სიახლეები

ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს

28.12.2015 • 2060
ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს

ახალ წლამდე აჭარის უმაღლესი საბჭო რესპუბლიკურ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ განიხლილავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 2016 წლის დადგომამდე სამი დღე რჩება, სხდომის თარიღი კი ჯერ ჩანიშნული არ არის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, მნიშვნელოვანი შენიშვნები არ ჰქონიათ.

უმაღლესი საბჭოს წევრის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკატერინე თარგამაძის თქმით, მართალია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბიუჯეტის კიდევ ერთხელ განხილვასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს უკვე  მიმართა, თუმცა დეპუტატებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის გეგმავს უმაღლესი საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის მოწვევას.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კენჭისყრის შედეგები შეიცვალოს, ეკატერინე თარგამაძე პასუხობს: „ ჩვენ ამ დოკუმენტის მიმართ ჩვენი პოზიცია უკვე გამოვხატეთ. მთავრობას შევთავაზეთ ასევე  შეთანხმების ჯგუფის შექმნა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. თუმცა, ამ კუთხითაც ახალი ჯერ არაფერია”.

ეკატერინე თარგამაძემ „ბათუმელებს“ მიაწოდა ინფორმაცია (დოკუმენტის სახით) იმ შენიშვნებზე, რაც ოპოზიციას ბიუჯეტის პირველად ვარიანტთან დაკავშირებით ჰქონდა. დეპუტატების შენიშვნებიდან რა გაითვალისწინა და რა არ გაითვალისწინა მთავრობამ, ამაზე „ბათუმელები“მოგვიანებით გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი ისევ არ დაამტკიცა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის თქმით, მარტში მთავრობა უმაღლეს საბჭოს  ბიუჯეტს ისევ წარუდგენს. მანამდე მთავრობას ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნება. უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტი თუ მარტშიც არ დაამტკიცა, რაც უკვე რეგიონში კრიზისის შექმნის საფიძველი შეიძლება გახდეს, პროცესები კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წარიმართოს.

ასეთ შემთხვევაში კანონმდებლობა პროცესებში პრეზიდენტის ჩართვას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას ან/და იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებული აქტი ექვემდებარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას, მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ მიღებულ აქტს, ეს აქტი კარგავს იურიდიულ ძალას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა.

 

 

გადაბეჭდვის წესი