ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმებას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს


ბათუმის ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება და მის ადგილს,  სავარაუდოდ, მწვანე საფარი დაიკავებს. ვინაიდან „ძველი ბულვარი“ კულტურული მენკვიდრეობის ძეგლია, იქ მიმდინარე სამუშაოები უნდა შეთანხმდეს აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი აცხადებს, რომ სამუშაოები გეგმიურია, სააგენტოსთან შეთანხმებულია და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა სატენდერო დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება სავალი ბილიკის გაუქმებას არ ითვალისწინებს. სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის მოწყობა არც იმ საინფორმაციო დაფაზეა დატანილი, რომელიც ბულვარშია განთავსებული.

საინფორმაციო დაფა

საინფორმაციო დაფა

ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება [N2/35, ძირითადად, ძველ ბულვარში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციასა და ქვაფენილების დაგებაზე] რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ბულვარში შესრულებული სამუშაოებისთვის  1,2 მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან.

ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]

ფასების ცხრილი ხელშეკრულებიდან [აქვეა ბულვარში შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალიც]

ხელშეკრულებით კომპანიამ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს: „ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფებარ „ტყუპებამდე“ ალეაში ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაო“.

მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, „საუბარია 5600 კვ/მ ფართობზე და თუ მოქალაქეებს ბულვარში დამატებით მწვანე საფარი არ უნდათ, შესაძლოა ეს საკითხი განიხილონ“. მიუხედავად ჩარკვანის ამ განცხადებისა, ბილიკი დღეს უკვე გაუქმებულია და ის „მოლის“ მოსაწყობად, ფაქტობრივად, მზადაა.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მირანდა ჩარკვიანი აცხადებს – „ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია“, თუმცა ვის გულისხმობს „ჩვენ“-ში და კონკტრეტულად ვინ მიიღო გადაწყვეტილება სამი ბილიკიდან ერთი ბილიკი გაუქმებულიყო, ჩარკვიანი არ აკონკრეტებს: „ბილიკი არ უქმდება, იქ კეთდება მოლი“.

მირანდა ჩარკვიანი, იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელმაც უმთავრესად ბულვარის, როგორც ძეგლის იერ-სახის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, ბილიკის გაუქმებაში პრობლემას იმიტომ ვერ ხედავს, რომ – მისივე სიტყვებით – „აქ არ არის ისეთი მოძრაობა, რომ ხალხი ერთმანეთს ეჯახებოდეს“.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

ბულვარში მიმდინარე პროცესებზე არაინფორმირებულია ბათუმის მერიაც, რომელიც ბულვარის მესაკუთრეა.

„ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები, ეს გულისხმობს ქვაფენილებს, გზის გასწორებას და ა.შ. ასეთ რამეს კი მერიასთან შეთანხმება არ სჭირდება. თუმცა, იქ ინფრასტრუქტურის გადაკეთებასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მერიაში არ არის შემოსული. სავალი ბილიკი თუ უქმდება და ეს არის თუ არა ინფრასტრუქტურის გადაკეთება – ეს უკვე აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გვითხრას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. მათივე ინფორმაციით, მათ გადაამოწმეს ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, საიდანაც აცნობეს, რომ ბულვარში მხოლოდ დაზიანებული ასფალტის საფარს ცვლიან და არანაირი სავალი ბილიკი არ უქმდება.

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com