მთავარი

ემილ ლევიეს ბათუმი

27.12.2015
ემილ ლევიეს ბათუმი

სულხან სალაძე

1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა განიზრახეს. შედეგად, იმავე წლის 28 მაისს ექსპედიაცია ფლორენციიდან პირდაპირ ბათუმში გამოემგზავრა და 17 ივნისის საღამოს ბატონი ემილის დღიურში პირველი ჩანაწერი გაჩნდა ბათუმიდან. მერე 1894 წელი რომ დადგა და გაზაფხულის პირველი თვე მოვიდა, ჟურნალმა „მოაბმემ“ დღიურების ქართულად თარგმანა-ბეჭდვას მიჰყო ხელი. ჰოდა, მივყვეთ ახლა ჩვენც „მოამბის“ 1894 წლის მარტის გამოცემას და ვნახოთ როგორი იყო მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულის ბათუმი.

ბათუმმა თავი ლევიეს იტალიის ქალაქი ტურინი მოაგონა. იქაც და აქაც ოთხკუთხა შენობები ყოფილა. თუმცა, ტურინისგან განსხვავებით ბათუმში ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული შენონობები. ბოტანიკოსს იმ დროინდელი ბათუმის ძირითადად ერთსართულიანი სახლების ქუჩებში მრავლად უნახავს ჭაობები და წყალი. ხოლო იმ სახლის ფანჯრის პირდაპირ, სადაც ჩერდებოდა მლოცველების მომხმობი მოლა.

გემიდან გამოდმოსული ბატონი ემილი ადგილობრივების მორიდებულ ქცევაზე საუბრობს და იმასაც კი აღნიშნავს, რომ თავი ევროპაში მეგონაო. კიდევ უფრო საინტერესოა მაშინდელი ბათუმის სანაპირო – რუსის ჯარის კაცნი მუნდირითა და ქუდებით, ქართველები და სხვები კი გრძელი სამოსებით და თავზე უმეტესად ყაბალახით.

ისევ ბათუმის ქუჩებს რომ მივუბრუნდეთ, ერთგან ბოტანიკოსი იმასაც კი წერს, რომ ქუჩები სასაცილოდ ყოფილა მოკენჭული. გინდ სადგისებზე გევლო კაცს და გინდა ამ ქვებზეო. ფაეოტონის ჩავლისას ქუჩებზე ისეთი ხმაური ყოფილა, რომ ფაეტონს კარგა ხნით მიჰქონდა ყურთასმენა.

ნავთი? ნავთის ამბავს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დღიურებში. პატივცემული ლევიე ბათუმს ნავთის სამეფო უწოდებდა და იმასაც აღნიშნავდა, რომ  ნავთი ბათუმში მდინარესავით მოედინებოდა. იმ დროს ბათუმში მრავლად მოდიოდნენ მატარებლები, რომელთაც მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნავთის ვაგონები. ეს ვაგონები ლევიეს ზარბაზნებს აგონებდა. ნავთის თემაზე თხრობა კი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შენობებითა და იქ არსებული რეზერვუარებით სრულდება.

ფლორენციიდან ბათუმში ჩამოსულ მეცნიერეს ჩამოსვლის დღესვე სწვევია იტალიის კონსული. სწვევია და ქართულის მცოდნე იტალიელი მოსამსახურეც მიუჩენია. მერე ყოფილა გზა თამარის ციხეზე, სადაც ეტლით მისულს მხოლოდ ძველი კედლებიღა უნახავს. მოუვლია ახლო მდებარე სიმინდით აბიბინებული ყანები და ხეხილით დახუნძლული მიტოვებული ადგილები. უკან ქალაქში დაბრუნებისას კი ერთი შავ-წვერულვაშინი ქართველის დუქანში გემრიელი სადილი მიურთვამს და ოთხი კაცის სადილისთვის სამ მანეთამდე გადაუხდია.

ბათუმიდან წასვლამდე კიდევ ერთხელ შეხვედრია იტალიის კონსულს. ასევე ბათუმის მდიდარ ვაჭარ ჩერუტს. ფრიად მოხიბლული დარჩენილა ინგლისის კონსულთან შეხვედრით და იმ ცოდნით, რაც კონსულს ჰქონია ბათუმის და მისი შემოგარენის შესახებ.

1890 წლის 27 ივნისი, რომ გათენდა და საათი დილის 8 შესრულდა, თოფითა და რევოლვერით შემოსილ ემილ ლევიეს თანმხლებ პირებთან ერთად დაუტოვებია ბათუმი. ჯერ ქალაქის სამხრეთით უვლია, მერე ჭოროხს აჰყოლია და იმის შემდეგ აჭარისწყლის ხეობას. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ამბავი და სულ სხვა ისტორიაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: