მთავარი,სიახლეები

მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები

28.12.2015 • 2656
მრავალსართულიანი ახალი შენობა ბულვარში და ძეგლის საზღვრები

ბათუმის ბულვართან ე.წ. „ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ შენობის გვერდით, ათსართულიანი ნაგებობის ასაგებად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტის საზღვრები არ ემთხვევა აქ არსებული, სამსართულიანი შენობის საძირკვლის საზღვრებს, რომლის დემონტაჟის შედეგად შენდება ახალი ნაგებობა.  „ბათუმელები“ შეეცადა გადაემოწმებინა იზრდება თუ არა შენობის მოცულობა ძველი ბულვარის ტერიტორიის ხარჯზე.

ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ

ათსართულიანი ნაგებობის მშენებლობა ძველი ბულვარის მიმდებარედ

„ბათუმი თაუერი“ ჩვენ არ გვეკუთვნის და კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ.  სავარაუდოდ, ბათუმის მერიას უნდა კითხოთ. რაც შეეხება ბულვარის საზღვრებს, ის დარღვეული ნამდვილად არ არის“, – გვითხრეს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მშენებლობა ძველ ბულვარში

მშენებლობა ძველ ბულვარში

ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, მერიის არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, რომ „ეს არის მეხუთე კლასის ობიექტი და, შესაბამისად, მათთან მიმდინარე სამუშაოები არ თანხმდება. მერია არც მშენებლობის მონიტორინგს ახორციელებს“.

მშენებლობა ძველ ბულვარში

მშენებლობა ძველ ბულვარში

„ბათუმელები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს, გია კაკაურიძეს დაუკავშირდა: „ჩვენ ნებართვას ვერანაირად ვერ გავცემდით ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე რომ გადასულიყო პროექტი. რეკონსტრუქციის ნებართვა გაცემულია კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც თავის დროზე ამოირიცხა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან. ამ საზღვრებში კი შენობის მოცულობა პროექტით იზრდებოდა“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ზაურ ახვლედიანის განცხადებით, როცა ის ამ სამსახურში მივიდა „ეს შენობა იყო ძეგლის ნიშნის ქვეშ,  იმიტომ რომ ბულვარის ტერიტორიაზე იდგა და ავტომატურად ძეგლი იყო. 2014 წელს ბულვარის საკადასტრო საზღვრები დავაზუსტეთ და აქ არ შეგვიტანია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა. ის იყო მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტი [მოცულობისა და ტექნიკური არჭურვილობის გამო, მაგალითად ეშმაკის ბორბალი] და გადავეცით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც გასცემს ასეთი, მე-5 კლასის ობიექტებზე ნებართვებს. ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს მაქ უკვე პროცედურებს“.

ზაურ ახვლედიანის განცხადებით, საკადასტრო საზღვრები დარღვეული არ იყო იმ პროექტით, რომელიც მათთან შეთანხმდა: „გვერდით ამატებენ ათ სართულს. თუ დარღვეულია საზღვრები, ეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის კომპეტენციაა – ან უნდა მოანგრევინონ, ან უნდა მისცეს ნებართვა კანონის მოთხოვნათა დაცვით. მონიტორინგს, თუ არ ვცდები, უნდა აკეთებდეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურიც“.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მშენებლობის პროცესის მონიტორინგი მათ კომპეტენციაში არ შედის.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელს გია კაკაურიძის თქმით კი, ის საქართველოში ამ დროისთვის არ იმყოფება, ამდენად „ასეთ რეჟიმში საუბარი იმაზე, ირღვევა თუ არა ის საზღვრები, რაზეც ჩვენ გავეცით ნებართვა, გამიჭირდება“.

რაც შეეხება „ბათუმი თაუერს“, მისი მშენებლობა ბათუმის ბულვარში 2011 წელს დაიწყო, როცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 4504 კვ/მ მიწის ნაკვეთი ბათუმის ბულვარში საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანია “რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტს” საჩუქრად გადასცა. ბულვარში მასშტაბური პროექტის განხორციელების მიზნით ხეების უკანონო გაჩეხვას და ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიის ხელყოფას, პერმანენტული საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბათუმელები მშენებლობის შეჩერებას მოითხოვდნენ. მშენებლობა მაინც გაგრძელდა. 2015 წლის მარტში შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა და ის 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შპს „ბათუმი თაუერმა“ შეიძინა.

ბათუმის ძველი ბულვარის, როგორც ძეგლის, საზღვრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2015 წლის 20 თებერვალს დაზუსტდა. ფართობი მოქცეულია პლაჟსა და ნინოშვილის ქუჩას შორის რესტორან „ძველი გემის“ მიმდებარე ტერიტორიიდან „რვაფეხამდე“ [ყოფილი კაფე „ფანტაზია“]

ბულვარის ძეგლის საზღვრები

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: