ნეტგაზეთი • RU

როგორ შეიქმნა ისლამური სახელმწიფო

ინტერვიუ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორთან, გიორგი სანიკიძესთან.

ბატონო გიორგი, ISIS-ის პრეისტორიაზე რომ მოყვეთ, რა ხელშეწყობა ჰქონდა მას და რა გარემოებებში შეიქმნა?

2003 წელს ერაყში, სადამ ხუსეინის რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მოსახლეობის ანგარიშგასაწევი ნაწილი ჩამოშორდა ხელისუფლებას და გაჩნდა ნოყიერი ნიადაგი რადიკალური იდეების გავრცელებისთვის. შემდგომ, 2005 წელს, ვირტუალურად შეიქმნა ერაყის ისლამური სახელმწიფო, რომელიც რადიკალებს აერთიანებს. მასში არიან როგორც რადიკალი ისლამისტები, ასევე სადამ ხუსეინის რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლები, როგორც ადმინისტრაციული მუშაკები, ისე სამხედროები. ერაყში ამ წლებში საკმაოდ მძიმე ვითარებაა და ეს მოძრაობა თანდათან იკრებს ძალას. მოგვიანებით მოძრაობა გადადის სირიაშიც. 2011 წელს სირიისა და ერაყის რადიკალების გაერთიანებით იქმნება სირიისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო.

გიორგი სანიკიძე

გიორგი სანიკიძე

ვინც სათავეში ედგა ერაყის ისლამურ სახელმწიფოს, დღევანდელი ლიდერი ალ ბაღდადი და მეორე მხრივ სირიელი ისლამისტები მაშინ ერთად მოქმედებდნენ, მაგრამ დღეს სირიელი ისლამისტები ალ კაიდას ტერორისტული ორგანიზაციების ქსელის ფილიალს წარმოადგენენ, რომელიც დაპირისპირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან.

მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 2014 წელს – გამოცხადდა ისლამური სახელმწიფოს შექმნა, ანუ ამ ფსევდოსახელმწიფომ განსაზღვრა, რომ მას აღარ სჭირდება სახელები – ერაყი და სირია და აქვს პრეტენზია, მოიცვას მთელი ისლამური სამყარო. დღეს ოფიციალურ სახელად თვითონ ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ხმარობენ ისლამურ სახელმწიფოს, თუმცა მსოფლიოში ხშირად გამოიყენება ISIS-ი, ანუ ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო.

ისლამური სახელმწიფოს შექმნის გარიჟრაჟზე ამერიკის შეერთებული შტატები ფართოდ იყო წარმოდგენილი ერაყში, მათ შორის შეიარაღებული ძალებით. როგორ გამოეპარა აშშ-ს ის, რომ ამ ძალამ მსგავსი ძალაუფლება მოიპოვა?

ერაყს დიდ ხანს მართავდა სუნიტური უმცირესობა. აშშ-ისა და საერთაშორისო შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ სადამის რეჟიმი დაემხო და დღეს ხელისუფლების სათავეში არიან შიიტები, ასევე სადამ ხუსეინის მოწინააღმდეგე ქურთები. სუნიტების განაწყენება გამოიწვია იმან, რომ ისინი საერთოდ ჩამოაშორეს ყველაფერს, რამაც ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა რადიკალური იდეების გაჩენას. ეს არ იყო გათვლილი საერთაშორისო ძალების მხრიდან და ერაყში სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ მოძლიერდა მოძრაობა.

უნდა დავამატოთ ერთი ფაქტიც, ნებისმიერ ასეთ ქმედებას სჭირდება ფინანსები. უკვე 30 წელია, ნავთობისგან მიღებული შემოსავლებით, უზარმაზარი თანხა დაგროვდა რეგიონში, პირველ რიგში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. არიან კერძო პირები, ორგანიზაციები, რომლებიც აფინანსებენ ტერორისტულ მოძრაობებს. აი, ამან შეუწყო ხელი მის გაძლიერებას.

და ერთი ფაქტორიც: მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა კარგად გაწვრთნეს ამერიკელებმა და ევროპელებმა ადგილობრივი სამთავრობო ჯარები, მათ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს ისლამურ სახელმწიფოს. მეტიც, მათ შეიარაღებაც უკეთესი ჰქონდათ, რაოდენობრივადაც აღემატებოდნენ, მაგრამ მორალური და ფსიქოლოგიური მომზადება არ გააჩნდათ. ამან შეუწყო ხელი იმას, რომ ისლამურ სახელმწიფოს სამხედრო გზით მოეპოვებინა და გაემყარებინა თავისი პოზიციები გარკვეულ ტერიტორიებზე ერაყში, შემდეგ უკვე სირიაშიც.

არის თეორია, თითქოს ტერორისტული ორგანიზაციის განვითარებას თავის დროზე ხელი არ შეუშალა დასავლეთმა, რადგან მას სჭირდებოდა მსგავსი ძალები გეოპოლიტიკური თამაშებისთვის… ეს რამდენად არგუმენტირებულია?

რა ხდებოდა კულუარებში, არავინ იცის. თუ არ დაიდო დოკუმენტური მასალა, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთმა მიიღო გაცილებით ცუდი სიტუაცია, ვიდრე 2003 წლამდე იყო ერაყსა და სირიაში.

თქვენ ახსენეთ ორი ჯგუფის – შიიტებისა და სუნიტების იდეოლოგია. ერთი იყო დასავლეთისგან მხარდაჭერილი, მეორე – არა. ერთის მიმდევრები უყოყმანოდ თავს სწირავენ, სხვები – არა. 20 ათასი კაცის ისე დამუშავება, რომ ყველამ ერთად თავი გადადოს სასიკვდილოდ, მხოლოდ სიძულვილით შეიძლება იყოს მოტივირებული?

მაგრამ ეს 20 ათასი არის არმია, რომელიც იბრძვის და არის მზად თავგანწირვისთვის. ნებისმიერი ქვეყნის ჯარისკაციც უნდა იყოს მზად თავგანწირვისთვის.

ერაყში დასავლეთმა მხარი დაუჭირა სადამ ხუსეინის სუნიტური რეჟიმის პირობებში ჩაგრულ უმრავლესობას – დემოკრატიის პრინციპებით ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლების სათავეში უმრავლესობა ბუნებრივად მოვიდა. სუნიტები კი, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე მართავდნენ სახელმწიფოს (ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის გადანაწილების შედეგად შექმნილ ერაყს), ჩამოშორებულები და მარგინალიზებულები აღმოჩნდნენ. ეს იყო დასავლეთის დიდი შეცდომა.

ისლამურ სახელმწიფოში მუდმივად გაედინებიან ადამიანები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. მათ რიგებში არის დიდი მსხვერპლი, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ადამიანურ რესურსებს არ უჩივიან. რა კვებას ამ იდეოლოგიას?

ახალი არაფერი გამოუგონია ამ იდეოლოგიას, ეს არის პირველსაწყის ისლამთან, ანუ მეშვიდე-მეცხრე საუკუნეებში არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან შემობრუნება და იმ სამართლებრივი ნორმების მორგება 21-ე საუკუნის რეალიებისთვის, რაც თავისთავად აბსურდულია. ეს მათთვის არის თითქოსდა საშუალება, მუსლიმებმა დაიბრუნონ ოდინდელი დიდება, მაშინ როდესაც ყველაზე ძლიერი ცივილიზაცია იყო ისლამი. არსებობს განათლების, რეალიზაციის პრობლემაც, რაც გავლენას ახდენს ადამიანებზე.

იგივე სოციალური ქსელებით, ინტერნეტით კარგი საშუალებებია შექმნილი პროპაგანდისთვის და კიდევ ერთი მომენტი – ალ კაიდასგან რითიც განსხვავდება ისლამური მოძრაობა არის ის, რომ ნებისმიერი, ვინც ეთანხმება მის იდეოლოგიას, ყოველგვარი მომზადების გარეშე ხდება ამ ე.წ. სახელმწიფოს წევრი – ისინი არ გადიან სპეციალურ სამხედრო მომზადებას, ვარჯიშებს და ასე შემდეგ. მთავარია, რეკრუტები შევიდნენ. არის ინფორმაცია, რომ გარკვეული გასამრჯელოც აქვთ დაწესებული ახალი რეკრუტისთვის. თანხის რაოდენობას ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს ინფორმაცია ხშირად ჩნდება დასავლურ პრესაში.

მე-7 საუკუნის დიდებით მანიპულაცია 21-ე საუკუნეში, წესით, რთული უნდა იყოს. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენს სინამდვილეს, ბოლო რამდენიმე წელია ქართული სახელმწიფო ცდილობს ევროპული იდეების პოპულარიზაციას, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს დიდი წინააღმდეგობები. აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, გარდა წარსულის დიდებისკენ ლტოლვისა, ხომ არ არის ყოფითი მომენტებიც, მაგალითად, ჩაგრულობის განცდა, დასავლეთის მიუღებლობა?

საქმე გვაქვს უცხოსადმი სიძულვილთან. ის არის კოლონიზატორი, იმპერიალისტი – ეს, ზოგადად, ახლოაღმოსავლელი რადიკალების აღქმაა. საერთოდ, პროზელიტიზმი ანუ რელიგიის გავრცელება რთული ფენომენია და ეს არ ეხება მარტო რადიკალურ ისლამს. ბევრი ახალი ტიპის რელიგია თუ რელიგიის საფუძველზე შექმნილი სექტები მოღვაწეობს მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი მათგანი აკრძალულია, ზოგიერთი მიიჩნევა, რომ ჩვეულებრივი რელიგიური მოძრაობაა. დღეს ყველაზე სახიფათო არის რადიკალური ისლამი. ამგვარი იდეები ისლამური სახელმწიფოს შექმნამდეც ვრცელდებოდა, მაგრამ დღეს მიიღო სახიფათო ფორმა.

რელიგიის ჭრილში რომ განვიხილოთ საკითხი: ლოიალური იდეოლოგია რატომ მარცხდება რადიკალურ იდეოლოგიასთან, ამას რა ახსნა აქვს?

ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე ეს არ არის მოულოდნელი. რაც შეეხება სხვა არაისლამურ რეგიონებს, ევროპას, საქართველოს – ეს იდეები ვრცელდება მოსახლეობის მიცრე ნაწილში, მაგრამ, რადგან ძალადობრივ მოქმედებებზეა ორიენტირებული, ამიტომ ხდება სახიფათო. პრობლემა ისიც არის, რომ სწრაფად ვრცელდება ეს იდეები. ბოლო ორ წელიწადში და განსაკუთრებით წელს, ფართო მხარდაჭერა მოიპოვა მსოფლიო მუსლიმებს შორის.

ISIS-ისა და ალ კაიდას შორის სხვაობაზე მინდა გკითხოთ. ეს ორი იდეოლოგიურად ერთნაირი ორგანიზაცია რატომ ვერ არის ერთად?

ამის პასუხი მარტივია – პირველობისთვის ბრძოლა. მაგრამ მეორე მომენტიც არის = ალ კაიდას პირველადი მიზანი იყო არა სახელმწიფოს შექმნა, არამედ დასავლეთი და იქ ტერორისტული აქტების მოწყობა. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ალ კაიდა კადრების რეკრუტირებას ფრთხილად ახდენს, ანუ დიდი გამოცდა უნდა გაიაროს კანდიდატმა, რომ გახდეს ალ კაიდას წევრი.

ისლამური სახელმწიფოს თავდაპირველი მიზანი კი იყო სახელმწიფოს შექმნა იქ, რომლის ნაწილსაც დღეს აკონტროლებს. ანუ ერთს უნდა სახელმწიფო, მეორეს – ძალადობის გზით შიშის, ტერორის ატმოსფეროს შექმნა მსოფლიოში. მდგომარეობა შეიცვალა პარიზის ტერაქტის შემდეგ – ისლამურმა სახელმწიფომ რეგიონის საზღვრები დაარღვია და გამოიყენა იგივე მეთოდები, რასაც იყენებს ალ კაიდა. “კონკურენცია” მათ შორის ამ მხრივაც გაჩნდა.

ავღანური წარმოშობის ამერიკელი იმამი, რომელიც ბათუმში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა, ამბობს, რომ ის, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჰგავს იმას, რაც ევროპამ გაიარა გასული საუკუნის 40-იან წლებში, ანუ ეს არის “ბოროტ ძალებს” შორის დაპირისპირება, რომლებიც ერთმანეთს გაანადგურებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დამყარდება სიმშვიდე ახლო აღმოსავლეთში. იზიარებთ ამ მოსაზრებას?

პარალელების გავლება ნაწილობრივ შეიძლება ევროპაში ფაშიზმის პერიოდთან. ძნელია გააკეთო პროგნოზი. მით უმეტეს, კარგად ვხედავთ, რომ პროგნოზების უმეტესობა არ მართლდება.

ალბათ საშუალოვადიან პერსპექტივაში, საერთაშორისო კოალიცია მოახერხებს ისლამური სახელმწიფოს განადგურებას, მაგრამ ამ სახელმწიფოს განადგურებით იდეა ვერ განადგურდება. საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში თუ მოახერხებს.

ამერიკა, ისე როგორც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, უკვე სამი წელია ინტენსიურად ახორციელებს წერტილოვან დარტყმებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ წარმონაქმნის განადგურება, წესით, რუსეთისთვისაც საშური საქმე უნდა იყოს. ამ ფონზე ისლამური სახელმწიფო დასუსტებულად არ გამოიყურება. პარიზის ტერაქტის შემდეგ რა მოცემულობა გვაქვს?

აქამდე თუ იყო წერტილოვანი დარტყმები, პარიზის ტერაქტების შემდეგ ვითარება შეიცვალა. ამერიკა ნაწილობრივ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებასაც აპირებს, მას შეუერთდებიან ევროპელი მოკავშირეები. ფრანგები უკვე ნავთობის წერტილებს ბომბავენ. ეს დაფინანსების წყაროს გადაუჭრის ისლამურ სახელმწიფოს, ანუ ვითარება ამ მხრივაც შეიცვალა.

საერთაშორისო მედიაში იწერება, რომ ისლამური სახელმწიფოს ნავთობს ყიდულობენ. მაგალითად, თურქეთი. ახლა თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ნავთობს რუსეთიც ყიდულობს…

დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ წამიკითხავს, ისრაელის პრესაში წერენ, რომ თავად ისრაელიც ყიდულობს მათგან ნავთობს. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმი ყიდულობს მათ ნავთობს. მოკლედ, გაყიდვა არ უჭირთ… ამ შემოსავლის მოსპობის შემდეგ მათ ძალიან გაუჭირდებათ. დაგროვილი ფინანსები აქვთ რადიკალების მხარდამჭერებს, მაგრამ ეს წყარო საკმაოდ მოწყვლადია – ალბათ მომავალში მისი გადაკეტვაც შესაძლებელი გახდება.

პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ელოდებით თუ არა, რომ ალიანსი და რუსეთი ერთად შეებრძოლონ ისლამურ სახელმწიფოს?

რუსეთის მიზანია ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება და გაანადგუროს არამარტო ისლამური სახელმწიფო, არამედ ყველა მისი მოწინააღმდეგე, მათ შორის ეგრეთ წოდებული თავისუფალი არმია, რომელიც დასავლეთის მოკავშირედ მიიჩნევა. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის მიერ საჰაერო დარტყმების უმრავლესობა ხორციელდება სირიის თავისუფალ არმიაზე. ბომბავენ ისლამურ სახელმწიფოსაც, მაგრამ უფრო ნაკლებად, ვიდრე, თავისუფალ არმიას.

ვითარება იცვლება ყოველ წუთში, შეიძლება შეთანხმდნენ კიდეც, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, რუსეთ-თურქეთის ინციდენტი ხელს შეუშლის ამგვარი შეთანხმების იმპლემენტაციას, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დასავლეთი და რუსეთი ერთ მხარეს დგას, მაგრამ რუსეთს სხვა ინტერესები აქვს, დასავლეთს – სხვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე