ასევე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და სხვა დონორი ორგანიზაციებიც  თავიანთი პროგრამებით/გრანტებით ორიენტირებული არიან  სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობაზე.

მიმდინარე წელს სამინისტრომ ფერმერთა განცხადებების საფუძველზე   ქვეპროგრამების სახით განახორციელა 70 ერთეული მარცვლეულისა და უხეში საკვების საფქვავი წისქვილის მობილური დანადგარისა და 125 ერთეული უკრაინული წარმოების ხილისა და ბოსნეულის ელექტროენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარის შესყიდვა და თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე გადაცემა. წისქვილი გამოიყენება მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი, სოიო და სხვა), ძირხვენა კულტურებისა და ჩალის ღეროების დასაქუცმაცებლად, რომლისგანაც მზადდება  შინაური ფრინველისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვები. საშრობი დანადგარით შესაძლებელია როგორც ხილის, ასევე ბოსტნეულის, მწვანილის, სოკოს, თევზის შრობის პროცესების ჩატარება. შესაბამისად ფერმერები შეისწავლიან სხვადასხვა ნედლეულის შრობის ტექნოლოგიებს და პრაქტიკულად განახორციელებენ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებასა და ნაწოლობრივ ადგილობრივ ბაზარზე დამკვიდრებას.

ვინაიდან სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს,  2016 წელს სამინისტრო ორიენტირებულია სხვა ტექნოლოგიური სიახლეების დანერგცვაზეც. მაგალითად, რეგიონის მეთხილე ფერმერებს ვთავაზობთ სიახლეს, კერძოდ, თხილის ამკრეფი და თხილის გასარჩევი დანადგარებით უზრუნველსაყოფის მიმართულებით.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში  მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის წარმოების ერთ – ერთ ძირითად დარგად ითვლება, ხოლო მერძეული მეცხოველეობის დარგი უმნიშვნელოვანი მიმართულებაა, ის ემსახურება ისეთი ფასეული პროდუქტების წყაროს,როგორიცაა რძე და  რძის პროდუქტები. მიმდინარე წელს ჯიშგანახლების მიზნით  ქვეპროგრამის  „მაღალპროდუქტიული მერძეული მიმართულების პირუტყვით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლებში შემოყვანილია 75 სული  მაღალპროდუქტიული „ჯერსის“  ჯიშის მაკე (არანაკლებ 5 თვე) პირუტყვი.

სამინისტროს სტრატეგიულ გეგმით გათვალისწინებულია შემდგომ 2017-2019 წლებშიც რეგიონში ჯიშგანახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის პირუტყვის  ხელოვნური განაყოფიერების გზით, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მეშვეობით და  „ENPARD აჭარის“ პროგრამის ფარგლებში.

„ფერმერულ მეურნეობებში სასათბურე ტექნოლოგიების დანერგვის გზით მარწყვის კულტურის წარმოების განვითარების ხელშეწყობა“  ფარგლებში  2015 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში მოეწყო  4 ცალი  200 კვ.მ  მარწყვის კულტურის წარმოებაზე ორიენტირებული მცირე  200 კვ.მ-იანი სათბურები სამაცივრე მეურნეობებით, აღნიშნული ქვეპროგრამის მიზანია მარწყვის წარმოების ტექნოლოგიების დახვეწა და ამ მიმართულებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა  ცნობიერების ამაღლება და დარგის განვითარებისათვის  ინოვაციური მიდგომების  დანერგვის  ხელშეწყობა.

ამასთან, ა(ა)იპ აგროსერვს ცენტრის სადემონსტრაციო სათბურში  თითქმის ანალოგიური ტექნოლოგიებით  მიმდინარეობს  მარწყვის სადემონსტრაციოდ მოვლა-მოყვანა. შესაბამისად რეგიონის ფერმერები და აგრომეწარმეები, რომლებიც დაინტერესებული არიან მარწყვის კულტურის სასათბურე პირობებში წარმოებით შეუძლიათ მიიღონ  მაქსიმალური ინფორმაცია (რაც ხორციელდება აგროტურების მეშვეობით). გარდა ამისა ქვეპროგრამის  „სასათბურე კონსტრუქციებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ ფარგლბში ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ თანადაფინანსებით როგორც 50 კვ.მ-იანი სასათბურე კონსტრუქციებით, ასევე 104 კვ.მ-იანი სათბურებით  რომლის განხორციელებაც გათვალისწინებულია სამინისტროს 2016 წლის პროგრამებში და მიღებულ სათბურებში დანერგონ მარწყვის წარმოება.

მეფუტკრეობის  დარგის  განვითარების  ხელშეწყობისათვის აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  სოფლის  მეურნეობის სამინისტრომ  2013-2015 წლებში  მეფუტკრეებსა  და  მეფუტკრეობის  დარგის  კოოპერატივებს  თანადაფინანსების  პრინციპით  გადასცა  1924  ცალი  პოლისტიროლის  მასალისაგან  დამზადებული  ფინური  წარმოების  ორსართულიანი  დადანბლატის  სისტემის  სკები.  მიგვაჩნია, რომ განხორცხიელებული პროგრამამ  ფერმერებს საშუალება მისცა გაცნობოდნენ ტექნოლოგიურ სიახლეს  და აღნიშნული სკების უპირატესობებს.

სამომავლოდ სამინისტრო ორიენტირებულია მეფუტკრეობის დარგში სხვა ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვაზე და მათ შორის თანამედროვე ტიპის თაფლის საწური აპარატების შემოტანაზე რაც გათვალისწინებულია  2016  წლისათვის. კერძოდ  შემოტანილი იქნება  120  ერთეული   მექანიკური  თაფლის  საწური  აპარატი.

ენმ: სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის       პროგრამაში აუცილებლად მიგვაჩნია მკაცრად განისაზღვროს ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, რათა მისგან არ მივიღოთ საკუთარი ახლობლების ხელშეწყობის ახალი ინსტრუმენტი. პროგრამებში მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში და წვეთოვანი სარწყავი სისტემებით ფერმერთა და აგრომეწარმეთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მსგავსად სხვა პროგრამებისა ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის კრიტერიუმები და ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა სპეციალურ კომისიას ეკისრება, რაც ჩვენი აზრით, ასევე არ გამორიცხავს ნეპოტიზმის საფრთხეებს.

მთავრობა: 2014  წელს დაიგეგმა ქვეპროგრამა „ფერმერთა ნაკვეთებზე ნიადაგის  ნაყოფიერების დონის ამაღლების მიზნით ქიმიური მელიორაციის ღონისძიებების გამოყენება” რომლის ფარგლებშიც  შემოტანილი და გადაცემულია 8000 ტონა დეფეკაციური ტალახი რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო მელიორანტია მჟავე და ბიცობი ნიადაგების ქიმიური მელიორაციისათვის. დეფეკატის შეტანის შედეგად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  შავიზღვისპირა სუბტროპიკული ზონაში  და ნაწილობრივ კონტინენტალური ზონის  ნიადაგებში,  სულ – დაახლოებით  800 ჰა-ზე  მოხერხდა ნიადაგის მჟავე არის რეაქციის  განეიტრალება, გაზრდილია ნიადაგის ნაყოფიერება და გაუმჯობესებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის შესაძლებლობები, ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით სამინისტროს ქვეპროგრამის „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა ფერმერულ მეურნეობებში“ ფარგლებში  სამომავლოდ შემოტანილი იქნება 462.5 ტონა ქარხნული წესით დამზადებული ბიოსასუქი და გადაეცემა ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს  და აგრომეწარმეებს, რაც ასევე ხელს შეუწყობს ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას და მის გაუმჯობესებას.

გაცნობებთ, რომ სამინისტროს განაწილების კომისებში, აქტიურად ჩართულები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქ. ბათუმისა და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და მათ შორის უმაღლესი საბჭოდან, ასევე სამინისტრო მზად არის განაწილების კომისებში ითანამშრომლოს ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამდენად, სამინისტროს ბენეფიციართა შესარჩევი კრიტერიუმების განსაზღვრას არ ახორციელებს ერთპიროვნულად, იგი წარმომადგენლობითობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების საფუძველზე დგინდება.

აჭარის მთავრობის პასუხი ოპოზიციას ეკომიგრანტი ოჯახების პრობლემებზე

აჭარის მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის. „ბათუმელები“ აგრძელებს  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხების [სტილის დაცვით] გამოქვეყნებას:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს ეკომიგრანტი  ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 3 000.0 ათასი ლარია. პროგრამაში ნათქვამია, რომ დღეის მდგომრეობით, რეგიონში 600-მდე ეკომიგრანტთა ოჯახია აღრიცხული. 4 წლიანი პერსპექტივით, ამავე პროგრამით მხოლოდ 460 ოჯახის დაკმაყოფილებაა შესაძლებელი, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მათი პრობლემების სრულად გადაჭრა ამ ღონისძიებით შესაძლებელი არ არის. ვფიქრობთ, რომ ერთი ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა – მაქსიმუმ 25 000 ლარი არ არის საკმარისი მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამავე დროს, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროგრამა სახელწოდებით: იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა, რომლის ერთ-ერთი მიზანია: ეკომიგრანტთა განსახლების ორგანიზება და ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ინტეგრაცია-ადაპტაციის ხელშეწყობა. საინტერესო იქნება აჭარის არ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებების მოსმენა ამ პროგრამების თავსებადობის და გადაფარვის ალბათობის შესახებ. პროგრამა საჭიროებს ღრმა ანალიზს და კვლევებს, არა მარტო ეკომიგრანტთა ოჯახების და მათი სოციალური პრობლემების, არამედი უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებითაც. ასევე პროგრამიდან არ ჩანს და გაურკვეველია, თუ პროგრამის ბენეფიციარად დარეგისტრირების შემთხვევაში რა ბედი ეწევა ამ ეკომიგრანტის საკუთრებაში, ან კანონზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობებს.

აჭარის მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში უკანასკნელი 3 წლის განმავლოვაში არსებული მონაცემებით საშუალოდ 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტ) ოჯახს ესაჭიროება  უსაფრთხო საცხოვრისით  უზრუნველყოფა.  ამ პრობლების ეტაპობრივად მოგვარების მიზნით, სამინისტროს მიერ მომზადდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში, წელიწადში 115-მდე ეკომიგრანტი ოჯახის ადგილმონაცვლეობა იქნება შესაძლებელი (4 წლის განმავლობაში 460-მდე). მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც არანაკლებ  ეფექტურობით წყვეტს ეკომიგრანტთა უსაფრთხო გარემოში ინტეგრირებას, კერძოდ:

ა) 2013-2015  წლებში  აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის  სარეკომენდაციო გადაწყვეტილების საფუძველზე, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად  დაზარალებული 202  ოჯახი,  ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, კერძოდ აჭარაში 2016 წელს, დასრულდება 180 ბინიანი 3 სოციალური კორპუსის მშენებლობა, რომელიც ეკომიგრანტთათვის არის გათვალისწინებული (72 ბინიანი – ხულოს მუნიციპალიტეტში; 50 ბინიანი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში; 58 ბინიანი – ქ. ბათუმში).

ბ) ბუნებრივი კატასტროფების რისკის საწინააღმდეგო, ეფექტური პრევენციული ზომების გატარების მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებმა 2015 წ. განახორციელა ფერდსამაგრი კედლების პროგრამა, რომლითაც ათობით ოჯახს მიმდინარე ეტაპზე მოუხსნა ეკოლოგიური პროცესების გამო მოსალოდნელი მიგრაციის საჭიროება (ქობულეთის მუნიციპალიტეტში-36 ოჯახს; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 121; ქედის მუნიციპალიტეტში- 24; ), ამ მიზნით პროგრამების განხორციელებას 2016 წლისათვის გეგმავს ხუთივე მუნიციპალიტეტი;

გ) სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ქმედითი დახმარების გაწევის მიზნით, აჭარის მთავრობამ 2013 წლიდან შეიმუშავა  ნორმატიული აქტები (აჭარის არ მთავრობის 2013 წლის 12 სექტემბრის N-20 დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტი­ქიის შედე­გად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-სამართ­ლებ­რი­ვი მდგომარეობის შესწავ­ლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმო­ჩე­ნის მიზნით ზოგადი კრიტერიუმების გან­საზღვრის წესის“ თაობაზე; აჭარის არ მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N-5 დადგენილება  ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების ზოგადი წესის“ თაობაზე), რომლითაც შესაძლებელი გახდა დაზარალებული ოჯახების მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთაც გააჩნდათ გეოლოგიურად მდგრადი მიწის ნაკვეთები ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის“ სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით  აჭარის არ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეძლევათ ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა/აღდგენის მიზნით. 2013-2015 წლეებში, აღნიშნული ფორმით დაახლოებით 58 ეკომიგრანტი ოჯახის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. აღნიშნული მიდგომა განხორციელდება მომავალშიც.

დ)  ,,აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია“ რეკომენდაციას უწევს მუნიციპალიტეტებს მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდებარე თავისუფალი მიწის ფართების ეკომიგრანტთა ოჯახების საკუთრებაში გადაცემის მიზნით. მაგრამ იმის გამო, რომ აჭარას ძალიან მწირი მიწის ფონდი გააჩნია ამ ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან ცოტაა.

ე) 2013-2015 წწ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონიდან წასულ 570 -მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონა საცხოვრებელი სახლები. ხოლო 18 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა  საცხოვრებელი ფართი საქართველოს სხ/სხ რეგიონში ( 2013 წ – 12 ოჯახი; 2014 წ – 4 ოჯახი; 2015 წ-  2 ოჯახი). აღნიშნული პროგრამით აჭარის ეკომიგრანტები მომდევნო წლებშიც ისარგებლებენ.

ზემოჩამოთვლილი კომპლექსური ღონისძიებების საბოლოო მიზანია, ეტაპობრივად განხორციელდეს ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში ადგილმონაცვლეობის პროცესი, პრობლემის სრული და ერთიანი გადაწყვეტა  შეუძლებელია, ვინაიდან ბუნებრივი პროცესები მუდმივ დინამიკაშია და ნაკლებად პროგნოზირებადია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სამსახურების დაკვირვებით, აღნიშნული მონაცემები მზარდია და სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება მიმდინარე ანთროპოგენური/ტექნიკური სამუშაოების გამო.  ბუნებრივი კატაკლიზმების შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მოსალოდნელი რისკების პრევენცია ან შემსუბუქება, აღნიშნულზე სამინისტროს გააჩნია თავისი ხედვა, რომელიც განხილვისათვის წარმოდგენილი იქნა აჭარის არ უმაღლეს საბჭოში.

,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის პროექტში   აღნიშნულია, რომ  – ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის გამყიდველს,  ბენეფიციარის სასარგებლოდ გადაუხდის უძრავი ქონების ღირებულებას არაუმეტეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარისა. თუ საცხოვრებელი ფართის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, ბენეფიციარი ფართის შეძენის მიზნით  ფარავს დარჩენილი სხვაობას“.

საცხოვრებელი სახლების საბაზრო ღირებულების გამოვლენის მიზნით, სამინისტროს შეეძლო დაეკვეთა კვლევა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსგავსი ტიპის მომსახურეობა დაახლოებით 30 000 ლარამდე ღირს. თუმცა აღნიშნული ხარჯის გაწევის აუცილებლობა არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) სამინისტროს მოსაზრება საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრისას დაფუძვნებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში  წლების განმავლობაში დაგროვილი პრაქტიკის ანალიზზე. კერძოდ, აღნიშნული სამინისტრო გასულ წლებში თავად ახორციელებდა საცხოვრებელი სახლების შესყიდვას და 1 სახლის საშუალო ღირებულება საქართველოს სხ/სხ რეგონში დაახლოებით 7 000 –  11  000 აშშ დოლარის ფარგლებში ჯდებოდა. აქედან გამომდინარე, მითითებულმა სამინისტრომ, 2013 წელს ეკომიგრანტთათვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამის განხორციელებისას 1 საცხოვრებელი სახლის შესყიდვის ზედა ზღვრად დაადგინა 20 000 ლარი (2013 წელს, ლიმიტის მითითების დროს გაცვლითი კურსი ეროვნულ ვალუტასა და აშშ დოლარს შორის იყო 1,76 ლარი, შესაბამისად 20 000 ლარი იყო 11364 აშშ დოლარი) მაგრამ, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა, აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გეგმავს, საცხოვრებელი სახლების შესყიდვისათვის გამოსაყოფი თანხის ზედა ზღვარის მომატებას 25 000 ლარამდე.

ბ) საცხოვრებელი ფართის შესყიდვის დროს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობის განსაზღვრისას, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი ნაკარნახებია იმ მოსაზრებითაც, რომ განსხვავებული თანხებით დახმარების შემთხვევაში, ბენეფიციარნი დაინტერესებულნი იქნებიან მხოლოდ იმ სამინისტროს პროგრამით ისარგებლონ, რომლითაც მეტი ანაზღაურება იქნებოდა განსაზღვრული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამას, რომლის ფარგლებში ბენეფიციარი ოჯახებისათვის სახლის შესყიდვისათვის სამინისტრო გამოყოფს განსაზღვრულ თანხას. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ აჭარის რეგიონში მცხოვრები ეკომიგრანტებიც, მაგრამ შესასყიდი სახლების რაოდენობა განსაზღვრულია (2015 წელს – 90 სახლი; 2016 წელსაც დაგეგმილია 90 სახლი), ისე როგორც ჩვენი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში. საქართველოს მაშტაბით დარეგისტრირებულია სულ 2 779  საცხოვრებელი სახლის მაძიებელი ეკომიგრანტი. 2013-2015 წლეებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული პროგრამით აჭარის რეგიონიდან მხოლოდ 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შეძლო  საცხოვრებელი ფართის შესყიდვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. დამდგარი შედეგი განპირობებულია ბენეფიციართა სიმრავლით, რომელთა დაკმაყოფილება ხდება პრიორიტეტულობის ქულით (ოჯახის სოციალური მდგომარეობის სიმძიმე) დადგენილი რიგითობის შესაბამისად. ამდენად, აჭარაში იდენტური პროგრამის განხორციელების მიზანი იქნება არა იდენტური პროგრამის გადაფარვა, არამედ, საფრთხილ ქვეშ მყოფი მოქალაქეების სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხო გარემოში მათი ინტეგრირების პროცესის დაჩქარება. საბოლოო შედეგი კი აღნიშნულ გამოწვევასთან გამკლავება ერთიანი ძალებით.

ორი იდენტური/მსგავსი პროგრამის თავსებადობის საკითხი გადაწყვეტადია იმდენად, რამდენადაც 2016 წლიდან ამოქმედდება ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებადი ერთიანი ელექტრონული ბაზა (ბაზაზე მუშაობისა და წვდომის დელეგირება ექნება ჩვენი სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტსაც), პროგრამაში ჩაერთვება აღნიშნულ ბაზაში დარეგისტრირებული ბენეფიციარები,  დადგენილი  ნორმატიული აქტის ფარგლებში.

აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განსაკუთრებული ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ეკომიგრანტის საკუთრებაში დარჩენილი ყოფილი საცხოვრებელი სახლისა და ბუნებრივი/ ტექნოგენური ხასიათის კატასტროფების საფრთხის შემცველი ტერიტორიების უფლებრივი  მდგომარეობა. ფაქტი ნათელია, ეკომიგრანტები ყოფილი საცხოვრებლების მესაკუთრეები არიან, მაგრამ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაუწყვეტლობა დიდი რისკების წინაშე დააყენებს არა მარტო ეკომიგრანტებს არამედ სახელმწიფოსაც. კერძოდ: აჭარის რეგიონში არსებული მდგომარეობის ანალიზით იკვეთება, რომ მიგრირებული ოჯახების საკუთრებაში/მფლობალობაში რჩება დამეწყრილი მიწის ფართობები, რომელთა გაჯანსაღებაზე ვერ ზრუნავს მესაკუთრე/მფლობელი და ვერც სახელმწიფო უწყებები ატარებენ შესაბამისს სამუშაობებს ტერიტორიების გაჯანსაღების მიზნით. ფიქსირდება შემთხვევები, როცა სახელმწიფოსგან უსაფრხთო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ოჯახი, სხვადასხვა მიზეზის გამო ან უკუმიგრირდება ადრინდელ საფრთხის შემცველ საცხოვრებელ სახლში, რითაც საფრხთეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლეს/ჯანმრთელობას ან ყიდის გეოლოგიური პროცესების აქტივობის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს და ახლა უკვე ახალ მესაკუთრეს უქმნის საფრთხეს (არაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ მისი სახით სახელმწიფოს დამატებითი ბენეფიციარი უჩნდება). უკეთეს შემთხვევაში ის კმაყოფილია სახელმწიფოსგან მიღებული ახალი საცხოვრებელი პირობებით, ამავე დროს რჩება მიტოვებულ ქონების მესაკუთრე და სახელმწიფო ვერ ახერხებს ტერიტორიების რეაბილიტაციის გზით ჯანსაღი მიწის ფონდის შექმნას, რითაც ასე ღარიბია ქვეყანა.

მიუხედავად ამ რისკებისა, აღნიშნული პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მისი გადაწყვეტა ცენტრალიზებულად და კანონმდებლობის დონეზე უნდა გადაწყდეს. მხოლოდ აჭარაში მიღებული კანონი, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილებული ეკომიგრანტის საკუთრებაში დარჩენილი ნივთობრივად ნაკლის შემცველ ქონებაზე (სტიქიური კატასტროფების ზონაში მოქცეული ტერიტორია) რაიმე შეზღუდვების ან ღონისძიებების გავრცელების მიზნით, განსხვავებულ პირობებში ჩააყენებდა აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს, ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ეკომიგრანტებთან მიმართებაში. თუმცა სამინისტროს რეკომენდაციით, ,,აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეკომიგრანტთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებებით, რეგულარულად  ხდება მოქალაქეთა გაფრთხილება ავტონომიური რესპუბლიკის გამოიყენონ მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ნივთობრივად ნაკლის მქონე (ბუნებრივი ან/და ტექნოგენური  საფრთხის შემცვლელი) უძრავი  ქონება საცხოვრებლად.

აჭარის მთავრობის პასუხები ოპოზიციის შენიშვნებზე 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით 2015 წლის 30 დეკემბერს უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაა ჩანიშნული. საბჭოს წევრები აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფუძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.

აჭარის მთავრობას [ძირითადად, ფინანსთა და ეკონომიკის სმინისტროს] მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოდან მიღებულ 85  შენიშვნასა თუ წინადადებაზე მოუწია პასუხის გაცემა. შენიშვნების 1/3-ზე მეტი ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნის.

ბათუმელები უცვლელად გთავაზობთ ოპოზიციური ფრაქციის შენიშვნებსა და მათზე აჭარის მთავრობის პასუხებს:

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ]: აჭარის ავტონომოიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებს საშემოსავლო გადასახადის სახით ჯამში 25 მლნ ლარამდე თანხა გადაეცათ. ამავე დროს, მათ შეუმცირდათ გათანაბრებითი ტრანსფერები. აჭარის არ-ის რესპუბლიკურ ბიუჯეტს კი ამ ცვლილებების ხარჯზე საკმაოდ სოლიდური თანხა დააკლდა. ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ დანაკლისის კომპენსაციის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მლნ ლარის ოდენობით, რაც პირდაპირ შეიძლება მიიმართოს ბათუმის ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი ეტაპის განსახორციელებლად.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო [მთავრობა]: გათანაბრებითი ტრანსფერის მთლიანი მოცულობა 2015 წელთან შედარებით შემცირებულია 4,7 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს 2016 წელს დამატებით გამოეყოფა 20 მილიონი ლარი. ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 2015 წელთან შედარებით მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერი რესპუბლიკური ბიუჯეტიდან იზრდება 10 მილიონი ლარით.

ენმ: საშემოსავლო გადასახადის მოცულობა 2016 წ.-ის პროექტში, 2015 წ.-ის გეგმასთან მიმართებით 140 000.0 ათას ლარამდე შემცირდა  147 000.0 ათასი ლარიდან. გასაგებია, რომ ამ გადასახადის ნაწილი მუნიციპალიტეტებს გადაუნაწილდათ, თუმცა მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკური ზრდისა და „საინვესტიციო ბუმის“ ფონზე, პროგნოზი დამაჯერებლად და საიმედოდ მაინც არ გვეჩვენება.

მთავრობა: როგორც თქვენთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადის გადანაწილების ახალი წესის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი გადანაწილებულია რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებს შორის, რაც შეადგენს 25 მლნ ლარს, შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ საშემოსავლო გადასახადის გეგმიური მაჩვენებელი მცირდება, მცდარია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადის მოცულობა აჭარაში შეადგენს 165 მლნ ლარს.

ენმ: ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ სოლიდური ნაშთია, რომელიც დეტალურ განმარტებებს საჭიროებს. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი სათანადო დასკვნების გამოტანა. ეს არასწორი დაგეგმარების ბრალია, მთავრობის უუნარობის, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზებით.

მთავრობა: ფინანსური აქტივებში გათვალისწინებული ნაშთი ძირითადად წარმოადგენს  შემოსულობების გადაჭარბებას, ასევე უმნიშვნელო თანხა 6 მლნ ლარამდე წარმოადგენს გარდამავალ პროექტებს.

ენმ: ძალიან ცუდ პრაქტიკად დამკვიდრდა ბოლო წლების განმავლობაში ის, რომ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური ფლანგის დეპუტატები ჩართულები არ არიან. ასევე, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დაგეგმარებისა და განხილვების პროცესებში არ არიან ჩართულები მაჟორიტარი დეპუტატები.

მთავრობა: საბიუჯეტო პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ გამჭვირვალედ, რასაც მოწმობს ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 14 ნოემბრის N212 განკარგულებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშუალო ვადიანი დაგეგმვისა და ბიუჯეტის შედგენის წესით“, რომელშიც გაწერილია ვადები, ხორციელდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მომდევნო წლების ბიუჯეტების საჯარო განხილვები, რომელზედაც დასწრება თავისუფალია. შესაბამისად არანაირი შეზღუდვა არ არსებობს საბიუჯეტო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე ოპოზიციური ფლანგის დეპუტატთა ჩართულობაზე.

ენმ: გამომდინარე იქედან, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის  ბიუჯეტი წარმომადგენლობით ორგანოში ხმათა უმრავლესობით არ დამტკიცებულა და საკანონმდებლო პროცედურები დაირღვა, მიგვაჩნია, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოს დაფინანსებისათვის ნაცვლად 4 957.0 ათასი ლარისა, შენარჩუნებული უნდა იქნას 2015 წ.-ის დამტკიცებული გეგმა – 4867.5 ათასი ლარის ოდენობით.

მთავრობა: 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტირებისას უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო ასიგნების პროექტი განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადის მიხედვით.

ენმ: ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და დარგის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროგრამის ბიუჯეტი 190.0 ათასი ლარიდან 410.0 ათას ლარამდეა გაზრდილი, რაც საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. პირველ რიგში, აუცილებელია 2015 წ.-ს განხორციელებული პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.

მთავრობა: 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებები:

  • ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
  • ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოება – 110000 ლარი;

ჯამი – 190000 ლარი. შესაბამისად განხორციელდა:

  • ადგილობრივი ტურიზმის და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – რომელიც მიმდინარეობს 2015 წლის ბოლომდე.
  • ტურიზმის დარგში სტატისტიკური მონაცემების წარმოების ფარგლებში განხორციელდა, აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების კვლევა (ტურისტთა განთავსების ობიექტების საბაზისო კვლევა წარმოადგენს აჭარის ა.რ.-ის ტერიტორიაზე განთავსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების აღწერას. საბაზისო კვლევის შედეგების მიხედვით მოხდა რეგისტრირებული სექტორის ბაზის ფორმირება ბაზრის მომდევნო კვლევებისათვის (გათვალისწინებულია 2016 წლის პროგრამით), კერძოდ,  საბაზისო კვლევის მონაცემების საფუძველზე აეგო ბაზრის სტრატიფიცირებული შერჩევა, განისაზღვრა შერჩევის მოცულობა და სტრატებს შორის შერჩევის მოცულობის გადანაწილება).
  1. 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო შემდეგი ღონისძიებები:
    • ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე) – 115000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არარეგისტრირებული და ფიზიკურ პირად რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევა – 75000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. ადგილობრივი ტურისტული ბაზრის კვლევა – 80000 ლარი;
    • აჭარის ა.რ. უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა – 140000 ლარი;

ჯამი – 410000 ლარი.

მიმდინარე წელს (2015წ.) ჩატარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების კვლევის საფუძველზე 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიების „ტურისტთა სტატისტიკის წარმოება (აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე რეგისტრირებული ტურისტთა განთავსების ობიექტების მონაცემების საფუძველზე)“  ღირებულება შემცირდა 100000 ლარით და დარჩა 15000 ლარი, რაც აისახება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვარიანტში და შესაბამისად ქვეპროგრამის ბიუჯეტი იქნება 310000 ლარი.

ენმ: ყურადღებას იპყრობს ასევე ის საკითხი, რომ მიუხედავად ბათუმის ბულვარის მესაკუთრისთვის გადაცემის შესახებ თითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებისა, ბათუმის ბულვარის მართვას (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2016 წლის პროექტის მიხედვით) 2019 წლამდე კვლავაც აჭარის არ-ის მთავრობა გეგმავს (სსიპ ” ბათუმის ბულვარი”. მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხებიც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

მთავრობა: გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს მუშაობა ბულვარისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტზე – ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ამ ეტაპზე მსგავსი ღონისძიებების განხორციელება და ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები.

ენმ: მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება. თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის  სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. წარმოდგენილ პროექტში მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება.

მთავრობა: „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2014 წლის 20 მაისს, შეიქმნა პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია. კომისიის მიერ მიღებულ იქნა მოქალაქეების განცხადებები და მომზადებულ იქნა 188 ბენეფიციარისაგან (რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი) შემდგარი მსესხებელთა რეესტრი. აღნიშნული რეესტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის 4 ივლისს გადაეგზავნა სს ლიბერთი ბანკს, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის პროგრამის ფარგლებში სს ლიბერთი ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე (163 ბენეფიციარი) სესხის გაცემა.

„მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 000 000 ლარი. მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი (სს ,,ლიბერთი ბანკის’’ მიერ გაცემული სესხის ოდენობა), ხოლო სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის 1 დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი.

2016 წლის და შემდგომი წლების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას თანადაფინასნების თანხები შემდეგნაირად: 2016 წელი 672 000 ლარი, 2017 წელი – 640 000 ლარი, 2018 წელი – 553 000 ლარი.

ენმ: თუკი მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ 2019 წლის ჩათვლით დააფინანსოს საგამომცემლო საქმიანობა (კერძოდ: გაზეთები „აჭარა“ და „ადჟარია“), მაშინ მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მის შემდგომ განვითარებაზეც და ის თანხა, რაც „მუდმივას“ სახით არის გაწერილი ამ პროგრამისთვის (223 760 ლარი 2016-2019 წ.წ.-ებში) უნდა გაიზარდოს თუნდაც იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს იქ დასაქმებულთა მიზერული შრომის ანაზღაურების ზრდა.

მთავრობა: აღნიშნული  კუთხით საბიუჯეტო ასიგნების ზრდა განხორციელდა 2015 წელს. შპს „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ თანამშრომელთა ხელფასების ზრდა შესაძლებელია მოხდეს კომპანიის საკუთარი შემოსავლების მატების ხარჯზე, რაც საწარმოს კოლექტივის შემდგომი მუშაობის მოტივაციის გაძლიერების საფუძველია.

ენმ: პროგრამით ა(ა)იპ „აჭარის განათლების ფონდი“ გასულ წელს 313 მასწავლებლის გადამზადება დაფინანსდა სხვადასხვა საგნებში. პროგრამის ბიუჯეტი 2019 წ.-ის ჩათვლით სტაბილურად უცვლელია და 1 091.394 ათას ლარს შეადგენს. მიგვჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მთიან რეგიონებს არ ყოფნით კვალიფიციური პედაგოგები, საჭიროა მეტი მასწავლებლის გადამზადება და პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა.

მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნა მოთხოვნილება მასწავლებელთა გადამზადებაზე, ამიტომ 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული რესურსი საკამარისია მაქსიმალური რაოდენობის მასწავლებელთა გადამზადებისათვის და მოქალაქეეთა უცხო ენების შესწავლისთვის.

ენმ: უკვე მესამე წელია, მოსახლეობის მომართვების საფუძველზე, ჩვენ მუდმივად მოვითხოვთ ხულოში პანსიონის ამოქმედებას. მიუხედავად მისი საჭიროებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული არაერთგზის დაპირებისა, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები დღემდე არ გამოინახა. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ ბიუჯეტში ამ საკითხის გათვალისწინებას.

მთავრობა: ხულოს მუნიციპალიტეტში საპანსიონო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, რომლისთვისაც გამოყოფილია სსიპ დაბა ხულოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებული სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქვეპროგრამით გათვალისწინებულია 2016-2017 წწ. 2016 წელს განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი, ხოლო 2017 წელს დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და პანსიონის ინვენტარით აღჭურვა.

ენმ: მუზეუმებისა და გალერეების განვითარების პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე მუზეუმს, მაგრამ სამწუხაროა, რომ კვლავაც ვერ ხერხდება ახალი მუზეუმების გახსნა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების საქმეში და გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. ასევე გაურკვეველია ცვილის მუზეუმის შემდგომი ფუნქციონირების, შენობისა და ექსპონატების ბედი.

მთავრობა: 2016 წელს დასრულდება ახალი “ბათუმის მუზეუმის” მშენებლობა,  სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების 80%-ი შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოები დაგაგემილია 2016 წელს. ხოლო, რაც შეეხება ცვილის მუზეუმს შენობა არქიტექტორთა კავშირის საკუთრებაა. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული დაპირებით  მიმდინარეობს მოლაპარაკება შენობის გადმოცემასთან დაკავშირებით.

ენმ: სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამაში არ არის გათვალისწინებული სახელოვნებო და სკოლისგარეშე დაწესებულებების შრომის ანაზღაურების ზრდა. ჩვენი აზრით, ამ ადამიანებს ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვს და თუ წინა წელთან შედარებით ვალუტის კურსის ცვლილებას და ლარის მსყიდველობითუნარიანობას გავითვალისწინებთ, მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ვფიქრობთ, რომ დროა სამინისტრომ მათი მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე იფიქროს. მოვითხოვთ, რომ სამთავრობო უწყებებში სახელფასო დანამატების შემცირების ხარჯზე მოხდეს მათი შრომის ანაზღაურების ზრდა, მინიმუმ 20%-ით მაინც.

მთავრობა: მიმდინარე ეტაპზე არ იგეგმება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდა.

ენმ: აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების  პროგრამაში სასურველია შევიდეს ცვლილება და  დაფინანსდეს  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზე, ან გამოინახოს სახელმწიფო საკუთრებაში უკვე არსებული შენობა და მოხდეს მისი სათანადო რეაბილიტაცია. ეს პრობლემა უკვე წლების განმავლობაში დგას სტუდენტების და მოწვეული ლექტორ-მასწავლებლების  წინაშე და კიდევ უფრო აქტუალური გახდა იმ ფონზე, როდესაც დაიგეგმა უნივერსიტეტის მწვანე კონცხზე არსებული კორპუსის გაყიდვა.

მთავრობა: დღეისათვის არსებული საერთო საცხოვრებლის შენობა მდებარეობს მწვანე კონცხის დასახლებაში, რაც მნიშვნელოვნად დაშორებულია სასწავლო კორპუსებს, გარდა ამისა საცხოვრებლის მიმდებარედ არ არსებობს რაიმე საქალაქო ინფრასტრუქტურა (მარკეტი, საქალაქო ტრანსპორტი და სხვა), რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საცხოვრებელ პირობებს. ფართის, ან შენობის გამოყოფის შემთხვევაში უნივერისტეტი 2016 წლის  ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელებს სამშენებლო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვას.

ენმ: საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები აუცილებელია ისე დაიგეგმოს, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესმა სასწავლო პროცესს ხელი არ შეუშალოს. მიგვაჩნია, რომ მშენებლობა-რეაბილიტაციას, პროგრამაში გათვალისწინებულის გარდა, საჭიროებს: დანდალოს, ზედა და ქვედა კვირიკეს, დაგვის, კონდიდის, ინწკირვეთის, მაწყვალთის, ცინარეთის, გოგინაურის, შუბნის, დაბა შუახევის საჯარო სკოლები.

მთავრობა: პროგრამაზე ,,საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება”  აღნიშნული შენიშვნებიდან 2016 წელს გათვალისწინებულია კვირიკეს N1 (ქვედა) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მაწყვალთის სკოლის მშენებლობისათვის პროექტის  და ცინარეთის სკოლის პროექტის შესყიდვა; რაც შეეხება ზედა კვირიკეს, დაგვას, კონდიდს, ინწკირვეთს, გოგინაურისა და შუბანის საჯარო სკოლებს, მათი სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო საკითხები განიხილება სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმით;

დაბა შუახევის საჯარო სკოლის შენობაზე მისაღებია გადაწყვეტილება შენობის დემონტაჟის,  მის აშენებაზე ან რეაბილიტაციაზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ, რის შემდეგაც განისაზღვრება სამუშაოების ჩატარების თარიღი.

ენმ: საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ცხრილებს შორის შეუსაბამობაა. მაგ: მოსალოდნელი შედეგების მიხედვით, 2016 წ.-ს დაგეგმილია 0 ერთეული ტექნიკის შეძენა, ხოლო ფინანსურ გეგმაში გამოყოფილია 1 მლნ ლარი ამავე მიზნისთვის. აქვე, გზების რეაბილიტაციის მუხლში 2017-2019 წ.წ.-ებში სამუშაოების მოცულობა იგივეა, შესაბამისი ფასები კი – გაზრდილი. იმედია, უწყების მესვეურები ლარის კურსის კიდევ უფრო დაცემას არ ვარაუდობენ და პესიმისტური პროგნოზების დეკლარირებას არ ახდენენ ამ განაცხადით.

მთავრობა: შენიშვნა გათვალისწიებულია,  გამოსწორებულია ტექნიკური ხარვეზი, დეპარტამენტი გეგმავს 5 ერთეული ტექნიკის შეძენას.

ენმ: ბიუჯეტში ასევე აუცილებელია ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო 7 მლნ ლარის გათვალისწინება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქობულეთის სანაპირო ზოლის და ფიჭვნარის უნიკალური ტყე-პარკის შენარჩუნებისთვის.

მთავრობა: აღნიშნულ ღონისძიებას განახორციელებს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტრო.

ენმ: მესამე წელია დაუსრულებელია გოდერძის სათხილამურო ბაზა. კურორტ ბეშუმში მოუწესრიგებელია შიდა გზები და ინფრასტრუქტურა. ამ სამუშაოებისთვის დამატებითი თანხების მობილიზებაა აუცილებელი.

მთავრობა: სათხილამურო ბაზა ექსპლოატაციაში მიღებულია, რაც შეეხება კურორტ ბეშუმის შიდა გზებსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, აღნიშნული ღონისძიებებისათვის საჭირო თანხა გათვალსიწინებულია ხულოს მუნიციპალიტეტეზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.

ენმ: ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დააფინანსოს მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა. ამისთვის შემუშავებული უნდა იქნას მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც პირველ ეტაპზე თუნდაც ქედის მიმართულებით დააფინანსებს აღნიშნულ მშენებლობას. ამისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა გახდება საჭირო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ხულოს ტურისტულ ზონამდე გაზსადენის მიყვანა. ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხით ამ დრომდე კომერციულ სექტორს ინტერესი არ გამოუხატავს, ამიტომ დროა ეს ფუნქცია მთავრობამ თავის თავზე აიღოს. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მაღალმთიანეთში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, ტყის ჭრის შემცირებას და განსაკუთრებით ეფექტური იქნება მუნიციპალური ცენტრების, დაბების მოსახლეობისათვის, რადგანაც მათ განსაკუთრებით უჭირთ საშეშე მასალის მოძიება.

მთავრობა: არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობის სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნეს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები გაზით.

ენმ: ასევე გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსება, რაც რეგიონში მიწის პასპორტიზაციის საფუძველი გახდება.

მთავრობა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება რეგისტრირებული (აღრიცხულია) საჯარო რეესტრში, რომლის კორექტირების, გაყოფის ან გაერთიანების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს აზომვითი ნახაზების შესყიდვას, შემდგომში მისი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებები შეტანის მიზნით. ასევე, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 14 მარტის N5/5637 წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გამომდინარე აქედან 2007 წლის 24 ოქტომბრის საქართველო მთავრობის N233 დადგენილების საფუძველზე სამინისტრო ახორციელებს უძრავი ნივთის სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. რაც შეეხება აჭარის ტერიტორიაზე კანონზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაფინანსების განხორციელებას, სამინისტროს მხრიდან ვერ ჩაითვლება მიზნობრივ ხარჯად, ვინაიდან სამინისტროს კომპეტენციაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა, ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს საპილოტე პროგრამას 10-მდე სოფელში საქართველოს მასშტაბით (მათ შორის, დაბა შუახევში), რომლის მიზანია უძრავი ქონების ინვენტარიზაცია და მათი საჯარო რეესტრში სამართლებრივი რეგისტრაცია. აღნიშნული საპილოტე პროგრამის დასრულებისა და გაანალიზების შემდეგ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელების თაობაზე

ენმ: ყველასათვის ცნობილია ე.წ. „ოცნების ქალაქში“ არსებული ვითარება და პრობლემები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპის კომისრის ანგარიშშიც კი მოხვდა მის მიერ ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ. ბიუჯეტის პროექტში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იქ დასახლებულ ადამიანთა საცხოვრისითა და შესაბამისი პირობებით უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი პროგრამა. ასევე უნდა გასაჯაროვდეს ამ პრობლემის შესწავლის მიზნით შექმნილი კომისიის მიერ გაწეული სამუშაოები.

მთავრობა: აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის კომპეტენციიდან გამომდინარე განხორციელდა შესაბამისი ღონისძიებები.

ენმ: გამოვთქვამთ წინადადებას, რომ მუნიციპალიტეტებს გადაეცეთ ტრანსფერები სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის კომპენსაციების გაცემის მიზნით (მათ შორის 2012 წ.–ს დაზარალებულთა მიმართ).

მთავრობა: შენიშვნა გათვალისწინებულია, აღნიშნული კუთხით დაფინანსება განხორციელდება მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი სპეციალური ფინანსური დახმარების ფარგლებში.

„ბათუმელები“ ცალკე შემოგთავაზებთ ენმ-ს შენიშვნებს რეგიონში ეკომიგრანტების, სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის კუთხით.

საია ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეებში აქტუალური გახდა საკითხი, რომელიც ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ბათუმის ბულვარი წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნებისმიერ ფორმით სახეცვლილება ან რაიმე ფორმით ჩარევა დაკავშირებული უნდა იყოს ძეგლის ინტერესებთან და არ უნდა არღვევდეს მის მხატვრულ-ესთეტიკურ, ისტორიულ და კულტურული ღირებულებას. ასევე, არ უნდა იწვევდეს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს და არ უნდა აუარესებდეს მის აღქმას.

ამ დრომდე პრაქტიკულად არ არსებობს სათანადო ფორმით მომზადებული და დასაბუთებული დოკუმენტაცია, თუ რით არის გამოწვეული ის ცვლილებები, რომელიც ბათუმის ძველ ბულვარში იგეგმება და რამდენად შესაბამისობაშია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებთან. ამასთან, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უკვე შერჩულია შემსრულებელი კომპანია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

– ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სახელით, ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში განადგურებული არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი (მათ შორის ბათუმშიც), და ზემოაღნიშნული პასუხგაუცემელი კითხვები, აჩენს საფუძვლიან ეჭვს ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ამ პროცესის გაგრძელება გახდეს ბათუმის ძველი ბულვარი.

– მიგვაჩნია, რომ ბათუმის ძველი ბულვარის სამომავლო განვითარებას კონცეფცია მიმართული უნდა იყოს ბულვარის, როგორც – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისაკენ. ხოლო, ცენტრალური, ავტონომიური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა შენარჩუნებული იქნეს ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა.

– ფორსირებულად და დაუსაბუთებლად, გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვის ფორმით შემსრულებელი კომპანიის შერჩევა მიუთითებს, რომ შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა თავდაპირველ ეტაპზევე არ უზრუნველყვეს პროცესის მაღალი გამჭვირვალობა. სახელმწიფო შესყიდვის არაკონკურენტული ფორმის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პროცესში საერთაშორისო გამოცდილების და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც ცალსახად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

საია გააგრძელებს ბათუმის ძველი ბულვარის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო


ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 1985 წელს დაბადებული ბესიკ გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ბათუმის „ფერადი უბანი“

საახალწლო პროექტი – „ფერადი უბანი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში იმართება საახალწლო კონცერტები და გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. ბათუმში სულ 13 ადმინისტრაციული უბანი უნდა გაცოცხლდეს და გაფერადდეს. დღეს 12 საათზე მახინჯაურის უბანი გაფერადდება, სამ საათზე თამარის დასახლებაში მორწყობა კონცერტი, შემდეგ კი ბონის კულტურის სახლის ეზოში.

10649949_1086925974691478_8199392978368773481_n

პროექტს „ფერადი უბანი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს პირველად ახორციელებს.  უბნებში  ორსაათიანი უფასო კონცერტები ჩატარდება, სადაც ბავშვებს გაართობენ ანიმატორები, თოვლის ბაბუა ფიფქიასთან ერთად, მოეწყობა საინტერესო და სახალისო გათამაშებები ბავშვებისთვის.

 

1919133_1086924431358299_8094812376829993690_n

 

გუშინ, 28 დეკემბერს გონიოს ციხის მიმდებარე სკვერში მოეწყო ჯგუფი Asea Sool -ის კონცერტი. გასართობი შოუ-პროგრამა შეასრულა სპეციალურად ბავშვებისთვის თოვლის ბაბუამ და ფიფქიამ. საახალწლო განწყობის შეასაქმნელად პატარებს სახე მოუხატეს და ფერადი ბუშტები დაურიგეს.

934091_1086925214691554_257952960624206160_n

ბათუმის სპორტსკოლამ წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

28 დეკემბერს ბათუმის სპორტსკოლაში, სპორტსკოლის დირექტორმა ირმა ნიჟარაძემ და დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, თენგიზ მორჩილაძემ 2015 წელს მოპოვებული შედეგები წარმოადგინეს.
შედეგების მიხედვით, წლის საუკეთესო სპორტსმენ კაცად ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე, ხოლო საუკეთესო სპორტსმენ ქალად ფრენბურთელი ანა დიასამიძე დასახელდნენ.
სპორტსკოლის 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ლევან შავაძე, საუკეთესო გუნდად კი ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები.
ანა დიასამიძე
ანა დიასამიძე
ანა დიასამიძე: „საერთოდ არ ველოდებოდი ამ ჯილდოს, ვაპირებ მეტ ვარჯიშს და მინდა უფრო დიდ წარატებას მივაღწიო. ოთხი წელი ვვარჯიშობ ფრენბურთში, ისე დავიწყე ვარჯიში არც ვაპირებდი გაგრძელებას. ჩვენი გუნდი, 2000-2001 წლიანების გუნდი ორჯერ, [შარშან და წელს] გახდა ჩემპიონი და იმედია კიდევ გავხვდებით“.
ანა დიასამიძეს ერთ-ერთ საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მოთამაშoს ტიტული აქვს მოპოვებული.
ლაშა გობაძე არის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი „ა“ კატეგორიის საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული.
ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე
ლაშა გობაძე: „ამისთვის ვვარჯიშობდი და ეს იყო ჩემი სურვილი, რომ ჩემს რეგიონში, ჩემს საყვარელ აჭარაში მაინც მომეპოვებინა საუკეთესო სპორტსმენის წოდება.
როცა 23 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონატზე ვიასპარეზე იმედი არ მქონდა რომ მოვიგებდი, რადგან ოპერაცია მქონდა გაკეთებული და არ ვიყავი ფორმაში. რახან ამ მდგომარეობაში შედეგს მივაღწიე, ვირწმუნე საკუთარი თავის – რომ უფრო კარგად თუ ვივარჯიშებდი უფრო კარგ შედეგს მივაღწევდი. ამან დიდი სტიმული მომცა.
ინტენსიურად დავიწყე ვარჯიშები, შემდეგ გავიმარჯვე ირანში, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე, შემდეგ საქართველო და დავდექი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც გამოცდილ მწვრთნელებს არ დაუკლიათ ჩემთვის ყურადღება, შედეგი რომ გამეკეთებინა.
წინ არის ოლიმპიური წელი, სადაც მაქვს რეალური შანსი რომ ვიასპარეზო და მივაღწიო უფრო დიდ წარმატებას, ვიცი დიდი შრომაა საჭირო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის“.
ბათუმის სპორტსკოლის კიდევ 21 სპორტსმენი, და კიდევ 16 მწვრთენლი დაასახელეს საუკეთესოდ. მათ ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადასცეს. ასევე გამოავლინეს საუკეთესო გუნდები: ბალახის ჰოკეის ვაჟთა ნაკრები გუნდი, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული და 2003 და 2004 წელს დაბადებულთა ნაკრები გუნდები კალათბურთში. 2003 წლიანთა გუნდმა 2015 წელს მოიპოვა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონობა, 2004 წლიანთა გუნდი კი საქართველოს პირველობის მედალოსანი და საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.
სპორტსკოლის დირექტორი ირმა ნიჟარაძე 2015 წელს წარმატებულად აფასებს:
„ნამდვილად შთამბეჭდავი ციფრია 307 მედალი. საერთო ჯამში კი 97 სპორტულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა.  გვყავს მსოფლიო ჩემპიონები ახალგაზრდებში, ევროპის ჩემპიონები, ევროპის პრიზიორები, საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულები, პირველობაში გამარჯვებულები. მომავალ წელს ველოდებით რომ კიდევ უფრო მეტი წარმატებები და დიდი გამარჯვების წელი იქნება“.
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად 2015 წელს ბათუმის სპორტსკოლის სპორტსმენებმა ჯამში 307 მედალი მოიპოვეს, რაც გასულ წელთან შედარებით 46 მედლით ნაკლებია. აქედან 117 ოქროს მედალი, 99 – ვერცხლის და 91 – ბრინჯაოს. 2014 წელს სპორტსმენებმა 136 ოქრო, 104 ვერცხლი და 113 ბრინჯაო მოიგეს, საერთო ჯამში  კი 353 მედალი.
სპორტული სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი მედალი ისევე, როგორც 2014 წელს (სულ 131 მედალი), წელსაც (სულ 69 მედალი) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს აქვთ მოპოვებული.

ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს

ახალ წლამდე აჭარის უმაღლესი საბჭო რესპუბლიკურ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ განიხლილავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 2016 წლის დადგომამდე სამი დღე რჩება, სხდომის თარიღი კი ჯერ ჩანიშნული არ არის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.

უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკატერინე თარგამაძის თქმით, მართალია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბიუჯეტის კიდევ ერთხელ განხილვასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს უკვე  მიმართა, თუმცა დეპუტატებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის გეგმავს უმაღლესი საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის მოწვევას.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კენჭისყრის შედეგები შეიცვალოს, ეკატერინე თარგამაძე პასუხობს: „ ჩვენ ამ დოკუმენტის მიმართ ჩვენი პოზიცია უკვე გამოვხატეთ. მთავრობას შევთავაზეთ ასევე  შეთანხმების ჯგუფის შექმნა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. თუმცა, ამ კუთხითაც ახალი ჯერ არაფერია”.

ეკატერინე თარგამაძემ „ბათუმელებს“ მიაწოდა ინფორმაცია (დოკუმენტის სახით) იმ შენიშვნებზე, რაც ოპოზიციას ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით ჰქონდა. დეპუტატების შენიშვნებიდან რა გაითვალისწინა და რა არ გაითვალისწინა მთავრობამ, ამაზე „ბათუმელები“მოგვიანებით გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფიძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა პროცესებში პრეზიდენტის ჩართვას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას ან/და იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტი ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას, მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებულ აქტს, ეს აქტი კარგავს იურიდიულ ძალას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა.

 

 

მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები

ბათუმის ბულვართან ე.წ. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობის გვერდით, ათსართულიანი ნაგებობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტის საზღვრები არ ემთხვევა აქ არსებული, სამსართულიანი შენობის საძირკვლის საზღვრებს, რომლის დემონტაჟის შედეგად შენდება ახალი ნაგებობა.  „ბათუმელები“ შეეცადა გადაემოწმებინა იზრდება თუ არა შენობის მოცულობა ძველი ბულვარის ტერიტორიის ხარჯზე.

ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ
ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ

„ბათუმი თაუერი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ.  სავარაუდოდ, ბათუმის მერიას უნდა კითხოთ. რაც შეეხება ბულვარის საზღვრებს, ის დარღვეული ნამდვილად არ არის“, – გვითხრეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მშენებლობა ძველ ბულვარში
მშენებლობა ძველ ბულვარში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, რომ „ეს არის მეხუთე კლასის ობიექტი და, შესაბამისად, მათთან მიმდინარე სამუშაოები არ თანხმდება. მერია არც მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს“.

მშენებლობა ძველ ბულვარში
მშენებლობა ძველ ბულვარში

„ბათუმელები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს, გია კაკაურიძეს დაუკავშირდა: „ჩვენ ნებართვას ვერანაირად ვერ გავცემდით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო პროექტი. რეკონსტრუქციის ნებართვა გაცემულია კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც თავის დროზე ამოირიცხა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან. ამ საზღვრებში კი შენობის მოცულობა პროექტით იზრდებოდა“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, როცა ის ამ სამსახურში მივიდა „ეს შენობა იყო ძეგლის ნიშნის ქვეშ,  იმიტომ რომ ბულვარის ტერიტორიაზე იდგა და ავტომატურად ძეგლი იყო. 2014 წელს ბულვარის საკადასტრო საზღვრები დავაზუსტეთ და აქ არ შეგვიტანია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა. ის იყო მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი [მოცულობისა და ტექნიკური არჭურვილობის გამო, მაგალითად ეშმაკის ბორბალი] და გადავეცით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც გასცემს ასეთი, მე-5 კლასის ობიექტებზე ნებართვებს. ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს მაქ უკვე პროცედურებს“.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით, საკადასტრო საზღვრები დარღვეული არ იყო იმ პროექტით, რომელიც მათთან შეთანხმდა: „გვერდით ამატებენ ათ სართულს. თუ დარღვეულია საზღვრები, ეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაა – ან უნდა მოანგრევინონ, ან უნდა მისცეს ნებართვა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მონიტორინგს, თუ არ ვცდები, უნდა აკეთებდეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურიც“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მშენებლობის პროცესის მონიტორინგი მათ კომპეტენციაში არ შედის.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს გია კაკაურიძის თქმით კი, ის საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება, ამდენად „ასეთ რეჟიმში საუბარი იმაზე, ირღვევა თუ არა ის საზღვრები, რაზეც ჩვენ გავეცით ნებართვა, გამიჭირდება“.

რაც შეეხება „ბათუმი თაუერს“, მისი მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა. ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მშენებლობა მაინც გაგრძელდა. 2015 წლის მარტში შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა და ის 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს „ბათუმი თაუერმა“ შეიძინა.

ბათუმის ძველი ბულვარის, როგორც ძეგლის, საზღვრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2015 წლის 20 თებერვალს დაზუსტდა. ფართობი მოქცეულია პლაჟსა და ნინოშვილის ქუჩას შორის რესტორან „ძველი გემის“ მიმდებარე ტერიტორიიდან „რვაფეხამდე“ [ყოფილი კაფე „ფანტაზია“]

ბულვარის ძეგლის საზღვრები
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

ჩამქრალი საახალწლო განათებები მემედ აბაშიძის ქუჩაზე

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო განათებები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა, განათებების ნაწილი უკვე ჩამქრალია. საახალწლო განათებების მონტაჟს ქალაქში, შპს „აჭარგანათება“ უზრუნველჰყოფს.

„აჭარგანათების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით,  განათებებს ხვალ 29 დეკემბერს შეაკეთებენ.

„როცა რაღაცის ინსტალაცია ხდება, დაზიანებებიც ხდება ხოლმე. თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული განათებების აღდგენა. ხვალისთვის მემედ აბაშიძის ქუჩაც შეკეთდება“-გვეუბნება ის.

მემედ აბაშიძის ქუჩა

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში და შუა აზიაში“.

როგორც სამინისტროში გვეუნებიან, მანდარინის საექსპორტო ახალი ბაზრები ევროპის სხვა ქვეყნებში, გარდა ბალტიისპირეთისა, მიმდინარე წელს არ დამატებია. „ევროპას აქვს თავისი სტანდარტები და ამ მოთხოვნებს ჯერ-ჯერობით ვერ ვპასუხობთ. თუმცა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. სტანდარტიზებულ მანდარინს რუსეთის ბაზარიც მოითხოვს, თუმცა არა ისეთს, როგორც ევროპა“-გვეუბნება იოსებ აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მოსახლეობისგან სტანდარტული მანდარინის ჩაბარება საწარმოების მიერ 90 თეთრად ხდებოდა, შერეული ხარისხის მანდარინის კი 50-60 თეთრად. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით მანდარინის მეტი მოსავალია მიღებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  წლევანდელ სეზონზე  აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.  ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში, შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers,  ჩოხატაურში  შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, აჭარაში ორს საწარმოს, რომელმაც ციტრუსის ჩაბარება ვერ უზრუნველყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუუქმა.

 

ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

დღეს 28 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გემგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ქოქოლაძე დააკავეს.

გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელი სამსახურის მიერ იქნა დაკავებული დავით ქოქოლაძე.

დაზუსტებულ ინფორმაციას არც გამგებელი ფლობს: „ალბათ ანტიკორუფციული  უსაფრთხოების სამსახურია, ზუსტად არ ვიცი“-გვეუბნება ნადიმ ვარშანიძე.

პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“  პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას.

„ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბათუმის ბულვარში სასეირნო ბილიკის გაუქმებას, მწვანე ზოლში კაფე-ბარებისა და ხელოვნური ჩანჩქერის მოწყობას, ახალი შენობების აგებას, და სხვა, კონცეფციის სამუშაო ვარიანტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას“ – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიცია ხუთი მოთხოვნისგან შედგება, მათ შორისაა ძველ ბულვარში არსებული ხეივნებისა და ბილიკების შენარჩუნებ და მათი სათანადოდ მოვლა და ბულვარში მიმდინარე ყველა იმ სამუშაოს შეჩერება, რომელიც არ ემსახურება ბათუმის ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვასა და შენარჩუნებას.

„ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია ქალაქის განვითარება, ახალი სკვერებისა და ტურისტული ადგილების შექმნა, ამიტომაც მთავრობას ვთავაზობთ წარმოდგენილი კონცეფცია განახორციელოს ახალ ბულვარში. ეს საშუალებას მისცემს ამჟამინდელ მთავრობას თავისი პოზიტიური, ისტორიული კვალი დატოვოს ახალი ადგილის განვითარებით და არა ძველი, ბათუმელებისათვის საყვარელი ბათუმის ბულვარის გადაკეთებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფით“ – აღნიშნულია პეტიციაში. 

საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად

დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული „სტუდენტთა ფედერაციის“ წევრებმა საქველმოქმოქმედო აქცია გამართეს. საქველმოქმედო აქცია სლოგანით -„სიკეთე გადამდებია“, დაახლოებით ნახევარი საათის წინ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობის სახით ქუჩაში გადაინაცვლა.

სტუდენტები საქველმოქმედო აქციით მოგროვებულ თანხას მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცემენ. აქციის მონაწილე მარიამ თურმანიძე ამბობს, რომ საქველმოქმედო აქციის მსვლელობა უნივერისტეტიდან ე.წ. ბენზეს დასახლებამდე მოეწყობა. „აქციას სტუდენტთა ფედერაციის წევრები ვაწყობთ, მასში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ჩაერთვნენ და თანხა გაიღეს ბავშვების დასახმარებლად“ – ამბობს მარიამ თურმანიძე.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.  მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერსებზე საუბრობს.

„2015 წლის 4 ნოემბერს წერილობით მივმართე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და მოვითხოვე ინფორმაცია ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „სტადიონ“-ში დასაქმებულ პირებზე. ანუ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და ხელშემხებლობა აქვთ 17 მილიონ ლართან.

2015 წლის 24 ნოემბერს მინისტრის ხელმოწერილი პასუხით მეცნობა, რომ შპს-ში დასაქმებულ პირთა მონაცემები არის პერსონალური და მისი გასაჯაროვება დასაშვები იყო მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. 2015 წლის 27 ნოემბერს განმეორებით მივმართე ბალაძეს რომ სუბიექტებისგან მიეღო ასეთი თანხმობა.

2015 წლის 15 დეკემბერს მეცნობა რომ წერილი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შპს „სტადიონის“ დირექტორს, გიორგი ზირაქიშვილს. 21 დეკემბერს მიღებული პასუხით უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე რაც არის საგანგაშო და აჩენს არაერთ კითხვას. რაც საჭიროებს დაუყოვმებლოვ გამორკვევასა და რეაგირებას“- აცხადებს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძე ასევე საუბრობს, შპს „სტადიონის“  დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერესებზე.

„რაც ბალაძე-ზირაქიშვილის ბიოგრაფიებში კარგად ჩანს. წინა ხელისუფლების დროს, ბიზნესისთვის იმ მძიმე პერიოდში ბალაძე და ზირაქიშვილი ერთად საქმიანობდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრში. ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2011 წელს გიორგი ზირაქიშვილს ათავისუფლებენ საგადასახადო სისტემიდან და 2013 წლამდე არის უმუშევარი. 2013 წელს მას „პატრონობს“ არჩილ ხაბაძე და იგი ინიშნება ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში.

2014 წელს იგი ხაბაძე-ბალაძეს იგი გადმოჰყავთ შპს „ბათუმის ბათუმის“ დირექტორად, ხოლო შემდეგ შპს „სტადიონის“ დირექტორად. ამის შემდეგ „სტადიონს“ 17 მილიონი ლარი ერიცხება. ამ კოლოსალურ თანხას მართავენ ზირაქიშვილი და ხაბაძის მამა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე მქონდეს ხელშეშლა ვაკონტროლო და შევაფასო ეს საკითხები, რომელიც ხელშემხებლობაშია საბიუჯეტო თანხების მართვასა და განკარგვასთან“.

მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

„დღეს როდესაც უმაღლესმა საბჭომ ვერ მიიღო კანონი აჭარის რესპუბლიკური 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, იმიტომ რომ უმაღლეს საბჭოს დაკარგული ჰყავს უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს, იმიტომ რომ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვეყანაში შექმნილი ვითარება, (მხედველობაში მაქვს პრემიერის გადადგომა) მავალდებულებს მოვუწოდო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად თანამდებობიდან გადადგნენ.

საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]

27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება.

ანა ნაცვლიშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი
ანა ნაცვლიშვილი და გიორგი ხიმშიაშვილი

საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა იუბილეზე დასასწრებად, ეს ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს საქმიანობას თანასწორობისა და სამართლიანობის იდეის დასამკვიდრებლად, საია იქნება იმ ადამიანების ხმა, ვისიც არავის ესმის.

27 დეკემბერს ფართო საზოგადოებისთვის დღემდე ერთი უცნობი ეპიზოდი ახსენა საიას აჭარის ფილიალის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ტავლალაშვილმა: თავდაპირველად საია აჭარაში დაფუძნებულა როგორც იურისტთა დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც ბათუმის თოჯინებს თეატრის ერთ ოთახში საქმიანობდა. ეს დამოუკიდებელი სუბიექტი მოგვიანებით შეუერთდა თბილისში ერთი წლით ადრე დაფუძნებულ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

საია საქართველოში არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ეხმარება ჟურნალისტებს ყოველდღიურ საქმიანობაში, წარმოადგენს მათ ინტერესებს სასამართლოში თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში. საია მუდმივად ამონიტორინგებს და სწავლობს სახელმწიფოებრივად მნიშველოვან საქმეებს, ოპერატიულად აფიქსირებს თავის შეხედულებებსა და ხედვებს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ამ თუ იმ მოვლენაზე და ახდენს გავლენას პროცესების დემოკრატიულ განვითარებაზე.

გუშინ იუბილეზე იმყოფებოდა ზაზა რუხაძე, რომელსაც ეკუთვნის აჭარაში საიას დაფუძნების იდეა. ორგანიზაცია ზაზა რუხაძესთან ერთად 20 წლის წინ დაუფუძნებიათ ყოფილ მოსამართლეს – ნინო ვაშაყმაძეს, მოქმედ მოსამართლეს – ჯუმბერ ბეჟანიძეს, მოქმედ ნოტარიუსს – ხათუნა კალანდარიშვილსა და იურისტ სუზი კვაჭანტირაძეს.

სწორედ ამ დამსახურებისთვის გუშინ სიმბოლური ჯილდო გადასცა აჭარის ფილიალმა ზაზა რუხაძეს. კიდევ ერთი სიმბოლური ჯილდო – ყველაზე მოტივირებული და ერთგული წევრი – გადაეცა საიას ყოფილ წევრს, ნათია ებრალიძეს.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

საია ქვეყანაში დღემდე არის უპირობოდ ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს 9 რეგიონული ფილიალი. მისი დამფუძნებელი და წევრები არიან პოლიტიკაში, საჯარო სამსახურებში, ზოგი მათგანი კი კვლავაც არასამთავრობო სექტორში აგრძელებს საქმიანობას.

საია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისგან იმითაც განსხვავდება, რომ ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ მხოლოდ  2+1 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს. საიას თავმჯდომარეს ირჩევს გამგეობა. იგივე წესი ვრცელდება ფილიალებშიც.

საიას 20 წლის იუბილე აჭარაში
საიას 20 წლის იუბილე აჭარაში

პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები ბათუმში [ფოტო]

 

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს

ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF  2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია.

„2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო,  10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს პოპულარიზაციის და განვითარების საქმეში, ასევე ქალაქის/რეგიონის პოპულარიზაციის კუთხით“.

კინოფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე დაანონსდება BIAFF ახალი ინიციატივის შესახებ – „ღია კინოჩვენებებისთვის საჭირო ეკრანის კომპლექტის შეძენა“, რომელიც ერთი  წლის წინ იქნა შეთავაზებული ბათუმის მერიისთვის, მაგრამ დღემდე არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი.

„BIAFF მენეჯმენტი აპირებს აღნიშნული პროექტის აქტიურ პრომო კამპანიის და საზოგადოების ჩართულობის დაწყებას. შესაბამისად წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის და დაგეგმილი კამპანიის შესახებ, რაშიც მნიშნველოვანი იქნება საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა“.

შსს-მ ბათუმში „ბიო“ ნარკოტიკის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა

27 დეკემბერს, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფსიქოაქტიური ნივთიერება ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქე ოზგურ კ-სგან შეიძინა. სამართალდამცველებმა ოზგურ კ-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სალონის ჩხრეკისას და ასევე ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან 98 გრ ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ოზგურ კ-ს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ოზგურ კ-ს მიმართ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით) მიმდინარეობს, ხოლო ბესიკ ჯ-ს მიმართ – ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

29 დეკემბერს ბათუმის ბულვარის დასაცავად მორიგი აქცია გაიმართება

“ამ აქციის მიზანია ხელი შევუშალოთ ბულვარის ისტორიული დაგეგმარების და ძველი სტილის დამახინჯებას. კონკრეტულად, შუაში მდებარე ხეივანის გაუქმებას,რაც გამოიწვევს ბულვარის, როგორც ისტორიული ძეგლის განადგურებას და მისი ფუნქციის შეცვლას” – წერია ფეისბუქში დაანონსებული აქციის ანოტაციაში.

აქცია 29 დეკემბერს, ბულვარის კოლონადებთან, 13 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის რეკონსტრუქცია, აჭარის მთავრობამ, რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. სამი სავალი ბილიკიდან ამჟამად ერთი გაუქმებულია.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

 

ამავე თემაზე:

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს
ბულვარის კონცეფციაზე მომუშავე კომპანია 2 მილიონზე მეტი დოლარითაა დაჯარიმებული
კომპანია, რომელიც ბულვარის კონცეფციაზე მუშაობდა აღარ არსებობს
აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]
ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება
ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ძველი ბულვარის გარშემო
საეჭვო შესყიდვა – რა გზით დაუშვეს კომპანია „ოაზისი“ ბულვარში?
ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

 

ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982

აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას.

პრეამბულა

ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის არქიტექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (IFLA) ისტორიული პარკების საერთაშორისო კომიტეტმა, რომელიც შეიკრიბა ფლორენციაში 1981 წლის 21 მაისს, გადაწყვიტა ისტორიული ბაღების დაცვის ქარტიის შედგენა, რომელსაც ამ ქალაქის სახელი მიენიჭა. წინამდებარე ფლორენციის ქარტია შექმნილია კომიტეტის მიერ, რომელიც დაამტკიცა იკომოსმა 1982 წლის 15 დეკემბერს, როგორც ვენეციის ქარტიის დამატება, რომელიც კონკრეტულ სფეროს ეხება.

მუხლი 1.

„ისტორიული ბაღი არის არქიტექტურული და ბაღის მცენარეების ერთობლივი კომპოზიცია, რომელიც საზოგადოებისთვის საინტერესოა ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით“. ამდენად, იგი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ძეგლი.
მუხლი 2.

„ისტორიული ბაღი არქიტექტურული კომპოზიციაა, რომლის შემადგენელი ნაწილები, ძირითადად, მცენარეულია და ამდენად, ცოცხალი. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ადვილად დაზიანებადი და განახლებადია“. ამდენად, მისი ფიზიკური იერსახე ასახავს, ერთი მხრივ, მუდმივ ბალანსს სეზონურ ციკლებსა და ბუნების ზრდასა და კვდომას შორის და მეორე მხრივ, მხატვართა და ოსტატთა მისწრაფებას შეინარჩუნონ ის მუდმივად უცვლელი სახით.

მუხლი 3.

ისტორიული ბაღი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უნდა შენარჩუნდეს ვენეციის ქარტიის სულისკვეთების ჭრილში. მაგრამ, რამდენადაც იგი ცოცხალი ძეგლია, მისი დაცვის მართვა უნდა განხორციელდეს სპეციფიკური წესების დაცვით, რაც წინამდებარე ქარტიის საგანს წარმოადგენს.

მუხლი 4.

ისტორიული ბაღის არქიტექტურული კომპოზიცია მოიცავს:

  • მის დაგეგმარებას და ტოპოგრაფიას;
  • მის მცენარეულობას, თავისი სახეობებით, პროპორციებით, ფერთა შეხამებით, მათ შორის მანძილებით და შესაბამისი სიმაღლეებით;
  • მის სტრუქტურულ და დეკორაციულ მახასიათებლებს;
  • მის წყლებს (აუზი, რუ, ნაკადული, მდინარე), რომლებიც ცას აირეკლავენ.

მუხლი 5.

როგორც ცივილიზაციისა და ბუნების პირდაპირი მსგავსების გამოხატულება,  როგორც სიამოვნების განცდის ადგილი  შესაფერისი მედიტაციისა ან დასვენებისათვის,  ბაღი იდეალიზებული სამყაროს გამოსახულების, „სამოთხის“, კოსმიურ მნიშვნელობას იძენს, ამ ტერმინის (სამოთხის) ეტიმოლოგიური მნიშვნელობით და, ამდენად, კულტურის, სტილის, ხნოვანების და ხშირად, ორიგინალური მხატვრული შემოქმედების განსახიერებას წარმოადგენს.

მუხლი 6.

ტერმინი „ისტორიული ბაღი“ თანაბრად მიესადაგება პატარა ბაღებსაც და დიდ პარკებსაც, როგორც ფორმალურს, ისე „ლანდშაფტურს“.

მუხლი 7.

იმის მიუხედავად,  დაკავშირებულია თუ არა ისტორიული ბაღი ნაგებობასთან, რომლის განუყოფელ ნაწილსაც ის წარმოადგენს, არ შეიძლება მისი განხილვა იზოლირებულად გარემომცველი სპეციფიკური  გარემოსგან,  ურბანული იქნება ის, სოფლის, ხელოვნური თუ ბუნებრივი.

მუხლი 8.

ისტორიული ადგილი (ძეგლი) არის სპეციფიკური ლანდშაფტი, რომელიც დაკავშირებულია მეხსიერებაში შემონახულ ამბავთან, როგორიცაა, მაგალითად, ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენა, ცნობილი მითები, ეპიკური ბრძოლები, ან ცნობილი ნახატის საგანი.

მუხლი 9.

ისტორიული ბაღების დაცვა დამოკიდებულია მათ იდენტიფიკაციასა და აღწერაზე და აღწერაზე. ის მოითხოვს რამდენიმე სახის აქტივობას: შენარჩუნებას, კონსერვაციასა და რესტავრაციას. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია რეკომენდებულ იქნას რეკონსტრუქცია. ისტორიული ბაღის ავთენტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მისი სხვადასხვა შემადგენლის დიზაინსა და ზომაზე, ასევე, მის დეკორატიულ მახასიათებლებზე, მცენარეთა შერჩევაზე და იმ არაორგანულ მასალებზე, რომლებიც შეთვისებულია ბაღის ცალკეული ნაწილების მიერ.

შენარჩუნება, კონსერვაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია

მუხლი 10.

ისტორიული ბაღის ან მისი რომელიმე ნაწილის შენარჩუნების, რესტავრაციის ან რეკონსტრუქციის მიზნით განხორციელებული ნებისმიერი სამუშაოს დროს, მისი თითოეული შემადგენელი ნაწილი განხილულ უნდა იქნას მთლიანობაში. სხვადასხვა ღონისძიებების იზოლირებულად განხორციელება დაარღვევს მის მთლიანობას.

შენარჩუნება და კონსერვაცია

მუხლი 11.

ისტორიული ბაღის მდგრადი შენარჩუნება უპირველესი მნიშვნელობისაა. ვინაიდან ძირითადი მასალა მცენარეულ საფარს წარმოადგენს, ბაღის უცვლელი სახით შენარჩუნება მოითხოვს ერთდროულად: სწრაფ შეცვლას საჭიროებისამებრ და პერიოდული განახლების გრძელვადიან პროგრამას (მოჭრა და ახალი, მზარდი ნერგების ხელახლა დარგვა, შენაცვლება).

მუხლი 12.

ხეების, ბუჩქების, მცენარეებისა და ყვავილთა სახეობების პერიოდულად შეცვლისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თითოეული ბოტანიკური და მცენარეული რეგიონისათვის დამკვიდრებულ და აღიარებულ პრაქტიკას, რათა განისაზღვროს და დაცულ იქნას ის სახეობები, რომლებიც თავდაპირველად იზრდებოდნენ აქ.

მუხლი 13.

უძრავი ან მოძრავი არქიტექტურული, სკულპტურული ან დეკორატიული შემადგენლები, რომლებიც ქმნიან ისტორიული ბაღის განუყოფელ ნაწილს, მოცილებულ და გადაადგილებულ უნდა იქნან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია მათი კონსერვაციისა და რესტავრაციისთვის.  განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების გადაადგილება ან რესტავრაცია უნდა მოხდეს ვენეციის ქარტიის პრინციპების გათვალისწინებით და თარიღი ყოველი სრული ადგილმონაცვლეობისა უნდა იყოს მითითებული.

მუხლი 14.

ისტორიული ბაღი უნდა იქნას შენარჩუნებული შესაბამისი შემოგარენით.  ნებისმიერი ცვლილება (გადაკეთება) ფიზიკური გარემოსი, რომელიც ეკოლოგიური ბალანსისათვის საფრთხის შემცველია, უნდა აიკრძალოს. ეს განაცხადი მიესადაგება ინფასტრუქტურის ყველა ასპექტს, როგორც შიდა, ისე გარე (სადრენაჟო სამუშაოები, საირიგაციო სისტემები, გზები, ავტოპარკები, ღობეები, ტუალეტები, ვიზიტიორთა მოსაცდელები).

რესტავრაცია და რეკონსტრუქცია

მუხლი 15.

ისტორიულ ბაღში არ შეიძლება განხორციელდეს  არანაირი სარესტავრაციო სამუშაოები და, მით უმეტეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოები წინასწარი კვლევის გარეშე მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ამგვარი სამუშაოების ჩატარება მეცნიერულად შესწავლილია და მოიცავს როგორც კონკრეტული ბაღის, ისე მსგავსი ბაღების ყველა მონაცემის გამოვლენას და კვლევას. პრაქტიკული სამუშაოების დაწყებამდე უნდა მომზადდეს პროექტი კვლევაზე დაყრდნობით და გადაეცეს ექსპერტებს განხილვისა და ვიზირებისათვის.

მუხლი 16.

სარესტავრაციო სამუშაოებმა პატივი უნდა სცეს ბაღის ევოლუციის წარმატებულ ეტაპებს. პრინციპში, არც ერთ პერიოდს არ უნდა მიენიჭოს უპირატესობა სხვებთან შედარებით, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც დაზიანების ან დანგრევის ხარისხმა გავლენა იქონია ბაღის შემადგენელ ნაწილებზე იმდენად, რომ გადაწყდა მისი რეკონსტრუქცია შემორჩენილი ნაკვალევის ან უნაკლო, უტყუარი დოკუმენტური მონაცემების საფუძველზე. ამგვარი სარეკონსტრუქციო სამუშაოები შეიძლება ჩატარდეს უფრო მეტად ბაღის შემადგენლობაში არსებული ნაგებობების მახლობლად იმ მიზნით, რომ გამოკვეთილ იქნას მისი მნიშვნელობა დიზაინში.

მუხლი 17.

როდესაც ბაღი სრულად განადგურებულია ან შემორჩენილია მისი არსებობის  წარმატებული ეტაპების ჰოპოთეტური ნარჩენები, რეკონსტრუქცია არ შეიძლება ჩაითვალოს ისტორიული პარკის რეკონსტრუქციად.

გამოყენება

მუხლი 18.

ვინაიდან ისტორიული პარკი შექმნილია დათვალიერებისა და სეირნობისთვის, იქ შესვლა უნდა იყოს შეზღუდული, რაც ნაკარნახევია მისი ზომებით და  დაზიანების საფრთხით, ისე, რომ მისი ფიზიკური სახე და კულტურული მესიჯი იყოს შენარჩუნებული.
მუხლი 19.

თავისი ბუნებიდან და მიზნიდან გამომდინარე, ისტორიული ბაღი არის მშვიდი ადგილი, შესაფერისი ადამიანთა კონტაქტებისთვის, სიმშვიდისა და ბუნების შეცნობისათვის.  მისი ყოველდღიური გამოყენების ამგვარი აღქმა ეწინააღმდეგება მის იშვიათ როლს იმ შემთხვევებში, როცა ის გამოიყენება სახალხო ზეიმებისათვის (ფესტივალები). ამდენად, მისი ასეთი იშვიათი გამოყენების პირობები ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული, რათა ამგვარმა ზეიმებმა (ფესტივალებმა) განავითარონ ბაღის ვიზუალური ეფექტი და არა პირიქით – დააზიანონ ან  დაამახინჯონ იგი.

მუხლი 20.

ისტორიული ბაღები უნდა იყოს მოსახერხებელი ყოველდღიური წყნარი თამაშებისთვის; შესაძლებელია ცალკეული ადგილების გამოყოფა აქტიური და ცოცხალი თამაშებისა და სპორტისთვის ისტორიული ბაღების მახლობლად ისე, რომ მოსახლეობის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდეს ბაღებისა და ლანდშაფტების კონსერვაციის მიმართ პატივისცემის გრძნობის გამოხატულებით.

მუხლი 21.

მდგრადი შენარჩუნებისა და კონსერვაციის სამუშაოები, რომელთა  განხორციელება სეზონებითაა განსაზღვრული და ძირითადი ოპერაციები, რომლებიც ემსახურება ბაღების ავთენტურობის შენარჩუნებასა და აღდგენას, ყოველთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე მისი მასობრივი გამოყენება. ვიზიტიორთა მიღებისთვის ისტორიული ბაღების მომზადებისას, განხილვის საგანი უნდა იყოს რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ადგილის სულის შენარჩუნებას.

მუხლი 22.

თუ ბაღი შემოღობილია, მისი კედლები არ უნდა მოიხსნას წინასწარი კვლევის გარეშე და იმის გათვალისწინებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამან ბაღის ატმოსფეროსა და მის დაცვაზე.

სამართლებრივი და ადმინისტრაციული დაცვა

მუხლი 23.

მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს ამოცანაა,  კვალიფიციური ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით, სათანადო სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომების გამოყენება ისტორიული ბაღების იდენტიფიკაციის, აღწერისა და დაცვისთვის. მსგავსი ბაღების დაცვა წარმოდგენილი უნდა იყოს მიწათსარგებლობის გეგმებში და ამგვარმა  უზრუნველყოფამ სათანადო ასახვა უნდა ჰპოვოს რეგიონალური და ადგილობრივი დაგეგმარების დოკუმენტებში. ასევე, პასუხისმგებელი პირების ამოცანაა, კვალიფიციური ექსპერტების რჩევით, ისტორიული ბაღის შენარჩუნების, კონსერვაციის და რესტავრაციისათვის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, მისი რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსების განსაზღვრა.

მუხლი 24.

ისტორიული ბაღი წარსულის მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამოხატულებაა, რომლის გადარჩენა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ითხოვს დაოსტატებული ექსპერტების მხრიდან ინტენსიურ, მუდმივ მოვლას. სასურველია ამგვარი პირების – ისტორიკოსების, არქიტექტორების, ლანდშაფტის არქიტექტორების, მებაღეებისა თუ ბოტანიკოსების შესაფერისი ტრენინგებით უზრუნველყოფა.  ყურადღება უნდა მიექცეს იმ მცენარეთა სახეობების გამრავლებასა და გავრცელებაზე ზრუნვას, რომლებიც აუცილებელია ბაღის შენარჩუნების ან რესტავრაციისათვის.

მუხლი 25.

ისტორიული ბაღებისადმი ინტერესი უნდა იყოს სტიმულირებული ყველა სახის აქტივობით, რომელიც შეესაბამება და ხაზს უსვამს მისი როგორც წარსული მემკვიდრეობის ჭეშმარიტ ღირებულებას და უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ცოდნას და მისდამი პატივისცემას: სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, ინფორმაციის საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაცვლა; პუბლიკაციები, მათ შორის ხალხისათვის განკუთვნილი ზოგადი ხასიათისა; ხალხისათვის მისაწვდომი მონიტორინგის წახალისება  და მედიის გამოყენება ბაღის საჭიროებებისა და განვითარების მიმართ ცნობიერების ამაღლების მიზნით, რათა დაცულ იქნას ბუნება და ისტორიული მემკვიდრეობა.

Nota Bene

ზემოაღნიშნული რეკომენდაციები გამოსაყენებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბაღისათვის.
წარმოდგენილ ქარტიას შესაძლებელია დაემატოს ზოგიერთი პუნქტი ბაღების სპეციფიკური ტიპების შესახებ, რომელიც დაერთვება  ზემოჩამოთვლილ პუნქტებს მოკლე აღწერილობის სახით.

დამტკიცებულია იკომოსის მიერ 1982 წელს

ემილ ლევიეს ბათუმი

სულხან სალაძე

1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა განიზრახეს. შედეგად, იმავე წლის 28 მაისს ექსპედიაცია ფლორენციიდან პირდაპირ ბათუმში გამოემგზავრა და 17 ივნისის საღამოს ბატონი ემილის დღიურში პირველი ჩანაწერი გაჩნდა ბათუმიდან. მერე 1894 წელი რომ დადგა და გაზაფხულის პირველი თვე მოვიდა, ჟურნალმა „მოაბმემ“ დღიურების ქართულად თარგმანა-ბეჭდვას მიჰყო ხელი. ჰოდა, მივყვეთ ახლა ჩვენც „მოამბის“ 1894 წლის მარტის გამოცემას და ვნახოთ როგორი იყო მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულის ბათუმი.

ბათუმმა თავი ლევიეს იტალიის ქალაქი ტურინი მოაგონა. იქაც და აქაც ოთხკუთხა შენობები ყოფილა. თუმცა, ტურინისგან განსხვავებით ბათუმში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული შენონობები. ბოტანიკოსს იმ დროინდელი ბათუმის ძირითადად ერთსართულიანი სახლების ქუჩებში მრავლად უნახავს ჭაობები და წყალი. ხოლო იმ სახლის ფანჯრის პირდაპირ, სადაც ჩერდებოდა მლოცველების მომხმობი მოლა.

გემიდან გამოდმოსული ბატონი ემილი ადგილობრივების მორიდებულ ქცევაზე საუბრობს და იმასაც კი აღნიშნავს, რომ თავი ევროპაში მეგონაო. კიდევ უფრო საინტერესოა მაშინდელი ბათუმის სანაპირო – რუსის ჯარის კაცნი მუნდირითა და ქუდებით, ქართველები და სხვები კი გრძელი სამოსებით და თავზე უმეტესად ყაბალახით.

ისევ ბათუმის ქუჩებს რომ მივუბრუნდეთ, ერთგან ბოტანიკოსი იმასაც კი წერს, რომ ქუჩები სასაცილოდ ყოფილა მოკენჭული. გინდ სადგისებზე გევლო კაცს და გინდა ამ ქვებზეო. ფაეოტონის ჩავლისას ქუჩებზე ისეთი ხმაური ყოფილა, რომ ფაეტონს კარგა ხნით მიჰქონდა ყურთასმენა.

ნავთი? ნავთის ამბავს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დღიურებში. პატივცემული ლევიე ბათუმს ნავთის სამეფო უწოდებდა და იმასაც აღნიშნავდა, რომ  ნავთი ბათუმში მდინარესავით მოედინებოდა. იმ დროს ბათუმში მრავლად მოდიოდნენ მატარებლები, რომელთაც მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნავთის ვაგონები. ეს ვაგონები ლევიეს ზარბაზნებს აგონებდა. ნავთის თემაზე თხრობა კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შენობებითა და იქ არსებული რეზერვუარებით სრულდება.

ფლორენციიდან ბათუმში ჩამოსულ მეცნიერეს ჩამოსვლის დღესვე სწვევია იტალიის კონსული. სწვევია და ქართულის მცოდნე იტალიელი მოსამსახურეც მიუჩენია. მერე ყოფილა გზა თამარის ციხეზე, სადაც ეტლით მისულს მხოლოდ ძველი კედლებიღა უნახავს. მოუვლია ახლო მდებარე სიმინდით აბიბინებული ყანები და ხეხილით დახუნძლული მიტოვებული ადგილები. უკან ქალაქში დაბრუნებისას კი ერთი შავ-წვერულვაშინი ქართველის დუქანში გემრიელი სადილი მიურთვამს და ოთხი კაცის სადილისთვის სამ მანეთამდე გადაუხდია.

ბათუმიდან წასვლამდე კიდევ ერთხელ შეხვედრია იტალიის კონსულს. ასევე ბათუმის მდიდარ ვაჭარ ჩერუტს. ფრიად მოხიბლული დარჩენილა ინგლისის კონსულთან შეხვედრით და იმ ცოდნით, რაც კონსულს ჰქონია ბათუმის და მისი შემოგარენის შესახებ.

1890 წლის 27 ივნისი, რომ გათენდა და საათი დილის 8 შესრულდა, თოფითა და რევოლვერით შემოსილ ემილ ლევიეს თანმხლებ პირებთან ერთად დაუტოვებია ბათუმი. ჯერ ქალაქის სამხრეთით უვლია, მერე ჭოროხს აჰყოლია და იმის შემდეგ აჭარისწყლის ხეობას. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ამბავი და სულ სხვა ისტორიაა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსული „გაზპრომის“ პროდუქციას შეიძენს. 92 ათასი ლარის ღირებულების საცხებ-საპოხ მასალებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 31 დეკემბრამდე უნდა გაფორმდეს.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის საჭირო საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 2015 წლის 10 დეკემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 110 780 ლარი.

ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობდა: „ჯენტო ტრეიდინგი“ [საბოლოო ფასი – 105 900 ლარი],  „თეგეტა მოტორსი“ [96 585 ლარი] და „ემ-ენ ჯორჯია“ [92 000 ლარი].

სატენდერო კომისიამ ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით „ემ-ენ ჯორჯიას“ წინადადება განიხილა. კომპანიამ კი შემსყიდველს რუსული, „გაზპრომის“ მიერ   წარმოებული პროდუქცია შესთავაზა, რაც „ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის“ მისაღები აღმოჩნდა.

სატენდერო დოკუმენტებდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

შპს „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100%-ის მფლობელი მიმდინარე წლის 23 დეკემბრამდე სააქციო საზოგადოება „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყო, ხოლო საჯარო რეესტრის 23 დეკემბრის ამონაწერით კომპანიის მესაკუთრეა შპს „ვისოლ ავტო ექსპრესი“, რომელმაც „ემ-ენ ჯორჯია“-ს წილის 100% „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიასგან“ 1 მილიონ 187 ათას ლარად შეისყიდა.

მეორე დღესვე, შპს „ემ-ენ ჯორჯია“ შეერწყა „ვისოლ ავტო ექსპრესს“, რომლის მესაკუთრეც ასევე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.

კომპანიების შერწყმის შედეგად, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებულად დასახელებულმა კომპანია „ემ-ენ ჯორჯიამ“ არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, საცხებ-საპოხი მასალების შესყიდვაზე  ხელშეკრულება „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და „ვისოლ ავტო ექსპრესს“ შორის გაფორმდება. პროდუქციის მიწოდება კი მოხდება ეტაპობრივად, 2016 წლის 31 დეკემბრამდე.

გაზპრომი

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ რუსულ პროდუქციას პირველად არ ყიდულობს. მაგალითად:

2015 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით, ასევე „გაზპრომის“ მიერ წარმოებული საცხებ-საპოხი მასალები „ავტოტრანსპორტმა“ შპს „ჯეო-ტრენდისგან“ 79 900 ლარად შეისყიდა.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

2014 წლის 9 იანვარს შპს „ავტოფორმულასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ 89 980 ლარად შეიძინა რუსული კომპანია „ლუკოილის“ პროდუქცია – 22 ათასი ლიტრი დიზელის ძრავის ზეთი.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

2013 წლის 10 იანვრის ხელშეკრულებით შპს თეგეტა მოტორსისგან „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ, ასევე შეძენილი იქნა რუსეთში წარმოებული დიზელის ძრავის ზეთი, 59 390 ლარად.

სატენდერო დოკუმენტებიდან
სატენდერო დოკუმენტებიდან

როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან.

ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა?

2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი ისლამისტები, ასევე სადამ ხუსეინის რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლები, როგორც ადმინისტრაციული მუშაკები, ისე სამხედროები. ერაყში ამ წლებში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ეს მოძრაობა თანდათან იკრებს ძალას. მოგვიანებით მოძრაობა გადადის სირიაშიც. 2011 წელს სირიისა და ერაყის რადიკალების გაერთიანებით იქმნება სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო.

გიორგი სანიკიძე
გიორგი სანიკიძე
ვინც სათავეში ედგა ერაყის ისლამურ სახელმწიფოს, დღევანდელი ლიდერი ალ ბაღდადი და მეორე მხრივ სირიელი ისლამისტები მაშინ ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ დღეს სირიელი ისლამისტები ალ კაიდას ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის ფილიალს წარმოადგენენ, რომელიც დაპირისპირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან.

მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2014 წელს – გამოცხადდა ისლამური სახელმწიფოს შექმნა, ანუ ამ ფსევდოსახელმწიფომ განსაზღვრა, რომ მას აღარ სჭირდება სახელები – ერაყი და სირია და აქვს პრეტენზია, მოიცვას მთელი ისლამური სამყარო. დღეს ოფიციალურ სახელად თვითონ ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ხმარობენ ისლამურ სახელმწიფოს, თუმცა მსოფლიოში ხშირად გამოიყენება ISIS-ი, ანუ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო.

ისლამური სახელმწიფოს შექმნის გარიჟრაჟზე ამერიკის შეერთებული შტატები ფართოდ იყო წარმოდგენილი ერაყში, მათ შორის შეიარაღებული ძალებით. როგორ გამოეპარა აშშ-ს ის, რომ ამ ძალამ მსგავსი ძალაუფლება მოიპოვა?

ერაყს დიდ ხანს მართავდა სუნიტური უმცირესობა. აშშ-ისა და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ სადამის რეჟიმი დაემხო და დღეს ხელისუფლების სათავეში არიან შიიტები, ასევე სადამ ხუსეინის მოწინააღმდეგე ქურთები. სუნიტების განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ისინი საერთოდ ჩამოაშორეს ყველაფერს, რამაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა რადიკალური იდეების გაჩენას. ეს არ იყო გათვლილი საერთაშორისო ძალების მხრიდან და ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოძლიერდა მოძრაობა.

უნდა დავამატოთ ერთი ფაქტიც, ნებისმიერ ასეთ ქმედებას სჭირდება ფინანსები. უკვე 30 წელია, ნავთობისგან მიღებული შემოსავლებით, უზარმაზარი თანხა დაგროვდა რეგიონში, პირველ რიგში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. არიან კერძო პირები, ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტულ მოძრაობებს. აი, ამან შეუწყო ხელი მის გაძლიერებას.

და ერთი ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა კარგად გაწვრთნეს ამერიკელებმა და ევროპელებმა ადგილობრივი სამთავრობო ჯარები, მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ისლამურ სახელმწიფოს. მეტიც, მათ შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ, რაოდენობრივადაც აღემატებოდნენ, მაგრამ მორალური და ფსიქოლოგიური მომზადება არ გააჩნდათ. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ისლამურ სახელმწიფოს სამხედრო გზით მოეპოვებინა და გაემყარებინა თავისი პოზიციები გარკვეულ ტერიტორიებზე ერაყში, შემდეგ უკვე სირიაშიც.

არის თეორია, თითქოს ტერორისტული ორგანიზაციის განვითარებას თავის დროზე ხელი არ შეუშალა დასავლეთმა, რადგან მას სჭირდებოდა მსგავსი ძალები გეოპოლიტიკური თამაშებისთვის… ეს რამდენად არგუმენტირებულია?

რა ხდებოდა კულუარებში, არავინ იცის. თუ არ დაიდო დოკუმენტური მასალა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთმა მიიღო გაცილებით ცუდი სიტუაცია, ვიდრე 2003 წლამდე იყო ერაყსა და სირიაში.

თქვენ ახსენეთ ორი ჯგუფის – შიიტებისა და სუნიტების იდეოლოგია. ერთი იყო დასავლეთისგან მხარდაჭერილი, მეორე – არა. ერთის მიმდევრები უყოყმანოდ თავს სწირავენ, სხვები – არა. 20 ათასი კაცის ისე დამუშავება, რომ ყველამ ერთად თავი გადადოს სასიკვდილოდ, მხოლოდ სიძულვილით შეიძლება იყოს მოტივირებული?

მაგრამ ეს 20 ათასი არის არმია, რომელიც იბრძვის და არის მზად თავგანწირვისთვის. ნებისმიერი ქვეყნის ჯარისკაციც უნდა იყოს მზად თავგანწირვისთვის.

ერაყში დასავლეთმა მხარი დაუჭირა სადამ ხუსეინის სუნიტური რეჟიმის პირობებში ჩაგრულ უმრავლესობას – დემოკრატიის პრინციპებით ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლების სათავეში უმრავლესობა ბუნებრივად მოვიდა. სუნიტები კი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ სახელმწიფოს (ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის გადანაწილების შედეგად შექმნილ ერაყს), ჩამოშორებულები და მარგინალიზებულები აღმოჩნდნენ. ეს იყო დასავლეთის დიდი შეცდომა.

ისლამურ სახელმწიფოში მუდმივად გაედინებიან ადამიანები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მათ რიგებში არის დიდი მსხვერპლი, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ადამიანურ რესურსებს არ უჩივიან. რა კვებას ამ იდეოლოგიას?

ახალი არაფერი გამოუგონია ამ იდეოლოგიას, ეს არის პირველსაწყის ისლამთან, ანუ მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შემობრუნება და იმ სამართლებრივი ნორმების მორგება 21-ე საუკუნის რეალიებისთვის, რაც თავისთავად აბსურდულია. ეს მათთვის არის თითქოსდა საშუალება, მუსლიმებმა დაიბრუნონ ოდინდელი დიდება, მაშინ როდესაც ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია იყო ისლამი. არსებობს განათლების, რეალიზაციის პრობლემაც, რაც გავლენას ახდენს ადამიანებზე.

იგივე სოციალური ქსელებით, ინტერნეტით კარგი საშუალებებია შექმნილი პროპაგანდისთვის და კიდევ ერთი მომენტი – ალ კაიდასგან რითიც განსხვავდება ისლამური მოძრაობა არის ის, რომ ნებისმიერი, ვინც ეთანხმება მის იდეოლოგიას, ყოველგვარი მომზადების გარეშე ხდება ამ ე.წ. სახელმწიფოს წევრი – ისინი არ გადიან სპეციალურ სამხედრო მომზადებას, ვარჯიშებს და ასე შემდეგ. მთავარია, რეკრუტები შევიდნენ. არის ინფორმაცია, რომ გარკვეული გასამრჯელოც აქვთ დაწესებული ახალი რეკრუტისთვის. თანხის რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირად ჩნდება დასავლურ პრესაში.

მე-7 საუკუნის დიდებით მანიპულაცია 21-ე საუკუნეში, წესით, რთული უნდა იყოს. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენს სინამდვილეს, ბოლო რამდენიმე წელია ქართული სახელმწიფო ცდილობს ევროპული იდეების პოპულარიზაციას, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი წინააღმდეგობები. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, გარდა წარსულის დიდებისკენ ლტოლვისა, ხომ არ არის ყოფითი მომენტებიც, მაგალითად, ჩაგრულობის განცდა, დასავლეთის მიუღებლობა?

საქმე გვაქვს უცხოსადმი სიძულვილთან. ის არის კოლონიზატორი, იმპერიალისტი – ეს, ზოგადად, ახლოაღმოსავლელი რადიკალების აღქმაა. საერთოდ, პროზელიტიზმი ანუ რელიგიის გავრცელება რთული ფენომენია და ეს არ ეხება მარტო რადიკალურ ისლამს. ბევრი ახალი ტიპის რელიგია თუ რელიგიის საფუძველზე შექმნილი სექტები მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი მათგანი აკრძალულია, ზოგიერთი მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივი რელიგიური მოძრაობაა. დღეს ყველაზე სახიფათო არის რადიკალური ისლამი. ამგვარი იდეები ისლამური სახელმწიფოს შექმნამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ დღეს მიიღო სახიფათო ფორმა.

რელიგიის ჭრილში რომ განვიხილოთ საკითხი: ლოიალური იდეოლოგია რატომ მარცხდება რადიკალურ იდეოლოგიასთან, ამას რა ახსნა აქვს?

ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ეს არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება სხვა არაისლამურ რეგიონებს, ევროპას, საქართველოს – ეს იდეები ვრცელდება მოსახლეობის მიცრე ნაწილში, მაგრამ, რადგან ძალადობრივ მოქმედებებზეა ორიენტირებული, ამიტომ ხდება სახიფათო. პრობლემა ისიც არის, რომ სწრაფად ვრცელდება ეს იდეები. ბოლო ორ წელიწადში და განსაკუთრებით წელს, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მსოფლიო მუსლიმებს შორის.

ISIS-ისა და ალ კაიდას შორის სხვაობაზე მინდა გკითხოთ. ეს ორი იდეოლოგიურად ერთნაირი ორგანიზაცია რატომ ვერ არის ერთად?

ამის პასუხი მარტივია – პირველობისთვის ბრძოლა. მაგრამ მეორე მომენტიც არის = ალ კაიდას პირველადი მიზანი იყო არა სახელმწიფოს შექმნა, არამედ დასავლეთი და იქ ტერორისტული აქტების მოწყობა. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ალ კაიდა კადრების რეკრუტირებას ფრთხილად ახდენს, ანუ დიდი გამოცდა უნდა გაიაროს კანდიდატმა, რომ გახდეს ალ კაიდას წევრი.

ისლამური სახელმწიფოს თავდაპირველი მიზანი კი იყო სახელმწიფოს შექმნა იქ, რომლის ნაწილსაც დღეს აკონტროლებს. ანუ ერთს უნდა სახელმწიფო, მეორეს – ძალადობის გზით შიშის, ტერორის ატმოსფეროს შექმნა მსოფლიოში. მდგომარეობა შეიცვალა პარიზის ტერაქტის შემდეგ – ისლამურმა სახელმწიფომ რეგიონის საზღვრები დაარღვია და გამოიყენა იგივე მეთოდები, რასაც იყენებს ალ კაიდა. “კონკურენცია” მათ შორის ამ მხრივაც გაჩნდა.

ავღანური წარმოშობის ამერიკელი იმამი, რომელიც ბათუმში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა, ამბობს, რომ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჰგავს იმას, რაც ევროპამ გაიარა გასული საუკუნის 40-იან წლებში, ანუ ეს არის “ბოროტ ძალებს” შორის დაპირისპირება, რომლებიც ერთმანეთს გაანადგურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება სიმშვიდე ახლო აღმოსავლეთში. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

პარალელების გავლება ნაწილობრივ შეიძლება ევროპაში ფაშიზმის პერიოდთან. ძნელია გააკეთო პროგნოზი. მით უმეტეს, კარგად ვხედავთ, რომ პროგნოზების უმეტესობა არ მართლდება.

ალბათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო კოალიცია მოახერხებს ისლამური სახელმწიფოს განადგურებას, მაგრამ ამ სახელმწიფოს განადგურებით იდეა ვერ განადგურდება. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში თუ მოახერხებს.

ამერიკა, ისე როგორც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, უკვე სამი წელია ინტენსიურად ახორციელებს წერტილოვან დარტყმებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ წარმონაქმნის განადგურება, წესით, რუსეთისთვისაც საშური საქმე უნდა იყოს. ამ ფონზე ისლამური სახელმწიფო დასუსტებულად არ გამოიყურება. პარიზის ტერაქტის შემდეგ რა მოცემულობა გვაქვს?

აქამდე თუ იყო წერტილოვანი დარტყმები, პარიზის ტერაქტების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ამერიკა ნაწილობრივ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებასაც აპირებს, მას შეუერთდებიან ევროპელი მოკავშირეები. ფრანგები უკვე ნავთობის წერტილებს ბომბავენ. ეს დაფინანსების წყაროს გადაუჭრის ისლამურ სახელმწიფოს, ანუ ვითარება ამ მხრივაც შეიცვალა.

საერთაშორისო მედიაში იწერება, რომ ისლამური სახელმწიფოს ნავთობს ყიდულობენ. მაგალითად, თურქეთი. ახლა თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ნავთობს რუსეთიც ყიდულობს…

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ წამიკითხავს, ისრაელის პრესაში წერენ, რომ თავად ისრაელიც ყიდულობს მათგან ნავთობს. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ყიდულობს მათ ნავთობს. მოკლედ, გაყიდვა არ უჭირთ… ამ შემოსავლის მოსპობის შემდეგ მათ ძალიან გაუჭირდებათ. დაგროვილი ფინანსები აქვთ რადიკალების მხარდამჭერებს, მაგრამ ეს წყარო საკმაოდ მოწყვლადია – ალბათ მომავალში მისი გადაკეტვაც შესაძლებელი გახდება.

პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ელოდებით თუ არა, რომ ალიანსი და რუსეთი ერთად შეებრძოლონ ისლამურ სახელმწიფოს?

რუსეთის მიზანია ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება და გაანადგუროს არამარტო ისლამური სახელმწიფო, არამედ ყველა მისი მოწინააღმდეგე, მათ შორის ეგრეთ წოდებული თავისუფალი არმია, რომელიც დასავლეთის მოკავშირედ მიიჩნევა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების უმრავლესობა ხორციელდება სირიის თავისუფალ არმიაზე. ბომბავენ ისლამურ სახელმწიფოსაც, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე, თავისუფალ არმიას.

ვითარება იცვლება ყოველ წუთში, შეიძლება შეთანხმდნენ კიდეც, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, რუსეთ-თურქეთის ინციდენტი ხელს შეუშლის ამგვარი შეთანხმების იმპლემენტაციას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დასავლეთი და რუსეთი ერთ მხარეს დგას, მაგრამ რუსეთს სხვა ინტერესები აქვს, დასავლეთს – სხვა.

ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს

ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს,  სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება სავალი ბილიკის გაუქმებას არ ითვალისწინებს. სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის მოწყობა არც იმ საინფორმაციო დაფაზეა დატანილი, რომელიც ბულვარშია განთავსებული.

საინფორმაციო დაფა
საინფორმაციო დაფა

ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება [N2/35, ძირითადად, ძველ ბულვარში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და ქვაფენილების დაგებაზე] რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ბულვარში შესრულებული სამუშაოებისთვის  1,2 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან.

ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]
ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]
ხელშეკრულებით კომპანიამ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს: „ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფებარ „ტყუპებამდე“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაო“.

მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, „საუბარია 5600 კვ/მ ფართობზე და თუ მოქალაქეებს ბულვარში დამატებით მწვანე საფარი არ უნდათ, შესაძლოა ეს საკითხი განიხილონ“. მიუხედავად ჩარკვანის ამ განცხადებისა, ბილიკი დღეს უკვე გაუქმებულია და ის „მოლის“ მოსაწყობად, ფაქტობრივად, მზადაა.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მირანდა ჩარკვიანი აცხადებს – „ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია“, თუმცა ვის გულისხმობს „ჩვენ“-ში და კონკტრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება სამი ბილიკიდან ერთი ბილიკი გაუქმებულიყო, ჩარკვიანი არ აკონკრეტებს: „ბილიკი არ უქმდება, იქ კეთდება მოლი“.

მირანდა ჩარკვიანი, იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელმაც უმთავრესად ბულვარის, როგორც ძეგლის იერ-სახის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, ბილიკის გაუქმებაში პრობლემას იმიტომ ვერ ხედავს, რომ – მისივე სიტყვებით – „აქ არ არის ისეთი მოძრაობა, რომ ხალხი ერთმანეთს ეჯახებოდეს“.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებზე არაინფორმირებულია ბათუმის მერიაც, რომელიც ბულვარის მესაკუთრეა.

„ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს გულისხმობს ქვაფენილებს, გზის გასწორებას და ა.შ. ასეთ რამეს კი მერიასთან შეთანხმება არ სჭირდება. თუმცა, იქ ინფრასტრუქტურის გადაკეთებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მერიაში არ არის შემოსული. სავალი ბილიკი თუ უქმდება და ეს არის თუ არა ინფრასტრუქტურის გადაკეთება – ეს უკვე აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გვითხრას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, საიდანაც აცნობეს, რომ ბულვარში მხოლოდ დაზიანებული ასფალტის საფარს ცვლიან და არანაირი სავალი ბილიკი არ უქმდება.

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან
Exit mobile version