მთავარი,სიახლეები

სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

28.12.2015
სამინისტროს ინფორმაციით საექსპორტოდ 24 603 ტონა მანდარინი გავიდა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 24 603 ტონა მანდარინი გავიდა საექსპორტოდ, 7 135 ტონა კი გადამუშავებულია. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის იოსებ აბულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციტრუსის დაკრეფის პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტი ციტრუსი საექსპორტოდ რუსეთის ბაზარზე გავიდა: „90 ათასი ტონა გავიდა რუსეთის ბაზარზე, შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინაში. ნაწილი გატანილია ბალტიისპერეთის ქვეყნებში და შუა აზიაში“.

როგორც სამინისტროში გვეუნებიან, მანდარინის საექსპორტო ახალი ბაზრები ევროპის სხვა ქვეყნებში, გარდა ბალტიისპირეთისა, მიმდინარე წელს არ დამატებია. „ევროპას აქვს თავისი სტანდარტები და ამ მოთხოვნებს ჯერ-ჯერობით ვერ ვპასუხობთ. თუმცა, ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. სტანდარტიზებულ მანდარინს რუსეთის ბაზარიც მოითხოვს, თუმცა არა ისეთს, როგორც ევროპა“-გვეუბნება იოსებ აბულაძე.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მოსახლეობისგან სტანდარტული მანდარინის ჩაბარება საწარმოების მიერ 90 თეთრად ხდებოდა, შერეული ხარისხის მანდარინის კი 50-60 თეთრად. სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით მანდარინის მეტი მოსავალია მიღებული.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად,  წლევანდელ სეზონზე  აჭარისა და გურიის რეგიონებში მანდარინის ჩაბარება 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონშია შესაძლებელი.  ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში – Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში, შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers,  ჩოხატაურში  შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

იოსებ აბულაძის ინფორმაციით, აჭარაში ორს საწარმოს, რომელმაც ციტრუსის ჩაბარება ვერ უზრუნველყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულება გაუუქმა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: