ნეტგაზეთი • RU

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარის მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

დღეს 28 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მან სახელმწიფო შპს „სტადიონიდან“ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.  მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო ინფორმაციის დამალა არის საგანგაშო და აჩენს კითხვებს. მედეა ვასაძე, შპს „სტადიონის“ დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერსებზე საუბრობს.

„2015 წლის 4 ნოემბერს წერილობით მივმართე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს და მოვითხოვე ინფორმაცია ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს „სტადიონ“-ში დასაქმებულ პირებზე. ანუ იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს და ხელშემხებლობა აქვთ 17 მილიონ ლართან.

2015 წლის 24 ნოემბერს მინისტრის ხელმოწერილი პასუხით მეცნობა, რომ შპს-ში დასაქმებულ პირთა მონაცემები არის პერსონალური და მისი გასაჯაროვება დასაშვები იყო მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. 2015 წლის 27 ნოემბერს განმეორებით მივმართე ბალაძეს რომ სუბიექტებისგან მიეღო ასეთი თანხმობა.

2015 წლის 15 დეკემბერს მეცნობა რომ წერილი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შპს „სტადიონის“ დირექტორს, გიორგი ზირაქიშვილს. 21 დეკემბერს მიღებული პასუხით უარი განაცხადეს ინფორმაციის მოწოდებაზე რაც არის საგანგაშო და აჩენს არაერთ კითხვას. რაც საჭიროებს დაუყოვმებლოვ გამორკვევასა და რეაგირებას“- აცხადებს მედეა ვასაძე.

მედეა ვასაძე ასევე საუბრობს, შპს „სტადიონის“  დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და ფინანსთა და და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის პირად ინტერესებზე.

„რაც ბალაძე-ზირაქიშვილის ბიოგრაფიებში კარგად ჩანს. წინა ხელისუფლების დროს, ბიზნესისთვის იმ მძიმე პერიოდში ბალაძე და ზირაქიშვილი ერთად საქმიანობდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალურ ცენტრში. ექვსწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, 2011 წელს გიორგი ზირაქიშვილს ათავისუფლებენ საგადასახადო სისტემიდან და 2013 წლამდე არის უმუშევარი. 2013 წელს მას „პატრონობს“ არჩილ ხაბაძე და იგი ინიშნება ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში.

2014 წელს იგი ხაბაძე-ბალაძეს იგი გადმოჰყავთ შპს „ბათუმის ბათუმის“ დირექტორად, ხოლო შემდეგ შპს „სტადიონის“ დირექტორად. ამის შემდეგ „სტადიონს“ 17 მილიონი ლარი ერიცხება. ამ კოლოსალურ თანხას მართავენ ზირაქიშვილი და ხაბაძის მამა, რომელიც ფინანსთა სამინისტროში საწარმოთა მართვის განყოფილების უფროსია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მე მქონდეს ხელშეშლა ვაკონტროლო და შევაფასო ეს საკითხები, რომელიც ხელშემხებლობაშია საბიუჯეტო თანხების მართვასა და განკარგვასთან“.

მედეა ვასაძე აჭარის მთავრობის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაზე საუბრობს:

„დღეს როდესაც უმაღლესმა საბჭომ ვერ მიიღო კანონი აჭარის რესპუბლიკური 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ, იმიტომ რომ უმაღლეს საბჭოს დაკარგული ჰყავს უმრავლესობა, ხოლო ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს, იმიტომ რომ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვეყანაში შექმნილი ვითარება, (მხედველობაში მაქვს პრემიერის გადადგომა) მავალდებულებს მოვუწოდო აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარესა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს, კრიზისის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად თანამდებობიდან გადადგნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com